გრიგოლ რობაქიძის წერილები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან - კვირის პალიტრა

გრიგოლ რობაქიძის წერილები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

წლეულს იანვარში შესაძლებლობა მომეცა მემუშავა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სამეცნიერო პროექტის "უცნობი ინგლისური ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ - ტიუდორების არქივი" ფარგლებში). აქ დაცული კოლექციები ხშირად ფასდაუდებელ ცნობებს შეიცავს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ. თუმცა, ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ცნობილი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ რობაქიძის (1882-1962) პირად წერილებზე.

გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები სულ ახლახან შეისყიდა ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ წიგნსაცავის ქართველი თანამშრომლის, ანა-ხათუნა ჭელიძის აქტიური მცდელობით. ეს არის ოთხი წერილი და ერთი ღია ბარათი, საინვენტარო ნომრით Oრ 16935. წერილები შედგენილია 1949-1952 წლებში ქართულ ენაზე და მათი ადრესატი დავით ყურულიშვილია. ამ უკანასკნელის საფლავი დღემდე შემორჩენილია ლევილში და აქვე მითითებულია ემიგრანტის სიცოცხლის წლები (1907-1994).

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული გრიგოლ რობაქიძის წერილები კარგად წარმოაჩენს დიდი მოღვაწის სულიერ სამყაროს; იმ სიმძიმილს, რომელსაც რობაქიძე ემიგრაციაში განიცდიდა.

4.12.1949

ჟენევა დიდად პატივცემულო

ბ-ო დავით!

მივიღე თქვენი ბარათი, გმადლობთ. მე ვაპირებ ჩამოვიდე პარიზში იანვრის დამდეგს - თუ რაიმე დაბრკოლება არ გადამეღობა წინ. განზრახვა მაქვს გავმართო ქართველთა სათვისტომოში საღამო ქართული სიტყვისა. თქვენც აპირებთ გამართოთ - უფრო სწორად: გამიმართოთ - "ლიტერატურული შეხვედრა" - მოხსენებაც დაგიმზადებიათ ამისთვის. სასიამოვნო ამბავია. არ ვიცი მხოლოდ: შესაძლოა თუ არა, ხანის მოკლე მანძილზე, "საღამოც" გაიმართოს და "შეხვედრაც". ამას თქვენ გამოარკვევთ - ითათბირებთ მეგობრებთან.

ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული გრიგოლ რობაქიძის წერილები

დიაღ, ფრიად დავაფასე დაცვა თქვენ მიერ ჩემი სახელისა, რომელსაც აუგით "წვდებიან" ვიეთნი თქვენს მოხსენებაზე. სხვისათვის თავგამოდება - ნიშანია კეთილშობილებისა. მე - აუგსაც გულდასმით ვისმენ, თუ გაუგებელს რაიმე გაეგება ლიტერატურისა. თუ არა და - ყურსაც არ ვათხოვებ. ეს არის ჩემი წესი. "ვიღაც რაღაცას მიედმოედება" - ამას რომ გავყვე, დროსაც დავკარგავ და ხასიათსაც ვავნებ ჩემსა. ამ წესს მე არ ვარღვევ.

გამიხარდება თქვენი გაცნობა. გამიხარდება სხვა ჩხარელთა გაცნობაც. ვინ არის ს. ფანჩულიძე, რომელიც მოკითხვას მითვლის. ფანჩულიძეთა რომელი კუთხიდანაა? ხომ იცით, ჩხარის მიდამოში ფანჩულიძეები სხვადასხვა კუთხეებად არიან დაყოფილნი - გვარს: "ფანჩულიძე" მეორე გვარი ემატება ხოლმე, ასე ვთქვათ, "მითხზული", ხანდახან "უხამსიც"!

რამდენი კაცი ხართ მანდ ჩხარელნი ?

ჰეე, რა იქნებოდა: ოქონის მაღლობიდან ერთხელ კიდევ ამეხალისებია თვალი! "ვა, სოფელო..." კეთილი სურვილებით,

თქვენი

გრიგოლ რობაქიძე

22.12.1950

ჟენევა დ. პტ. ბ. დავით!

გმადლობთ საშობაო-საახალწლო მოლოცვისათვის. ეგებ მომავალმა წელმა შემიმსუბუქოს მწარე ბედი. გულითადი მოკითხვა თქვენს ძმას და სანდროს, ჩემს ნათესავს. იყავით მხნედ და კარგად!

კეთილი სურვილებით

თქვენი

გრიგოლ რობაქიძე

ამ ჟამად წერილებს ვწერ "ბ. ქ." მორიგი რვეულისათვის. ესეც მიიღეთ.

9.5.1951

ჟენევა დიდად პატივცემულო

ბ-ო დავით!

გულითადი მადლობა სააღდგომო მოლოცვისათვის. სამწუხაროდ, ისე ვარ დატვირთული შრომით - ჩემი ცოლის ავადმყოფობის გამო - რომ მხოლოდ ორიოდე სიტყვით შემიძლია გამოვეხმაურო თქვენს წერილს. მესმის თქვენი გულისტკივილი, მარტოობით გამოწვეული.

1. ჩვენ ისეთს მძიმე ხანაში ვცხოვრობთ, რომ ცოცხალნიც თითქმის მკვდრები ვართ ერთიმეორესათვის. "შენ" არ ეხსნება მზიურად "ჩვენს". დახშულობა ადამიანთა გულისა თანდისთან მატულობს და მძაფრდება. 2. განმარტოვებულს - ეს მე ხშირად განმიცდია - თვითონაც უდევს წილი მარტოობაში, რამოდენიმეთ. 3. ადამიანის ბუნება მხოლოდ მარტოობისას ღრმავდება - ეს ყველასათვის ცნობილია; საჭიროა მხოლოდ შინაგან სძლიო მარტოობას. 4. თქვენ გყავთ ძმა: ნამდვილი; გყავთ მეგობარი (სანდრო): იგიც ნამდვილი; ეს უკვე საკმაოა მარტოობის სიმძაფრის შენელებისათვის. 5. დროდადრო უნდა გამოაქვეყნოთ ნარკვევი თუ შაირი რომელიმე ჟურნალში; ამ გზით გააბამთ კავშირს მკითხველთან - მარტოობის ძლევა გაგიადვილდებათ; "ბედი ქართლისა" თქვენთვის გახსნილია. მჯერა, "გულის-ყურით" მოისმენთ ზემოთქმულს.

იყავით მხნედ და კარგად!

გულითადი მოკითხვა თქვენს ძმასა და სანდროს.

თქვენი პატივმცემელი

გრიგოლ რობაქიძე

2.11.1951

ჟენევა დიდად პატივცემულო

ბატონო დავით!

თვენი წერილი - 11.10.51 - მივიღე. გმადლობთ!

განსაკუთრებით გმადლობთ დახმარების აღთქმისათვის.

მწერთ: "შესაძლებლობის ფარგლებში ავასრულებთ, რასაც თქვენი გული მოითხოვს ჩვენგან". "ჩვენ" აქ ასე უნდა გავხსნა: თქვენ, თქვენი ძმა და ჩემი ნათესავი სანდრო. ამ აღთქმამ ფრიად შემარხია შინაგან. ჯერჯერობით არამიჭირს რა (სახეში მაქვს ნივთიერი მხარე). ეს არ ნიშნავს, რასაკვირველია, ეს "მხარე" ჯეროვნად იყვეს მოგვარებული. თუ გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა - გაცნობებთ. ხოლო ეს ცნობაც საძნელო იქნება ჩემთვის მორალურად, ვიცი რა, თუ რა ჭაპანწყვეტაში იმყოფებით თქვენ თვითონ, სამივე. იმედია, არ დამჭირდება მომართვა.

ჩემ ცოლს გამოკეთება ემჩნევა - ხოლო სულ მცირე.

ვახტანგ ღამბაშიძის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამაღონა. მართალია, ძალიან მოხუცებული იყო - ხოლო გული ამას ანგარიშს არ უწევს. კეთილი და ნათელი კაცი იყო, სიყვარულით ანთებული მამულისადმი. განუსვენოს უფალმა!

იყავით მხნედ და კარგად!

გულითადი მოკითხვა თქვენს ძმასა და სანდროს

თქვენი პატივმცემელი

გრიგოლ რობაქიძე

(როგორ ჩაიარა თქვენმა მოხსენებამ? რა იყო თემა?)

* * *

აქვე გაგაცნობთ სასიამოვნო სიახლესაც: ევროპაში გრიგოლ რობაქიძის არაერთი წერილი და მისი ბიოგრაფიის შესავსებად ღირებული ჩანაწერი ინახება. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში საკუთარი კოლექციისთვის ამ ეპისტოლარული მემკვიდრეობის შეძენასაც აპირებს.

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი. პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#101