სპარსეთზე გალაშქრებაში მთიულთა მონაწილეობის ასახვა ქართულ ფოლკლორში - როგორ შემოგვინახა ზეპირსიტყვიერებამ ცნობა ქართველ მთიელთა გმირობაზე - კვირის პალიტრა

სპარსეთზე გალაშქრებაში მთიულთა მონაწილეობის ასახვა ქართულ ფოლკლორში - როგორ შემოგვინახა ზეპირსიტყვიერებამ ცნობა ქართველ მთიელთა გმირობაზე

ქართულ ხალხურ პოეზიაში შემონახულია მრავალი ფოლკლორული ტექსტი, რომლებშიც ასახულია საყურადღებო ისტორიული ფაქტები, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები.

ზოგიერთი ასეთი ტექსტი უნიკალურია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებში ან მკრთალად შემორჩა, ანდა საერთოდ არ შემოგვენახა.

როგორც ცნობილია, ლომისობის დღესასწაული ყოველწლიურად იმართება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში - მთიულეთის სოფელ მლეთის სამხრეთით არსებულ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსში. მთიულები აქ ტრადიციულად მღერიან უძველეს სალაშქრო სიმღერას, ე.წ. ფერხისას.

ამ სიმღერის ყველაზე ადრინდელი პუბლიკაცია ეკუთვნის ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და ფოლკლორისტ პეტრე უმიკაშვილს (1838-1904), რომელმაც ეს ფოლკლორული ტექსტი 1876 წელს, ხევში (მოიცავს თანამედროვე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს) ჩაიწერა (პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, ფილიპე გოგიჩაიშვილის გამოცემა, თბ., 1937, გვ. 80).

აღნიშნულ ფოლკლორულ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით: "ხოროშან ლაშქარად ვიყვენით", ვკითხულობთ:

ხოროშან ლაშქარად ვიყვენით

ჩვენ ლომნი ლომისისანი,

იქ გავიგონეთ ჟღერანი

ჟამურ ბერციხის კლდისანი.

მუხლი გვქონდა და ვიხმარეთ

ამ ჩემის ჭარმაგისანი,

სადილით სამხრობამდისა

ჟამურს დავლახეთ ქვიშანი,

შვიდნი ჩვენ, შვიდნი ქსნელები

სისხლის ტბად შევიყარენით,

გაშჭრა ი შაბათის ძალმა,

ბარდაბარ გავიყარენით.

იმავე სიმღერის სხვა ვარიანტი ჩაიწერა ცნობილმა ფოლკლორისტმა ელენე ვირსალაძემ მთიულეთში 1950 წელს მოწყობილი ფოლკლორული ექსპედიციის დროს, სოფელ ქვემო მლეთაში მცხოვრები შაქრო ვლადიმერის ძე ბურდულისგან. ეს სოფელი მდებარეობს ისტორიული მთიულეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ხადას თემში, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას სოფელ ქვეშეთიდან ჯვრის უღელტეხილამდე. ამ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით: "ლომისურნი (ფერხისა)" ვკითხულობთ:

ხოროშანს ლაშქარად ვიყავით

ჩვენ ლომნი ლომისისანი,

წინ შამოგვესმა ჟღერანი

ჟამურ ბერციხის კლდისანი.

მუხლი მქონდა და ვიხმარე

ის ჩემი ჭარმაგისანი.

სადილით - სამხრობისინა

ჟამურ დავლახე ქვიშანი.

ამ ტექსტის მთქმელის, შაქრო ბურდულის განმარტებით: "თავდაპირველად ლომისა ბურდულებისა არ ყოფილა. ყოფილა პატაშურების. თათრები სცარცვავდნენ ხატებს. ლომისას ხატი წაუღიათ ხორასანში. ბურდულების მეთაურობით წამოუღიათ ხატი ხორასნიდგან. ამაზეა ლექსი" (ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება (მთიულეთ-გუდამაყარი), ე. ვირსალაძის გამოცემა, თბ., 1958, გვ. 504).

იმავე სიმღერის განსხვავებული ვარიანტი ელენე ვირსალაძემ მთიულეთში იმავე წელს მოწყობილი ფოლკლორული ექსპედიციის დროს ჩაიწერა სოფელ სეთურნში მცხოვრები ისაკო აბრამის ძე სეთურიძისგან, რომელიც წარსულში სასულიერო პირი - დეკანოზი ყოფილა. ამ ტექსტში ვკითხულობთ:

ხორასნის ლაშქარად ვიყავითო

ჩვენ ლომნი ლომისისანი,

მანდ შამაგვესმა ჟღერანი

ჟამურ ბერციხის კლდისანი.

მუხლი გვქონდა და ვიხმარეთო

მაგ ჩვენის ჭარმაგისანიო,

სადილობითა სამხრამდი

ჟამურ დავლახნეთ ქვიშანიო,

შუა ზღვას ჩავსვით სამანი

ჩვენკენ დავიგდეთ ხმელეთიო.

ზემოხსენებული სალაშქრო სიმღერის განსხვავებული ვერსია ჩავიწერეთ სოფელ ზემო მლეთაში მცხოვრები 90 წელს მიღწეული ნინო ნიკოლოზის ასული ოგბაიძე-ბუთხუზისგან (ნ. ჯავახიშვილი, ლეგენდა ლეგენდებში, გაზ. "სახალხო განათლება", თბ., 1989, # 30 (4185); მისივე, ოგბაიძენი (საგვარეულოს ისტორიისათვის), თბ., 2005, გვ. 79).

ამ ვერსიაში იხსენიება მეფე დავით IV აღმაშენებელი. ფოლკლორულ ტექსტში ვკითხულობთ:

ხორასანს ლაშქარად ვიყავით

ჩვენ ლომნი ლომისისანი,

იქ ჩამაგვესმა ჟღარუნი

აღმაშენებლის ხმლისანი.

სადილით სამხრობამდინა

ჟამურ დავლახეთ ქვიშანი,

მუხლი გვქონდა და ვიხმარეთ

მეფისა ჭარმაგისანი.

ამდენად, ზემოთ მოყვანილი ფოლკლორული ტექსტის ყველა ვერსიაში იხსენიება ხორასანი.

საგულისხმოა, რომ ხორასანი ასევე იხსენიება მთიულეთის სალოცავთა დეკანოზების დამწყალობნების ტექსტებში ასეთი სახით: "ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმიდა გიორგის, ხორასნით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყურებელს" (ნ. ჯავახიშვილი, ოგბაიძენი, თბ., 2005, გვ. 113).

ქართველი და სომეხი მეომრები, XIII ს. ქართველი ცხენოსანი მოისარი და კილიკიელი სომეხი ქვეითი ფარ-ხმლით (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

აქვე განვმარტავთ, რომ ხორასანი იყო ისტორიული ოლქი შუა აღმოსავლეთში, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, მარვის ოაზისს, თურქმენეთის სამხრეთის ოაზისებს, ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია კი მთიულეთის გამაერთიანებელი უპირველესი სალოცავია. აგებულია VIII-IX საუკუნეებში. იგი მდებარეობს მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე, როგორც აღვნიშნეთ, სოფელ მლეთასთან. მთიულებთან ერთად მას ეყმობოდნენ ქსნისხეველნიც. აქვე დავძენთ, რომ ქსნის ხეობა მოიცავს თანამედროვე ახალგორის რაიონს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია.

სერგი მაკალათია შენიშნავდა: "მლეთაშივეა მთიულეთის უდიდესი სამლოცველო - ლომისის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც აღმართულია ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ლომისას მაღალ ქედზე, საიდანაც ორივე ეს ხეობა საუცხოვო სახილველია... ლომისობის ხატობა ნააღდგომევის მეშვიდე კვირაზეა. ამ ხატობაზე მლოცავები აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებიდან ჩამოდიან. ლომისას წვერის ეს ეკლესია დღეს ცარიელია. მისი ხატები და დროშები ქვემო მლეთის ეკლესიაში ინახება და ლომისობას დეკანოზები ამ ხატებს გამოასვენებენ და "ფერხისის სიმღერით" ლომისას წვერის ტაძარში აასვენებენ" (ს. მაკალათია, მთიულეთი, თბ., 1930, გვ.:166-167).

აღნიშნულ ხატთან დაკავშირებული ხალხური გადმოცემის მიხედით, საქართველოში ხვარაზმშაჰ ჯალალედინის შემოსევების (1226-1229 წლები) შედეგად, დამპყრობელთა მიერ ტყვედ წაყვანილი 7 000 ქართველი ხორასანში ჩაიყვანეს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტყვეთა უკან დაბრუნება მხოლოდ მთიულეთის მთავარი ხატის - გზოვანის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ძალით მოხერხდა.

სერგი მაკალათიას ხსენებულ ნაშრომში ვკითხულობთ: "როდესაც საქართველოს ხორასნელები შემოესივნენ, მათ ტყვედ 7 000 ქართველი წაუსხამთ. ამ ტყვეებს მთიულეთის მთავარი ხატი - გზოვანის წმინდა გიორგი (ფასანაურის მაღალ მთის წვერია) თან წაუსვენებიათ. ამ ძლიერ ხატს ხორასნის ქვეყანა შეუკრავს და დედამიწას ნაყოფი არ მიუცია. ადამიანი და საქონელიც გაბერწებულა და მათი ქვეყანა დაღუპვის კარზე მიმდგარა. ამის მიზეზის საცნობად თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია, რომლებსაც მისთვის მოუხსენებიათ, რომ უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მაშინ ბრძანება გაუცია, რომ ეს ხატი ანთებულ საკირეში ჩაედოთ. ასეც მოქცეულან, მაგრამ ცოტათი შეტრუსული ხატი საკირიდან მაშინვე ამოფრენილა და იქვე მოვლენილ თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა... ხარი და ხატი ადგილიდან არ დაძრულა, სანამ სულთანმა ყველა ქართველი ტყვე უკლებლივ არ გაანთავისუფლა.

ლომისობა აღდგომიდან მეშვიდე კვირას იმართება

ბოლოს მაინც ერთი კოჭლი ტყვე დედაკაცი დაკლებიათ, რომელიც ერთ ხორასნელს მოახლედ თურმე წაეყვანა. სულთანი ხალხს შეკითხვია, ვისა გყავს კოჭლი გურჯის ქალიო? ეს ქალიც ჩქარა მოუძებნიათ და ხატიანი ხარი… ტყვეებით საქართველოსაკენ დაძრულა".

იქნებ, ზემოხსენებული სიმღერა ამ ამბავს ეხმიანება?

ამასთანავე, ცნობილია, რომ საქართველოში სპარსელთა გამანადგურებელი ლაშქრობების (1614, 1616 და 1617 წლები) შედეგად ტყვედ წაყვანილ ქართველთა (200 ათასამდე) ნაწილი, კერძოდ კი კახეთის სამეფოდან აყრილნი, სპარსეთის მბრძანებლის, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლის - შაჰინშაჰ აბას I-ის ბრძანებით, ჩაასახლეს ხორასნის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებულ პუნქტში - ასადაბადში.

ვინაიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე არაგვის ხეობა (მთიულეთითურთ) კახეთის სამეფოში შედიოდა, გამორიცხული არ არის, რომ შაჰინშაჰის ბრძანებით ხორასანში გადასახლებულ კახელებთან ერთად არაგველთა (და მათ შორის მთიულთა) ერთი ნაწილიც მოხვდა. იქნებ, ზემოთ მოტანილი სასიმღერო ტექსტი სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენას გვახსენებს?

ვფიქრობთ, ფოლკლორულ ტექსტში გადმოცემული ამბავი არ არის დაკავშირებული არც პირველ და არც მეორე მოვლენასთან, ვინაიდან ამ სიმღერის რიხიანი, საზეიმო პათოსი, უდავოდ სხვა ისტორიულ ფაქტზე უნდა მიგვანიშნებდეს.

ცნობილია, რომ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოსა და ხორეზმის სახელმწიფოებს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა. ეს განაპირობა ხორეზმის მესვეურთა მცდელობამ, დაეკავებინა საქართველოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზია ქართველ მეფეებსაც ჰქონდათ.

ზემოხსენებულ ვითარებაში ქალაქ არდებილის (მდებარეობს თანამედროვე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შემავალი ერთ-ერთი რეგიონის - ისტორიული აზერბაიჯანის, იმავე ადარბადაგანის, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებში იხსენიება "არდაველის" სახელით) სულთანმა, ისარგებლა რა თამარ მეფის გეგუთს ყოფნით (დიდმარხვის პერიოდში), 1208 წელს აიღო ქალაქი ანისი, დაარბია, მოსახლეობა ამოწყვიტა და უკან დიდი ნადავლით გაბრუნდა.

ამ მუხანათურ ლაშქრობას ქართველთა მხრიდან მოჰყვა საპასუხო დამსჯელი ღონისძიება. 1210 წელს ქართველთა ჯარმა აიღო არდებილი, დაარბია და სულთანი სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ, ქართველთა გამარჯვებული ლაშქარი ზაქარია და ივანე მხარგრძელთა სარდლობით, დიდძალი ალაფით ხელდამშვენებული ეახლა თამარ დედოფალს, რომელმაც მხარგრძელები გულუხვად დააჯილდოვა.

ივანე ჯავახიშვილი შენიშნავდა: "სპარსეთში ლაშქრობამ ამირსპარსალარს ზაქარიას, მსახურთ-უხუცესს ივანეს და სხვა სარდლებს სპარსეთის ნამდვილი ვითარება დაანახვა, მისი უძლურება და დაქსაქსულობა" (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, თბ., 1983, გვ. 283).

ამიტომაც მათ, ვარამ გაგელთან ერთად, თამარს სპარსეთში გალაშქრების ნებართვა სთხოვეს.

როგორც თამარის ისტორიკოსი წერს, სარდლებმა თამარს შემდეგი თხოვნით მიმართეს: "ძლიერო ხელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო!…იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმხნე და სიქველე სპათა შენთა; გულისხმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადამე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა - მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!" (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წიგნ.: "ქართლის ცხოვრება", ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. II, თბ., 1959, გვ. 103).

თამარ მეფე (ნახატი ქეთევან მაღალაშვილისა)

სპარსეთში გალაშქრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თამარმა თბილისში თვითონ ინახულა ლაშქარი, დალოცა და გადასცა "დროშა სხანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი" ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ჯარი საომრად გაემართა. ქართველებმა ძლევამოსილად დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანის ქალაქები: მარანდი, თავრიზი (ქართული წყაროების მიხედვით - თავრეჟი), მიანა, ზენჯანი და ყაზვინი.

როგორც მემატიანე წერს, ყაზვინიდან ქართველი მოლაშქრენი "უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი".

დიდძალი ალაფით დატვირთულ ქართველთა მხედრობას ლაშქრობის გაგრძელება გაუჭირდა და უკან გამობრუნდა. "შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი".

თავის გამარჯვებულ ლაშქარს თამარი "მადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზეიმითა და დიდებითა. იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა".

ქართველთა მიერ სპარსეთის ჩრდილოეთის ეს დალაშქვრა სხვადასხვა დროს შესწავლილი აქვთ მკვლევრებს ჯემალ სტეფნაძეს, დიმიტრი და ერეკლე შველიძეებს.

ამ დამსჯელი ექსპედიციის განმაპირობებელი მიზეზების, კერძოდ, საქართველო-ადარბადაგანსა და საქართველო-ხორეზმს შორის იმ პერიოდში არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ საყურადღებო ცნობებს შეიცავს აგრეთვე, აზერბაიჯანელი ისტორიკოსის, აკადემიკოს ზია ბუნიატოვის ნაშრომები.

ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ზემოხსენებულ ქართველ მეცნიერთა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხედრობამ სპარსეთში ილაშქრა არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებისა და ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ, მის უმთავრეს ამოცანას - ხორეზმშაჰ მუჰამედის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

დასასრულ, როგორიც უნდა ყოფილიყო ლაშქრობის მიზეზები, ფაქტია, რომ ეს იყო ქართველთა პირველი და იმავდროულად უკანასკნელი ლაშქრობა სპარსეთში, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი არნახულად აამაღლა.

ამდენად, ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, ზემოთ მოყვანილი მთიულური საბრძოლო სიმღერის სხვადასხვა დროს ჩაწერილ ვარიანტებში, ასახულია მთიულ მხედართა მონაწილეობა საქართველოს სამეფოს ჯარის მიერ სპარსეთში მოწყობილ ძლევამოსილ ლაშქრობაში, რომელიც 1210 წელს მოხდა და ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი", #106