"ქრისტინე" - პირველი ქართული მხატვრული ფილმი გერმანე გოგიტიძის პირადი ინიციატივითა და ფინანსებით შეიქმნა - კვირის პალიტრა

"ქრისტინე" - პირველი ქართული მხატვრული ფილმი გერმანე გოგიტიძის პირადი ინიციატივითა და ფინანსებით შეიქმნა

1915 წლის 5 ივლისს ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" იუწყებოდა, რომ იგეგმება ფილმ "ქრისტინეს" გადაღება და რომ კინემატოგრაფიის ერთმა ცნობილმა ფირმამ მიმართა ალექსანდრე წუწუნავასა და სანდრო ახმეტელს, ამ საქმეს სათავეში ჩასდგომოდნენ. უცნობია, მიიღო თუ არა სინამდვილეში ახმეტელმა მსგავსი შეთავაზება. რაც შეეხება "ცნობილ ფირმას", ის თურმე საერთოდ არ არსებობდა. ეს ალბათ სარეკლამო ტრიუკი იყო, რათა ამ წამოწყებას უფრო მეტი წონა მისცემოდა.

კინოსურათის გადაღების იდეა გერმანე გოგიტიძეს დაებადა. სცენაზე უზომოდ შეყვარებულმა ამ კაცმა 1914 წელს ოზურგეთში თეატრი გახსნა (მისთვის მიკროელექტროსადგურიც კი ააგო, რომლის სიკეთით ოზურგეთელებიც სარგებლობდნენ). სულ მალე თეატრი კინოთეატრად გადააკეთა და "ილუზიონი" დაარქვა. ჯერ იყო და გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, ამბობდნენ მთავრობაში, ახლა კი ყველა ოზურგეთს მიაწყდა კინოს სანახავად. თურმე საქმე კარგად წავიდა და გოგიტიძის ნათესავები იხსენებდნენ, ბილეთების გაყიდვით შემოსული ფულით გერმანემ კამოდის უჯრები აავსოო. სწორედ ამ კინოთეატრში, ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ, გერმანე გოგიტიძეს გაუჩნდა იდეა, თავადაც შეექმნა კინოსურათი, "...სადაც ნაჩვენები იქნება სილამაზე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც თავისი მშვენიერებით არაფრით ჩამოუვარდება იტალიას". ამ მიზნით შეარჩია მან ცნობილი ბელეტრისტის, ეგნატე ნინოშვილის პოპულარული მოთხრობა "ქრისტინე". მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: ღარიბი გლეხის ქალი ქრისტინე აზნაურ უქმაძის მსხვერპლი ხდება. მოტყუებული და დამცირებული ახალგაჩენილ ბავშვს მიატოვებს და ოჯახიდან თბილისში გარბის, მაგრამ ბედნიერების ნაცვლად მოტყუებული რჩება: ქრისტინე იძულებულია, სხეულის ვაჭრობით ირჩინოს თავი. ბოლოს დასნეულებული და დასახიჩრებული ქრისტინე გალოთდება. იგი თბილისის ქუჩებში დაეხეტება, მათხოვრობით ირჩენს თავს და ბოლოს სრულიად უპატრონოდ საავადმყოფოში კვდება, ისე რომ ვეღარ ეღირსება საკუთარ სოფელში დაბრუნებას.

გოგიტიძის ეს არჩევანი გასაკვირი არ არის, რადგან როგორც გურულისთვის, ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება, მისი გმირების ცხოვრება, სოციალური გარემო და ხასიათები განსაკუთრებით ახლობელი იყო მისთვის. დიდი ძალისხმევის შედეგად, გერმანე გოგიტიძემ ფილმისთვის საჭირო თანხა მოიპოვა. საქმე ის არის, რომ "იმ დროს კინო ჯერ კიდევ ახალი საქმე იყო და ბევრი არც თვლიდა მას ხელოვნებად". ამასთან, ბიზნესმენებს არ სჯეროდათ, რომ კინო რაიმე მოგებას მოუტანდათ.

საზოგადოდ, ფულის შოვნა სახელოვნებო საქმისთვის ყოველთვის ჭირდა, ახლაც არაფერი შეცვლილა. ერთი ამბავი მახსენდება, თუმცა ის კინოს არ ეხება, მაგრამ არც შორს წასულა მისგან. თურმე 1882 წელს "სამშობლოს" დადგმა გადაწყვიტეს. შეკერეს კოსტიუმები, დაიწყეს რეპეტიციები, მაგრამ დასასრულებლად ბლომად ფული იყო კიდევ საჭირო. ვასო აბაშიძემ და კოტე მესხმა ფულის სათხოვნელად ბანკირ ივანე მუხრან-ბატონს მიმართეს. ისინი სთხოვდნენ ექვსი თვის ვადით 500 მანეთს და დიდხანს უმტკიცებდნენ ამ სპექტაკლისა და ქართული თეატრის აღორძინების ეროვნული საქმის მნიშვნელობას, მაგრამ მუხრანსკიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. სწორედ ამაზე უთქვამს ფიროსმანს, დიდი ფულის პატრონი დიდი ჭკუის პატრონს არ ნიშნავსო.

ჰოდა, ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მოხუცს "სახე სიცილისაგან დაეღმიჭა" და ვასოს ჰკითხა: შენ არ იყავი, გუშინწინ წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო? აბაშიძემ დაუდასტურა. - აბა, ეხლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულს მოგცემთ. ვასო აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა, არ მოელოდა ასე მასხრად აგდებას, წამოსვლაც კი დააპირა, მაგრამ კოტე მესხმა შეაგულიანა: რა გენაღვლება, ეგებ ფული დავაძროთო... ვასომაც არ დააყოვნა, შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: - იფ, კნიაზჯან! "ხეპრე" მოხუცი ნასიამოვნები დარჩა და მათ სპექტაკლისთვის ფული გადმოულაგა.

საბედნიეროდ, იყვნენ ადამიანები, "რომლებსაც ესმოდათ სარგებლობა ჩემს მიერ წამოწყებული საქმისა, როგორიც... ბათლომე კილაძე, ნოე სიხარულიძე (ის სასტუმრო "ვეტცელის" მეპატრონე იყო. - ი. მ.), რომლებსაც ბანკში ჰქონდათ კრედიტი გახსნილი". მათ გოგიტიძეს მისცეს ვექსილები, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს ამ პირებს გოგიტიძის საკმაოდ დიდი თანხა მართებდათ. "ამ თამასუქებს მე ვანაღდებდი ბანკში და შემდეგ თანდათან ვიხდიდი ვალს", - იხსენებდა გოგიტიძე.

ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ თავისი მეგობარი, ქართული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა (ის ფილმის სცენარის ავტორიც გახდა), ალბათ იმ იმედითაც, რომ მასალას კარგად იცნობდა: 1909 წელს პოლიო ირეთელმა (პოლიევტქოს კალანდაძე) ნინოშვილის ამ ნაწარმოებზე პიესა დაწერა, რომელიც წუწუნავამ წარმატებით დადგა თბილისში, ჭიათურასა და ბაქოში. თეატრალური რეჟისორის პროფესიას ალექსანდრე წუწუნავა მოსკოვის სამხატვრო თეატრში კონსტანტინ სტანისლავსკისა და ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ხელმძღვანელობით დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს დაემთხვა. ახალგაზრდა წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და "გვერდიდან იარაღს არ იშორებდა". ჯერ კიდევ საქართველოში იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს და ციხეშიც იჯდა.

მოსკოვში ის სხვა ქართველებთან (მათ შორის იყო მსახიობი ვასილ არაბიძე) და ბოლშევიკ ლეონიდ კრასინის მიერ ორგანიზებულ საბრძოლო რაზმთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის, რომელსაც შავრაზმელები მოსაკლავად დასდევდნენ. სხვათა შორის, გორკის ბინა ბოლშევიკებს იარაღის საწყობად გადაექციათ. იქვე მზადდებოდა ბომბები, დინამიტები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები. სახელოსნოს დაცვა განთქმულ ტერორისტს, კამო ტერ-პეტროსიანს ევალებოდა. იქ არის დამზადებული ე.წ. სტოლიპინის სისტემის დინამიტები, რომელიც პირველად ესერებმა 1906 წლის 12 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრზე, პიოტრ სტოლიპინზე თავდასხმისას გამოიყენეს. მაშინ 100-ზე მეტი კაცი დაზარალდა: 27 ადგილზე დაიღუპა, 33 მძიმედ დაიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.

საქართველოში ალექსანდრე წუწუნავა დაბრუნდა, როგორც დრამატული თეატრის პროფესიონალი რეჟისორი. კინო მისთვის ახალი ხილი იყო, თუმცა, "მეოცე საუკუნის ამ საოცრებასთან" მას "ქრისტინემდეც" ჰქონდა შეხება. შალვა დადიანმა 1909 წელს დაწერა სცენარი ფილმისთვის "ბერიკაობა-ყეენობა". გადაღებისთვის მოსკოვიდან მოიწვია გამოცდილი კინოოპერატორი. მას კონსულტაციას უწევდა ალექსანდრე წუწუნავა. გადმოცემით, ამ ერთნაწილიანი ფილმის დამდგმელი წუწუნავა იყო, სხვა მონაცემებით კი რეჟისორი მიტროფანე კვალიაშვილი გახლდათ. ფილმი გადაიღეს 1909 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სურამთან ახლოს, სოფელ იტრიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმაც (ფილმში მონაწილე ვლადიმერ გვიშიანის მოგონებით, განთქმული მსახიობი, რეჟისორი და ლიტერატორი ვალერიან გუნია ვაჭრის როლს ასრულებდა), ადგილობრივმა და ახლომახლო სოფლებიდან მოსულმა მოსახლეობამაც. "ბერიკაობა-ყეენობა" იყო სოციალური კომედია, რომელშიც ჩართული ყოფილა სახალხო დღესასწაულის სცენები, პანტომიმის ელემენტები, საცირკო რეპრიზები, ფოლკლორული ტექსტები. ეს ფილმი, რომელიც სამწუხაროდ, არ შემონახულა, არის პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დადგმის მცდელობა.

"ქრისტინეს" გადაღებებთან დაკავშირებით წუწუნავა იხსენებდა: "მე, რასაკვირველია ბუნებას მივაშურე, რადგან არ ვიცოდი მონტაჟის ოსტატობა". მონტაჟის ოსტატობაში არა მარტო ეს ყველაზე (სტენლი კუბრიკს რომ დავესესხოთ) "კინემატოგრაფიული ოპერაცია" იგულისხმება, არამედ საკუთრივ კინემატოგრაფიული ხელობა-ოსტატობა. ამის გამო კინოში გამოუცდელმა თეატრისა და ოპერის დიდმა რეჟისორმა 1923 წელს მოსკოვს მიაშურა კინორეჟისურისა და კინოტექნიკის ხელოვნების სრულყოფილად დასაუფლებლად. თუ რა სიმაღლეებს მიაღწია მან ამ დარგში, ნათლად მეტყველებს წუწუნავას შემდგომი ფილმები "ვინ არის დამნაშავე?" და "ჯანყი გურიაში". ფილმის მხატვრად მიიწვიეს მიუნხენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი დიმიტრი შევარდნაძე. ის განაგრძობს წუწუნავასთან მუშაობას ზემოხსენებულ ორ ფილმზეც. მისმა მხატვრულმა ხედვამ და ოსტატობამ, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების სიღრმისეული, ფსიქოლოგიური გახსნისკენ სწრაფვამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ფილმების პლასტიკური სახის შექმნაში.

არსებობს მოსაზრება, რომ პირველ ხანებში ფილმს იღებდა არაპროფესიონალი ოპერატორი, მისი წასვლის ან დათხოვნის შემდეგ ოპერატორად გოგიტიძემ შეარჩია სამხედრო ქრონიკების კინოოპერატორი ალექსანდრე შუგერმანი და დაუკავშირდა მის პირად უფროსს, სიმონ ესაძეს. მაგრამ სამხედრო ოპერატორი სამოქალაქო პირის განკარგულებაში რომ გადასულიყო, ამისთვის ამიერკავკასიის უმაღლესი სარდლობის ნებართვა იყო საჭირო. გოგიტიძემ, როგორც ოზურგეთის საქალაქო სათათბიროს ხმოსანმა, წერილი მისწერა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრს, აკაკი ჩხენკელს და სთხოვა ეშუამდგომლა ოპერატორთან. შუამდგომლობამ გაჭრა. ამის გარდა, სიმონ ესაძემ გოგიტიძეს თავაზიანად დაუთმო გადამღები აპარატი, რომელსაც იგი სხვა ფილმებისთვისაც იყენებდა.

ფილმზე მუშაობა დაიწყო. დიმიტრი შევარდნაძის დის, ნინოს მიერ დედისადმი მიწერილ წერილში (1916 წლის 16 აპრილი) ვკითხულობთ: "დიტოს არ სცალია ჩვენთვის, დაკავებულია. ხვალ თუ დარი დარჩა, 12 საათისათვის სინემას გადაღებას დაიწყებენ, დიდი სამზადისი აქვთ". გერმანე გოგიტიძემ ვიღაც ლიხაურელი გლეხისგან დიდი სამზადი სახლი იყიდა. სახლს ისლის სახურავი გადახადეს და ერთი კედელი მოაცილეს, რათა მზის სინათლეს ადვილად გაენათებია "დათას ღარიბი ოჯახი", იხსენებდა გადაღების თვითმხილველი სიკო დოლიძე. გერმანე გოგიტიძე გახდა რეჟისორის თანაშემწე და ფინანსური განმკარგულებელი. ფილმის გადაღებები თბილისსა და გურიაში მიმდინარეობდა.

პატარა გადამღებ ჯგუფს პრობლემები თავიდანვე გაუჩნდა: ჯერ წუწუნავასა და გოგიტიძეს უთანხმოება მოუვიდათ ქრისტინეს როლის შემსრულებლის შერჩევის საკითხში. გოგიტიძის კანდიდატურა ანეტა ქიქოძე გახლდათ - "ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე", წუწუნავამ კი არჩევანი შეაჩერა ლამის 40 წლის ანეტა (ანტონინა) აბელაშვილზე, მაშინ როცა ქრისტინე 15-16 წლის უნდა ყოფილიყო, და თავისი გაიტანა. "ვერ დავძლიე მისი სიჯიუტე, - დანანებით იძახდა გოგიტიძე, - და ამის გამო აკი წააგო კიდეც ფილმმა". მართლაც, ქრისტინე ნინოშვილის მიხედვით "საშუალოზე ცოტა მომაღლო, ნაკვთად მოყვანილი ტანის ქალი, სწორი, ცოტათი მოგრძო, ლამაზი, ქერა პირისახით, დიდრონი, ცისფერი თვალებით, მათ ზემოთ თეთრ შუბლზე მშვენივრად გადატკეცოდა ისრის მსგავსი წაბლისფერი წარბები. ხშირი თმა წელზე ეყარა". მოკლედ, არც ერთი პარამეტრით "აბელოვას ქალი", როგორც მას გოგიტიძე მოიხსენიებს, არ ესადაგებოდა მთავარ როლს.

წუწუნავამ ანეტა ქიქოძე თითქოსდა იმიტომ დაიწუნა, რომ ის თეატრის სცენაზე წლების მანძილზე თამაშობდა ამ როლს და რეჟისორი შიშობდა, მსახიობს ფილმში თეატრალური შტამპები არ შემოეტანაო. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც. ამბობენ, წუწუნავას აბელაშვილთან რომანი ჰქონდა გაბმული და საყვარელს უარი ვერ უთხრაო. ფილმში ასევე თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი და რეჟისორის და ცეცილია წუწუნავა. "ქრისტინეს" მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი თეატრალური მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გადაღებები პრობლემებით დაიწყო: გურიაში გადაუღებელი წვიმები არ იძლეოდა გადაღების საშუალებას (იმ დროს პავილიონზე საუბარიც არ იყო), ეს კი ზედმეტ ხარჯებს მოითხოვდა, რადგან გოგიტიძეს მსახიობებისათვის ფული უნდა ეხადა, და არავინ უჯერებდა, რომ მას ფული არ ჰქონდა, მეწარმე ხარ და უფულოდ აბა, ფილმს რანაირად იღებო. შემდეგ გოგიტიძე გააწვალეს თბილისელმა მეეტლეებმა - მსახიობების გადაყვანა-გადმოყვანაში მათ დიდძალი თანხა დასცინცლეს პროდიუსერს; ამას დაემატა მოწვეული ოპერატორი შუგერმანი, "გაქნილი არამზადა", რომელიც სულ იმის ცდაში იყო, როგორმე მეტი ფული აეფცქვნა ფინანსური განმკარგულებლისათვის.

შუგერმანი წამდაუწუმ იტყუებოდა, ამდენი და ამდენი ფირი დავხარჯეო და გერმანე გოგიტიძეც, პირველ ხანებში, იძულებული იყო, უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის მოთხოვნებს. ოპერატორი ნერვებს უშლიდა რეჟისორსაც - ის უყურადღებოდ ტოვებდა წუწუნავას მითითებებს, არ იღებდა ეპიზოდებს ისე, როგორც რეჟისორს სურდა, ამიტომაც მათ შორის გაუთავებელი ჩხუბი და კამათი იმართებოდა. "ჩემი ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა და ჩემი თხოვნა, რომ ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დატოვა,…არ გამოვიდაო, - ასე მატყუებდა ოპერატორი, ალბათ აპარატს ხანდახან ცარიელს აჩხაკუნებდა, რომ აფსკი (ფირი) შეენარჩუნებინა". საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გურიის სოფელ აჭში, გადაღებების დროს, მოთმინებიდან გამოსულმა წუწუნავამ, როდესაც მორიგ ტყუილში გამოიჭირა შუგერმანი, იგი თავისი აპარატიანად გორაკიდან დააგორა. მართალია, ისინი იქვე შეარიგა "ხაზეინმა" გოგიტიძემ, მაგრამ მალე ოპერატორი მაინც გააძევა ჯგუფიდან და მის ნაცვლად მიიწვია ალექსანდრე დიღმელოვი, რომელსაც დიდ პატივს სცემდა, როგორც კეთილსინდისიერ, ნიჭიერსა და შრომისმოყვარე პროფესიონალს.

1916 წელს წუწუნავამ ფილმის სამი ნაწილი გადაიღო. პარალელურად, ბაქოს დრამატულ თეატრში დგამდა სპექტაკლებს, ეს კი გადაღების ისედაც რთულ პროცესს აჭიანურებდა. მომდევნო წელს კი ალექსანდრე წუწუნავამ ფილმზე მუშაობა საერთოდ შეწყვიტა და როსტოვში გაემგზავრა, სადაც დრამატულ თეატრთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. როსტოვსა და ბაქოში მისი მოღვაწეობა 1918 წლის ბოლომდე გაგრძელდა. არსებობს მოსაზრება, რომ წუწუნავას ვარიანტი მთავრდებოდა ქრისტინეს თბილისში ჩამოსვლით, ხოლო გოგიტიძეს სურდა, უფრო მეტად გაემძაფრებინა სურათი. ამიტომაც იკისრა რეჟისორის ფუნქციები და ბოლო ორი ნაწილი გადაიღო. "რაღას ვიზამდი, - იხსენებდა გოგიტიძე, - შევურიგდი ბედს და რადგან სხვა გამოსავალი აღარ იყო, გადავწყვიტე მე თვითონ დამემთავრებინა ფილმის გადაღება... რეჟისორიც მე ვიყავი, ადმინისტრატორიც და შავი მუშაც. მახსოვს, რამდენ ოფლს ვღვრიდი, როცა დეკორაციები ამქონდა სახალხო სახლის (ამჟამად მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) სახურავზე, სადაც რამდენიმე ეპიზოდი უნდა გადაგვეღო". შეიძლება ითქვას, რომ პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ორი რეჟისორი - წუწუნავა და გოგიტიძე ჰყავდა.

ფილმის გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა, რაც აუწყა კიდევაც საზოგადოებას ჟურნალმა "თეატრი და ცხოვრებამ" (#39, 8 ოქტომბერი, 1917, გვ. 16). "ქრისტინე" ეკრანებზე გამოსასვლელად უკვე მზად იყო, როცა 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალები შევიდნენ. მათ ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავეს, ჯარი ძარცვავდა, აწიოკებდა მოსახლეობას და ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ადგილზე ხვრეტდა. მათ წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. ამ რაზმებში ცნობილი ფირალებიც შევიდნენ, მაგალითად, მელქისედეკ გუნთაიშვილი და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა მომხდურებს. მელქისედეკის ძმამ აპოლონმა დღიურში ასეთი ჩანაწერი დატოვა: "...თურქეთის მთავარსარდალმა იკითხა... ყოველ ფრონტზედ სიმწყნარე მაქვს და აქანა ვინ არის ასეთი... სულ სროლა არის ყოველდღე და ღამე, რაში არის საქმე, აღარ ვიცი. ამდენი ხალხი, ფრონტიდან მოვდივარ და არ დამკარგვია. მაშინ უთხრენ თურქეთის მთავარსარდალს, რომე ამ ადგილას ცხოვრობს მელქისი გუნთაიშვილი, 40 წლის, ძველი ნიკოლოზის მთავრობას ებრძოდა და რამოდენი ხალხი დაუწყვიტა... ვინ იცის, ძალოვანი ძალას ხმარობდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლენო..." საბოლოოდ, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით ოზურგეთი მტრისგან გაწმინდეს. ოსმალთა თარეშმა გოგიტიძის მთელი ქონება და მასთან ერთად, ფილმის ფირიც შეიწირა. საბედნიეროდ, თბილისში შენახული ნეგატივების წყალობით მოხერხდა მისი აღდგენა და ახალი ასლის დამზადება.

"ქრისტინეს" გადაღების პარალელურად, გერმანე გოგიტიძემ დოკუმენტურ კინოშიც სცადა ბედი. მისი წყალობით არის გადაღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველი კინოკადრები. "ქრისტინესა" და დოკუმენტური ფილმების ("სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა", "დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს") პრემიერა 1919 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე გაიმართა კინოთეატრ "აპოლოში". ფილმს "გულთბილად შეხვდა მაყურებელი და თუმც ენით უთქმელ ტანჯვის საფასურად შეიქმნა იგი, მაინც დამდგმელებს უდიდესი მორალური კმაყოფილება მოგვანიჭა". მაშინ ქართველ საზოგადოებაში არსებობდა ეკრანზე საკუთარი ქვეყნის ცხოვრების ნახვის უდიდესი სურვილი, რისი დაკმაყოფილებაც "ქრისტინემ" ასე თუ ისე შეძლო.

ალექსანდრე წუწუნავა იყო პირველი, ვინც ცდილობდა გაეხსნა ნაციონალური ხასიათი და ხალხის ცხოვრება მაყურებლამდე მოეტანა. ფილმში მშვენივრად არის გადმოცემული ქართული სოფლისა და ქალაქის კოლორიტი, უბრალო ხალხის ცხოვრება, ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები, გლეხობის საყოფაცხოვრებო პირობების ნამდვილი, შეულამაზებელი სურათები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ქრისტინე" აგრძელებდა ადრინდელი ფილმების - "ბერიკაობა-ყეენობის" (თუმცა ის არ შემორჩენილა) და "აკაკის მოგზაურობის" იდეურ ხაზს - ანუ კლასობრივი შერიგების, ურთიერთმიტევებისა და ეროვნული გაერთიანების კონცეფციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შედეგად კიდევ უფრო განმტკიცდა.

გერმანე გოგიტიძემ ამ ფილმით მთელი საქართველო შემოიარა. იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია არ იყო, იგი საბარგო ავტომობილზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა ფილმს მაყურებელს. მიუხედავად ამისა, ფინანსურად ფილმი წამგებიანი აღმოჩნდა. მაგრამ "ქრისტინეს" შემქმნელები მაინც პირველი იყვნენ, მათ გაკაფეს ქართული კინოს მომავლისკენ მიმავალი გზა. ფილმმა გამორჩეული ადგილი დაიკავა მაშინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ქართული მხატვრული კინოს შემდგომ განვითარებას.

ირაკლი მახარაძე ჟურნალი"ისტორიანი",#102