"ისტორიოგრაფიის მოთვინიერება" - ივანე ჯავახიშვილი უმაღლეს პარტიულ სამსჯავროზე - კვირის პალიტრა

"ისტორიოგრაფიის მოთვინიერება" - ივანე ჯავახიშვილი უმაღლეს პარტიულ სამსჯავროზე

ფართოდ არის ცნობილი, რომ ჩვენი დიდი ეროვნული მოღვაწე და ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ბოლშევიკურ-კომუნისტური კრიტიკის ქარცეცხლში წლების განმავლობაში იყო მოქცეული. ბაკქანალიამ აპოგეას, ძირითადად, მის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში მიაღწია 1936 წელს. მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია ის ამბავი, რომ ეს დიდებული პიროვნება სხვა დროსაც (1954 წლის თებერვალშიც) გახდა კომუნისტების კრიტიკის სამიზნე.

ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე შევჩერდებოდე, მანამდე ამ ფაქტის წინაისტორიას მოგახსენებთ.

ბუნებრივია, რომ კოლონიურ, დამონებულ საქართველოში ჩვენი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობების ობიექტური გაშუქება ბეჭდვითი სახით გამორიცხული იყო. ამის შესაძლებლობა მოგვეცა ეროვნული დამოუკიდებლობის ჟამს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას. სწორედ ამ დროს, სახელდობრ 1919 წელს, სახელმწიფო სტამბამ დაბეჭდა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში".

ნაშრომში 1783 წლის ტრაქტატის თაობაზე აღნიშნულია: "1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია-რა, ზიანი კი –აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა" (გვ.: 2-3). აქვე ვკითხულობთ: "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქე მოვალეა თავის ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც XVIII საუკუნეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისათვისაც ბევრი რამ საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს" (გვ.: 3-4).

ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა აზრები, თითქოსდა სოციალიზმ-კომუნიზმსა და ინტერნაციონალიზმზე ორიენტირებულ საბჭოთა კავშირში, საფუძველი გახდა ჩვენი დიდი ისტორიკოსის ნაშრომის აკრძალვისათვის. მართლაც, სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში იგი არ დაბეჭდილა.

ეს "ტრადიცია" 1953 წელს დაირღვა. ჩვენმა ჩინებულმა ფილოლოგოსმა და დიდმა პატრიოტმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა ნაშრომი "ქართველი ერის ისტორიის" მეხუთე ტომში დაბეჭდა. გასაგები მიზეზების გამოისობით, ეს გაკეთდა კუპიურებით, ნაშრომის რიგი ადგილების გამოტოვებით. ასევე უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ნიკო კეცხოველის დამსახურებაც. უამისოდ, რიგითი ჰომო სოვეტიცუს-ი რექტორის ზეობისას, მსგავსი რამ გამოირიცხებოდა.

იმჟამინდელ ქართველ მთვლემარე საზოგადოებაში აღნიშნულ ამბავს ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. მარიონეტულმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ დიდად შეიცხადა, აიკრძალა წიგნის ტირაჟის (დაიბეჭდა ხუთი ათასი ცალი) გავრცელება. ასე გრძელდებოდა შემდგომშიც, საბჭოურ-კომუნისტურ წესწყობილების დაისამდე.

კომუნისტური ხელისუფალნი ზემოთქმულს არ დასჯერდნენ და მსგავსი "მკრეხელობა" გაიტანეს ე.წ. საქართველოს კომუნისტური პარტიის XVI ყრილობის (გაიმართა 1954 წლის თებერვალში) სამსჯავროზე. მისი იმჟამინდელი "ლიდერი" ვასილ მჟავანაძე თავის მოხსენებაში, 16 თებერვალს, აღნიშნავდა: "ამას წინათ ი. ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" მეხუთე წიგნი. ამ წიგნის გამოცემით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

უდავოა, რომ აკადემიკოსმა ჯავახიშვილმა თავის დროზე მცირე წვლილი როდი შეიტანა საქართველოს(!) ისტორიოგრაფიაში, შეკრიბა და სისტემაში მოიყვანა დიდი ფაქტობრივი მასალა. მაგრამ მარქსისტული ისტორიული მეცნიერების ინტერესი მოითხოვს კრიტიკულ მიდგომას ამ მასალისადმი. აღნიშნული წიგნი კი გამოშვებულ იქნა საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევების გაუთვალისწინებლად, კრიტიკული წინასიტყვაობის წარუმძღვანებლად, უკომენტაროდ და უშენიშვნოდ. ბევრი ჩვენი ისტორიკოსი(!) სამართლიანად ამბობს, განსვენებული ჯავახიშვილი(!) ცოცხალი რომ იყოს, თვითონ არ დართავდა ამ წიგნის გამოშვების ნებას. მეხუთე წიგნში შესული ნარკვევები და მასალები შეიცავენ ნაციონალისტური ხასიათის შეცდომებს, დამახინჯებულად აშუქებენ XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ფაქტებს.

ვასილ მჟავანაძე (ცენტრში)

წიგნში უგულებელყოფილია რუსეთთან საქართველოს შეერთების უდიდესი პროგრესული მნიშვნელობა ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული განვითარებისათვის. წინააღმდეგ ისტორიული სიმართლისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის მატერიალური გაგებისა, რუსეთთან საქართველოს შეერთება აღნიშნულ წიგნში განხილულია როგორც ქართველი ხალხის ყველა უბედურების მთავარი მიზეზი, მიჩქმალულია ის უდავო ფაქტი, რომ რუსეთთან საქართველოს შეერთებამ, მიუხედავად ცარიზმის, რუს და ქართველ ფეოდალთა და ბურჟუაზიის რეაქციული პოლიტიკისა, ერთმანეთთან დააახლოვა საქართველოსა და რუსეთის ხალხები, რომლებმაც აირჩიეს ერთადერთი სწორი გზა. ყველა გარეშე მტრის წინააღმდეგ, მემამულე-მებატონეთა და ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ცარიზმისა და კაპიტალისტური მონობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გზა" (იხ. გაზ. "კომუნისტი", 28 თებერვალი, 1954, N41).

ვასილ მჟავანაძე განაგრძობდა: "ანალოგიური ხასიათის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ შეცდომებს შეიცავს მთელი რიგი ნაშრომები, რომლებიც მოთავსებულია ისტორიის ინსტიტუტის "მიმომხილველის" მესამე წიგნში, რომელიც გასული წლის (ე.ი. 1953 წლის. _ გ.ყ.) დამლევს გამოვიდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ პროფესორი ი. ცინცაძე წინასწარი განზრახვით კრებს "ფაქტებს" და ცდილობს "დაამტკიცოს", რომ საქართველოს(!) მოღვაწეთა ორიენტაცია რუსეთთან დაახლოებაზე, შეცდომა იყო, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე" (იქვე).

საკითხავია: იმჟამად ცოცხალმა, საღ-სალამათმა ბატონმა იასე ცინცაძემ, ივანე ჯავახიშვილის სკოლის ერთ-ერთმა ღირსეულმა (როგორც ინტელექტის, ისე ზნეობრიობის მხრივ) წარმომადგენელმა, როგორ გაიმეორა ივანე ჯავახიშვილის მსგავსი შეცდომები?!

მომხსენებელი აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დაასკვნიდა: "ზემოთ აღნიშნული ფაქტები მოწმობენ, რომ რესპუბლიკაში ისტორიული მეცნიერების ფრონტზე(!) ყველაფერი რიგზე ვერ არის.

საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი მოვალეა, უახლოეს ხანში განახორციელოს ღონისძიებანი ისტორიული მეცნიერების დარგში დაშვებული შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის და ამ დარგში არსებული მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესებისათვის" (იქვე).

ზემოაღნიშნული ნათლად მეტყველებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის პერიოდში "ზრუნვის" ქვეშ უხდებოდა არსებობა-განვითარება ქართულ ისტორიოგრაფიას.

გურამ ყორანაშვილი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#102