2500-წლოვანი ბათუმი, იგივე ბათეა, როგორც თვითმმართველი ქალაქი - კვირის პალიტრა

2500-წლოვანი ბათუმი, იგივე ბათეა, როგორც თვითმმართველი ქალაქი

ბათუმის სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცხო არ არის მასშტაბური სამეცნიერო ფორუმები, შეხვედრები თუ კონფერენციები. სწორედ ამგვარი, რიგით მეათე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა ახლახან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში. კონფერენციის თემა იყო "ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა". ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ეს ფორუმი სახალხო ზეიმის, ბათუმობის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა.

კონფერენციას რეფრენად გასდევდა დიდი აკაკის საკალამბურო სტრიქონები: "ვით სპილო არ მწამს სპილოდა, / თუ აღარა აქვს ხორთუმი, / ისე კავკასი - კავკასად, / თუ არ ექნება ბათუმი". ეს სტრიქონები თავის დროზე დიდმა მგოსანმა ბათუმისა და მთლიანად აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ემოციით შექმნა.

საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა ცნობილი ეთნოლოგი, მაჭახლის მკვიდრი, პროფესორი როინ მალაყმაძე. კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მეცნიერები, პროფესორები: ბიჭიკო დიასამიძე, შუშანა ფუტკარაძე, ნოდარ კახიძე, გია გელაშვილი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ელდარ ნადირაძე, ნოდარ შოშიტაშვილი და სხვები.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, გორი, თელავი, ახალციხე), აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებიდან (უკრაინა, ისრაელი, თურქეთი, სომხეთი და სხვა).

მოხსენებათა სპექტრი მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა ბათუმის ისტორიისა და თანამედროვეობის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების საკითხებს.

ასე, მაგალითად: ბათუმელი მკვლევრის ბიჭიკო დიასამიძის ნაშრომი მიმოიხილავდა 2500-წლოვან ბათუმს, იმავე ბათეას, მატიუმს, როგორც თვითმმართველ ქალაქს; ხარკოველი მეცნიერები ეკატერინა იურევა და იური ბოიჩუკი ბათუმისა და ხარკოვის ზოგიერთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირზე მოუთხრობდნენ კოლეგებს; ლელა სარალიძემ ინგლის-ოსმალეთის ხელისუფალთა გეგმებში 1920-1921 წლებში არსებული ბათუმი წარუდგინა საზოგადოებას; გიუმრელმა ლილიტ ასოიანმა გასულ საუკუნეებში ბათუმში არსებულ სომეხ ქალთა კავშირზე ისაუბრა;

ქუთაისელმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა ნიკო ნიკოლაძის თვალით დანახული ოსმალობის დროინდელი ბათუმი მიმოიხილა; უფელმა ზილია ხაბიბულინამ რუსეთის მუსლიმთა ჰაჯის მარშრუტებში ბათუმის არსებობის უცნობ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება; თელავიველი ემილი დორფისა და ბათუმელი თემურ ზოიძის მოხსენება უცხოელი ტურისტების თვალთახედვით დანახულ ბათუმურ ტურებს ეხებოდა; ელდარ ნადირაძისა და ნოდარ შოშიტაშვილის ნაშრომი ართვინის მხარის (თურქეთი) სამეურნეო-კულტურულ ტიპსა და ბათუმს მიმოიხილავდა; თინა იველაშვილმა 1918 წლის ბათუმის კონფერენციისა და სამცხე-ჯავახეთის საკითხი გააცნო საზოგადოებას; აბესალომ ასლანიძემ რელიგიის საკითხები წარმოადგინა ბათუმის მხარეში XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, მალხაზ ჩოხარაძის, ჯემალ კარალიძისა და გულნაზ სამნიძის ნაშრომით 1989 წლის 14 აპრილს ბათუმსა და მის უნივერსიტეტში ქართული ენის დასაცავად განვითარებულ პროცესებს გაეცნენ და მრავალი სხვა.

ქართველ და უცხოელ მკვლევართა საინტერესო სჯა-ბაასისა და აზრთა ურთიერთგაცვლასთან ერთად, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გონიოსაც ეწვივნენ. დაათვალიერეს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც მოიცავს გონიოს ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. მათ შორის ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე პირველის სპილენძის მონეტა. არტეფაქტების ერთი ნაწილი სტუმრებმა აქვე, მუზეუმში დაათვალიერეს, ხოლო უნიკალურ, საიუველირო ნივთებისგან შემდგარ ე.წ. გონიოს განძს აჭარის სახელმწიფო მუზეუმში გაეცნენ.

ჟურნალი "ისტორიანი",#102