გოლგოთის გზაზე მავალი - მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით - კვირის პალიტრა

გოლგოთის გზაზე მავალი - მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით

ნაწილი I

"თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს და მთავრობის პაციფისტურ სულის კვეთებას..."

ევროპაში გადახვეწილი ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, მათივე დეიდაშვილ ნესტორ მაღალაშვილთან ერთად, დუშეთის ამბის გამო ჟენევის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განთავისუფლებულები ჟენევაში დამკვიდრდნენ. მათგან მხოლოდ გიორგი კერესელიძე იყო უკვე ცოლშვილიანი.

"ორმოცდახუთმეტი წლის განუყრელი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებდა მე გიორგისთან. პირველად ვნახე იგი თბილისში, 1905 წელს. შვეიცარიაში, ჟენევაში ვიცნობდი და ვმეგობრობდი მის უფროსს ძმას, ლეო კერესელიძეს, რომელიც ჩემზედ უფრო ადრე დაბრუნდა საქართველოში, და მეც რომ დავბრუნდი 1905 წელს, მის სანახავად მივედი გიორგის ბინაზედ...

ვიხილე მშვენიერი ახალგაზრდა ვაჟკაცი, უკვე დაქორწინებული. მისი მეუღლეც, თამარი, ციციშვილის ასული, იქ იყო, და ორივე შეჰხაროდნენ პირველ შვილს მათეს, რომელიც გიორგის ეჭირა და ათამაშებდა...

დუშეთის საქმის გამო ლეო კერესელიძე, უმთავრესად მონაწილე ამ საქმისა, უცხოეთში გადმოიხვეწა 1906 წელს და დამკვიდრდა ჟენევაში. მალე გიორგიც იძულებული იყო ცოლ-შვილით გადმოსახლებულიყო აგრეთვე ჟენევაში".

პაპის სეხნია მათე კერესელიძემ (1906-1970), მართალია, თვალები სამშობლოში აახილა, მაგრამ ემიგრაციის გზას ისეთი ჩვილი გაუყენეს, რომ თავისი ქვეყნის ბუნების მშვენიერების, ცისა და მიწის საიდუმლოების აღქმაც ვერ შეძლო. მის ბავშვურ გონებას იგი მხოლოდ დედის მონათხრობით მიეწოდებოდა.

მარიამ კერესელიძე ბერბერთა ეროვნულ სამოსში (გადაღებულია მაროკოში, 1930-იან წლებში)

მეოცნებე ბიჭს დედა ისე ნელა და ისე ტკბილად უყვებოდა სამშობლოზე, თითქოს ნაკადული ჩურჩულებდა მის ბაგეთაგან. თამარის ხმაში იმდენი გრძნობა და თილისმა იყო, რომ ბავშვი მთელი ღამე ვერ იძინებდა და ბორგავდა.

დედის ნაამბობის შემდეგ ყოველ საღამოს სიტყვას აძლევდა თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდა იმ საარაკო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ერქვა.

მთელი ბავშვობა მათე კერესელიძე ხან ჟენევაში, ხან გერმანიაში ცხოვრობდა და სწავლობდა. ბოლოს მთელი ოჯახი საფრანგეთში დამკვიდრდა. მან მშობლიურივით შეისწავლა გერმანული და ფრანგული ენები: "მათეს ცოდნა დიდი აქვს, ფართო, ნიჭი და გონება მდიდარი. ბევრი გერმანელი მის გერმანული ენის ცოდნას შენატრის და ბევრი ფრანგი, მის ფრანგულს. ქართულიც კარგად იცის, - იცის იტალიური (შედარებით კარგად) - ისპანური და ინგლისურიც ეხერხება. უსწავლია რუსულიც, იცის ლათინური და ბერძნული და სხვა. ერთი სიტყვით, სწორედ ინტელექტუალური აქტივობაა მისი დარგი".

შვილის 15-წლიანი პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი კერესელიძე წერდა: "მათეს აუარებელი სამუშაო აქვს, ინტელექტუალური ხასიათისა, რაც სავსებით შეეფერება მის ბუნებას. მართალია, ჯერ სარფიელი მაინც და მაინც არ არის, ხოლო რადგან მისი ნაწერები, მისი კრიტიკა, მისი აზრები დიდად მოსწონთ, იმედი დიდია, რომ მალე ჩამოყალიბდება მისი მდგომარეობა. არ უნდა უწყინო, თუ ვერა გწერს. დრო სულ არა აქვს და მეც ძალიან იშვიათად მწერს. ისიც იმიტომ რომ აუცილებელია მისთვის, ზოგ რამეში ჩემი აზრი მოისმინოს".

მათეს მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი ამონარიდიც: "საყურადღებოა, რომ ლეო კერესელიძეს ჟენევაში 1918 წელს გამოუცია 45-გვერდიანი წიგნაკი "Fantasies Orientales", რომელიც შეიცავს რამდენიმე ფანტაზიას. ამათგან ერთი - "თამარ მეფე და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი" ავტორისეული თარგმანია, ხოლო მეორე - "ბაზალეთის ტბა", რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია ფსევდონიმს ამოფარებულ ვინმე "მათე-ლულუს", დაბეჭდილია "ქართულ გაზეთში".

ლეო და გიორგი კერესელიძეები

"მათე-ლულუ" - ლეო კერესელიძის ძმისშვილები არიან. ისინი ყმაწვილობიდან მისდევდნენ მთარგმნელობით საქმიანობას. სავარაუდოა, რომ ბიძამისის ფრანგულ ენაზე დაწერილი "ბაზალეთის ტბა" მათ მიერ იყოს თარგმნილი.

დიდი ქართული საქმისთვის უცხოეთში გახიზნული მამულიშვილები, მათ შორის ძმები კერესელიძეები, ჯერ საქართველოს თავისუფლებისთვის, ხოლო შემდეგ კი ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტებთან ერთად დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დაუღალავად იღვწოდნენ. მათი შვილებიც მამებივით საქართველოს თავისუფლებისთვის გოლგოთის გზას ათეული წლები მიუყვებოდნენ.

"ვენაში, ჯარისკაცთა სახლში ვნახე უაღრესად სასიამოვნო, განათლებული ქართველი, ბატონი მათე კერესელიძე, პარიზელი ემიგრანტი.

...მათე კერესელიძეს ისევ შევხვდი 50-60-იან წლებში - ამჟამად დიუსელდორფში... ის, რაც მან და მისმა თანამებრძოლებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიმოქმედეს, ქართველთა ეროვნული ინტერესების დასაცავად იყო გამიზნული. ისინი თავსაც სწირავდნენ ამისთვის, თუმცა ეს ღვაწლი შეუფასებელი დარჩა".

პირუთვნელობით დაწერილმა გივი გაბლიანის მოგონებამ ზემოთ აღნიშნული დეტალით იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ცნობილი ბიძისა და მამის ჩრდილქვეშ დიდხანს მდგომი მათე კერესელიძე უკვე პოლიტიკურად და ინტელექტუალურადაც გამორჩეული პიროვნება გახდა.

ცნობილია, რომ 1925 წელს პარიზში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", ხოლო 5 წლის შემდეგ "თეთრი გიორგის" დამაარსებელი მამების შვილებმა, ბერლინში მსგავსი პატრიოტული ორგანიზაცია იმავე წესდებითა და იდეოლოგიით დაამკვიდრეს.

1930 წლის თებერვალში ბერლინის "თეთრი გიორგის" ორგანიზაციის წევრი მათე კერესელიძე ძმასთან, ლულუსთან (ლეო) ერთად გახდა (1908-1979). აქვე იყო მიხაკო წერეთლის ერთადერთი ვაჟი ოთარ წერეთელიც. ახალგაზრდები უშვებდნენ გაზეთს "თეთრი გიორგი", რომელშიც ძმები კერესელიძეები ინტენსიურად აქვეყნებდნენ წერილებს. მათ სწამდათ, რომ ეს ორგანიზაცია ქართველ ერს "ერთ მებრძოლ არსად გააერთიანებდა... ქართველი ერი, მძლავრი თავისუფლების სურვილით, შეიარაღებული გაერთიანებით გაჰგმირავდა მონობას".

საყურადღებოა ბერლინში დაარსებული გაზეთის, "თეთრი გიორგის" რედაქციისთვის გაგზავნილი წერილი: "ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას და თქვენს გაზეთს აღვუთქვამ თანამშრომლობას. თუმც ჯერ ფიცი არ დამიდია და "თეთრი გიორგის" წევრი არა ვარ, მაგრამ სულით, გულით და მთელი ჩემი შეგნებით თანაგიგრძნობთ. გიგზავნით ჩემს პირველ წერილს – "25 თებერვალი". თუ მკითხველის ყურადღების ღირსია, გთხოვთ თქვენი გაზეთის თებერვლის ნომერში მოათავსოთ. მათე კერესელიძე".

სტატიაში მათე კერესელიძე აღნიშნავდა: "ემიგრაციაში აღზრდილს, მე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც უცხოეთში მომიხდა დარჩენა. ზედმეტია აღწერა იმ გრძნობებისა, რომელნიც საქართველოს განთავისუფლების ამბავმა ჩემში განაღვიძა: გრძნობა ამაყი, თავისუფალ მშვენიერ ქვეყნის - თავისუფალი შვილისა.

მსგავსი აღფრთოვანების გადმოცემა ხომ შეუძლებელია. ძილიდან, რომელსაც დასტიროდა ჩვენი ილია, გვეღირსა ჩვენ გამოღვიძება. საშინელ ღამის შემდეგ მზე ისევ ამოვიდა და გაანათა ახალი სიმშვენიერით ჩვენი მამული. წარსული შავ სიზმრადღა გვეჩვენებოდა...

რა უღრმესი პატივისცემა მქონდა ჟორდანიასი... საქართველოს განმათავისუფლებლისა... იმ ადამიანის, რომელიც კვლავ ხელთ იღებდა ერეკლეს, თამარის, დავითის დროშას - რათა თავისუფლად გაეფრიალებინა თავისუფალ მშვენიერ ქართველთ მამაპაპეულში...

მახსოვს, რა სიამაყით ვუყურებდით საქართველოს რუკას მე და ჩემი მასწავლებელი, ალექსანდრე გოზალიშვილი. ჩვენს ოცნებაში იხატებოდა ის დრო, როდესაც ჟორდანია საქართველოს შემოუერთებს ჩვენი სახელმწიფოს ფარგალთა გარეშე დარჩენილ ჩვენი ძმების მიწა-წყალს...

მოკლე ხნის სიხარული გამოდგა. რუსები თბილისში შემოვიდნენო! - როგორ? რა მოხდა?.. ყალბი ცნობები იქნება, შეუძლებელი რამ არის... გულს არ სჯერა ამდენი უბედურება.

და ჩემს, ჯერ კიდევ ბავშვურ წარმოდგენაში ასიათასობით ვხედავდი შემოსეულ ბარბაროსების ბრბოებს...

ერთ საზიზღარ დღეს მოდის ამბავი: მთავრობამ დაჰკრა ფეხი და დედაბუდიანად პარიზში ამოყო თავი...

აი, იშვიათი შემთხვევა მოგზაურობისთვის...

საქართველო პირველი მაგალითი არის სულის ასეთი სიდიადისა: თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს და მთავრობის პაციფისტურ სულის კვეთებას..."

მათე კერესელიძე სტატიაში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, მისი ბედუკუღმართობის ხანას და საბოლოოდ ასეთ დასკვნას აკეთებს: "25 თებერვალი... რამდენი ტანჯვა და რამდენი წლების ისტორიაა ამ მოკლე სიტყვებში. 9 წელიწადია, რაც საქართველო თავის ეროვნულ გოლგოთას ადის და ვინ იცის, როდის აივლის მას... ვინ იცის, რამდენ მსხვერპლს მოითხოვს კიდევ უთანასწორო ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ლეო (ლულუ) კერესელიძე, გიორგი კერესელიძის მეორე ვაჟი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრი

ჩვენმა თაობამ თავისუფლება მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იგემა. მაგრამ ეს ისეთი ტკივილი იყო, მას ისეთი გარდამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ერის მიძინებულ ნაწილებშიც კი, რომ მტერი თუნდ ათჯერაც უფრო გაძლიერდეს, ჩვენ მაინც ქართული სიამაყით შევძახებთ: ან სიკვდილი, ან გამარჯვება..."

"თეთრი გიორგის" მომდევნო ნომერში, რომელიც 26 მაისს გამოვიდა, დაბეჭდილია მათე კერესელიძის ანალიტიკური სტატია "მარქსისტული მეცნიერება". ავტორს წარსულ საუკუნეში მომხდარი მოვლენებიდან ყურადღება გამახვილებული აქვს ორ ფაქტზე: "წარსულ საუკუნეში მედიცინამ აღმოაჩინა ისეთი წამალი, რომლითაც სიცხის დაცემა შეიძლებოდა: ეს იყო ანტიპირინი. ექიმებს სიცხე ავადმყოფობა ეგონათ. ვერ მიუხვდენ, რომ სწორედ სიცხე არჩენს ადამიანს ავადმყოფობისგან, რათგან მავნე მიკრობები ვერ იტანენ ამაღლებულ ტემპერატურას. გაეხარდათ ჩვენს ექიმებს და დაიწყეს ამ წამლის დარიგება. ავადმყოფებს უფრო ავად ჰხდიდნენ და ასობით წუთისოფელსაც გამოასალმეს. საკვირველი იყო ექიმთა სისულელე. ავადმყოფი კვდებოდა ხოლო განკურნებული. მას ხომ სიცხე აღარ ჰქონდა! - ასე ჰფიქრობდნენ მეცნიერები".

ამავე სტატიაში მათე კერესელიძე პარალელს ავლებს იმავე საუკუნეში შობილ მეორე სენზე, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: "ეს იყო კარლ მარქსი. გადაავლო თვალი ასი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და შეჰქმნა თეორია ისეთს აქსიომებზედ აშენებული, რომელთაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ. ამ წუთიდან მან უკვე გადაწყვეტით იცის, რომ მოხდება კაპიტალის პროგრესული კონცენტრაცია, მშობელი მამა პროლეტარიზაციისა...

მარქსისტთა მეცნიერება მაგონებს ალქიმიას. ეძებენ ისეთ რამეს, რაც არ არსებობს: ფილოსოფურ ქვას, რომელიც ოქროთ გადააქცევს ყოველ ლითონს და ადამიანს ყოველივე ბედნიერებას მიანიჭებს.

ხოლო ალქიმისტი ამ ძებნაში სულ ბევრი თავის თავს დაღუპავდა ხოლმე, - მარქსისტები კი - მილიონობით ადამიანებს და მთელ ერებსაც...

როდის დადგება ის დრო, როცა სოციალისტთა ალქიმიას ქიმია შესცვლის და ამ ორიოდე სასარგებლოს, რაც შეიძლება მათ ალქიმიაში იმალებოდეს, განსწმენდს აუარებელ სიყალბიდგან და კაცობრიობას ცოტაოდენ კეთილს მაინც შესძენს?"

მათე კერესელიძეს ბავშვობიდანვე სულს უფორიაქებდა ემიგრაციაში ცხოვრება. იგი მოზღვავებულ კითხვებზე პასუხს მოითხოვდა: "რატომ არ ჰქონდა სამშობლო?.. ვინა ვართ?.. რატომ დაგვემართა ასე?.. საქართველოს ბედი რისთვის ქანაობდა რაღაც უცნაურ საბედისწერო "საქანელაზე?.."

ცხოვრება დუღდა, ერთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენა მეორეს ცვლიდა, ერები იბრძოდნენ, იკაფავდნენ გზას... ამ ორომტრიალში, თამაშების სამყაროში უცხოეთში გადახვეწილი ქართველობაც ამხედრებულიყო.

მათე კერესელიძე კარგად ხედავდა, რომ საქართველოში 20-იანი წლების დრამატული სპექტაკლები საბედისწეროდ იყო გათამაშებული და არ სურდა, მისი ქვეყანა კვლავაც დიდ თეატრად დარჩენილიყო.

გადალახა თუ არა გერმანიის ჯარებმა რუსეთის იმპერიის საზღვრები, უკვე აშკარად გამოიკვეთა გერმანია-საქართველოს ინტერესები. ემიგრანტების დიდმა ნაწილმა თავისი დაუოკებელი ჟინით ორი საქართველოს გასამთლიანებლად და საკაცობრიო ცხოვრებაში ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახლა დასამკვიდრებლად, დიდ სახელმწიფოთა შორის რუსეთის იმპერიის დამშლელად გერმანია მიიჩნია და ამიტომაც მეორე მსოფლიო ომში მაშინვე გერმანიის მხარე დაიჭირა.

გერმანელებსაც თავის მხრივ კავკასიაში გადასასროლად ემიგრანტებისა და ტყვედ ჩავარდნილთა ჯგუფი სჭირდებოდა.

ანტისაბჭოთა დაჯგუფებაში მყოფი ქართველი ემიგრანტები გერმანელთა მხარეს ფორმალურად - სხვისი ინტერესებისთვის, ხოლო გულში ყველა საქართველოს აღდგენისთვის ფიქრით იბრძოდა.

ქართველ პატრიოტთა ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" მე-2 ყრილობა პარიზში

საერთოდ, ქართველი ემიგრანტები მეორე მსოფლიო ომის დროს უმთავრესად "იმ შეგნებით იკვებებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, ანუ გერმანიის გამარჯვებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა; ხოლო გერმანელებს გერმანიის გამარჯვებისთვის აუცილებლად მიაჩნდათ ჰიტლერის რეჟიმის შეცვლა და ისინი გულში იმედს ატარებდნენ, რომ ამ შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ევროპა-ამერიკასთან შეთანხმება, რაც გერმანიას გამოუვალ მდგომარეობიდან გამოიყვანდა".

გამოდის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ორად გათიშული გერმანია: ერთი, რომელიც ტევტონების მანიით - გერმანელი რასის უპირატესობით იყო შეპყრობილი - ანუ ფაშისტური გერმანია, და "მეორე - ევროპის გაერთიანების იდეით შეპყრობილი გერმანია, რომელსაც უნდოდა ევროპის გაერთიანება, რათა მისი ცალკეული სახელმწიფოები ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის სათამაშოდ არ გადაქცეულიყვნენ. ამიტომ არსებობდა ძლიერი წინააღმდეგობა გერმანიის მხედრობაში ჰიტლერის რეჟიმისადმი".

ამის დასტური გახლდათ ჰიტლერზე თავდასხმა, რასაც 5000 გერმანელი ოფიცრის ჩამოხრჩობა მოჰყვა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიაში უკვე დაარსებული და ორგანიზებული იყო ე.წ. დამაკავშირებელი შტაბი. ამ შტაბის დანიშნულება იყო ქართველთა და გერმანელთა შორის დასმული პრობლემების საერთო შეთანხმებით გადაწყვეტა. იმხანად გერმანულ მუნდირს 40 000-მდე ქართველი ატარებდა. ნახევარი ამათგან საბრძოლო ბატალიონებისა და სხვადასხვა გერმანულ შენაერთებში მყოფი ქართველებისაგან შედგებოდა. მეორე ნახევარი კი სამუშაო ბატალიონი იყო.

ანტიფაშისტურ დაჯგუფებაში პარიზელ ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ჩაეწერა, მათ შორის "თეთრი გიორგის" წევრებიც, რომლის საფუძველზეც შეიქმნა შენაერთები "თამარ I" და "თამარ II".

"თამარ I-ის" შემადგენლობაში იყვნენ: მიხეილ ბახტაძე, იროდიონ ბეგიაშვილი, გიორგი ბერძენიშვილი, მიხეილ ბურძგლა, მიხეილ გოგორიშვილი, მიხეილ გრიგოლია, გიორგი გაბუნია, ზურაბ აბაშიძე, ლეო კაკულია, ალექსანდრე კანკავა, მათე კერესელიძე (თარჯიმანი), გიორგი ივანიძე, შალვა მაღლაკელიძე, გრიშა მიროტაძე, ვიქტორ მონიავა, დათიკო ხარისჭირაშვილი, რომელთაც ემატებოდა ათი კავკასიელიც.

გერმანელებთან წარსულში ნდობის ფაქტორმა განსაზღვრა ისიც, რომ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში ჩაერთო არა მარტო მათე კერესელიძე, არამედ მისი ძმა ლულუ კერესელიძეც: "1944 წლის ახალ წელს ბერლინში ლანჩზე დამპატიჟა ციციშვილების ოჯახმა. ისინი გამაცნო ლულუ კერესელიძემ, რომელიც ქართულ სამეკავშირეო შტაბში მუშაობდა. მათთან ყოფნით დიდათ ვისიამოვნე".

ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში აქტიურად თანამშრომლობდა "თეთრი გიორგის" ხელმძღვანელი ლეო კერესელიძე და მისი ქალიშვილი მარიამ კერესელიძეც, რომელიც მამის დახმარებით აქტიურ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა.

შენაერთ "თამარ I-ში" ქართველ ჯარისკაცებთან ერთად საქართველოში პარაშუტებით გადასხმისთვის ემზადებოდა მათე კერესელიძეც. ამ ოპერაციას შტაბის ოფიცერი ჰერმანი ამზადებდა.

გენერალი ლეო კერესელიძე, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

"მათე კერესელიძის ჯგუფი "თამარ I-ის" შენაერთიდან მართლაც გადასხდა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1942 წლის გაზაფხულის დამლევს თუ ზაფხულის დასაწყისში. ზოგი დაიღუპა, ზოგიც დაიჭრა საბჭოთა ძალებთან შეტაკებისას, დანარჩენები ტყვედ ჩაიგდეს. მათე იმ უმცირესობაში მოჰყვა, რომლებიც, ყველას გასაოცრად, საბჭოთა ხელისუფლებამ გაათავისუფლა 14-15-წლიანი პატიმრობის შემდეგ და დასავლეთში დაბრუნების ნება დართო. მათე კერესელიძე, ჯერ ერთი, არასდროს ყოფილა საბჭოთა მოქალაქე, თანაც მას ან ხრუშჩოვის კანონმა უშველა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რომ გამოვიდა, ან კანცლერ ადენაუერის მცდელობამ, რომელიც მოსკოვში ჩასვლისას გერმანელი ტყვეების თაობაზე მართავდა მოლაპარაკებას".

მეორე ვერსიის თანახმად: "1942 წლის ზაფხულში, მთელი კავკასიის მასშტაბით დაიწყო "დივერსანტ პარაშუტისტთა" გადაგზავნა ამ რეგიონში. პატარა ჯგუფები თვითმფრინავებით გადასროლილი იქნენ საქართველოშიც. ძირითადი ასაფრენი ბაზა ყირიმში მდებარეობდა. ჯგუფის წევრები კარგად ეკიპირებული იყვნენ. ზოგიერთ ჯგუფში ჩართეს გერმანელი ინსტრუქტორებიც. "ერთ უკუნეთ ღამეში ყველანი პლანერებით გადაგვისროლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში", - იგონებს მათე კერესელიძე. არადა, არც ერთი ქართველი ადრე პარაშუტით არ გადაფრენილა. მათ ამისთვის მხოლოდ თეორიული მომზადება ჰქონდათ გავლილი".

საქართველოში გადასროლილ "დივერსანტ პარაშუტისტებს" საქართველოს შინსახკომი სასტიკად უსწორდებოდა.

ჩავარდნების მიუხედავად, გერმანელები შეუფერხებლად აგზავნიდნენ კავკასიაში თავიანთ მომზადებულ დივერსანტებს. მათ საბჭოთა უშიშროება სასტიკად სჯიდა, რაშიც ლიკვიდაცია იგულისხმებოდა. იმათაც კი, ვინც ნებაყოფლობით ბარდებოდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, ასეთივე სისასტიკით ექცეოდნენ. მცირე დათმობებზე მიდიოდნენ დივერსანტ-პარაშუტისტთა ჯგუფის წევრ მიგრანტებთან.

მათე კერესელიძის ნაამბობიდან ირკვევა, რომ საქართველოში მასთან ერთად გადასროლილი ყოფილან: "დათიკო ხარისჭილაშვილი (ტყვედ ბარდებოდა, მაგრამ გამანადგურებელი ბატალიონის წევრებს მაინც დაუხვრეტიათ ადგილზე), მიხეილ ბურძგლა, შალიკო მაღლაკელიძე, კუკური ქოჩაკიძე და ალექსანდრე კანკავა.

მათთან ერთად ყოფილან გერმანელი ინსტრუქტორები: უნტეროფიცერი ბღოლცი და გერმან მიულერი (ეს უკანასკნელნი დახვრეტილები ხეებზე უპოვიათ).

მათე კერესელიძის ინფორმაციით, ალექსანდრე კანკავას თურქეთის საზღვრებისკენ მოუხერხებია გაქცევა (ალბათ, საამისოდ ვინმემ შეუწყო ხელი), შალიკო მაღლაკელიძე კი თითქოს ჩაუქვავებიათ და ისე მოუკლავთ. დანარჩენები სხვადასხვა კუთხეში დაუხოცავთ..." კუკური ქოჩაკიძისა და მიხეილ ბურძგლას ბედი, კერესელიძის გადმოცემით, საქართველოში მათი შეპყრობის შემდეგ უცნობია.

(დასასრული იქნება)

მარიამ მარჯანიშვილი

ფილოლოგიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#105