რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა!.. - კვირის პალიტრა

რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა!..

"ერთი დაბომბილი სოფლის ამბავი" ელენე სალარიძის რომანია, რომელშიც აღწერილი ამბები სამაჩაბლოს ერთ დროს ბედნიერ სოფელ ქსუისზე და ქსუისელებზეა.

რომანში მოყვანილი შიდა ქართლის ძირძველი სოფელი მართლა არსებობს, უფრო სწორად, აღარ არსებობს! - მიწასთან გაასწორა მტერმა 2008 წლის გამოუცხადებელ რუსეთ-საქართველოს ომში. რომანის გმირები, ანუ ამ სოფლის ფუძეაყრილი შვილები, ჩვენ გვერდით არიან და ჩვენგან ტკივილის გაყოფასა და თანადგომას ელიან. რომანის თითო თავი - თითო ოჯახის ტრაგედიაა, რომლებიც მოურჩენელ იარად დამჩნევია უკვე ამ ფუძემოწყვეტილ და კერაჩამქრალ ადამიანებს და მთლიანად საქართველოს. ერთი-ერთი ამბის გმირი ქართველი გოგონა მანჰეტენზე გაიცნობს ოს ბიჭს და ერთმანეთი შეუყვარდებათ. მაგრამ როგორც გოგონა ამბობს, მათი სიყვარული წარმოუდგენელია, რადგანაც მათი მშობლები რუსეთ-საქართველოს ომს ერთმანეთის მტრებად უქცევია. ამიტომაც არის სხვათათვის ძნელად აღსაქმელი მისი სიტყვები: "სიყვარული მხოლოდ ჰეპიენდიან ფილმებში იმარჯვებს ან სულაც იმ ზღაპრებში, რომლებითაც ბავშვობას გვილამაზებდნენ"...

გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს ამ რომანიდან, რომელშიც სოფელ ქსუისში, შოშიტაშვილების საგვარეულო სახლის დაბომბვის ამბავია მოთხრობილი. აქ მხოლოდ სახელებია შეცვლილი... დანარჩენი ნოველებიც რეალურ სინამდვილეს ასახავენ, თუმცა მრავალი გმირი გამოგონილია.

პროლოგის მაგიერ

იმ გამთენიას ავისმომასწავებლად დადუმდა სოფელი. არავის აუნთია სინათლე, არც ბავშვი ატირებულა რომელიმე სახლში, არც შეყვარებულებს დასთენებიათ თავზე სოფლის ორღობეში, მამლებსაც ვერ გაუბედავთ ყივილი...

მთელი ღამე ტყვიები აწვიმდა აქაურობას. მთელი ღამე ცივი სარდაფის კედელთან მიყუჟულს თვალი არ მოუხუჭავს მარიამს. ერთიხანობა ისეთი ცეცხლი წამოვიდა, იფიქრა, სადაცაა ცა ჩამოიმხობაო...

ერთი პირი წყალსაც ჩაეძინებაო და ტყვიის ზუზუნში ჩასთვლიმა. ნახევარი საათი თუ ეძინა მხოლოდ. სიჩუმემ წამოაგდო ფეხზე. რიყის ქვებიდან გამომზირალი ერთადერთი მომცრო სარკმლიდან ალიონმა შემოიხედა. მზე ჯერ არსად ჩანდა. ვინ იცის, სოფელში დარჩენილ შიშით დაზაფრულ მოხუცებთან შეხვედრას აღარც ჩქარობდა.

მოთხრობილი ამბავი ამ სახლში მოხდა...

გუშინაც დაურეკეს თბილისიდან შვილებმა და შვილიშვილებმა, რაღას ელოდები, შენც წამოდი, ხომ ხედავ, მანდ თითქმის აღარავინ დარჩა, ვინ იცის, მტერს როდის რა მოუვა თავში, რამდენი ხანია შიდა ქართლის სოფლების დაბომბვით იმუქრებაო. ისიც უთხრეს, ჩვენ ტყვიავს იქით აღარ გვიშვებენ, არ გეგონოს, მიგატოვეთო...

მაინც გაჯიუტდა. რა დროს ომია! ოსები რახანია თავისუფლად მიმოდიან ჩვენს სოფლებში, ქართველებიც გადადიან ცხინვალში. ფქვილი და საპონი იქიდან მოგვაქვს, ჩვენი ხილის ერთ ნაწილს იქით ვყიდით. ჩვენი სოფლის ბავშვებს გლანდების თუ ბრმა ნაწლავის ოპერაცია ცხინვალში გაუკეთეს, იქ ბევრად იაფი დაუჯდათ. შერიგება სხვა რაღაა, არა მგონია, ომი გაბედონო...

მაგრამ პოლიტიკოსებს, ეტყობა, სხვაგვარად აქვთ ტვინი აწყობილი. ცოტაც დაეცლიათ და ხალხი თვითონ გადაწყვეტდა თავის ბედს... შევრიგდებოდით, აბა, რას ვიზამდით. ამათ კიდევ, ავტომატები ააკაკანეს და ტყვიამფრქვევები დაუშინეს ერთმანეთსო! ამას თავისთვის ფიქრობდა, თორემ დარდის გამზიარებელიც არავინ ჰყავდა გვერდით. მობილური ტელეფონი გუშინვე გამოირთო, დენი აღარ ჰქონდათ სოფელში და ვეღარც ტელეფონი დამუხტა.

ნეტავ გუშინ მართლა გავყოლოდი ავტობუსსო, ინანა. ხელჩანთა მოიძია. ძლივძლივობით გახსნა, ხელები ისედაც უკანკალებდა და ამჯერად მთლად ძალა დაკარგვოდა. სარკმლიდან შემოღწეულ მკრთალ სინათლეს მიუშვირა, ერთი კარგად დავინახო, ხომ არაფერი დამვიწყებიაო.

ხელჩანთაში საბუთები იდო, კიდევ - ახალგაზრდობის ფოტოები (გუშინ ამოარჩია ძველი ალბომიდან), ზოგიერთი ისეთი ნივთი, რაც დასატოვებლად არ ემეტებოდა. დედისეული ოქროს მძიმე ძეწკვი მოხვდა ხელში, ძველებური ოქროსვე მედალიონით, თბილისელი ამქრის წევრი ოქრომჭედლის ნახელავი. მოსახელე შვილიშვილისთვის ინახავდა საგულდაგულოდ, ისიც გუშინ ამოიღო "სამალავიდან", ჩემს გოგოს ჯვრისწერაზე ვაჩუქებო.

პატარა ლიახვიც წაგვართვეს...

მოულოდნელად, ღმერთო მომკალიო! - წამოიძახა. მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი აღარ ეკეთა. გაახსენდა, გუშინ მოიხსნა ჭურჭლის რეცხვისას. ხუთი წელიწადია, რაც ქმარი ამ სოფლის მიწას მიაბარა, ბეჭედს კი ვერა და ვერ შეელია, სულ ეკეთა. თავს შეუწყრა, რაღა გუშინ მოვიხსენიო...

ქორწინების ათი წლისთავზე შეძლო მხოლოდ მისმა მშრომელმა და მოსიყვარულე ქმარმა უბრალო ოქროს რგოლის ყიდვა. ბაჯაღლოს ვერ გასწვდა სამშვილიანი ოჯახის მამა. ეს ბეჭედი იმ წლების სახსოვარი იყო, როცა მიიჩნევდა, რომ მიუხედავად მძიმე შრომისა და არცთუ დალხენილი ცხოვრებისა, მაინც ბედნიერი იყო. კარგი შვილები გაზარდეს, შვილიშვილებსაც მოესწრნენ. იმ წელს, გიორგი რომ გამოეცალა ხელიდან, შვილთაშვილიც გაუჩნდათ... გუშინ კი ნიშნობის ბეჭედი მოიძრო თითიდან და კარგად არც ახსოვს, სად დადო!..

ფრთხილად გამოაღო სარდაფის კარი. მაღალ კიბეს აუყვა მეორე სართულისკენ. ბეჭედს ვიპოვი და მერე სოფლის ბირჟაზე გავალ. ან ავტობუსი მოვა, ან ვინმეს გავყვები თბილისისკენ მიმავალსო, - როგორც იქნა, გადაწყვიტა. თან შიშობდა, წუხანდელი სროლების ამბავს რომ გაიგებენ, შვილებს შინ რა გააჩერებთ, ჩემს წასაყვანად წამოვლენ და ვაითუ ფათერაკს გადაეყარონო!

კიბის ბოლო საფეხურზე რომ შედგა ფეხი, უცბად შებარბაცდა. გამაყრუებელმა გუგუნმა ყურები დაუხშო. კიდევ კარგი, მოასწრო, ორივე ხელით კიბის სახელურს ჩაებღაუჭა... მეტი აღარაფერი ახსოვს.

გონს ტყვიავის სახელდახელო საველე ჰოსპიტალში მოეგო.

- მოხუცი ქალია, ზურგი და მარცხენა მკლავი სულ მინის ნამსხვრევებით ჰქონდა სავსე. ფრთხილად გადაუხვიეთ, შეიძლება ნამსხვრევები ისევ ჰქონდეს ჩარჩენილი!.. - ქირურგი მორიგ დავალებას აძლევდა ახალგაზრდა ექთანს.

პირქვე იწვა... ჭრილობები არ აძლევდა ზურგზე დაწოლის საშუალებას.

გერის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ეკლესია სოფელ გერში, შიდა ქართლის სოფლების სალოცავი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა

- ბებო, ნუ გეშინია, შენს წასაყვანად ჩამოვედით!.. - უცინოდა და თან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა მის მოსახელე შვილიშვილს.

- მარიამ, შენ აქ რა გინდა, ბებო დაგეწამლოს!.. ისვრიან, შვილო! - შიში ჩასდგომოდა თვალებში.

- არა, ბებო, აქ არ ისვრიან... - მარიმ ჩაიჩოქა და ბებოს ლოყაზე აკოცა.

მარიამმა თვალით რაღაცას დაუწყო ძებნა. შვილიშვილი მიუხვდა, მოზრდილი პარკიდან ბებოს ხელჩანთა ამოიღო და დაანახვა, აქ არის, მშვიდად იყავიო.

მარიამმა ისევ მოისინჯა მარჯვენა ხელის არათითი. გული დასწყდა. ვერ მომისწრია ნიშნობის ბეჭდის აღებაო.

დაბომბილ სახლში დარჩა 40 წლის წინ ნაყიდი ნიშნობის ბეჭედი, ქორწინების 10 წლისთავის საჩუქარი! გიორგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ შემოდგომაზე ოქროს ქორწილს გადაიხდიდნენ, რამდენჯერ უოცნებიათ ამაზე!

გიორგის საფლავი? ახლაღა გაახსენდა და გამოუცნობმა, თავზარდამცემმა შიშმა ერთიანად მოიცვა, - ვაითუ, სასაფლაოც დაბომბეს!

ეს 8 აგვისტო იყო. რუსეთ-საქართველოს გამოუცხადებელი ომის პირველი დღე!..

ელენე სალარიძე

ავტორი მადლობას უხდის თეო რაზმაძეს, ხატია ხეცურიანსა და ლევან კუდუხაშვილს ფოტომასალის მოწოდებისთვის ჟურნალი "ისტორიანი",#104