"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..." - კვირის პალიტრა

"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..."

"მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას. როგორც კი გამიჭირდებოდა, მეხმარებოდა. რომ არა ეს, 12 წლის ბიჭი, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, როგორ გადავრჩებოდი!"

ხომ ამბობენ, მცენარეები იქ გრძნობენ თავს კარგად, სადაც კარგი გარემოაო. ჰოდა, იმედა კახიანის ოჯახში ნამდვილად ძალიან კარგი გარემო ყოფილა. მცენარეები თურმე მისი მეუღლის გატაცებაა. - ადრე უფრო მეტი ყვავილები გვქონდაო, - მეუბნება სანდომიანი ღიმილით დიასახლისი, - ახლა საკმარისი ადგილი არ გვაქვს და იძულებული გავხდი, შემემცირებინა. თანაც ისეთი სახელი მქვია, ფლორა, რომ ბუნებრივიც არის, მცენარეები ძალიან მიყვარდესო.

სიმცირეს ვერ დაარქმევ ათეულზე მეტ სხვადასხვა მცენარეს, ვერც მხოლოდ სახელს დაუკავშირებ მათ ასეთ ყვავილობას, - გარემოა მართლაც კარგი, და გუმანით ვხვდები, მის შექმნაში ლომის წილი აქვს საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს მიუძღვის. მისი ცხოვრების ეპიზოდები კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს ჩემი შეგრძნების სიმართლეში. და თუმცა ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ტაქტი და კეთილგანწყობა ტკივილის გადატანის ძალასაც აძლევს და დაფარვის უნარსაც. იმედა კახიანის ცხოვრების კრედო ხომ ეს არის: ირგვლივ ყველა კარგად უნდა იყოს!

- ჩემი თაობის ადამიანებს მძიმე ბავშვობა ჰქონდათ. 1937 წელს დავიბადე და 1941 წელს ომი და სიდუხჭირე დაიწყო. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი.

მამაჩემი - ლადო კახიანი 30-იან წლებში რეპრესირებული იყო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ვცხოვრობდით სოფლად, კახიანების ყოფილ სახლში, იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში. აზნაურიშვილები იყვნენ კახიანები, გვედგა კარგი ხის ოდასახლი. დედა - ეკატერინე მიქელაძე მასწავლებელი იყო (კულაშელი დიდი თავადის, გიორგი მიქელაძის შთამომავალი). მამას, როგორც არასაიმედოს, სამსახურს არ აძლევდნენ. განათლებით ეკონომისტი ძირითადად უმუშევარი გახლდათ. იშვიათად თუ მიეცემოდა მუშაობის საშუალება. ოჯახში სამი შვილი ვიყავით. ორი ძმა მყავდა.

მამა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა, პირველი ვაჟი მე გავჩნდი და თავისი იმედი დამარქვა, - დამრჩა ქართული სახელი იმედა.

10 წლის რომ გავხდი, მამიდამ წამომიყვანა თბილისში, იმ სახლში, სადაც მამა ცხოვრობდა გადასახლებამდე. მამიდა გაუთხოვარი ქალი იყო, ვცხოვრობდით მარტო. ყოველ კვირას დავყავდი ეკლესიაში. მსგავსი რამ აკრძალული იყო. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ გადავრჩით და არ დაგვსაჯეს.

დილით ადრე მაღვიძებდა, გაკვეთილებს ვიმეორებდი და სკოლაში მივდიოდი. წესიერად ვსწავლობდი. ვაჟთა მე-19 სკოლა, სადაც ვსწავლობდი, სახლთან ახლოს იყო. გიმნაზიის ტიპის სწავლება გვქონდა.

მახსოვს, როგორი ფორმებით დავდიოდით. გაუთოებული უნდა გვცმოდა, ქამრის ბალთა და ქუდზე ნიშანი ლითონისა გვქონდა, საგანგებოდ უნდა გაგვეპრიალებინა.

12 წლის რომ გავხდი, მამიდა გარდამეცვალა და დავრჩი მარტო. ჩემი მშობლები აქ ვერ ჩამოვიდოდნენ, არ ჰქონდათ ქალაქში ცხოვრების უფლება. მე რომ სოფელში წავსულიყავი, იმ პატარა ბინას დავკარგავდი პლეხანოვზე, სადაც მამიდასთან ერთად ვიცხოვრე - მთავრობა წაგვართმევდა. იმის გამო, რომ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ბინა არ დაგვეკარგა, დამტოვეს თბილისში.

ძველთბილისური ეზო იყო, რატომღაც იტალიურს რომ ეძახიან, ისეთი. ერთად ვიყავით რუსები, ებრაელები, სომხები...

ყველას უჭირდა. ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას. როგორც კი გამიჭირდებოდა, მეხმარებოდა. რომ არა ეს, 12 წლის ბიჭი, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, როგორ გადავრჩებოდი! მყავდა კარგი მეზობლები, მეგობრები, მაგრამ მაინც...

მამიდა რომ აღარ მყავდა, მიჭირდა დილით ადრე გაღვიძება, ამიტომ სკოლაში მაგვიანდებოდა, გაკვეთილები მიცდებოდა. ადგნენ და გამრიცხეს! ახლაც არ მესმის, რა მეთოდია ეს. სკოლიდან რომ რიცხავ, სად უშვებ?! გვერდით იყო ვაჟთა მე-20 სკოლა, სადაც არც ფორმა ეცვა ვინმეს, არც იმას გეკითხებოდნენ, აგვიანებდი თუ არა. აი, ის სკოლა დავამთავრე. გაკვეთილები როცა ვიცოდი, მაშინ მივდიოდი, თუ არადა, ვიყავი შინ. რაკი მარტო ვცხოვრობდი, თუ ვინმე გაკვეთილებს აცდენდა, ყველა ჩემთან მოდიოდა. 12 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს, ვინ დამიშლიდა? მადლობა ღმერთს, ნარკომანია არ იყო ჩვენ დროს. ქალაქში სულ ორი ნარკომანი იყო და საშინლად არ მოსწონდათ ისინი ქალაქში. მითამაშია ფულზეც. ისე, თამაში ახლაც მიყვარს, მაგრამ ზომიერად. გადაყოლა არ შეიძლება. მამა ხშირად მესაუბრებოდა, მესმოდა მისი ტკივილისა და ჩემი ოჯახისაც. ვიცოდი, ჩემზე დიდად იყო დამოკიდებული ჩემი ძმების ბედიც. ასეც მოხდა. შემდეგ ჩამოვიყვანე ჯერ ერთი, მერე მეორე ძმა, ისწავლეს და აქ დასახლდნენ.

დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ვემზადებოდი, ჩავაბარე კიდეც, მაგრამ ქულა დამაკლდა, ვერ მოვხვდი. მეგობარმა - ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, მოდი, თეატრალურში ჩააბარეო. ის თეატრალურის პირველ კურსზე სწავლობდა. როგორ-მეთქი, - გამიკვირდა. ვიცოდი, ნოდარი ვიდრე ჩააბარებდა, დრამწრეზე დადიოდა ვორონცოვზე. იქ დადიოდნენ კახი და იმერი კავსაძეებიც. მე კი ლექსიც არ წამიკითხავს გამოთქმით. მე მოგამზადებო, დამაიმედა. რაკი სამედიცინოზე ვერ მოვეწყვე და თეატრალურში გამოცდები გვიან იწყებოდა, სხვა რა არჩევანი მქონდა, საბუთები იქ შევიტანე. საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. მეორე დღეს ტური იყო დანიშნული. სამი ტური ტარდებოდა, ლექსი, იგავი, პროზა უნდა წაგეკითხა. მერე გამოცდები იწყებოდა. მოვბრუნდით შინ და დავიწყეთ მომზადება. მოვძებნეთ მეხუთე კლასის ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ყველაზე პატარა ლექსი იყო ვაჟა-ფშაველას "არწივი" და თანაც ვიცოდი ზეპირად, ამიტომაც ეს ავირჩიეთ. კრილოვის ერთი იგავ-არაკი და ვაჟასვე "ამოდის, ნათდება". მომამზადა ნოდარმა, ამიხსნა, რაც შეიძლება ვაჟკაცურად, ხმამაღლა წაიკითხეო.

მივედით მეორე დღეს თეატრალურში. გამომიძახეს დიდ აუდიტორიაში. შევედი, ვხედავ, პროჟექტორები მანათებს, სიღრმეში გრძელი მაგიდა დგას და სხედან გამომცდელები. დაიწყეო. როგორც მასწავლა ნოდარმა, ისე წავიკითხე, დავჭექე! არავინ არაფერს მეუბნება. შუაში იჯდა მელოტი კაცი, თურმე დიმიტრი ალექსიძე, რომელსაც ჯგუფი უნდა აეყვანა. რა წაიკითხე, თუ გესმისო, - მკითხა. როგორ არ მესმის-მეთქი. მერე არ შეგეცოდა არწივიო. დავფიქრდი, - მეცოდებოდა ნამდვილად. თუ გეცოდება, რა გიხარია, რას ყვირი გაბრწყინებულიო. კარგი, მოდი აქ დაჯექი, არ იყვირო, წაიკითხე კიდევ რა იციო. დავიწყე იგავი... დამავიწყდა. თავიდან დაიწყეო. დავიწყე, ისევ დამავიწყდა. კარგი, გადადი პროზაზეო. ახლა პროზას როგორ მოვყვებოდი, წუხანდელ ნასწავლს. გამომიშვეს.

ნოდარს ვუთხარი, დამანებე თავი, ეს რა ყოფილა, არ არის ჩემი საქმე მსახიობობა-მეთქი. მეორე დღეს გამოვედით ბირჟაზე. ვდგავართ, ზოგი დამცინის, ზოგი მეხუმრება. ნოდარმა მითხრა, წამოდი, რუსთაველზე გავიაროთო. რა მინდა იქ-მეთქი. პლეხანოველი თუ იყავი, პლეხანოვზე უნდა მდგარიყავი, რუსთაველზე არ შეიძლებოდა. არ მომეშვა, წავედით. ჩავიარეთ თეატრალურ ინსტიტუტთან. ვხედავთ, სიაა გამოკრული. მე რომ შევიტანე საბუთები, ხუთასამდე განცხადება იყო, სულ თორმეტი უნდა აეყვანათ. 38 კაცია დარჩენილი და მეც ვარ სიაში. აი, ხომ გითხარი, კარგად რომ მოგამზადე ტურისთვის, გახვედიო, - ნოდარმა. გაკვირვებული დავრჩით ორივე. მოვიდა ერთი ქალი ამ დროს. მიმღები კომისიის მდივანი ვარო. თქვენ გინდათ ამ ინსტიტუტში სწავლა? - მკითხა. როგორ არ მინდა, ვგიჟდები ისე მინდა-მეთქი. მერე თუ გიჟდები, რატომ არაფერი მოამზადეო. დავალებული მაქვს გითხრათ, გადაწყვიტეს, ტურებიდან მოგხსნან. თუ სწავლა გინდა, იარეთ ინსტიტუტში, მოგამზადებთ პედაგოგი და მერე გახვალთ გამოცდებზეო. ოღონდ ეს არავის უნდა გაეგო. ყოველ დილით მივდიოდი, ვიკეტებოდით აუდიტორიაში მე და რეჟისორი ასიკო გამსახურდია, ის მამეცადინებდა. მომამზადა ყოვლად უანგაროდ. გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე.

თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დღესაც ვარ, მგონი. დიპლომი არ ამიღია, ოთხჯერ გამრიცხეს. პირველ კურსს ვამთავრებდით, "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი გარემოცვა გვჭირდება და რამდენიმე პირველკურსელს გადავიღებთო. წაგვიყვანეს. მივედით მეორე დღეს ჩემი ჯგუფის ბიჭები. აგვიყვანეს რეჟისორ შოთა მანაგაძესთან. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით. მერე ერთ-ერთს უთხრა, მოდი, ამ ბიჭს ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და გავსინჯოთო. სულ არ ვიცოდი, რა იყო სინჯი. წამიყვანეს, ბევრი გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. გადაიღეს. დამიბარეს მეორე დღეს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. იქ ერთი კაცი იყო, მაღალი, შავგვრემანი, სერიოზულად იდგა, ხმას არ იღებდა. რამდენი გადაღებაზე მივიდოდი, ის სულ მხვდებოდა. მისი არც სახელი ვიცოდი, არც თანამდებობა.

ერთ დღესაც ეს კაცი დამხვდა და მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტეთ გუშინ, შენ დაგამტკიცეთ მთავარ როლზე და აბა, შენ იცი. პატარა მაღარიჩი ხომ უნდა იკისროო. დიდი მადლობა-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი, რომ ფული მეშოვა და ეს კაცი რესტორანში დამეპატიჟებინა, ვესესხე ვიღაცას. იმ საღამოს მოვიწვიე ის და მისი მეგობრები, რომ მადლობა მეთქვა როლზე დამტკიცების გამო. ეს შავგვრემანი კაცი თურმე შოთა მანაგაძის მძღოლი, შოთა ლაფერაძეა. ყური მოუკრავს, კახიანი დავამტკიცეთო, რომ უთქვამთ და მახარა. მე რა ვიცოდი. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი დაფასებული ვიყავი იმ საღამოს, რესტორანში ასეთ ხალხს რომ ვმასპინძლობდი. მერე, სულ ვყვებოდი ამ ამბავს. ნუ ყობი მაგას, ბიჭოო, - მეუბნებოდა ხოლმე. გადაიხადე მაშინ პურმარილი-მეთქი, - ვეხუმრებოდი. თებრონეს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ასობით გოგო გაისინჯა. ბელა მირიანაშვილი ნახეს თუ არა, აიყვანეს. წავედით გადაღებაზე და ორივე გაგვრიცხეს ინსტიტუტიდან. დამთავრდა გადაღება, დავბრუნდით. მოიწვიეს კრება, დავდეთ პირობა, რომ კინოში აღარასოდეს ვითამაშებდით და აღგვადგინეს.

მერე ისევ დამიძახეს გადაღებებზე, აღარ მახსოვს რა იყო, "პაპა გიგია" თუ "მწავნე ოქრო". გამრიცხეს. მოვედი გადაღებებიდან, - აღმადგინეს. ასე განმეორდა ოთხჯერ.

1961 წელს შეიქმნა კინოსტუდიაში კინომსახიობის შტატი. მანამდე მსახიობები მხოლოდ მოწვევით იყვნენ. ამ შტატში ჩაირიცხნენ სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, დოდო აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა და მე. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ყველაზე პატარა ვიყავი. ხელფასი კი ძალიან კარგი გვქონდა - 1800 მანეთი. ეს მაშინ როცა რამაზ ჩხიკვაძე თეატრში 450 მანეთს იღებდა.

ცოტა ხანში დავქორწინდი. ხუთ წელიწადს ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა. მამამისი იყო პოლკოვნიკი, სამხედრო პირი, მკაცრ რეჟიმს მიჩვეული. გამოვიდოდა, მხედავდა, პლეხანოვზე ვიდექი. მერე გაიგო, არტისტიაო. ინსტიტუტი არ დაამთავრაო. არ მოვწონდი, რად უნდოდა ამნაირი სასიძო. მერე კი უთხრა ქალიშვილს, კარგი, გაყევი, მართალია პროფესია არ აქვს, მაგრამ ხან ექიმი იქნება, ხან ინჟინერი და იცხოვრებთ ასეო.

"თეთრ ქარავანს" ვიღებდით ყაზბეგში. მითხრეს, მოდი, აქ წამოიყვანე შენი შეყვარებული, რამდენ ხანს უნდა იყოთ ასე ცალ-ცალკეო. წამომყვა თამაზ მელიავა, გიზი გაბესკირია, აქ დამხვდა ნოდარ დუმბაძე. წავიყვანეთ ფლორა. ჯვარი სიონში დავიწერეთ. მერე 25 თუ 30 კაცი შევიკრიბეთ მეუღლის ოჯახში და აღვნიშნეთ. წავედით ყაზბეგში. იქ განსაკუთრებული შეხვედრა მოგვიწყვეს.

არასოდეს შევხვედრივარ სპარტაკ ბაღაშვილის მსგავს განათლებულ, ბრძენ და პროფესიონალ კაცს. სამ წელიწადს ვიღებდით "თეთრ ქარავანს". ცხვარი 6-ის ნახევარზე გამოჰყავთ, ამიტომ 4 საათზე ვდგებოდით და მივდიოდით გადაღებაზე. არ მახსოვს, რომ ჩამოვიდოდით, ავტობუსში სპარტაკ ბაღაშვილი არ დაგვხვედროდა. სამაგალითო კაცი იყო, მუშაობაც იცოდა და ლხინიც. როგორ თამადობდა, უნდა გენახათ. ფილმი რომ ნახა, უკმაყოფილო დარჩა. ჩემი გმირი ხომ ამბობს, რომ წასვლა უნდა, ცხვრის მიტოვებაო. ნაწყენი დარჩა, ასეთი შვილის მამა თუ უნდა ვყოფილიყავი, სულ არ მინდოდა გადაღებაო...

მერე დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს, მერე - სახალხო არტისტისა.

გიგა ლორთქიფანიძემ შემომთავაზა, მოდი, თეატრალურ ინსტიტუტში, დიპლომი აიღეო. რაღა დროს დიპლომია-მეთქი. მომერიდა მისვლა. დავრჩი უდიპლომოდ.

პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ძალიან გავიხარე. თუმცა ახალგაზრდა კი ვერ ხვდები, რა არის ეს. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, სანერვიულო არაფერი მქონდა. ამ ამბის აღსანიშნავად წავედით კახეთში მე და ჩემი მეგობრები და ერთი კვირის მერე ჩამოვედით. შვილთაშვილებს მოვესწარი ნინისგანაც და ანასტასიასგანაც... ბედნიერი ვარ...

ვცხოვრობდი ნორმალურად, მთავრობის მოცემული პატარა ბინა მქონდა, სულ 30 კვადრატული მეტრი იყო ერთად, მაგრამ სიყვარულით და კარგად ვიყავით, რომ არა ის დიდი უბედურება, რაც დაგვემართა. სიცოცხლით და ენერგიით სავსე ჩემი 14 წლის ვაჟი - ლადო უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მწვავე ლეიკოზი აღმოაჩნდა. ახლა შველიან ამ დაავადებას, მაშინ ხსნა არ იყო, ბიჭებში განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა. წელიწად-ნახევარი ვიბრძოლეთ, მაგრამ ამაოდ. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი უბედურება.

ხშირად ახლაც ამბობენ, რომ ნინის გაჩენამ გამოგიყვანათო. კი ბატონო, ეს სიხარული იყო, მაგრამ იმ ტკივილის გადატანა წარმოუდგენელია, შეუძლებელია, დრომ რამე მოუხერხოს. იგი სამუდამოდ ჩემთან დარჩა. დროდადრო მძიმდება სული. მაგრამ გაჩნდა ერთი, მეორე, მესამე შვილიშვილი, შვილთაშვილი... ხომ არ შემეძლო მათთვის ცხოვრება დამემძიმებინა. ვალია, რომ სხვაზე იფიქრო და მარტო შენს თავზე არა.

კარგად ცხოვრებაზე არასოდეს მქონია პრეტენზია. ფული რაც მაქვს, მიდევს ჯიბეში და ვხარჯავ ბოლომდე. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. რომ არ მაქვს არაფერი, მაშინ ვარ წყნარად. ქონების შეძენაზე არასოდეს მიფიქრია. რაც მქონდა, იმით კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. იქნებ კაცის სიმსუბუქეცაა ასეთი დამოკიდებულება. სერიოზული ხალხი ასე არ იქცევა! დიდი ფული არ მქონია, თუმცა ოჯახის შენახვა არასოდეს მიჭირდა. არ ყოფილა შემთხვევა, ჩემთან ფულის სასესხებლად მოსული კაცი უკან გამებრუნებინა. მე რომ არ მქონდა, წავიდოდი, ვისესხებდი და მივცემდი. მას ხომ ეგონა, რომ მქონდა, ვერ დაიჯერებდა, რომ მეც არ მედო ჯიბეში ფული. ასე ბევრჯერ ყოფილა. ახლა რომ ვთქვა, რამდენი პრობლემა მაქვს, არავინ დაიჯერებს. ბევრი ვალი მაქვს დღესაც, სულ ამ ვალების გადახდაში ვარ. ამას კი ჩემი ცოლ-შვილი ვერ გრძნობს. მაგათ ამ საფიქრალს როგორ მივცემ, ჩემი პრობლემაა და ჩემი ვალია, ვიზრუნო მათზე.

ასაკს დიდად ვერ ვგრძნობ. ისე აღარ ვარ, 25 წლის რომ ვიყავი, მაგრამ 50 წლის ვიყავი, 60-ის თუ 70-ის, ერთნაირად ვგრძნობდი თავს. ღვთის წყალობით, ჯანმრთელი ვარ. რამდენიც უნდა გაგეცინოთ, ჭკუის მომატებასაც ვერ ვგრძნობ მაინცდამაინც. საფიქრალია, მაგრამ აწი რაღა დროსია, აწი, არ გამოვა ჩემგან არაფერი.

მკაცრი მამა და ბაბუა თუ ვარ? - მაგაშიც ვერ გამოვდექი, სულ მეჩხუბება ჩემი მეუღლე, შენ გააფუჭე ბავშვებიო. ვანებივრებდი ყოველთვის. თუ რამე უნდოდათ, ვცდილობდი, შემესრულებინა. წყალში გადავვარდები და ამათ ყველაფერს შევუსრულებ. ჩემი ბავშვობა ისე იყო, არავინ მანებივრებდა. ამიტომ ვცდილობ, ამათ არ მოვაკლო არაფერი...

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#51