ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები - კვირის პალიტრა

ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები

დასაწყისი იხილეთ სოხთაში დასახლებულმა ოსებმა ქართლური საცხოვრისი

შეითვისეს

გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსების საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1977 წელს გადმოტანილი ერდოიანი სახლი ანუ "ერდოიჯინ ხაძარი~ და საქონლის სადგომი ბოსელი, ე.წ. სკატი. ეს ნაგებობანი ეკუთვნოდა ძმებ ბადილა და ივანე ოსტაევებს. სოხთა მაღალმთიანი სოფელია დიდი ლიახვის აუზში, მდინარე ფაწას ნაპირზე, ცხინვალი-ონის საავტომობილო გზასთან, კვაისის სიახლოვეს. ქართული მოსახლეობისგან დაცლილ, ისტორიული შიდა ქართლის ამ სოფელში, რომელსაც ადრე სოხო რქმევია, ოსები XIX საუკუნეში დასახლდნენ. სოხთაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები (გვიან ანტიკურ ხანაში, ახ.წ. II-IVსაუკუნეების არქეოლოგიური მასალის მიხედვით) ადასტურებს იბერიის მთისა და ბარის სულიერი და მატერიალური კულტურის ერთგვაროვნებას.

სოფლის მახლობლად შემორჩენილი იყო X საუკუნის დარბაზული ეკლესია, უხვად შემკული წარწერებით, ჩუქურთმებითა და რელიეფებით. როგორც ხდებოდა ხოლმე, მოსულმა მოსახლეობამ შეითვისა საუკუნოვანი მატერიალური კულტურა, მათ შორის საცხოვრებელი. ეს იყო მოსული მოსახლეობის ადაპტაციის მაგალითი ადგილობრივ პირობებსა და მეზობელ სოფლებში დამხვდური მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასთან. სოხთის საცხოვრებელში წარმოდგენილია ქართლის ბარისთვის დამახასიათებელი დედაბოძიანი დარბაზული საცხოვრებელი, რაჭული და ზემო იმერული სახლების სინთეზით წარმოქმნილი ნაგებობა. კლასიკური დარბაზული საცხოვრებლისგან განსხვავებით, ამ სახლების აგება დაიწყეს არა ქვითკირისგან, არამედ საშენ მასალად ხე გამოიყენეს, ძირითადად, გარე ფასადზე დაკუთხული ძელები. ასეა აგებული საჩხერის რაიონის სოფელ სპეთიდან გადმოტანილი წიგნაძეების სახლი, ამავე რაიონიდან სოფელ ცხამის საცხოვრებელი. ამავე დროს, კლასიკური გვირგვინის ნაცვლად, ზემო იმერეთის სოფლების გავლენით, კერასა და ერდოს შორის სიმაღლეზე დალაგებული ფიცრების მეშვეობით შექმნილია ე.წ. ცრუ გვირგვინი. ასე მიმდინარეობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ახალმოსახლეების სამეურნეო და კულტურულ-ყოფითი ადაპტაცია ახალ ადგილას. ოსტატები მეზობელი რაჭიდან გადმოდიოდნენ. სხვათა შორის, რაჭველი ოსტატები ჩრდილოეთ ოსეთის სოფლებშიც საქმიანობდნენ.

სოფელ სოხთისგან განსხვავებით, ქსნისა და ლეხურის ხეობებში ჩამოსახლებულმა ოსებმა კლასიკური ქართული დარბაზი აიღეს საცხოვრებლად. სოხთის (ოსტაევების) დარბაზი დგას მშრალად დაწყობილ ქვის საძირკველზე. საკედლე მასალად გამოყენებულია თელა და მუხა. კედლები აგებულია ძელებით, რომელთა გარე მხარე ორგვერდიანად დაწახნაგებულია, ხოლო შიგნიდან სწორი პირი აქვთ. დარბაზს შუაში უდგას ერთი დედაბოძი, რომელიც კლასიკური დარბაზებისგან განსხვავებით, ორი ნაწილისგან შედგება. ზედა ნაწილი ჩვეულებრივ თავხეს ებჯინება, ხოლო დედაბოძის ქვედა ნაწილი ზედა ნაწილის საწინააღმდეგოდ დგას და გეგმაში ჯვრის ფორმას იღებს. დარბაზში დგას მეორე დედაბოძიც, უფრო მცირე ზომის, უკანა კედლის აფრასთან.

სოხთის დარბაზის მთავარი დედაბოძის ზედა ნაწილი მოჩუქურთმებულია ტრადიციული ქართული, ძირითადად ასტრალური ორნამენტებით. მოჩუქურთმებულია თავხეც. დარბაზის ამ ტიპს არ აქვს ბანიანი გადახურვა, არამედ ორქანობიანი სახურავი აქვს, რომლის ბურვილად ყავარია გამოყენებული.

ჭაჭკარი და ვარძია

ასპინძის რაიონის სოფელ ჭაჭკარიდან ერდოგვირგვინიანი სახლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში 1971 წელს გადმოიტანეს. ეს საცხოვრებელი ნაგებობა უძველესია არა მარტო მუზეუმში, არამედ ყველაზე "ხანდაზმულია~ ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილ დარბაზებს შორის. იგი XVII-XVIII საუკუნეს განეკუთვნება და ხუციშვილების ოჯახის საკუთრება ყოფილა. მცირე ხეობაში შეყუჟულ პატარა სოფელ ჭაჭკარს დიდი ისტორია აქვს. ის ვარძიის სიახლოვესაა, ორიოდე კილომეტრში. როგორც ჩანს, ეს ნაყოფიერი სოფელი ვარძიის სამეურნეო ბაზა იყო. ერთ დროს დარბაზებით დახუნძლული ჭაჭკარი კლდეში ნაკვეთი ქალაქის ბუნებრივი გაგრძელებაა. ამის დადასტურებაა დღესაც შემორჩენილი, კლდეებში ამოჭრილ-გამოკვეთილი საწნახლები თავისი სატკბილე თაღარებით. აქ იწურებოდა მესხური ჯიშის ყურძენი - ცხენის ძუძუ, ხარისთვალა, მესხური მწვანე ბუდეშური, კლერტმაგარა, თამარის ვაზი...

ჭაჭკარსა და მის მიდამოებში ვაზი მაღლარიც იყო და დაბლარიც. მაღლარი ვაზი გასული იყო მსხლის, ჭერმისა თუ ჭანჭურის ხეებზე. დაბლარი ფერდობებზე სართულებად მიუყვებოდა ტერასების აქაურ სახეებს – დარიჯებს, ოროკებსა თუ ბაქნებს. ამჟამად ტერასული ვენახების გაშენებას მეთავეობს ადგილობრივი ახალგაზრდა მევენახე გიორგი ნათენაძე. სწორედ მათ საგვარეულოშია შემონახული უძველესი ვაზი "ცხენის ძუძუ თეთრი~, რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით რამდენიმე საუკუნის ხნოვანებისაა. თვით სოფელ ჭაჭკარს მიკუთვნებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

გადაწყვეტილია ამ სოფლის ერდოგვირგვინიანი დარბაზოვანი სახლების აღდგენა და ტურისტულ ობიექტში ჩართვა. ჭაჭკარი და ვარძიის სამხრეთით, მტკვარგაღმა მდებარე სოფელი გოგაშენი ერთი სამეურნეო კომპლექსი იყო. ზეგანზე მდებარე ურწყავი გოგაშენი მარცვლეულის ბეღელს წარმოადგენდა, სარწყავი ჭაჭკარი კი ხილითა და ღვინით ამარაგებდა ამ მხარეს.

ჭაჭკარი გაცილებით ადრინდელია ვარძიაზე. გადმოცემით, როცა ვარძია იკვეთებოდა, მის მუშებსა და ოსტატ-მოხელეებს სადილ-სამხარსა და ვახშამს სწორედ ჭაჭკარში უმზადებდნენ. ჭაჭკარის ხუციშვილების დარბაზოვანი, სიძველისა და საინტერესო ისტორიის გამო, გამორჩეულად უყვარდა მუზეუმის დამაარსებელს აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას და ღრმად მოხუცებულობის ჟამს, სანახავად მისულ კოლეგებს სწორედ ჭაჭკარზე აამბობინებდა. ეს ნაგებობა აზომა, ჩახაზა და მის მუზეუმში აგებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ლონგინოზ სუმბაძე.

ჭაჭკარის ხუციშვილების საცხოვრისი უნიკალურია მეგალითური ინტერიერითა და ერდოგვირგვინიანი გადახურვით. საცხოვრებელი დარბაზი დაახლოებით 65 კვმ-ია. უკან მიდგმული აქვს სამეურნეო დანიშნულების და მოხუცების სამყოფელი მცირე სენაკი, ნახევრად კლდეში გამოკვეთილი, მასიური ქვის საწოლით. კედლები ნაგებია მშრალი წყობით, კირხსნარის გარეშე; გადახურულია რვაკუთხოვანი გვირგვინით, რომელიც თითქმის სივრცის მთელ ფართობს სწვდება, ამიტომ მისი საყრდენი კედლებზეა მიბჯენილი.

ქართლ-კახური ტიპის დარბაზებში გვირგვინიანი გადახურვა, როგორც წესი, მხოლოდ დედაბოძებს ეყრდნობა, აქ კი კონსტრუქციული დატვირთვა დედაბოძებთან ერთად, კედლების გასწვრივ, ქვის ბალიშებზე აღმართულ ბოძებზე არის განაწილებული. დარბაზის გვირგვინი ბოლოვდება ერდოთი, საიდანაც გადის კვამლი და შემოდის სინათლე. გვირგვინის დამჭერ ბოძებზე იშვიათი ოსტატობითაა ხეში გამოკვეთილი ვერძის თავები...

ამ შთამბეჭდავ შუაცეცხლთან გამართულ კერის თავში, მასიურ ქვაზე იჯდა ოჯახის უფროსი. აქ ირჩეოდა ოჯახის, სოფლისა თუ საქვეყნო საქმე. კერა, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, წმინდა და საკრალურ ადგილად მიიჩნეოდა. მისი შეურაცხყოფა დიდ დანაშაულად ითვლებოდა. მისი გამორჩეული პატივისცემა წინაპრების ხსოვნის პატივისცემასაც გულისხმობდა. აქვე იმართებოდა საქორწინო რიტუალის ელემენტები. ოჯახში შემოსულ პატარძალს კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ, დალოცავდნენ, რაც მის სრულუფლებიან წევრად მიღებას ნიშნავდა. დარბაზის მარჯვენა მხარეს, კუთხეში, აქაც და ქართლ-კახეთის დარბაზშიც თარო-ანგელოზის კუთხე იყო და სწორედ აქ ინახებოდა პურის დედა//პურის დედო//"ხაში~.

ჭაჭკარის სივრცის მეორე ნაწილში, სენაკში მასიური ქვის საწოლია, რაზედაც აფენდნენ ქვეშაგებს, კერძოდ რბილ თივას და მასზე ჭილოფს. სენაკი გამოიყენებოდა როგორც მოსასვენებელ, ისე სათავს სივრცედ. ეს იყო ე.წ. საციოც, დერგებით სხვადასხვა სახის მესხური ყველისთვის – ჩეჩილი, ტენილი, ყურუთი და სხვ. აქვე ინახებოდა რძის სხვა სახის პროდუქტები, მათ შორის ოთხკუთხა, ფიცრებისგან შეკრულ (იყო ერთ ხეში გამოთლილიც) ჰორიზონტალურ სადღვებელში ანუ ვარიაში შედღვებილი კარაქი, მისგან დამზადებული ერბო, ასევე ხორცეული.

ზოგჯერ, ეზოების ნაცვლად, აქ იყო მიწაში ამოთხრილი და შემდგომ ქვითკირით ამოშენებული ორმო-ხაროები მარცვლეულის, ძირითადად ხორბლის შესანახად. აქვე იდგა საფქვილე ამბარი – სახალამბრე. მარტივ ანუ ერთსივრციან დარბაზში საციო ყველაზე ბნელ და გრილ ადგილას იყო გამართული.

ყოველდღიური მოხმარების ხის, სპილენძისა და თიხის ნივთები უმეტესად ოჯახში ან სოფელში მზადდებოდა.

სენაკს ებჯინება დარანი, რომელიც ვიწრო გასასვლელს წარმოადგენდა. აუცილებელი და საჭირო იყო დარანი. ომიანობისას, მტრის შემოსევისას, იგი გამოიყენებოდა სახიზრად-თავშესაფრად და ოჯახის გასახიზნად. ჩვეულებრივ, დარანი უკავშირდებოდა მეზობლად მდგარ დარბაზს და პრაქტიკულად, მთელი სოფელი დაქსელილი იყო დარნების სისტემით, რომლის საშუალებითაც ხდებოდა სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ქალების გახიზვნა უსაფრთხო ადგილას, სოფლის ბოლოში, ხევში, ტყის ნაპირას...

სამცხე-ჯავახეთში ასეთი ტიპის დარბაზულ საცხოვრებლის გვირგვინს მერცხლის ბუდურას უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ მის ზედა ნაწილში მერცხალს უყვარდა ბუდის აშენება. გვირგვინიანი გადახურვა თავისი ფორმით ჩვენმა წინაპარმა მერცხლის ბუდესაც მიამსგავსა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც არის შემორჩენილი: მერცხალი ადრე ბუდეს დაბლა, ჩირგვებში იკეთებდა. ამ ადგილებს უხსენებელი, ქვეწარმავალი შეჩვევია, არც კვერცხები გაუჩერებია და არც ბარტყები. გამოსავალი ნახა მერცხალმა, ადამიანს მიეკედლა და ბუდე დარბაზის გვირგვინში აიშენა. დარბაზის მკვიდრებმაც გულით მიიღეს გაზაფხულის მახარობელი, ასეთ გადახურვას კი მერცხლის ბუდურა დაერქვა.

ქალაქური დარბაზის გადარჩენა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ 1977 წელს ახალციხის რაბათიდან გადმოიტანეს ყირქესლიშვილების (უფრო ადრე ბალიაშვილების) ერდოგვირგვინიანი დარბაზი. ახალციხური მერცხლის ბუდურა სახლი დარბაზოვანია, რაც ნიშნავს, რომ შედგება რამდენიმე ოთახისგან და აქვს აივანი, ანუ კარაპანი. ახალციხის რაბათის უბანში აგებული დარბაზები მასშტაბითა და გრანდიოზულობით გამოირჩეოდა სოფლებში არსებული დარბაზებისგან. ყველაზე ძველი დარბაზები XIX საუკუნისაზე ადრინდელი იყო. დღეს ამ დარბაზების კვალიც აღარ იძებნება, ყირქესლიანთ დარბაზმა კი სიცოცხლე ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაგრძო და ისტორიას ასე შემორჩა.

დარბაზი მაღალგუმბათიანია, საცხოვრებლის ცენტრალური გვირგვინი რვაკუთხედია და დაყრდნობილია ე.წ. საწარბეებს. თავის მხრივ, საწარბეებზე გარდიგარდმო დაწყობილია ოთხკუთხად დამუშავებული ძელები, ანუ ჩანთა-ფართხები, რომლისგანაც კიბურად იქმნება სწორედ აღნიშნული რვაწახნაგოვანი გუმბათი.

დარბაზის ფართობი 49 კვმ-ია. გვირგვინის სიმაღლე 7 მეტრია და ბოლოვდება ერდოთი. გვირგვინი შედგენილია ძელების კომბინაციით 16 საფეხურისგან, რომელიც სიმაღლეში თანდათანობით ვიწროვდება. გვირგვინის თავზე ერდოა, რომელსაც აქ კოკოშაკს უწოდებდნენ. შუაცეცხლის, კერის არსებობის დროს კოკოშაკიდან გადიოდა კვამლი და შემოდიოდა სინათლე, დღისით მზის სხივები, ღამით კი მთვარის შუქი. ავდრისას კოკოშაკი იხურებოდა გასაწევ-გამოსაწევი ე.წ. ხაფანგით, რომელსაც საგანგებო თოკ-საბელი ამოძრავებდა.

შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, ლამაზად მოჩუქურთმებულ-დაჭრელებული ლოგინის შესანახი განჯინები და განიერი "დოლაბები~ ანუ მუსანდრებია გამართული. დარბაზს თითქმის ყველა მხარეს ჩაშენებული აქვს მხატვრულად გაფორმებული კარადები, ხოლო ბუხრის ზემოთ, ორივე მხარეს – თახჩები.

თავდაპირველად დარბაზის ცენტრში გამართული ყოფილა კერა, შემდგომ კი შუაცეცხლიანი კერის ნაცვლად დასავლეთ მხარეზე ჩნდება მოჩუქურთმებული ბუხარი. ყირქესლიანთ ბუხარი ჩუქურთმების რთული კომპოზიციითაა დაფარული, განსაკუთრებით მისი წინპირი//"კამარა~ და ყელი//"მუხლები~. მათზე, მსგავსად კერისა, დედაბოძებისა, ამოკვეთილია მაგიური მნიშვნელობის აპოტროფული თუ სხვა დანიშნულების სიუჟეტები, განსაკუთრებით, საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე უნივერსალური, მრავალ ხალხში გავრცელებული სიცოცხლის ხის ორნამენტი.

სივრცე ახალი ოჯახისთვის

დარბაზის აღმოსავლეთ მხარეს, ამაღლებულ ადგილას გამართულია მესხური დარბაზოვანის კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი – ე.წ. აჯილაკი, ამაღლებული სივრცე აივნით, ახალდაქორწინებულთათვის. აჯილაკი//აჯილა, ქორწილის დროს ნეფე-დედოფლის დასაჯდომი ადგილია, ქორწილის შემდგომ კი მათი სამყოფი სივრცე. აჯილაკთან დაკავშირებით საინტერესო დეტალი იკვეთება. მის ქვეშ ზოგჯერ საწნახელი იყო ხოლმე გამართული, უმეტესად (ყირქესლიანთ დარბაზის შემთხვევაშიც) მარცვლეულის შესანახი ორმო-ხარო, ბეღელი. ასეთი განთავსება ბეღლის თუ საწნახლისა ახალდაქორწინებულთა სამყოფის ქვემოთ შემთხვევითი სულაც არ არის. იგი სიმბოლურად უკავშირდებოდა ბარაქიანობის დაბედებას, ხორბლის მოსავლის სიუხვეს, საქონლის გამრავლებას! ამ სიმბოლურ ურთიერთსიახლოვეს, მარცვლეულის სიმრავლეს ახალდაქორწინებულთა შვილიერებისთვისაც უნდა "შეეწყო ხელი~. აჯილაკიდან კიბე ადის დარბაზის სხვენზე, ანუ ე.წ. ჰარამოდაში, რომელიც დაბალ, მოგრძო დერეფანსა და იმავდროულად, აჯილაკთან ერთად, ნეფე-პატარძლის სამყოფელს წარმოადგენდა.

ცენტრალური დარბაზის სამხრეთით არის მეორე, მცირე დარბაზი, რომელსაც აქვს სამზარეულოს ფუნქცია და გამართულია თონე. აქვეა გობი, ვარცლი. ასევე საწყლე – თიხის დოქებით, კოკებითა და ორიგინალური ჭურჭლით, ხის დოქით ანუ კუტალით, რაც მხოლოდ სამცხე-ჯავახეთისთვის არის დამახასიათებელი.

წალკა-თრიალეთის ძნელბედობა

წალკა-თრიალეთი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მტრების გაუთავებელ შემოსევათა გამო. ისედაც შეთხელებული ქართული მოსახლეობა, მუსლიმანი ქართველები რუსული ადმინისტრაციის პროვოცირებით, ამ მიწა-წყლიდან გადაასახლეს. მთელ ამ არემარეში ქართველობას ისტორიული სოფელი რეხა ამაგრებდა. ხალხურ პოეზიაშიც აისახა აქაურობის ასეთი გაუსაძლისი ყოფა:

თავს რეხავ, ბოლოს ეძანო,

შუაში ბეშქენაშენო,

თუ მტერმა ასე გვირია,

სახლი როდის ავაშენო...

გინდ სახლი ავაშენო,

იქ როდისღა მოვისვენო?!

აქვე, სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლებში აქ ქართველობა მომაგრდა სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებით.

სწორედ რეხადან 1972 წელს ღია ცის ქვეშ მუზეუმში გადმოტანილი საბაძეების დარბაზოვანით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ კუთხის საცხოვრებელზე. იგი კომპლექსური ნაგებობაა, შედგება უშუალოდ საცხოვრისი დარბაზისა და მასზე მიდგმული საქონლის სადგომ ახორისგან. ხის მასალად უმთავრესად ფიჭვია გამოყენებული. დარბაზში წინკარიდან ანუ წინამოდან შევდივართ, რომელიც აგრეთვე გვირგვინიანი გადახურვითაა გაწყობილი. აქედან მთავარ დარბაზში მოვხვდებით, რომელიც აგებულებით ქართლური და სამცხე-ჯავახური დარბაზების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. მთავარი გვირგვინის საფუძვლის დირეები ეყრდნობა როგორც კედლებზე მიბჯენილ ბოძებს, ისე ორ, თავისუფლად მდგომ დედაბოძს. დედაბოძები მესხეთში სადაა, განსხვავებით ქართლისა და კახეთის დარბაზთა მოჩუქურთმებითა და ორნამენტებით გამორჩეული დედაბოძებისგან. მარცხენა კედელში ამოყვანილია ჯავახეთისა და არტაანის მხარისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი ზომის ბუხარი, რომელიც სისადავით გამოირჩევა.

დარბაზოვანის წინამოდან მარჯვნივ შევდივართ საბაძეების ახორში – პირუტყვის სადგომში. იგი აბსოლუტურად განსხვავებული, გრძივი გადახურვით გამოირჩევა. გრძივი გადახურვის კოჭები მარჯვნივ და მარცხნივ კედლებთან ჩამწკრივებულ ექვს-ექვს ბოძს ეყრდნობა. ახორის გვირგვინი შედარებით მარტივია, სამსაფეხურიანია, ოთხკუთხა ფორმისა და ე.წ. ყოჩის თავებზეა დაყრდნობილი. მსგავსი გადახურვა შეგვხვდა ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში შემავალ ისტორიული საქართველოს არტაანის მხარეში, - ერუშეთსა და ჩრდილ-პალაკაციოში.

ახორის ჩრდილოეთ ნაწილში ზამთრის საცხოვრისი სივრცეა თაკარიანი ოდა. მას სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ: ახორის ოდა/ბოსლის ოდა/ქირიშებიანი ოდა/ლაზური ოდა. ასეთივე, თაკარიანი ოდა შეგვხვდა ერუშეთში ჰეიდარ თუთულმაზისა და ჩრდილ-პალაკაციოში ჰამზა სარიჩაირის "დამებში~. ასე უწოდებენ თურქი თარაქამები და ქურთები მსგავსი ტიპის სახლებს. სახლის ეს ტიპი კი მათ მომთაბარეობიდან მიწათმოქმედებაზე, ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისას ცხადია იქაური ქართველებისგან აქვთ აღებული. თაკარიანი ოდა შეგვხვდა ჯავახეთშიც, სოფელ საღამოში, წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში, რომელიც ამჟამად დამხმარე ნაგებობად გამოიყენება. გადმოცემით იგი მუსლიმანი მესხების აშენებულია, რომელნიც 1944 წელს შუა აზიაში გადაასახლეს და ეს სოფელი სომხურმა მოსახლეობამ დაიკავა.

რაც შეეხება ტერმინს თაკარიანი ოდა, არის მოსაზრება, რომ თაკარი თითქოს ეწოდება გადახურვის ფორმის ნაწილს ახორის ოდაში, – ორი მხრიდან ძელების დაცერავებულ ან დაცერავებულად აფიცრულ კონსტრუქციულ ელემენტს. ჩვენი მასალით და ეთნოგრაფიული დაკვირვებით, დასასრულ - სემანტიკურად, თაკარი წარმოადგენს ახორის ოდის შესასვლელის მხარეს დატანებულ ღიობს – ვერტიკალური ერდოს (კლასიკური, ჰორიზონტალური ერდოსგან განსხვავებით), საიდანაც შემოდის სინათლე და მზის თაკარა სხივები.

დასასრული ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#105