მხატვარი, რომელმაც ეპოქას გაუსწრო
მხატვარი, რომელმაც ეპოქას გაუსწრო

"ოლღა კონიაშვილმა ქართული ყოფა გაგვიცოცხლა"

ოლღა კონიაშვილი - ფართო საზოგადოებას ეს სახელი თითქოს არაფერს ეუბნება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ცხადია, რომ მის შემოქმედებით მემკვიდრეობას თამამად შეუძლია დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნებისა და განსაკუთრებით, თეატრალური მხატვრობის ისტორიაში. ეს გამორჩეული ხელოვანი მისი ქალიშვილის, შესანიშნავი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, მარინა ივანიშვილის სახლში, უფრო სწორად, მარინას ალბომზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე. მარინას სახლი-სახელოსნოს კედლებზე, ოლღა კონიაშვილის მიერ შექმნილი ფიგურები თითქოს ძველებური ჩარჩოები
დან და ნაცრისფერი პასპარტუებიდან გადმოხტომას ლამობდნენ, მხატვრის მიერ წლების წინ ფერებით შექმნილი სახეები, სილუეტები და ზღაპრული ცხოველები ისე მომხიბვლელად კაშკაშებდნენ, რომ მათი უგულებელყოფა შეუძლებელი იყო.

ერთი მხრივ, მარინა ივანიშვილის შემოქმედებამ, სადაც ადამიანის სხეულის ფორმები, ბრწყინვალე ტორსები და ყელმოღერებული რაშები განუმეორებელ შთაბეჭდილებებს ქმნიან და მეორე მხრივ, ოლღა
კონიაშვილის მისტიკურმა მხატვრობამ, რომელშიც მითოლოგიურ ფიგურებს, ეთნოგრაფიულ ეტიუდებს, ეროვნული კოსტიუმის ხიბლსა და სხვა მრავალ საყურადღებო დეტალს აღმოაჩენ, ამ მომაჯადოებელი სამყაროს სახალხოდ გაზიარებისა და სააშკარაოზე გამოტანის დაუძლეველი სურვილი გამიჩინა...

ოლღა კონიაშვილი 1911 წელს მახაჩყალაში დაიბადა. მისი მამა გიორგი კონიაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, აგრეთვე დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრიც, კერძოდ, თბილისის ქალაქისთავის, ბენია ჩხიკვიშვილის მოადგილე. გიორგი კონიაშვილს იხილავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ პროფესორ-მასწავლებელთა შორისაც. პაპის შესახებ მოკლედ, მაგრამ მეტად შთამბეჭდავად დაწერა მარინა ივანიშვილმა: "პაპაჩემი... გიორგი კონიაშვილი... პეტერბურგის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი... სტუდენტობა... საუკუნის დასაწყისის რეფორმატორული იდეები... ენციკლოპედიური ცოდნა... მეცნიერების ყოვლისშემძლეობის რწმენა და ... იდეალიზმი - პოლიტიკაში...
ეგონათ, ქვეყანა ინტელექტუალური დისპუტებით იმართებოდა... მენშევიკების დროს ქალაქისთავის მოადგილე იყო... საახალწლო წვეულება ნოე ჩხიკვიშვილის სახლში... ნაძვის ხე - ჭერამდე და დაფეთებული შვლის ნუკრი ვარდისფერი ბაფთით კისერზე... იხსენებდა დედაჩემი...
უცხოელი ჯარის კაცები თბილისის ქუჩებში... სიპაებიც კი... ანტანტა...
მერე რქებიანი ტელეფონი კედელზე. პაპაჩემის ხმა ყურმილში - ანკარა შეტევაზე გად­მოვიდა!
მაგრამ...
რუსის ჯარის შემოსვლა... მიუსაფარი ღამე ქუჩაში... ბარდნიდა...
მერე... პანიკა არ იყო... იყო დათრგუნვილობა. მკვდარი ჩურჩული... გუშინ სადღაც ფარულად დაკრძალეს იუნკრები... ერზერუმის გმირი, გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი... სტამბოლის პორტში...
პაპაც ემიგრაციაში უნდა წასულიყო... ოჯახს დაემშვიდობა... დროებით? სამუდამოდ? ბათუმამდე მატარებლით... დაბრუნდა... მიხვდა - ვერ გაუძლებდა...
რაც იქნება, იქნება! - თქვა. პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა. პოლიტიკასთან ურთიერთობა გაწყვიტა... თუმცა... ოცდაოთხი წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურთაგანი შეიფარა.
ვინ? ოჯახში არასოდეს წამოსცდენია".


ამ სიტყვების ავტორი, კონიაშვილის შვილიშვილი მარინა ივანიშვილი სამშობლოში პაპის დარჩენის მიზეზად ბებიასაც ასახელებს, რომელსაც სამშობლო არ ეთმობოდა, გიორგი კონიაშვილს კი სამშობლოსთან ერთად მეუღლე, ულამაზესი ელისაბედ ფლორენსკაია (1886-1959). ეს ქალბატონი და მისი შემოქმედება ცალკე განხილვის საგანია. მოკლედ ვიტყვი - ელისაბედის ნახატები შესაბამისი ეპოქის ყველაზე თანამედროვე და გრძნობით გადმოცემული ნიმუშებია, ყოველ შემთხვევაში, მაშინდელ მსოფლიოში ასე მხოლოდ დიდოსტატები ხატავდნენ, საქართველოში კი ელისაბედ ფლორენსკაიას შემოქმედების მანერასა და სტილს მეტოქე ნამდვილად არ ჰყავდა.

ოლღა გიორგი კონიაშვილისა და ელისაბედის ერთადერთი შვილი იყო. 1930-იან წლებში სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ბორის ფოგელი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ასწავლიდნენ. აკადემიის პერიოდიდან შემორჩენილ რამდენიმე ნამუშევარს კარგად ეტყობა ავტორის განსწავლულობა, დღეისთვის სანატრელი ის ელემენტარული მოთხოვნა, რასაც სხეულის კარგად ცოდნა ჰქვია. მოხდა ისე, რომ ოლღა კონიაშვილი აკადემიიდან თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე გადაანაწილეს და სწავლის გაგრძელებამ იქ მოუწია. ისევ მარინა ივანიშვილის მოგონებებს უნდა მივუბრუნდე, რომელიც არა მხოლოდ უზადო მხატვარი, არამედ მომაჯადოებელი მთხრობელიც ყოფილა:
"აკადემია...
აკრძალული ფოქსტროტი, კომკავშირული "დამუშავებანი", სტუდენტთა შორის "კლასობრივი" დაპირისპირება... და დაუვიწყარი საღამოები აკადემიის სააქტო დარბაზში, კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად - კონცერტები, სპექტაკლები, კარნავალები.
ალპინიზმი - ორჯერ ყოფილა მყინვარწვერზე!
აკადემიის დამთავრება "უმაღლესი კატეგორიის" სამეულში - უჩა ჯაფარიძესა და ნიკა ყაზბეგთან ერთად.
როცა ჩემს თაობას "მინიკაბისა" და შარვლების გამო პრობლემები შეექმნა, "ზნეობის თემაზე" დედაჩემი იცინოდა - მაშინ, ოცდაათიანებში..."
ოლღა კონიაშვილმა სწავლის დასრულების შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ბავშვთა სპექტაკლების გამფორმებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს იგი უკვე დასრულებული, შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი თეატრალური მხატვარი იყო, რომელსაც ბრწყინვალედ ესმოდა სცენაც და კოსტიუმის რაობაც.

ოლღა კონიაშვილი (მარცხნივ) მეგობართან ერთად
ამ პერიოდის ნამუშევრებში კარგად ჩანს მასზე ლეონ ბაქსტის ხელწერის აშკარა გავლენა, თუმცა ქართველი ოსტატი ინდივიდუალობას ბრწყინვალედ ინარჩუნებს და ბაქსტისეული ვერცხლის საუკუნის გემოვნებას საქართველოში ეროვნული შტრიხებით ამკვიდრებს. ამიტომაც კონიაშვილის ნახატებში ფერთა პალიტრა ყოველთვის ყურადღებას იპყრობს, თუმცა არასოდეს არ არის ჭრელი და გამაღიზიანებელი. თავშეკავებული სიდინჯე და მედიდურობა ყველაფერში იგრძნობა. ამასთან დაკავშირებით მარინა ივანიშვილი ერთ-ერთ მოგონებაში წერს: "მე დეკლარირებულად თავშეკავებულ ატმოსფეროში გავიზარდე. 1921 წელს, როდესაც პირველად ბაბუას დასაპატიმრებლად მოსულან, დედა პატარა ყოფილა და ტირილი დაუწყია. ბებიას იგი გაუჩუმებია და უთქვამს: "ვერც ერთმა მტერმა შენს თვალებზე ცრემლები ვერ უნდა შენიშნოსო". მას შემდეგ სულ ასე იყო - ბებიას და დედას აწეული ხმა არავის გვახსოვს".

1939 წელს ოლღა კონიაშვილი დავით ივანიშვილზე დაქორწინდა, ოჯახური ვალდებულებებისა და შვილის შეძენის გამო მან მხატვრობას დროებით დაანება თავი, დროდადრო ახერხებდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისთვის დეკორაციების გაფორმებას. 1969 წელს ოლღა კონიაშვილმა საქართველოს მუზეუმში - ეთნოგრაფიის ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. ეს პერიოდი მისი შემოქმედების ყველაზე ხანგრძლივ და ნაყოფიერ დროს დაიკავებს, კონიაშვილის ფუნჯი და ფანქარი თითქმის ყველაფერს შეეხო, მათ შორის ქართულ არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ტექსტილს, განსაკუთრებით გაიტაცა ეროვნულმა სამოსმა. ის მონაწილეობდა მუზეუმის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა ექსპედიციაში. თითქოს შემოქმედება გაქრა, ამიტომაც მარინა ივანიშვილი მოგვიანებით საკუთარ დედაზე დაწერს: "ერთხელაც... "მოვიპარე" დედაჩემის რამდენიმე ნახატი, ჩარჩოებში ჩავასმევინე და ოთახში ჩავამწკრივე... იყო აღშფოთება, წყენა, გაბრაზება და... შემოქმედება დაბრუნდა.
80-იდან ბოლომდე.
ისევ - ფანტაზიები კოსტიუმის თემაზე, თავისებური, თეატრალიზებული ჟანრი და ხელნაწერთა შემკულობის ვარიაციები - ორნამენტები.
"შიდასაოჯახო" მიმოწერა ნახატებით. ზოგჯერ - ლექსებით.
ანტიკვარულ მაღაზიებში მაძებნინებდა "სტილის მქონე" ნივთებს. "მგეშავდა".
ჰქონდა დახვეწილი გემოვნება, ნივთებზე "მიბმული" კი არ იყო.
ერთხელ ვკითხე - რატომ?
მითხრა: - ოციან წლებში... ვხედავდი, როგორ უხაროდა დედაჩემს, როცა საგვარეულო დანა-ჩანგალს ორ მტევან ყურძენში ცვლიდა. ცვლიდა, რომ კარგი კვება მქონოდა და ასევე "საგვარეულო" ჭლექი შეეჩერებინა. მაშინ გავთავისუფლდი ნივთებისგან. რელიკვიებისგანაც კი.... ურთიერთობაში იყო ნიჭიერი. ახალგაზრდებთან - ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი იუმორით.
ჩემს მეგობრებთან მეგობრობდა. ბოლო წლებში ხშირად ჩუქნიდა მათ თავის ნახატებს. სამახსოვრო წარწერებით.
როცა ჩემს მეგობრებთან მივდივარ, იქ ძველი ნაცნობები მხვდებიან - ნახატები. იმ ოჯახებში ცხოვრობენ. მსიამოვნებს.
დიდი ხნის წინათ იყო... დასაფლავებაზე ვიყავით... ქელეხში ყველა სადღეგრძელო იმის გარშემო ტრიალებდა, თუ რა ხაჭაპურებს აცხობდა განსვენებული ქალბატონი.
მერე, სახლში...
იმიტომ უცხოვრია, თურმე, რომ ხაჭაპური ეცხო... რა საშინელებაა, არა? - თქვა დედაჩემმა.
მართლაც საშინელებაა!
დედაჩემს ამისათვის არ უცხოვრია.
შექმნა... დატოვა... დამიტოვა..."

ოლღა კონიაშვილს ეთნოლოგი ნოდარ შოშიტაშვილი ასე იხსენებს: "არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება უჩუმრად ემსახურებიან საყვარელ საქმეს და მათ შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. სამაგიეროდ, მათ სათქმელს შემდგომ უკვე მათივე შემოქმედება ამბობს. ქალბატონი ოლღა სამუზეუმო მხატვრობის ნამდვილი დიდოსტატი გახლდათ. ასეთები თითზე ჩამოსათვლელი არიან. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, უზარმაზარ სამუზეუმო სივრცეში მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწია ერთად მუშაობამ. ზაფხულობით ეს სივრცე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ამჯერად უკვე საექსპედიციო ველზე გადაინაცვლებდა და ჩვენი ყურადღებიანი, ენციკლოპედიური განათლებისა და უზადო მხატვრული გემოვნების მქონე მხატვარი-ეთნოლოგის ალბომებში იხატებოდა ქართული ყოფისა და კულტურის ამსახველი ნივთების, სამოსის, ჭურჭლის განუმეორებელი ელემენტები. მისი ჩანახატები ჩემს სამეცნიერო, სადისერტაციო ნაშრომებსაც ახლდა, ჩემი კოლეგებისაც...

მის სკრუპულოზურ, ზედმიწევნით კოლორიტულ, ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ ზუსტ ჩანახატებს დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა. ქალბატონმა ოლღამ, შეიძლება ითქვას, თავისი ჩანახატებით ქართული ყოფა გაგვიცოცხლა და გაგვიმდიდრა ეთნოლოგებს და არა მხოლოდ ჩვენ. და არა მარტო ქართული ყოფა. ერთ რამედ ღირს მის მიერ ქაღალდზე გადატანილი კავკასიური კერამიკა, ფინური და სპარსული ფაიფური თუ ფაიანსი.


ქართული სამოსის უნიკალურობაც მოგეხსენებათ კუთხეების, სოფლების მიხედვითაც კი... ქალბატონი ოლღას ფუნჯი ქართულ სამოსს - კაბას, თავსაბურავს, ფეხსამოსს, ქუდს, მოსასხამს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას აძლევდა მისეული, განუმეორებელი შუქ-ჩრდილებით. დღესაც თითქოს ახლებურ შტრიხებს ვპოულობთ მისი ფუნჯით ჩახატულ საუკუნეების წინანდელ საფლავის ქვებზე თავისი ეპიტაფიებით, წყლის წისქვილებზე, სოფლის წყაროებზე თუ ხატ-სალოცავებზე...

მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობდით უნივერსიტეტიდან ახალმისული ეთნოლოგები. ჩემი მეგობარი და მესაიდუმლეც კი იყო... მოგვიანებით მის ქალიშვილს, არაჩვეულებრივ მოქანდაკესა და მხატვარს მარინა ივანიშვილსაც დავუმეგობრდი... გამიხარდა, რომ გიორგი კალანდიამ ჩემი და არაერთი ჩემი კოლეგის სურვილი, ალბომებად გვეხილა ქალბატონი ოლღა კონიაშვილისა და მარინა ივანიშვილის შემოქმედება, სინამდვილედ აქცია".

* * *
ოლღა კონიაშვილის შემოქმედებაში უკანასკნელ, ანუ 80-იანი წლებიდან ვიდრე 1994 წლამდე პერიოდში შექმნილ ნახატებს განსაკუთრებული, გამორჩეული ელფერი გასდევს. ეს არის ზღაპრული სამყარო, სადაც მითურ არსებებს, მგლისთავა მაქციებს, სამსახოვან ჯუჯებს, მხიარულ ჭინკებს ვხედავთ. ეს სამყარო სულაც არ არის შემზარავი, მძიმე და საშიში. ის უფრო თავშესაქცევია, ისეთივე თავშესაქცევი როგორებითაც დღეს მსოფლიო პუბლიკა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იხიბლება, კონიაშვილისეული გმირების თანამედროვე სიცოცხლე თავისუფლად შეიძლება იხილოთ, ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა "სამეფო კარის თამაშები", "ბეჭდების მბრძანებელი", "ჰარი პოტერი", "ბინდის საგა" და ასე შემდეგ. გამოდის, მხატვარი წინასწარ ხედავდა იმას, რაც კაცობრიობის ცივილიზაციისა და გემოვნების განუყრელი ნაწილი გახდა. ასე არ იყო ბარათაშვილი, გალაკტიონი, თუნდაც პეტრე ოცხელი?!. ასეთებზე იტყვიან: "ადამიანები, რომელთაც ეპოქას გაუსწრეს".

გიორგი კალანდია
ხელოვნების სასახლის დირექტორი, პროფესორი
ჟურნალი "ისტორიანი",#102

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა