ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე არის ბარაქა და ჯიში ქართული მწერლობის.

რუსთაველი ჯიშია, მაგრამ შვიდათ გაწოლილი საუკუნე სწოვს ამ უბეს. თანაც "ვეფხის ტყაოსანის" პირდაპირი გავლენა ქართულ მწერლობაზე, ბაგრატიონებთან თავდება. ეს მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს.

მართალია, ვაჟაფშაველაც იყო ჯიში, მაგრამ ის იყო მთა, სასწაული, მოვარდნილი, თანაც ის იყო პრიმიტივი.

ამათ გარდა საქართველომ აღარ იცის მწერალი დიდი ჭკუის და შთაგონების.

აკაკი წერეთელი ბარათაშვილიდან გამოდის.

რაც კიდევ მისაღებია აკაკიდან ქართული მწერლობისთვის, მისი სამუდამო წყაროა, ნ. ბარათაშვილის "შემოღამება მთაწმინდაზე". მთვარიან ღამესთან კი ჯიში არ არის. გრიგოლ ორბელიანმა მწერლობა არ ინდომა და თავისი ვაჟკაცური ხმა ქაშუეთის პანთეონში ჩაიტანა. ვერც ლავრენტი არდაზიანმა და ვერც დანიელ ჭონქაძემ, ვერ მოასწრეს გამხდარიყვნენ მწერლები. კიდევ იყვნენ: სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, ივანე კერესელიძე, მაგრამ ესენი ისევ "კარგ მწიგნობრებათ" დარჩებიან, დოდაშვილის გამოკლებით, რომელმაც საქართველოსთვის, ტაიგაში, მიიღო ინკვიზიცია ცეცხლზე.

და აი, ბედმა არგუნა ილია ჭავჭავაძეს, თავისი განიერი მხარბეჭით, კოლოსივით ჩამდგარიყო ქართულ სინამდვილეში და გამხდარიყო მორგვი ქართული მწერლობის და საქართველოს ცხოვრების. ამრიგად ილია ჭავჭავაძე არის ქართველი მწერალი პროფესიონალი სრული ევროპიული გაგებით.

ილიას, თავის წინაპარ მწერლებთან სულ არ უსწავლია. მის ადრეულ ლექსებში არის გავლენა ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის, მაგრამ თავისებურება თავიდანვე ეტყობა.

მიუხედავათ ილიას დიდი ქართული სახელისა, თანამედროვე პოეზია ვერ მიიღებს ილიას ლექსებს, სადაც პოეტი ყოველ წუთას უხერხულია, ყოველ სტრიქონზე წამოიჩოქებს და გღლისთ მისი მომაბეზრებელი ნაჯახი, რომელიც ტლანქად ჩორკნის მძიმე ლექსებს. მაგრამ ილიას პოეზიას, მაინც აქვს კულტურა ბაირონის, გიოტესი, პუშკინის, როცა აკაკი წერეთელი მოკლებულია ლიტერატურასაც კი, თითქოს ის ყოფილიყო თანამედროვე ბარდი ანუ გოგია მეჩანგურე. ილიას მძიმე ლექსებიდან დარჩება "ის მშვენიერი იდეები" მესამოცე წლების ახალგაზრდობის, არაგვის კულტი და ბიბლიური წვა საქართველოთი. ეს არის მისი გამთავნებელი.

მაგრამ თუ ჩვენთვის უხერხულია ილიას ბრუნდე ლექსები, სამაგიეროდ პროზაში ილიას გააქვს XIX საუკუნის საქართველო. ილიამ შექმნა ორიგინალი სტილი მას აქვს სიტყვის საოცარი ლაბორატორია და მგრძნობელობა.

ილიას უპირველესად უყვარდა "სიტყვის გამოშიგვნა" (მისი საყვარელი სიტყვაა) სიტყვის ფიზიკურათ შეხება, მისი ჩანგალზე დაკიდება და ნაწლავების გამოჭრა დანით.

გარდა გრიგოლ რობაქიძის, რომლის ხელშია დღეს სადავე ქართული მწერლობისა, არც ერთი ქართული მწერალი არ გახურებულა სიტყვის სქესობრივი მოწყურებით და დღესაც ქართული პროზა ილიას ქორივით ჰყავს ჩაჭედილი კლანჭებში. სამწუხაროდ ილიაში გენიოს და ტრადიციას რო მეტოდი დაემარცხებინა, მის სახელს გუსტავ ფლობერთან ვახსენებდით. მაგრამ აქ მეტოდმა დასცა გენია. ეს არის ჭავჭავაძის ტრაგედია.

ილიას მპყრობელობა მარტო ერთ შკოლაზე არ გაგრძელებულა. თითონ ვაჟაფშაველაც თავის ბარის დიალექტიკით დაწერილ ლექსებსა და სამოქალაქო პოეზიაში, არის პირდაპირი მოწაფე ილია ჭავჭავაძის, რომელმაც ეს ველური ჰენია აღმოაჩინა. შემდეგ ბევრი მწერალი, პატარა ჩიტებივით დაეწაფნენ ამ უზარმაზარ მდინარეს. არც ერთი ტონი, არც ერთი ხმა, არც ერთი თემა არ არის ქართულ ლიტერატურაში (მე არ ვლაპარაკობ მარცხენა ფრონტზე), რომ არ მოდიოდეს ილიადან.

თითქოს ყოველი ფესვი გამობმულია მის გოლიათურ ფეხზე და თითეული ხმა ამოდის მისი დადუმებული, მაგრამ მრეკავი პირიდან.

დანამდვილებით ვიტყვით, რომ "ოთარაანთ ქვრივმა" შექმნა ქართული რომანი ფონით, სიუჟეტით და პერსონაჟით, რასაკვირველია ეს ყველაფერი ხშირად გადმობრუნებით არის ნახმარი. "კაცია-ადამიანმა" დაიბევა ქართველი თავადის ტიპი; კაკო ყაჩაღმა შექმნა მეორე რანგის ბელეტრისტიკა. "განდეგილმა" მთელი ჩვენი მწერლობის მისტიკა და ქალის საკითხი. ილიამ შექმნა დემოკრატიული ლირიკა ("პარიზის კომუნა" 1900-17 წ). ლირიკა პატრიოტული ("აჩრდილი", "ტყემ მოისხა ფოთოლი" (907-დღემდე).

ვანო მაჩაბელთან ერთად მან პირველმა მიუყენა ქართულ დრამას თოთხმეტ მარცვალოვანი თეთრი ლექსი (შექსპირის თარგმანი); მისმა პუბლიცისტიკამ დაზარდა ქართველი ჟურნალისტები და პუბლიცისტები გამოუკლებლივ. მისმა დარბაისელმა პოლემიკამ ჩააჩუმა სომხისა და რუსის შოვინისტები, რომელნიც ქართულ დროშებს ცირკებში გზავნიდნენ (კატკოვის ისტორია) და ბოლოს ილიას სიკვდილმა ჩვენში ეროვნული შეგნების გაღვიძება დააჩქარა.

ილია ჭავჭავაძე იყო მუზარადი, რომელიც ნახევარი საუკუნე ეხურა თავზე საქართველოს. მისი სახელი გვაზანზარებს, როგორც თანაბარი სახელი - სააკაძე. ერთად ხვდებიან წიწამური და მარაბდა. მან ადიდა ბაზალეთის მესია, რომელსაც მოაქვს თამარის ოქრო, რუსთაველის სიტყვა და ხმალი მოურავის, არაგვისა და ალაზნის ბასეინებს ამწვანების იმედი მისცა და ქართული სუფრის აბრაამი იყო.

ილია ჭავჭავაძემ ამოავსო XIX საუკუნის ცარიელი საქართველო და თავისი გახეთქილი შუბლით აზრი მისცა მწერლობასა და საქართველოს სვინდისს...

გიორგი ლეონიძე

"ბახტრიონი", 1922 წ. #10

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი",#100