უბრალო, როგორც წყლის წვეთი... - კვირის პალიტრა

უბრალო, როგორც წყლის წვეთი...

"ისტორიანის" მკითხველი კარგად იცნობს ელდარ ნადირაძეს - ეთნოგრაფს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, პუბლიცისტსა და ეროვნულ მოღვაწეს, მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორს. ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაიბეჭდა მისი ისტორიულ-შემეცნებითი სტატიები, რომელთაც ყოველთვის ინტერესით ხვდებოდა ქართველი საზოგადოება. ამ შემოდგომაზე ბატონ ელდარს 70 წელი შეუსრულდა. ჩვენს მკითხველთან ერთად ვულოცავთ ამ ღირსსახსოვარ იუბილეს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- თქვენს შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პუბლიცისტიკას. კარგად მახსოვს თქვენი უმწვავესი წერილები: "ხალხიდან დანახული" - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით; "წერილი ქართულ ინტელიგენციას" - პოლიტიკურ ბატალიებში ავტორიტეტთა მერყეობის შესახებ; "აკაკი გვიცოცხლოს უფალმა" - დიდი მგოსნის მართლმადიდებლური მენტალობის არასწორ გაგებასთან დაკავშირებით, "მიწა", როგორც ქართველთა არსებობის უმთავრესი საფუძველი და სხვა. ლიტერატურის ამ ჟანრში მუშაობამ ხომ არ წაართვა დრო თქვენს მეცნიერულ მოღვაწეობას?

- სრულყოფილ ადამიანად კაცს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული აქცევს. უხერხულია და ზედმეტიც ამ გრძნობაზე ხმამაღალი ლაპარაკი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვეება მაგალითების წინაშე დგახარ. მაგრამ არ გამოეპასუხო, შენი აზრი არ გაგაჩნდეს, არ გაინტერესებდეს და გულზე არ გხვდებოდეს ის, რაც შენთვის უძვირფასესს შეეხება, ეს უმადურობა და უსულგულობაა. ამდენად, ის რაც ამ მხრივ მიკეთებია, გამართლებულად მიმაჩნია. პუბლიცისტიკა ქვეყნის ცხოვრებისეული დუღილიდან ამოიზრდება. იგი პოლიტიკის ნაწილიცაა და სიკეთისა და ბოროტების გარემოში ადამიანთა სურათებს ხატავს. ასეთ დროს, მათ საქციელს ვაკვირდებით და ვაფასებთ არსებული პოზიციის მიხედვით. პოზიცია ხომ ადამიანის სარკეა. სამი წიგნი - "საქართველო ასი კაცის ქვეყანა", "გრძნობა შენი მოვლისა" და "სინათლე - ყველაზე დიდი სასწაული", რომელიც მე ამ დარგში დავწერე, მიმაჩნია როგორც სხვის, ასევე ჩემს სარკედაც. ვინ როგორ ვჩანვართ ამ სარკეში, ამის შეფასება მკითხველისთვის მიმინდვია.

- რა არის თქვენთვის ადამიანი ?

- ერთი ადამიანის ბედნიერება მეორეზეა დამოკიდებული, ერთი ადამიანის გახარება მეორის სიხარულს ნიშნავს. აკი ამბობს ჩვენი დიდი პოეტი მუხრან მაჭავარიანი: "ჩემი სიხარული უფრო სიხარულობს, / შენ რომ სიხარულობ, / ის რომ სიხარულობს". აბსოლუტურად ვიზიარებ ამ უკეთილშობილეს ფრაზას და ჩემდათავად დავამატებ, რომ რაც ბედნიერება მიმიღია ამქვეყნად, სულ ადამიანებისგანაა. ზოგი მთელი ცხოვრება ძერწავს თავის თავს, კვარცხლბეკს იშენებს, იმზადებს მასალას, რათა საკუთარი ქანდაკება გამოჩორკნოს. ბევრი გვინახავს ასეთი წვალებით შექმნილი ძეგლი, რომლებისკენაც არავინ იხედება... მეორე რიგის კაცები ცხოვრობენ უბრალოებით, სიცოცხლის წამიერებით შეცნობილნი, არც დიდი უკვირთ და არც პატარა, კარგად იციან წუთისოფლის ფასი და ცდილობენ, სიკეთით იყონ ისეთი, როგორც განუწესა ღმერთმა. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებისა ვარ მე. ჩემი სიყვარული ადამიანთა მიმართ მთელია და სრული. თუმცა ეს არ მიშლის ხელს, ზოგჯერ ვაკრიტიკო ისინი უგვანო საქციელის გამო.

- თქვენი ოჯახი: ვიცი, რომ ბევრი და სახელოვანი დედმამიშვილი იყავით, საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდით, რა გასაზრდოებდათ...

- ღრმად მწამს, რომ ადამიანის ბედს ღმერთი განაგებს. ღმერთივე აჯილდოებს მას ნიჭითა და უნარით. ამ პროცესს ჩემებური ფანტაზიით წარმოვიდგენ. როგორ? აქ მისი "ხელის", ფიზიკურ ზემოქმედებას ვგულისხმობ. რამდენადაც ახლოსაა იგი ადამიანთან, იმდენად დიდია მისი ძალის მოქმედება. უფრო გასაგებად ეს ასეა: მაგალითად, მიმაჩნია, რომ ღმერთი ვაჟა-ფშაველას არათუ მოევლინა, არამედ ესაუბრა კიდეც, შესაძლოა ხელითაც შეეხო, ასევე იყო გალაკტიონთანაც. ნადირაძეების ჩვენს თაობას, ღმერთის მადლიანი ფრთა თუ არ შეგვხებია, მისი ანგელოზის ძლიერი მონაბერი ნამდვილად მოგვწვდა. იმ სიოთია, თუკი რამ კარგი შევქმენით. ჩვენი გამარჯვება მაინც ის იყო, რომ სიკეთე მეტი ვაკეთეთ. ჩვენ სიკეთისა და ნიჭიერებისკენ მიმართული გვეთქმის. ეს უმცირესი იყო ღმერთის წყალობა და ჩვენც შევიფერეთ ეს წყალობა. ზედმეტად მიმაჩნია თითოეული მათგანის მოღვაწეობის თუნდაც მონახაზის აქ წარმოდგენა. მთავარია, რომ ყველას გვაერთიანებდა მძლავრი მუხტი და ერთიანი დამოკიდებულება ოჯახის, სამშობლოსა და ტრადიციებისადმი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენის მოწყობისას

- რას იტყოდით თქვენი ცხოვრების სტილზე, განვლილ წლებზე, რა გახარებდათ და რაზე გეთანაღრებათ გული?

- ჩემს თავს მივიჩნევ მშრომელ ადამიანად და თუ რამეა ჩემში კარგი, ეს შრომისგანაა. პირველ ყოვლისა, მიყვარს წესრიგი ჩემ ირგვლივ, როგორც საყოფაცხოვრებო სფეროში, ასევე შემოქმედებითი მუშაობისას. საამისოდ კი არსებითად ხელი არასდროს შემშლია და ამის გამო არ შემიძლია კმაყოფილი არ ვიყო. მე ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, ბედნიერი ვიყავი ჩემს მშობლებთან და ძმებთან თანამყოფობით, მაგრამ ბალზაკის ნათქვამი, რომ "საბრალოა უმცროსი ძმა", ერთი ერთზე ამიხდა... მიუხედავად ამისა, სიცოცხლე იყო და არის უზომო ბედნიერება. გათენება ამქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულია და ადამიანი უბედურია, თუ ამ სასწაულის დაფასება არ შეუძლია. გული მეთანაღრება ჩემი სამშობლოს გაუხარებლობით. სხვისი არ ვიცი და მე მუდამ მაკლდა ეს სისრულე, აქედან ნასაზრდოები დათრგუნვილობა ჩვენს ბედს მუდამ თან ახლდა. კიდევ გავიმეორებ: სრულყოფილი ბედნიერება მოაქვს სამშობლოს ბედნიერებას. სამწუხაროდ, ჩემი თაობა ვერ დაიკვეხნის, რომ ამ მხრივ ბედნიერი იყო.

- თქვენი საყვარელი საქმიანობა.

- წიგნის კითხვა, ბალახის თიბვა, მეგობრებთან დროს ტარება, ღვინის დაყენება და მერე ამით ტრაბახი...

- თქვენი ხასიათის მთავარი თვისება.

- არასოდეს შევაწუხო ვინმე ზედმეტად, ვიყო კრიტიკული ჩემი პიროვნების მიმართ.

- შვილის სიყვარული... როგორია იგი თქვენთვის?

- მომეცით უფლება, ეს გრძნობა რუსთაველის მიხედვით ავხსნა: ტარიელის ვერშეპყრობით გულდამძიმებული როსტევანი ავთანდილთან ერთადაა და რომ იტყვიან, ორთავეს დანა კბილს არ უხსნით. ბოლოს როსტევანი შვილს მოიკითხავს, ერთადერთ ნუგეშს ყოველგვარი გაჭირვების ჟამს: "ხანი გამოხდა, იკითხა, ნეტარ რასა იქმს ქალიო, / ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო". გავიდა მსახური და შეატყობინა თინათინს, მამა გკითხულობსო: "თინათინ ადგა მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა, / უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა, / მამამან გვერდით დაისვა, აკოცებს ნება ნებასა". გამოჰკითხა შვილმა მამას უგუნებობის მიზეზი და როცა ტარიელის შეუპყრობლობისა და მისი კადნიერების ამბავი მოისმინა, ურჩია, მოენახა და გაეგზავნა თავისი ხელქვეითებიდან ისეთი, ვინც შეიტყობდა უცხო მოყმის ამბავს და ერთგვარ პატივმოყვარეობას დაუცხრობდა მას: "როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა; / პირი ხელით დაუჭირა გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა, / უბრძანა თუ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ აგრე ვქმნაცა, / იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა". გარდა იმისა, რომ შვილი არქმევს კაცს მამას და ააცდენს უგზოობას, კაცი მიწაა ანუ უსულობა, რომელსაც შვილი აქცევს სულიერად. შვილის როლისა და მისდამი სიყვარულის გამოხატვა ამაზე შორს ვერ წავა.

თუშეთში წლების წინ. მეგობრებთან ეთნოლოგ ნოდარ შოშიტაშვილთან, ლიტერატორ თამაზ ტყემალაძესა და პატარა თუშის ბიჭთან ერთად

- თქვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე...

- ბედნიერება ძალიან აპრიორული ცნებაა. მე მიყვარს სიცოცხლე, დღის მოსვლა, გათენება ყველაზე დიდი სასწაულია ამქვეყნად. ტკბილი განგაშივით აღვიქვამ ამ პროცესს: "მოვიდა! მოვიდა"! მამცნობს ხოლმე რაღაც საზეიმო ხმა, ვუგდებ ყურს გათენების ჯადოსნურ დუმილს და გაციაგებული სული ამ სიტყვებს ჩამძახის: შაშვმა გალობით გამოქსოვა ღამიდან დილა, / და დედამიწა დაეკონა ცისკრის წამწამებს.

- რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება?

- საზოგადოდ თუ ვიტყვით, ემიგრაცია, ხოლო კერძოდ, კონფლიქტი ახლობლებთან.

- როგორი გინდოდათ ყოფილიყავით?

- უფრო მეტად თავდაჭერილი, ოღონდ ამით ადამიანები არ უნდა შეაწუხო, ზედმეტი არაფერი არ ვარგა.

- ქართული სიტყვა. როგორია მისი სიღრმე?

- შეგნებულად არ დავასახელებ ჩვენი პოეზიის უდიდეს ვარსკვლავებს, იმიტომ რომ ეს ცნობილზე ცნობილია. გავიხსენებ ერთ ჩვეულებრივ ხალხურ ლექსს: "ქალო ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირიო, შუაღამ გამეღვიძება, წამოვჯდები და ვტირიო", - ამბობს ერთი უცნობი ავტორი. სითეთრისა და სისპეტაკის უფრო უწმინდესი შინაარსით გამოხატვა შეუძლებელია. კირი ყველგან კირია, მაგრამ საყდრის კირი სხვა სიწმინდითაა ნიშნეული. ამიტომ არის ეს ფრაზა მხატვრული აზროვნების უბრწყინვალესი ნიმუში.

ჟურნალ "ისტორიანის" პირველი ნომრის პრეზენტაციაზე აკადემიკოს აბესალომ ვეკუასთან ერთად

- ვინ მიგაჩნიათ გმირად რეალურ ცხოვრებაში?

- მიმაჩნია, რომ მერაბ კოსტავა ნამდვილად იყო გმირი, რომელიც თავისი შეუპოვრობით ერთდროულად იწვევდა გაკვირვებასა და აღტაცებასაც. ახალი საქართველოს გმირი იყო ზვიად გამსახურდია. კაცი, რომელმაც ყველაფერი შესწირა სამშობლოს. შეუძლებელია აქ არ ვახსენო მოქალაქე გია აბესაძე, რომელმაც თავი დაიწვა რუსთაველზე ძმათამკვლელი ომის საპროტესტოდ. ასეთი იყო იან პალახი, რომელიც ჩეხეთმა ეროვნულ გმირად აღიარა, აბესაძე კი უსამართლოდ არის დავიწყებული. ვფიქრობ, ასეთი გამონაკლისები ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, ჩვენს ეპოქას გმირები არ სჭირდება, მას მედროვენი უფრო ესაჭიროება და არიან კიდევაც... ისე, საოცარი ხალხი ვართ ქართველები: თბილისში, ვაკის საკრებულოს ვრცელ ბაღში, ჩეხეთის ეროვნული გმირის, იან პალახის ნატურალური ზომის ძეგლი დგას და იმავე თბილისში არ არის ძეგლი საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიასი!!!

- რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

- პოლიტიკოსთა თვალთმაქცობას, საჯარო ლაზღანდარობას, ახლა რომ მოდად იქცა, ლიტერატურასა და საერთოდ, ხელოვნებაში - ბილწსიტყვაობას.

- ისტორიული საომარი მოქმედება, რომელსაც განსაკუთრებით უმაღლეს შეფასებას აძლევთ.

- დავით აღმაშენებლის მიერ 200 კაცის შეგზავნა მტრის ლაშქრის შუაგულში, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა დიდგორის ბრძოლის საბოლოო შედეგზე. ისტორიკოსი გახლავართ და ეს მაძლევს უფლებას, განვაცხადო, რომ გიორგი სააკაძე არის ერთი დიდი პიროვნება საქართველოს ისტორიაში. მისი შეცდომები გადაწონილია მისი გამარჯვებებით, რომლებიც ოქროს ასოებით არის შესული საქართველოს ისტორიაში. განსაცვიფრებელია მისი პიროვნული ტრაგედიის მასშტაბი, ესეც საქართველოს სადიდებლადაა საგულებელი...

- რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევთ.

- ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია, თუ იგი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ასეთების სანიმუშო მაგალითებად მიმაჩნია: აღმოსავლეთში - ქემალ ათათურქისა და დასავლეთში შარლ დე-გოლის რეფორმები.

ეს ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო რესპონდენტს არ მოუცია, სოციალურ ქსელში ვიპოვეთ. ფოტოზე: ხუთ უფროს ძმასთან ერთად. მარცხნიდან დგანან: ჯურხა, ასანა და ლევანი; სხედან: ელდარ, რეზო და ვალოდია ნადირაძეები

- რა არის თქვენთვის იმედი?

- ერთი ამერიკელი მილიონერი იგონებს: ახალგაზრდობაში დიდი ფული ვიშოვე, მაგრამ ერთ უბედურ დღეს მთლიანად გავკოტრდი და თავის მოკვლა გადავწყვიტე. მივდივარ ქუჩაში იმედდაკარგული და ვფიქრობ, რა ხერხით მოვიკლა თავი. ამ დროს, ვხედავ, ტროტუარზე უფეხო კაცი ურიკით მოგორავს, ხელებში კასტეტები უჭირავს, დაჰკრავს ასფალტს და გასრიალდება. წამიერად შევდექი, დავაცქერდი ამ უიმედობის განსახიერებას, რომელიც გამისწორდა, ურიკა შეაჩერა, სახეში გაბადრული ღიმილით შემომხედა და შემომძახა: "შეხედეთ სერ, შეხედეთ! რა ბრწყინვალე დღეა". მართლაც, ბრწყინვალე დღე იყო, მზითა და სიცოცხლით გაცისკროვნებული. თვალი მოვავლე გარემოს და სიცოცხლის მძაფრი სურვილი დამეუფლა. იმ დღიდან ჩემი წაგებული საქმის გამოსწორებას გულმოდგინედ შევუდექი და ორ წელიწადში კვლავ მილიონერი გავხდი. მივმართავ ყველას: ჩემო ძვირფასო მეგობრებო გადაიყარეთ გულიდან დარდი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიმოიხედეთ თქვენს მზით გაჩახჩახებულ ქვეყანაში, გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე აკეთებთ და აღივსეთ სიყვარულითა და იმედით.

- ვინ ხართ თქვენ, როგორ ფიქრობთ, გაამაყებთ ის, რაც გააკეთეთ? ხომ არ გიჩნდებათ უკმარისობის გრძნობა განვლილი ცხოვრების გამო?

- ჩემი იდეითა და თავზემდგომობით ეკლესიაც ამიშენებია და ამ საქმეს საკმაოდ დიდი დრო და ენერგია შევალიე - ეს მაამაყებს. მაამაყებს ისიც, რომ პუტჩის დროს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, ჩვენი კულტურის დედაბოძი, როცა საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, ჩემს მეგობრებთან ერთად დაწვას გადავარჩინეთ. ეს მოხდა სიკვდილის საშიშროების ქვეშ, ტყვიების ზუზუნში, როცა ჩვენს თავზე მანათობელი ტყვიები დაფრინავდა. ეს ჩემი მოვალეობა იყო და ამით არც არასდროს გავამაყებულვარ. საზოგადოების გასაგონად პირველად თქვენ გეუბნებით ამის შესახებ.

პირადული სიამაყე და თავისი თავით ტკბობა ქრისტიანული შეხედულებით დიდი შეცოდებაა და ამ კუთხით ჩემი კომპლექსებიც ისეთი იყო, მუდამ მამუხრუჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ზომიერი შექება და ასევე, ზომიერი შეფასება იმისა, რაც გაგიკეთებია, არაა ცუდი მოსასმენი. ისე, ჩვენმა ეპოქამ წაშალა ზომიერებაში ზღვარი. დააკვირდით: ადამიანები საშუალო ნიჭის შემოქმედთა მიმართ ხშირად იყენებენ უმაღლეს ეპითეტებს "უნიჭიერესი", "ბრწყინვალე", "გენიალური" და სხვა. კი მაგრამ, ასეთ შეფასებებს ასე იოლად რომ ვარიგებთ, მაშინ როგორ მოვიხსენიოთ რუსთაველი, ბარათაშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, თაყაიშვილი. დამსახურების გამომხატველი ამდენი ეპითეტი იმიტომ არის ქართულ ენაში, რომ ყველას თავისი შესაფერისი ადრესატი ჰყავს (მაგ.: გამოჩენილი, თვალსაჩინო, დამსახურებული). დაუმსახურებელი ღვაწლის გაბუქებითა და ზემაღალი რეკლამის მიწებებით ადამიანი უფრო მცირდება. არასდროს მიბრძოლია ჩემი სახელის ზედმეტად გამოჩენისთვის. უფრო კონკრეტულად თუ გსურთ, გეტყვით, რომ მე ვარ უბრალო ადამიანი - უბრალო, როგორც წყლის წვეთი!

ესაუბრა ელენე სალარიძე ჟურნალი "ისტორიანი" #106