ზარათი - კვირის პალიტრა

ზარათი

ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მომცრო სოფელი ზარათი, რომლის სასაფლაოს ეზოში ორი ეკლესია დგას. ერთი, შედარებით მცირე ზომის, XIII საუკუნეს განეკუთვნება და მეორე, უფრო დიდი, სტილისტიკის მიხედვით, XIX საუკუნით თარიღდება.

მცირე ზომის ეკლესია ისტორიულ წყაროებშიც მოიხსენიება XIII საუკუნიდან და მიჩნეულია წმინდა მოწამეების - კვირიკესა და ივლიტას სახელობისად.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ამ პერიოდის სხვა ნაგებობებთან შედარებით, მასშტაბით ბევრად პატარაა, არაპომპეზური და სადა ორნამენტებით, მცირედ მორთული. ნაგებია მომწვანო-მოყვითალო, ზოგან მოწითალო, მოზრდილი, კარგად გათლილი, სავარაუდოდ, ადგილობრივი ქვით. ტაძარს შესასვლელი, ტრადიციულად, ორი მხრიდან - დასავლეთით და სამხრეთიდან აქვს. თავდაპირველად გარშემოსავლელი გალერეაც ჰქონია, რომლისგანაც ახლა მხოლოდ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი ნაშთებია (თაღების საყრდენები) შემორჩენილი.

გადმოცემა მის აშენებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს და დაახლოებით მისი მეფობის პერიოდით თარიღდება კიდეც, თუმცა ტაძრის უპრეტენზიო აღნაგობით აშკარაა, რომ იგი არ გახლავთ სამეფო კარის, ან მათთან დაახლოებულ პირთა განზრახულობით აგებული. ტაძრის მშენებლობის თანადროულ ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს ჩუქურთმიანი, ქვით შემკული საკურთხევლის ოთხკუთხა სარკმელი, რომელიც წნულიან ორნამენტულ ჩარჩოშია ჩასმული და ასევე, სამხრეთი კარის თავი, რომელსაც ყვავილოვანი ორნამენტი ამშვენებს.

ტაძრის შიდა სივრცე მთლიანად დაფარულია გვიანი პერიოდის კედლის მხატვრობით, რომელიც, საქტიტორო წარწერებისა და სტილისტიკური ანალიზის მიხედვით, დადასტურებულად XVII საუკუნეს, ე.წ. გვიანპალეოლოგოსურ სტილს მიეკუთვნება. ამ ეტაპზე რთული სათქმელია, იყო თუ არა აქ ტაძრის აგების თანადროული მოხატულობა.

საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების მონუმენტური კომპოზიცია, საზეიმო ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი მარჯვნივ და მარცხნივ ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის შედარებით მცირე ფიგურებით. ვედრების კომპოზიციის ქვედა რეგისტრში ქრისტე ემანუელის (უწვერული ქრისტე) მაკურთხებელი ფიგურა და აქეთ-იქიდან ეკლესიის მამების ფიგურებია მოცემული: წმინდა ათანასე, წმინდა ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. მესამე რეგისტრში, სარკმლის აქეთ-იქიდან, კვლავ ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის ფიგურები მეორდება, შემდეგ კი იოანე მახარებლისა და მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის გამოსახულებებია. საკურთხევლის მოხატულობა დაზიანებულია, კონქს მთელ სიგრძეზე კონსტრუქციული ბზარი ჩამოსდევს.

ეკლესიის გრძივი კედლები მთლიანად ეთმობა საუფლო დღესასწაულებს, წმინდანთა და მოწამეთა გამოსახულებებს, მოცემულია ხარება, შობა, ლაზარეს აღდგინება, მირქმა, ნათლისღება, ჯვარცმა, გარდამოხსნა და საფლავად დადება.

აღსანიშნავია, რომ სცენათა გამოსახვის თანამიმდევრობა არ არის ტრადიციული. ზოგიერთი ქართული ტაძრის მოხატულობაშიც (უფრო გვიანი პერიოდის ძეგლებში), ეს თანამიმდევრობა ასევე არ მიჰყვება მკაცრად დადგენილ წესებს. თუმცა, ზარათში ეს არათანამიმდევრულობა ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი. სცენების კედლებზე ურთიერთსაპირისპიროდ გადანაწილება, როგორც ჩანს, ერთგვარ `გამოპასუხებებად~ არის განაზრებული.

სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის თაღთაშორის სიბრტყეზე სარკმლის აქეთ-იქიდან წმინდა მოწამეების - კვირიკესა და ივლიტას ნახევარფიგურებია მოცემული, ხოლო მათ ქვემოთ წმინდა სერგუსისა და ბარგუსის მთლიანი ფიგურები.

დასავლეთი კედელი, ნაცვლად ტრადიციული სამსჯავროს სცენისა, მთლიანად დათმობილი აქვს ღვთისმშობლის მიძინება-ამაღლების კომპოზიციას. მიძინების მრავალფიგურიანი კომპოზიციის ზემოთ მოცემულია ნათლითმოსილ მედალიონში ჩაწერილი მაკურთხებელი ღვთისმშობელი, რომელსაც ორი ფრთაგაშლილი ანგელოზი აღამაღლებს.

მოხატულობის პროგრამაში თვალში საცემია ქტიტორთა გამოსახულებების სიმრავლე. ისინი ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებზე წესისამებრ, ქვედა რეგისტრში, მაყურებლის სიმაღლის დონეზე არიან გამოსახული და სხვა ფიგურებისგან გამოირჩევიან როგორც ზომებით, ისე ცოცხალი ფერადოვანი გამით. ყველა მათგანი კარგად არის შემონახული. სამხრეთ კედელზე, აღმოსავლეთ კიდეში, საკურთხევლისა და მლოცველთა დარბაზის გასაყართან, მოცემულია მავედრებელი საერო პირის ნახევარფიგურა, რომელსაც ღვთისმშობელი აკურთხებს. ეს გამოსახულება მიჩნეულია ტაძრის მომხატველ ოსტატად (ირინე მამიაშვილი). მოცემულ ასომთავრულ წარწერაში იკითხება გვარი - მხეცისძე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპოზიცია იშვიათად გვხვდება ქართულ კედლის მხატვრობაში.

დასავლეთით სრული სიმაღლით მოცემულია ორი - სამღვდელო და სასულიერო ქტიტორის ფიგურა. ჩრდილოეთ კედელზე კი ხუთი ფიგურისგან შემდგარი საერო პირთა გამოსახულებებია, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ვაჟია. მათ XVII საუკუნისთვის სახასიათო, აღმოსავლური სტილის შესამოსელი აცვიათ. სავარაუდოა, რომ სწორედ მათ შორის უნდა ვეძებოთ ტაძრის მოხატვისთვის საფასურის გამღები მთავარი პირები.

მოხატულობა საგრძნობლად არის დაზიანებული როგორც საკურთხეველში, ისე კამარასა და კედლებზეც. ზოგიერთ ადგილას იგი საფუძვლიანად არის ჩამოშლილი და ქვის კვადრები მოჩანს, ზოგან კი ჩამორეცხილი და დაბზარულია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი რესტავრაცია განხორციელდა 2006-2007 წლებში. რესტავრატორებმა გაწმინდეს და შეძლებისდაგვარად გაამაგრეს ფრესკები, ასევე გადმოიღეს ასლები, გამოცვლილია ტაძრის გადახურვაც, რასაც მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ტაძარში ნალექების შეღწევა.

ზარათის ტაძარი ორი განსხვავებული ეპოქის - ქართული ხელოვნების ისტორიის საუკეთესო პერიოდის არქიტექტურისა და გვიანდელი კედლის მხატვრობის ეკლექტიკური ნაზავი - ნიშანდობლივი მხატვრული ნიმუშია არა მარტო რეგიონული მნიშვნელობის თვალსაზრისით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ჟურნალი "ისტორიანი",#100