ოთარ ჯაფარიძე - შტრიხები პორტრეტისთვის - კვირის პალიტრა

ოთარ ჯაფარიძე - შტრიხები პორტრეტისთვის

1957 წელი იდგა, სექტემბრის ერთ-ერთი პირველი დღე. ოთხმოცდამეთვრამეტე აუდიტორია, საკმაოდ დიდი და ნათელი, ახლახან ჩარიცხული სტუდენტებით იყო გადაჭედილი. ახალ ლექტორს ველოდით, ახალგაზრდას, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილ მეცნიერს. მას სულ ცოტა ხნის წინ ოცდათექვსმეტი წელი შესრულებოდა...

...შემობრძანდა... შემობრძანდა და თან მოიყოლა არაჩვეულებრივი სხივი, ისე გამოანათა, როგორც ღრუბლებიდან გამოსულ მზეს სჩვევია და როგორც ჩვენი ძველები იტყოდნენ, "...ბრწყინვიდა, ვითარცა მთიები განთიადისა ქუეყანასა ქართლისასა..." უფალმა, დაილოცოს მისი სახელი, ხორციელ სილამაზესთან ერთად, სულიერიც უხვად უბოძა და, ორივ მხრივ შემკულს, მოწყალების კალთა გადააფარა...

...ბატონი ოთარის ხასიათის თვისებათაგან უპირველესად მიმაჩნია მოყვასისათვის "ხელის აპყრობა" [დახმარების ხელის გაწოდება], დაცემულის წამოყენება. და რადგან არაფერია ქვეყნად დაფარული და ყოველივე "გაცხადებულ არს", მისი ეს თვისებაც უმალ გაცხადდა. და ეხვეოდნენ ყოველი მხრიდან - თანამშრომლები, ბავშვობის მეგობრები, გვიან შეძენილნი, სადღაც გაცნობილნი, და რას აღარ თხოვდნენ: შვილების, ხოლო შემდგომ უკვე შვილიშვილების უნივერსიტეტში და სხვაგანაც ჩარიცხვას, სამსახურში აყვანას, შტატის შოვნას, შუამავლობას, მომრიგე-მოსამართლეობას... ამ ადამიანების რიცხვს მეც ვეკუთვნოდი.

იმათ კი, რომლებიც ბატონი ოთარის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ადგილებთან ახლო-მახლო მოსახლეობდნენ, ყოვლისშემძლედ, პირდაპირ მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ; მე მომსწრე ვარ ასეთი დამოკიდებულებისა დმანისში, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, III კურსისა. ეს ყოველივე მიიღწეოდა მისი დიდი მეცნიერული ავტორიტეტით, იმ კეთილგანწყობით ადამიანების მიმართ, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც დღეს კიდევ უფრო უხვად აქვს. თუ ვინმეს მიმართ არ ჰქონდა კეთილგანწყობა, დღეს ის პატიების გრძნობამ შეცვალა. ეტყობა, წლები თავისას შვრება და ისედაც განბრძნობილს კიდევ და კიდევ მეტ სიბრძნეს სძენს...

თხოვნაც არ სჭირდებოდა, ტანით გრძნობდა, რომ დახმარების ხელი გჭირდებოდათ და უმალ გეტყოდათ: "წამო, გოგო, წამო", ანდა: "მივიდეთ და ყველაფერს ვეტყვი", ანდა კიდევ: "ვაჰ, გააკეთებს, მა რას იზამს?!" არ მახსოვს, ერთხელ მაინც შეეხსენებინოს ვინმესთვის, რომ რაიმე გასაჭირისას დაეხმარა, ან სხვა ადამიანისთვის ეთქვას ამ საქმის შესახებ რაიმე. შეხვედრისას მხოლოდ საიდუმლოდ გკითხავდათ: "ის საქმე როგორ მიდის, ჩვენ რომ ვიცით-ო"?

ბატონი ოთარი მინახავს საკმაოდ დიდი თანამდებობის პირთა კაბინეტებში, ოჯახებში მიწვეული სადილზე, ვახშმად, განსაკუთრებით, როდესაც უცხოელი მეცნიერების პატივსაცემად და, როგორც ქართველებს გვჩვევია, თავის მოსაწონად იშლებოდა ხოლმე სუფრა. ასეთ მასპინძელთა შორის მეც ხშირად ვყოფილვარ. მახსოვს განსაკუთრებული დღე - ერთ-ერთი ვახშამი ჩემს ოჯახში, როდესაც რამდენიმე ბიზანტინოლოგთან ერთად ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი, ბრიტანელი მეცნიერი დონალდ რეიფილდი იმყოფებოდა. მან აქ, ამ საღამოს, პირველად წაგვიკითხა გალაკტიონის ათი ლექსის მისეული, საკუთარი ინგლისური თარგმანი. ბატონი ოთარის სიხარულს საზღვარი არ უჩანდა! ჭირშიც და ლხინშიც ერთნაირი პატივისცემით, მოწიწებით და დაუფარავი სიხარულით ხვდებოდნენ. არც მღეროდა, არც ცეკვავდა, არცა სვამდა, არც თამადობდა, არც ოქროპირობდა, და მაინც, როგორი სასურველი სტუმარი იყო მარად და ყველგან! აი, ნამდვილი სასწაული, რომლის მხილველი ხშირად ვყოფილვარ...

ოთარ ჯაფარიძე და ალბერტ აბაშიძე (1938 წ.)

...1970 წლის ზაფხული სომხეთში გავატარე, არქეოლოგიურ ექსპედიციებში. პირველი კარო გრიგორიევიჩის ექსპედიცია გახლდათ, კაფადარიანის, გამოჩენილი სომეხი არქეოლოგის. ექსპედიცია დვინში მუშაობდა. უნდა მოგესმინათ, როგორი პატივისცემით ახსენებდა ბატონ ოთარს! როგორ ამკობდა! კოლეგები ამბობდნენ, რომ ძალიან დაუმძიმდა ხასიათი ასაკთან ერთად, მაგრამ მე ვერაფერს ვატყობდი. მახსოვს მისი აღფრთოვანება ბატონი ოთარის ნაშრომებით - ისინი დედანში ჰქონდა წაკითხული. იყო კიდევ ერთი ქალბატონი, - არქეოლოგი, კარინე კუშნარÁოვა, წარმოშობით სომეხი, მაგრამ ლენინგრადში აღზრდილი, საუკეთესო ოჯახიშვილი.

მისი მამა გამოჩენილი მუსიკათმცოდნე გახლდათ. ეს ქალბატონი და ბატონი ოთარი ძალიან მეგობრობდნენ. კარინე ყოველთვის დიდი პატივისცემით და სითბოთი საუბრობდა ბატონ ოთარზე. მაგრამ ის, რასაც ყვებოდა ქალბატონი ფრინა ბაბაიანი, შეუდარებელი რამ იყო: როგორ ეხმარებოდა ბატონი ოთარი მის მეუღლეს - შემდგომში სომხეთის სახელმწიფო საისტორიო მუზეუმის დირექტორს, ბატონ ტელემაკ ხაჩატრიანს - მეცნიერული თუ დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში. თავისი მონოგრაფიის: "Древняя культура Ширака. III-I тыс. до н.э., Ереван, 1975г."

პირველსავე გვერდზე ბ. პიოტროვსკის, ა. იესენის, ბ. კუფტინის, ე. კრუპნოვის, ა. მარტიროსიანის - ამ ჭეშმარიტი კორიფეების გვერდით - აყენებს ბატონ ოთარს. სხვათა შორის, ბორის პიოტროვსკიმ, თავისი ერთ-ერთი ნაშრომის: "Археология Закавказья" მიძღვნით წარწერაში ბატონ ოთარს წაუწერა: "Дорогому Отару Михайловичу на добрую память". ეს იყო 1949 წელს, ბატონი ოთარის სამეცნიერო კარიერის თითქმის დასაწყისში, ხოლო თერთმეტი წლის შემდგომ - 1960-ში ნაჩუქარ ბორის პიოტროვსკის მთავარ ნაშრომს - "Ванское Царство - Урарту" ასეთი წარწერა აქვს: "Дорогому Отару Михайловичу Джапаридзе с найлучшими новыми успехами в его интересных работах. Б. Б. Пиотровский. 1960, ноябрь". ბატონი ოთარის ლექციებიდან კარგად გვახსოვდა დÁუბუა დე მონპერე, გიორგი ნიორაძე, ევგენი კრუპნოვი. აი, როგორი წარწერა აქვს ამ უკანასკნელის მონოგრაფიას სახელწოდებით: "Древняя история Северного Кавказа" - "Глубокоуважаемому Отару Михайловичу Джапаридзе на долгую и добрую память от единомышленника - по некоторым вопросам Кавказской Археологии. Е. Крупнов. Москва, 1960".

...ბატონი ოთარი არაჩვეულებრივია მოგზაურობისას. რომ იცოდეთ, როგორი ბედნიერებაა მასთან ერთად ძეგლებზე გასვლა! როგორ იცის თავისი ქვეყნის ყოველი კენჭი! გახსოვთ, ბატონო ოთარ, ერთი კვირა დღე დავითგარეჯაში? თუმც, რას გეკითხებით? იმ დღის დავიწყება როგორ შეიძლება?! თხუთმეტამდე ადამიანი ვიყავით, უმეტესობა ისტორიკოსები, ერთი კალათბურთელი, ერთი რეჟისორი1, ერთი მომღერალი - ტენორი, ამავე დროს ისტორიკოსი, ჩვენი ფაკულტეტის დოცენტი, ბ-ნი გურამ ზედგინიძე, ერთიც გამოჩენილი ქართველი მსახიობი, ბატონი ნოდარ ჩხეიძე, რომელმაც ერთი დიდი სცენა დადგა სანდრო ახმეტელის გენიალური სპექტაკლიდან "ლამარა".

ბატონი ოთარი ცენტრალურ ადგილას დააყენა და მნიშვნელოვანი როლი მისცა, ჩვენ აქეთ-იქით მიგვფანტ-მოგვფანტა - ზოგი ქვაზე დააყენა, ზოგი მთაზე აიყვანა, მე სადღაც ჩამაგდო და დიდის ამბით გვამცნო - "თქვენ ხორო ხართ, მე კი ხოროს კორიფე" და დაიწყო ტექსტის წარმოთქმა: "ცხვარს ვაძოვებდი მამიჩემისას..." ხორო ჩხეიძისეული ტექსტით პასუხობდა, რომელიც არაფრით ჰგავდა ახმეტელისას... ბატონი ოთარი აქაც პირველი იყო, თუმც აქტიორული მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოუვლენია. თამრიკო გამსახურდიას დაჟინებული თხოვნით, თბილისში დაბრუნებული, მასთან წავედით სანაპიროზე და იქ შევიტყვეთ, რომ ბატონი ოთარის უახლოეს მეგობარს - მირიან აბულაძეს2 - ჩვენს მოგზაურობაში ბიჭი შესძენოდა, ნანატრი ბიჭი, მაშინ, როცა ჩვენთან ერთად ის შუა ქეიფში იყო... რა ბედნიერი გახლდათ ბატონი ოთარი! როგორ იზიარებდა მეგობრის სიხარულს!

ოთარ ჯაფარიძე

...მაგრამ... ბატონი ოთარი მხოლოდ ლხინში არ გახლავთ შეუცვლელი - იგი ჭირშიც შეუცვლელია, დარდიანი, ნაღვლიანი, ჩაფიქრებული, ცხოვრების ამაოებით შეწუხებული... ასეთიც მინახავს და თავზარდაცემულიც, მაგალითად, ბატონი შოთა მესხიას - მისთვის უსაყვარლესი ადამიანის - ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული რომ შეიტყო...

...როდესაც გაირკვა თამრიკო გამსახურდიას ოპერაციის დღე, შევატყობინე, ყველაფერი მიატოვა და საავადმყოფოში გადმოვიდა, ფოიეში იდგა დიდხანს, ძალიან დიდხანს... არ დამჯდარა... უამრავი ხალხი ტრიალებდა, ელოდა ოპერაციის დასრულებას, პასუხს... ცოტა ხანში გამოჟონა შემზარავმა ამბავმა, მაგრამ ეს საბოლოო პასუხი არ იყო, კიდევ გვქონდა ათი დღე, ექიმების მიერ მოცემული, საბოლოო გადაწყვეტილებამდე. "წავედით, ნათელ", მითხრა ბატონმა ოთარმა და იქაურობას გამარიდა... გამოვყევით ჭავჭავაძის გამზირს. მე იმ ათ დღეს ვეჭიდებოდი, როგორც წყალწაღებული ხავსს. როდესაც სადარბაზომდე მომაცილა, მითხრა: "კარგ საქმეში შევხვედროდეთ ერთმანეთს"... ყველაფერს მივხვდი... უჭკვიანესი კაცია ბატონი ოთარი, შესანიშნავი ექიმის შვილი... უკანასკნელი იმედიც გადამეწურა...

სულ კარგ საქმეში შევხვედროდეთ ერთმანეთს, ბატონო ოთარ!!! ისეთ საქმეში, როგორშიც დღეს ვართ...

...ახლა კი ნება მიბოძეთ, მთელი ჩემი თაობის სახელით გითხრათ ის, რაც არ გვითქვამს არც ერთს ორმოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ რასაც ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!

ნათელა ვაჩნაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი ისტორიის დარგში, საქართველოს ბიზანტინოლოგების ეროვნული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჟურნალი "ისტორიანი"#100