სპორტის აკრძალული სახეობები შუა საუკუნეებიდან დღემდე - კვირის პალიტრა

სპორტის აკრძალული სახეობები შუა საუკუნეებიდან დღემდე

მკითხველთა უმეტესობას ეხსომება 1995 წელს გადაღებული ცნობილი ამერიკული ფილმი "მამაცი გული".

მასში შოტლანდიელი უილიამ უოლასი (მსახიობი მელ გიბსონი) თავის თანამემამულეებს ინგლისელთა წინააღმდეგ გაუძღვება და გაამარჯვებინებს. ფილმში ასეთი სცენაა: ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხა თავისი ვაჟის აღმზრდელს ფანჯრიდან გადააგდებს.

გრძელფეხას ასეთი საქციელი მეტყველებს, რომ სწორად ვერ აფასებდა თავისი შვილის სამხედრო უნარებს. უკვე წლების შემდეგ, 1307 წელს ტახტზე ასულმა ედუარდ II-მ ინგლისელთა იმედები ვერ გაამართლა და გვირგვინზე უარის თქმა აიძულეს, თავისი შვილის სასარგებლოდ. დანაშაულად ჩაუთვალეს არაკომპეტენტურობა, მისდამი ინგლისელი საზოგადოების უნდობლობა, წარუმატებელი ბრძოლები შოტლანდიელებთან. ედუარდი თავს იცავდა და ცუდ შედეგსა თუ წარუმატებლობას... ფეხბურთს აბრალებდა.

სად ფეხბურთი და სად ომში წაგებაო, - იკითხავთ. ფეხბურთი ჩვენს წარმოდგენაში შუა საუკუნეებთან ასოცირდება, რაც არასწორია. მით უმეტეს, ის არ დაბადებულა XIX საუკუნეში. ფეხბურთს უძველეს ხანაში თამაშობდნენ, თუმცა სრულიად სხვა წესებით. რაც შეეხება ინგლისის ამ მეფეების მბრძანებლობის ეპოქას, მაშინ ინგლისში ფეხბურთს მთელი სოფლები და ქალაქები თამაშობდნენ. ზოგჯერ ერთდროულად ასობით ადამიანიც კი. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს, ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთ უძველეს სახეობად ვაღიაროთ.

ედუარდ II ჯიუტად ამტკიცებდა (მეფობდა 1327 წლამდე), რომ ფეხბურთი მის ჯარისკაცებს დროს ართმევდა და ნაცვლად იმისა, რომ სამხედრო საქმეში დახელოვნებულიყვნენ, ბურთს, უფრო სწორად, ღორის გაბერილ საშარდე ბუშტს დასდევენო.

ამიტომ მეფემ პროკლამაცია გაავრცელა, რომელშიც ფოტბულს (ფოტებოოლ - ასე უწოდებდნენ იმ ეპოქაში ფეხბურთს) ბოროტებისა და ზიანის მომტან თამაშად მოიხსენიებდნენ. ამაშიც გამოჩნდა ედუარდ II-ის უხერხემლობა, მას ხომ პირდაპირ შეეძლო ფეხბურთის აკრძალვა! პროკლამაციებით კი ვერაფერი გააწყო და ინგლისის საზოგადოებაც კვლავ განაგრძობდა ფეხბურთის თამაშს.

სამაგიეროდ, 1314 წელს ლონდონის მერმა ქალაქის მასშტაბით სრულად აკრძალა ფეხბურთი. თუმცა ეს აკრძალვა არ ეხებოდა ჩელსისა და ფულჰემის დღევანდელი სტადიონების მიმდებარე ადგილებს. ლონდონის ეპისკოპოსმა კი 1318 წელს დაიწყო გზის გაყვანა ლონდონიდან ჰაიგეიტ ჰილამდე (Highgate Hill), ანუ იმ ადგილამდე, სადაც ახლა კლუბ "არსენალის" რეზიდენციაა. 700 წლის წინ ლონდონში 80 ათას კაცი ცხოვრობდა და იმ ეპოქაში ეს დიდი ციფრი იყო. იმდროინდელი ქრონიკებიდან ირკვევა, რომ მაშინ ერთდროულად ათას კაცსაც კი უთამაშია ფეხბურთი ქუჩაში - ყოველგვარი წესების გარეშე. გაბერილი ბუშტის დევნისას ყველაფერს აზიანებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის შეფასებით, ასეთი მატჩის შემდეგ ქალაქისთვის მიყენებული ზარალი - ჩამსხვრეული ფარნები, ფირნიშები, ფანჯრის მინები, გადათელილი დახლები - ისეთ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ მისით საკმაოდ მრავალრიცხოვან სამხედრო რაზმს შეინახავდნენ.

თუმცა მხოლოდ ზარალით როდი იყო ფეხბურთის აკრძალვა გამოწვეული. მთავარ პრობლემას მისი წესების არარსებობა წარმოადგენდა. მატჩი ძალიან იშვიათად მთავრდებოდა ხელის ჩამორთმევითა და გამარჯვებულისთვის წარმატების მილოცვით. მატჩის დამთავრებას უმეტესად გაწევ-გამოწევა, ჩხუბი და აყალმაყალი მოსდევდა. ამიტომ იყო, რომ მაღალი საზოგადოება ფეხბურთს უყურებდა, როგორც ტლუ ხალხის გასართობს. ამაზე სახელწოდებაც მეტყველებდა - მას ფეხით თამაშობდნენ. არისტოკრატია, კეთილშობილი ხალხი ბურთს ცხენზე ამხედრებული დასდევდა.

გასაკვირი არ არის, რომ ედუარდ II-ის შემდეგ ფეხბურთისადმი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში გამკაცრდა. ასი წლის მერე, ანუ 1414 წელს ჰენრი V ლანკასტერმა ფეხბურთის ამკრძალავი კანონი გამოსცა. მისი დარღვევისთვის მოთამაშეებს 20 შილინგის ჯარიმა (ამ თანხით ადამიანი რამდენიმე კვირას გაიტანდა თავს) და 6-დღიანი პატიმრობა ელოდათ.

ამ მეფემაც, ისევე, როგორც ედუარდ II-მ, მიიჩნია, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი სარგებელი ექნებოდა, ახალგაზრდობას ისრის სროლაში რომ ევარჯიშა, ვიდრე ფეხბურთის თამაშში დაეკარგა დრო და ენერგია. საინტერესოა, რომ 1415 წელს აზენკურში ინგლისის ჯარმა საფრანგეთის არმიას გამანადგურებელი მარცხი აგემა და ამ დიდ გამარჯვებას მეფემ დიდწილად თავისი მეისრეების წყალობით მიაღწია. მეფე ისე მადლიერი დარჩა, რომ მეისრეების მიერ ფეხბურთის თამაშის დანახვისას თვალს ხუჭავდა, ვითომ არ ახსოვდა, რომ აკრძალული იყო.

ჰენრი V-ის შემდგომი მეფე ჰენრი VI გაცილებით ტოლერანტული იყო სპორტისადმი, მისმა მომდევნო ედუარდ IV-მ (1442-1483) კი სპორტის აკრძალული სახეების მთელი სია გამოაქვეყნა. მასში ფეხბურთი აზარტული თამაშების გვერდით იკავებდა ადგილს. სპორტის მიმართ მკაცრი პოლიტიკა განაგრძო მისმა მემკვიდრე ედუარდ V-მაც (1470-1483), ოღონდ ფეხბურთელებს, თავისი ცოლებისგან განსხვავებით, ძელზე არ სვამდა. მის შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. თემა კვლავ აქტუალური XIX საუკუნეში გახდა. ინგლისელებმა ფეხბურთის წესების შემუშავება დაიწყეს, თანაც აღმოაჩინეს, რომ აკრძალვები ფორმალურად კვლავ ძალაში იყო. საინტერესოა, რომ როცა ინგლისელები ფეხბურთის თამაშის უფლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ, კონტინენტზე ის საკმაოდ გავრცელდა. რომის პაპი კლემენტ VII-ც (1523-1534) კი თამაშობდა მას. ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი გულშემატკივარი იყო.

ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეების ფლორენციაში (იქ ამ თამაშს უწოდებდნენ ცალციო ფიორენტინო-ს). ამ ქალაქ-სახელმწიფოში ფეხბურთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. მატჩებს მართავდნენ უფლის გამოცხადების დღესასწაულზე და დიდმარხვის დასაწყისში. ცნობილია, რომ ერთი ასეთი მატჩი 1490 წელს გაიმართა მდინარე არნოს ყინულზე, ხიდებს შორის. მატჩმა 50 წუთს გასტანა და თითოეულ გუნდში 27 ფეხბურთელი თამაშობდა, როგორც ფეხით, ისე ხელით.

მსგავსი ვითარება იყო მეორე ქალაქ-სახელმწიფო ვენეციაში. აქ გამართულ ერთ-ერთ მატჩში მონაწილეობდა პოლონეთიდან გაძევებული მეფე ჰენრიკ ვალესა. როგორც ჩანს, მას ფეხბურთზე ასეთი რამ უთქვამს: "ეს მატჩი მეტისმეტად პატარაა, რომ მას ომი ვუწოდოთ, მაგრამ მეტად საშინელია, რომ მხოლოდ თამაში ერქვას".

სანტა-კროჩეს მოედანი დღეს

სპორტის სახეობებიდან მხოლოდ ფეხბურთი როდი იყო წარსულში აკრძალული. მსგავსი ბედი ეწვია გოლფსაც, რომელიც დღეს ძალიან მოდურია და აქ დიდი ფულიც ტრიალებს. გოლფი, რომელსაც დღეს მილიონობით ადამიანი თამაშობს, უაღრესად სახიფათო თამაშად მიიჩნიეს და აკრძალეს XIV საუკუნეში. და არ გაინტერესებთ სად? ქვეყანაში, სადაც დაიბადა - ნიდერლანდებში.

სწორედაც დღევანდელი ჰოლანდია (ნიდერლანდებში, სხვა პროვინციებთან ერთად, შედის ჩრდილოეთი და სამხრეთი ჰოლანდია) და ბელგიაა გოლფის სამშობლო (იყო დრო, ისინი ერთ სახელმწიფოში შედიოდნენ). ზოგჯერ სპორტის ეს სახეობა ისეთი პოპულარული ხდებოდა, რომ მას ამ ქვეყნების თითქმის ყველა მკვიდრი თამაშობდა. შედეგები - ნიდერლანდების ქალაქების ბურმისტრთა განცხადებით, სავალალო იყო. გოლფის მოთამაშეები არას დაგიდევდნენ - სადაც მოხვდებოდათ, იქით ისროდნენ ბურთს.

ამის გამო ბრიუსელში 1360 წელს გოლფის (მაშინ კოლფს ეძახდნენ) ქალაქის მიდამოებში თამაში აკრძალეს. დაჯარიმებულს 60 შილინგს ახდევინებდნენ და ლაბადას ხდიდნენ (როგორც წესი, გოლფისტები ლაბადებით თამაშობდნენ, ასეთი მოდა იყო). 1389 წელს ალბრეხტ I-მა შესთავაზა ქალაქ ჰაარლემის მცხოვრებთ, გოლფის სათამაშოდ საგანგებოდ გამოეყოთ ადგილი და ამიერიდან გოლფის თამაში ქალაქგარეთ დაიწყეს.

თუმცა დავუბრუნდეთ ინგლისს. როდესაც 1567 წელს შოტლანდიის დედოფალს მარიამ სტიუარტს ბრალდებულებათა ნუსხა წარუდგინეს, სიაში "საპატიო" ადგილას "გოლფის თამაში" ეწერა.

გოლფისა და ფეხბურთის ამკრძალველები მაინც შედარებით "მორიდებული" ხალხი იყო. რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რომელიც მანამდე ათას წელიწადს - 776 წლიდან, იმართებოდა. იმპერატორს თავად თამაშები არ აუკრძალავს, თუმცა წარმართობასთან ბრძოლის ედიქტით ისეთი შეზღუდვები დააწესა, რომ თამაშების გამართვა შეუძლებელი გახდა და 393 წლის შემდეგ ისინი აღარ გამართულა. ოლიმპიური თამაშები რომაელებმა ბერძნებისგან გადმოიღეს და რადიკალურად გარდაქმნეს, ზევსისადმი მიძღვნილი საზეიმო ასპარეზობიდან სისხლიან ორთაბრძოლად აქციეს. პირველმა რომაელმა იმპერატორმა ოქტავიანე აუგუსტმა მხოლოდ ერთ წელიწადში 60-ზე მეტი სპორტული თამაში მოაწყო, რომელსაც ასობით (თუ ათასობით არა) მონაწილე "სპორტსმენი" შეეწირა.

თეოდოსიუსმა ქრისტიანობა 380 წელს მთელ იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 392 წლის ედიქტით აკრძალა ყველა სხვა რელიგია. სპორტულ ასპარეზობებში ის წარმართულ ტრადიციებს ხედავდა. ოლიმპიური თამაშები 1500 წლით შეწყდა, ზოგიერთი თამაში კი სამუდამოდ. მაგალითად, პანკრატიონი. ეს მეტისმეტად დაუნდობელი თამაში იყო, თუმცა მაყურებელს ძალიან იზიდავდა. ის კრივისა და ჭიდაობის ერთგვარი ნაზავი გახლდათ. მასში მხოლოდ სამი რამ იკრძალებოდა: ერთმანეთისთვის კბენა, თვალების გამოჩიჩქნა და სასქესო ორგანოებზე ხელის ტაცება.

უკიდეგანო უხეშობა გახდა იმის მიზეზი, რომ მრავალი აკრძალვა შემოეღოთ კრივშიც. 1247 წელს კირილე III-მ, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა, დაწყევლა ყველა სპორტსმენი, რომელიც კი კრივში ხელთათმანების გარეშე გამოვიდოდა. მიტროპოლიტისგან დაწყევლილი იქნებოდა ის სპორტსმენიც, რომელიც შერკინების დროს დაღუპული მეტოქის დაკრძალვაზე არ მივიდოდა, არ ილოცებდა და არ დაიტირებდა მას.

ასეთი მსხვერპლი კი ცოტა როდი ყოფილა, რადგან დღევანდელი უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე სპორტის ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებული იყო.

შემდგომ, 1686 წელს, რუსეთში, მეფის ბრძანებით, კრივი აიკრძალა, თუმცა ამ აკრძალვას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, ვინ გააკონტროლებდა ასეთი კანონის დარღვევას ვეებერთელა ტერიტორიაზე?!

ამ მხრივ რუსეთში ვითარება პეტრე დიდის მეფობის დროს, XVII საუკუნეში შეიცვალა. პრაგმატულმა მეფემ იმის აკრძალვის ნაცვლად, რასაც მაინც ვერ აკრძალავდა, რუსული კრივის ლეგალიზაცია მოახდინა – მისგან საჩვენებელი, მაყურებელთა დიდ რაოდენობაზე გათვლილი სპორტის სახეობა შეჰქმნა. თვით მეფეც ხშირად ესწრებოდა შეჯიბრებებს.

კრივის დიდი გულშემატკივრები სხვა მონარქებიც ყოფილან: მაგალითად, ინგლისის მეფე ჰენრი I (ეს მეფე კიდევ იმით შემორჩა ისტორიას, რომ 25 უკანონო შვილი ჰყავდა).

კოლფის თამაში ნიდერლანდელი ფერმწერის, ჰენდრიკ ავერკამპის ტილოზე (1625). ფრაგმენტი

მიუხედავად იმისა, რომ კრივს ბევრი მაყურებელი ჰყავდა და მას გვირგვინოსნებიც ესწრებოდნენ, ხალხის უმრავლესობას მისი ყურება მაინც უჭირდა. მოკრივეები უხელთათმნოდ იბრძოდნენ, შერკინება ზოგჯერ საათობით გრძელდებოდა. არც ის იყო იშვიათი, როცა რინგზე მოპაექრე უსულოდ ეცემოდა. პროფესიონალ მოკრივეებს შესვენებისას ალკოჰოლურ სასმელს აძლევდნენ, რათა ტკივილი ჩაეხშოთ.

აშშ-ში კრივი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო აკრძალული. ამ დროისთვის მეტ-ნაკლებად ცივილიზებული წესები დამუშავდა. ჯერ ჯეკ ბროუტონმა (1704-1789) განსაზღვრა რინგის ზომები, შემოიღო ხელთათმანები და შეზღუდა საქამრის ქვევით დარტყმა, ხოლო ქუინზბერის მარკიზმა ჯონ შოლტო დუგლასმა (1844-1900) ერთი რაუნდის ხანგრძლივობა სამი წუთით შემოსაზღვრა. მანვე დააწესა მოწინააღმდეგისთვის დროის დათვლა, თუკი მას ნოკდაუნში ჩააგდებდნენ. მხოლოდ ამ წესების შემოღების შემდეგ გამოვიდა კრივი მიწისქვეშეთიდან და ოლიმპიურ სპორტულ თამაშებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. თუმცა პროფესიული კრივი ჯერჯერობით აკრძალულია ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, კუბაში, საუდის არაბეთში... ნორვეგიაში ის მხოლოდ 2016 წლიდან დაუშვეს.

საკვირველია, მაგრამ დღესაც ხდება სპორტის ზოგიერთი, სრულიად უწყინარი სახეობის შეზღუდვა. მაგალითად, ჭადრაკის. საუდის არაბეთში იმ მიზეზით, რომ ჭადრაკში ყველაფერი მეფის მოსაკლავად კეთდება, 2016 წელს მუფტიმ, აბდელ აზიზალ-შეიხმა თანამედროვე ტექნოლოგიით - იუთუბზე დაგმო ეს თამაში.

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ჭადრაკი აკრძალული იყო ირანშიც. არადა, ევროპაში ეს თამაში სწორედ ირანიდან გავრცელდა. აკრძალვა 1988 წელს აიათოლა ჰომეინიმ გააუქმა.

დიდი კამათია ასევე კორიდის აკრძალვაზეც. მაგრამ ბევრ ტურისტს სურს ამ სისხლიანი სანახაობის ცქერა, რის გამოც ესპანეთის ბიუჯეტში დიდი ფული შედის. ამიტომ ამ ქვეყანაში კორიდის აკრძალვა ძნელი იქნება. თუმცა სისასტიკის შესამცირებლად უკვე შემოტანილი შეზღუდვების გამო მრავალ ესპანელს მიაჩნია, რომ დღეს კორიდა უფრო აკრძალულია, ვიდრე ნებადართული...

ამბროსი გრიშიკაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#106