"ახლა ჩემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!" - უორდროპები და საქართველო - კვირის პალიტრა

"ახლა ჩემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!" - უორდროპები და საქართველო

"ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, გმირო საქართველო!"

ბრიტანულ-ქართული ურთიერთობის საუკეთესო ნიმუშია გამოჩენილი ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ოლივერ უორდროპისა და მისი დის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მარჯორი უორდროპის მოღვაწეობა.

და-ძმა საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა. უორდროპების სახელი ფართოდაა ცნობილი ქართველი საზოგადოებისთვის. დიდია მათი დამსახურება საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

(წინამდებარე სტატია ეკუთვნის მკვლევარ მედეა აბაშიძეს, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე, ქართულ-ბრიტანულ და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუმცა, მისი უდროოდ გარდაცვალების გამო ბევრი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა. გთავაზობთ ერთ-ერთ მასალას მედეა აბაშიძის არქივიდან).

უორდროპებმა თავიანთი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს და ევროპულ სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართეს ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები.

ოლივერ და მარჯორი უორდროპები იზრდებოდნენ ლონდონში, ტრადიციულ ინგლისურ არისტოკრატულ ოჯახში, რომელშიც ღვთის სიყვარული და პატივისცემა სუფევდა. მშობლები - თომას კოლდუელ უორდროპი და მარჯორი კამერონ სკოტი შვილებს სითბოსა და ყურადღებას არ აკლებდნენ. ოლივერი დაიბადა 1864 წელს. ხუთი წლის ასაკში გაგზავნეს შოტლანდიაში, რათა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდილიყო.

ლონდონის სკოლის დამთავრების შემდეგ ოლივერი სწავლობდა სორბონის, დისენისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი სლავისტები - პროფესორი ჯეიმზ ბრაისი და უილიამ მორფილი (მორფილმა 1888 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართული ენა და ლიტერატურა", რაც ქართული ლიტერატურის სრული მიმოხილვის პირველი ცდა გახლდათ), პოლიგლოტი და საღვთისმეტყველო ლიტერატურის საუკეთესო მცოდნე სოლომონ ს. მალანი (მალანმა ინგლისურად თარგმნა, ვრცელი კომენტარი დაურთო და გამოაქვეყნა პლატონ იოსელიანის "ქართული ეკლესიის ისტორია". ამ წიგნით ინგლისურენოვანი სამყარო დღესაც ეცნობა ქართული ეკლესიის ისტორიას. მალანსვე ეკუთვნის გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებების თარგმანი). ოლივერი გამოირჩეოდა განსწავლულობით, კეთილგონიერებითა და დახვეწილობით. მას მთელი ოჯახი ეთაყვანებოდა, ხოლო უმცროსი დის მარჯორისთვის ნამდვილი კერპი იყო.

მარჯორი 1869 წელს დაიბადა ლონდონში. სწავლობდა ბიჩი ლეიდის კოლეჯში (Beachey Ladies’ College), ისტბორნში, სადაც დაეუფლა ფრანგულ, გერმანულ და ლათინურ ენებს. შემდეგ ოჯახი ლონდონში დაბრუნდა და მარჯორიც კოედ ბელში (Miss Amos’school, Coed Bell) განაგრძობს სწავლას. მარჯორი, აგრეთვე, კარგად ფლობდა რუსულს, რუმინულსა და ქართულს, კითხულობდა და თარგმნიდა ხუცურიდან (მარჯორის მიერ გადაწერილი ძველი ქართული ლოცვები და გალობანი ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება). საქართველოს ეცნობოდა ჟან ბატისტ ტავერნიეს, ჟან შარდენის, პიეტრო დელა ვალეს, ედუარდ გიბონის, ჯორჯ ბაირონის, ჯ. პერისა და სხვათა წიგნებით. საქართველოთი მარჯორის დაინტერესებასა და მის მიერ ქართული ენის შესწავლაში დიდი როლი ითამაშა ოლივერმა, რომელიც ყველანაირი ინფორმაციით უზრუნველყოფდა დას. მარჯორი ქართულს მ. მაჯოსა და მარი ბროსეს სახელმძღვანელოებით სწავლობდა. პირველი წიგნი, რომელიც ქართულად წაიკითხა, სახარება იყო. ქართული ენის დახვეწაში მას ეხმარებოდნენ იმხანად ლონდონში "ივერიის" კორესპონდენტად მყოფი ვარლამ ჩერქეზიშვილი, სანქტ-პეტერბურგში კი - ალექსანდრე ცაგარელი.

ოლივერ უორდროპი სწავლის პერიოდში ბევრს მოგზაურობდა, როგორც ეს მიღებული იყო ინგლისურ არისტოკრატულ ოჯახებში და ქვეყნებს ეცნობოდა. თავისი დიდი მოგზაურობა მან იტალიით დაიწყო 1886 წელს. სამი თვე დაჰყო რომის უნივერსიტეტში, შემდეგ ეწვია ეგვიპტეს, სირიას, პალესტინასა და თურქეთს. აღსანიშნავია, რომ ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის შესახებ პირველად 1887 წლის 19 თებერვალს, პალესტინაში მოგზაურობისას შეიტყო, როცა ჯვრის მონასტერში მისი ფრესკა ნახა. შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყება მისი და მისი ოჯახის დაინტერესება რუსთველითა და მისი პოემით, რომლის შესწავლას, თარგმნასა და პოპულარიზებას მათ დიდი დრო და ენერგია მოახმარეს. 1887 წლის აპრილში ოლივერი საქართველოს ესტუმრა: "მომეწონა რომი, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, ყველაზე ლამაზი ქვეყნით", - სწერს ოლივერი თავის მშობლებს. უორდროპებს საქართველოთი აღფრთოვანება სიცოცხლის ბოლომდე არ განელებიათ.

ოლივერ უორდროპის "საქართველოს სამეფო" 1988 წელს გამოვიდა. წიგნი შესანიშნავად იყო გაფორმებული

ოლივერი აგროვებდა მასალას საქართველოს შესახებ, იწერდა ქართულ ზღაპრებს, ანდაზებს, აგრეთვე, ქართული ლეგენდების (მყინვარწვერზე, თამარ მეფეზე, შოთა რუსთაველზე და სხვ.) უცნობ ვარიანტებს, ხვდებოდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს და თავის შთაბეჭდილებებს საგანგებოდ იწერდა; იგი დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელს, გაბრიელ ეპისკოპოსს (გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ნაჩუქარ წმინდა ნინოს ხატს მარჯორი ყოველთვის თან ატარებდა). რუსეთში ყოფნისას კი - ალექსანდრე ცაგარელსა და ალექსანდრე ხახანაშვილს. ოლივერს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ქართველი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებთან - ბაგრატიონებთან, ორბელიანებთან, ვაჩნაძეებთან, ანდრონიკაშვილებთან, გელოვანებთან, ჩერქეზიშვილებთან, თუმანიშვილებთან და სხვ. ამ შეხვედრებმა ათქმევინა ოლივერ უორდროპს, რომ "საქართველოს უმთავრესი მიმზიდველობა მის ხალხშია. ქართველები მარტო შესახედავად კი არ არიან მშვენიერნი და მომხიბლავნი - ეს ჭეშმარიტად საყვარელი ხალხია - მხიარული, გულღია, ხელგაშლილი, პატიოსანი და უმწიკვლო".

საქართველოში მოძიებული მასალა აისახა ოლივერის წიგნში "საქართველოს სამეფო", რომლის ქვესათაური იყო "მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში". წიგნის რედაქტორი გახლდათ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ მორფილი. ეს წიგნი ოლივერ უორდროპმა საგანგებოდ მიუძღვნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ლორდ ჯეიმზ ბრაისს, ავტორს ნაშრომისა "ამიერკავკასია და არარატი" (გამოვიდა 1877 წელს, ლონდონში), რომელშიც, ოლივერის აზრით, საქართველო სათანადოდ არ იყო შეფასებული. "საქართველოს სამეფოს" ავტორი აღნიშნავს, რომ "საქართველო პრაქტიკულად უცნობია ბრიტანელი საზოგადოებისთვის.

საქართველოს წარსული კი ისეთია, რომ შეუძლია, თვით რომსა და საბერძნეთს დიდება შემატოს. ქვეყანა სახელგანთქმულია თავისი მშვენიერი ქალებით, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თვითმყოფადობას და, მაჰმადიანი მტრებით გარშემორტყმული, მარტო იბრძოდა ქრისტიანობის დასაცავად". ის ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანულ სამყაროს გარკვეული მორალური ვალდებულება ეკისრება ამ ქრისტიანი ერის წინაშე. "საქართველოს სამეფო" გამოვიდა ლონდონში 1888 წელს. წიგნი შესანიშნავად იყო გაფორმებული, ყდასა და სატიტულო გვერდს ამშვენებდა ბაგრატიონთა გერბი, საქართველოს ფერადი რუკა, ქართული მხედრული ანბანი.

წიგნში საინტერესოდ იყო წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა: საქართველოს ხედები, ასევე, ქართველ ისტორიულ პირთა პორტრეტები, წიგნს ერთვოდა საქართველოს ისტორიის, ენისა და ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა, ვრცელი ბიბლიოგრაფია და სხვ. "საქართველოს სამეფო" მალე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. კვლევის სიღრმითა და პრობლემის მნიშვნელობით ნაშრომმა ავტორს დიდი წარმატება მოუტანა. წიგნს დადებითად გამოეხმაურა ლონდონის პრესტიჟული ჟურნალი Athenaeum-ი.

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანქტ-პეტერბურგში. მას თან მარჯორი ახლდა, რომელიც ოლივერს დიპლომატიური მისიის შესრულებაში ეხმარებოდა. ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის პოემით დააინტერესა ცნობილი რუსი პოეტი და მთარგმნელი კონსტანტინ ბალმონტი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" რუსულად თარგმნა და გამოსცა. უორდროპები ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის შესწავლაზე მუშაობდნენ, რადგან სწორედ ლიტერატურა მიაჩნდათ ერის სულიერების გამომხატველად.

ნიშანდობლივია, რომ მარჯორი და ოლივერ უორდროპები, ძირითადად, ქართულ ლიტერატურას თარგმნიდნენ. სწორედ მათი შემწეობით ეზიარა ევროპა და ინგლისურენოვანი სამყარო ქართულ კულტურასა და ისტორიას.

1894 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპისეული ინგლისური თარგმანი კომენტარებით სულხან-საბა ორბელიანის წიგნისა "სიბრძნე სიცრუისა", რომელზეც ერთი ინგლისური ჟურნალი წერდა, ამ წიგნს "ლიტერატურის მოყვარულნი იტაცებენო". იმავე წელს გამოდის "ქართული ხალხური ზღაპრების" მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რომელსაც საფუძვლად დაედო ვლადიმერ აღნიაშვილის მიერ შეკრებილი და გამოცემული "ხალხური ზღაპრები" (ტფ., 1891 წ.), პეტერბურგში გამოცემული ალექსანდრე ცაგარლის "Мингрельские этюды" (1880 წ.) და "Грузинские народные сказки" (1884 წ.) და, ასევე, გურიაში ანა ბეჟანის ასული მგელაძისგან ჩაწერილი "ქართული ზღაპრები", რომელიც ანა ლორთქიფანიძეს (ილია ჭყონიას მეუღლე) 1895 წელს ქუთაისში მყოფი მარჯორისთვის უჩუქებია. ინგლისურ პრესას არც ეს მოვლენა გამორჩენია: "მარჯორი უორდროპს ქართულ საერო სიტყვიერებაში ძვირფასი საუნჯე უპოვია და თავის წიგნში მოუქცევია, რაც ერთადერთი ახალი ამბავია ინგლისელი მკითხველისთვის".

მარჯორიმ ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა ქართულად დაწერილი წერილი, რომელშიც სთხოვდა მისი "განდეგილის" ინგლისური თარგმანის გამოცემის ნებართვას. ეს წერილი ილიამ გამოაქვეყნა "ივერიაში", როგორც ნიმუში ქართული საუკეთესო პროზაული სტილისა. "განდეგილის" მარჯორი უორდროპისეული თარგმანი 1895 წელს ლონდონში დაიბეჭდა. წინასიტყვაობაში მარჯორი აღნიშნავდა: "საქართველო ნამდვილად დიდი ყურადღების ღირსია. ბუნების მიერ განსაკუთრებული ნიჭით უხვად დაჯილდოებულმა ქართველმა ხალხმა შეითვისა აღმოსავლური და დასავლური კულტურა და მიუხედავად ომებისა და ძნელბედობისა, ჯერ კიდევ ადრეულ წლებში მიაღწია სრულყოფილებას განათლებაში".

მარჯორი საქართველოს პირველად 1894 წლის დეკემბერში ეწვია. ერთი თვით ადრე, 27 ოქტომბერს მარჯორიმ წერილი გაუგზავნა საქართველოში მყოფ ოლივერს: "...ჩემი ქართული ბიბლიოთეკა ივსება! ჩემი მუშაობა კი უფრო შინაარსიანი გახდება, თუ საქართველოში ჩამოვალ... არ ვიცი, რატომ არ შემიძლია, საქართველოს გარდა სხვა რამეზე ვიფიქრო და ვილაპარაკო. მიხარია, რომ შენ მანდ იმყოფები, მაგრამ, ოჰ, ნეტავ მეც ვიყო შენთან ერთად! ახლა ჩემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!"

1896 წელს მარჯორი უკვე მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ჩამოვიდა. უორდროპებმა იმოგზაურეს იმერეთში - "რომანტიკულ ქვეყანაში", სადაც მათ ილია ჭყონიას ოჯახი მასპინძლობდა, გურიაში კი მათი მეგზური და მასპინძელი იყო თავადების ტელემაქ გურიელისა და დიმიტრი მაჭუტაძის ოჯახები (დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე - ლევ ტოლსტოის შვილების ყოფილი გუვერნანტი - ეროვნებით ინგლისელი გახლდათ). აღფრთოვანებული მარჯორი წერდა: "გურულების დახვეწილი ნაკვთები გასხივოსნებულია ისეთი გამომეტყველებით, რომელშიც ინტელექტი და დაუცხრომელი სული ჩანს".

მარჯორი უორდროპი მოიხიბლა აღმოსავლეთ საქართველოთი, განსაკუთრებით კი მცხეთით, თბილისითა და თბილისელებით. მარჯორი ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელს და მეგობრობდა მის ცოლთან (წერილები ინახება ბოდლის ბიბლიოთეკაში), მან თარგმნა კიდეც მისი ნაწარმოებები. მარჯორის საქართველოში ნათლულები ჰყოლია - ერთ-ერთი ელენე როსტომაშვილი გახლდათ, რომლის ოჯახს ბარათებს სწერდა და საჩუქრებსაც უგზავნიდა. მარჯორი ქართველ, კერძოდ, ხიდისთაველ უდედო ბიჭუნას, ალექსისაც შესწევია, ლონდონშიც მიუღია... გაურკვეველია, რა ბედი ეწია ამ ბიჭს მარჯორის გარდაცვალების შემდეგ.

უორდროპების ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგი იყო, რომ ინგლისელი არმენოლოგი და თეოლოგი ფრედერიკ კორნუელის კონიბირი (1856-1924) საქართველოთი და ქართული ლიტერატურით დაინტერესდა. 1900 წელს გამოიცა "წმინდა ნინოს ცხოვრების" უორდროპისეული ინგლისური თარგმანი, რომელსაც კონიბირმა სპეციალური გამოკვლევა დაურთო. მან 1896 წელს ლონდონში გამოაქვეყნა ნაშრომი "ბარლაამისა და იოსაფატის ლეგენდები ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაში".

"წმინდა ნინოს ცხოვრების" თარგმანზე მუშაობის დროს უორდროპები სარგებლობდნენ მიხაილ საბინინის გამოცემით, "საქართველოს სამოთხე" (1882 წ.), რუფინუსის "საეკლესიო ისტორიით", ექვთიმე თაყაიშვილის წიგნით "Три исторические хроники" (1890), მოვსეს ხორენაცის ნაშრომის სომხური და ქართული ვერსიებით. ფ. კონიბირთან ერთად ოლივერმა ინგლისურად გამოსცა ალექსანდრე ცაგარელის მიერ მომზადებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ხელნაწერების კატალოგი (Journal of Biblical Literature, Boston, 1894). ოლივერ უორდროპმა ინგლისურად თარგმნა და გამოსცა ალექსანდრე ცაგარლის მიერ მომზადებული ათონის მთის მონასტრის ქართული ხელნაწერები (Journal of Theological Studies, XII, 1911)). ამ კატალოგებით დაინტერესდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბლეიკი, რომელმაც მოგვიანებით ქართული ხელნაწერების უფრო სრული და აკურატული აღწერილობა დაბეჭდა და დასავლეთს ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა გააცნო.

1909 წელს ინგლისურ ჟურნალ The Ring of Bells-ში მარჯორი უორდროპმა გამოაქვეყნა საგანგებო წერილი Those evening bells, an echo from Georgia, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ინგლისელების საყვარელი სიმღერის "საღამოს ზარების" (,,Вечерний звон") ავტორი ქართველია (მხედველობაში ჰქონდა გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი და მრავალ ენაზე თარგმნილი საგალობელი "საღამოს ზარები". ცნობილია, რომ რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ივან კოზლოვმა ეს ტექსტი ირლანდიელი პოეტის - თომას მურის ორიგინალურ ლექსად მიიჩნია, 1827 წელს რუსულად თარგმნა, რუსეთში გავრცელდა და სიმღერადაც იქცა. იმის თაობაზე, რომ "საღამოს ზარები" მართლაც გიორგი მთაწმინდელს (XI ს.) ეკუთვნის, წერდნენ ალექსანდრე ხახანაშვილი და ანატოლი კალინოვსკი).

ოლივერის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში - რუსეთსა და ბალკანეთში, ჰაიტიზე, რუმინეთსა თუ ინგლისში - უორდროპები იძენდნენ საქართველოსთან დაკავშირებულ ლიტერატურას. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მარჯორის გარდაცვალების შემდეგ (1909 წ., ბუქარესტი) ოლივერმა დიპლომატიური სამსახური მიატოვა და ლონდონში დაბრუნდა, განაგრძო ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენა და შევსება, შემდგომში კი ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკას გადასცა (ბოდლის ბიბლიოთეკაში უორდროპების კოლექციაში დაცულია 1454 ერთეული ქართული წიგნი და 74 ხელნაწერი, რომელთაგან უძველესი VIII საუკუნით თარიღდება). იმავე 1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ფონდის შექმნის მიზანი ქართული ენის კათედრის დაფუძნება და ქართველოლოგიური კვლევა-ძიების ხელშეწყობა გახლდათ. ფონდმა 1911 წელს გამოსცა მარჯორის მეგობრის, ეკატერინე ჩერქეზიშვილის მიერ მომზადებული "ქართულ-ინგლისური ლექსიკონი" და ოლივერ უორდროპის მიერ მომზადებული "სვანური ენის ლექსიკონი".

ოლივერმა 1912 წელს სამეფო აზიურ საზოგადოებასთან ერთად გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" პირველი ინგლისური (არასრული) თარგმანი, რომელზეც მუშაობასაც მარჯორი უორდროპი ჯერ კიდევ ლონდონში შეუდგა და რუსეთში განაგრძო, სადაც დახმარებას უწევდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. ამისთვის მარჯორიმ საგანგებოდ შეადგინა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ვერსიას ოლივერმა წინასიტყვაობა დაურთო. ოლივერ უორდროპს ეკუთვნის ასევე გიორგი ბრწყინვალის "ძეგლისდების" (1911 წელს, თბილისში, ოლივერ უორდროპმა შეიძინა ამ ტექსტის იასე დეკანოზიშვილის მიერ 1750 წელს გადაწერილი ხელნაწერი, დედნად გამოიყენა, თარგმნა და 1914 წელს სამეფო აზიური საზოგადოების ჟურნალში დაბეჭდა, - მ.ა.), "ვისრამიანისა" და "წმინდა იაკობის ცხოვრების" ინგლისური პუბლიკაციები.

უორდროპთა დამსახურებაა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენა (1905 წ.), ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ და სხვ. ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცულია უორდროპების მიერ მომზადებული მასალები, რომელთა შორისაა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები", შალვა დადიანის მოთხრობა "აბრსკილის", ქართული "ამირანის" აფხაზური ვარიანტი (ჩაიწერა ნიკო ჯანაშიამ), გრიგოლ ორბელიანის ლექსების თარგმანები და სხვ. ოლივერმა შექმნა საპროტესტო კომიტეტი კაზაკთა რეპრესიებისგან ქართველი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად და სხვ.

1918 წელს ოლივერისა და ანდრია გუგუშვილის ინიციატივითა და სერ დ. როსის თავმჯდომარეობით ინგლის-საქართველოს საზოგადოება შეიქმნა. 1919 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უზენაეს რწმუნებულად. იგი ცდილობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ კერზონის საქართველოთი დაინტერესებას. ოლივერი იმედოვნებდა, რომ ბრიტანეთი მატერიალურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდა საქართველოს. ბრიტანეთში გაგზავნილ მოხსენებებში ცდილობდა ბრიტანეთის მთავრობის დარწმუნებას, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას შავ და კასპიის ზღვებს შორის ინგლისელთათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, თუმცა, 1920 წელს ბრიტანეთმა პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის შესახებ პირველად 1887 წლის 19 თებერვალს, პალესტინაში მოგზაურობისას შეიტყო, როცა ჯვრის მონასტერში მისი ფრესკა ნახა

პროტესტის ნიშნად სერ ოლივერ უორდროპმა გადაწყვიტა გადამდგარიყო.

1927 წელს ოლივერ უორდროპმა მიატოვა საჯარო სამსახური და მთელი თავისი დრო მარჯორი უორდროპის ფონდს მიუძღვნა, რომელიც უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ფონდი მატერიალურად ეხმარებოდა ინგლისში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომელთა შორის მიხაკო წერეთელიც ყოფილა. ოლივერი განაგრძობდა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენას ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის მუზეუმისა და ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისთვის. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოს უილიამ ე. დ. ალენთან ერთად ოლივერმა ინგლისში "საქართველოს საისტორიო საზოგადოება" დააარსა (1930 წ.) და ჟურნალი Gეორგიცა გამოსცა. ოლივერ უორდროპი მატერიალურად ეხმარებოდა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტს თბილისში (დაარსდა 1917 წელს).

მარჯორი უორდროპის ფონდი ხელს უწყობდა ქართველოლოგიურ კვლევა-ძიებას კემბრიჯის უნივერსიტეტში, აფინანსებდა ცნობილი მეცნიერის, რობერტ სტივენსონის ქართველოლოგიურ კვლევას, საჯარო ლექციების წასაკითხად იწვევდა ცნობილ ქართველოლოგებს. მაგალითად, "ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის კურსის" წასაკითხად მიიწვია ცნობილი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბლეიკი; ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, მამა გრიგოლ ფერაძემ ლექცია მიუძღვნა ქართულ საეკლესიო ლიტერატურასა და ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, ეკატერინე ჩერქეზიშვილმა კი საქართველოს ისტორია და კულტურა მიმოიხილა. ოლივერმა ეკატერინე ჩერქეზიშვილთან ერთად მოამზადა ბრიტანეთში დაცული ქართული კატალოგი.

ოლივერ უორდროპის გარდაცვალების შემდეგ (1948 წ.), ფონდმა გამოსცა დევიდ ბარეტის მიერ მომზადებული ინგლისში დაცული ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი. ფონდი დღესაც ნაყოფიერად მუშაობს. ოლივერის სიყვარული საქართველოსადმი მისი ოჯახის წევრებმაც გაიზიარეს. ოლივერის მეუღლის, მარგარეტ კოლეტ-უორდროპის, მათი შვილების - ჯეიმზის (ფარნავაზის), ანდროსა და ნინოს კარი ყოველთვის ღია იყო ლონდონში ჩასული ქართველებისთვის. სერ ოლივერ უორდროპს სჯეროდა, რომ საქართველო დაიბრუნებდა დაკარგულ დამოუკიდებლობას და სურდა, დამოუკიდებელ საქართველოში ბრიტანეთის წარმომადგენლად დაბრუნებულიყო. მას სწამდა "მცირერიცხოვანი, მამაცი, სულით უტეხი, დახვეწილი და ნიჭიერი ერის გაბრწყინებისა", საქართველოს ბრწყინვალე მომავლისა.

მადლიერი ქართველი ხალხის ოლივერ და მარჯორი უორდროპებისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება გახლდათ გიორგი XII-ის ოქროს სამეფო ჯვარი ყელსაბამითურთ, რომლითაც ქართველ ქალთა საზოგადოებამ ოლივერ უორდროპის ქალიშვილ ნინოს ნინოობა მიულოცა, ეს ქართული რელიკვია გადაურჩა ჟამთა სვლას და ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმის საცავში ინახება.

მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

მედეა აბაშიძე

ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#100