კახური თიხის "აკადემია" - კვირის პალიტრა

კახური თიხის "აკადემია"

პირველი რა გახსენდებათ სიტყვა "კახურის" გაგონებისას? ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ღვინო... კახურ ღვინოზე ბევრი დაუწერიათ და ბევრსაც დაწერენ, ჩვენ კი ამჯერად კახურ თიხაზე მოგითხრობთ.

კახეთი, საქართველოს ეს მადლიანი კუთხე მართლაც რომ დიდი სიმდიდრის პატრონია. კახელ კაცს ოდითგან მიწა აძლევდა საკვებს, სასმელს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საჭმელ-სასმლის შესანახ ნივთებსაც.

თონე, ქვევრი, ჭურჭელი, კრამიტი, აგური... – ეს თიხის ნაწარმია, რომელსაც კახეთის სოფლებში დღესაც ამზადებენ. ამ რეპორტაჟში კახეთის სამ სოფელს – იყალთოს, ვარდისუბანსა და აწყურს წარმოგიდგენთ და იქაურ მეთუნეებსაც გაგაცნობთ.

VI საუკუნეში დაარსებული სამონასტრო კომპლექსი, XII საუკუნის აკადემია, "სამოც ერთ ნაკლები" ეკლესია და ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოთა რუსთაველი აქ სწავლობდა, იყალთოს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ისტორიულ სოფლად აქცევს. მაგრამ აქაურობა მარტოოდენ კულტურისა და განათლების უძველესი კერებითა და ტრადიციებით როდია. გამორჩეული თვისებები ჰქონია იყალთოს მიწას. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, XV საუკუნეში ფრანგებსა და ინგლისელებსაც თურმე აქედან სათუნე თიხა გაჰქონდათ.

საგულისხმოა, რომ ადგილობრივ მთქმელთა ერთი ნაწილი სოფლის სახელის ეტიმოლოგიას სწორედ თიხას უკავშირებს. მათი თქმით, სიტყვა "იყალთო" დაკავშირებულია "აყალოსთან", აყალო, ანუ თიხამიწებთან, რომლის მოპოვება-დამუშავება ამ სოფლის მკვიდრთათვის ძირითად საქმიანობად მიიჩნეოდა.

მეთუნეობას იყალთოში ღრმა ფესვები აქვს. იგი, როგორც გამოყენებითი ხელოვნება, იყალთოს აკადემიაშიც კი ისწავლებოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ნაკეთობები ადგილობრივ ოსტატთა დიდ კულტურაზე მეტყველებს. მამა-პაპათა ხელობა კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

1966 წელს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით იყალთოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, აღმოჩნდა თიხის ნაწარმის უძველესი ნიმუშები. ამან ერთგვარი ბიძგი მისცა ხალხური რეწვის ტრადიციების აღორძინებას. მეთუნეობის პოპულარიზაციისთვის 1983 წელს იყალთოში დაარსდა საქართველოში პირველი ხალხური რეწვის სასწავლებელი. ის დღეს აღარ არსებობს და საუკუნეებით გამოცდილი, შემონახული და ჩვენამდე მოტანილი ტრადიცია მივიწყების პირასაა.

თანამედროვე ეპოქაში პლასტმასის ნაკეთობებმა ჩაანაცვლეს მეთუნეობის ნიმუშები, მაგრამ არსებობს ძალა, რომელიც თიხის "უპირატესობას" ამტკიცებს. ეს ცეცხლია, რომლისაც პლასტმასს "ეშინია", თიხას კი - არა! რადგან თიხა სწორედ ცეცხლით იწრთობა. და ისეთი საჭირო ნივთიც, როგორიც თონეა, ჯერაც თიხისგან მზადდება.

თონის ოსტატი

მეთუნეობის აქაურ ტრადიციაზე იყალთოს მკვიდრი, 58 წლის ელგუჯა ბეჟუაშვილი გვესაუბრა. მის ოჯახს ეს საქმიანობა მამა-პაპათგან გადმოეცემა და თავადაც ასწავლა შვილებს. როგორც ოსტატი გვეუბნება, სხვადასხვა ნივთს განსხვავებული თიხა სჭირდება: ჭურჭელს, კრამიტს, თონეს - მოყვითალო (ალუმინით გაჯერებული), ქვევრს - მოშავო. ბატონი ელგუჯა ახლა თიხისგან მხოლოდ თონეებს ამზადებს.

- სად და როდის მოიპოვებთ სათუნე თიხას?

- თიხა იყალთოში, თეთრი გიორგის ტაძრის ახლომახლო ტერიტორიაზე, ხევში მოიპოვება. ძირითადად, გაზაფხულზე ჩამოგვაქვს, თუ არადა, - შემოდგომით და ვაჩერებთ, რო დაძრეს. ძრალიდან (დამზრალიდან - ნ.ბ.) უფრო კარგი გამოდის, ფუვდება.

- თიხა რით ჩამოგაქვთ სახლამდე?

- ახლა სატვირთო მანქანით, ადრე ცხენის ურმით ჩამოგვქონდა. ეს ჩვენი მამაპაპეული ადგილია, ჩვენ სულ იქიდან ვსარგებლობთ, სხვები სხვა ადგილიდან მაიპოვებენ, შერჩევა უნდა ნიადაგსა.

- ყველაზე მეტი რამდენი გადაუხდიათ თონეში?

- აი, "ზაკაზ" რო მოგვცემენ დიდ თონეზე, 200 ლარსაც კი იხდიან. სახლის თონეები 80-100 ლარი ღირს, პურების მიხედვითაა, ოცპურიანია, ოცდახუთიანი, ოცდათიანი... მოკლედ რო ვთქვა, მეთუნეობით თავის რჩენა შეიძლება.

- ამ საქმის შესწავლის მსურველები თუ გყავთ?

- არა. ჩემთან ჯერ არავინ გამოჩენილა, მხოლოდ ჩემი შვილები აგრძელებენ ჩემს გზას... კიდევ კარგი, თორე...

- თონის ხარისხი თუ განსაზღვრავს პურის ხარისხს?

- რა თქმა უნდა, აი, მაგალითად, რაც მეტი რაოდენობის ალუმინს შეიცავს თონე, მით უფრო ხარისხიან პურს აცხობს, აშრობს და აწითლებს პურსა. ამიტომ თიხას კარგად უნდა შერჩევა.

- რომელი ღვინო უხდება თქვენს ნახელავ თონეში გამომცხვარ დედას პურსა და ლავაშს?

- ჩვენებური, კახური ღვინო უხდება, წითელიცა და თეთრიც! და კიდევ ყველი უხდება ახალმოხდილ პურსა, განსაკუთრებით, გუდის ყველი...

იყალთოელი ოსტატები ამბობენ, რომ აქ მოპოვებული თიხისგან მრავალგვარი ნივთი მზადდება. სოფლის თავში (ისტორიული განსახლების არეალზე) დღესაცაა შემორჩენილი ქურები, აგურის ნაგებობები, სადაც ცეცხლს ანთებდნენ და თიხის ნივთებს გამოსაწვავად აწყობდნენ.

იყალთოელები დღესაც იხსენებენ ამ სოფლის მკვიდრს, წარსულში ცნობილ ქაშანურის ნაკეთობათა ოსტატს, ნანა ბოტკოველს, რომლის გამოფენები არა მხოლოდ თბილისში იმართებოდა, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებშიც.

რამაზ გახუტიშვილი (აწყურელი მეთუნე): "ნანა ბოტკოველი აქაურ მეთუნეებს მხარში გვედგა. ჩემს მასწავლებელს, კაკო შაშვიაშვილს დაეხმარა, რომ თავისი ნახელავი ჭურჭელი მოსკოვში წაეღო გამოფენაზე. იქიდან მაშინდელი ცეკას გენერალური მდივნის, ბრეჟნევის ხელმოწერილი ოსტატის წოდებით ჩამოვიდა. ეს უბრალო ქაღალდი კი არ იყო, ამ საბუთით შეეძლო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ქვეყანაში წაეღო თავისი ნამუშევრები, გამოეფინა და გაეყიდა კიდეც".

ქვევრის "შენებას" რა უნდა

როგორც გვითხრეს, კარგ თონეში გამომცხვარ პურს კარგი ღვინო უხდება, კარგი ღვინო კი მხოლოდ კარგ ქვევრებში მზადდება. ქვევრის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას დღესაც აგრძელებს სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი, 61 წლის რემი კბილაშვილი.

რაც თავი ახსოვს, მეთუნეა. ადრე თონესაც ამზადებდა, ახლა კი მხოლოდ ქვევრებითაა "დაკავებული".

- მამაჩემი "ამღერებდა" თიხას და მეც იქიდან დავიწყე... აქამდე ეგრე მოვდივარ...

- ამბობენ, რომ ქვევრის დამზადება ძალიან შრომატევადია.

- ისეთი ძნელია, რო მეტი არ იქნება! ათას გრადუსზე უნდა მიხვიდე ცეცხლთან და რო ანთია, უნდა შეუკეთო შეშა! მეტი გზა არ არი, უნდა მიხვიდე, უნდა დაიწო!..

- თქვენ საიდან ეზიდებით საქვევრე თიხას?

- საქვევრე თიხა აექ, სოფლის თავშია, მთაზე! თავის დღენი ვარდისუბნელებს იქიდან მოგვაქვს, ძირითადად გაზაფხულზე მარტის ბოლოდან, აპრილიდან, რო დათბება და გრძელდება სექტემბერ-ოქტომბრამდე, სანამ აცივდება. თიხა ადრე ურმებით ჩამოგვქონდა, ახლა მანქანით ჩამოგვაქვს. ჩამოვიტანთ, გავამზადებთ, სარდაფში ჩავზიდავთ და მერე ხელით "ვაშენებთ" ქვევრსა. 10 სანტიმეტრით ვამაღლებთ ყოველ ჯერზე, მერე ველოდებით მის გაშრობას და ისევ დავამატებთ 10 სანტიმეტრს. ჩემს ღუმელში 8 ცალი ქვევრი ლაგდება, ტონა-ნახევრიდან ორ ტონამდე ტევადობის. ადრე თიხას ფეხით ვზელდით, მერე ცხენით, ახლა კი საგანგებო ხელსაწყოს ვიყენებთ. ქვევრები იწვება 1200 გრადუსზე და ერთი კვირა მაინც სჭირდება ბოლომდე გამოწვას.

- როგორ ამჩნევთ, რომ თიხა ქვევრისთვის გამოდგება?

- აი, რო შეხედავ, კენჭები არ უნდა ჰქონდეს, თუ კენჭი ურევია, ქვევრი გასკდება. მე კიდე ამ თიხას ალაზნის ლამს ვურევ, ძალიან ცოტა სჭირდება. ეს ლამი გამოწვის დროს აგრილებს, რო არ გასკდეს ქვევრი.

- ძვირია თქვენი ქვევრები?

- მოდი, ეგ საიდუმლოთ დავტოვოთ (იცინის), რა ვიცი, აბა, დოლარის მიხედვით არი, ხან მაღლა მიდის, ხან – დაბლა. ისე, ლიტრა ლარი ღირს, ხუთას ლიტრამდე... მერე სხვა ფასია...

- რას იტყვით, ამ საქმით თავის რჩენა შეიძლება? - რა ვიცი, აბა, როგო გითხრა! ადრე ნახევარი ვარდისუბანი ჭრიდა ქვევრსა (ქვევრის დამზადებას აქაურები მოჭრას უწოდებენ – ნ.ბ.), ახლა სამნიღა ვართ მთელ კახეთში. ეგრე რა, იყიდება, არც ძაან კარგად, არც ცუდათა. რო იცოდე, ჩემი ქვევრები საზღვარგარეთაც მიჰქონდათ, იტალიაშიც გამიგზავნია, გერმანიაშიც, ამერიკაშიც. ახლა კი ცოტა შეჩერდა... ჩვენთან ცოტ-ცოტა ისევ იყიდება, თბილისშიც წაიღეს, მცხეთაშიც, ყვარელშიც...

- რამდენადაა დამოკიდებული ღვინის ხარისხი და გემო თიხაზე?

- თიხას რო მნიშვნელობა აქვს ღვინის ხარისხზე, ეგ იქიდანაც ჩანს, რო ჩემთან ჩამოსულმა ამერიკელმა ჯერ თიხა წაიღო შესამოწმებლად და მერე იყიდა ქვევრები. ესე იგი, ვარგისია, ეკოლოგიურად არის სუფთა. იმ კაცისგან ვიცი, თორე მე არსად გამიშინჯნია. ისე, ჩემი ქვევრი ღვინო ვინც გასინჯა, ყველას მოსწონს...

- ახალგაზრდებს თუ აინტერესებთ თქვენი ხელობა?

- ჯერჯერობით მთელ კახეთში მხოლოდ სამი კაცი ვამზადებთ ქვევრებსა. სხვები რატომღაც არ ინტერესდებიან. კიდევ კარგი, ჩემმა ბიჭმა ისწავლა და ახლა მისი შვილებიც მოგვყვებიან. უფროსი ცამეტი წლისაა და ვაჟკაცივით გვიდგას მხარში. ამიტო ვფიქრობ, ჯერ არ დაიკარგება ჩვენი ხელობა...

"შროშელები ნუ მიწყენენ..."

თიხის ჭურჭლის ოსტატთან მივდივართ სოფელ აწყურში. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ამ სოფლის სახელიც მეთუნეობას უკავშირდება. ოდესღაც ამ სოფელში იმერელი სტუმარი ჰყოლიათ, თიხის ხელადის (აქ რომ დოქას ეძახიან) დამზადებას უყურებდა თურმე. გადმოუდგამს მეთუნეს დოქა, იმერელს გაოცებით უკითხავს, აწ ყურიო? ანუ, ყური არ უნდა გაუკეთოო? ასე დაერქვა სოფელს ეს სახელიო.

არავინ იცის, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აწყურელები საკუთარ ფესვებს მეთუნეობის ტრადიციას უკავშირებენ.

თიხის ჭურჭლის ოსტატის, რამაზ გახუტიშვილის სახლი ადვილი საცნობია. ჭიშკრის წინ უამრავი ჭურჭელია გამოფენილი, ეზოც სავსეა თიხის დეკორატიული ნაწარმით.

ბატონი რამაზი თავის ნახელავ ჭურჭელს გვათვალიერებინებს და თან მათ სახელებს ჩამოგვითვლის: ხელადა, სურა, ფიალა, ჩანახის ჯამები, პატარა ქვევრი (დეკორატიული), ქუსლიანი ჩარექა... ძველი ოსტატები, ჩემი მასწავლებლები კოკებსა და კოკურებსაც ამზადებდნენო...

- მეთუნეობა თავიდანვე მომწონდა და იყალთოს ხალხური რეწვის სასწავლებელიც მაგიტომ დავამთავრე. იქვე დავიწყე მუშაობაც. თავის მუშაობიან-სწავლიანად სულ ათი წელიწადი ვიყავი იქა. ახლა კი ჩემს სახლში მაქვს "სკოლაცა" და სახელოსნოც.

- თიხას აწყურში მოიპოვებთ?

- არა, იყალთოში. იყალთოს აკადემიისკენ რომ მივდივართ, ხევისკენ უნდა ჩავიდეთ, დაბლა, ნაძვების ძირში. ეგ ძველთაძველი, მამაპაპისეული ადგილია, სადაც კარგი თიხა მოიპოვება.

- როგორ ხვდებით, რომ თიხა გამოსადეგარია მეთუნეობისთვის?

- უნდა გამოირჩეს აუცილებლად: ჯერ შავი მიწა "მოდის", მერე თეთრი მოსდევს, მერე ყავისფერი ზოლივით და მერე კიდევა - ყვითელი მიწა! აი, ის ყვითელი მიწა არის კარგი, საუკეთესო! ახლა რო მივიდეთ და ნებისმიერ ადგილზე მოვთხაროთ, მაგრე არ არის, ფენა-ფენებია და დიდი შრომა უნდა იმის მოთხრასა. წერაქვს, ბარსა და "ლაფატკას" ვიყენებთ... ჩემი "ტრანსპორტი" ახლა მოტოციკლეტია, იმით ჩამომაქვს ხოლმე...

- რა ხელსაწყო-იარაღებს იყენებთ მუშაობისას?

- აგე, ამას ხელის ფიცარი ჰქვია, რომელზეც ვასუფთავებ თიხასა. კიდევ მოსაჭრელს ვიყენებ, დასახატს, ფუნჯს. ეს ფუნჯი კეთდება ვირის ფაფარით. რა გეცინება, ვირის ფაფარი საუკეთესოა, მსუბუქი, რომლითაც თიხაზე ვხატავთ, თან ისე, რო არც ნაკაწრს უტოვებს. ჭურჭელზე იხატება წერნაქით. წერნაქიც თიხაა, რომელიც მარტყოფიდან მომაქვს, ყვითელი და წითელი შეფერილობისაა. ისვე მატყობინებს გამოწვის დასრულებას - წითლდება.

- საქართველოს სხვა კუთხეებიდან თუ მოდიან თქვენთან?

- კი, მოდიან ხოლმე. დასავლეთიდან ნაკლებად, იმიტომ, რომ შროშაში ბევრი ჭურჭელია, მაგრამ მაინც აინტერესებთ. ალბათ არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რო ჩვენი იყალთოს თიხა საქართველოში საუკეთესოა. აი, ვარდისუბნის თიხა კი ცეცხლსაც უძლებს. მაგ თიხით ლობიოს ქოთნებს, ჩანახის ჯამებს, სადუღარებსა და კეცებს ვამზადებთ...

- თქვენც გკითხავთ - რამდენად არის დამოკიდებული საჭმელ-სასმლის გემო თიხის ხარისხზე?

- ეს ორი რამ ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. პირველ რიგში, მეთუნემ არ უნდა გამოიყენოს ძველი წყალი. რო ვმუშაობ იქ, ჩარხთან, წყალი რო დარჩება ერთი დღე, მით უმეტეს, ზაფხულში, იმ წყალს სუნი ეძლევა და იმით არ შეიძლება მუშაობის გაგრძელება, იმიტომ რომ გასდევს მერე ნებისმიერ ჭურჭელს, გინდა გამომწვარი იყოს, გინდა – გამოუწვავი. დიდ ქვევრებს კიდევ, რო ამოალაგებ ქურიდან, სუფთა ადგილას უნდა მოათავსო. ნეშომპალიან ან ნესტიან მიწაზე თუ დააწყვე, ცხელი რო არი ქვევრი, იქიდან იღებს გემოსა. როგორც გინდა ხეხო და როგორც გინდა ასუფთაო, არ გაუვა, შიგნით შედის, ფორებს ვეძახით, აი, ამ თიხის ფორებში შედის... რო იტყვიან ღვინოზე, ქვევრის გემო აქო, ზუსტად მაგან იცის. ამ თიხიდან გადადის საჭმელ-სასმელშიც. ამიტომ, თიხას შვილივით უნდა მოფერება, მააშ!

- ახალგაზრდებს თუ აინტერესებს მეთუნეობა?

- კი, ნამდვილად იგრძნობა ინტერესი. მეზობლები მოდიან, მიყურებენ, სწავლა უნდათ, მე კი ჯერჯერობით ვერ ამყავს შეგირდები, საამისოდ ადგილიც არა მაქვს... არადა, მინდა ახალგაზრდებს შევასწავლო ეს უძველესი ხელობა, იმედია, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და დაგვეხმარებიან... მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნება!

* * *

რამაზ გახუტიშვილის შვილს, 12 წლის გიორგისაც მოსწონს მეთუნეობა და ცდილობს მამის ხელობა შეისწავლოს. - თიხის პატარ-პატარა ნივთებს მეც ვამზადებ. მამასაც ვეხმარები, კარგად რომ ვისწავლი მეთუნეობას, მერე უფრო დიდ ჭურჭელსაც დავამზადებ და ლამაზადაც მოვხატავ, – გვითხრა გიომ.

იყალთოში ახლა "ქვევრის სახლის" პროექტზე მუშაობენ. პროექტი ადგილობრივი მეთუნეების დასაქმებასა და ახალგაზრდების დაოსტატებას ითვალისწინებს..

დასრულდა ჩვენი "მოგზაურობა" კახეთის სოფლებში მეთუნეებთან. როგორც მათგან შევიტყვეთ, შესამჩნევია ტრადიციულ ნაწარმებთან მიბრუნების ტენდენცია. კახეთში დღეს კვლავაც მუშაობენ ოსტატები და მათ ნახელავსაც, ჯერჯერობით, მომხმარებელი ჰყავს. ოღონდ ამ ყველაფერს ხელშეწყობა სჭირდება, რათა ქვევრში დაყენებულ ქართულ ღვინოსა და თონეში გამომცხვარ პურს ის მადლიანი ქართული გემო არ დაეკარგოს...

ნათია ბოტკოველი

თსუ სტუდენტი ჟურნალი "ისტორიანი" , #51