ლიახვის ხეობა კოლონიური ძალმომრეობის წინააღმდეგ - ვანათელი ბარბარე ლაფაჩი - "ხალხის აღმაშფოთებელი" XIX საუკუნის დასაწყისში - კვირის პალიტრა

ლიახვის ხეობა კოლონიური ძალმომრეობის წინააღმდეგ - ვანათელი ბარბარე ლაფაჩი - "ხალხის აღმაშფოთებელი" XIX საუკუნის დასაწყისში

ერთმორწმუნე ქვეყნისგან დახმარების მოლოდინში, რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, ქართველი საზოგადოება მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცა. რუსიფიკატორული იდეოლოგიის სუსხი იგრძნო თავადაზნაურობამ, სამღვდელოებამ, გლეხობამ. საქართველოში ჩამოყალიბებული რუსული ბიუროკრატიული მმართველობა, ჩრდილოეთიდან ქვეყნის მმართველ რგოლებში განწესებული ჩინოვნიკების სიხარბე და თვითნებობა, მოსახლეობის მიმართ ძალადობა, საიმპერატორო კარის მიერ ეროვნული ინსტიტუტების მოშლის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა სახის კამპანია - რუსული მმართველობის წინააღმდეგ ქვეყნის ყველა ფენის გაერთიანებისა და აჯანყებათა მთელი ციკლის საფუძვლად იქცა.

რუსული ძალმომრეობის წინააღმდეგ პირველი გამოსვლა 1802 წელს, კახეთში, სოფელ კელმენჩურში მოხდა. 1804 წელს აჯანყებამ იფეთქა მთიულეთში. როგორც დავით ბატონიშვილი წერდა: "მაშინ იყო შემჭირვებაი დიდი ქართველთა ზედან... სადაცა განვლიდიან რუსნი, ამჭირვებდიან სოფელთა ცემითა, ტაცებითა, და რთმევითა ხალხის აღმაშფოთებელს". ამას მოჰყვა 1812 წლის კახეთის აჯანყება.

აჯანყებულებმა ქართლიდან ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე მოიწვიეს და მეფედ გამოაცხადეს. რუსული ძალმომრეობის წინააღმდეგ დაწყებულმა მოძრაობამ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიცვა. კოლონიალურ პოლიტიკას წინ აღუდგა დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მოსახლეობაც. ცარიზმის რეჟიმის დასამხობად თავგამოდებით იბრძოდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრები. ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილები 1804 წელს ქართლ-კახეთის მოსახლეობის ყველა ფენას წერილებს უგზავნიდნენ და აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ.

ბაგრატიონთა ოჯახიდან არანაკლები აქტიურობით გამოირჩეოდნენ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებიც, რომლებიც ფეოდალური არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დიდ იმედს ამყარებდნენ მაჩაბელთა სათავადო სახლზე. ამას ადასტურებს წერილი, რომელიც 1802 წლის 17 აგვისტოს იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებმა დავით მაჩაბელს გაუგზავნეს: "ბრწყინვალე თავადო მაჩაბელო, ნაზირო დავით. საქართველოს მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ სიყუარულით და პატივით მოგიკითხავთ, მერმეთ აქამდის ხომ საკვირველია, რომ შენც შეიტყობდი, მთელი კახეთი და ქიზიყი როგორისაც ფიცით შეკრულან ჩვენ ერთგულებაზე, უკანასკნელ სისხლის დაქცევამდის ერთობით იმათი წერილი არ მოგვივიდა. ღმერთს ერწმუნე და მამის ჩვენის მზემა, რომ ასე მოგვივიდა. წერილი და ღვთით არც არის იქაური კაცნიც იყვნენ და აქ ჩვენთან და გაგვისტუმრეთ. აბა, ახლა გაგიჩნდება ჩვენი სიყვარული და ერთგულება როგორც აღთქმული გვაქვს ჩვენთან პირობით, ყოვლისფრით ასე მოიქეც. ამას გარდა, ვისაც ერთს შენს კაცს ენდობოდე, ეხლავ აქ საჩქაროთ გამოგვიგზავნე, მანდაური ამბებიც შეგვატყობინე და შენი სრული აზრიც. მამის ჩვენის მზემა და ამ საქმეში გვარწმუნე, რომ როგორც შენი აზრია ღვთით ისე შეგისრულებთ და ახლა შენ იცი და მამის ჩვენის ჭირნახულობამ, როგორც მოიქცევი ყოვლის ფრით".

გენერალ ივან ლაზარევს ჯერ კიდევ 1801 წლის 18 თებერვალს, შერმაზან და ელიზბარ ერისთავებისგან მიეღო ინფორმაცია, რომ ლუარსაბ და დათუა მაჩაბლებს კავშირი ჰქონდათ რუსთა წინააღმდეგ ამბოხებულ ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილებთან. მთიულეთის ამბოხების შემდეგ აჯანყებულები ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილს დაუკავშირდნენ, რომლებიც იმერეთიდან ქართლში გადმოვიდნენ, მაგრამ 24 ივნისს ულევის ეწერში მათ თავს დაესხა რუსთა რაზმი გიორგი რამინის ძე ამირეჯიბის მეთაურობით. იულონი შეიპყრეს, ხოლო ფარნაოზმა და ლევან იულონის ძემ სამაჩაბლოს შეაფარეს თავი. თუმცა, რუსულ ადმინისტრაციასთან შეკრული ოსების შიშით, ისინი მაჩაბელთა სათავადოში დიდხანს ვერ გაჩერდნენ. ამის შესახებ ბაგრატ ბატონიშვილი გადმოგვცემს: "ხოლო ამის შემდგომად წარმოსულნი მეფის ძენი მოვიდნენ სურამის სიახლოვესა, ეგონათ მისვლა მუნ ქართველთ თავადთა და არავინ მივიდა მათ თანა, ამათ ინებეს მტკვარს გასვლა, მისვლა ფაბმაკს ფირყული-ხანთან და ვერ უძლეს, რამეთუ მტკვარი განდიდებულ იყო ფ˜დ. კ˜დ წარმოვიდნენ და აღვიდნენ ოსებში სამაჩაბლოსა და ვერცა მუნ დადგნენ შიშითა ოვსთასა, რამეთუ აქვნდათ პირი მტკიცე მას ჟამსა შინა ოვსთა რუსთანა". ამის შემდეგ ფარნაოზ და ლევან იულონის ძე ბამბაკში გადავიდნენ, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილი და სპარსეთის შაჰი იდგნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი წერილებს აგზავნიდა ქართლ-კახეთის მთიანეთში და ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდა. ასეთი წერილი ალექსანდრემ გაუგზავნა აგრეთვე ჯავის ხეობის მოსახლეობას. ალექსანდრე ბატონიშვილი 1809 წელს ირანის ჯარის საქართველოში გამოლაშქრების სამზადისში იყო. მოსახლეობაში დაგზავნილ ალექსანდრეს მოწოდებაში ვკითხულობთ: "სიყვარულისა თქვენისათვის არა შევიწყალებ სიცოცხლესა ჩემსა ვიდრემდის გამოგიხსნიდეთ თქვენ უფლებისათვის უცხოთასა"...

გოგის ციხეს ბორჯომში, რომელთანაც ლეკმა მძარცველებმა ახალციხეს მიმავალი ლევან იულონის ძე მოკლეს

რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი ლიახვის ხეობაში ორგანიზებული გამოსვლები დაიგეგმა, რომელსაც ალექსანდრე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. 1810 წელს, სამაჩაბლოში, ლევან იულონის ძის მესვეურობით მორიგმა აჯანყებამ იფეთქა. ლევანი, რომელსაც ზურგს ალექსანდრე ბატონიშვილი უმაგრებდა, დიდი ლიახვის ხეობაში ახალციხე-იმერეთ-რაჭის გზით შევიდა.

1809 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში ალექსანდრე ბატონიშვილი ლევანის მისამართით წერდა: "ბიძა თქვენი ალექსანდრე ღმერთსა ვთხოვ თქვენს ბედნიერად და მშვიდობით შეყრას. ეს არის ღვთის მოწყალებით ყოველი ჩვენი საწადელი საქმე ყიზილბაშის მხრიდან შესრულდა. სახელოვანი სარდალი უსეინ-ხანი დიდის ხაზინით და მთლად ერანში გამორჩეული ასიათასის კაცით აქ ახალქალაქს მობრძანდა. გუშინ ორშაბათს ერთად შევიყარენით... ამ სამს დღეზე დიდის ჯარით და ხაზინით თქვენ მხარეს მისტუმრებს და თვითონ წალკის მხარეს მობრძანდება... მე ხომ ეს არის, მომსვლელი ვარ და დიდად ჩვენთვის სამჯობინარო და სარდლისგან გულის დასაჯერებელი საქმე იქნება, რომ ერთი-ორი მართებული თავადიშვილი სარდალთან გამოისტუმროთ საჩქაროდ". დიდი ლიახვის ხეობაში ჩასულმა ლევან ბატონიშვილმა მაჩაბლებს რუსთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. სამაჩაბლოს მოსახლეობას იგი ალექსანდრე ბატონიშვილის დახმარებას ჰპირდებოდა.

ლევან ბატონიშვილმა მაჩაბლების გადმობირება მოახერხა, მას მხარს ოსებიც უჭერდნენ. ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით: "ხოლო წელსა 1810 მსმენელთა იმერთა მოსცეს პირი მტკიცე მეფესა სოლომონს, მყოფსა ახალციხესა და აწვიეს რათა ჩავიდეს იმერეთს და დაიპყრას იმერეთივე. მსმენელი ამისი მეფე სოლომან წარემართა ახალციხით და შთავიდა იმერეთს. მაშინ მოერთვენ იმერნი ყოველნივე, შეკრეს გზანი ქართლისანი და დადგნენ მყარად. მაშინ მეფის ძემან ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოსა შინა, რათა მანცა შეკრულმა ოვსთამან ბრძოს რუსთა. მისრულ ლეონ შეიწყნარეს ოვსთა და შეკრიბნენ მისთანა". ლევან ბატონიშვილისადმი ოსთა მხარდაჭერას რუსული წყაროებიც ადასტურებენ.

ლევან ბატონიშვილს გვერდით უდგნენ: ზაზა, ბაადურ და ლუარსაბ მაჩაბლები. რუსეთის ხელისუფლებას ამბოხებულთა შესახებ საიდუმლო ინფორმაციები გააჩნდა. აჯანყებულთა ფიზიკურ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა გენერალ ალექსანდრ ტორმასოვის მიერ სამხედრო მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლევან ბატონიშვილი თავს სამაჩაბლოს მიუვალ მთებში მცხოვრებ ოსებთან აფარებდა. საქართველოს მმართველმა, გენერალმა ფიოდორ ახვერდოვმა, ლევანის მოკვლის მიზნით, ოსების მოსყიდვა სცადა. ლევანი ამ დროს ქართულ სოფლებში არსებულ რუსთა რაზმებს ესხმოდა თავს. ლევან ბატონიშვილის მხარდამჭერი მაჩაბლები რუსებმა შეიპყრეს.

ლევან ბატონიშვილი, მაჩაბელთა ფეოდალური სახლის გარდა, სხვა დასაყრდენსაც ეძებდა. ამას ადასტურებს მისი წერილი ფალავანდიშვილისადმი. დიდი მცდელობის მიუხედავად, ლევან ბატონიშვილის აჯანყება დიდი ლიახვის ხეობაში მარცხით დასრულდა. რუსული ხელისუფლება აჯანყების მონაწილე მაჩაბლებს სასტიკად გაუსწორდა. დავით ბატონიშვილის ცნობით: "შემდგომად (აჯანყების შემდეგ. - გ.ს.) შეიპყრეს რუსთა მაჩაბელი ლუარსაბ და ბაადურ ბორტიშვილი (მაჩაბელთა გვარის განშტოება, მაჩაბელთა ზოგიერთი წარმომადგენელი ბორტიშვილად იწერებოდა). მაჩაბელი ლუარსაბ წარგზავნეს პყრობილად რუსეთსა შინა და ბაადურ მოკუდა ციხესა ტფილისისასა პყრობილად. და შთამოართვეს თავიანთი კერძი ყმა და მამული და დადვეს სახელმწიფოდ ვითარცა ჯავახიშვილსა და თარხნიშვილსა".

აქ მთხრობელს გამორჩენილი აქვს ის ფაქტი, რომ ბაადურ მაჩაბელთან ერთად, რუსებმა ციხეში მოკლეს ზაზა მაჩაბელიც.

ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე.

ლუარსაბ მაჩაბელი გადაასახლეს რუსეთის ქალაქ კოსტრომაში. ამბოხებაში მონაწილე მაჩაბლების ყმა-მამული სახელმწიფოს გადაეცა.

ნარიდან წამოსული ლევანი ბორჯომის ხეობით აპირებდა ახალციხეში გადასვლას, რათა იქ ალექსანდრე ბატონიშვილს შეერთებოდა. გზად მიმავალი ლევან იულონის ძე ლეკმა მძარცველებმა გოგის ციხესთან მოკლეს და მისი მოჭრილი თავი, ასევე იარაღ-საჭურველი ახალციხის ფაშას მიუტანეს.

ლევან ბატონიშვილის აჯანყების მარცხის მიუხედავად, როგორც ჩანს, ანტირუსული გამოსვლები დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. მოსახლეობაში მკვეთრად იგრძნობოდა რუსული მმართველობის საწინააღმდეგო განწყობა. ალექსანდრე ბატონიშვილის გამარჯვების იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრებს მოსახლეობის დაბალ ფენებშიც აქტიური მხარდამჭერები ჰყავდათ, რომლებიც რუსული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში ანტირუსულ მოწოდებებს სხვადასხვა მეთოდით ნიღბავდნენ.

ამ მხრივ ძალიან საინტერესო ინფორმაციაა შემონახული რუსი ჩინოვნიკების წერილებში. დოკუმენტების მიხედვით, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მცხოვრებ მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის შექმნისთვის განსაკუთრებით აქტიურობდა სოფელ ვანათის მკვიდრი ბარბარე ლაფაჩი. ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტანი სმირნოვი 1812 წლის 15 მაისს, გორის კომენდანტს, ვიცე-პოლკოვნიკ რენიერს ცხინვალიდან წერდა: "გუშინ ცხინვალში მყოფი ქვემეხის მომსახურე ჯარისკაცმა ალექსეევმა სიტყვიერად მომახსენა, რომ ვიღაც ქალმა ეკლესიაში საღამოს ლოცვაზე შეკრებილ ხალხში სიმშვიდის დარღვევა სცადა და მრევლს საგანგებო სიტყვით მიმართა. მისი მოწოდების თანახმად მალე უფლისწული ალექსანდრე ჩამოვა და რუსებს ამოხოცავენ, ხოლო ვინც გადარჩება განდევნილი იქნებიან რუსეთში. ქართველები კი როგორც უწინ, ისე იცხოვრებენ. მქადაგებელმა აღნიშნა, რომ ყოველივე ეს, როგორც წინასწარმეტყველება, მას ძილში წმინდა გიორგიმ აუწყა. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მისი დაკავება. მისი და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩვენებით იგი სოფელ ვანათის მკვიდრი აღმოჩნდა. მას როგორც ხალხის აღმაშფოთებელს პატაკთან ერთად გიგზავნით. ამის თაობაზე პატაკით მივმართე ეგერთა მე-15 პოლკის შეფს პოლკოვნიკ პეჩერსკის".

იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II ("სახალხო ფურცელის" სურათებიანი დამატება, 1915, #40)

ლევან ბატონიშვილის აჯანყების შემდეგ, რუსი მოხელეები როგორც ჩანს, ადგილობრივ მოსახლეობას მკაცრად აკონტროლებდნენ. ხალხმრავალ ადგილებზე მიმდინარეობდა თვალთვალი. შტაბს-კაპიტან სმირნოვის წერილიდან ჩანს, რომ ბარბარე ლაფაჩს ფარული კავშირი ჰქონდა ალექსანდრე ბატონიშვილის მხარდამჭერ ძალებთან და თავის მოწოდებას რუსების წინააღმდეგ ძილში წმინდა გიორგის გამოცხადებას მიაწერდა. რუსებმა მეამბოხე ქალბატონი დააპატიმრეს და გორის კომენდანტთან, ვიცე-პოლკოვნიკ რენიერთან გადაგზავნეს. სახელმწიფო მრჩეველი მალინსკი გენერალ ნიკალაი რტიშჩევისადმი გაგზავნილ წერილში ბარბარე ლაფაჩის შემოწმებას ითხოვდა. თუ იგი ფსიქიკურად შეშლილი (გონებრივად სუსტი) აღმოჩნდებოდა, მაშინ სახელმწიფოს 25 რუბლი უნდა გამოეყო მის სამკურნალოდ. მალინსკი, რაკი ბარბარე ლაფაჩი ანტირუსული მოწოდებით ეკლესიაში შეკრებილ მლოცველებთან გამოვიდა, ეჭვობდა, ხომ არ იყო ბარბარე ლაფაჩის მოწოდება სასულიერო პირების მიერ წაქეზებული, ამიტომ რტიშჩევს რეკომენდაციით მიმართავდა, ეს საკითხი სასულიერო პირებთანაც ყოფილიყო მოკვლეული. მალინსკის რჩევით, რენიერს პატიმარი ქალი უნდა წაეყვანა და გაერკვია, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ვინ შედიოდა მის სანაცნობო წრეში. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ბარბარე ლაფაჩი არ იყო ანტირუსულ ძალებთან შეკრული, მაშინ სოფელი, სადაც ბარბარე ცხოვრობდა, თავდები უნდა გამხდარიყო და მასზე მეთვალყურეობა დაეწესებინა, რომ ქალს დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში სიარული შეეწყვიტა.

1812 წლის 25 მაისს სახელმწიფო მრჩეველ მალინსკის მიერ გენერალ რტიშჩევისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

"გორის კომენდანტი ვიცე-პოლკოვნიკი რენიერი მაუწყებს ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს კაპიტან სმირნოვის მიერ მასთან გაგზავნილი ერთი ქალის შესახებ, რომელსაც ბარბარე ჰქვია და ამავე მაზრის სოფელ ვანათიდანაა. ამ ქალს თითქოს წმინდა გიორგი გამოეცხადა და სოფელ ცხინვალის ეკლესიაში ხალხს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ მოუწოდებდა. აგზავნის რა, ჩემთან ამ ქალის ჩვენებას და პატაკის ასლებს, შტაბს კაპიტანი სმირნოვი მიდის დასკვნამდე, რომ თუ ეს ქალი არ ეშმაკობს, მაშინ გონებასუსტი უნდა იყოს. პატაკთან ერთად დანართის სახით გიგზავნით რენიერის მიერ ჩემთან გადმოგზავნილი წერილის ასლს. ჩემი აზრით საჭიროდ მიმაჩნია: 1) შემოწმდეს ხსენებული ქალის გონებრივი მდგომარეობა საექიმო სამმართველოს ინსპექტორის რიზენკოს მეშვეობით, რომელიც ამჟამად გორში, სხვა მედიკოსებთან ერთად იმყოფება. თუ ისინი მის (ბარბარეს. - გ.ს) გონებრივ მდგომარეობას ეჭვქვეშ დააყენებენ, მათ უნდა მიეცეთ ავადმყოფის მკურნალობის შესაძლებლობა.

ამისათვის გუბერნიის ექსტრაორდინალური თანხებიდან გამოიყოს 25 რუბლი, აღნიშნული თანხის გაგზავნა მე შემიძლია. 2) მიეცეს შესაძლებლობა სასულიერო ხელისუფლებას გამოიკვლიოს, ხომ არ დამოძღვრა ეს ქალი რომელიმე ეკლესიის მსახურმა, რათა მისი მეშვეობით ხალხისთვის ეცნობათ, რომ მქადაგებლის მოწოდება - გამოცხადებაა. თუ ეს ქალი გონებასუსტი არ აღმოჩნდება, ვიცე პოლკოვნიკმა რენიერმა თან გაიყოლოს და ვითარების გაუხმაურებლად ადგილობრივებში გაარკვიოს, სად იმყოფებოდა ეჭვმიტანილი და ვისთან აკავშირებდა ნაცნობობა. მოიძიოს ცნობები მისი ყოფაქცევისა და გონებრივი მდგომარეობის შესახებ. 3) თუ აღმოჩნდება, რომ ყოველივე ეს სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, ეს ქალი გადაეცეს იმ სოფელს, სადაც ცხოვრობს და სოფელმა იკისროს თავდებობა და მასზე დააწესოს ზედამხედველობა, თვალ-ყური ადევნონ მის ყოფაქცევას. არ დაუშვან მისი ხეტიალი სხვადასხვა ადგილებში".

მალინსკის პატაკს დანართის სახით ახლავს ბარბარე ლაფაჩის დაკითხის ოქმი, რომელშიც ბარბარე ლაფაჩის ჩვენებაცაა:

"1812 წლის მაისი, მე-18 დღე. იმას, რაც ვიცი ჭეშმარიტად, ვიძლევი ჩვენებაში. ჩემი სახელია ბარბარე, ვარ ქართველი. მამაჩემი გახლდათ გოგია ლაფაჩი, ხოლო დედა დარეჯან მაისურაძე, ორთავე წარმოშობით ქართველები იყვნენ და ცხოვრობდნენ სოფელ ჭარებში. მშობლები გარდაიცვალნენ. ჩემი მეუღლე თევდორე ჯაჯიშვილი (რუსულ დოკუმენტში წერია ჯაჯიშვილი, თუმცა უნდა ეწეროს ჯოჯიშვილი. - გ.ს.) ქართველია და დღემდე სოფელ ვანათში ცხოვრობს. იმის გამო, რომ 1811 წლის 8 სექტემბერს ავად გავხდი, ჭარების მთავარანგელოზის ეკლესიაში წავედი, და ხუთი კვირა ვლოცულობდი, შემდეგ დავბრუნდი ვანათში, სადაც მაცხოვრის ეკლესიაში დილა საღამოს ლოცვაში ვიყავი.

ფარნაოზ ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)

6 იანვარს, ნათლისღებას, წავედი სოფელ არბოში და იმდროიდან იქ, წმინდა გიორგის ეკლესიაში ვიმყოფები, რომლის ნება-სურვილით მოსალოცად დავდიოდი ყველა შემდეგი სოფლების დენრისის (სავარაუდოდ, უნდა ეწეროს დგვრისი. - გ.ს.), ნიქოზის, ზემო ხვითის, ქვეშის, ხეითის, ტირძნისის, დიცის, ქორდის და ცხინვალის ეკლესიებში. ხალხიდან შეგროვილი მოწყალებით ვიყიდე თავშალი, ცვილი და საკმეველი, რომლებიც მივიტანე არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში. იმავე თვის 13 რიცხვში წმინდა გიორგი გამომეცხადა და მიბრძანა, ჩავსულიყავი ცხინვალში და ზღუდრის წმინდა გიორგისთვის მელოცა, მოსახლეობისგან შესაწირი შემეგროვებინა, რითაც ცხვარი მეყიდა და არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში დამეკლა. ამიტომ მომდევნო დღეს ცხინვალში წავედი, ზღუდრის წმინდა გიორგის ეკლესიაში საღამოს ლოცვისას წმინდანები გამომეცხადნენ, რომელთაც თავისი სახელებიც გამიმჟღავნეს, თუმცა დავიმახსოვრე მხოლოდ წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი.

მათ მიბრძანეს, რომ თუ რუსებს ღმერთის არ შეეშინდებათ და ისინი ხალხებს არ დაინდობენ, მაშინ ისინი რუსეთში განიდევნებიან, უფლისწული ალექსანდრე ჩამოვა საქართველოში და ქართული მმართველობა კვლავ აღდგება. ამ გამოცხადების განმავლობაში უგონო გავხდი, მისი დამთავრებისას მხოლოდ ნაწილი მახსოვს. არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა მრავალი გასაოცარი გამოცხადება მქონია არბოს და სხვა ეკლესიებშიც, მე ავადმყოფობის გამო არასრულფასოვნად ვაზროვნებ, გარდა ზემოთ აღნიშნული სოფლებისა, სხვა ადგილებში არ ვყოფილვარ. აღნიშნულის გარდა სხვა არაფერი მინახავს და არც ვიცი. ჩემი ჩვენება ჭეშმარიტად ისაა, რაც ვიცოდი".

როგორც ჩანს, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მოსახლეობის ასამხედრებლად "მლოცველმა" ბარბარე ლაფაჩმა პატიმრობისაგან თავის დაღწევის მიზნით "აღიარა", რომ ის ავადმყოფი იყო, არასრულფასოვნად აზროვნებდა და მოწოდება, რასაც ხალხში ავრცელებდა, მხოლოდ წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის გამოცხადებისას ჩაესმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელისუფლების რისხვა არ ასცდებოდა. რა ბედი ეწია ბარბარე ლაფაჩს, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება, ჰქონდა თუ არა მას ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრე ძალებთან მომავალშიც ურთიერთობა, უცნობია.

გიორგი სოსიაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#102