ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

და-ძმა მეუნარგიები

სტრიქონები ტრაურის

წარსულ საუკუნის ერთ დავიწყებულ და გამორჩენილ მწერლად უნდა ჩაითვალოს იონა მეუნარგია. სხვა მისი ნიჭის და სტილის პატრონი მწერალი ამ დროს შესაძლებელია არც კი ჰყოლოდეს. მისი დაწერილი ბიოგრაფიები გრიგოლ ორბელიანის, მამია გურიელის და სხვების ნამდვილი შედევრია არა მარტო ბიოგრაფიების წერის, არამედ მხატვრული კრიტიკისაც. ფრანგული მანერა წერის, იშვიათი გემოვნება და მწერლობის ცოდნა მას აყენებდა პირველ რიგში იმ მწერლებში, რომელნიც დღემდე განაგრძობენ მწერლობაში სემენარიული "კატეგორიებით" წერას. მაგრამ ეს სხვა დროს და სხვა ადგილას იქნება აღნიშნული, ბოლოს ქართული მწერლობა არც ისე მდიდარია, რომ აღმოუჩენელი და დაუფასებელი დარჩეს ასეთი შედარებით დიდი მწერალი.

იონა მეუნარგია ამ სამი წლის წინად მოკვდა, მაგრამ ბედმა მის სიკვდილსაც დასცინა (მის საფლავთან ჩაეყარა საფუძველი იმ სამარცხვინო მოვლენას ქართულ მწერლობისა და ეროვნებისთვის რომელსაც ჰქვია "მაფალუ" და რომელიც სამწუხაროთ, მგონი უფრო პასუხის მგებელ ადგილებზეც იჩენს თავის ნაყოფს. ჩვენ დროშიაც რაც თავის თავად ცხადია ჩრდილს აყენებს პატრიოტიზმს.

განსვენებული იონა მეუნარგია, შეიძლება ყველაზე უფრო გულწრფელი მწერალი იყოს თავის პროვინციიდან, და მისი ფრანგული ტემპერამენტი ძირიანათ უარყოფს კლევრეტების ახალ იდეოლოგიას.

ბედმა კიდევ უფრო დატანჯა მისი ოჯახი. წელს თითქოს ერთ და იგივე დროს სიცოცხლეს გამოესალმენ მისი ახალგაზრდა-თითქმის ბავშვები-ქალ ვაჟი: ლილი და მიშა მეუნარგიები.

ივირონი- მონასტერი ათონის მთაზე

განსვენებული ლილი მეუნარგია აღზრდილი განათლებულ ოჯახში, თავიდანვე დაინტერესებული იყო მწერლობით და იმ თავითვე პირველი მიეკედლა ახალ პოეზიას და იჩენდა თვალსაჩინო ნიჭსაც.

მას ტრადიციამ ვერ დაუშალა აცდენოდა ბანალურ გზას პოეზიაში და თავის ინსტიკტით ირკვევდა გზას ახალ ძიებისკენ. პოეტმა ვალერიან გაფრინდაშვილმა დაბეჭდა თავის ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებში" მისი პირველი ლექსი "ინფანტა", რომელიც უკვე ატარებდა შედარებით მიღწევას, განსვენებულს აგრეთვე დარჩა კიდევ ახალი ლექსები, რომელნიც სხვა და სხვა დროს წაუკითხავს პოეტებში; ამ ხელნაწერების კვალიც კი არ სჩანს. იყო ძალიან მგრძნობიარე ამ პატარა ბავშვის დაკარგვა პოეზიისათვის, რომელიც ასე უდროვოთ დაიღუპა ტუბერკულიოზით. პოეზია გამოიტირებს ამ ლაფორგის "აგვისტოს პატარა უბედურებას". მისი ძმა მიშა მეუნარგია აგრეთვე სავსე იყო გატაცებით და პატრიოტიზმით, მას თავიდანვე ემჩნეოდა ცოდნის წყურვილი და პირველი ძიება. ნაცნობების გადმოცემით, ის ერთი საიმედოთაგანი იყო ახალგაზდა უნივერსიტეტში, რომელიც ეხლა იყრის საფუძველს ეროვნულ ტრადიციისას. რამდენიმე დღის წინად ისიც ტრაგიკულად დაიღუპა ბათომში: დაიხრჩო ზღვაში ბანაობის დროს. შესაძლებელია უკეთესია, რომ მოხუცებული მამა ვერ მოესწრო ასეთ სიკვდილებს, რომ თავის საყვარელ ვიქტორ ჰიუგოსავით დაეტირა "პატარა ხომლები", თავის ბავშვების საფლავების ცაისში. მაგრამ ამ ბავშვებით დაობლდა არა მარტო იონა მეუნარგიას ოჯახი, არამედ საქართველოც, რომელსაც როგორც არასდროს სჭირდება პატიოსანი და ნიჭიერი ახალგაზრდობა. ვ. გ-ელი

"ბახტრიონი", 1922 წ. #15 * * *

წმიდა ათონის მთიდგან

ჩვენ ქართველთა ძმანი ივერიის ახალი სავანისა წმიდის დიდებულის იოანე მახარობელისა და ღვთის-მეტყველისანი, ვსთხოვთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ღვთის მოყვარეთა და იესო ქრისტეს მცნების აღმასრულებელთა, რათა ყურად იღონ ჩვენი გაჭირვებული ცხოვრება, ვინაიდგან ქართველთა აღშენებული ჩვენი ძველი ივერიის მონასტერი ძალ-მომრეობითა და უსამართლოდ მიიღეს, და სრულიად მიითვისეს თავისის სიმდიდრითა და მამულებითა ბერძენ ბერთა, და სუფევენ მას შინა, ვითარცა ფაშა. და არა რას მისგან ჩვენ არ გვაძლევენ, და ჩვენ ვიტანჯებით აუცილებელის საჭირო წყალის უქონლობისა გამო; ვინაიდგან წყარო გამოდის სამის ვერსის მანძილზედ და ამას სჭირდება მილით მოყვანისათვის სამი ათასი მანეთი. ჩვენ-კი სრულიად არა რაი გვაქვს. ამისთვის გთხოვთ ყოველთა ღვთის-მოსავთა ქართველთ სასულიეროთა და საეროთა, პატივცემულთა ვაჭართა, და ყოველთა მოხელეთა შეგვეწიონ, რაოდენითაც შეუძლიანთ ღვთის მცნების აღსრულებისათვის. (რუსულ ენაზე მითითებულია მისამართი ათონის მთაზე, იერომონაზონ იონასა და საძმოსთვის გადასაცემად).

"ივერია", 1903 წ. #88

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი",#102