ქალი დეპუტატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ქალი დეპუტატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
"ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებებით", - წერია პირველ ქართულ კონსტიტუციაში. 39-ე მუხლი აღიარებდა სქესთა შორის სრულ თანასწორუფლებიანობას - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპის რიგ ქვეყნებში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში 26 ქალი იყრიდა კენჭს. აქედან ექვსი სოციალ-დემოკრატი გახლდათ და ხუთი მათგანი გახდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

ამ ქალების ისტორიები არც 1919 წელს იწყება და არც
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრობით სრულდება. თითოეულ მათგანს აქვს საკმაოდ რთული გზა განვლილი, ვიდრე ქვეყნის მართვის სათავესთან აღმოჩნდებოდნენ. ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებს, პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდასაც მისდევდნენ. საარჩევნო სიაში ისინი იმიტომ მოხვდნენ, რომ მათი განვლილი გზა და ისტორია
პარტიას ხმებს მოუტანდა. ეს არ ყოფილა გენდერული ბალანსისთვის გადადგმული ნაბიჯი და ქალები მხოლოდ სქესის გამო არ გამხდარან საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ამასთან, იმ დროს, როცა ისინი მოღვაწეობდნენ, საზოგადოება ქალებს მხოლოდ საოჯახო სივრცის წევრებად განიხილავდა და ეს ფაქტორი მათ მოღვაწეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ქართველი პოლიტიკური პატიმრები გადასახლებაში, მარჯვნივ ელისაბედ ბოლქვაძე

მინადორა ტოროშელიძე (1879-1967 წწ.) - კანდიდატთა პარტიული სიის მე-60 ნომერი, შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარე. მინადორა აქტიურად მონაწილეობდა კომისიის საქმიანობაში და მისი სახელით მოხსენებებით გამოდიოდა კრების სხდომებზე. ტოროშელიძე გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შემუშავებული სვანეთისა და ახალქალაქის სამკურნალო და საექიმო დაწესებულებათა შესახებ პროექტების მომხსენებელი, სადაც შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებაზე იყო საუბარი.

ჯანმრთელობის კომისიას მიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ. ისინი ითხოვდნენ 4.500.000 მანეთს სურამის ფსიქიატრიული ახალშენის შესანახად. თავმჯდომარემ კრებას განუმარტა ამ შენობის მნიშვნელობა რესპუბლიკისთვის და დასძინა, რომ ეს ერთადერთი შენობაა მთელს ქვეყანაში, რომელშიც სულით ავადმყოფები არიან მოთავსებული. კომისიამ ერთხმად დაადგინა, რომ მთავრობასთან შუამდგომლობას გაუწევდნენ ხსენებულ საზოგადოებას.

ასევე მინადორას დაევალა მოეხსენებინა, კრებისთვის საექიმო-სასანიტრო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ. ჯანმრთელობის კომისიამ მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის სასანიტარო ინსტიტუტის დაარსების თაობაზე. მინადორა ტოროშელიძეს სამედიცინო განათლება ჟენევაში ჰქონდა მიღებული და კითხვაზე, ვის უნდა დაექვემდებაროს ინსტიტუტი, უპასუხა: "შვეიცარიაში, მაგალითად, თვითეულ განყოფილებას ინსტიტუტისა ცალკე პროფესორი ჰყავს, მაგრამ ამით საქმე არ ბრკოლდება და ყველა დაწესებულება და პირი იმით ისე სარგებლობს, როგორც უნდა. უკეთესია იგი უნივერსიტეტთან არსებობდეს და განათლების მინისტრს ექვემდებარებოდეს. და მე მგონია, ამის საწინააღმდეგო შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი ექნება". კომისიამ დაადგინა, რომ ინსტიტუტი განათლების სამინისტროს დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარსდებოდა. მინადორა იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გამგეობის წევრიც და ამ კუთხითაც აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის სფეროში.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1889-1973) - კანდიდატთა სიის 71-ე ნომერი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი. ქრისტინემ მის კოლეგა გაბრიელ ცისკარიშვილთან ერთად პრეზიდიუმს მოახსენა აგვისტოს 27-დან სექტემბრის 14-მდე თიანეთის მაზრაში მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში საუბარი იყო აქ ცხოვრების დიდ სიძნელეებსა და დემოკრატიული მართვა-გამგეობის დამყარების სირთულის შესახებ. მათი თქმით, ადმინისტრაცია ერიდება პანკისის ხეობაში სასტიკ ზომებს, შიშობს, ეროვნულ დევნად არ ჩაუთვალონ ეს.

ქისტები ვერ ურიგდებიან რესპუბლიკის სამართალს - მათი სურვილია, სამართალი წარმოებდეს შარიათის წესით. ისინი ასევე წუხილს გამოთქვამენ მთელი მაზრის კულტურული ჩამორჩენილობის შესახებ, რადგან აქ უზარმაზარი რაიონები თითქმის უსკოლოდ არის დარჩენილი. ამასთან, სამაზრო ერობის გამგეობა ზოგჯერ სრულიად არ უწევს ანგარიშს ცენტრის განკარგულებასა და დადგენილებას. მაგალითად, ერობამ აკრძალა პურის, ყველისა და ერბოს გატანა მაზრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, ეს აკრძალული არ არის.

საუბრობდნენ ადმინისტრაციის თავაშვებულობაზე, რაც გამოიხატება მაგალითად, ე.წ. ადმინისტრაციული დაპატიმრების ბოროტად გამოყენებაში (უმნიშვნელო მიზეზით ან უსაფუძვლო ეჭვით). მოხსენების ბოლოს საუბარი იყო ერობის მუშაობის დადებით მხარეებზეც, რომ მაზრაში იმ წელიწადს აღადგინეს ოთხი გაუქმებული სკოლა, ჰქონდათ სასურსათო დუქანი, მუშაობდნენ ტელეფონ-ტელეგრაფის ქსელის გავრცელებისთვის, გზები შეაკეთეს და სხვ. "ერთი სიტყვით, თუმცა სუსტათ, მაგრამ მაინც სჩანს ტენდენცია გადახალისებისა", - წერია მოხსენებაში.

1919 წლის 9 ოქტომბერს შეიკრიბა განათლების კომისია, სადაც ქრისტინემ კერძო მოხსენება წაიკითხა სიღნაღის მაზრის სკოლებისა და მასწავლებლების მდგომარეობის შესახებ. მოხსენების მიხედვით, სკოლები ვეღარ იტევდნენ მოსწავლეებს, მასწავლებელთა ცენზი დაბალი იყო და მატერიალურადაც დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ (ერთი მასწავლებელი შიმშილითაც კი მომკვდარა). კომისიაზე გადაწყდა ქრისტინე შარაშიძის გაგზავნა სიღნაღის მაზრაში, მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად. ამ განკარგულების შესახებ ეცნობა სიღნაღის მაზრის ერობასაც.

ის 30 ოქტომბერს მოკლე, ხოლო 11 დეკემბერს - ვრცელი მოხსენებით წარდგა კომისიის წინაშე. მოხსენებას მსჯელობა მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლეო ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ნათაძე და ნოე ცინცაძე. ქრისტინე შარაშიძის აზრით, ცენტრალურმა მთავრობამ გადამეტებული ნდობით აღჭურვა ერობა და სწავლა-განათლების საქმის მოწესრიგება სავსებით დააკისრა მას. დადგინდა შარაშიძის მოხსენების გამოქვეყნება, სამშენებლო ხარჯებისთვის თანხის გადადება სახელმწიფოს მიერ და მასწავლებლების მომზადებისთვის უფრო ენერგიულად ზრუნვა. 1919 წლის 13 ოქტომბერს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა მოხსენების მომზადება სკოლის გარეშე სწავლის შემოღების შესახებ.

ანა სოლოღაშვილი

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937) - კანდიდატთა სიის ას მერვე ნომერი, სარედაქციო და ცენტრალური კომისიების წევრი. საბიბლიოთეკო და საპენსიო კომისიებისა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მდივანი. ანა, როგორც სარედაქციო კომისიის წევრი, კრებაზე მოხსენებებით გამოდიოდა. 1919 წლის 17 ივნისს სოლოღაშვილი დამფუძნებელ კრებას მოახსენებდა კანონპროექტის შესახებ, რომელიც უქმე დღეების რიცხვის შემცირებას ითვალისწინებდა. კრებამ კანონი დაამტკიცა. კრებამ ასევე დაამტკიცა კანონი დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებაც, რომელსაც ასევე ანა წარადგენდა. ტფილისის ქალაქის თვითმმართველობას 10 მილიონი მანეთი მიეცა სესხად - ეს დეკრეტიც კრებას ანა სოლოღაშვილმა გააცნო. 1919 წლის 8 ივლისს ის კრებას მოახსენებდა საზღვარგარეთ სწავლა-განათლების, ან სპეციალური ცოდნის შესაძენად გასაგზავნ პირთათვის 2 მილიონი მანეთის გადადებისა და გადამდებ სენთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილისთვის ერთდროულად 20.000 მანეთის გაღების შესახებ. ორივე კანონპროექტი ერთხმად მიიღეს.

მეორე სესიის 32-ე სხდომაზე (1920 წელი, 13 ივლისი) დამფუძნებელი კრების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სანახაობა-გართობებსა და წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების დაბეგვრას სხვადასხვა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა და დამსახურებულ მოღვაწეთა სასარგებლოდ. სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ, რომლის მდივანიც ანა სოლოღაშვილი გახლდათ, კანონპროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. საბოლოო ტექსტში აღინიშნა, რომ ბილეთები დაიბეგრებოდა ღირებულების 10%-ით, ხოლო მუშათა კლუბები ამ გადასახადისგან გათავისუფლდა. სარედაქციო კომისიამ ანა სოლოღაშვილი დანიშნა მომხსენებლად ხაზინიდან 290.089 მანეთისა და 25 კაპიკის გაღების დეკრეტის კრებისთვის გასაცნობად, რომელიც უნდა გაღებულიყო "რკინის გზაზე პარტახტიან ტიფთან ბრძოლის დროს გაწეულ ხარჯების დასაფარავად". ასევე ანამ გააცნო კრებას ქუთაისისა და თბილისის საადგილმამულო ბანკების წესდების შეცვლის დეკრეტის საბოლოო ტექსტები.

ქრისტინე შარაშიძე

დამფუძნებელი კრების წევრი კიდევ ორი ქალი იყო: ელისაბედ ბოლქვაძე ( 1885-1937 წწ.) - პარტიული სიის სამოცდამეთვრამეტე ნომერი, შრომისა და მომარაგების კომისიების წევრი და ელეონორა მახვილაძე (1875-1930-იანი წლები) - პარტიული სიის ოცდამეხუთე ნომერი, შრომის, საპენსიო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. თუმცა, საარქივო დოკუმენტების სიმცირის გამო, კრების საქმიანობაში მათი მონაწილეობის დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ხუთივე მათგანი ქვეყანაში დარჩა, ისინი ჩაებნენ წინააღმდეგობის ორგანიზაციებში და არალეგალურად მუშაობდნენ პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

100 წლის წინ ამ ქალებმა შეძლეს, ებრძოლათ დღესაც მიუღწეველი გენდერული თანასწორობისთვის და ქალების სახელით დაეტოვებინათ კვალი ისტორიის ფურცლებზე. მათთვის დამფუძნებელი კრება იყო პოლიტიკური ბრძოლის ველი, რომელიც შესანიშნავად გამოიყენეს, ნათლად წარმოჩინდა, რომ ისინი არა უბრალო წევრები და ხელის ამწევები, არამედ აქტიური პოლიტიკოსები იყვნენ. როგორც მინადორა ტოროშელიძე წერდა: "მუშაობა დუღდა!" და მათაც, კოლეგა მამაკაცებთან ერთად, წვლილი შეჰქონდათ დემოკრატიული რესპუბლიკის შენებაში.

ირმა ჭანტურია
თსუ ისტორიის მიმართულების სტუდენტი
ჟურნალი "ისტორიანი", #101
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა