"ჭანუყვაძემ დაწერა მონანიების წერილი და დაწყევლა ყველა, ვინც მას მკვლელობა ჩაადენინა" - ნოე რამიშვილის მკვლელობაში სტალინის ხელიც ერია? - კვირის პალიტრა

"ჭანუყვაძემ დაწერა მონანიების წერილი და დაწყევლა ყველა, ვინც მას მკვლელობა ჩაადენინა" - ნოე რამიშვილის მკვლელობაში სტალინის ხელიც ერია?

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ქართველ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავი ემიგრაციას შეაფარა.

სამშობლოდან გახიზნულთა შორის აღმოჩნდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკური მიმართულება) ერთ-ერთი ლიდერი ნოე რამიშვილი (1881-1930). სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი.

ემიგრაციაში მყოფი ნოე რამიშვილი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. ქვემოთ მოთხრობილია მისი ემიგრანტული მოღვაწეობისა და დაღუპვის გარემოებათა შესახებ.

საფრანგეთში დამკვიდრებული ნოე რამიშვილი თავის მეუღლესთან, მარიამ (მარო) გოგიაშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა ჯერ სენ-კლუში, შემდეგ - ლევილში, 1929 წლიდან კი - ფონტენეი ო როზში (პარიზის მახლობლად).

მატერიალურად შეჭირვებული საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური იძულებული გახდა, თავად დაეწყო მიწის დამუშავება და ოჯახისთვის საჭირო სარჩო-სანოვაგის მოყვანა.

მიუხედავად ამისა, ნოე რამიშვილი განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და პრესაში აქვეყნებდა წერილებს, რომელთა მეშვეობითაც საერ ნოე რამიშვილი თაშორისო საზოგადოებას აცნობდა იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

საგულისხმოა, რომ ნოე რამიშვილმა ჯერ კიდევ 1922 წელს, კონსტანტინოპოლში გამოსცა წიგნი "ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი", რასაც მოჰყვა პარიზში გამოცემული მისი მორიგი წიგნები: 1923 წელს - "რუსული კომუნიზმი და საქართველოს დემოკრატია", 1924 წელს - "საქართველო და რუსეთი", ხოლო 1931 წელს - "დემოკრატიული სოციალიზმი", რომელიც ნოე ჟორდანიას წინასიტყვაობით გამოიცა.

ნოეს უმცროსი ვაჟი - აკაკი რამიშვილი (1916-1999) იგონებდა: "ოჯახში მუდამ ქართულად ვლაპარაკობდით და დედ-მამა წერა-კითხვას "დედა ენით" გვასწავლიდა. ოთხი და-ძმა ვიყავით. ძალიან ჰარმონიული ოჯახი გვქონდა. მამა ბავშვებს გვასწავლიდა ხოლმე ქართულ პატრიოტულ ლექსებს. თვითონაც, როცა რაიმე დოკუმენტზე მუშაობდა, ერთბაშად წამოხტებოდა და ისე გულიანად წამოიძახებდა ორიოდე პატრიოტულ სტრიქონს ჩვენი მგოსნებისა, რომ ტანში ჟრუანტელი გვივლიდა. მერე დაჯდებოდა და განსაკუთრებული ენერგიით განაგრძობდა მუშაობას". საგულისხმოა, რომ ქართული ემიგრანტული მთავრობის წევრთაგან ნოე რამიშვილი ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს ანტისაბჭოური აჯანყების გზით საქართველოს განთავისუფლების იდეას. მოგვიანებით ის აქტიურად ჩაება პოლონეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ანტისაბჭოთა "პრომეთეისტულ" მოძრაობაში.

1930 წლის 7 დეკემბერს, კვირა დღეს, შუადღისას, პარიზის ქუჩაში მიმავალი ნოე რამიშვილი რევოლვერის რამდენიმე გასროლით მოკლა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ. ეს უკანასკნელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ყოფილი ოფიცერი, გურიაში მოქმედი ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმის წევრი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის დროსაც მეთაურობდა ოზურგეთში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებას. პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა. ქართველი ემიგრანტები პარმენ ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ, თუმცა სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კომუნისტი არ იყო და თავისი მოქმედება ახსნა ნოე რამიშვილისადმი პირადი მტრობით. პარმენ ჭანუყვაძე 1930 წლის 14 დეკემბერს ნოე რამიშვილი დაკრძალეს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, საიდანაც მოგვიანებით იგი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

რამიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილში ნოე ჟორდანია წერდა: "ჩვენი მწუხარება უსაზღვროა. მოგვკვეთეს მარჯვენა ხელი, მოგვიკლეს ვერაგულად, ლაჩრულად. მტერმა აიღო ჩვენი ერთი უძლიერესი სიმაგრე, აიღო შიგნიდან. ვაი სირცხვილო, ვაი ველურობავ!".

მკვლევარ დოდო ჭუმბურიძის მოსაზრებით, ნოე რამიშვილის მკვლელი იყო მოსყიდული სსრ კავშირის უშიშროების მიერ.

ნოე რამიშვილის მკვლელობის დეტალები აღწერილი აქვს მის თანმხლებ ემიგრანტს ალექსანდრე (სანდრო) მენაღარიშვილს, რომელიც იგონებდა: "შაბათ საღამოს სახლში ნოეს წერილი დამხვდა, რომელიც პარტიული კრების გამო, კვირას, 14:15 საათზე "პორტორლეანზე" შეხვედრას მთხოვდა. იქ შევხდეთ ერთმანეთს და იქიდან კრებაზე წავიდეთო, - მწერდა. მივედი კაფე "მარეშალ ჟურდენში", სადაც ნოე ახალამოსული დამხვდა. დავსხედით, კრების ზოგიერთ საკითხზე ვიმუსაიფეთ. სამის ნახევარზე მეტროში ჩავსხედით და კრებაზე წავედით. გზაში სულ პარტიულ და ეროვნულ საქმეებზე მსჯელობდა... ამოვედით "პლას დ"იტალიზე" და გობლენის ქუჩას დავყევით. ნოე მარჯვნივ მომყვება.

როდესაც გავუსწორდით XIII უბნის თვითმმართველობასთან მიწის სამუშაოებისთვის აგებულ ჯებირებს, ნოე მეკითხება: "სანდრო! რას ფიქრობ საქართველოში მუშაობის შესახებ?"  უცებ ორჯერ გავარდა რევოლვერი. ქუჩა ხალხითაა გაჭედილი. ხალხი დაფრთხა და ჩვენ ირგვლივ ქუჩა დაცარიელდა... ვხედავ, ნახევარი მეტრი მანძილზე რევოლვერის ტუჩი შუბლში შემომყურებს. ვხედავ, ჭანუყვაძეა! აღარ მიფიქრია და რაც ძალი და ღონე მქონდა, თავი ვაძგერე ნიკაპზე. ამ დროს გავარდა მესამე და შუბლში დამიზნებული ტყვია თავის მარცხენა მხარეს გამეკრა. ვფიქრობ, დაჭრილი ვარ, მაგრამ მკვლელი ხომ ჩემს ხელშია. ერთმანეთს დავეტაკეთ, ვცდილობ, იარაღი ავართვა; ის კი ეძებს შესაფერის მდგომარეობას, რომ ტყვია მომიძღვნას, მომკლას და გაიქცეს (ჩუსტები ეცვა, გასაქცევად მომზადებული იყო). მარცხენა ხელით იარაღიან ხელს ვუჭერ, მინდა დავასუსტო და განვაიარაღო. ნოეს რა დაემართა, არ ვიცი; მე ის დაჭრილი მგონია და აი, ამ დროს, ამ ჭიდილში თვალი მოვკარი, რომ ჩემი ნოე ქვაფენილზე გაშხლართულიყო.

ინფორმაცია ნოე რამიშვილის მკვლელობისა და დაკრძალვის შესახებ, გამოქვეყნებული ფრანგულენოვან ჟურნალში "პრომეთე" ერთი წამით თვალთ დამიბნელდა. ამით ლაჩარმა მკვლელმა ისარგებლა და მომინდომა რევოლვერის ტუჩის საფეთქელზე მოდება, მაგრამ ჩემი დაბნევა წამიერი იყო; ნახულის შთაბეჭდილებით ხელი ავუკარი და მეოთხეც და მეხუთეც ჩემს თავზე გავარდა. ახლა, უკვე ცემით მისუსტებული ჭანუყვაძე დიდ წინააღმდეგობას ვეღარ მიწევს; ერთი გაბრძოლებაც და ის ჩაიკეცა. რევოლვერი ხელთ ჩამივარდა... სიკვდილს უკვე ხალხმა გადაარჩინა. ეს ყველაფერი ოთხ-ხუთ წუთში გათავდა. დასისხლიანებული, ცხვირპირდამტვრეული, მაგრამ სამწუხაროდ ცოცხალი, ლაჩარი ჭანუყვაძე პოლიციამ წაიყვანა. მხოლოდ კომისარიატში გავიგე, რომ ჩემი ძვირფასი ნოე იქვე გარდაცვლილიყო. არც ამოკვნესა, არც ძახილი მისგან არ გამიგონია. ან რომც დაეკვნესა, რას გავიგონებდი, ან რას ვუშველიდი მე უბედური! ვერც ვუშველე, ვერც თავი შევაკალი; ეს მწვავს და მდაგავს, ეს ტკივილებს მიძრავს და მახრჩობს".

აღნიშნული მკვლელობის გარემოებებზე მსჯელობისას ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი, შემდგომში ვერმახტის გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: "ნოე რამიშვილი იყო ყველაზე ძლიერი პარტიული მუშაკი... რადიკალურად მტრულად განწყობილი, ბოლშევიზმი რომ სძულდა, როგორც იდეა. თუ რაიმე კეთდებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საქართველოში, მისი სულისჩამდგმელი იყო... ჭანუყვაძე იყო ემიგრანტი, მენშევიკი, ნოესთან ერთად წასული უცხოეთში. ერთ საღამოს წაჩხუბებულან ძალიან, რომ იტყვიან, ერთმანეთზე გაუწევიათ. ნოე არ იყო გამწევი კაცი, ჭანუყვაძე ყოფილა და ხდება ეს მენშევიკების პარტიულ კრებაზე. მეორე დღეს რამიშვილი მიდიოდა ქუჩაში, პარიზში და მიჰყვებოდა მენაღარიშვილი, კონსტანტინოპოლში ჰყავდათ წარმომადგენლად, მენშევიკი, გავლენიანი, მაგარი ბიჭი...

ჭანუყვაძე მისულა უკნიდან და დაახალა რევოლვერი ზურგში. რა იყო ახლა მოკვლის მიზეზი, წალაპარაკება? მაგას ვინ დაიჯერებს? მერე რა კაცი მოკლა, ანდა რატომ უნდა მოეკლა? პარიზის პრესაში დაწერეს, რომ მოკლული შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩნდაო და წინდები დაკემსილი ჰქონდაო, ე.ი. პატიოსანი კაცი იყოო და მართლაც ასეც იყო. ფაქტია, რომ ჭანუყვაძე იყო საბჭოების დაქირავებული აგენტი".

გამოჩენილ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა შეძრა არა მხოლოდ ქართული ემიგრაცია, არამედ საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების საზოგადოებრიობა. ამას ფართო გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც (შესაბამისი ილუსტრაციების მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ მკვლევარ ირაკლი ირემაძეს).

ნოე რამიშვილის, როგორც მსოფლიო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის მკვლელის გასამართლების პროცესმა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დიდი ინტერესი გამოიწვია. ყოველივე ამის გაშუქებას საფრანგეთის პრესამ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.

პარმენ ჭანუყვაძეს იცავდა ცნობილი ადვოკატი ანრი ტორეზი, კომუნისტური პარტიის ლიდერის მორის ტორეზის ძმა, ხოლო მოკლულის ოჯახის ინტერესებს - თვალსაჩინო იტალიელი ნაფიცი ვექილი მორო დე ჯიაფერი. სასამართლომ მკვლელს მიუსაჯა მაქსიმალური სასჯელი, რაც იშვიათად მომხდარა ამ ქვეყნის იმდროინდელ ცხოვრებაში, როცა საქმე ეხებოდა მკვლელობას პოლიტიკური მოტივით, კერძოდ, - 10 წლით პატიმრობა (სასტიკი იზოლაციით) და 20 წლით გაძევება.

II ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სხედან მარცხნიდან: სეით დევდარიანი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, კარლ კაუცკი და მისი მეუღლე ლუიზა კაუცკი, სილიბისტრო ჯიბლაძე, რაჟდენ არსენიძე. დგანან მარცხნიდან: ოლბერგი (კ. კაუცკის მდივანი), ბიქტორ თევზაია, კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, სარდიონ თევზაძე, ურუშაძე და გრიგოლ ცინცაბაძე (თბილისი, 1920 წ.)

პატიმრობაში მყოფმა პარმენ ჭანუყვაძემ ცოტა ხანში დაწერა მონანიების წერილი, რომელშიც დაწყევლა ყველა, ვინც მას აღნიშნული მკვლელობა ჩაადენინა. არსებობს ცნობა, რომ ის პატიმრობისას ფსიქიკურად შეიშალა და ციხეში გარდაიცვალა, ხოლო მეორე ცნობის თანახმად, იგი არც მანამდე იყო სრულ ჭკუაზე.

აკაკი ნოეს ძე რამიშვილი იგონებდა: ჯან-ღონით სავსე მამაჩემი ჭკუიდან შეშლილი ქართველის ხელით გამოესალმა სიცოცხლეს. ამიერიდან დედა ქართველებს აღარ უშვებდა სახლში, ვლასა მგელაძისა და კოწია კანდელაკის (იგულისხმება ფინანსთა ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. - დ. ჯ.) გარდა". ნოე რამიშვილის მკვლელობას სრულიად განსხვავებული შეფასება მისცეს ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა. მათი აზრით, რამიშვილი სოციალ-დემოკრატთა შიდაპარტიულ დაპირისპირებას შეეწირა.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალში "ახალი ივერია" გამოქვეყნებულ სტატიაში "მენშევიკების მორიგი პროვოკაცია" ამავე პარტიის წევრი ალექსანდრე ცომაია (1907-1956) წერდა: "პოლიტიკური ტერორი ჩვენში თვით მენშევიკებმა შემოიღეს და მათი ბანაკიდან გასროლილი ტყვია უდიდეს ქართველს (იგულისხმება ილია ჭავჭავაძე. - დ. ჯ.) მოხვდა. ასეთი მოვლენები მუდამ ჩვენს გარეშე ხდებოდა და რამიშვილის სამწუხარო მკვლელობაც მენშევიკურ წრეებში ჩაისახა და შესრულდა - მენშევიკმა ჭანუყვაძემ მოკლა მენშევიკი რამიშვილი. თუ ამ მოვლენის მიზეზის ძებნას დაიწყებთ, იგი რა თქმა უნდა, უნდა ვეძებოთ იმ შურისძიებისა და ინტრიგების პოლიტიკაში, რომელსაც მენშევიკები აწარმოებენ და რომლის შედეგად ნოე რამიშვილს ხელით შეეხო ჯერ ალექსანდრე ასათიანი და მერე, მკვლელობის წინა კვირას - თვით ევგენი გეგეჭკორიც. მენშევიკებში გაბატონებული ჯგუფის "პოლიტიკა", ან უკეთ რომ ვსთქვათ, უზნეო ინტრიგების ქსელი იქამდე გაღრმავდა, რომ მეთაურთა შორისაც ერთმანეთის დანდობა არ არის და ერთი მეორეს სამარეს უთხრიან. ხოლო ასეთი მდგომარეობის დამყარებისთვის ყველაზე ენერგიულად თვით რამიშვილი მუშაობდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მენშევიკური პარტიის ზოგიერთ მეთაურთან ერთად, პარტიული მასის უმეტესობაც მის წინააღმდეგ ამხედრდა. ჭანუყვაძეც მენშევიკებში აღზრდილი, მათი მოძღვრებით დაგეშილი და მენშევიკური პარტიის ცნობილი და ერთგული ტერორისტი, ამ გაღიზიანებულ ნერვულ ატმოსფეროში ცხოვრობდა. მაშასადამე, ჭანუყვაძემ მხოლოდ სხვებს დაასწრო და ამით შესაძლოა სხვების სიცოცხლე იხსნა".

თავის სტატიაში ალექსანდრე ცომაია ახმიანებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრთა შორის გაჩენილ ეჭვს, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელობას (და მათ შორის ნოე ჟორდანიას) სურდა დაემალა ამ ტერორისტული აქტის რეალური მიზეზი, რის გამოც ნოე რამიშვილის მკვლელობას ბოლშევიკებს აბრალებდა.

ალექსანდრე ცომაია აცხადებდა, რომ რამიშვილის მკვლელი "ბოლშევიკების აგენტად გამოაცხადეს. ამისათვის კი საჭირო იყო რაიმე საბუთი. ასეთი საბუთი ნოე ჟორდანიამ იოლად იშოვა - ეს იყო ცოცხალი მოწმე, - ვინმე ქერქაძე. ჟორდანიას თვალის ჩინი, ვიღაც მენაღარიშვილი მიდის ქერქაძის ბინაზე, მიჰყავს ის საქართველოს საელჩოში, სადაც მოთავსებულია მენშევიკური პარტიის ბიურო და შალვა ბერიშვილთან (ნოე რამიშვილის დისწული) ერთად აშინებს გადასახლებითა და მოკვლით - "ხო იცი, რამიშვილიზა 100 კაცს დავხოცავთო". მუქარით შეშინებული უპიროვნო ქმნილება ხელს აწერს უკვე დამზადებულ წერილზე (იხ. ქერქაძის ჩვენება პრეფექტურაში), კისრულობს თქვას, თითქოს ჭანუყვაძესთან ერთად ორჯერ იყო ბოლშევიკების საელჩოში. მაგრამ ამ ყალბი მოწმობის შემდეგ, ამ საცოდავ არსებას სინდისი აწუხებს და ეძებს გამოსავალს. ვისაც ხვდება - არამენშევიკს, უამბობს თავგადასავალს და ტირილით დახმარებას სთხოვს: "შემაშინეს, მოკვლით დამემუქრნენ და ცრუ მოწმობა მაკისრებინეს. მიშველეთ, თორემ ამის გამხელისათვის უსათუოდ მომკლავენო". ამ თხოვნით მიმართავს ქერქაძე რამიშვილით უკმაყოფილო მენშევიკებსაც (ამას მოწმობს სხვებთან ერთად ბევრი მენშევიკიც). ამავე თხოვნით მიდის ის ჩვენს პარტიულ მეგობართანაც და ამნაირად თვალწინ გვეშლება ჟორდანია-მენაღარიშვილის მიერ უბადრუკად ჩაწყობილი კრიმინალური დანაშაული".

საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა მკვლელობის რეალური მოტივის დადგენა. პარმენ ჭანუყვაძემ უარყო თავისი კომუნისტობა და საკუთარი მოქმედება ახსნა ნოე რამიშვილისადმი პირადი შურისძიებით, რაც ვითომდაც გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის მხრიდან მისი დევნით.

არსებობს ვარაუდი, რომ ნოე რამიშვილის მკვლელობით პირადად იყო დაინტერესებული იმდროინდელი სსრ კავშირის უზენაესი ხელისუფალი იოსებ სტალინი (1878-1953). მას კატეგორიულად არ სურდა, რომ რამიშვილს დაეწერა ნაშრომი საქართველოში სოციალური მოძრაობის ისტორიის შესახებ. ამ მიზნით მან საფრანგეთში გაგზავნა საგანგებო აგენტი, რომელსაც ნოესთვის ხსენებული ნაშრომის შექმნა უნდა გადაეფიქრებინა. ამ მცდელობას საბჭოეთის ბელადისთვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.

ნოე რამიშვილის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე

მკვლევარი გურამ ყორანაშვილი აღნიშნავს: "როგორც უცხოეთში საბჭოთა დაზვერვის ყოფილი უფროსი, შემდგომში სსრ კავშირიდან გაქცეული ალექსანდრ ორლოვი (ფელდბინი) წერდა, როცა 1926 წელს, იგი, ვითარცა ГПУ-ს უცხოეთის განყოფილების უფროსი, პარიზში მიავლინეს. იქაურ საბჭოთა საელჩოში შეხვდა ძველ ამხანაგს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ცაგარელის გვარით იყო შეგზავნილი პირდაპირ სტალინის დავალების აღსასრულებლად - კონტაქტში შესულიყო "ქართველ რევოლუციონერ" ნოე რამიშვილთან, რათა უკანასკნელს თავი დაეოკებინა და შეეწყვიტა მცდელობა საქართველოში სოციალური მოძრაობის ისტორიის დაწერისა. მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ნოე რამიშვილის დაყოლიება ვერ მოუხერხებია. იქნებ ეს იყო უმთავრესი მიზეზი მისი რეპრესიისა (დახვრეტისა) დიდი საბჭოური ტერორის დროს? საბჭოთა ხელისუფლებმა, პირადად იოსებ სტალინმა, საწადელს მაინც მიაღწიეს თავიანთი აგენტის, ქართველი პოლიტემიგრანტის პარმენ ჭანუყვაძის ხელით".

* * *

საქართველოს პირველი რესპუბლიკის თვალსაჩინო მოღვაწემ - ემიგრაციაში მყოფმა ნოე რამიშვილმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. მისი მოკვლის გარემოებათა შესახებ განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ემიგრანტული პრესა, მემუარული და სამეცნიერო ლიტერატურა.

მიუხედავად ამისა, ერთი რამ უდავოა - ნოე რამიშვილი, ისევე როგორც 1926 წელს გრიგოლ ვეშაპელი, პოლიტიკური შინაარსის მქონე ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. ეს იყო რიგით მეორე ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გახიზნულ ქართველ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა მიმართ.

დავით ჯავახიშვილი

ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ჟურნალი "ისტორიანი" #103

იხილეთ ასევე: