"დედათა საკითხი" საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
"დედათა საკითხი" საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 17:10 საათზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ ხელი მოეწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ერთგვარი ასპარეზი იყო ქართველი ქალებისთვისაც. თუმცა, ეს ასპარეზი ერთ დღეში არ შექმნილა. მას მეტად საინტერესო წინაისტორია აქვს, რომელსაც სათავე იმ პერიოდში დაედო, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ქალთა პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებზე დაიწყო საუბარი.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში
ჩაისახა მოძრაობა პატრიარქალური საზოგადოებიდან ქალების ემანსიპაციისთვის. 1879 წელს დაარსებული "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სათავეებთან იდგა. სწორედ ამ საზოგადოების წევრთა მეცადინეობით გახდა აქტუალური "დედათა საკითხი". ამ თემით
დაინტერესება უნდა განვიხილოთ, როგორც ქართველი საზოგადოების მოდერნიზაციის მცდელობა. სამოციანელები თავიანთ პუბლიცისტიკაში ევროპაში მიმდინარე ემანსიპაციაზე საუბრობდნენ და ქართულ რეალობასთან პარალელებს ავლებდნენ. იმავდროულად, ცდილობდნენ გენდერული პრობლემების პოპულარიზაციას საზოგადოებაში, რომელიც მაშინ ამგვარი საკითხებისთვის საკმაოდ დახურული იყო.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქალთა უფლებებზე საუბრის დაწყებას ბიძგი ბრიტანელი ეკონომისტის, ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჯონ სტიუარტ მილის პეტიციამ მისცა 1866 წელს, როცა მან ბრიტანეთის პარლამენტისგან ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭება მოითხოვა. ევროპისგან განსხვავებით, ჩვენთან ამ საკითხებზე საუბარი მამაკაცებმა დაიწყეს. "თერგდალეულთა" მოსაზრებებს საფუძვლად ედო სწორად გააზრებული საზოგადოებრივი ინტერესი, და არა ქალთა პრობლემების სიღრმისეული ცოდნა. ისინი მოუწოდებდნენ ქალებს, საზოგადოებრივ ასპარეზზე თავად წარმოეჩინათ თავიანთი რეალური პრობლემები. ამაზე აქტიურად წერდნენ იმდროინდელ პრესაში.

XX საუკუნის დასაწყისში შედეგიც გამოჩნდა, ამ პერიოდში ქალის სამოქალაქო უფლებები აქტუალური გახდა. ითარგმნა ავგუსტ ბებელის "ქალი და სოციალიზმი". ჩამოყალიბდა ქალთა არაერთი ორგანიზაცია ("ქართველ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაცია", "თბილისელ ქალთა წრე", "ქართველ ქალთა საზოგადოება", "ქალთა თანასწორობის საქართველოს კავშირი", "მანდილი"), რომლებმაც დაიწყეს ზრუნვა ქალთა უფლებებზე, განათლებასა და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.

გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" პირველი ნომერი (1917 წლის 5 აპრილი)

XIX საუკუნის მიწურულს ქალებმა პირველად დაიწყეს საჯარო გამოსვლები. ისინი საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე და ქალთა ემანსიპაციას ესწრაფოდნენ. ერთ-ერთი პირველი ამ საქმეში ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე იყო, რომელმაც ხმა აიმაღლა პატრიარქალური საზოგადოების წინაშე. იგი აქტიურად იბეჭდებოდა ამ პერიოდის პრესაში ("ცისკარი", "ივერია", "ჯეჯილი", "კვალი" და "დროება"). 90-იან წლებში კი "ქალთა საკითხის" გარშემო გამართულ პოლემიკას მან სპეციალური წერილი მიუძღვნა ("ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ"), რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად.

წერილში ბარბარე საუბრობდა ქალების შეზღუდული უფლებების შესახებ განათლებასა თუ პოლიტიკაში. "პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდნენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდნენ: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო", - წერდა ბარბარე და დასძენდა, - "საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა. ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ, ქალის მეოხებით მოაღწია".

1917 წელს ქართველი ქალის ხმა ქუთაისიდან გაისმა - "ინტერპარტიულმა ქალთა ლიგამ" დაიწყო ყოველკვირეულ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ "ხმა ქართველი ქალისას" გამოცემა, რომლის რედაქტორი კატო მიქელაძე იყო. "თუ რომ საუბრის დროს საჭიროა ერთისათვის, მეორე ადამიანის ცნობა, მით უფრო საჭიროა საზოგადოებისათვის გაგება ყოველივე ახლათ გამოსულ ბეჭდვითი ორგანოს მიმართულებისა. ამისათვის ვაცხადებთ საზოგადოების საყურადღებოთ, რომ ჩვენი გაზეთი სდგას ყოველ პარტიულ მიმართულების გარეშე.

თვალყურს ვადევნებთ თითოეული არსებულ პარტიების პრინციპს. ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული შეხედულება არ გვქონდეს ცხოვრებაზე და მისგან წამოყენებულს საჭირ-ბოროტო კითხვებს და საზოგადო მოვლენას ანგარიშს არ ვუწევთ. ...ჩვენ გვსურს შევაერთოთ დღეს დაქსაქსული ქალთა ძალა და დაწვრილმანებულ პიროვნებას მოვუპოვოთ საზოგადოებრივი ცხოვრება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენისთვის და ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. დედაკაცის უფლებრივათ მონური ყოფა და ჩვენი სამშობლო ქვეყნის ადგილობრივი საჭიროებანი იმდენათ მნიშვნელოვანია და იმდენათ მწველი ყოველი გონიერი ქართველი ქალისათვის, რომ დარწმუნებული ვართ, სურვილი ერთისა და მეორის აღდგენისა განამტკიცებს ჩვენს ერთობას". - წერია გაზეთის პირველ ნომერში, რომელიც 5 აპრილს გამოვიდა.

ამავე ნომრის ერთ-ერთ სტატიაში სათაურით "რას მოვითხოვთ ჩვენ", გაზეთის მესვეურებს მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი მოთხოვნები: "ქალი არის ისეთივე გონიერი, როგორიც მამაკაცი და უნდა სარგებლობდეს ადამიანის სრული უფლებით. ...ქალს უნდა მიენიჭოს იგივე ხმა არჩევნებში და იყოს არჩეული, როგორც საკანონმდებლო კრებაზე, ისე პროვინციალურ და კომუნალურ მმართველობაში, როგორც ყოველი მოქალაქე მამაკაცი. ...გაუქმებულ იქმნას დღევანდელი სამემკვიდრეო პრივილეგია მამაკაცის და თითოეულს შვილს ქალია ის თუ ვაჟი, ედვას თანასწორი წილი დედ-მამის ქონებაზე. ...ერთი და იგივე ხელფასი თანასწორი შრომისათვის".

კატო მიქელაძე

გაზეთი ავლებდა პარალელებს ევროპასთან, არგუმენტებითა და მაგალითებით ესაუბრებოდა მკითხველს და ემანსიპაციის აუცილებლობაში არწმუნებდა. ეს სტატიები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ეს ქალები ღიად დაუპირისპირდნენ პატრიარქალურ სამყაროს. წერდნენ არა როგორც დედები, ცოლები, დები ან შვილები, არამედ როგორც მოქალაქეები, რომლებიც არა მამაკაცების, არამედ ადამიანების უფლებებს ითხოვენ. შეახსენებდნენ მამაკაცებს: "მომეტებული წილი იცოდეთ, რომ თქვენი დები და შვილებია, რომელნიც სიღარიბითა და უუფლებო ცხოვრების გამო უზნეო მამაკაცთა ტლანქი ჟინის მსხვერპლნი რომ ხდებიან. და იღუპებიან".

1918 წლის 5 თებერვალს გაზეთის კიდევ ერ­თი ნომერი გამოვიდა, სადაც საინტერესო სტატიაა დაბეჭდილი - "საუბარი ქალიშვილებთან". "დებო, თქვენს წინაშე საუბრობს მოპირდაპირე სქესის წარმომადგენელი, რომელმაც განიცადა თავის არა ადამიანური მოქმედება ქალებისადმი და რომელმაც ჩაიხედა თავის სქესის, მამაკაცების ბოროტ გულღვიძლში, ამოიკითხა ის გაიძვერული გრძნობები და შიამსო მითაც, რაც მასაც განუცდია". სტატიის უცნობმა ავტორმა კითხვა დასვა: "რა არის მამაკაცი?" და თავადვე უპასუხა: "მე კი, როგორც მათი სქესის წევრი, თამამად შემიძლია ვსთქვა, რომ მრავალი მამაკაცი ადამიანი არაა, არამედ არაადამიანია, ვინაიდან ადამიანი მონობის წინააღმდეგი არის და უკანასკნელიც მაშინ იქნება ადამიანი, თუ მან შეიგნო თავის დანაშაული მონებისადმი (ქალებისადმი)". ავტორი გამოთქვამს მწუხარებას, რომ "ქალიშვილი ქალიშვილს მხარს არ უჭერს".

ასევე ამ ნომრის სტატიაში "ქალები და კოოპერაცია" შალვა ჩაჩიბაია წერდა: "ამ დიდმა საერთაშორისო ომმა ბევრი ნაკლი და უწესრიგობა გამოააშკარავა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ ნაკლთა შორის პირველი და თვალსაჩინო ადგილი უკავია ჩვენი კოოპერატივების ცალმხრივობას და მის მიერ გამოწვეულ უხერხულობას. როგორც მოგეხსენებათ, დღემდე ჩვენს კოოპერატიულ დაწესებულებაში მსახურობენ მხოლოდ მამაკაცები, ქალები კი ძალიან ნაკლებათ იღებენ მონაწილეობას ამ დაწესებულებათა მოქმედებაში, თითქოს შევრიგებოდეთ იმ აზრს, რომ კოოპერაცია მათი საქმე არ იყოს". სტატიის ბოლოს ავტორი დასძენს, რომ მამაკაცებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ქალების საზოგადო საქმით დაინტერესებაზე.

თერგდალეულთა პუბლიცისტური მემკვიდრეობის არაპირდაპირი გავლენა შეიძლება დავინახოთ აგრეთვე რუსეთის რევოლუციის შემდგომ ქალთათვის ფართოდ დეკლარირებულ საარჩევნო უფლებებში. საქართველოს ტერიტორიაზე ქალთა საარჩევნო უფლება პირველად ამოქმედდა რუსეთის დროებითი მთავრობის 1917 წლის 15 აპრილის განკარგულებით. ამ პირობით გაიმართა საქალაქო ხმოსანთა არჩევნები. 1917 წლის 11 სექტემბერს კი ძალაში შევიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების დებულება, რომლის მიხედვითაც, 20 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.

1918 წელს, როცა საქართველოს ეროვნული საბჭო არჩევნებისთვის ემზადებოდა, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთ შეკრებაზე ნინო ტყეშელაშვილმა განაცხადა: "მე მჭევრმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ. წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ ქალი დაამუნჯა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვაც ენას ამოიდგამს. ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება, რითაც და როგორც შეუძლია, ცოტა გვყვანდნენ რევოლუციონერი ქალები? თქვენ 20 კაცში ერთი ქალიც ვერ ამოგირჩევიათ". გამოსვლის ბოლოს, ნინომ პარტიას 5 კანდიდატი ქალი შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. გაწბილებულმა ორატორმა და მისმა თანამოაზრეებმა (კატო მიქელაძე, ანა ღვინიაშვილი, ანა ხახუტაშვილი, დესპინე გელოვანი, ბაბილინა ხოსიტაშვილი) პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად დატოვეს კრება.საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. მარცხნიდან: თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, დამფუძნებელი კრების მდივნის მოადგილე ქრისტინე შარაშიძე. მარჯვნივ მთავრობის ლოჟაში სხედან მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრებიბარბარე ჯორჯაძე თავის წერილს ამთავრებს ფრაზით: "ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, ...ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან, თუკი საქმე უშველიან რასმე". თითქმის 30 წელიწადი, მსოფლიო ომი და რევოლუცია - სწორედ ეს გზა გაიარა საქართველომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან პირველი ქართველი ქალი პარლამენტარის გამოჩენამდე. სოციალისტ რევოლუციონერი მარიამ ჩხეიძე 1918 წელს რამდენიმე თვით იყო ეროვნული საბჭოს წევრი. ითვლებოდა ძალიან კარგ იურისტად და შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. მონაწილეობდა 1919 წლის არჩევნებშიც. ასევე მან გამოაქვეყნა 1921 წელს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი. მარიამი 1937 წელს დახვრიტეს.

1918 წელს ქართული პრესა სიამაყით წერდა: "აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა: ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს"... "ყარაიაზის მატრიარქმა" მოულოდნელად, წამყვანი პარტიების - სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების, "ჰუმმეთის", ეროვნულ დემოკრატებისა და ესერების კანდიდატების ჭიდილში პროპორციულ სიებს აჯობა და უპარტიოდ თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან.

34 წლის მუსლიმანმა ქალმა მუსლიმანი მოქალაქეების მხარდაჭერით პოლიტიკური თანამდებობა დემოკრატიული გზით მოიპოვა. ამ თანამდებობის მოპოვებამდე სოფიევა თავად სოფელშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ადგილობრივების თქმით, ფარი-ხანუმი სისტემატურად არღვევდა მუსლიმანი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. ის თავიდანვე გამხდარა ოჯახის ლიდერი, იმ ფონზე, როცა ხუთი ძმა ჰყავდა. შთამომავლების გადმოცემით, ეწეოდა ჩიბუხს, რაც დღესაც სასტიკად აკრძალულია მუსლიმანი ქალისთვის. სცოდნია ყურანის კითხვა და არაერთ რიტუალზე ყოფილა მიწვეული წმინდა წიგნის წასაკითხავად. ასევე ფარი-ხანუმ სოფიევას იწვევდნენ შუამავლად სხვადასხვა დავაში. დროთა განმავლობაში მისი სიტყვა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ სოფლის უხუცესი - აღსაჰკალებიც კი აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ.

1919 წლის თებერვალში საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში კენჭს იყრიდა 26 ქალი, სადაც ყველაზე მეტი - ცხრა ქალი კანდიდატი საარჩევნო სიაში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას ჰყავდა წარმოდგენილი, ყველაზე ნაკლები - ერთი ქალი კანდიდატი რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიას. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანოს წევრი ხუთი სოციალ-დემოკრატი ქალი გახდა. თითოეულ მათგანს საკმაოდ რთული გზა ჰქონდა განვლილი. ვიდრე ქვეყნის მართვის სათავეებთან აღმოჩნდებოდნენ, ისინი ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებს, პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეწეოდნენ არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას.

მედეა ღამბაშიძე ქალიშვილთან ერთად

საარჩევნო სიაში კი იმიტომ მოხვდნენ, რომ მათი განვლილი გზა და ბიოგრაფია პარტიას ხმებს მოუტანდა. ეს არ ყოფილა გენდერული ბალანსისთვის გადადგმული ნაბიჯი, ანუ ეს ქალები საკანონმდებლო ორგანოს წევრი მხოლოდ მათი სქესის გამო არ გამხდარან. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დამფუძნებელი კრების მუშაობაში, იყვნენ სხვადასხვა კომისიის წევრი:
მინადორა ტოროშელიძე - კანდიდატთა სიის მე-60 ნომერი, შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარე.
ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე - კანდიდატთა სიის 71-ე ნომერი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი.
ანა (ოლა) სოლოღაშვილი - კანდიდატთა სიის 108-ე ნომერი, სარედაქციო და ცენტრალური კომისიების წევრი. საბიბლიოთეკო და საპენსიო კომისიებისა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მდივანი.
ელისაბედ ბოლქვაძე - პარტიული სიის 78-ე ნომერი, შრომისა და მომარაგების კომისიების წევრი.
ელეონორა მახვილაძე _ პარტიული სიის 25-ე ნომერი, შრომის, საპენსიო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.
აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ხუთივე მათგანი ქვეყანაში დარჩა. ისინი ჩაბმული იყვნენ წინააღმდეგობის ორგანიზაციებში და არალეგალურად მუშაობდნენ პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.
როგორც მინადორა ტოროშელიძე წერდა: "მუშაობა დუღდა!" და მათაც კოლეგა მამაკაცებთან ერთად შეჰქონდათ წვლილი დემოკრატიული რესპუბლიკის შენებაში.

სხვა მიზეზებთან ერთად, ამ ღვაწლის დამსახურებითაც, ქალებმა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში რიგი მუხლები მიიღეს. 39-ე მუხლში ჩაიწერა: "ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებებით". მე-40 მუხლმა მისცა ქალებს ქორწინებაში თანაბარი უფლება. 126-ე მუხლმა კი განსაზღვრა ქალთა შრომითი პირობები: "აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არანაკლებ 2 თვისა თავისუფალია მუშაობისაგან, ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები".

ამონაწერი ერობის სხდომის ოქმიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1918 წლის 3 სექტემბრის დებულებით, გარანტირებული იყო ორივე სქესის ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე: "ტფილისის უნივერსიტეტის სტუდენტებად შეიძლება ორთავე სქესის პირნი იყვნენ, რომელთაც საშუალო სკოლა უნდა ჰქონდეთ გათავებული, თვითეულს ფაკულტეტს უფლება აქვს, თუ საჭიროდ სცნობს, უნივერსიტეტში შემომსვლელთ რომელიმე დამატებითი საგნის ცოდნა წინასწარ მოსთხოვონ" (პარაგრაფი 15). უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი იყო მედეა ღამბაშიძე. ქალები იყვნენ ასევე პირველი პროფესორები: ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე (ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისურ ენას ასწავლიდა) და ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი (თსუ-ში იგი პროფესორთა საბჭოს მიწვევით ფრანგულ ენას ასწავლიდა).

მიუხედავად ამგვარი მიღწევებისა, ქალი პუბლიცისტები ამ პერიოდში არაერთ კრიტიკულ სტატიას წერდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კონსტიტუციური გარანტიები და რეალობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. სწორედ დემოკრატიის, როგორც ღირებულების გაუფასურებას მიუძღვნა ნატალია აზიანმა წერილი "ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან", სადაც იგი აღნიშნავს, რომ მეფის რუსეთის ჩინოვნიკებმა და მენშევიკებმა იმედები ვერ გაამართლეს. მისი აზრით, ასეთივე პირი უჩანდა ბოლშევიკურ წყობასაც.

საბოლოო ჯამში დღეს, მრავალი ისტორიული ქარტეხილის ჩავლის შემდეგ, ქართველი ქალის უფლებები მათ ღირებულებით მონაპოვარზე დგას. წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის სიტყვები: "შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად".

ირმა ჭანტურია
ჟურნალი "ისტორიანი",#104
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა