ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

წვრილი ამბები

უმავთულო ტელეფონი

რკინის გზებზე

ამერიკელ ახალგაზრდა ელეკტროტეხნიკოს ლაროიხს ამ მოკლე ხანში გამოუგონია ახალი სისტემის უმავთულო ტელეფონი. ლაროიხის უმავთულო ტელეფონი გამოუცდიათ ნიუ-ჯერსის შტატში, ერიოს რკინის გზაზე სადგურიდან გაუშვიათ ჩქარი მატარებელი, რომელიც საათში 102 ვერსს გადიოდა. ლაროიხს თავის ტელეფონით ლაპარაკი დაუწყვია მატარებელით წასულ მთავრობის წარმომადგენელთან. გამოცდამ დაამტკიცა, რომ ლარიოხის უმავთულო ტელეფონით სადგურსა და მატარებელს შუა მუდმივ კავშირის დაჭერა შეიძლება. ამავე ლარიოხს გამოუგონია ავტომატიური ტორმოზი. მატარებლის რელსების პარალელურად ლერიოხს გაჰყავს ერთი ზედმეტი რელსი. ამ რელსის საშუალებით მთელი რკინის გზის სიგრძეზე ელექტრონი გადის. თუ რომელსამე ადგილას რკინის გზის ლიანდაგი გაფუჭდა ან გააფუჭეს, ელექტრონის დენა სწყდება და ავტომატიური ტორმოზი მოქმედებაში მოდის. ლარიოხის ავტომატიური ტორმოზი გამოუცდიათ და კარგ შედეგისთვის მიუღწევიათ. ეხლა ლარიოხი ამტკიცებს თურმე, რომ ჩემი ტორმოზის საშუალებით მატარებლების დაჯახება შეუძლებელიაო. მიუახლოვდებიან თუ არა მატარებლები ერთმანეთს, იმწამსვე ტორმოზი ავტომატიურად მოქმედებაში მოვა და მატარებლები უეცრად შეჩერდებიან.

"დროება", სურათებიანი დამატება, 1909 წ. #284

დოსტოევსკის ხელნაწერების აღმოჩენა

ორი წლის წინად დაჟინებით ლაპარაკობდენ, რომ თ. დოსტოევსკის დაუბეჭდავი ხელნაწერები ინახება სოჭში. ეს ხელნაწერები ჰქონდა მწერლის ქვრივს, რომელიც ამ მასალას გამოსაცემად ამზადებდა. ამის შემდეგ ხელნაწერი ჩნდებოდა ხან ბათომში, ხან კონსტანტინოპოლში, ხან ოზურგეთში და სხ. ყოველმა ღონისძიებამ ამაოდ ჩაიარა და ხელნაწერები აღმოუჩენელი დარჩა.

ბოლოს დროს გამოირკვა რომ ხელნაწერები შეუძენია ვ. მგალობლიშვილს, რომელმაც მცირე ფასებში დაუთმო ზაკკრაიკომს. ზაკკრაიკომმა ხელნაწერების შესასწავლათ დანიშნა კომისია ექსპერტების, რომელშიც მოხვდენ გრიგოლ რობაქიძე, იგნატოვი და ანანოვი. ექსპერტების კომისიამ ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ დაადასტურა ხელნაწერების სისწორე და დიდი ლიტერატურული ღირებულობა (როგორც დოსტოევსკის ისე მისი მეუღლის).

ხელნაწერების აღმოჩენას უსათუოდ აქვს რუსეთის ლიტერატურის ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ხელნაწერებში ბევრი სრული და ახალი მასალებია, რომელნიც ნათელს მოფენენ დოსტოევსკის შემოქმედებას და ცხოვრებას.

"ბახტრიონი", 1922 წ. #5

ილია ჭავჭავძის მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის სახლი ყვარელში 1943 წლიდან სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთდა. მუზეუმმა (დირექტორი პ. კეშელავა) ბევრი იმუშავა, როგორც ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ისე ყვარლის ისტორიული ძეგლების შესასწავლად.

ამჟამად მუზეუმს უკვე აქვს პოეტის სამშობლო კუთხის შესახებ სათანადო ლიტერატურა, საარქივო მასალები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები, პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სხვა მნიშვნელოვანი მასალები.

მუზეუმის ექსპონატებით გამდიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 1945 წელს კომპლექსური ექპედიციის ყოფნამ ყვარლის რაიონში. ექსპედიციამ შეისწავლა ნეკრესის, გრემის ნათლისმცემლის, შილდის, საბუისა და ყვარლის მიდამოების ისტორიული ძეგლები. გამოვლინებული და მუზეუმისათვის შეძენილ იქნა ილიასეული ნივთები: 6 სკამი, პორტფელი, კალმისტარი, მაკრატელი, ქაღალდის საჭრელი მოვერცხლილი დანა, საფულე, ფოტოსურათები.

აღმოჩენილია ილიას ახლო ნათესავების სოლომონ, იური, ნიკო და მაკარი ჭავჭავაძეების მასალები, ნივთები, ფოტოსურათები.

ექსპედიციას განზრახული აქვს მიმდინარე წელსაც იმუშაოს.

1948 წელს სრულდება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 110 წლისა და მკვლელობიდან 40 წლისთავი. ამ თარიღისათვის მუზეუმს დასჭირდა დიდი მოსამზადებელი მუშაობა. წელსვე უნდა დამთავრდეს მუზეუმის ბინის კეთილმოწყობა და მასალების დამზადება გამოფენისათვის - "ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება".

"კომუნისტი"

"ქართული საქმე", 1946 წ. #4

ნაკვესი

ხევსური შიშია ყურძნობას კახეთს იყო სამუშაოდ. შიშიას ერთს თავადიშვილთან მოუხდა მუშაობა, რომელიც გამტკიცულს შოთებს არ აკლებდა ხევსურს, ყურძენს ხომ რამდენიც უნდოდა, იმდენს შეექცეოდა. ორის კვირის შემდეგ შიშია დაბრუნდა ხევსურეთში, იმას გარს შემოეხვივნენ მეზობლები და დაუწყეს კახეთის ამბების კითხვა.

- რახელ ყოფილიყო, შიშიავ, კახეთი? - ჰკითხა ერთმა ხევსურმა.

- ვერაისა ყოფილიყო, გუდანის ჯვარის გამარჯვებამა, - მიუგო შიშიამ, - ყურძენ-მარძენამა ყალივნის*) გემო ქვე დამილივა. პურ მაიღიდიან, ვღეჭიდი, ვღეჭიდი, ვერ გავღეჭიდი თავი დავანებდი, მავკვე**) მშიერაი... ჩვენის ჩხრეკილის თანა***) არა იქნების, თავისთავად გაიღეჭებისო.

*) ყალიონი

**) მოვკვდე

***) ქერის პური

ვ. ფ-ლა

"ივერია", 1886 წ. #188

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი" ,#99