ანგკორ-ვატი - 1 მილიონი კაცის ტაძარი-მთა და ქალაქი XII საუკუნეში აიგო - კვირის პალიტრა

ანგკორ-ვატი - 1 მილიონი კაცის ტაძარი-მთა და ქალაქი XII საუკუნეში აიგო

კამბოჯაში, ღვთაება ვიშნუს სახელზე აგებული გიგანტური ინდუისტური სატაძრო კომპლექსი, დედამიწის უდიდესი საკულტო ნაგებობა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

იგი აიგო XII საუკუნის პირველ ნახევარში, მეფე სურიავარმან II-ს ზეობისას (1113-1150), რომელიც აქვე უნდა იყოს დაკრძალული. მომდევნო პერიოდში კომპლექსს იყენებდნენ ბუდისტები, XV საუკუნიდან კი აღარ უმოქმედია. ანგკორ-ვატის კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. ანგკორ-ვატი და მისი კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

ანგკორ-ვატი მდებარეობს კამბოჯის პროვინცია სიემრიპის (ქჰმერულად: "გამარჯვება სიამელებზე") იმავე სახელწოდების დედაქალაქიდან 5,5 კმ ჩრდილოეთით. ანგკორ-ვატის სატაძრო კომპლექსი ქჰმერთა ძველი დედაქალაქის - ანგკორის ნაწილია. მთლიანად ანგკორს 200 კვკმ უჭირავს. როგორც მცირე ხნის წინანდელი კვლევებით დადგინდა, სრული ფართობი შესაძლოა 3 000 კვკმ ყოფილიყო. მეცნიერთა შეფასებით, იმპერიის ზეობის პერიოდში კომპლექსში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროის ნებისმიერ ევროპულ ქალაქზე მეტი იყო. ანუ, ინდუსტრიამდელ ეპოქაში, სავარაუდოდ, ეს ყველაზე დიდი დასახლება უნდა ყოფილიყო.

სპილოების ერთ-ერთი კარიბჭე

ანგკორ-ვატი ქჰმერთა იმპერიის (სადაც პირველი ტაძრები VI საუკუნეში ააგეს) არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუშია. დაუჯერებელია, მაგრამ გიგანტური კომპლექსი დაახლოებით 40 წელიწადში აიგო. სამუშაოები სურიავარმან II-ის გარდაცვალებიდან მალე, 1152 წელს დასრულდა და ბარელიეფების რამდენიმე შემკულობა დაუმთავრებელი დარჩა. ანგკორ-ვატი, ანგკორის სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, XV საუკუნის შემდეგ მთლიანად არ მიუტოვებიათ. ის ნაწილობრივ იმითაც გადარჩა, რომ წყლიანი თხრილით ჯუნგლის ბინადართაგან კარგად იყო დაცული.

ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც ტაძარს ეწვია, იყო პორტუგალიელი დიდვაჭარი დიოგუ დუ კოუტუ, რომლის სამგზავრო ჩანაწერებმა დღის სინათლე 1550 წელს იხილა.

1586 წელს კი ტაძარს ეწვია პორტუგალიელი ბერი ანტონიუ და მადალენა. მისი თქმით, "ანგკორ-ვატი ისეთი უჩვეულო ნაგებობაა, რომლის კალმით აღწერა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ის არ ჰგავს მსოფლიოში არც ერთ ტაძარს. აქვს კოშკები და ჩუქურთმები და ყველანაირი დახვეწილობა, რაც კი შეუძლია ადამიანის გენიამ წარმოიდგინოს". ევროპულმა ცივილიზაციამ ანგკორ-ვატი საბოლოოდ 1860 წელს აღმოაჩინა, როცა იქ ფრანგი მოგზაური ნატურალისტი ანრი მუო მოხვდა - მიუხედავად იმისა, რომ ვეროპელი სტუმრები ტაძარს მანამდეც არ აკლდა. მაგალითად, ფრანგმა მისიონერმა შარლ-ემილ ბუიევომ ანგკორის აღწერილობა 5 წლით ადრე ორ წიგნად გამოაქვეყნა. 1970-იან წლებში კომპლექსის ზოგი ნაგებობა და ქანდაკება პოლ პოტის სამხედროების ვანდალური მოქმედებების გამო დაზიანდა. 1992 წლიდან ანგკორს იუნესკო პატრონობს და კამბოჯის მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

ტაძარი აგებულია ე.წ. ანგკორულ სტილში, რომელიც დამახასიათებელია ქჰმერული არქიტექტურის სიმწიფის ეტაპისთვის, თუმცა აქვს ინდუისტური არქიტექტურის აშკარა ნიშნებიც. ნაგებობა "ტაძარი-მთის" ტიპისაა. თავდაპირველად ტაძარი ვიშნუს მიეძღვნა, ამიტომ ანგკორ-ვატში გაერთიანებულია ორგვარი არქიტექტურული ტიპოლოგია - ინდუისტური მითური მერუს მთისა (სადაც ღვთაებები ბინადრობენ) და გალერეისა, რომელიც უფრო გვიანდელი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.

ქჰმერთა ტაძრები არასდროს ყოფილა მორწმუნეთა შეკრების ადგილი. ისინი ღვთაებათა საცხოვრებელ ადგილად მიიჩნეოდა. ცენტრალურ ნაგებობებში შესვლის უფლება მხოლოდ რელიგიურ და პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა. ანგკორ-ვატს კი ის გამოარჩევს, რომ მეფეთა დასაკრძალავადაც იყო განკუთვნილი.

"სპილოების ტერასა" მეფის სასახლის ეზოში ანგკორში

კომპლექსი შედგება კედლით გარშემორტმული უზარმაზარი გარე ეზოსა და ცენტრალური პლატფორმისგან, რომელზეც საკუთრივ ტაძარია აღმართული. იგი სამი ნაგებობისგან შემდგარი 200 ჰა ფართობის ანსამბლია, რომლის სიმაღლე ცენტრისკენ იმატებს. გარე მართკუთხედი შემოსაზღვრულია 1,5 X 1,3 კმ სიგრძისა და 4,5 მ სიმაღლის კედლებით, რომლებსაც 3,6 კმ სიგრძისა და 190 მ სიგანის წყლიანი თხრილი არტყია გარს.

ლოტოსის ფორმის შიდა ანსამბლში ხუთი კოშკია. ცენტრალური კოშკი წმინდა ადგილიდან 42 მეტრზეა აღმართული, მიწის ზედაპირიდან კი მისი სიმაღლე 65 მ-ია. ტაძარში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. შესასვლელი კოშკიდან ტაძრისკენ გზას ბალუსტრადა და შვიდთავიანი გველების ქანდაკებები მიუყვება. ოთხივე კოშკი, რომლებიც ქვეყნიერების ოთხ მხარეს განასახიერებს, კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. სამხრეთ კოშკის ძირში ვიშნუს ქანდაკებაა, სადაც, მეცნიერთა ვარაუდით, იყო თავდაპირველად ტაძრის ცენტრი. კოშკები შეერთებულია გალერეებით, რომლებსაც გარე მხრიდან მთლიანი კედელი აკრავს, ხოლო შიდა მხრიდან - კვადრატული ფორმის სვეტები. გალერეები საკმარისი ზომისაა სპილოების გასატარებლად, ამიტომ კოშკებთან ყოფილ გასასვლელებს "სპილოების კარიბჭეებს" ეძახიან.

ტაძრის არქიტექტურას ურიცხვი ქანდაკება ერწყმის. გალერეების სამ იარუსზე განთავსებულია ბარელიეფები ინდუისტური მითოლოგიიდან, ძველინდური ეპოსებიდან - "რამაიანადან" და "მაჰაბჰარატადან", აგრეთვე, ქჰმერთა ისტორიის თემებზე. განსაკუთრებით ცნობილია რვა უზარმაზარი პანო პირველ იარუსზე, კომპოზიციებით - "რძის ზღვის ამღვრევა", "ბრძოლა კურუკშეტრესთან". ამ ბარელიეფებს მოსდევს "ვიშნუ, რომელიც ამარცხებს ასურებს". ჩრდილოეთის გალერეა წარმოადგენს კრიშნას გამარჯვებას ბანაზე და ინდუისტური ღმერთების ბრძოლას ასურებთან. ბარელიეფების საერთო ფართობი 1200 კვმ-ს შეადგენს. ბარელიეფები შესრულებულია ასევე ტაძრის კედლებზე, რომლებიც სასახლის კარის ცხოვრების სცენებს გადმოგვცემს. ერთ-ერთ მათგანში თავად მეფეა გამოსახული - შემაღლებულ ტახტზე ფეხმორთხმით მჯდარს მიღება აქვს, ხოლო მონა ქალები მარაოებითა და მზის ქოლგებით აგრილებენ. მეორე იარუსის კედლები შემკულია 2 ათასი ციური ქალწულის ქანდაკებით.

ქვები, რომლითაც გრანდიოზული კომპლექსია აგებული, იმდენად გლუვია, რომ პოლირებულ მარმარილოს ჰგავს. წყობისას ხსნარი არ გამოუყენებიათ, თუმცა ქვიშაქვის ლოდები იმდენად ზუსტადაა ერთმანეთს მორგებული, მათ შორის ნაპრალის მონახვაც კი ხშირად შეუძლებელია. ბლოკები არაფრით არაა შეერთებული და მხოლოდ საკუთარ წონას უჭირავს. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში შესაერთებლად გამოყენებულია ქვის კბილი, მერცხლის კუდის ან წვეტის ფორმის. სავარაუდოდ, ქვის თავის ადგილზე დასაყენებლად იყენებდნენ სამშენებლო ბლოკებს, ხოლო გამწევ ძალად - სპილოებს. ქვების უმრავლესობას 3 სმ სიღრმისა და 2,3 სმ დიამეტრის პატარა ხვრელები აქვს, თანაც ქვის ბლოკი რაც უფრო დიდია, მით მეტია ამ ხვრელების რაოდენობა. თუმცა, ამ ხვრელების ზუსტი დანიშნულება საბოლოოდ დადგენილი არ არის.

კომპლექსის ასაშენებლად უზარმაზარი რაოდენობის - 5 მლნ ტონაზე მეტი ქვიშაქვაა გამოყენებული, რაც ხეფრენის პირამიდის სამშენებლო მასალის ხარჯის ტოლია. ქვიშაქვა კულენის პლატოს სამტეხლოებიდან, მდინარე სიემრიპის საშუალებით მოჰქონდათ. მეცნიერთა შეფასებით, მშენებლობას იმდროინდელი ტექნოლოგიით რამდენიმე ასწლეული უნდა დასჭირვებოდა, თუმცა ანგკორ-ვატის მშენებლობა 40 წელიწადში დასრულდა.

თითქმის ყველა ზედაპირი, სვეტები, შემაერთებელი კედლები და სახურავებიც კი ქვაში ნაკვეთი ჩუქურთმებითაა დაფარული. კილომეტრებზეა გადაჭიმული სცენები ინდური ლიტერატურიდან, რომლებიც მოიცავს გრიფონებს, ეტლებში შებმულ ფრთიან დრაკონებს, მებრძოლთა რაზმებს სპილოებზე ამხედრებული მეთაურების წინამძღოლობით, მომნუსხველ მოცეკვავე ქალებს გასაოცარი ვარცხნილობით. გალერეის კედლები შემკულია ათას კვმ-ზე მეტი ფართობის ბარელიეფებით. ანგკორის ზოგ კედელში არსებული ნაშთები აჩვენებს, რომ ადრე კედლები ბრინჯაოს ფურცლებითაც იყო შემკული, რაც განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა ძველ დროს, მაგრამ მძარცველთა სამიზნეც პირველ რიგში ბრინჯაო ხდებოდა.

ნაგებობათა უმრავლესობა ტროპიკული მცენარეებითაა დაფარული და დაზიანებული

ქჰმერების იმპერიის ყოფილი დედაქალაქ ანგკორის ტერიტორიაზე, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით 24 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 8 კმ-ზე იყო გადაჭიმული, ანგკორ-ვატის გარდა შენარჩუნებულია ქჰმერების კიდევ ერთი სახელგანთქმული ძეგლი - ანგკორ-თომის ქალაქი-ტაძარი, რომელიც ასევე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. ქჰმერთა იმპერიის დიდება 1431 წელს ჩაქრა, როცა სიამელთა არმიამ ანგკორი მთლიანად დაიპყრო. ქალაქი დაიცალა და ჯუნგლებმა შთანთქა - ტაძრების გარდა, ანგკორში მრავლად იყო საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები, ანგკორ-ვატის ჩრდილოეთით კი მეფის სასახლე იდგა. მაგრამ ყველა შენობა (რელიგიურ ნაგებობათა გამოკლებით) ხის მასალით იყო აგებული და ნესტიანი და ცხელი ტროპიკული კლიმატის გამოისობით, მათგან აღარაფერი დარჩა, რამდენიმე ქუჩის კონტურის გარდა.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყემ დაფარა. ქვიშაქვით აგებული ტაძრები და ტუფით ნაშენი საფორტიფიკაციო ნაგებობი კი გადარჩა, თუმცა ნაგებობათა უმრავლესობა ტროპიკული მცენარეებითაა დაფარული და დაზიანებული. ანგკორ-ვატისა და ანგკორ-თომის ტერიტორიაზე განუწყვეტლივ მიმდინარეობს მცენარეებისგან გაწმენდისა და ნაგებობათა სარესტავრაციო სამუშაოები. სპეციალური კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ამზადებენ დაზიანებულ-დაშლილი ქვების ზუსტ ასლებს და ცვლიან. ამ გზით აღადგინეს, მაგალითად, იაპონელმა რესტავრატორებმა ერთ-ერთი ბიბლიოთეკა. ამჟამად ყველაზე დიდი მოცულობის რესტავრაცია კი ანგკორ-თომის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ტაძარ ბაპჰუონში მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ ფრანგი ნატურალისტი ანრი მუო, რომელსაც ხვდა პატივი მსოფლიოსთვის ანგკორი ხელმეორედ აღმოეჩინა, წერდა: "რაც ანგკორში ვნახე, ეს არის ყველაზე მაღალი დონის სამშენებლო ხელოვნება რაც კი უძველესი დროიდან შემონახულა. არასოდეს ვყოფილვარ ასე ბედნიერი, როგორც ახლა ვარ, ამ ტროპიკებში. ზუსტად რომ ვიცოდე - აქ მოვკვდები, მაინც არაფრის დიდებით არ გავცვლიდი აქაურობას ცივილიზებული სამყაროს კომფორტზე". თითქოს იწინასწარმეტყველაო, ამ სტრიქონების დაწერიდან რამდენიმე თვეში მოგზაურს მალარია შეეყარა და 20 დღეში გარდაიცვალა...

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#49