ქართველი იუნკრების შესანიშნავი ხუთეული
ქართველი იუნკრების შესანიშნავი ხუთეული
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მარცხისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, მთავრობისა და სამხედრო ელიტის ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში სამხედრო სკოლის კურსანტები - იუნკრებიც წავიდნენ.

ემიგრაციაში მყოფი მთავრობა ცდილობდა, ქართველი ოფიცრები და იუნკრები ევროპული სახელმწიფოების არმიებსა და სამხედრო სასწავლებლებში დაესაქმებინა. 1921 წლის ზაფხულის ბოლოს იუნკერთაგან შეირჩა ხუთი გამორჩეული კურსანტი: ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ალექსანდრე ჯინჭარაძე და გიორგი ოდიშელიძე. მათ სწავლა უნ
და განეგრძოთ საფრანგეთში, სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში. კურსანტებს რეკომენდაცია გაუწიეს და დახასიათება მისცა სამხედრო სკოლის უკანასკნელმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა (მოგვიანებით პოლონური არმიის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძემ და ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდში დაცული ეს დახასიათებები საინტერესო უნდა იყოს იუნკერთა ისტორიით და კონკრეტულად ამ პირთა ისტორიით
დაინტერესებულთათვის.

მეომრის გზა

სანამ უშუალოდ დახასიათებებს გავეცნობოდეთ, საინტერესოა თუ რა ბიოგრაფია უმაგრებდა ზურგს არჩეულ ხუთეულს 1921 წლის ზაფხულამდე.
ივანე ვაჩნაძე დაიბადა 1899 წლის 10 აპრილს სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში. 1917 წელს დაასრულა სწავლა ვორონეჟის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სკოლაში შესვლამდე მსახურობდა ქართულ ჯარში, კერძოდ, სამთოცხენოსან ბატარეაში. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში, სადახლოს ბრძოლაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით. სამხედრო სკოლაში შევიდა 1919 წლის 1-ლ სექტემბერს. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდში იყო იუნკერთა უფროსი კურსის ცხენოსანი განყოფილების უფროსი პორტუპეი-იუნკერი.

ნიკოლოზ თოხაძე დაიბადა 1901 წლის 12 იანვარს ოზურგეთში. დაასრულა თბილისის ქართული გიმნაზია 1919 წელს. სკოლაში სწავლის პერიოდშიც კი, 17 წლის ასაკიდან ის მსახურობდა ჯარში, კერძოდ მე-2 ცხენოსან რაზმში და აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 1918 წელს მონაწილეობა მიიღო აწყურის ბრძოლაში ოსმალთა წინააღმდეგ, იბრძოდა საჩხერისა და სოჭის მიმართულებით ბოლშევიკების წინააღმდეგ. ენგურთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით, ხოლო სომხეთთან ომში, იურხარისერალის ბრძოლაში მიიღო მე-3 ხარისხის გიორგის ჯვარი. 1919 წლის 15 სექტემბერს შევიდა სამხედრო სკოლაში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდში იყო იუნკერთა უფროსი კურსის საარტილერიო განყოფილების იუნკერი.

ალექსანდრე კინწურაშვილი დაიბადა 1900 წლის 1-ლ აპრილს ქუთაისში. 1919 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-2 გიმნაზია. 1920 წლის 1-ლ სექტემბერს შევიდა სამხედრო სკოლაში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდში იყო უმცროსი კურსის მე-3 განყოფილების ქვეითი იუნკერი.

ალექსანდრე ჯინჭარაძე დაიბადა 1897 წლის 16 იანვარს ოზურგეთში. 1917 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1917 წლის 2 თებერვლიდან ჩაირიცხა რუსული არმიის 116-ე ქვეით სათადარიგო პოლკში, ამავე წლის 3 მაისს გადაიყვანეს რუსული არმიის ქართველ დრაგუნთა პოლკში. 1918 წლის 2 თებერვლიდან გადაიყვანეს ქართული საარმიო კორპუსის მე-2 საარტილერიო ბრიგადაში.

კაპიტანი ნიკოლოზ თოხაძე 1936 წელს (თამარ კინსკის (ამილახვრის) საოჯახო არქივიდან)

მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით მიმდინარე ასპინძის, ახალქალაქისა და ციხიჯვრის ბრძოლებში. ორჯერ დაიჭრა ტყვიით მარცხენა ხელში. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში, შულავრისა და სადახლოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით. 1919 წლის 14 ოქტომბერს დაითხოვეს არმიიდან, როგორც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. 1920 წლის 8 სექტემბერს შევიდა სამხედრო სკოლაში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდში იყო უმცროსი კურსის მე-2 განყოფილების ქვეითი იუნკერი.

გიორგი ოდიშელიძე დაიბადა 1898 წლის 6 თებერვალს თელავში. 1917 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. ხუთ თვეს მსახურობდა ქართული კორპუსის შტაბთან არსებულ ცხენოსანთა ასეულში. მონაწილეობდა ოსმალების წინააღმდეგ 1918 წლის აპრილში ნატანებ-ჩოლოქის ბრძოლაში. ქართული კორპუსის დაშლის შემდეგ მსახურობდა თელავის მაზრის სამხედრო ბეგარის უფროსის სამმართველოში. სამხედრო სკოლაში შევიდა 1919 წლის 1-ლ სექტემბერს. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდში იყო იუნკერთა ქვეითი ასეულის ზემდეგი და იმავდროულად, უფროსი კურსის იუნკერი.

როგორც ვხედავთ, შერჩეული ხუთი კურსანტიდან ოთხს სამხედრო სკოლაში შესვლამდე საკმაოდ დიდი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. მიღებული ჰქონდათ საბრძოლო ჭრილობები და მედლები. სამხედრო საქმისადმი მათი ინტერესი კარგად ჩანს თუნდაც იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მათგანი სკოლის დამთავრებამდე და სამხედრო-სავალდებულო ასაკს (20 წელი) მიღწევამდეც კი მსახურობდა ჯარში.

გენერლები და იუნკრები

უფროსი პორტუპეი იუნკერი ვაჩნაძე ივანე ასლანის ძე, 22 წლისა, გაათავა საკადეტო კორპუსი, სკოლაში შემოსავლამდინ მსახურობდა ქართულ არტილერიაში. სამხედრო სკოლაში გაატარა თითქმის ორი წელი. მშვიდი, დინჯი, თავდაჭერილი, ზრდილობიანი, პატიოსანი და განვითარებული, სამხედრო საქმე უყვარს და გულმოდგმით სწავლობდა. უფროსებთან იცავდა დისციპლინას, ამხანაგებს უყვართ და პატივს სცემენ, ფიზიკურათ, კარგათ განვითარებულია, ცხენოსანი ჯარის მოყვარეა. მიღებული აქვს რიგიანი მომზადება. ომში გამოიჩინა მამაცობა. ლტოლვილთა ბანაკში ასეთივე დარჩა. საერთოთ გამოჩენილი იუნკერია. ღირსია საზღვარგარეთ წარვლინების. სამშობლოს მოყვარეა და რესპუბლიკის მომხრე.

პოლკოვნიკი ჩხეიძე
6 აგვისტო 1921 წ.

ჩემი მოწაფეა. დინჯი, წყნარი ყმაწვილია. დიდი ყურადღებით ეპყრობა სამხედრო საქმეს. ვადასტურებ ატესტაციას.
გენ. კვინიტაძე
8 მარიამობისთვე 1921 წ.

იუნკერი თოხაძე ნიკოლოზი გიორგის ძე. 22 წლისა (სინამდვილეში 20 წლის. - დ. ს.). გათავებული აქვს სათავადაზნაურო გიმნაზია, სკოლაში შემოსავლამდინ მსახურობდა ქართულ ჯარში და აქვს მიღებული გიორგის ჯვარი, სკოლაში იყო თითქმის ორი წელი, მეცადინეობდა და სწავლობდა სამხედრო საქმეს ყურადღებით, საარტილერიო საქმეში მომზადება საკმაოთ აქვს მიღებული.

ხასიათით სრულიად დამოუკიდებელია, განვითარებულია, არ არი გულახდილი, ეგოისტია და კარიერისტი, თავის ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებს. ამხანაგებს უყურებს ზევიდან, სკოლის ცხოვრების პირობებში თავდაჭერილი და დისციპლინიანი იყო, ეხლა კი, ლტოლვილთა ბანაკში, შეეტყო დაუჭერლობა. ლტოლვილთა ბანაკში გააღო დუქანი - თავის ამხანაგებიდან იღებდა 100 და ხშირად 150% მოსაგებს. მიუხედავათ იმისა რომ ჩემგან, როგორც კომენდანტისაგან, აკრძალული ჰქონდა - ჩუმათ უშვებდა დუქანში ლოთობას, რასაც შედეგათ მკვლელობაც კინაღამ მოჰყვა. ფიზიკურათ საუკეთესოთ განვითარებულია, შეხედული და ჯანმრთელი მამაკაცია. საერთოთ კარგი იუნკერია. საზღვარგარეთ წარვლინებისთვის არ იყო არჩეული, რადგანაც რჩებიან გამოჩენილი იუნკრები არტილერისტები 4 კაცი, რომლებიც სუყველაფერში მასზე მაღლა დგანან. სამშობლოს მოყვარეა და რესპუბლიკის მომხრე.

პოლკოვნიკი ჩხეიძე
6 აგვისტო 1921 წ.
სენ-მექსანის სამხედრო სასწავლებელი

ჩემი მოწაფეა. მაგის კარგობაში არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება ჩაიდინოს რაიმე ცუდი. საერთოთ კაი იუნკერი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩაითვალოს პირველ ხუთში. აქ ჩაიდინა ზოგიერთი არა ვარგისი თვისებები. ატესტაციას ვადასტურებ.
გენ. კვინიტაძე
8 მარიამობისთვე 1921 წ.

იუნკერი კინწურაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე, 21 წლისა, გათავებული აქვს სათავადაზნაურო გიმნაზია, სკოლაში შემოსვლამდინ სამხედრო სამსახურში არ ყოფილა. სკოლაში იყო თითქმის ერთი წელი. გამოიჩინა დიდი ინტერესი სამხედრო საქმისადმი და საგნებისადმი. ძლიერ ნიჭიერია და განვითარებული, საშუალო ნიშანი ჰქონდა თითქმის 12, მშვიდი, თავდაჭერილი, დინჯი, ზრდილობიანი, უფროსებთან დისციპლინიანი, ამხანაგებს უყვართ, პატიოსანი და კეთილშობილი. ფიზიკურათ კარგათ განვითარებულია. საერთოთ, გამოჩენილი იუნკერია. ღირსია საზღვარგარეთ წარვლინებისა. სამშობლოს მოყვარეა და რესპუბლიკის მომხრე.

პოლკოვნიკი ჩხეიძე
6 აგვისტო 1921 წ.

ვიცნობ ცოტათ, რადგან უნცროს კლასისაა. ვიცნობ კაი მხრივ. ატესტაციას ვადასტურებ.
გენ. კვინიტაძე
8 მარიამობისთვე 1921 წ.

იუნკერი ჯინჭარაძე ალექსანდრე დავითის ძე. 24 წლისა, გათავებული აქვს ქართული გიმნაზია, სკოლამდინ მსახურობდა რუსის ჯარში და შემდეგ ქართულ ჯარში, ომში რამდენჯერმე იყო, ახალციხის ომში ორჯერ დაჭრილია. სომხებთან ომში მიღებული აქვს გიორგის ჯვარი. იჩენს დიდ ინტერესს სამხედრო საქმისადმი, სკოლაში იყო თითქმის ერთი წელი, გამოიჩინა დიდი ნიჭი და განვითარება, საგნებს ადვილათ სწავლობდა. უკანასკნელ ომში ღირსეულად იქცეოდა. მშვიდი, თავდაჭერილი, პატიოსანი და კეთილზნიანი. ფიზიკურათ კარგათ განვითარებულია. უფროსებთან დისციპლინიანია, ამხანაგებში კარგი მეგობარია. საერთოთ, გამოჩენილი იუნკერია. ღირსია საზღვარგარეთ წარვლინებისა. სამშობლოს მოყვარეა და რესპუბლიკის მომხრე.
პოლკოვნიკი ჩხეიძე
6 აგვისტო 1921 წ.

აგრეთვე ცუდათ ვიცნობ, რადგანაც უნცროსი კლასისაა. ვიცნობ მაინც კაი მხრივ. ატესტაციას ვდასტურებ.
გენ. კვინიტაძე
8 მარიამობისთვე 1921 წ.

ზემდეგი ოდიშელიძე გიორგი ზაქარიას ძე. 23 წლისა, გაათავა თბილისის 1-ლი გიმნაზია, სამხედრო სკოლაში შემოსავლამდინ მსახურობდა ქართულ ცხენოსან ასეულში, სამხედრო სკოლაში იყო თითქმის ორი წელი, თავიდანვე გამოიჩინა თავი, როგორც კეთილზნიანმა, შრომისმოყვარე და პატიოსანმა ახალგაზრდამ. როდესაც იქნა დანიშნული ზემდეგის თანამდებობაზე, საუკეთესოთ ასრულებდა თავის მოვალეობას და შემდეგში შეიქმნა გამოჩენილი უფროსი და ამხანაგი, იუნკრები სავსებით სცნობდნენ მის ავტორიტეტს და იმავე დროს იყვნენ საუკეთესო მეგობრები.

პოლკოვნიკ ნიკოლოზ თოხაძის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე

დინჯი, მშვიდი, ზრდილობიანი, კეთილშობილი, პატიოსანი, განვითარებული, შრომის მოყვარე, და სავსებით დისციპლინის მქონე. ფიზიკურათ კარგათ განვითარებულია. ლტოლვილთა ბანაკის პირობებში შეინარჩუნა ისევ ის თავდაჯერებულობა და ამითი იპყრობდა გარეშე ოფიცრების ყურადღებას. სამხედრო საქმის შესწავლას ეპყრობოდა დიდი ყურადღებით და გულმოდგმით, ქვეითი ჯარის მოყვარეა. საერთოთ გამოჩენილი იუნკერია. ღირსია საზღვარგარეთ წარვლინებისა. სამშობლოს მოყვარეა და რესპუბლიკის მომხრე.
პოლკოვნიკი ჩხეიძე
6 აგვისტო 1921 წ.

ჩემი მოწაფეა, კარგათ ვიცნობ. ნიჭიერია და ადვილათ ითვისებს სამხედრო მეცნიერებას. ვადასტურებ ატესტაციას.
გენ. კვინიტაძე
8 აგვისტო 1921 წ.

ჩხეიძისა და კვინიტაძის შერჩეულმა ხუთეულმა მათი ნდობა სავსებით გაამართლა, მათ შორის ყველაზე მეტად კი "ნაკლებად სანდო" ნიკოლოზ თოხაძემ. (მის შესახებ იხილეთ ალექსანდრე მიქაბერიძის წიგნი "With Honor and Fidelity”: Life and Career of Colonel Nicolas Tokhadze (1901-1975) of the French Foreign Legion. Tbilisi. (1901-1975) of the French Foreign Legion. Tbilisi. 2015. "ღირსებითა და ერთგულებით": საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის, ნიკოლოზ თოხაძის (1901-1975) ცხოვრება და კარიერა". - დ.ს.). ხუთივე მათგანი გახდა ფრანგული არმიის უფროსი ოფიცერი, მსახურობდნენ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, მეთაურობდნენ სხვადასხვა დონის შენაერთებს, იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში, მიიღეს მრავალი სამხედრო ორდენი, ასწავლიდნენ სხვადასხვა სამხედრო სასწავლებელში და ზოგიერთი მათგანი აქტიური სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ მსახურობდა მაღალი რანგის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში.

დიმიტრი სილაქაძე
ისტორიკოსი
ჟურნალი "ისტორიანი" #101
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები