საბჭოთა ქართული კინო - პროპაგანდა და ხელოვნება - კვირის პალიტრა

საბჭოთა ქართული კინო - პროპაგანდა და ხელოვნება

ახალი ქართული კინემატოგრაფი პრიორიტეტს თავიდანვე ისტორიულ-რევოლუციური თემატიკის ფილმებს ანიჭებდა.

1928 წლამდე თანამედროვე ყოფა-ცხოვრების ასახვის მაგალითები თითებზე ჩამოითვლება. საჭირო შეიქნა ახალი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობაში ჩაბმული ადამიანის ჩვენება, მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის ასახვა. ამის პროპაგანდა კი ყველაზე კარგად კინოს შეეძლო.

ოთარ იოსელიანი შეხვედრია თურმე კინოს ვეტერანს, ცნობილ ბორის ბარნეტს - აღარ მახსოვს, სად ამოვიკითხე. შენ ვინ ხარო, უკითხავს ბარნეტს. რეჟისორიო, უპასუხია იოსელიანს. საბჭოთა, შეუსწორა თურმე ბარნეტმა, შენ ყოველთვის უნდა თქვა - საბჭოთა რეჟისორი, რადგან ეს განსაკუთრებული პროფესიააო. რატომო, გაუკვირდა იოსელიანს. რატომ და თუ ოდესმე მოახერხებ, რომ იყო პატიოსანი, მაშინ შეგიძლია სიტყვა საბჭოთა მოაშოროო. თქმა არ უნდა, იმ პერიოდში ასეთი ნაბიჯის გადადგმა ბევრს არ შეეძლო. ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, როცა არის დაპატიმრების ან სხვა სახის რეპრესიის საფრთხე. ისევე როგორც, ფაქტობრივად, თავად ბარნეტს დაემართა (მან თავი მოიკლა 1965 წელს). ამ ვითარებამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა კულტურაზეც, მათ შორის კინოსა და თეატრზე.

ქართველთა დიდი ნაწილი მშვენივრად მოერგო რეალობას, სხვები აპათიამ მოიცვა და ჩათრევას ჩაყოლა არჩია. ბევრი ქართველი მოღვაწე აშკარად მიემხრო ახალ რეჟიმს (შეიძლება გულწრფელადაც, ვერაფერს ვიტყვი) და ამას სხვადასხვა საშუალებით გამოხატავდა, მაგრამ ბოლშევიკები ხომ ტვინის გამორეცხვის დიდოსტატები იყვნენ. ვინც ამას ვერ ექვემდებარებოდა, მათი საქმე წასული იყო. ხშირად ქართველი ხელოვნების მოღვაწეები ბევრად უფრო მეტს აკეთებდნენ "უფროსი ძმის" ყურადღებისა და მადლობის დასამსახურებლად, ვიდრე მოეთხოვებოდათ. როცა 1924 წლის იანვარში ვლადიმირ ლენინი გარდაიცვალა, საქართველომ ეს ცნობა მშვიდად მიიღო. თუმცა თბილისი გლოვის გამომხატველი სანახაობის მომსწრე და თანამონაწილე მაინც გახდა.

სიკო დოლიძე ფილმის გადაღებისას, ზის კინოოპერატორის უკან.1967 წ.

ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში მონუმენტური ლამპრობა მოეწყო: ჩირაღდნიანი მდუმარე ხალხი ნელი ნაბიჯით მოძრაობდა და "ერთი მრავალთავიანი იდუმალი არსების შთაბეჭდილებას ახდენდა. შენობათა ნიშებში შავარშიაშემოვლებული ელექტრომაშუქები ქვემოდან ანათებდნენ ბელადის თეთრ ბიუსტებს და მათ მისტიკურ ელფერს აძლევდნენ". ასე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება პროლეტარიატის ბელადისადმი რუსეთიდან დაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა, ვისთვისაც, როგორც ამბობენ, სამყარო ერთი დიდი სპექტაკლი იყო.

საქართველოში გამეფებული ვითარების თვითმხილველი გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა: "სტალინს... პატივმოყვარეობის დემონი ჰქენჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა... მლიქვნელობის სულმა თითქმის მთელი ქართული მწერლობა, პლასტიკური ხელოვნება და, ნაწილობრივ მუსიკა გაჟღინთა. ქართველმა პანეგირისტებმა სტალინი აიყვანეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც არასოდეს არც ერთი ეგვიპტელი ფარაონი ან რომაელების და ბიზანტიელების იმპერატორი არ აუყვანიათ. საქართველოს ისტორიული წარსული, თვით ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ეპოქები, ბოლოს თვით კოსმოსის განვითარება სტალინის ცხოვრების პრელუდიად გამოცხადდა". სახკინმრეწვში კი თაობათა ცვლა მიმდინარეობდა და სულ უფრო მეტი მსახიობი მიდიოდა თეატრიდან კინოში.

კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობდნენ ნიჭიერი მხატვრები ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე. რუსეთიდან თბილისში სხვადასხვა დისკუსიასა და პროექტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი მოღვაწეები: დრამატურგები ვიქტორ შკლოვსკი და სერგეი ტრეტიაკოვი, პოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი, რეჟისორები ლევ კულეშოვი და ესფირ შუბი (ამ უკანასკნელთან ნატო ვაჩნაძე დოკუმენტური ფილმის "კომკავშირი - ელექტრიფიკაციის შეფის" გადაღებაზე ასისტენტ-პრაქტიკანტად მუშაობდა). ახალ დროებას მიეძღვნა ახალგაზრდა რეჟისორ ლეო ესაკიას სადებიუტო ნამუშევარი "ჰოლტზე" (1928), პირველი ფილმი რომელიც კოლექტივიზაციის თემას ეხება. ეს ფილმი ტექნიკის, ამ შემთხვევაში ტრაქტორის იდეალიზაციას მიეძღვნა. დაახლოებით იმავე პერიოდში შეიქმნა "ტრაქტორების ლექსი", სადაც ასეთივე საკოლმეურნეო პათოსის გამომხატველი სიტყვებია: "გენაცვალეთ, ტრაქტორებო, გადახანით მთა და ველი, კოლექტივებს შეგვიერთდი, გვიხარია, ყველა ვმღერით". კინოსურათს საფუძვლად გაზეთში დაბეჭდილი ფელეტონი დაედო. მსოფლიო კინოს ისტორიას უამრავი ფილმი ახსოვს, რომელიც საგაზეთო პუბლიკაციების საფუძველზე შექმნილა. ერთი ამერიკელი რეჟისორი დამწყებ კოლეგას ეუბნებოდა, თუ გინდა კარგი სიუჟეტი მოძებნო, გაზეთები იკითხე, განსაკუთრებით კი კრიმინალური ქრონიკაო.

კადრი ფილმიდან "ჩემი ბებია". რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, 1929 წ.

ეს ფილმი კრიმინალური ქრონიკიდან შორს დგას. მისი მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ ქართულ სოფელში, სადაც ქალაქიდან მიღებულ ერთადერთ უცხოური წარმოების ტრაქტორზე, სახელად "ჰოლტი", დიდი მოთხოვნილებაა. ის ხდება მდიდარ და ღარიბ გლეხებს შორის უთანხმოების ჩამოვარდნის ძირითადი მიზეზი. კინოსურათი იმ დროს არის გადაღებული, როცა მთელ ქვეყანაში მიმდინარეობდა სოფლად კოლმეურნეობების ჩამოყალიბების რთული და მტკივნეული პროცესი და ფილმიც განსაზღვრულ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებოდა.

მასობრივ სცენებში გადაიღეს სოფელ მუხრანის გლეხები. იმ სოფლისა, სადაც სინამდვილეში პირველად გამოიყენეს ტრაქტორი და რომლის მკვიდრი პავლე მხეიძე საქართველოში პირველი ტრაქტორისტი გახდა. იგივე პიროვნება თამაშობდა მთავარ როლსაც. ფილმი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა მაყურებელთა შორის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას აგრეთვე ფართოდ განიხილავდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო დანიშნულების ორგანიზაციებშიც, მსჯელობდნენ მის ავ-კარგზე, აფასებდნენ მისი გმირების საქციელს და შესაბამისი დასკვნებიც გამოჰქონდათ.

ამავე თემას ეძღვნება ჟანრობრივად მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, სიკო დოლიძის "მიწის ძახილი". იქ ნაჩვენებია ერთი ტრაქტორისტი, რომელიც ქორწილში მაგრად გამოთვრება, მოახტება თავის ტრაქტორს და სხვადასხვა ტრიუკს ჩაატარებს, შემდეგ ოთხთვალას გამოაბამს, შიგ ნეფე-პატარძალს ჩასვამს და სასეირნოდ გააქანებს. პარალელურად გვიჩვენებენ მიტოვებულ გუთანს, ანუ მიტოვებულ სამუშაოს. ამასობაში ტრაქტორი დაიმტვრევა და ნეფე-პატარძალი ტალახში აღმოჩნდება. მოიწვევენ კრებას და ყველა მიხვდება თავის შეცდომას.

1928 წელს მსახიობმა მიხეილ გელოვანმა გადაიღო კინოკომედია "ახალგაზრდობა იმარჯვებს". მიხეილ გელოვანი ახლა ვინმეს თუ ახსოვს, მხოლოდ მისი სტალინის როლების გამო. არადა, ის ძალიან ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი იყო. მან განათლება პეტერბურგში მიიღო, საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაება მღელვარე კულტურულ ცხოვრებაში. თავდაპირველად ბათუმის თეატრში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ბევრი სცენა გამოიცვალა. გელოვანი თამაშობდა განსხვავებულ როლებს, მასხარა იქნებოდა ეს, შეშლილი, თავადი თუ რევოლუციონერ-ტერორისტი. ის იყო იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ბრწყინვალე სახასიათო მსახიობი. ამასთან, მშვენივრად მღეროდა თურმე. რეჟისორები სპეციალურად მისთვის იგონებდნენ რაიმე ეპიზოდს, რათა სცენაზე ემღერა და ხშირად მაყურებელი მხოლოდ მის მოსასმენად დადიოდა თეატრში - სანამ გელოვანი სტალინის სახეების შექმნაზე გადაერთვებოდა, რამაც საბოლოოდ შეიწირა მისი კარიერა. მის სამსახიობო არსენალში არ ყოფილა არც ერთი მსგავსი მონუმენტური, გახევებული როლი მოსიარულე ქანდაკებისა, როგორიც მან სტალინი შემოგვთავაზა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ინტერპრეტაციით.

ფილმის "ახალგაზრდობა იმარჯვებს" სცენარი ვიქტორ შკლოვსკის თემის მიხედვით დაწერა ახალგაზრდა დრამატურგმა გიორგი მდივანმა (ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი). მთავარი როლები ითამაშეს არკადი ხინთიბიძემ და სიკო ფალავანდიშვილმა, რომელთა შესახებ წერდნენ, რომ ამ ახალგაზრდა მსახიობებს უდავოდ დიდი პერსპექტივა აქვთ, მათ უკვე გამოავლინეს თანამედროვეობის გაგების დიდი უნარიო. ფილმის მოქმედება 20-იანი წლების აჭარაში მიმდინარეობს. სოფლის ერთი მკვიდრი ბიჭი მეზობლის ქათამს ქვას ესვრის და ფეხს მოსტეხს. ამის გამო ქათმის პატრონი გალახავს. ატყდება მთელი ამბავი და მეზობლები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან. სასაცილოა ეპიზოდი, სადაც მეზობლები ერთმანეთს "ებრძვიან" და მსხვილი ხედით ვხედავთ ამ ომის მიზეზს - წიწილას, რომელიც თავდაჯერებული დააბიჯებს ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. ფილმი მიმართულია ძველებური, დრომოჭმული ტრადიციებისა და ადათების წინააღმდეგ - სისხლის აღების წესი, ქალთა უთანასწორობა, ცრურწმენა...

ყველაფერი ეს დაცინვის ობიექტი ხდება და ფილმიც მიმართულია იქითკენ, რომ ახალგამოჩეკილი ქვეყნის მაყურებელს ძველ ჩვეულებათა გადმონაშთების აბსურდულობა დაუმტკიცოს. ასევე დიდაქტიკური ტონითა და პათოსით არის ნაჩვენები კრებებზე ორატორთა მიერ განუწყვეტელი საუბარი ქალთა ემანსიპაციის შესახებ, ჩადრის მოხდის აუცილებლობასა და სუსტი სქესის აქტიურ მონაწილეობაზე სოციალისტური ქვეყნის მშენებლობაში. კარლო გოგოძე ამ ფილმის შესახებ წერდა: "ეს იყო ახალგაზრდული, სიცოცხლით აღსავსე, მხიარული, ამავე დროს მებრძოლი სულით გაჟღენთილი ფილმი, რომელიც, მაყურებელს აჩვენებდა რა ძველი ყოფის სიმახინჯეს, მთელი არსებით აღავსებდა მას ახალი, თანამედროვე სოციალისტური ცხოვრებისადმი უდიდესი სიყვარულით".

სიკო დოლიძე

როცა 1934 წელს სიკო ფალავანდიშვილმა, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, "ჟუჟუნას მზითევის" გადაღება გადაწყვიტა, მან თავისი მეგობარი და კოლეგა არკადი ხინთიბიძე მიიწვია მუნჯი კოლმეურნის როლზე. როგორი საქმეა, მუნჯ ფილმში, სადაც დიალოგები ტიტრებით გადმოიცემა, ხინთიბიძეს მუნჯის როლი უნდა ეთამაშა. განსაკუთრებით სახალისოა ეპიზოდი, როცა მისი გმირი კოლმეურნეებს მუნჯური ნიშნებით უყვება, როგორც დაიფრინა ქურდები მარილით დატენილი თოფის საშუალებით. იმხანად თბილისში სერგეი ეიზენშტეინი ჩამოვიდა და კონსულტაციას უწევდა რეჟისორს. "ეიზენშტეინმა მე დამბრაკა, - იხსენებდა ხინთიბიძე, - და ურჩია სხვა მსახიობის "ტიპაჟის" აყვანა", მაგრამ საბოლოოდ ფალავანდიშვილმა თავისი გაიტანა და ხინთიბიძის განსახიერებული მუნჯი კოლმეურნის სახემ გამორჩეული ადგილი დაიკავა მის კარიერაში. არკადი ხინთიბიძე აღნიშნავდა კიდევაც, რომ იმ დროს, ე.ი. 30-იანი წლების დასაწყისში, ვერც ერთი რეჟისორი, გარდა მიხეილ ჭიაურელისა, ისე ვერ მუშაობდა მსახიობთან, როგორც სიკო ფალავანდიშვილი. რაღაც ტრაგიკული დამთხვევით, ამ ორმა ხელოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიკო ფალავანდიშვილმა "ჟუჟუნას მზითევის" პრემიერის შემდეგ კინოსტუდიის ეზოში მოიკლა თავი, ხოლო "წუნა და წრუწუნასა" და "ჩხიკვთა ქორწილის" შემქმნელმა არკადი ხინთიბიძემ - 1963 წელს. ამ თვითმკვლელობებმა უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა გააჩინა... 1973 წელს კინოკავშირში არკადი ხინთიბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სხდომაზე მისი მეგობარი კოტე მიქაბერიძე გამოვიდა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მივხედოთ ხოლმე ერთმანეთს, ნუ ვაყოვნებთ! ხინთიბიძის გადარჩენა შეგვეძლო, გულისხმიერი რომ ვყოფილიყავით მისადმი. აწი მაინც ნუ დავუშვებთ შეცდომებს". კოტე მიქაბერიძე იმავე დარბაზში სხდომის დამთავრებისას გარდაიცვალა.

რეჟისორ ლეო ესაკიას სადებიუტო ნამუშევრის, "ჰოლტზეს" (1928) კინოაფიშა

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ასე იხსენებს იმ დღეს: "როცა შეხვედრა დასრულდა, ყველანი გარეთ გამოვედით, ვიდექით და გვითხრეს, ვიღაც კაცი დარჩა დარბაზშიო. შევბრუნდით და კოტე მიქაბერიძე გარდაცვლილი დაგვხდა. ასეთი ტრაგიკული ბედისა აღმოჩნდა ეს უნიჭიერესი ადამიანი. დღეს კი ევროპის კინოსკოლებში უჩვენებენ კოტე მიქაბერიძის ფილმს "ჩემი ბებია", როგორც აბსურდის კინოკლასიკას". 1928 წელს სიკო დოლიძისა და სერგეი ტრეტიაკოვის ინიციატივით სახკინმრეწვთან ჩამოყალიბდა კინოქრონიკის სექტორი, რომელსაც დაევალა არა მარტო დოკუმენტურ-ქრონიკალური, არამედ სამეცნიერო-პოპულარული და მულტიპლიკაციური ფილმების წარმოება. სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა სიკო დოლიძე.

კინოქრონიკის სექტორის პირველი დოკუმენტური ფილმი იყო 1928 წელს გადაღებული "მათი სამეფო" (სხვა სახელია "18-28"), რომლის ავტორებმა მიხეილ კალატოზიშვილმა (კალატოზოვმა) და პირველმა ქართველმა რეჟისორმა ქალმა ნუცა ღოღობერიძემ ესფირ შუბის ფილმის ("ნიკოლოზ მეორის რუსეთი და ლევ ტოლსტოი") გავლენით გადაიღეს. "ჩვენ მიერ შედგენილი ქრონიკა წარმოადგენს მენშევიკური სახელმწიფოს მოღვაწეობასა და საბჭოთა სინამდვილის დაპირისპირებას, - წერდნენ რეჟისორები ჟურნალში "მემარცხენეობა" (1928, #2), - მასალები, უმთავრესად, მენშევიკების ხანიდან, ჩვენ მივიღეთ სახკინმრეწვის ლენტების არქივიდან, სადაც იყო მენშევიკების დროს გადაღებული ქრონიკალური ლენტები. საბჭოთა ხანიდან კი, უმთავრესად, ჩვენ მოგვიხდა გადაღება და ასე შედგენა სურათის".

ფილმ "ჩემი ბებიას" კინოაფიშა

ფილმის მხოლოდ ორი ნაწილია შემორჩენილი. ასეთი ფორმა - ძველის, ე.ი. დრომოჭმულისა და ახლის დაპირისპირება, საბჭოთა კინოსთვის, განსაკუთრებით პირველ ათწლეულში, სავალდებულო იყო. ადამიანებს უნდა დაენახათ, რა მშვენიერი ცხოვრება მოუტანა მათ ახალმა დროებამ და ეს ყველაფერი უნდა ეჩვენებინათ. მოკლედ, სტალინის სიტყვები რომ გავიხსენოთ: Жить стало лучше, товарищи, жить стало веселее! (ცხოვრება უკეთესი გახდა ამხანაგებო, ცხოვრება უფრო საამური გახდა!).

1928 წელს გადაიღეს სხვა გამორჩეული მხატვრული ფილმები:

გიორგი მაკაროვის "ქალი ბაზრობიდან", რომელსაც საფუძვლად დაედო იუჯინ ო"ნილის ცნობილი პიესა "სიყვარული თელებს ქვეშ". ჟურნალი "Советский экран"-ი (#19, 1928 წელი) გაკვირვებული წერდა, რომ ეს ფილმი შეიქმნა იმ ორგანიზაციაში, რომელმაც სახელი გაითქვა მარგინალური კინოფიკაციის შექმნით;

"პირველი კორნეტი სტრეშნიოვი" - მიხეილ ჭიაურელის კინოსარეჟისორო დებიუტი (თანარეჟისორი ეფიმ ძიგანი), რომელიც "წითელი ეშმაკუნების" შემდეგ, სახკინმრეწვის გამორჩეულ ისტორიულ-რევოლუციურ ფილმად დაასახელეს.

თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად ნიკოლოზ შენგელაიას ფილმს - "ელისოს", რომელიც აღიარეს ქართული და, საერთოდ, საბჭოთა კინოს შედევრად.

ირაკლი მახარაძე ჟურნალი "ისტორიანი", #108