ემიგრაციაში შექმნილი ქართული ჯილდოების პროექტები - როგორ წარმოედგინათ ქართველ ემიგრანტებს ეროვნული ჯილდოები - კვირის პალიტრა

ემიგრაციაში შექმნილი ქართული ჯილდოების პროექტები - როგორ წარმოედგინათ ქართველ ემიგრანტებს ეროვნული ჯილდოები

XX საუკუნის 20-50-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს ცალკეული ჯილდოების პროექტები, რომლებიც მთელ რიგ მიზეზთა გამო, ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროექტები ფრიად საგულისხმო მოვლენას წარმოადგენს ეროვნული ჯილდოთმცოდნეობის ისტორიისთვის.

ქვემოთ მოთხრობილია ამგვარი ორი ფაქტის თაობაზე. პირველი მოხდა XX საუკუნის 20-30-იან წლებში - საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ხოლო მეორე - იმავე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნხენში.

ქართული ორდენის

პარიზული პროექტი

საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებით გასაბჭოების (1921 წ.) შემდეგ, ემიგრაციაში გახიზნულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა სამშობლოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა ევროპიდანაც განაგრძეს.

1924 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში მომხდარი სახალხო აჯანყების დამარცხებისა და მისი სისხლში ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა დაუნდობელი რეპრესიები განახორციელა. ასეთ ვითარებაში საქართველოში ახალი ანტისაბჭოთა ამბოხების მოწყობაზე ფიქრიც კი აღარ შეიძლებოდა.

საფრანგეთის დედაქალაქში თავშეფარებულმა საქართველოს დევნილმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბრძოლა დიპლომატიური მეთოდებით განეგრძო. დაისვა საკითხი, რომ საქართველოს განთავისუფლების პრობლემით უფრო აქტიურად დაეინტერესებინათ დასავლეთი ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველი წრეები.

იმ პროპაგანდისტული საქმიანობის თაობაზე, რომელიც საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ გაშალა საბჭოური აგრესიის სამხილებლად და ქართველი ერის თავისუფლებისკენ მისწრაფების საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მოთხრობილია კონსტანტინე გვარჯალაძის წიგნში "საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში" (პარიზი, 1936) და სხვა ნაშრომებში.

საქართველოს დეოკუპაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის უცხოეთში წამოწყებული საქმიანობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა 1921-1933 წლებში. იმ პერიოდში პარიზში მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩო, როგორც სუვერენული ქვეყნის ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა. საელჩოს უნარიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩი აკაკი ჩხენკელი (1874-1959) - პირველი ქართული რესპუბლიკის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

სამწუხაროდ, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მოთხოვნით, პარიზში აკრედიტებულმა საქართველოს საელჩომ 1933 წლიდან საქმიანობა შეწყვიტა.

სწორედ ზემოხსენებულ პერიოდში უნდა იყოს შემუშავებული პროექტი ორდენისა "საქართველოს თავისუფლებისათვის". იგი შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის დადგენილებით. ამ პროექტის ნიმუში ინახება ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ჩამოტანილ ფონდებში, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში (#1088). მისი მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით სამხედრო ისტორიკოს მამუკა წურწუმიას.

ორდენის - "საქართველოს თავისუფლებისათვის" პროექტი ფრიად საყურადღებოა მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით. საორდენო ნიშანზე გამოსახულია ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელსაც მარცხენა ხელი გამარჯვების ნიშნად მაღლა აღუმართავს, ხოლო მარჯვენით ძირს დაშვებული მახვილი უპყრია. იგი სიმბოლურად განასახიერებს ბოლშევიზმისგან განთავისუფლებულ საქართველოს სახელმწიფოს. ქალის ფერხთით ყრია დამსხვრეული ხუნდები, როგორც სიმბოლო დამხობილი საოკუპაციო რეჟიმისა. ზურგს უკან მოჩანს საქართველოს აყვავებული სანახები, რომელსაც თავს ამომავალი მზე დანათის. საორდენო ნიშნის ზედა არეზე არის ლათინური წარწერა: PRO GEORGIA LIBERTATE ანუ "საქართველოს თავისუფლებისათვის".

ზემოთ განხილული ჯილდოს პროექტი კომპოზიციურად ენათესავება გამოჩენილი ფრანგი ფერმწერისა და გრაფიკოსის ფერდინანდ ვიქტორ ეჟენ დელაკრუას (1798-1863) მხატვრული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმშვენიერეს ნიმუშს - 1830 წლის ივლისში მომხდარი საფრანგეთის რევოლუციის ზეგავლენით შექმნილ ტილოს "თავისუფლება ბარიკადებზე". ოღონდ, თუ დელაკრუას შედევრზე თავისუფლების ალეგორიული ფიგურა წარმოდგენილია მშვენიერი ფრანგი ქალის სახით, ქართული ორდენის პროექტზე მსგავსი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ფიგურად ქართველი მანდილოსანი გვევლინება.

ამ ჯილდოს უნდა ჰქონოდა თავისი მეორე საორდენო ნიშანიც - ჯვარი, როგორც ეს მიღებული იყო იმდროინდელ ევროპულ ჯილდოთა სისტემაში.

საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მიერ 1922 წელს ლევილში შეძენილი მამული

ფრანგულ ენაზე შედგენილ ხსენებული ორდენით დაჯილდოების დამადასტურებელი შესაბამისი სიგელის ნიმუშში ვკითხულობთ:

"საქართველოს რესპუბლიკა. მთავრობის თავმჯდომარე. პარიზი.

ბატონო ...

უდიდესი სიამოვნებით გადმოგცემთ ორდენს PRO GEORGIA LIBERTATE ("საქართველოს თავისუფლებისათვის"), რომლითაც თქვენ დაგაჯილდოვათ საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ამა წლის ...

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ მთავრობას სურს აღნიშნოს თქვენი დიდი დამსახურება საქართველოს განთავისუფლების საქმეში. აგრეთვე, ის გამორჩეული ინტერესი, რაც თქვენ გამოიჩინეთ იმ ერისადმი, რომელმაც დამპყრობლის უღლის ქვეშ მყოფმა გადაიტანა მრავალი გაჭირვება. ასევე აღნიშნოს სოციალური მნიშვნელობა თქვენს მიერ გამოვლენილი ინიციატივისა, რომლითაც შეიქმნა და განმტკიცდა ქართველი ერის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და რომელმაც გააძლიერა სიმპათია მისი ათასწლოვანი ისტორიისა და ეროვნული კულტურისადმი.

ჩვენი მთავრობა თავის წმინდა მოვალეობად მიიჩნევს აღნიშნოს თქვენი დამსახურება ამ ორდენით დაჯილდოებით. იგი იტოვებს უფლებას, რომ საქართველოს განთავისუფლების შემდეგ უფრო ღირსეულად დააფასოს თქვენი მცდელობისა და პიროვნების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

მიიღეთ ბატონო ჩემო, ნიშნად მადლიერებისა და უღრმესი პატივისცემისა.

საქართველოს ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე".

მოყვანილი დოკუმენტიდან ჩანს, რომ ორდენი "საქართველოს თავისუფლებისათვის" განკუთვნილი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მებრძოლ უცხოელთა დასაჯილდოებლად.

პროექტი ორდენისა "საქართველოს თავისუფლებისათვის" ვერ განხორციელდა და პროექტადვე დარჩა. როგორც ჩანს, ეს განაპირობა პარიზში მოქმედი საქართველოს საელჩოს გაუქმებამ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს მდივანი სოსიპატრე ასათიანი იგონებდა: "საელჩოს არსებობა გაგრძელდა 1933 წლამდე, სანამ ფრანგებმა არ შეჰკრეს ეგრეთ წოდებული "საბჭოებისა და საფრანგეთის პაქტი". ამ პაქტის თანახმად, ხელის მომწერებს, ე.ი. ამ ორ სახელმწიფოს არ შეეძლო გაეჩერებინა თავის ტერიტორიაზე რაიმე ორგანიზაცია, წინააღმდეგი მეორისადმი. თუმცაღა საქართველოს შესახებ არავითარი ლაპარაკი პაქტში არ ყოფილა, მაინც მისი დატოვება პაქტიდან გამომდინარე, შინაარსს არ შეეფერებოდა.

მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენი საელჩო სარგებლობდა ყველა იმ უფლებით, რაც ასეთ დაწესებულებას აქვს მინიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი იყო. ამ 13 წელიწადში უმთავრესი დანიშნულება საელჩოსი იყო ლტოლვილების დაცვა. ამ მხრივ მართლაც დიდი სამსახური გაუწია ამ დაწესებულებამ ქართველ ლტოლვილებს. საელჩო იქცა ცენტრად საზღვარგარეთ ჩვენი მუშაობისა".

ასე რომ, მართალია, პროექტი ორდენისა "საქართველოს თავისუფლებისათვის" ვერ განხორციელდა, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ უცხოელთა დასაჯილდოებლად საგანგებო ორდენის დაწესების ცდა ჩვენი საუკუნის ოციან-ოცდაათიანი წლების პარიზში - ფრიად საგულისხმო ისტორიული ფაქტია ქართული ჯილდოთმცოდნეობის ისტორიისთვის.

ქართული ჯილდოების

მიუნხენური პროექტები

1954 წლის 26 იანვარს, დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ვერმახტის ყოფილი გენერალ-მაიორის შალვა მაღლაკელიძის (1894-1976) თავმჯდომარეობით შეიქმნა ორგანიზაცია "ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში". მის მდივნად აირჩიეს გრიგოლ ავალიანი, ხოლო საქმეთა მმართველად - გაიოზ მაღლაკელიძე (1919-1989), შალვა მაღლაკელიძის ვაჟი.

ამ ორგანიზაციის დაარსებას, როგორც გერმანულ ენაზე შედგენილი პროტოკოლი გვაუწყებს, ზემოხსენებული სამი პირის გარდა, ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბაღათურია, რომან ფარდზინი, ანდრო მოსიძე, დავით პეკურიძე და სხვები.

შალვა მაღლაკელიძე, ვერმახტის ყოფილი გენერალი, 1954 წელს მიუნხენში შექმნილი ორგანიზაციის - "ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში" თავმჯდომარე

როგორც ირკვევა, ეს ორგანიზაცია საქმიანობას განაგრძობდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელთა მიერ გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოტაცებისა (1954 წლის აგვისტო) და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც.

"ქართველ მხედართა დარაზმულობამ უცხოეთში" შეიმუშავა საგანგებო მოწოდება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სამხედრო პირებისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: "მას შემდეგ, რაც უკანასკნელ წლებში გერმანიასა და სხვა თავისუფალ სახელმწიფოებში დაარსდა მხედართა ორგანიზაციები, ქართველ მხედართა გაერთიანებაც ფრიად სასურველი შეიქნა. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა წესდება და თავის კრებაზე 26 იანვარს 1954 წლისა, იგი განიხილა, მიიღო და დასამტკიცებლად წარადგინა...

წესდების IV პარაგრაფი ასე განმარტავს, სხვათა შორის, ამ დარაზმულობის დანიშნულებას: "ქართველ მხედართა დარაზმულობა" არის პარტიების გარეშე მყოფი ორგანიზაცია და მის წევრად შეუძლია იყოს თითოეული ქართველი მხედარი, რომელსაც მოქმედებით ომში თუ მშვიდობიანობის დროს დაუმტკიცებია ღირსეული მამულიშვილობა და აგრეთვე ისიც, ვინც იზიარებს პრინციპებსა და ტრადიციებს ქართული მხედრობისას".

აღნიშნული ორგანიზაციის წევრთათვის დაწესებული იყო საგანგებო ემბლემა. იგი წარმოადგენს საბრძოლო ფარის ფორმის ნიშანს საქართველოს ეროვნული სამფეროვანი დროშის ფერებით. ემბლემის ცენტრში გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბიდან გადმოღებული შურდული და მახვილი, რომლებიც გადაჯვარედინებულია. თვით ამ დარაზმულობის მესვეურთა აზრით, აღნიშნულ ემბლემაში ძველისა და ახლის შეთანხმება სიმბოლურად იძლეოდა "სახელოვანი ჩვენი მხედრული ისტორიის სულის შენახვასა და მისი გაგრძელების აუცილებლობას".

"ქართველ მხედართა დარაზმულობის" ამოცანები ასე იყო გაცხადებული ზემოთ ხსენებულ მოწოდებაში: "პირველი საქმიანობა დარაზმულობისა შემდეგში უნდა გამოისახოს:

1) აღნუსხოს ქართველი მხედრები უცხოეთში;

2) გამოითხოვოს სათანადო დაწესებულებებიდან დახმარება დაჭრილ-დასახიჩრებულ ქართველთათვის;

3) იპოვოს და მოუაროს ომში დაღუპულ ქართველ მხედართა საფლავებს;

4) აღადგინოს ვინაობა დაღუპულთა, მათი განსვენების ადგილები იმ მიზნით, რომ პირველ შესაძლებლობისთანავე ამცნოს მშობლებსა და ახლო ოჯახის წევრთ საქართველოში ხვედრი მათთვის დაუვიწყარი ახლობლებისა".

მოწოდება ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: "ვაცნობებთ რა ქართველ მხედრებს დარაზმულობის დაარსებას, სიყვარულითა და პატივით მივმართავთ მათ მოწოდებით, ჩაეწერონ უკვე არსებულ ორგანიზაციაში, თავზე აიღონ ჩვენთან ერთად კეთილშობილური საქმე და მოვალეობანი; მით ღირსნი გავხდეთ, ვიგრძნოთ თავი დაახლოებულად ჩვენს საყვარელ სამშობლო საქართველოსთან".

"ქართველ მხედართა დარაზმულობამ უცხოეთში" შეიმუშავა ქართულ სამხედრო ჯილდოთა პროექტები. ესენია: დავით აღმაშენებლის ორდენის, აგრეთვე, წმინდა გიორგისა და ქართული ლეგიონის მედლების პროექტები, რომელთაც თანამიმდევრულად განვიხილავთ.

1) დავით აღმაშენებლის საორდენო ნიშნის საფუძველია ჯვარი - ზედვე გადაჯვარედინებული უქარქაშო ხმლებით. მათ გადაკვეთაზე, ცენტრში მოთავსებულ მედალიონს ამშვენებს გელათის ტაძრის ფრესკიდან გადმოღებული წმინდა მეფის - დავით IV აღმაშენებლის პორტრეტული ხატება. მედალიონზე, პორტრეტის ირგვლივ არის მხედრული ზედწერილი "საქართველო".

2) წმინდა გიორგის მედლის პროექტზე, ცენტრში გამოსახულია გველეშაპის დამლახვრავი წმინდა გიორგი ძლევამოსილი - ამხედრებული ყალყზე შემდგარ რაშზე, აფრიალებული მანტიით. მედლის ზედა ნაწილში გამოსახულია შვიდი მნათობი, ისევე როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბზე. განსხვავებით ამ გერბზე აღბეჭდილი მხედრისგან, მედლის პროექტზე გამოსახულ მხედარს თავზე შარავანდედი ადგას. მედლის არეზე გვხვდება მხედრული ზედწერილი "საქართველო". მედალსა და ამ ჯილდოს მკერდზე მისამაგრებელს - ლითონის თხელ ფენაზე გადაკრულ შინდისფერ ბაფთას ორი ვერტიკალური თეთრი ზოლით ერთმანეთთან აკავშირებს მინიატურული ლითონის რგოლი. იგი გამობმულია მედლის ზემოთ, ჰორიზონტალურად დამაგრებულ მახვილსა და შურდულზე.

3) ქართული ლეგიონის მედლის პროექტი ძალიან ჰგავს წმინდა გიორგის მედლის პროექტს. ამ უკანასკნელისგან იგი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მის ცენტრში ჩაგვირისტებულია მხედრული ასოები: "ქ" და "ლ", რაც იშიფრება, როგორც "ქართული ლეგიონი".

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილი ჯილდოების პროექტები პირველად გამოაქვეყნა პროფესორმა გურამ შარაძემ (გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი", 1990, # 53).

საყურადღებოა დავით აღმაშენებლის ორდენისა და წმინდა გიორგის მედლის პროექტების შემუშავების ფაქტი. ეს პროექტები სიმბოლურად ეხმიანება უფლისწულ იოანე გიორგის ძე ბაგრატიონის (1768-1830) მიერ შემუშავებულ და 1799 წელს "სჯულდებაში" შეტანილ პროექტს ანალოგიური დასახელებების ქართული ჯილდოების შექმნის თაობაზე.

საგულისხმოა ასევე ქართული ლეგიონის მედლის პროექტის შედგენის ფაქტიც. მართალია, იგი გათვალისწინებული იყო II მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე მებრძოლი ქართული ლეგიონის სამახსოვროდ, მაგრამ მისი პროექტის შექმნას შესაძლოა ბიძგი მისცა პოპულარული ფრანგული ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის არსებობამ.

"თავისუფლება ბარიკადებზე" (ეჟენ დელაკრუა, 1830 წ.)

დავით აღმაშენებლის ორდენით უნდა დაჯილდოებულიყვნენ "მამაცობისა და დამსახურებათა გამო საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში მსოფლიო ომში (1941-1945)", ხოლო მედლებით - "ღირსეული მონაწილეობისათვის საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში მსოფლიო ომში (1941-1945)".

"ქართველ მხედართა დარაზმულობის" მიერ შედგენილი ხსენებული ჯილდოების პროექტების ავტორია ამავე ორგანიზაციის საქმეთა მმართველი გაიოზ მაღლაკელიძე. სხვათა შორის, მან ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დროს შეიმუშავა ქართველი ლეგიონერის სამხედრო ფორმის პროექტი, რომელსაც სამკლავურზე ეწერა "Georgien" (ანუ "ქართველი") და გერმანული უნიფორმისგან განსხვავებული სამხრეები ჰქონდა. იგი რედაქტორობდა იმავე ლეგიონის გაზეთ "საქართველოს", რომელიც ბერლინში გამოდიოდა.

დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ყოფილი ლეგიონერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ილია კუჭუხიძე, რომელიც II მსოფლიო ომის დროს გაზეთ "საქართველოს" რედაქციის თანამშრომელი იყო და წერდა ფსევდონიმით "მინდია ლაშაური", იგონებდა: "გაიოზ მაღლაკელიძე მეტად ენერგიული ახალგაზრდა იყო. განათლებული, თანაბრად ფლობდა: ქართულ, გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ, რუსულ ენებს, მგონი ინგლისურსაც. გაიოზი ევროპულად იყო აღზრდილი. იგი ძალიან ზრუნავდა რედაქციის თანამშრომლებზე. მან ჩვენი რედაქციის თანამშრომლები მოგვაწყო ბერლინის უნივერსიტეტთან უცხოელთათვის არსებულ გერმანულ ინსტიტუტში...

გაიოზ მაღლაკელიძემ, თავისი ინიციატივით, ზემო ბავარიის მთიან გარემოში მდებარე თვალწარმტაც სოფელ რუპოლდინგში დააარსა ომში დასახიჩრებული და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქართველი ლეგიონერებისთვის "მშობლიური კერა". იგი ზრუნავდა მათთვის ყოველგვარი საშუალებებით".

აღნიშნულ კეთილშობილურ საქმეში გაიოზ მაღლაკელიძეს მაქსიმალურ თანადგომას უწევდა მისი მეუღლე - გრეტა, წარმოშობით ბალტიელი გერმანელი. აქვე დავძენთ, რომ ასევე ბალტიელი გერმანელი გახლდათ გაიოზ მაღლაკელიძის დედა მარია გრასი, გენერალ შალვა მაღლაკელიძის პირველი მეუღლე.

სამწუხაროდ, "ქართველ მხედართა დარაზმულობის" მიერ შედგენილი ხსენებული ჯილდოების პროექტები ვერ განხორციელდა და პროექტებად დარჩა.

მიუხედავად ამისა, ქართულ სამხედრო წარჩინების ნიშანთა დაწესების ცდა, გასული საუკუნის შუა ხანებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნხენში - ფრიად საყურადღებო ფაქტია ეროვნული ფალერისტიკის ისტორიისთვის.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#103