"ქარ­თ­ვე­ლე­ბი ლო­მე­ბი­ვით იბ­რ­ძოდ­ნენ" - კვირის პალიტრა

"ქარ­თ­ვე­ლე­ბი ლო­მე­ბი­ვით იბ­რ­ძოდ­ნენ"

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წლისთავს საქართველოს მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა მიეძღვნა, სახელწოდებით "ქართველები პირველ მსოფლიო ომში".

აქ წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა, წერილები, პროპაგანდისტული პლაკატები, ხმლები და სხვა ნივთები, რომლებიც ომში მონაწილე ქართველებს უკავშირდება. მათ შორის იყო გენერლების გიორგი კვინიტაძისა და გიორგი მაზნიაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კონსტანტინე გელოვანის ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილ გზამკვლევში ასზე მეტი სხვადასხვა საინტერესო ისტორია და ფოტო შევიდა.

პირველი მსოფლიო ომი უდიდესი ისტორიული მოვლენა იყო, რომელმაც ასეთივე უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს ბედ-იღბალზე. დაშლილი მონარქიებისა და იმპერიათა ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები შეიქმნა, მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაც იყო. თუმცა ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი მსხვერპლი გაიღო. სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, რომ პირველ მსოფლიო ომში იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის 13%-მა, ანუ დაახლოებით 300 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს, მაგრამ ამ ომმა უამრავი ქართული ოჯახი გაანადგურა. ამას ცხადყოფს 1917 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" გამოქვეყნებული ერთი ცნობაც: "თანამედროვე ომმა ჩვენი ქვეყნის ბევრი შვილი შეიწირა, ხშირია ოჯახი, სამი-ოთხი ძმა და მამა-შვილნი დაღუპულან ბრძოლის ველზე, ერთი ასეთი ოჯახია ჩვენი ცნობილი გიორგი ყაზბეგისა, რომლის სამი შვილი ახლანდელ ომში დაიღუპა".

ქართველები სხვათა ომებში

რუსეთი, ინგლისი, თურქეთი, გერმანია - ამ ძლევამოსილი ქვეყნების არმიებში ასობით და ათასობით ქართველი მსახურობდა. ისინი იბრძოდნენ სხვადასხვა დიდი სახელმწიფოს მუნდირებისა და დროშების ქვეშ, მაგრამ სისხლს ღვრიდნენ და თავს სწირავდნენ, პირველ ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ვაჟა-ფშაველამ 1915 წელს გამოქვეყნებულ ლექსში "ფშაველი ჯარისკაცის წერილი" საუკეთესოდ გადმოსცა ქართველთა საომარი შემართებაც და იმ შემართების მიზეზიც, რომელსაც ქართველები დიდ იმპერიათა ომებში მიჰყავდა:

ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,

კიდევ ცოცხლები დავრჩითა.

ხვალ ისევ ომში გვიწვევენ,

გაკვირვებულნი გარჯითა,

თამარ დედოფლის ბარტყების

გულოვანობით, მაჯითა.

ვცდილობთ, რომ საქართველოსა

ვუშველოთ ჩვენის ხარჯითა.

სამშობლოს ბედნიერება

არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა,

ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,

ნამუსი დავიცავითა.

რუსეთში მყოფი ვნატრულობ,

სამშობლო ვნახო თვალითა.

სახელოვანმა მოაზროვნემ მიხაკო წერეთელმა ასე დაახასიათა პირველ მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობის მოტივი: "პროლეტარიც კი გმირულად იბრძოდა სამშობლოსათვის, თავისი ერისათვის, თავადთან, აზნაურთან, ბურჟუასთან, გლეხთან ერთად... ყოველი ერი, სახელმწიფოს არამქონე და უცხოსაგან დამონებული, ჩაება ომში ამა თუ იმ სახით და მოითხოვდა მისი პოლიტიკური თვითმყოფადობის აღდგენას და საერთაშორისო ცნობას, როდესაც ზავის შესაკრავადა და ქვეყანაზედ კვლავ წესიერების აღსადგენად დასხდებოდნენ გამგენი ამა ქვეყნისანი".

ომი ბევრისთვის იყო იმპერიათა შეტაკება, ჩვენთვის კი იგი ომზე მეტი გამოდგა. პატარა საქართველოს შვილები ამ ომისგან ბევრს მოელოდნენ. ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ომის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი ქვეყანაში თავისუფლების დამკვიდრება, ისტორიული ტერიტორიების შემოერთება, ევროპასთან დაკავშირება და ეკონომიკის დაწინაურება. ქართველობა საომრად იყო დამუხტულ-დაჭიმული... 1914 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ "თემში" აკაკი წერეთელი წერდა: "ორასი ათასი მეომარი გამოიყვანა ჯერ-ჯერობით ამ პატარა საქართველომ და იძულებითი არა ყოფილა რა! ყველა თავის სურვილ-ნებით და სიხარულით მიისწრაფოდა... დიდი ხნის გულის ნადებმა გრძნობამ სიმღერათ ამოიხეთქა და ტკბილი გუგუნი გადაეცა საქართველოს მთასა და ბარს. ერთი საუკუნეა, რაც ამისთანას არა მოსწრებია-რა საქართველო. დღევანდელ ქართველში გამოიღვიძა წინაპარმა! გმირული სიკვდილი აღარაფრად მიაჩნდა და თავის განწირვით უნდა, რომ სხვების სიკვდილი დასთრგუნოს და მომავალ მოდგმას ცხოვრება მიანიჭოს!.."

"ქართველები ლომებივით იბრძოდნენ"

პირველ მსოფლიო ომში ქართველობამ მსოფლიოს მამაცობის მაგალითები დაანახვა. გენერალ გიორგი კვინიტაძის ცნობით, ომში მებრძოლი 25 ქართველი გენერლიდან 23 დააჯილდოეს წმინდა გიორგის ჯვრით. თავადი ა. სუმბათოვი აღნიშნავდა, რომ ის ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული, დიდად პატივსაცემი არ იყო, რადგანაც იმ დროს მრავლად იყვნენ რამდენიმე ასეთი ჯვრის მქონე ქართველები. გაზეთი "საქართველო" თავმოწონებით წერდა: "სამხედრო ჯილდოებს არავისი მხარბეჭი ისე არ დაუმძიმებია, როგორც ქართველებისა".

საქართველოს მხედრობის თავდადებით მოიხიბლა უმაღლესი მთავარსარდალი, დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი, მისი ცნობილი სიტყვებია: "თითოეულ ჩემს ბრძოლაში ხუთი ქართველიც რომ ერიოს, ვიცი, როგორ იომებდა ჩემი არმიაო". გენერალ-ადიუტანტი მიშენკო კი წერდა, რომ "მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველები, ახსოვდათ რა წინაპართა ტრადიციული დიდება, ლომებივით იბრძოდნენ".

ა. სუმბათოვი სიამაყით აღნიშნავდა, რომ სადაც უნდა ყოფილიყო ქართველი, წინაპართაგან ნაანდერძევი მისი მებრძოლი სული ყველგან ტოვებდა ნაკვალევს. უმამაცესნი იყვნენ მამაცთა შორის და ეს სიმამაცე წარმართავდა მათ საბრძოლო შემართებასო.

თავდადება და... ავანტიურაც

იმპერიისგან თავდასახსნელად, პირველ მსოფლიო ომში ქართველები ავანტიურასაც არ ერიდებოდნენ. იხსენებს მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, რევაზი: "1915 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრმა ვასილ დუმბაძეს ფული და შესაბამისი დოკუმენტაცია ჩააბარა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაისტუმრა, სადაც მას ამერიკელი მეწარმეებისთვის 15 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ჭურვები და ტყვია-წამალი უნდა შეეკვეთა. მგზავრობის მარშრუტი სტოკჰოლმზე გადიოდა, სადაც რუსეთის იმპერიის ქართველ ჩინოვნიკს გიორგი მაჩაბელი ელოდა.

ვასილ დუმბაძეს მაჩაბელი, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში 1915 წლის დასაწყისში შეხვდა... ერთი თვის შემდეგ ვასილ დუმბაძე რუსეთში დაბრუნდა და სამხედრო მინისტრსა და შესაბამის სამსახურებს 15 მილიონის ქვითრები და დოკუმენტაცია ჩააბარა. დოკუმენტების თანახმად, ამერიკელ მეწარმეებს რუსეთის სამხედრო სამინისტროსთვის შესაბამისი კალიბრის ჭურვები და ტყვია-წამალი, სრულად, შეკვეთის მიღებიდან სამი თვის თავზე უნდა ჩაებარებინათ.

თუშები რუსეთ-თურქეთის ომის ფრონტზე

სამი თვის თავზე დამზადებული პროდუქცია რუსულ მხარეს მართლაც ჩაბარდა. სამინისტრომ მიღებული პროდუქცია სხვადასხვა ფრონტს უმოკლეს ხანში დაუგზავნა, რადგან რუსი არტილერისტები ჭურვების ძლიერ ნაკლებობას განიცდიდნენ.

ჭურვები ყუმბარებზე დამშეულ მოწინავე ჯარებს დაეგზავნა საჩქაროდ, რომ წინანდელი ნაკლი, - ერთ ზარბაზანზე ერთი ყუმბარა, ერთ საათში (დაახლოებით), - გაეათ - და ოცკეცებინათ. მაგრამ პეტროგრადში სეტყვასავით წამოვიდა ყოველი მხრიდან დეპეშები, შიკრიკები, წერილები (დონესენიე): - არც ერთი ყუმბარა არც ერთ ზარბაზანს არ ადგება... ყველა ერთი მილიმეტრით უფრო მსხვილია ლულებზედაო.

პეტროგრადში ალიაქოთი ატყდა. იყო შეხლა-შემოხლა, გამოძიება, კომისიები, კონტროლი, მიწერ-მოწერა ამერიკის მთავრობასა და "ფირმებთან" და სხვა, სანამ გამოარკვევდნენ, რომ "ამერიკელ ფირმებს" არც კი გაუგიათ, სიზმარშიაც არ უნახავთ არც ფული და არც შეკვეთა, არც დუმბაძე, არც სხვა ვინმე "რწმუნებული"...

დუმბაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ქვითრები ყალბი აღმოჩნდა. 15 მილიონი მანეთი ოქროთი ჩაბარდა არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ რუსეთის მტერ გერმანიას. შეკვეთილი ჭურვები გერმანიამ დაამზადა - თუმცა სხვადასხვა კალიბრის ჭურვები სტანდარტით გათვალისწინებულ ზომას ერთი მილიმეტრით აღემატებოდა".

დაიწყო კარპატებამდე მისული რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევა. საგრძნობლად დასუსტდა რუსეთის იმპერიის ფრონტი თურქეთის წინააღმდეგ. სკანდალს შეეწირა იმპერიის სამხედრო მინისტრის კარიერა, ვასო დუმბაძეს კი სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც ნიკოლოზ II-მ კატორღით შეუცვალა. გერმანიის დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეთა ერთმა ოპერაციამ რუსეთში ე.წ. "პორაჟენული" განწყობილების გაძლიერება გამოიწვია.

"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის"

ქართველთა თავდადებას, მათ "განწირულ სულისკვეთებას" ცუდად არ ჩაუვლია, დიდი ომის დამთავრებისთანავე დაიწყო ახლებური პოლიტიკური რუკის შექმნა და ამ რუკაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც გაჩნდა. მან მხოლოდ სამ წელიწადს იარსება, თუმცა უმძლავრესი ბიძგი მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობის რწმენას, რაც ათწლეულების შემდეგ, საბჭოეთის დაშლის დროსაც ნათლად გამოჩნდა.

გიორგი კალანდია

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი",#49