ლიხთიმერეთის მწყემსმთავრებს ზოგჯერ "ხობის კათალიკოსებს" უწოდებდნენ - ერთი საინტერესო დოკუმენტი ხობის მონასტრის შესახებ
ლიხთიმერეთის მწყემსმთავრებს ზოგჯერ "ხობის კათალიკოსებს" უწოდებდნენ - ერთი საინტერესო დოკუმენტი ხობის მონასტრის შესახებ
ხობის მონასტერს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. მისმა განსაკუთრებულმა ფუნქციამ, აქ დაცული სიწმინდეების მნიშვნელობამ და აქ მოღვაწე სასულიერო პირთა როლმა განაპირობა, რომ ხობში საეკლესიო ცხოვრება და მონასტრის მოწყობის წესი ხშირად გამორჩეული იყო, ხობში ხომ რამდენიმე სახეობის საეკლესიო ორგანიზაციამ მოიყარა თავი...

უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, გახლავთ ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, დათარიღებული 1212-1222 წლებით. აქ ვხედავთ ცოტნე დადიანის ოჯახის წევრებსა და ახლობელ პირებს. მათ შორის ხობის წინამძღვარ ეგნატეს.
XIV-XV საუკუნეების
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხობი ამ პერიოდში საეპისკოპოსო კათედრა იყო. პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი. იგი დახატულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელებაპყრობილი.

XVI საუკუნეში ხობის კათედრა ოსმალებს აუოხრებიათ, ამაზე მეტყველებს ხობელ ნიკოლოზ წულიკიძის შეწირულობის წიგნი. თათართა მიერ ხობის ტაძრის აოხრებას, თეიმურაზ ჯოჯუას აზრით, 1553-1554 წლებში კათედრაში სასულიერო
ცხოვრებისა და აქ მოქმედი საკათალიკოსო რეზიდენციის მოშლა მოჰყვა: "სავარაუდოა, რომ ლიხთიმერეთის მწყემსმთავრებმა საერთოდ მიატოვეს აქ მოქმედი საკათალიკოსო რეზიდენცია და მონასტერიც უშუალოდ ხობელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში გადავიდა".

XVII საუკუნეში ხობში მნიშვნელოვანი საეკლესიო-ადმინისტრაციული ცვლილებები მოხდა. არქანჯელო ლამბერტის თქმით: "ხობსა და კიდევ ხუთ დანარჩენ ტაძარს წინათ ჰყავდათ ეპისკოპოსები და ახლა გადაკეთებულია მონასტრებად".
როგორც ცნობილია, აფხაზეთის კათალიკოს დავით ნემსაძეს (1673-1693) ლევან III დადიანმა საკათალიკოსო საყდრად ხობი იმ მიზეზით გადასცა, რომ ოდიშში ამ უმაღლეს იერარქს არ ჰქონია საკუთარი ტაძარი და "ხან ერთ ეპისკოპოსს ჩაუდგებოდა შინ და ხან მეორეს". მთავარი თავის გადაწყვეტილებას არგუმენტითაც ამაგრებდა - თურმე ხობი ადრეც ბიჭვინთას შეწირული ყოფილა. ამიტომ ისტორიის ერთი მონაკვეთი ლიხთიმერეთის მწყემსმთავრები, ბიჭვინთის პარალელურად, ხობში მოსაყდრეობდნენ და "ხობის კათალიკოსის" საეკლესიო ტიტულს ატარებდნენ.


აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი; თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის, ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვ.
ტაძრის ასეთი საინტერესო ისტორია და მდიდარი საგანძური ბუნებრივია, იზიდავდა ქართველ მკვლევართ. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ცნობილი პოეტი, დრამატურგი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი რაფიელ ერისთავი, რომელსაც შეუსწავლია და აღუწერია ხობის ტაძარი. ხელნაწერი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და სავარაუდოდ, 1857-1867 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი, მაშინ როცა ერისთავი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა.

დოკუმენტი ბევრ საინტერესო და ჩვენთვის უცნობ ფაქტს აღწერს, ამიტომაც მას სრულად ვაქვეყნებთ:
"მონასტერი ხობისა ღმრთის მშობლის მიძინებისა
ესე მონასტერი მდებარე არს კერძოსა სამეგრელოსა მაზრასა ზუგდიდისასა მარჯვნით ქუთაისით ზუგდიდისავე გზისა, მაღალსა თვალ საჩენსა ადგილსა ზედა, რომელი შორავს შავს ზღვასა 30-ის ვერსტითა, სადაცა ყოვლით კერძო იხილვებიან, მთანი მაღალნი, ვითარ იგი, სამინგრელოისა, სვანეთისა, ახალ ციხისა და გურიისა და ბათომისანი, მაღლის ხეებით და ტყით ვიდრე შავ ზღვამდეს, სადაცა აღმსვლელი სამრეკლოისა იხილავს თვით ზღვასაცა დროსა ზამთრისასა. მონასტერი ესე არს დიდ-შენი თლილის ქვით და გრეხილებით ყოვლად მშვენიერად გებული სიონისა, რომელიცა შიგნიდამ არს სიგრძით ცხრა საჟენი, სივრცით 7½ საჟენი. ამა მონასტრისა ცა შენებულ არს ოთხკუთხედ კამარედად ექუსთა თლილის ქვის სვეტთა ზედა.


კანკელი მისი არს ორთა წინა სვეტთა შორის გაჯით შენებული და გამოჭრილი ექუსთა გაჯითვე მრგვალის სუეტებთა შორის კამარედადვე, რომელსა შინა სხედნან ხატნი ოქროცურვილნი, გვირგვინით თვალ-მარგარიტით შემკულნი და სხვანი, რომელნიმე ფიცარსა და რომელნიმე ტილოზედ ნახატნი; საკურთხეველი მოფენილ არს მარმარილოს ქვებით ერთად ამბიონითა. წმიდა ტრაპეზი მისი არს ერთი ფიქალი მარმარილოსავე, რომელიცა სიგრძით არს 1 ადლი და 2 ჩარექი, განით 1 ადლი და 2 ჩარექი; ხოლო ქონან საკურთხეველსა ამას ორისავე მხრით ეკვდერნი კანკელიანნი მექონნი თითოს სარკმლისა, ერთი მათგანი მარცხნივ კერძო არს სამკვეთლოდ. ყოვლად ამა მონასტერსა აქუსს მარჯვნივ საკურთხევლისა ეკვდერი ზედ მიდგმული გარედამ, რომელიცა დახატულ არს ბერძნულის მხატრობით, რომელსა შინა არა არს საღმრთო მსახურება, გარნა მხოლოდ არს სალაროდ ამა მონასტრისა, რომელშიცა დამარხულ არიან თავადნი ჯაიანნი. სამხრეთით კერძო ამა ...

ეკვდრისა ჩასმულ არიან რვანნი დიდროანნი მრგვალნი სვეტნი მარმარილოსანი, მშვენიერის ხელოვნებით ფიგურად მოჭრილნი და მასთანავე ხუთნი ფიქალნი მარმარილოსავე, თითოეული მათგანნი არს სიმაღლით 2½ ადლი, განით 1½ ადლი. სადაცა მიმსვლელი მონასტრად პირველად იხილავს მარმარილოს სვეტთა და ფიქალთა ამათ, რომელნიცა მოღებულ არიან საუკუნესა შინა ჯიქეთით და ალანეთითგან მეფეთა მეფისა ვამეყ დადიანის მიერ; რაზედაცა ერთსა მათგანსა ფიქალსა ზედა გამოწერილ არს ესრეთ: "სახელითა ღვთისათა, თანა ერისთავმან და მანდატურთუხუცესმა დადიანმა ვამეყ! მამისა მათისა პატრონისა, ერისთავთ ერისთავისა დადიანისა გიორგის, შედგა და მიუხდა ჯიქეთს და ალანეთს ურწმუნოებისა და ორგულებისათვის, რათამცა მოემსაყრა და სძლო და შეურაცხ- და უხარ იქმნა, მათი სიმაგრენი გაგარი და უღაღნი, ყოველნი ძალითა მოირჭვნა, მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგანმან, მივლი მოარბივნა, რაოდენი მოეწყო მათი მძევალნი წარმოასხნა და სხვანი აოტნა და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმარილოსანი და მამა დედათა ლარნაკი და მისი დამრეხი გაერთა საუკუნო ხსენება მათი.
აქა დამარხულ არს ესე დადიანი ვამეყ! ძე გიორგი პირველისა მამისათანა თვისისა ჩრდილოთ კერძო სამკვეთლოს კარისა".

სამრეკლო არს სამხრეთით კერძო ორ ატაჟად გუმბათიანი თლილის ქვითკირით, მტკიცედ და შეურყევლად გებული, სადაცა აღსრულსა და მუნით შორთა ადგილთა გამჭვრეტთა წარმოუდგებიან, თვალთა სასიამოვნონი სახილველობანი, მთანი, ვაკენი ვრცელნი, მაღალ-ხეტყიანნი დაბანი, ჩრდილოთ და დასავლეთ მდინარე ხობი, რომელი შორავს ნახევრის ვერსტითა ოდენ. მინდორნი ყვავილთა და ყანათა მიერ განშუენებულნი; მდინარე ესე ჩაერთვის რედუდ კალეში შავს ზღვასა; თვინიერ კალმახისა ზის მას შინა სხვადასხვა თევზნი.

ესე მონასტერი აღაშენა ღვთივგვირგვინოსანმან მეფეთა მეფეთმან, ერისთავთ ერისთავმან და მანდატურთუხუცესმა დადიანმა გიორგი პირველმა 6-სა საუკუნესა შინა. სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღვთის მშობლისასა, რომლისაგან შეწირულ არიან არა მცირედნი ყმანი და მამულნი, რომელიცა შთაბარებულ არს მეუფისა და მღვდელთ მოძღვრის აფხაზეთის და ჩრდილოეთის კათალიკოზის ილარიონისადმი. და პატრონისა კათალიკოზის გრიგორ ლორთქიფანიძისადმი. შედგომად ჟამთა ვითარებისა და წელთა გარდასულისა და დღეთა ცვალებისა გამო ეკლესია ესე დაბანი და ველით გარდაქცეულ არს დიდ ტყედ და სრულიად უდაბურად აოხრებისა გამო თათართაგან 10 საუკუნესა შინა. ყოვლად განვლისა რამდენდამე წელთა გამო იგი იხარა მეხუთემან შთამომავლობამან გიორგი პირველისა. მეფემან დადიანმა ლეონ პირველმა, რომელ ეკლესიასა მას შინა დამარხულ არიან გვამნი პაპათა და პაპის პაპათა მისთანი, ყოვლად სანატრელთა გიორგი პირველისა, ვამეყ, შერგირ და სამადვალეთა. ამათ ოთხთა ღვთივ პატივ-ცემულთა და გვირგვინოსანთა საფლავი განახლებულ არს ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელის ლეონის მიერ ქორონიკონსა სჟვ სა. დადგენილ არს მას შინა კათალიკოზად იოკიმე კაცი ღირსი ნეტარებისა. შემდგომად მისსა მონასტერი ესე იყო საკათალიკოზოდ ვიდრე მეათესა საუკუნემდინ.


მონასტერი ეგე ერთად კარის ბჭით შიგნიდამ სრულიად დახატულ არს ბერძნის მხატრობით 12 საუკუნესა შინა ხობელ კათალიკოზის ნიკოლოზისა მიერ წულუკიძისა, ვიდრე აქამომდე ცხოვლად დაშთენილნი. სადაცა გამოხატულ არს იგი ესე კათალიკოზი მანტია კვერთხით წინარე სვეტზედ ჩრდილოთ კერძო, რომელიცა მჩვენებელი ხელითა წარწერითა ამით: "ხობელმა კათალიკოზმა ნიკოლოზ დავახატვინე საყდარი ესე ჩემის სულის საცხოვნებლად". ყოვლადცა არიან დახატულნი საჩინონი იგი გვამნი, კათალიკოზი ილარიონი, მარჯვნივ ერისთავთ ერისთავი შერგირ დადიანი, ძე მათი ცოტნე, დიოფალთ-დიოფალი თეონილა. ასული მისი თამარი. დედა და ასულნი ესე დახატულ არიან მოწამეობის გვირგვინით. ხოლო მარცხნივ დადიანი და მანდატურთუხუცესი გიორგი! ესეცა მქონებელი ხელსა შინა ეკლესიისა და მოწერილობითა ესრეთ: "ამა საყდრის აღმაშენებელი ერისთავთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდოს ღმერთამან, ამინ".

დადიანი ლეონ პირველი. დედოფალი თინათინ ამა ორთა შორის ძე მათი ბატონისშვილი მანუჩარი. მონასტერსა ამას შინა მსვენარებენ წმიდანი ხატნი ძველის ხელოვნებით ვეცხლით შეძერწილნი და მოზაიკი ოქროცურვილნი, უხვებით თვალ მარგარიტით შემკულნი ვიდრე ათუთხმეტამდინ, რომელნიცა შემკობილან და რომელნიმე განახლებულ არიან ძველთა მეფეთა მეფისა დავითისა ძისა რუსუდანისა, მეფისა ლეონის მიერ და მეფისა და დედოფლისა თამარისა მიერ, ასულისა გიორგისა. ერისთავთ ერისთავის შერგირ და ბედან დადიანთა მიერ. დიოფალთ დიოფალის ქართლის ერისთავის ასულის ხვაშაქისაგან. სამინგრელოს და აფხაზეთის მპყრობელის პატრონის ლეონ დადიანისა. ბატონისშვილის გიორგისა და მეუღლისა მისისა თამარისა. დიდისა მეფეთა მეფის შვილის შვილისა ლიპარის დადიანისა ასმარეხისა და ბორდოხან დედოფლისა, და საყვარელი ძისა ბაგრატოანის ანდრიას მიერ.

კვლავადცა ამას მონასტერსა მსვენარებს კვართი ყოვლად წმიდისა უმეტესად კურთხეულისა ღვთისმშობლისა, ერთსა ვეცხლით შეძერწილს ოქრო ცურვილის და თვალმარგარიტით შემკულსა კუბოსა შინა 1813 წლისასა განუხრწნელად დაცული. ამა კუბოსა შინა ყოვლად მსვენარებენ წმიდანი ნაწილნი, მარჯვენა მკლავი ხუთისავე თითებით წმიდისა დიდისა მოწამისა მარინასი განუხრწნელი 1603 წლისასა. რომელი იყო ანტიოქიიდგან პისიდიისა ასული ედესიისა კერპთა მღუდელისა, შემდგომად ათუთხმეტისა წლისა იქმნა ქრისტიანე და იწამა ქრისტესთვის ლომბრიოს მთავრისა მიერ. და წმიდისა მოწამისა ივლიტასი ხელი ხუთისავე თითებით, რომელიცა ხელი სამის წლის ყრმისა. მონასტერსა ამას შინა მსვენარებს ძელი ცხოველი ოქროთ შეძერწილი და სხვანი წმიდათა ნაწილნი არა მცირედნი. კუბო იგი კვართისა შემკობილ არს გურიელის შვილის მალაქიას და დადიანისა პატრონისა ლეონის მიერ საუკუნო სახსენებელად სულისა დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა ასულისა ჭილაძისასა. ქორონიკონსა ტკÀ-სა აქა ყოვლად მსვენარებს ჯვარი დიდი ვერცხლისა, ოქროცურვილი, თვალ მარგარიტით შემკული, რომელზედაცა გამოწერილ არს ესრეთ: "პატიოსანო ჯვარო, ადიდე უძლეველი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავით, და შემიწყალე მე გრიგორ".

ამა მონასტერსა ქონან სამკაულნი ახალნი და ძველნი საკმაოდ, გარნა ნაკლულევან არს ახლისა შესამოსლითა. ეგრეთვე ბიბლიოტიკა და ძველნი წერილნი. წმიდა სახარება, რომელიც მსვენარებს წმიდასა ტრაპეზსა შინა ვეცხლისა ოქროცურვილი თვლებით შემკობილი ორკერძოთვე გამოხატულებანი აღდგომისა და ჯვარცმისანი. მას შინა სახარება ქაღალდზედ ნაწერი, რომელშიცა წარწერილ არს ესრეთ: "ჰოი, ესე იესე ვსწერ მსხემობასა შინა დუშეთს თუ მეცნიერნი ხართ შემინდობთ ნოიმან დახშულსა ცდომილთათვის. ქორონიკონსა ულე სა". ეგრეთვე გულანზედ დაწერილ არს: "სრულ იქმნა წმიდა ესე თქვენი ბრძანებითა აფხაზეთის კათალიკოზისა ჩრდილოეთის განმანათლებელისა პატრონის ევდომოსათა. მრავალჟამიერ ყავ სახიერო და მრავალ მოწყალეო ღმერთო და მშვიდობით ახმარე სიგრძესა შინა ჟამთასა ამინ". აქა დამარხულ არიან საჩინონი გვამნი, კათალიკოზნი, ილარიონ, იოკიმე, ნიკოლოზ წულუკიძე, გრიგორ ლორთქიფანიძე, მთავარეპისკოპოსი ევთიმი ფაღავა და კატალიკოზი მაქსიმე. სამინგრელოს თავადნი ჩიჩუანი, რომელთაგანცა არიან შეწირულნი რაოდენიმე კომლნი გლეხნი.

ყმათა და მამულთა ამას მონასტრისადმი კუთვნილთა ფლობდეს მეურნენი მისნი ოთხას სამოცდაათს გლეხთა, ვითარცა მკვიდრნი მეპატრონენი და მათგან იზრდებოდნენ უდრტვინველად ძმანიცა ვიდრე 1857 წლამდის, გარნა მას წელსა განკარგულებისამებრ მთავრობისა ყოველნი იგი შევიდენ სამოქალაქოს დამოკიდებულებისადმი; ხოლო ფული მათზედ შეწერილი 255-ის მანეთისამებრ დაწესებულ არს მიიქცეს სამინგრელოს საეკლესიო საზოგადო შემოსავალსა თანა. ყოვლადცა ქონან ადგილნი ვენახიანნი, საყანე, სანადირო, სათივე, საფიცრე, სათევზე, საწვნელე, საისლე და სხვანი მრავალ გვარნი სარგებლობანი, რომელნიცა შევიდენ მასვე წელსა ყოვლენი ესე სამოქალაქო დამოკიდებულებასა შინა და ამათ ყოველთათვის თავისუფალ არს წინამძღვარი მონასტრისაი. აწმყო დროზედ მონასტერი ესე შერაცხულ არს პირველ კლასის მონასტრად, რომელიც ძველადვე იყო სამინგრელოს მონასტერთა შორის უპირველესი, სადაცა მებრ შტატისა დაწესებულ არს ერთი წინამძღვარი - 6 მღვდელმონაზონი, ერთი იეროდიაკონი და ოთხნი მორჩილნი. რომელთაცა დაუწესათ ჯამაგირები საცხოვრებლად აწინდელთა დროთა შინა წელიწადში. წინამძღვარს 60 თუმანი. მღვდელმონაზონს 7 თუმანი. იეროდიაკონს 6 თუმანი და მორჩილს 4 თუმანი და სცხოვრობენ ვითარცა სასყიდლით დადგინებულნი.


მონასტერსა ამას მართლმორწმუნენი ერნი შორიელნი და მახლობელნი დიდად ესვენ, რომელნიცა ჩუეულ არიან მოსლვად აქა და დღესასწაულობად 13 აგვისტოს რიცხვით ათუექვსმეტამდინ, სადაცა მომსვლელთა მხურვალის სარწმუნოებისა თანა მოქონან კეთილშესაწირავნი. რომელსაცა სხუათა უფროის ესვენ მას ვითარცა მფარველსა და მიზეზსა კეთილდღეობისა მათისასა.

დღესა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლის მიძინებისასა, შემდგომად სრულყოფისა საღმრთოს ლიტურგიისა, საკურთხევლიდან გამოისვენების კვართის კუბო იგი შესამოსლით სამღვდელოთა მიერ წინაძღომითა ლამპართათა და კმევითა, სადაცა მისთვის მომზადებულსა ანალოღიაზედ სამკალ ეკლესიისა დაისვენების და დაიწყება სავედრებელი ლოცვა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, მუხლდადგომით და კმევით. სადაცა მუნ მდგომარენიცა ერნი აღავლენენ მხურვალის სარწმუნეობით ვედრებასა ღვთისმშობლისა მიმართ.

შემდგომად, დასრულებისა სავედრებელის ლოცვისა, სამგზის მეტანიითა ამბორს უყოფენ, ვითარცა სამღვდელონი, ეგრეთვე მუნ მდგომარენი არა მცირედნი ერნი, პირველად კვართსა მას და მერმე ნაწილთა მათ წმიდათა მოწამეთა მარინა და ივლიტასთა. მირთმევითა შესაწირავთათა, რომელნიმე ოქროსა და ვეცხლის თვლიან ბეჭედსა, რომელნიმე ვეცხლსა და რომელნიმე ფულთა, ყოვლნი იგი დაიცვებიან მისადამი გარდა საპარავლისას ფულთა. შემდგომად დღესასწაულობის ყოფისა წარვლენან მმადლობელნი ღვთისადმი კაცად კაცადი სახიდ თვისა".

გიორგი კალანდია
ხელოვნების სასახლის დირექტორი, პროფესორი
ჟურნალი "ისტორიანი",#103
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?