გრიგოლ წერეთელი დიდი ელინისტი და პაპიროლოგი - კვირის პალიტრა

გრიგოლ წერეთელი დიდი ელინისტი და პაპიროლოგი

ადოლფ ჰიტლერი ამბობდა: "თუ გინდა მოსპო ერი, უნდა გაანადგურო მისი ინტელექტი". მისი ღირსეული თანამოაზრე ვლადიმირ ლენინი დასძენდა: "სახელმწიფო არის ადამიანების გასრესის მექანიზმი". მათ კვერს უკრავდა და სავსებით ეთანხმებოდა იოსებ სტალინი: "არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა".

პროფესორ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელზე (1870-1939) სტატია ამ ამონარიდებით შემთხვევით არ დაგვიწყია. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, დიდი ელინისტის, პაპიროლოგის მოწამეობრივი აღსასრული, ვფიქრობთ, ამის კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია უნდა იყოს. მისი სახით საქმე გვაქვს სტალინური ტერორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსამართლობასთან.

სტატიაზე მუშაობისას გამახსენდა ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის, ლუსიენ ფევრის გამონათქვამი გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსის, მარკ ბლოკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით: "ყველა ადამიანური დანაკარგიდან, რომელიც საფრანგეთმა განიცადა 1940-1945 წლებში, შესაძლოა ეს იყო ყველაზე მტკივნეული და აუნაზღაურებელი". ეს სიტყვები ვფიქრობ, მიესადაგება გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, დიდ ელინისტსა და პაპიროლოგს, "მეცნიერების კეთილშობილ რაინდს", "სულის არისტოკრატს", მის მოწამეობრივ აღსასრულს. "ყველა ადამიანური დანაკარგიდან, რომელიც საქართველომ განიცადა სტალინის დიდი ტერორის დროს, შესაძლოა, ეს იყო ყველაზე მკაცრი და აუნაზღაურებელი".

დიდი ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრეებს შორის გრიგოლ წერეთელი, უდავოდ, ერთ-ერთი კოლორიტული და გამორჩეული პიროვნება იყო. ის გახლდათ ევროპული ყაიდის მეცნიერი. XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ მეცნიერებაში დიდი ივანე ჯავახიშვილის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა, ჩვენი აზრით, სწორედ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი უნდა იყოს. მისი სახით საქმე გვაქვს ევროპაში აღიარებულ ელინისტსა და პაპიროლოგთან. ასეთ ადამიანებს გაფრთხილება უნდათ. ჩვენ კი რა ვქენით? ავიღეთ და სიცოცხლე მოვუსწრაფეთ, რაც იმ უბედური ეპოქის რეგვენობის ანარეკლად დარჩა.

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მეცნიერების განუმეორებელ ტანდემს ქმნის ორი დიდ ბუმბერაზი - ივანე ჯავახიშვილი და გრიგოლ წერეთელი.

დიდი ხნის განმავლობაში გრიგოლ წერეთლის სახელი, უმთავრესად, ტოტალიტარულ-ბოლშევიკური რეჟიმის ძალისხმევით, თითქმის სრულიად მიივიწყეს. ამგვარი ინდიფერენტული მიდგომა, ცხადია, შემთხვევითი არ იყო, ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა და გამოკვეთილი პოლიტიკური სარჩული გააჩნდა. ასეთი იყო პოლიტიკური ნება. თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია ცდილობს გაასწოროს ეს შეუსაბამობა.

ამ საკითხის დეპოლიტიზაცია და დეიდეოლოგიზაცია ამის ლოგიკური შედეგია. ეს, ცხადია, ძალიან კარგია და წინგადადგმული ნაბიჯია. გრიგოლ წერეთლის სახელის რეაბილიტაცია თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის პლუსია. ეს შრომები საყურადღებოა და მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესწავლის ნორმალურ მეცნიერულ კალაპოტში დაბრუნების პირველ მოკრძალებულ მცდელობად გვევლინება. ამ მუხლჩაუხრელი შრომის ლოგიკურ დაგვირგვინებად გვევლინება პროფესორ ვალერი ასათიანის ნაშრომი "კლასიკოსი. გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი. 1970-1939", რომელიც 2018 წელს გამოვიდა.

გრიგოლ წერეთელი

ვალერი ასათიანი დიდი ხანია იკვლევს გრიგოლ წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის შემოქმედებას. ეს ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც გრიგოლ წერეთელზეა დაწერილი და, რომელსაც მისი ვერც ერთი ბიოგრაფი გვერდს ვერ აუვლის. ფაქტობრივად, ავტორმა ხელთუქმნელი ძეგლი დაუდგა გამოჩენილ ელინისტს და პაპიროლოგს და მისი სახელის გაცოცხლებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ეს არ გახლავთ პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის რეცენზია, ამის არც პრეტენზია გვაქვს და ეს ჩვენს კომპეტენციასაც სცილდება. გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და პატივი მივაგოთ მეცნიერის ხსოვნას, ორიოდე სიტყვა ვთქვათ მასზე, უფრო მოგონებების სახით.

მე არ გახლავართ ძველი ბერძნული ლიტერატურის სპეციალისტი. მე ვარ დასავლეთ ევროპის ახალი ისტორიის სპეციალისტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ გრიგოლ წერეთელს პატივს მივაგებ, როგორც ევროპული ყაიდის მეცნიერს. ეს პატივისცემა სათავეს იღებს 1970 წლიდან, როცა პირველად შევდგი ფეხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ისტორიის ფაკულტეტის პირველკურსელმა.

მასზე პირველად გავიგე და დავინტერესდი პირველ კურსზე, დოცენტ გია გელაშვილისგან, რომელიც საქართველოს ისტორიას მიკითხავდა. ეს არც არის გასაკვირი, ის ხომ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის შვილიშვილი და პროფესორ თინა ყაუხჩიშვილის შვილი იყო. გრიგოლ წერეთლის ღვაწლისადმი პატივისცემა ფაქტობრივად, მათ ოჯახურ ტრადიციად გვევლინება. მე მაშინვე მონუსხული დავრჩი გრიგოლ წერეთლის, როგორც მეცნიერი ელინისტისა და ცნობილი პაპიროლოგის მონუმენტური ფიგურით, რომელსაც ევროპელი მეცნიერებიც ამ დარგის კომპეტენტურ სპეციალისტად აღიარებდნენ. მისი მოწამებრივი აღსასრული ამ დაინტერესებას კიდევ უფრო აღვივებდა და მძლავრ სტიმულს მატებდა.

უნებლიეთ მახსენდება ცნობილი რუსი მწერლის, მიხაილ ბულგაკოვის სიტყვები: "შეურაცხყოფა არის საუკეთესო ჯილდო კარგად შესრულებული სამსახურისთვის". რას ვიზამთ, ამგვარი იყო საბჭოთა რეალობა. ვის დევნიდნენ და ვინ აღაზევეს? თუ გამოჩენილ მეცნიერებს საბჭოთა ხელისუფლებამ ისტორიაში არნახული ტერორი დაატეხა თავს და პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორა ანგარიში, ვაიმეცნიერების აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა და სასათბურე პირობებს უქმნიდა. "კონდტრატიევშჩინა", "ლისოვკოვშჩინა" ამის გამოძახილია. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა ერთი სერიოზული პრობლემა - მეცნიერის ბედი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. ამ თვალსაზრისით, გრიგოლ წერეთლის მოწამებრივი აღსასრული თვალსაჩინოა და ჩვენს მეცნიერულ ინტერესებს შეესატყვისება.

ვაჟა-ფშაველა ამბობდა: "თუ ერი თავის შვილებს ღირსეულად აფასებს, მე ეს განთიადის დასაწყისად მიმაჩნია". ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იპყრობს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გრიგოლ წერეთლის მოღვაწეობის რეაბილიტაცია. პროფესორ ვალერი ასათიანის ზემოხსენებული სოლიდური მონოგრაფია, ვფიქრობ, ამის კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია უნდა იყოს.

მერაბ კალანდაძე ჟურნალი "ისტორიანი",#104