საბანკო-საფინანსო რეფორმები დამოუკიდებელ საქართველოში - კვირის პალიტრა

საბანკო-საფინანსო რეფორმები დამოუკიდებელ საქართველოში

1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად, დამოუკიდებლობის აქტით, დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს.

ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის" საფუძველზე, დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს, დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. ახალი მთავრობის შემადგენლობაში შედიოდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკიც, რომელიც მანამდე მინისტრ გიორგი ჟურულის მოადგილე გახლდათ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის ფულად-საფინანსო სისტემის შექმნასა და მის გამართულ მოქმედებას. 1919 წლის ივლისში გამოიცა დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის მიერ ბონების გამოშვების შესახებ. დეკრეტი საშუალებას იძლეოდა, საქართველოს მთავრობას გამოეცა 300 მილიონი მანეთის ღირებულების ბონი. ბონს უნდა ემოქმედა დროებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის გამოშვებამდე. საინტერესოა, რომ ქართული ბონი მოქმედებდა რუსული ფულის ნიშნებისა და ამიერკავკასიის კომისარიატის ბონებთან ერთად. ბონს საკმაოდ მყარი კურსი ჰქონდა იმხანადაც და შემდგომ წლებშიც. იგი ბრუნვაში იყო 1921 წლის შემდეგაც.

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი

დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ბევრად იყო დამოკიდებული ახალგაზრდა სახელმწიფოს ბედი, ამიტომ ეკონომიკური რეფორმა წარიმართა არა მხოლოდ საბანკო-საფინანსო სფეროში, არამედ მრეწველობაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობაში აგრარული რეფორმის სახით. იდგმებოდა ნაბიჯები ვაჭრობის გამოცოცხლებისთვისაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უდიდესი მნიშვნელობა მაინც საბანკო-საფინანსო სფეროს განვითარებას ენიჭებოდა. ამ მიზნით 1920 წელს ჩამოყალიბდა "საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო", რომლის მოვალეობებში შედიოდა:

1) სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება და ბიუჯეტის შედგენის ხელმძღვანელობა;

2) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება.

1919 წლის ბოლოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის მონახაზი შეადგინა. 1919 წლის 1-ლი ივნისიდან 1920 წლის 1-ლ ივნისამდე ბიუჯეტის შემოსავალს უნდა შეედგინა თითქმის 2 მილიარდი მანეთი. თუმცა, ჯერ ბიუჯეტის განხილვა არ დასრულებულიყო, რომ ინფლაციის მზარდი ტემპის პირობებში შემოსავალ-გასავლის გათვლა არარეალური გახდა. იმ დროისთვის მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა ქვეყნის მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში, მთავრობამ სცადა აგრარული სფეროსთვის მიეხედა და ამიერკავკასიის საადგილმამულო კომისია შექმნა. თუმცა, აგრარულ სფეროში რეფორმის გატარება ძალიან გართულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პირველი რესპუბლიკის ხანაში (1918-1921 წწ.) იმდენად მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიქმნა, რომ მთავრობას არ გააჩნდა თავის განკარგულებაში არც ოქროს მარაგი და არც საქონლის მნიშვნელოვანი ფონდები. მაშასადამე, არ შეეძლო შეექმნა საკუთარი ფულის სისტემა, ამიტომაც იმ ნაკრები ხარჯთაღრიცხვის სუროგატს, რომელსაც იგი ადგენდა, მხოლოდ პირობითად თუ დაერქმეოდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის), სიმონ ავალიანის ანგარიშით, სახელმწიფოს 1918-1919 წლის ბიუჯეტის წმინდა დეფიციტმა 75% შეადგინა, ხოლო 1919-1920 წლისამ კი 60%. ბიუჯეტის დეფიციტს მთავრობა ბონების გამოშვებით ფარავდა, ვინაიდან მას შემოსავლის სხვაგვარი წყარო, გარდა "საბეჭდი დაზგისა", არ მოეპოვებოდა. საგულისხმოა, რომ მთავრობას "საბეჭდი დაზგაც" ღალატობდა. "ჩვენი ექსპედიცია ვერ ასწრებს ფულის ნიშნების დამზადებას, თანახმად სახელმწიფოს მოთხოვნებისა", - მოახსენებდა ფინანსთა მინისტრს ს. ავალიანი. ფინანსთა სამინისტროს წინადადება შეჰქონდა, ქართული ბონების ბეჭდვის შეკვეთა მისცემოდა "იტალიის სახელმწიფო ექსპედიციას".

გართულებული საგარეო პირობები (სამხედრო მოქმედებები და ომები) დიდ ხარჯებს მოითხოვდა. მთავრობის უპირველესი საზრუნავი სახელმწიფო შემოსავლის გაზრდა გახდა. 1920 წლის სექტემბერში სპეციალური დეკრეტიც კი გამოიცა "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ". "საქართველოს ნავსადგურები თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნილია", - იტყობინებოდა დეკრეტი. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობას თავისუფალ სავაჭრო პოლიტიკაში ხედავდა. მონოპოლიზებული საქონლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მარგანეცმა დაიკავა და შეიქმნა "ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო საზოგადოება" ანუ როგორც მას მაშინ უწოდებდნენ - "ჩემო".

1000-მანეთიანი კუპიურის (163მმX102მმ) წინა მხარე

დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტს მონოპოლიებმაც ვერ უშველა და 1918-1919 წლის ბიუჯეტი 260-მილიონიანი დეფიციტით დასრულდა. მდგომარეობა არც 1920 წელს გამოსწორებულა. "ჩვენი ბიუჯეტი ისე მირბის მაღლა, რომ... თუ ასე ვიარეთ, ვერავითარი სესხი ვერ გამოასწორებს ჩვენს ფინანსებს", - ატყობინებდა 1920 წლის გაზაფხულზე პირად წერილში ნოე ჟორდანია ფინანსთა მინისტრს, რომელიც იმ დროს ინგლისიდან სესხის მიღებას ცდილობდა. საჭირო იყო, მთავრობას უფრო ქმედითი ნაბიჯები მოეძებნა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 1920 წლის 26 აგვისტოს "ერთობა" (#231) მოითხოვდა: "წარმოების ორივე ფორმა - როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო - უნდა ჩაყენებულ იქნას თანასწორ პირობებში".

სპეკულაციის აყვავებისა და ინფლაციის პირობებში ყველაზე სარფიან საქმედ ფულით ვაჭრობა იქნა მიჩნეული. მთელი საქართველოს ვაჭრულ-ფინანსური წრეები 1919-1920 წლებში ე.წ. ბანკობიის ციებ-ცხელებამ აიტანა. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანცელარიის საქმეებიდან ირკვევა, რომ იმ ხანებში დაარსდა აბაშის სავაჭრო-სამრეწველო ბანკი, სამეგრელოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკი, ოზურგეთის კომერციული ბანკი, ჭიათურის ბანკი, ქიზიყ-კახეთის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბანკი, "ქიზ-კახ ბანკი". სავარაუდოდ, ბანკების ეს სია სრული არ არის და სხვადასხვა რაიონსა და ქალაქშიც იქმნებოდა მსგავსი ბანკები. მაგალითად, გაზეთ "საქართველოს" 1920 წლის 21-27 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია შემდეგი განცხადებები:

1) ქ. ლანჩხუთში არსდება ბ-ნ ფინანსთა მინისტრის ნებართვით გურიის სავაჭრო-კომერციული ბანკი, რომლის ძირითადი თანხა არის 2 მილიონი მანეთი;

2) დამფუძნებელნი დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკისა ქ. ქუთაისში, ამით აცხადებენ, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ ა/წ 15 ივლისს ხსენებული ბანკის წესდება დაამტკიცა. ძირითადი თანხა განსაზღვრულია 20 მილიონი მანეთით.

საქართველოში ახალდაარსებული ამიერკავკასიის ბანკის, საქართველოს კოოპერაციული ბანკის "ცენტრობანკის" გვერდით შეუფერხებლად განაგრძობდნენ მუშაობას რევოლუციამდე არსებული ბანკები: კავკასიის ბანკი, დონისა და აზოვის კომერციული ბანკი, ვოლგა-კამის კომერციული ბანკი და სხვ. აქ მოქმედებდნენ აგრეთვე ევროპა-კავკასიის სავაჭრო ბანკი, იტალია-კავკასიის გამნაღდებელი ბანკი და მთელი რიგი უცხოური ბანკების განყოფილებები და სააგენტოები. ცხადია, ამ მსხვილი საბანკო დაწესებულებების მოქმედების ზონაში ლანჩხუთის თუ აბაშის ახალდაარსებული კომერციული ბანკები, თავისი უმნიშვნელო ძირითადი კაპიტალით, მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებდა, მაგრამ ისიც საკმარისი იყო, რომ წვრილი ბანკების საშუალებით, ბურჟუაზიის ადგილობრივი ჯგუფები ახერხებდნენ მოსახლეობის გაფანტული დანაზოგების კონცენტრაციასა და ამით საგრძნობლად ზრდიდნენ მათ განკარგულებაში არსებულ კაპიტალს.

ამას გარდა, საყურადღებოა საქართველოს ცენტრალური ბანკის დაარსებაც, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით არის ცნობილი. დამოუკიდებელი საქართველოს საფინანსო წრეების წარმომადგენელთა აზრით, ცენტრალური ბანკი თვისებრივად ახალ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დაფუძნებულიყო. საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი არ უნდა მოქცეულიყო კერძო აქციონერებისა და ფინანსთა მინისტრის გავლენის ქვეშ (როგორც ეს რუსეთის საბანკო პრაქტიკაში იყო მიღებული). ასეთ პირობებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის მოდელი შვედეთის სახელმწიფო ბანკის მაგალითზე აიგო, რომელიც საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა, თუმცა განსხვავდებოდა ორივე ქვეყნის შესაბამისი დაწესებულებისგან.

ბანკის დაარსებისთვის საჭირო ძირითადი თანხა სახელმწიფო ხაზინამ გაიღო და მთელი მისი მოგებაც სახელმწიფო ხაზინას ეკუთვნოდა. იგი პირდაპირ ექვემდებარებოდა საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს. წესდების მიხედვით, ბანკის გამგეობა და ზედამხედველობის საბჭო მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოები უნდა ყოფილიყო.

დამფუძნებელი კრების დეპუტატები

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო "კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ", რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ კანონით:

"1. დამფუძნებელი კრების მიერ მიღწეული წესდების თანახმად, დაარსებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი.

2. გაღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითად თანხად წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცდაათი მილიონი მანეთი.

3. არსებული კანონმდებლობის ყოველი ის მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებას, გაუქმებულ იქნეს ბანკის მოქმედების დაწყების დღიდან.

4. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ".

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ამოქმედება 1920 წლის ივლისიდან გახდა შესაძლებელი და სახელადაც, კანონის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბანკი ეწოდა. მისი ძირითადი ამოცანა იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე, ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მოკლევადიანი სესხების გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი, ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე.

1918 წლის ივნისში დაარსდა "ქართული ფულის ფონდი", რომელიც მომავალი ქართული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი მყარი გარანტი უნდა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ქართული ფულის ნიშნების კონკრეტული მხატვრული სახის შესარჩევად და დასადგენად. ღონისძიებას კურირებდა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც ერთხმად მოიწონა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული ესკიზი. სწორედ ეს ესკიზები დაედო საფუძვლად ქართული ბონების გარეგნულ სახეს...

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ამგვარი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამხდარიყო როგორც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, ასევე სამოქალაქო მშვიდობის საფუძველი. თუმცა, ისტორიამ სხვაგვარად ინება და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ეს პოლიტიკა გრძელვადიანი შედეგების მიღებამდე შეწყვიტა.

ანა გიორგაძე

თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტი ჟურნალი "ისტორიანი",#101