ანჩისხატი - ტაძარი, რომელიც თბილისის ხნისაა - კვირის პალიტრა

ანჩისხატი - ტაძარი, რომელიც თბილისის ხნისაა

თბილისის ისტორიულ ნაგებობათა შორის ანჩისხატის ტაძარი ყველაზე ადრეულია. იგი აშენებულია VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩი უჯარმელის მიერ, რომელსაც წილად ხვდა მამის მიერ დაარსებული თბილისის მშენებლობის დასრულება.

ამაზე მეტყველებს რესტავრაციის დროს ტაძარში ნაპოვნი ორი ქვის ფილა, ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოხსენიებულია მეფე დაჩი. სავარაუდოდ, ეს არის სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესია, რომელსაც "მოქცევაი ქართლისაი" იხსენიებს.

ანჩისხატის ტაძარი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, ზემო კალაში, ახლანდელ იოანე შავთელის ქუჩაზე.

ტაძარი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას - ერთ-ერთ პირველ არქიტექტურულ ტიპს, რომელიც ქრისტიანულმა ხუროთმოძღვრებამ საეკლესიო ნაგებობათა მშენებლობისთვის გამოიყენა (ტერმინი ბაზილიკა მოდის ბერძნული ბაზილევსიდან, რაც მეფის სახლს ნიშნავს). სხვადასხვა ქვეყანაში ეს საეკლესიო ტიპი, გამომდინარე უკვე არსებული არქიტექტურული ტრადიციიდან, სხვადასხვაგვარად განვითარდა. ბაზილიკური ტაძრის არქიტექტურული მახასიათებელია შიდა სივრცის ლუწი საყრდენებით, ნავებით დაყოფა, რომელთაგან შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და განიერია. მთლიანად ნაგებობა წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. აღმოსავლეთით საკურთხეველია, უმეტესად სამნაწილიანი. შუა ნავი გადახურულია დამოუკიდებელი, ორფერდა სახურავით, ხოლო გვერდითი ნავები ცალფერდააა.

პროპორციების განსხვავება გვერდით და შუა ნავებს შორის ექსტერიერშიც მკვეთრად არის გამოხატული და მას ბაზილიკურ ჭრილს უწოდებენ. საქართველოში ბაზილიკა შემოტანილად მიიჩნევა, რადგან პირველი ბაზილიკები რომსა და კონსტანტინოპოლში აიგო, სადაც ვხვდებით უფრო მასშტაბურ და მრავალნავიან ნაგებობებს. საქართველოში ძირითადად სამნავიან ბაზილიკას აშენებდნენ. იგი ადგილობრივ არქიტექტურულ ტრადიციას შეერწყა და განვითარების საკუთარი გზა განვლო. სულ გვაქვს 70-მდე სამნავიანი ბაზილიკა, რომელთა მშენებლობაც სამ ეტაპად იყოფა. პირველი, ანუ საწყისი ეტაპის ძეგლები დიდი ბაზილიკების ჯგუფია. მათში გამოკვეთილი ბაზილიკისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანია და ზომითაც უფრო დიდებია, ვიდრე მომდევნო ეტაპის ნაგებობები. აგებულებით სწორედ ამ ეტაპის ძეგლებს მიეკუთვნება ანჩისხატის ტაძარიც.

თანამედროვე ანჩისხატის ტაძარი ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილი და გადაკეთებული სახით მოვიდა.

ისტორიული ცნობებით, აგებიდან სულ რაღაც ერთი საუკუნის შემდეგ თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ამ დროს ტაძარი ძლიერ დაზიანებულა და 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას განუახლებია. ამავე წელს ტაძრის მახლობლად აუშენებიათ სასახლე, რომელშიც მცხეთიდან კათოლიკოსის რეზიდენცია გადაუტანიათ. არსებობს საინტერესო გადმოცემა, რომლის მიხედვით, ეს ტაძარი იყო ერთადერთი, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მას ძველად "ზარის საყდარსაც" უწოდებდნენ.

თავდაპირველად აქ ბოძების სამი წყვილი იყო, რასაც ადასტურებს ჩრდილოეთის ორ საყრდენს შორის დარჩენილი მესამე საყრდენის ჯვრული ბაზისი

ტაძრის ამჟამინდელი სახელწოდება - ანჩისხატის ეკლესია, მოდის XVII საუკუნიდან. 1664 წელს ქართლის კათოლიკოს დომენტი III-ს თბილისელი ვაჭრისგან შეუძენია კლარჯეთიდან, ანჩის მონასტრიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მასზევე არსებული წარწერის თანახმად, ბექა ოპიზარს მოუჭედავს. ხატი ქართული ჭედური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, როგორც ამ დარგის საუკეთესო ოსტატის საუკეთესო ქმნილება (ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული). იგი მაშინდელ საკათოლიკოსო ტაძარში - ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში დააბრძანეს და სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

დომენტი კათოლიკოსს უკავშირდება ტაძრის მნიშვნელოვანი განახლება-რესტავრაციაც. 1675 წელს აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძი და მათზე დაყრდნობილი თაღები. 1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ტაძრის სამხრეთით მეფის სასახლეც ყოფილა აგებული.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა, სადაც ქართველი უფლისწულები იზრდებოდნენ. აქვე მოქმედებდა სემინარიაც, რომელმაც 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე იარსება. სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა ტაძარი ყველაზე ძალიან. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს, თუმცა არასწორად და ავთენტიკური სახის გაუთვალისწინებლად, რამაც მისი დამახინჯება გამოიწვია. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ, ქართული ფერწერისთვის სრულიად უცხო კოლორიტითა და მხატვრული სახეებით. 70-იან წლებში კი, ანჩისხატის მორიგი შეკეთებისას, მას ბაზილიკისა და ზოგადად ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უცხო, ცრუ გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი, ტაძრის აგებულებისთვის შეუსაბამო სამრეკლო მიაშენეს.

1958-1964 წლებში ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთა არქიტექტორ- რესტავრატორმა რუსუდან გვერდწითელმა. თავდაპირველი სახის გამოსაჩენად, ტაძარს პირველ რიგში XIX საუკუნის ცრუ გუმბათი და სამრეკლო მოაშორეს. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა ტაძრის ინტერიერიც, დადაბლდა იატაკი რამდენიმე მეტრით, მოიხსნა მხატვრობის ნაწილი. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, VI საუკუნის სამშენებლო ქვები და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. ხელუხლებლად დატოვეს XVII საუკუნის რესტავრაციის ფენა, რადგან იგი არ უშლიდა ხელს ძეგლის თავდაპირველი სახით აღქმას. რესტავრაცია იმ დროისთვის არსებული წესების სრული დაცვით გაკეთდა.

ტაძრის პირველი ფენა აგებულია ტუფის თლილი ქვით, ხოლო კედლების ზედა ნაწილები და შიგნით ყველა ბოძი აგურისაა. ტაძრის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, რომლის ინტერიერიც ამჟამად საყრდენების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად. თუმცა თავდაპირველად აქ ბოძების სამი წყვილი იყო აღმართული, რასაც ადასტურებს ჩრდილოეთის ორ საყრდენს შორის დარჩენილი მესამე საყრდენის ჯვრული ბაზისი.

(ზემოთ) ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე დაჩი უჯარმელი, (ქვემოთ) დასავლეთ ფასადის შესასვლელის ლუნეტი პირიღვთისას გამოსახულებით

შუა ნავი განაპირებზე ორჯერ განიერი და მაღალია. იგი გადახურულია ცალკე ორკალთიანი სახურავით და აღმოსავლეთით სრულდება ნახევარწრიული საკურთხევლით. მაგრამ გარედან, ექსტერიერში, ეს მოხაზულობა არ გამოიხატება (ანუ საკურთხეველი სწორკუთხედშია ჩაწერილი). საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ დამატებითი დამხმარე ოთახებია (პასტოფორიუმები) - სამკვეთლო და სადიაკვნე. ისინი გვერდით ნავებს თითო გახსნილი თაღით უკავშირდებიან.

ტაძარს შესასვლელი სამი მხრიდან აქვს, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამივე კარი კარგად გათლილი სწორკუთხა ძელით - არქიტავრით არის გადახურული. ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების თავზე ნალისებრი მოხაზულობის ღია სარკმლები, იგივე ლუნეტებია დატანებული. ეს დამახასიათებელია ადრეული ხანის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. დასავლეთ ლუნეტში ჩასმულია პირიღვთისას ხატი. ასევე ნალისებრი მოხაზულობით არის დასრულებული აღმოსავლეთი ფასადის სამი და დასავლეთი ფასადის სარკმლები. რაც შეეხება ბაზილიკურ ჭრილში (შუა და გვერდითი ნავების გადახურვის დონეებს შორის არსებული შუა ნავის ნაწილი) მოთავსებულ სარკმლებს, რომლებიც ტაძრის განათების ძირითადი წყაროა, ჩრდილოეთის მხრიდან ისინი ნალისებრი ფორმებისაა, ხოლო სამხრეთიდან - სხვადასხვა ზომის სწორკუთხედების.

ტაძრის დეკორატიული მორთულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი გარდა "ჯვრის ამაღლების" კომპოზიციის ფრაგმენტიანი რელიეფისა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ტაძრის დათარიღებისთვის, აგრეთვე გვაწვდის ინფორმაციას იმ ეპოქის მხატვრული მახასიათებლების შესახებ. მასზე შერჩენილია ე.წ. ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის ძლიერ დაზიანებული გამოსახულებები.

თავდაპირველად გაფორმებული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ ფასადის სარკმელიც, რომლის თავსართზეც კბილანებიან ორნამენტს ვარაუდობენ. იგი დროთა სვლისა და ატმოსფერული ნალექებისგან არის გალეული. ამგვარი მორთულობა ამჯერად შემორჩენილი გვაქვს ნიქოზის ღვთაების ტაძრის სარკმელზე.

ტაძრის პირველი ფენა აგებულია ტუფის თლილი ქვით, ხოლო კედლების ზედა ნაწილები აგურისაა

ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, დასავლეთის მხარეს დგას დომენტი კათოლიკოსის აგებული აგურის სამრეკლო. მის პირველ სართულს კუბის ფორმა აქვს და ტაძარში შესასვლელი კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კუბის ცენტრში, კვადრატულ მოჩარჩოებაში, ჩასმულია გასასვლელის შეისრული თაღი, ხოლო მის ორივე მხარეს ორ სართულად მოთავსებულია აგურისვე დეკორატიული ნიშები, რომლებიც აშკარად აღმოსავლური მხატვრული მოტივების გავლენითაა შექმნილი. მეორე სართულზე ოთახებია, ხოლო მესამე სართულს წარმოადგენს თავად ქვის სამრეკლოს ფანჩატური პირამიდული გადახურვით. მისი სვეტისთავები და კარნიზი ყვავილოვანი ორნამენტით არის გაფორმებული.

შენობას ზუსტად ათარიღებს ქუჩის მხარეს, შესასვლელის ზემოთ ჩასმული ყვითელი ფერის ფილა, ზედ ამოკვეთილი ქტიტორის მხედრული წარწერით: "ჩვენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩვენისა საოხად მეფობასა ქართველთასა შანავაზისასა, ქორონიკონსა ტნიგ" (1675 წ).

მარიტა სახლთხუციშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#50