მერაბ თავაძე: ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა... - კვირის პალიტრა

მერაბ თავაძე: ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა...

სახლი, რომელიც უნდა აეშენებინა - ააშენა... მერე რა, რომ ბინა, სადაც ცხოვრობს, მოკრძალებულია. კედლებზე მთელი ის საუნჯეა თავმოყრილი, რაც შექმნა, რაც უფალმა არგუნა.

პირველ რიგში - დიდი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... მერე როლები, კადრები მეუღლის - იზა გიგოშვილის შემოქმედებიდან. აქვეა შვილების შემოქმედების ამსახველი კადრებიც, მათი წარმატებების "მატიანეც"... აქ იკითხება ის დღეებიც, რომლებიც სამეფო უბნის თეატრის მშენებლობას შეალია... ცხადია, ოჯახთან ერთად, რადგან მერაბ თავაძე არასოდეს ყოფილა მარტო...

და თუ სახლი ის გახლავთ, რასაც ადამიანმა თავი უნდა შეაფაროს, რაც ერთგვარი სიმშვიდეც არის და განვლილი ცხოვრების ნაყოფიც - ეს მართლაც არის სახლი, რომელიც ააშენა; ცხოვრება, რომელიც ცხოვრებად ღირდა...

- მყავდა უფროსი ძმა, რომელიც დაიღუპა, მერე გავიდა ხანი და ჩემმა მშობლებმა მომავლინეს ამ ქვეყანას.

გავიზარდე მარტო, სხვა დედმამიშვილი არ მყოლია...

მახსოვს მთაში გატარებული ბავშვობის დღეები. დეიდაჩემი ქლუხორის მთავარი ექიმი იყო. მასთან ჩავდიოდი ხოლმე. ქლუხორი კავკასიონის ქედზე მდებარეობს, ადრე საქართველოს ტერიტორია იყო. მერე მოგვაჭრეს, როგორც ბევრი სხვა ტერიტორია... მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ისე მძაფრად მახსოვს ბუნება, ეტყობა, ძალიან დიდ ზემოქმედებას განვიცდიდი. ახლოს იყო ტებერდა, ულამაზესი ტბა... შორეული მოგონებაა ბოგირი, რომლიდანაც ხშირად ვხტებოდი ხოლმე.

საერთოდ, ბავშვობა საინტერესოდ გავატარე, მამაჩემი ბუნებით მოგზაური კაცი იყო. მთელი საქართველო შემომატარა. მერე ცხადია, გავაგრძელე მისი გატაცება... სტუდენტობისას ბევრს დავდიოდი. შორეული ბავშვობიდან დამრჩა ჩვენი ყოველი კუთხის სიყვარული.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით - მათემატიკას. თითქოს, განსაზღვრული იყო ჩემი მომავალიც, სად უნდა მესწავლა... მაგრამ...

ცხოვრებაში ასეც ხდება, შეიძლება რაღაცას წამოჰკრა ფეხი და ამ ერთმა ფაქტმა აბსოლუტურად შეცვალოს შენი მომავალი, სხვანაირი სამყარო მოგევლინოს. ასე მოხდა ჩემი მგლის ბილეთის ამბავი.

ხრუშჩოვის შეურაცხყოფის გამო სკოლიდან გამრიცხეს. მან, პრაქტიკულად, ჩემი მომავალი შეცვალა. დღეს რომ თქვენ ჩემთან მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, ეს იმ მგლის ბილეთის დამსახურებაა... რომ არა ის, ცხადია, ხელოვნებაში არამც და არამც არ წავიდოდი. ჩემ გარშემო არავინ იყო ხელოვანი. მეც სულ სხვა გაქანებისა და ინტერესის მქონე ბავშვი ვიყავი. ინჟინრობას ვაპირებდი, მაგრამ... მომიხდა თეატრალურ ინსტიტუტში შესვლა. მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩემი მგლის ბილეთით სხვაგან არ მიმიღებდნენ. ან აქ უნდა შევსულიყავი და ან უცხო ენათა ინსტიტუტში, სადაც სულ გოგონები მიდიოდნენ. ამიტომაც ვარჩიე თეატრალური. ეს კი რთული იყო. მეტიც, გაუგებარი იყო საერთოდ, რას წარმოადგენდა თეატრალური ინსტიტუტი. არ მომწონდა, მიმაჩნდა, რომ არასერიოზული იყო იქ სწავლა. მერე ისე მოხდა, რომ თვალნათლივ დავინახე, რა არის მსახიობის პროფესია. ეს კი ბატონი სერგო ზაქარიაძის დამსახურებაა.

"ზღვის ბილიკს" იღებდნენ და ამირჩიეს, რადგან კარგად ვცურავდი. ამ ფილმში შევხვდი ბატონ სერგოს. იმას, რაც მე ბატონმა სერგომ მასწავლა, ვერ ისწავლი ვერც ერთ ინსტიტუტში. თავისი ქმედებით, საქციელით, დამოკიდებულებით თითქოს თვალი ამიხილა... მერე ვნახე, რეზო ჩხეიძესა და სულიკო ჟღენტთან ერთად, სცენარს როგორ ამუშავებდა, როგორ ქმნიდა ახალ სახეს. "ჯარისკაცის მამა" გადასაღებ მოედანზე კი არ იქმნებოდა, როცა გრიმი გაუკეთეს და როლს ასრულებდა, ყველაფერი სცენარზე მუშაობიდან იწყებოდა. ამ ყოველივემ კი განაპირობა, რომ სრულიად სხვა თვალით შევხედე მსახიობის პროფესიას.

იმას თუ ვაქცევდი ყურადღებას, რომ გარეგნობის გამო ყველა ყურადღებას მაქცევდა? კარგი, რა! რა გარეგნობა მქონდა ისეთი... ვიყავი ჩვეულებრივი ბიჭი... მაგალითად, ფილმი რომ იყო "თოჯინები იცინიან", გახსოვთ ალბათ. იცი, რა ბიჭები მოვიდნენ იქ გადაღებაზე გასასინჯად? ვერ წარმოიდგენთ! ვფიქრობდი, ამათთან რა უნდა გავაკეთო, ვინ ამირჩევს-მეთქი! სხვათა შორის, ჩვენი თაობა იყო გამორჩეული, ბიჭები განსაკუთრებით! ახლა ხომ გოგონები არიან ძალიან კარგები და ბიჭები მთლად ისეთები ვერა. ჩემი თაობის ბიჭები მართლა საუკეთესოები იყვნენ. ამაში მათ სპორტი ეხმარებოდა. არასოდეს მიგრძნია, რომ სხვებზე უკეთესი ვიყავი. არც მჭირდებოდა... არც ნარცისობა მომწონს.

"თოჯინები იცინიან" როგორ დამამახსოვრდა?

გულახდილად გითხრათ, თავიდან მრცხვენოდა. პლეხანოველი ვიყავი. სხვანაირად ვიზრდებოდით. მუსიკაზე სიარულს თავი დავანებე მარტო იმიტომ, რომ ვიოლინო არ მეტარებინა. ახლა რა თქმა უნდა, ვნანობ! მაშინ (ახლა არა) რატომღაც მეჩვენებოდა, სირცხვილი იყო ასეთი როლის თამაში. ვფიქრობდი, მერაბ თავაძე არასოდეს ყოფილა დედიკოს ბიჭი. პირიქით, დამოუკიდებელი ვიყავი, ძალ-ღონეც არ მაკლდა, ვჩხუბობდი კიდეც. აქ კი დედიკო და ბებიკო და... მამიკო და... ეს ისე მეხამუშებოდა, ვერ წარმოიდგენთ! ფილმი რომ ეკრანებზე გამოვიდა, მერე წამოვიდა უამრავი წერილი. ის უხერხულობა ნელ-ნელა გამინელდა, თორემ თავიდან რომ გამოვიდა ფილმი და პირველად ვნახე, საშინელი შეგრძნება მქონდა.

ინსტიტუტის შემდეგ რუსთაველის თეატრში მოვხვდი. იქ ნანახმაც გამაოცა. ეს მართლა უნიკალური პროფესიაა. ღიმილით მახსენდება: რუსთაველის თეატრში იდგმებოდა მიხეილ თუმანიშვილის "ფედრა". მე და ბადრი კობახიძე ამოვდიოდით სცენაზე, ვდგებოდით და იწყებოდა მონოლოგი. მოკლე ქიტონი მეცვა, ბადრის - გრძელი სამოსი. პრაქტიკულად შიშველი ვიყავი. წინა ორი რიგი იყო გავსებული გოგონებით... მიყურებდნენ, თვალს არ მაშორებდნენ. მერე რამდენსაც ვთამაშობდი, სულ ამ რიგებს ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე: ერთი და იგივე გოგონები მოდიოდნენ... ვბრაზობდი... მსახიობები იცინოდნენ, მერაბ თავაძეს თავისი მაყურებელი ჰყავსო...

მეუღლე რომ შემხვდა იზა გიგოშვილი - ჩემი იზო, ესეც გახდა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი. ის მარტო თეატრით ცხოვრობდა. ამიტომაც გადავდე თავი და თეატრი შევქმენი. იზასთვის გავაკეთე ეს პრაქტიკულად. მისთვის მინდოდა ყველაფერი... მაგრამ არ დასცალდა...

კანონზომიერება არსებობს ცხოვრებაში. ყველაფერი თავის თავს უბრუნდება. მოხდა ისეთი რაღაც, რომ მე და ჩემი პირველი მეუღლე დავშორდით ერთმანეთს... და ის ურთიერთობა, რაც გვქონდა მე და იზას, გაგრძელდა. ვიქორწინეთ და მერე უკვე ერთად ვიყავით დაახლოებით 40 წელიწადს.

რა იყო ის, რაც მასში ყველაზე მეტად მიყვარდა?

მართლა არასოდეს მითქვამს. იზა იყო ძალიან პირდაპირი. ამბობენ, კახელები ასეთები არიანო... იზა იმდენად პირდაპირი იყო, ეს ხელს უშლიდა კიდეც ცხოვრებაში. ვინმე თუ არ მოსწონდა, ამბობდა, რომ არ მოსწონდა. თუ არ ესალმებოდა, ამბობდა, არ მინდა და არ ვესალმებიო! არასოდეს მლიქვნელი არ ყოფილა, რაც ხშირად შემიმჩნევია ჩვენს სფეროში. იზა დიდი პროფესიონალიც გახლდათ. როგორ ახერხებდა იმას, რომ ოჯახი მისთვის ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს თეატრშიც მაქსიმალურად დახარჯულიყო, არ ვიცი... არ ვიცი, როგორ აგროვებდა ფულს, როგორ ყიდულობდა საგზურებს. ჩვენ ვმოგზაურობდით საზღვარგარეთ ხან მანქანით, ხან გემით... სულ ვეკითხებოდი, როგორ ახერხებ ამას-მეთქი და ეცინებოდა. რაც დრო გადის, მით მეტად ვაფასებ მის უნიკალურობას. ის არ იყო ჩვეულებრივი...

ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, - ეს არის ის, რაც უმნიშვნელოვანესია... უნდა ააშენო სახლი, უნდა დარგო ხე...

რომ ვფიქრობ, რა გავაკეთე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, - ვითამაშე კინოში, თეატრში ბევრი მთავარი როლი შევასრულე. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სხვაა. მაგალითად, იერუსალიმში წასვლა. ეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყო.

დღევანდელ დღეს ეს ცოტა სასაცილოა, რა მოხდა მერე, წახვედი იერუსალიმში... დღეს არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ გავემგზავრეთ, ეს რა იყო, იცი? ყველას ვუხსნიდი: წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი წინაპრების პილიგრიმული გზა, და როგორ მიკვირდა, რომ ვერ ხვდებოდნენ ამას, ვერც ის გაეგოთ, რატომ მივდიოდით, და რატომ მივდიოდით მაინცდამაინც ფეხით. იზას სურვილი იყო, რომ ფეხით წასულიყო. პატრიარქმა დაგვლოცა ამ გზაზე. მახსოვს ისეთი სიტყვა გვითხრა: როცა ჯგუფი მიდის, ბუნებრივია ამ ჯგუფში იქნებიან სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები; რომ უნდა იცოდე პატიება; რომ შეიძლება ადამიანი შეცდეს; შეიძლება რაღაც შეემთხვეს, დააშავოს, მაგრამ უნდა მიუტევო... ამას განსაკუთრებით მეუბნებოდა, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი...

"მეუღლე რომ შემხვდა იზა გიგოშვილი, ესეც გახდა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი. ის მარტო თეატრით ცხოვრობდა. ამიტომაც გადავდე თავი და თეატრი შევქმენი"

მეორე მნიშვნელოვანი გასვლა იყო 1993 წელს, გერმანიაში... საქართველოში არანაირი გამონათება არ იყო... მახსოვს ბნელი ღამეები, თოვლი, რომელიც არ იწმინდებოდა, თეატრი გაჩერებული იყო, მოვაგროვე მსახიობები სხვადასხვა თეატრიდან და წავიყვანე გერმანიაში. იქ დავდგით სპექტაკლი. მახსოვს, მსახიობები რა ბედნიერები იყვნენ... უცებ ამ სიბნელიდან და ამ გაჭირვებიდან მოხვდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, სადაც შეიქმნა ყველანაირი პირობა, ემუშავათ მთელი ოთხი თვის განმავლობაში.

და უმთავრესი - როდესაც მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები შევუდექით სამეფო უბნის თეატრის შექმნას... ვამბობ ხოლმე: თეატრი არასოდეს ყოფილა მარტო შენობა, თუ მასში არ დევს სული, ყველაფერი იშლება ნელ-ნელა. ყველაზე რთული, რაც მე, ჩემმა მეუღლემ, შვილებმა მოვახერხეთ - სული ჩავბერეთ დანგრეულ, დალეწილ შენობას. დღეს ეს თეატრი არსებობს.

დედაჩემი 98 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. და გახსოვთ თქვენ... სულ ვეხვეწებოდი: დედა, ორი წელიწადი მე მაჩუქე-მეთქი. ძლიერი ქალი იყო. იმდენად გახსნილი გონება ჰქონდა, ჩემი შვილიშვილები ამბობენ, ნეტა ჩვენს ბებიას დავემსგავსოთო. ბოლომდე კითხულობდა, 98 წლის ქალი იჯდა და კითხულობდა...

ძალიან მიყვარდა და ჩემს შვილებსაც ასევე უყვარდათ. დედაჩემის წასვლა იყო ტრაგედია. იცი, რა იყო? დედაბოძიო, რომ ამბობენ... სტიმული იყო ყველასთვის... ბურჯი გამოგვეცალა მისი გარდაცვალებით. დღეს მე ვარ ბურჯი. მყავს ხუთი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. ახლა რომ არ დაიბნეთ: იზას ქალიშვილი - ია არის ჩემი შვილი, ჩემი გაზრდილი. სულ ვეუბნებოდი, ვინმემ რომ თქვას, რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ და ჩემი გაზრდილი არ ხარ, არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი! ყველამ იცის, მაგაზე არ ინერვიულოო. გათხოვდა, გაუჩნდა შვილები, რომლებიც ბაბუას მეძახიან და ასეც იყო. ახლა იმათ გაუჩნდათ შვილები... დიდი ბაბუა ვარ მათი!

მყავს კიდევ სამი ვაჟი: ზვიადი, გიორგი და ნიკა... და ერთი გოგონა - ედუკი! ედუკი არის ძველი აფხაზური სახელი, რომელიც ჩემს დიდ ბებიას ერქვა და დედაჩემმა მთხოვა, გოგონა თუ მეყოლებოდა, დამერქმია...

კარგი გოგოა.

ყველაზე მძიმე დღეებზე მეკითხებით?

ამის გახსენება მართლა ძალიან მიჭირს. შეიძლება ადამიანი დაავადდეს, მაგრამ რომ ხედავ, როგორია ამ მდგომარეობაში, კი არ წუწუნებს, იბრძვის, ეს სულ სხვაა... ჩემს გადაღებაზე იზა ყავარჯნებით იდგა. როცა დავიძახებდი, - მატორ! - გაუშვებდა ყავარჯნებს ხელს და იყო ჩვეულებრივი იზა... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, არ მინდოდა მეთქვა, სტოპ! როგორც კი ვიტყოდი სტოპ! - ისევ ყავარჯნებზე დგებოდა.

მე ვრწმუნდები, ჩვენი სიყვარული არც ყალბი ყოფილა, არც - მოჩვენებითი. ჩვენი ცხოვრება გავატარეთ ერთად. ბოლოს არავის ახლოს გაკარება არ უნდოდა. ქალი, რომელიც მიყვარდა, ძალიან შეიცვალა, სიყვარულში კი არაფერი შეცვლილა... ყოველთვის ფხიზლად ვიყავი, რომ დამიძახებდა თუ არა, მასთან გავჩენილიყავი. ასე დიდხანს გრძელდებოდა.

ხშირად მეუბნებიან, ეს ფარდა დაძველდა, რატომ არ ცვლიო... ვერ ვცვლი, რადგან იზას ნაყიდი და ჩამოკიდებულია. მე არ ვიცი, ეს რა არის, კონსერვატულია... ყველაფერი, რაც იზას უყვარდა, ისევე არის ამ სახლში, გარდა იმისა, რომ სურათები შევმატე, ეს სურათები მაცოცხლებს და მაგონდება...

როცა მეუბნებიან, ცოლი რატომ არ მოგყავსო, - აქ ვერ მოვიყვან ვერავის! მეც ისევე უნდა წავიდე, როგორც იზა... უნდა ვიყო ისეთი ძლიერი, მეც ისევე ვიბრძოლებ. შვილები, შვილიშვილები თუ ჩემ გვერდით იქნებიან, ხომ კარგი და კარგი... თუ არა და... ესეც არა უშავს. ისე, მგონი იქნებიან, დარწმუნებული ვარ, - იქნებიან...

"ედუკი არის ძველი აფხაზური სახელი, რომელიც ჩემს დიდ ბებიას ერქვა და დედაჩემმა მთხოვა, გოგონა თუ მეყოლებოდა, დამერქმია..."

როგორია გაბრაზებული მამა მერაბ თავაძე?

ხშირად მეუბნებიან, გურული ხარ და ბუზღუნა ხარო. ჩემი გაბრაზება არის ბუზღუნი. რაღაც თუ არ მომწონს, ავბუზღუნდები და ამით მთავრდება. ღვთის წყალობით, არ მაქვს ისეთი თვისება, რაღაც ცუდი დავიმახსოვრო...

არასოდეს მიცემია შვილი, რადგან მიმაჩნდა, ეს არის ყველაზე დამამცირებელი. მახსოვს, 5 წლის ვიყავი, მამაჩემმა მოფერებით, - უხ, შენ რას გიზამო, - ხელი მომითათუნა... მეწყინა. მას მერე ვიცი, არასოდეს არავის ხელით არ უნდა შეეხო... განსაკუთრებით ქალს. რაც უნდა დამნაშავე იყოს, დაგამციროს, ქალზე რომ ხელი აღმართო - ეს ფსკერია...

მიმაჩნია, რომ კაცი ბოლომდე უნდა იბრძოდე...

და მაინც ამ გადასახედიდან რომელი როლი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? თეატრში - თარაშ ემხვარი, რომელიც მარჯანიშვილის სცენაზე ვითამაშე. კონსტანტინე გამსახურდია მოვიდა ოჯახთან ერთად... ეს ის თარაშია, რომელიც დავწერეო... ეს იყო უდიდესი შეფასება. მაშინ ახალგაზრდა, 26-27 წლის ვიყავი. თარაშ ემხვარი დარჩა ჩემთვის მნიშვნელოვან როლად, მიუხედავად იმისა, რომ 55 მთავარი როლი ვითამაშე თეატრში.

კინოში... "თოჯინები იცინიან" - ხალხს უყვარს, იმიტომ, რომ ისეთი ჯგუფია შეკრებილი: სესილია, იპოლიტე, მარინა თბილელი, სანდრო ჟორჟოლიანი. დღეს მარტო ეს ახსოვთ... რას იზამ, ასეა...

რაც შეეხება ჩემს ფილმებს, ბოლო სამ ნამუშევარს, როგორც ტრილოგიას, ისე აღვიქვამ - საუკუნის დასაწყისი, შუა და ბოლო პერიოდები. ეს არის "მე დავბრუნდები", "ბრავო, ალბერ ლოლიშ" და "ხვეული კიბით". ამათგან ყველაზე პოპულარულია "ბრავო, ალბერ ლოლიშ", როგორც ჟანრობრივად გამართული... ამას წინათ ვუყურებდი რუსულ ვერსიას. კარგად გაგვიხმოვანებია... საინტერესო ფილმია და რაც მთავარია, აზრია მნიშვნელოვანი: საკმარისია ოდნავ აფრინდე, იმწუთას გესვრიან და ჩამოგაგდებენ...

ძალიან მინდა, რომ თაობა რომელიც მოდის, ბედნიერი იყოს. მინდა განათლებული, წიგნიერი ახალგაზრდობა გვყავდეს. და კიდევ, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამარჯვება. საქართველო ღირსია, რომ ბედნიერი იყოს...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ამბობენ, მერაბს თავიდანვე მოსწონდა იზა, მაგრამ რადგან გათხოვილი იყო... - ლეგენდარული გრუშეს სიყვარულის ისტორია

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#49