ქართველი კანვოელების უჩვეულო ისტორიები - კვირის პალიტრა

ქართველი კანვოელების უჩვეულო ისტორიები

ცნობილი რუსი იურისტის, ანატოლი კონის (1844-1927) მოგონების მიხედვით, კავკასიელები, რომელთაც გემო გაუგეს დედაქალაქის ცხოვრებას, თვალწარმტაც აღმოსავლურ კოსტიუმებში გამოწყობილი, ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ პასაჟს, "ჩამოსული პროვინციალების საკვირველ ადგილს", რომელიც რატომღაც მათ საყვარელ ადგილადაც იქცა.

პასაჟში განლაგებული იყო სავაჭრო რიგები, საკონდიტროები, ცვილის ფიგურების კაბინეტი, პანორამა, საკონცერტო დარბაზი, სადაც იმართებოდა მუსიკალური საღამოები და მღეროდა ბოშათა ანსამბლი " ყველაფერი ეს უცხო იყო კავკასიელებისთვის. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ იყვნენ კანვოელები და მათ შორის ქართველები ამ ადგილის ხშირი სტუმრები.

დროის გასატარებლად კანვოელებს უამრავი საბაბი ჰქონდათ: პოლკის დღესასწაულები, სხვადასხვა გამარჯვების აღმნიშვნელი თარიღები, იმპერატორისა და იმპერატრიცას, საკუთარი უფროსების დაბადების დღეები. რაც შეეხება სმას " გვარდიელი ოფიცრისთვის დალევასა და დათრობას შორის დიდი განსხვავება იყო, რაც წლების განმავლობაში იწრთობოდა და იხვეწებოდა. ღვინო და არაყი კანვოელის ყოველდღიურ მენიუში შედიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესასწაულები არასოდეს დარღვეულა მთვრალთა დებოშებით, რადგან კანვოელებთან არსებობდა დაუწერელი კანონი " ოფიცერს შეუძლია და უნდა იყოს კარგ ხასიათზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მთვრალი. მიუხედავად იმისა, რომ პოლკისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე სვამდნენ უამრავ არაყსა და ღვინოს, და სვამდნენ "ჭკუით".

კანვოის ოფიცრებს აზარტული თამაშები უყვარდათ და ამას თავად მეფეც კი უწყობდა ხელს. ერთხელ, მეფის სასახლეში, კანვოის მორიგე ოფიცრების ოთახში ბანქოს თამაში გაიმართა. მოულოდნელად მათ თავს პიჟამაში გამოწყობილი ნიკოლოზ II წამოადგათ. იგი გაბრაზებული ჩანდა და მოთამაშეებს ძალიან გაუწყრა, მაგრამ შემდეგ ყველას სათითაოდ თუმან-თუმანი ჩამოურიგა და თავად მიუჯდა სათამაშო მაგიდას. ერთ-ერთი ქეიფის შემდეგ კი მეფის ფავორიტმა "არაორდინარულმა და ექსცენტრიკულმა პიროვნებამ", იმდროინდელი პეტერბურგის საზოგადოების "სელებრითიმ" (თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ) დავით (უჩა) დადიანმა გააოცა მისი უდიდებულესობა ნიკოლოზ II, როცა განუცხადა, რომ მან ბანქოს ვალის გადახდის მიზნით საკუთარი ეპოლეტები დააგირავა; საბოლოოდ ვალი თავად იმპერატორმა(!) გაისტუმრა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა.

ნიკოლოზ II თურმე ხშირად ისტუმრებდა კანვოელი ოფიცრების ვალებს. რატომ იქცეოდა ასე, ამას, როგორც ამ გადმოსახედიდან ჩანს, თავისი მიზეზები ჰქონდა. გრიგორი რასპუტინის მდივანი და მემუარების ავტორი არონ სიმანოვიჩი წერდა, რომ იმპერატორი კანვოის ყველა წევრს ბოლომდე არ ენდობოდა და ამიტომაც უპირატესობას ქართველ და თათარ თავად-აზნაურებს ანიჭებდა. ნიკოლოზ II ხედავდა, რომ ისინი არ გამოირჩეოდნენ მაინცდამაინც სანიმუშო ყოფაქცევით, "ბოროტად" იყენებდნენ მის გულკეთილობას, გადაჭარბებული მიდრეკილება ჰქონდათ ქეიფისა და დროსტარებისკენ, მაგრამ მეფე ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან იცოდა, რომ სულითა და ხორცით მისი ერთგული იყვნენ. ყოველი მათგანი სიცოცხლეს შესწირავდა მას და ბრძანების შემთხვევაში დაუფიქრებლად მოკლავდა ნებისმიერს. იგივე სიმანოვიჩი აღნიშნავდა, რომ როცა გენერალმა ნიკალაი რუზსკიმ და დეპუტატებმა, ვასილი შულგინმა და ალექსანდრ გუჩკოვმა 1917 წლის მარტში მეფისგან გადადგომა მოითხოვეს (ამბობენ, რომ რუზსკი რევოლვერითაც კი ემუქრებოდა), მათ ძალიან გაუმართლათ, რომ ნიკოლოზ II-ის გვერდით ქართველი ოფიცრები არ იმყოფებოდნენ, თორემ არც ერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩებოდაო.

კანვოის 100 წლისთავის იუბილე. ოფიცრები ისტორიულ ფორმებში. ალექსანდრე ამილახვარი ზის ცენტრში, თეთრი ჩექმებით

მეფის რჩეულ დადიანზე უამრავი ისტორია დადიოდა. მათ შორის რომელია მართალი და რომელი გამოგონილი, ახლა ამის დადგენა ძნელია. ამბობენ, 1916 წელს ბანქოს თამაშის დროს, ფელიქს იუსუპოვმა დადიანს რასპუტინის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რაზეც მან ცივი უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ ჯალათად ყოფნა დამამცირებელია და თუ კაცის მოკვლა გინდა, სილა გაარტყი და დუელში გამოიწვიეო. ერთხელ, ლივადიის აგარაკზე ყირიმში მეფე ნიკოლოზ II ტერასის ერთ კუთხეში ვიღაცას ესაუბრებოდა, ტერასის მეორე მოპირდაპირე კუთხეში უჩა დადიანი იმყოფებოდა. მოულოდნელად მეფემ იგი თავისთან მოიხმო. უჩა მეფისკენ თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა.

მათ შორის დიდი გაშლილი მაგიდა იდგა. დადიანმა არც აცია, არც აცხელა და მაგიდას გადაევლო. ნახტომი ბრწყინვალე გამოდგა, მაგრამ ჩოხის კალთა სერვიზის ჭიქასა და თეფშს წამოსდო, რომელიც იატაკზე დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა. დადიანმა დაიმორცხვა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეფემ სიცილი დაიწყო, მიხვდა, რომ მის უდიდებულესობას ეს გამოხტომა-ნახტომი მოეწონა. თურმე ერთხელ ნიკოლოზ II უხერხული სიტუაციიდან სწორედ მისმა გამორჩეულმა უჩამ იხსნა. მეფე ბანქოს ეთამაშებოდა ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ელჩებს, საქმე მის სასარგებლოდ არ მიდიოდა. ერთ მომენტში ნიკოლოზ II-ს ოქროს ათმანეთიანი იატაკზე დაუვარდა. ნიკოლოზი მის ასაღებად დაიხარა. ჩამოვარდა სიჩუმე " უზარმაზარი იმპერიის მფლობელი თუმნიანის გულისთვის იწუხებდა თავს. მეფემ ეს იაღლიში გვიან იგრძნო. უეცრად უჩა დადიანმა მაგიდიდან ხუთასრუბლიანი ბანკნოტი აიღო, სანთლის ცეცხლზე მოუკიდა მას და მეფეს გაუნათა, თან უთხრა, იმ თუმნის ნახევარი მე მეკუთვნის, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნებაო. მეფეს ულვაშში გაეღიმა, იატაკიდან თუმნიანი აიღო, გადაახურდავებინა და დადიანს გადასცა, რომელმაც ხუთრუბლიანს აკოცა. სიტუაცია განიმუხტა და თამაში გაგრძელდა.

საინტერესოა უჩა დადიანის შემდგომი ბედი: 1910-იან წლებში მას ლამის ოცი წლით უკრეს თავი კატორღაში, რადგან მძიმე დანაშაული ბრალდებოდა " თავად ალექსანდრე დადეშქელიანის მკვლელობა (პროცესი რამდენიმე წელიწადს, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა). როგორც ამბობენ, დადიანს მოკლულის მეუღლესთან, ექვსი შვილის დედასთან, ბაბილინა ერისთავი-დადეშქელიანისასთან რომანი ჰქონდა. ამბობენ, რომ ცოლმა და საყვარელმა დაქირავებული მკვლელების ხელით 1910 წლის 8 იანვარს დადეშქელიანი სიცოცხლეს გამოასალმეს " მას სამი ტყვია დაახალეს. სასამართლო პროცესმა დიდი ხმაური და რეზონანსი გამოიწვია. დადიანის საქმე თითქოს წასული იყო, მაგრამ მას დამცველად ცნობილი ადვოკატი ნიკალაი კარაბჩევსკი მოევლინა.

მან შეძლო საქმის ისე შეტრიალება, რომ დადეშქელიანი არა მსხვერპლად, არამედ დამნაშავედ გამოეყვანა და ყველაფერი შურისძიების აქტად წარმოედგინა. ეს ალბათ ახლოს იყო სიმართლესთან, რადგან დადიან-დადეშქელიანის სიყვარულის მთავარ მამხილებელ საბუთად ის ეპიზოდი იყო, როცა დადიანი ავადმყოფი ქალის საწოლზე ჩამოჯდა, რაც თურმე მათ რომანზე აშკარად მიანიშნებდა. როგორც თანამედროვენი ამბობენ, დადეშქელიანი (ღალატობდა თუ არა მას მეუღლე, ეს სხვა ამბავია) "სიკვდილს იმსახურებდაო" " თურმე აუტანელი ხასიათისა და მოძალადე ადამიანი ყოფილა. ერთხელ, ვინმე ივანე ქარდავას დაესხა თავს, მის დასახმარებლად მოსულ ქალს ცემით თვალი ამოუგდო და დააბრმავა, ნათესავ მოხუც კაცს თავი გაუტეხა, თავად თხრილში დამალულ ქარდავას კი საკუთარი ხელით რევოლვერიდან ორჯერ გასროლით მოუსწრაფა სიცოცხლე. ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა. ასე რომ, მისი სიკვდილი არავის სწყენია.

კანვოელები ტფილისში, მთავარმმართებლის სასახლეში

საქართველოს გაწითლების შემდეგ დადიანი საყვარელსა და მის ოჯახობასთან ერთად კონსტანტინოპოლში გადაიხვეწა, მაგრამ მათი ბედნიერება მცირე ხანს გაგრძელდა " ერთ დღეს ბაბილინა ტრამვაიმ გაიტანა. ოჯახის მთელი სიმძიმე და ბავშვების აღზრდა უჩა დადიანს დააწვა მხრებზე. მან ამ მისიას თურმე ღირსეულად გაართვა თავი. 1923 წლიდან იგი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მუშაობდა ივანე მაჩაბლის საპარფიუმერო ფირმა Prince Matchabelli-ში. იმავდროულად, მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში. უჩა დადიანი 1932 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია ლონგ-აილენდზე მდებარე სასაფლაოზე...

ასევე ნიუ-იორკშია დაკრძალული დადიანის თანამეინახე კანვოელი ალექსანდრე ამილახვარი (1897-1968). გორში დაბადებული ამილახვარი გიორგი XII-ის შთამომავალი და იმპერატორ ალექსანდრე III-ის ქვრივის ნათლული გახლდათ. მას თბილისის კადეტთა კორპუსი ჰქონდა დამთავრებული და 1902 წლიდან კანვოიში მსახურობდა. 1911 წელს, როცა მეფის კანვოის 100 წლისთავის იუბილე გრანდიოზული ზეიმით აღინიშნა, ამილახვარი ერთ-ერთ "მთავარი როლის" შემსრულებლად მოგვევლინა: ზეიმზე სხვადასხვა ეროვნების კანვოელი ნაციონალურ ფორმებში გამოაწყვეს. ალექსანდრე ამილახვარს ერგო პატივი, სცმოდა 1857 წლის ქართველი კანვოელის ფორმა; 50 წლის შემდეგ ის, როგორც ვეტერანი, ნიუ-იორკში გამართულ კანვოის 150 წლის იუბილესაც დაესწრო.

1912 წელს ამილახვარი თადარიგში გავიდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სამსახურს დაუბრუნდა და მეთაურობდა მუსლიმთა პოლკის ასეულს, რომელიც ცნობილ "ველური დივიზიაში" შედიოდა. 1917 წელს პოლკოვნიკი ამილახვარი ქართულ ცხენოსანთა პოლკს ჩაუდგა სათავეში. მომდევნო წლებში იგი ცხოვრობდა თბილისში, მაგრამ რუსების შემოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა " ჯერ კონსტანტინოპოლში გადავიდა, შემდეგ პარიზში, სადაც 1924 წელს არჩილ ანდრონიკაშვილთან, გიორგი გვაზავასთან, ირაკლი ვაჩნაძესა და სხვებთან ერთად დააარსა მასონური ლოჟა ,,ოქროს საწმისი".

1936-1939 წლებში ამილახვარი მოხალისედ იბრძოდა გენერალ ფრანკოს მხარეზე ესპანეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში, რისთვისაც რამდენიმე საბრძოლო ჯილდო მიანიჭეს. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჩაეწერა ფრანგი მოხალისეების ლეგიონში (Légion des Volontaires Français) და აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ. 1944 წელს ლეგიონმა არსებობა შეწყვიტა. ალექსანდრე ამილახვარი გადასახლდა ჯერ პერუში, შემდეგ კი აშშ-ში და ნიუ-იორკში დაფუძნდა. გახლდათ რუსი სამხედრო ინვალიდების კავშირის თავმჯდომარე.

უჩა დადიანი

საიმპერატორო კანვოი

1811 წლის 18 მაისს კაზაკებისგან რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის პირადი დაცვა შეიქმნა, საიმპერატორო კანვოის ისტორია აქედან დაიწყო. მშვიდობიანი ცხოვრების პერიოდში საიმპერატორო სახლის კანვოი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იგი გვერდიდან არ შორდებოდა იმპერატორსა და მის ოჯახს, იცავდა იმპერატორის სასახლეებს, მონაწილეობდა დღესასწაულებში იმპერატორის კარზე, უცხოური დელეგაციების შეხვედრებში, სამეფო ოჯახის საქორწინო ცერემონიებში და სხვ.

კანვოი შედიოდა საიმპერატორო გვარდიაში, რომელიც რუსული არმიის ელიტურ დანაყოფს წარმოადგენდა. რჩეული, სხვადასხვა ეროვნების მეომრებისგან დაკომპლექტებულ ამ ქვედანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა. 1856 წელს კანვოის დაემატა ახალი ნაციონალური ქვედანაყოფი ქართველების შემადგენლობით, სადაც მიიღებოდა ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების ცნობილი თავადური ოჯახების წარმომადგენლები - ქართველი, მართლმადიდებელი, ჯანმრთელი, არა უმეტეს 25 წლისა...

ირაკლი მახარაძე ჟურნალი "ისტორიანი" ,#106