სახლი მთაწმინდაზე - "დღეს ჩემს სადგომში გადავალ, სამი ოთახია, მეოთხე - მოსამსახურისთვის. ყველაფრით მოწყობილი" - რას წერდა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ტრაგედიის შემდეგ - კვირის პალიტრა

სახლი მთაწმინდაზე - "დღეს ჩემს სადგომში გადავალ, სამი ოთახია, მეოთხე - მოსამსახურისთვის. ყველაფრით მოწყობილი" - რას წერდა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ტრაგედიის შემდეგ

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის სახლს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ვერ გადაარჩენს...

"დღეს ჩემს სადგომში გადავალ, მთაწმინდის ქუჩა 20-ში. სამი ოთახია და მეოთხე - მოსამსახურისთვის. ყველაფრით მოწყობილი... ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლო ვარ მთაწმინდის ეკლესიასთან. როდესაც მინდა, ავალ. ისე ახლოა, რომ შემიძლია მარტოც ავიდე. იქ გული დამშვიდებული მაქვს, თითქოს იმასთან ვიმყოფები და ეს მალამოსავით მომეცხება ხოლმე. აი, ჩემი ყოფა-ცხოვრება", - წერდა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა 1909 წლის 30 აგვისტოს, ტრაგედიიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ.

მარტოობა

ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე, ქართველის ხელით ვერაგულად მოკლული, უკვე მამადავითზე განისვენებდა. მისმა მეუღლემ კი, დიდი მემამულისა და თავადის, თადეოზ გურამიშვილის ასულმა, წიწამურის ტრაგედიის დროს ასევე სასტიკად ნაცემმა და დასახიჩრებულმა, ფიზიკურად და სულიერად გატეხილმა, უარი თქვა ძველ ბინაზე, სადაც თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და მთაწმინდის, დღევანდელ ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე გადავიდა. დარბაისელმა ქალბატონმა ამ სახლში თითქმის ორ ათეულ წელიწადს იცხოვრა გარდაცვალებამდე, 1927 წლის 27 აპრილამდე.

- ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება! - ამ სიტყვებით გადაეფარა მეუღლეს ოლღა გურამიშვილი, რომელსაც მკვლელებმა გამეტებით ჩაარტყეს თავში თოფის კონდახი და გონდაკარგული ღელეში მოისროლეს. მთელ ოთხ თვეს საავადმყოფოში იწვა უმძიმეს მდგომარეობაში. ილიას სიკვდილი დაუმალეს... მერე კი გული არ უჩერდებოდა იმ სახლში, სადაც საყვარელ მეუღლესთან მრავალი ბედნიერი წელიწადი გაატარა. ძალა აღარ შესწევდა, მაგრამ ცდილობდა ილიას გზით ევლო. 1908 წელს მისი მონაწილეობით საგურამოს ილიასეულ სახლში სკოლა გაიხსნა. მალე საგურამოს მამულიც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ამავე საზოგადოებას გადასცა თბილისის ილიასეული სახლიც, როცა მთაწმინდის უბანში დასახლება არჩია, მეუღლის საფლავზე რომ ყოველდღე ევლო. ოლღას თანამედროვეებს ხშირად უნახავთ გვიან ღამით ამ სახლის აივანზე, მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარი მგლოვიარე ქალი როგორ აჰყურებდა მთაწმინდაზე თავისი ილიკოს საფლავს...

პოეტი ქალი ოლღას ბინაში

ორსართულიანი სახლი, სადაც ილია ჭავჭავაძის ქვრივმა დაიდო ბინა, დღესაც ხიბლავს მნახველს ულამაზესი რიკულებითა და მოჩუქურთმებულთაღიანი აივნით. აივანს გარს მშვენიერი მსხმოიარე ვაზი შემოხვევია და სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს. წლების განმავლობაში სახლის ბინადრები შეიცვალნენ, სახლი ისევ ისე დგას, ოღონდ ეგ არის, მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო სადაცაა ჩამოინგრევა... მშველელი კი არსად ჩანს.

ამ სახლს გამორჩეული "ბედი" ხვდა წილად: აქ ცნობილ და საინტერესო ადამიანებს უცხოვრიათ და დღესაც ცხოვრობენ მის კედლებში... აივნიდან, საიდანაც წინათ თბილისის შესანიშნავი ხედი იშლებოდა, ზემოთ კი მთაწმინდა მთელი თავისი დიდებულებით, ახლაც გადმოჰყურებს ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩას მშვენიერი ჭაღარათმიანი დარბაისელი ქალბატონი, პოეტი მზია ჩხეტიანი.

როცა გაჩნდა იდეა და სურვილი, დამეწერა ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის საცხოვრებელ სახლზე, ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქალბატონი მზიას იქ დახვედრა. ამქვეყნად ალბათ არაფერი ხდება შემთხვევით და არც ის, რომ ილია ჭავჭავაძის მეუღლის ბინაში, 1964 წლიდან ქართველი პოეტი ქალი ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.

ოლღა და მეზობლები

ქალბატონმა მზიამ არაჩვეულებრივად მიმასპინძლა, თავისი წიგნებიც მაჩუქა და გაიხსენა ყველაფერი, რაც ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისაზე გაეგო თუ მოესმინა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მისი მეზობლები იყვნენ და რომელთაც ასე თუ ისე ახსოვდათ დიდი ილიას ქვრივი.

"ყოფილი მთაწმინდის, შემდეგ ობოლაძისა და დღეს ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში, ზუსტად ეს ოთახი, რომელშიც 24 წლის ასაკში გადმოვედი ჩემს მეუღლესა და ორ გოგონასთან ერთად (მესამე შვილის მოლოდინში) და სადაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, გახლდათ ერთ-ერთი, რომელშიც ცხოვრობდა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა, - მიყვება ქალბატონი მზია, - მანამდე ამ ოთახში ჩემი მეუღლის, ენერგეტიკოს მურთაზ ლიპარტელიანის მეგობრის, ქავთარაძის ოჯახი ცხოვრობდა.

მთავრობამ მათ ბინა მისცა და ჩვენ კი აქ შემოგვასახლეს. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდით, ოლღა გურამიშვილი თუ ცხოვრობდა აქ და ეს ფაქტი ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ოლღას გარდაცვალების შემდეგ, ზოგი მეზობელი გაფართოვდა ანუ მიიერთა მომიჯნავე ოთახი, ზოგი გადავიდა, ზოგიც ახალი მოვიდა, თუმცა ყველასთვის საზიარო იყო ეს მშვენიერი აივანი, საიდანაც ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებით გატანჯული მოხუცი ქალბატონი ვერაგულად მოკლული თავისი ილიკოს საფლავს თვალცრემლიანი, ხან კი ხმამაღლა მოტირალი ასცქეროდა ხოლმეო... აივანი ემიჯნებოდა ოლღას ერთ-ერთ ოთახს, რომელშიც ცხოვრობდა ერთი რუსი მოხუცი ქალი ელიზავეტა მიხაილოვნა, რომლის გვარიც სამწუხაროდ, არ მახსოვს.

მეზობლები ყველანი აქ ვიკრიბებოდით და სწორედ აქ, მათგან ვისმენდი ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის ცხოვრების ბოლო წლების ამბებს. ლიზას ქალიშვილი გათხოვდა, დედა კი აქ დარჩა, ერთ პატარა ოთახში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ შემოვიერთეთ და აივანიც - ამ სახლის ნამდვილი "სამკაული" - ჩვენი გახდა. ერთი მეზობელი, აბალოვების ოჯახიდან, იმასაც იხსენებდა, ოლღას ბავშვები ძალიან უყვარდა და ამ აივნიდან ეზოში მოთამაშეებს კანფეტებსაც ხშირად უყრიდაო! აივანზე გამოსულს ხშირად მახსენდება ეს ამბები და ზოგჯერ ცრემლიც მერევა".

მზია ჩხეტიანი: "ამ სახლის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი მობინადრე იყო პირველ სართულზე მცხოვრები მარია ნიკალაევნა არაპკინა. მამამისი რომანოვების მზარეული ყოფილა, ოჯახთან ერთად 1905 წლიდან საქართველოში, თბილისში გადმოსახლებულან და სწორედ ამ სახლში დამკვიდრებულან. მარია ნიკალაევნა მაშინ თვეების იყო. წლების შემდეგ ფერშალი (ექიმის თანაშემწე) გამხდარა და საბავშვო ბაღში უმუშავია. იგი ჯერ კოზანკოვზე, შემდეგ კი სლავსკიზე გათხოვილა და სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრობდა. 1994 წელს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. როგორც მარია სლავსკაია იგონებდა, სახლში იყო ტრაქტირი, ერთგვარი სასტუმრო, სადაც მამადავითობის დღესასწაულზე (ყოველი ამაღლების პირველ ხუთშაბათს რომ იმართებოდა) თბილისის სხვადასხვა უბნიდან თუ გარშემო სოფლებიდან მოდიოდნენ მომლოცველები და ღამეს აქვე, მთაწმინდის ძირას მდებარე ტრაქტირში ათევდნენ. მარია ნიკალაევნას შესანიშნავად ახსოვდა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა.

მოხუცს გადატანილი ტრაგედიიდან სამუდამო დაღად დააჩნდა გაჩეხილი თავი, გატეხილი ყბა, აქედან გამომდინარე, გაუსაძლისი ტკივილებიც და პერიოდულად ძლიერი აღგზნებადობაც... ასეთ დროს ვერიდებოდით ხოლმეო, გვიამბობდა მარია სლავსკაია. იგი იხსენებდა ერთ ამბავსაც, მისთვის ცოტა არასასიამოვნოს, საამაყოსაც და მხიარულსაც: ერთხელ, სკოლაში, პატარა მარიას საკუთარი გვარ-სახელი მიუწერია სკოლის კედელზე, რის გამოც დირექციას დაუსჯია და სკოლაში მისვლაც კი აუკრძალავთ ბავშვისთვის! ატირებულ გოგონას სახლში, დედისთვის მოუყოლია მომხდარის შესახებ, დედას კი მაშინვე ოლღა გურამიშვილისთვის მიუმართავს დასახმარებლად. ამ ხნის ქალბატონს გულთან მიუტანია ეს ამბავი და სკოლაში მისულა პატარა "დამნაშავის" დასახმარებლად. სკოლის დირექცია ოლღას დიდი პატივისცემითა და მოწიწებით მიჰგებებია, მისი ხათრით გოგონასთვის უპატიებიათ და სკოლაშიც დაუშვიათ".

როგორც ამ მოგონებიდან ჩანს, გადატანილმა ტრაგედიამ ვერ შეცვალა ეს კეთილშობილი და მზრუნველი ქალბატონი და იგი ბოლომდე დიდბუნებოვან ადამიანად დარჩა.

- ამ ოთახში ძალიან საინტერესო და ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა, - მაჩვენებს ქალბატონი მზია, - შალიკაშვილების ოჯახი. ოლღას დის, ეკატერინეს ქალიშვილი, ნინო სტაროსელსკაია თავის მეუღლესთან, იოსებ შალიკაშვილსა და სამ შვილთან ერთად. ერთ-ერთის, უმცროსი დიმიტრის შვილები არიან ცნობილი ჯონ-მალხაზ და იოსებ-ოთარ შალიკაშვილები, აშშ-ში ცნობილი პიროვნებები! სავარაუდოდ, ოლღასთან დისშვილი ოჯახითურთ სპეციალურად დასახლდა, რათა ახლოს ყოფილიყო ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ საყვარელ დეიდასთან. მათ მოგვიანებით დატოვეს საქართველო და საზღვარგარეთ გადასახლდნენ... სხვათა შორის, საბჭოთა ხელისუფლებას, საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, ხელი არ უხლია მოხუცი ოლღასთვის, არ გაუსახლებიათ ამ ბინიდან, თუმცა ეს ფაქტი, რასაკვირველია, მათ დიდსულოვნებას კი არა, უფრო იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ილიას ქვრივი მათთვის უკვე აღარავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა...

სახლი - ისტორია

55 წელიწადია, ქართველი მწერალი და პოეტი ქალი მზია ჩხეტიანი დიდი ილიას მეუღლის ბინაში ცხოვრობს. ეს მშვენიერი ქალბატონი შიო მღვიმელის პრემიისა და ღირსების მედლის მფლობელია. სამი შვილისა და შვილიშვილების ბებიას მეუღლე 10 წლის წინ გარდაეცვალა. ის იყო მისი წიგნების გამომცემელიც და ღირსეულად იცხოვრეს ერთად ამ დიდი ისტორიის მქონე სახლში. თუმცა, წლებმა კი არა, ასწლეულმა (ეს შენობა ხომ საუკუნეზე მეტი ხნისაა) თავისი დაღი დაასვა ამ ლამაზ თბილისურ სახლს; მასაც გაუჭირდა წლების "სიმძიმის" ატანა და დღეს რთულ მდგომარეობაშია. 2013 წლიდან აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმიმარტეს, 2014 წლიდან ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ აიღო.

დღემდე იქ არავინ მისულა ინვესტორის გარდა, რომელმაც რაღაც გაურკვეველი წინადადება დაუტოვა მობინადრეებს და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. სახლის სადარბაზოსა და შიგ შენობაში ცვივა ბათქაში, კედლები დაბზარულია, ჭერი ჩამონგრევის პირასაა, ულამაზესი აივანი აშკარად ითხოვს რეაბილიტაციას. აუცილებლად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ათი წლის წინ, ერთ-ერთი დიდმოხელის ახლობელს მისცეს იქვე სახლის აშენების უფლება. ამ ახალმა სახლმა საერთოდ დაფარა ქალაქის ულამაზესი ხედი, მისი მრგვალი აივანი კი ლამის შემოჭრილია ილია ჭავჭავაძის ქვრივის აივანზე. ეს გულსატკენი ფაქტია და, ვფიქრობ, იმავდროულად კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის ხელყოფა!

ქალაქის მერიას, ვახტანგ კოტეტიშვილის (ყოფილი მთაწმინდის) ქუჩა #20-ში მდებარე სახლთან დაკავშირებით განცხადებით მივმართე, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. არადა, მობინადრეები ითხოვენ, მისცენ უფლება, თანადაფინანსებით, თავადვე მიხედონ თავიანთ სახლს და ეს ულამაზესი შენობა თავისი პირვანდელი სახით შეუნარჩუნონ ქალაქს. სახლი ისეთ ადგილას მდებარეობს, მამადავითისკენ მიმავალი ქართველი თუ უცხოელი, ყველა მის წინ აივლის თუ ჩაივლის და აღტაცებული ათვალიერებენ, სურათებს უღებენ. საბედნიეროდ, ზედ მემორიალური დაფაც არის, რომელზეც ქართულ და რუსულ ენებზე წერია, ილიას ქვრივს რომ უცხოვრია აქ! დაფა პროფესორ გურამ შარაძის დამსახურებაა. სწორედ მან მიაკითხა პირველად ამ სახლის მცხოვრებლებს და თავის შესანიშნავ წიგნთან ერთად, მემორიალური დაფის გაკეთებით, პატივი მიაგო დიდი ილიასა და მისი მეუღლის ხსოვნას!

P.S. წერილი მზად იყო გამოსაქვეყნებლად, როცა მომივიდა პასუხი მერიიდან. მას ხელს აწერს ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე. წერილში იგი მიმართავს მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, ილია გელაშვილს და წერს: "გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ფონდი არ გეგმავს ზემოაღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას".

P.P.S. ცხოვრება მაინც გრძელდება... იმედი გვაქვს, საზოგადოება გულგრილი არ დარჩება და ქალაქს არ დაუკარგავს იმ მშვენიერ სახლს, სადაც დიდი ილიას ქვრივი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ცხოვრობდა.

ლელა ნიკურაძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ჟურნალი "ისტორიანი",#107