"მოგზაურობა" აჭარულ სახლში - კვირის პალიტრა

"მოგზაურობა" აჭარულ სახლში

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მსოფლიოში უკვე პოპულარულ ქართულ სკანსენს - ღია ცის ქვეშ მუზეუმს - საქართველოს მრავალი კუთხის საცხოვრებელი, სამეურნეო თუ საკულტო ნაგებობა ამშვენებს. ამჯერად მკითხველს წარმოვუდგენთ აჭარისთვის გამოყოფილ სივრცეს, ანუ როგორც მას უწოდებენ - აჭარის ზონას.

აჭარა საქართველოს მასშტაბებითაც კი არ გამოირჩევა ვრცელი ტერიტორიით, მაგრამ ამ არცთუ დიდ სივრცეში არის ზღვაც, გარდამავალი ზონაც და მაღალმთიანეთიც. აქ ზღვის ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატია, მაღალ ნაწილში კი არცთუ დიდად ყინვიანი, მაგრამ უხვთოვლიანი ზამთარი და შედარებით გრილი ზაფხული იცის. აჭარისთვის ნალექების დიდი სიუხვეა დამახასიათებელი. სწორედ აქაა მთა მტირალა, რომლის ფერდობები საქართველოში ყველაზე უხვნალექიანია.

"ხელოვანნი ხის მუშაკობით"

არახალია, რომ საქართველოს ამერი და იმერი განსაკუთრებულია მრავალფეროვანი და თვალწარმტაცი ლანდშაფტით გამოირჩევა. აჭარა ერთ-ერთი ასეთი შემკული კუთხეა, დიდი ისტორიითა და ტრადიციებით. ყველაფერთან ერთად, აჭარა უაღრესად საინტერესოა მატერიალური კულტურის თვალსაზრისით, ხითხუროობით, ქვითხუროობით, ტრადიციული ტანსაცმლის სახეებით და სხვ. განსაკუთრებით საინტერესოა აჭარა ტრადიციული ხალხური, კონკრეტულად ხის ხუროთმოძღვრებით. აქაური ოსტატები ანუ უსტები აგებდნენ შესანიშნავ საცხოვრებელ ნაგებობებს, სამეურნეო სათავსებს, შეშის ფარდულებს, სამლოცველოებს...

აჭარაში ხის დამუშავების მაღალ დონეს ჯერ კიდევ დიდი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავდა: "კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა"!

ჩიქუნეთის ჯამე, ინტერიერი

აჭარის წარსული ძლევამოსილი მესხეთის წიაღშია ჩაწნული, მეორე მხრივ, იგი დიდებული კოლხეთის მემკვიდრეც არის! უძნელესი ხანა გადაიტანა აჭარამ. ოსმალთა უღელი არა წლობით და ათწლეულებით, არამედ რამდენიმე საუკუნეს გაგრძელდა, მაგრამ ვერ ჩაკლა აქაურებში სულიერი სიმტკიცე, ქართული სიამაყე და თვითშეგრძნება, მამა-პაპიდან გადმოცემული ტრადიციები. უმძიმესი წლების მიუხედავად, ძნელად მოიძებნება საქართველოში კუთხე, სადაც ამდენი ტრადიცია და წესია შემონახული ცხოვრების მრავალ სფეროში, მათ შორის ხალხურ ხუროთმოძღვრებაში.

სამოსახლოს შერჩევის წესები

ძველად სოფლები წარმომავლობისა და გვარების მიხედვით იყო დასახლებული, რომლებიც თემს ქმნიდნენ. მთავარ, პირველად დასახლებულ სოფელში შედიოდნენ მცირე უბნები ანუ "მეჰელეები", რომლებიც ფაქტობრივად პატარ-პატარა სოფლებს წარმოადგენდნენ თავისი სახნავ-სათესით, საძოვრით, ტყით... ისედაც მცირემიწიან აჭარაში ნაყოფიერ ახო-ხოდაბუნებს დასახლებისთვის არ "მოაცდენდნენ" და დასამუშავებლად ნაკლებად ვარგის ადგილებს ირჩევდნენ. გვარებად ანუ "კარებად" დასახლების ტრადიციამ, რომელიც სრულიად საქართველოში იყო გავრცელებული, აჭარაში მეტად შემოინახა თავი.

მესაქონლეობის პრიორიტეტული მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის სოფელს ჰქონდა სეზონური, მთური დასახლებანი - აგარები / (მ)თა / იაილები / იალაღები, სადაც საქონელი ზაფხულობით აჰყავდათ და ნოყიერი ალპური საძოვრების გამოყენებასთან ერთად, ზამთრის საკმარი ბოსტნეულიც მოჰყავდათ. სწორედ მთურ დასახლებებშია დღეისთვის შემორჩენილი უძველესი ტიპის სახლები. ჯერ იყო ერთსართულიანი ძელური ე.წ. ძირთული ჯარგვალი. მისი განვითარების შემდგომი ეტაპია "ზედშედგმული ჯარგვალი". ეს იყო ორსართულიანი ნაგებობა, რომლის პირველი სართული ბოსელს ანუ ახორს ეკავა, მეორე კი საცხოვრებელს წარმოადგენდა. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალსივრციანი და კეთილმოწყობილი ე.წ. აჭარული სახლი.

დასახლებასა და საცხოვრებლის ამა თუ იმ ტიპის ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებდა: რელიეფი და ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი, მეურნეობის ტიპი, ქანების შემადგენლობა, სამშენებლო მასალა - ტყისა და ქვის რესურსების სახით, სოციალური გარემო და სხვ. მომავალი საცხოვრებლის ადგილის შერჩევას დიდი ყურადღება ექცეოდა. მას ოჯახის უფროსი მამაკაცი მონიშნავდა და მრავალი მონაცემი იყო გასათვალისწინებელი.

ასეთი ემპირიული, ხალხური წესიც არსებობდა: მომავალი საცხოვრებლის ადგილზე დიდ ქვას დადებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მიაკითხავდნენ, შეათვალიერებდნენ და თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველები დაიბუდებდნენ, მონიშნული ადგილი სასახლკარედ ვარგისიანად ჩაითვლებოდა. მოხუცების დაკვირვებით, გააჩნდა ჭიანჭველის სახეობასაც. უმჯობესი იყო შავი ფერის ჭიანჭველების დაბუდება.

მსგავსი ემპირიული მასალა დამოწმებულია დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მდებარე შავშეთ-იმერხევშიც. თუ ქვის ქვეშ ჭიაყელა აღმოჩნდებოდა, იმ ადგილას სახლის აგებისგან თავს შეიკავებდნენ. სველ და ნესტიან ადგილას სახლს არ ააშენებდნენ. ამის გასარკვევად სხვა ხერხიც არსებობდა - საცხოვრებლის ადგილას ღრმა ორმოს ამოთხრიდნენ, სიღრმეში წყალი ხომ არ ჩადგებოდა.

განჯინა-დოლაბები და ბუხარი დემეტრაძეების საცხოვრებელში

მშენებლობის დასაწყებად საუკეთესოდ კვირა დღე მიაჩნდათ, რადგანაც ხალხური წარმოდგენით, დედამიწა თითქოს ამ დღეს გაჩნდა და ეს გარემოება სიუხვისა და ბედნიერების მომასწავებელი იქნებოდა. კვირა დღეს საძირკვლის ერთ ქვას მაინც, მარჯვენა კუთხეში ჩააგდებდნენ და მშენებლობაც იწყებოდა. ის ზამთრის დადგომამდე უნდა დაესრულებინათ, ამიტომ საქმეს ზაფხულის პირველ თვეებში იწყებდნენ. ოჯახის უფროსები საძირკველში საქონლის ბეწვსა და ხურდა ფულს ჩაატანდნენ, დაილოცებოდნენ პირუტყვის გამრავლებისა და ბარაქა-დოვლათის საწინდრად.

დემეტრაძეების სახლი

ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებული საცხოვრებელი ნაგებობებიდან გარეგნულად, შიდა დაგეგმარებით, ესთეტიკური გაფორმებით, დიდი სივრცითა და ჰიგიენური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი შთამბეჭდავია ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან გადმოტანილი სახლი. მასთან ერთად გადმოიტანეს საბძელი და შეშის ფარდული. მთელი ეს კომპლექსი სოფლის მკვიდრ ამირან დემეტრაძეს ეკუთვნოდა. სახლი აუშენებიათ XIX საუკუნის II ნახევარში. საცხოვრებელი ნაგებობა დაშალეს, დანომრეს და მუზეუმის ტერიტორიაზე ააგეს დიდაჭარელმა ოსტატებმა.

ახლა, დროებით, წარმოსახვით ვიმოგზაუროთ XIX საუკუნეში და "ვესტუმროთ" დემეტრაძეების სტუმართმოყვარე ოჯახს. სტუმარი, როგორც დანარჩენ საქართველოში, აქაც "ღვთისაა". აქაც და საერთოდ, აჭარულ სახლში, ერთი განსაკუთრებული, სტუმრისთვის განკუთვნილი საგანგებო ოთახია, რომელსაც "მეიდანოდა" ეწოდება. მეიდანოდა სრულიად იზოლირებულია სხვა ოთახებისგან და დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს. ოჯახის სტუმარი იქნებოდა თუ უბრალოდ მგზავრი, ოჯახის შეუტყობინებლად შედიოდა ამ ოთახში, სადაც მას დასანაყრებელი ხემსი ხვდებოდა, ბუხრის პირას კი შეშა; მოისვენებდა და დილამდე არ შეაწუხებდა მასპინძელს. მხოლოდ დილით მოიკითხავდა ჯალაბობას. ისეც ყოფილა, რომ თუ სტუმარი ძალიან "მოჩქარე" იყო, ისე მოვიდოდა და სისხამზე ისე წავიდოდა, რომ ოჯახი მერე იგებდა სტუმრის მოსვლა-წასვლის ამბავს.

ჭერის ვარდული დიდაჭარის სახლიდან.

აღნიშნული სამაგალითო ამბავია ადამიანთა ურთიერთობისა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში. უნდა ვთქვათ, რომ აჭარა არ იყო გამონაკლისი ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში. ასეთი რამ სხვა კუთხეებშიც გვქონდა. მაგალითად, სამეგრელოში, ამ მიზნით, ეზო-კარმიდამოში განცალკევებით იდგა წნული ფაცხა, ასევე სტუმრისთვის განკუთვნილი.

დემეტრაძეების სახლი ორსართულიანია, შუაში ფართო დერეფნით და ბეღლით სხვენის მოცულობაში. სახლის პირველი სართული მთლიანად ბოსელს ("ახორი" ანუ "ტვარია") უკავია. ახორის ქვემოთ ნახევარსართულიცაა, ე.წ. ხალხამი - რთულ, "ფერდა" რელიეფს მისადაგებული, ნაწილობრივ ღია სადგომი ზაფხულში საქონლისთვის.

ბარაქით აღვსილი იყო დემეტრაძეების ოჯახი, საქონელმრავალი. დაახლოებით ოცდაათ სულ ხარ-ძროხას იტევდა დემეტრაძეების ახორი, რომელიც ორი სათავსისგან შედგებოდა თითოეულ მათგანში საქონლის საკვების ჩასაყრელი "ბაგებით", დასაბმელი რკალებით და დაწნული წნელის საბმურით. ბაგებთან ორივე მხარეს იატაკი - "ზღვე" იყო გამართული, რომელსაც შუაში "სანარწყალი" გასდევდა ნაკელის ჩასაწმენდად, ხოლო ბოსლის ბოლოში პატარა სარკმელი, "სანათური" იყო დატანებული პატივის გადასაყრელად და სინათლის სხივის შემოსასვლელად. აი, ასეთი ჰიგიენური წესებით ჰქონდათ მოწყობილი ახორი ამ მადლიან კუთხეში. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი პრინციპით იყო მოწყობილი საქონლის სადგომი საქართველოს სხვა კუთხეებშიც.

მეტი იზოლაციისთვის ახორსა და საცხოვრებელი სივრცის იატაკს შორის ორმაგი ჭერი კეთდება. სახლს ასასვლელად ვიწრო კიბე აქვს, ავდივართ აივანზე და შევდივართ დარეფანში, ანუ "იაღლუზში" (შავშეთ-იმერხევში - დეფანი), რომელიც საცხოვრებელ სივრცეს ორ ნაწილად ყოფს, აქეთ-იქით სამ-სამი ოთახით, რომელთაც თითოეულს თავისი დანიშნულება ჰქონდა.

ჯამეს ჭერის ვარდული

სტუმრის ოთახის ანუ მეიდანოდის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი. იგი ე.წ. სექვიანი ოთახია, ანუ კედელში ჩაშენებული განიერი ტახტით, რომელზეც დიდი დიასახლისის, დიდი ნენეს მოქსოვილი ფარდაგია გადაფენილი. მეიდანოდა დეფანიდან მარცხენა მხარეს არის განთავსებული. ოთახი ბუხრიანია, ლამაზად შემკული ორნამენტებით. მეიდანოდას ებმის ვიწრო აჭარული სახლის ძალიან საინტერესო ნაწილი, ე.წ. სარძიე ოთახი, რომლის ბატონ-პატრონი უფროსი დიასახლისია. აქ ხდებოდა რძის "გადამუშავება" და შენახვა. აქ მზადდებოდა იაღი, კაიმაღი, დო, ერბო, ჩეჩილი ანუ დაპწკნილი ყველი... მოკლედ, ოჯახის მთავარი ბარაქა აქ ტრიალებდა. მეცნიერებს აჭარული სარძიე ხევსურული "კალოიანი სახლის" - "სენეს" ანალოგად მიაჩნიათ.

აჭარულ სახლში თითქმის ყველა ოთახს თავისი დატვირთვა და სახელი აქვს. ერთ-ერთი ასეთია "შინაე". ეს ოთახიც ბუხრიანია და ცოლ-ქმრისთვის იყო განკუთვნილი. აქაც არის ფარდაგგადაფარებული სექვები, რომელზეც აკვანია შემოდგმული მთელი თავისი მოწყობილობებით. შინაე ოთახი ოჯახის შემკრები ადგილი იყო, აქ იკრიბებოდა აჭარისთვის დამახასიათებელი მრავალრიცხოვანი ჯალაბობა, ისმენდნენ ოჯახის უფროსის დავალებებს, მსჯელობდნენ მიმდინარე საქმიანობაზე, ისახებოდა გეგმები.

სახლი სოფელ კირნათიდან

შუა დეფანიდან /დერეფნიდან ერთის მხრივ არის ჩასასვლელი კიბით საქონლის სადგომში / ახორში, ხოლო მეორე მხრივ ასევე ან ჩვეულებრივი კიბით ან "კიბე-პწკალათი" ასასვლელია თავანის სივრცეში, რომელიც სამეურნეო დანიშნულებით არის გამოყენებული. პწკალა ორიგინალური კიბეა, საფეხურებამოჭრილი მორი, რომელიც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთშია გავრცელებულ-გამოყენებული.

თავანის სართულში ჩადგმულია ნაძვის ან წაბლის ფიცრებით მჭიდროდ ნაგები ბეღელი, სადაც ზამთრისთვის განკუთვნილი სურსათ-სანოვაგეა. ასე რომ, აჭარისთვის დამახასიათებელ ხანგრძლივ, უხვთოვლიან ზამთარში გარეთ გასვლა თითქმის არაფერზე უხდებოდათ. ერთადერთი შემთხვევაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებულ საცხოვრებლებში, როდესაც ჰიგიენური კვანძიც და აბანოც შენობის შიგნით იყო. აბანოს / ჰამამის ნიში ერთ-ერთი ბუხრის გვერდით იყო შედგმული.

აჭარული სახლის დეკორატიულ მორთულობაში ჭვირულ აივნებთან, ღიობებიან დოლაბებსა და მოჩუქურთმებულ ბუხრებთან ერთად, ყურადღებას იქცევს სახლების ჭერის მორთულობა, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა სახის "ვარდულებით" მორთვა. ეს ვარდულები ტრადიციულ ქართულ ხის არქიტექტურაში გუმბათის იმიტაციად არის მიჩნეული. ასეთი ვარდულებითაა მორთული დიდიჭარის დემეტრაძეების სახლიც.

ბუხარი

ქართულ ტრადიციულ ხალხურ საცხოვრებელში ბუხარი XIX საუკუნიდან ჩნდება, მაღალ სოციალურ ფენებში კი უფრო ადრეც. გარდა პირდაპირი, უტილიტარული დანიშნულებისა, აჭარის საცხოვრისების ბუხრების გაფორმება გამოხატავს იმ დიდ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული ქვითხუროობის სფეროში. აჭარაში მებუხრეები იყვნენ როგორც აქაური ოსტატები, ისე ლაზეთიდან მოსული გამოცდილი მოხელეები.

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აჭარის ზონაში განთავსებულ ყველა საცხოვრებელ ნაგებობაში, სოფლების - დიდაჭარის, მირვეთისა და კირნათის სახლებში აგებულია შესანიშნავად მოპირკეთებული ბუხრები. ყველა მათგანი შექმნილია ტრადიციული ხერხებით: აქვს ყვერბი, იგივე ტაფა, ცეცხლის დასანთები ადგილი; ბუხრის შუბლი, მისი თაღოვანი ნაწილი; აქვს ფეხები, ბუხრის თავი / ფიდონი თაროს ფუნქციით, სასანთლის, ჭრაქისა და სხვა ნივთების დასადებად და სხვ.

აჭარულ სახლებში ბუხრების უმეტესობა ღია ფერისაა, ადვილად დასამუშავებელი ქვით მოპირკეთებული. მათზე ამოკვეთილია ტრადიციული ჩუქურთმები. დიდი ადგილი უკავია ასტრალურ, კოსმოგონიურ მოტივებს, გეომეტრიულ ორნამენტებს, სხვადასხვა სახის ბორჯღალებსა და უნივერსალურ მოტივს - სიცოცხლის ხის გამოხატულებას, რაც ქართველი ხალხის უძველესი რწმენა-წარმოდგენების ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენს.

ბუხრის კამარა

ლაზური სახლები

აჭარაში გარდა ჩვენ მიერ განხილული სახლის ტიპისა, საკმაო რაოდენობით გვხვდება ე.წ. ლაზური სახლები. ეს ნაგებობანი განსაკუთრებული და ეფექტური ექსტერიერით გამოირჩევა. შთაბეჭდილებას ამ სახლების კედლების აგების საინტერესო გადაწყვეტა ქმნის. დაახლოებით 30 სანტიმეტრის ხის ლარტყები ერთმანეთში ჭდობითაა ჩამჯდარი და კვადრატებს ქმნიან. ეს კვადრატული ღიობები ამოვსებულია შესაბამისი ზომის რიყის ბრტყელი ქვებით. მეტი ეფექტისა და ესთეტიკისთვის ქვები სხვადასხვა ფერის არის შერჩეული და ნაირფერი სპექტრი იქმნება. ფერად ქვებს არჩევდნენ ზღვის სანაპიროზე, აჭარისწყლის, ჭოროხისა და მაჭახლისწყლის რიყეებზე. ასეთ, "შევსებულ" საცხოვრებლებს რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: დოლმიანი / ჩალანგარიანი სახლები, არქიტექტურულ ლიტერატურაში - ფახვერკიანი სახლები, აგრეთვე ჩაკატურა, კადამა და სხვ.

აჭარაშიც საკმაოდ არის ასეთი სახლები, ხოლო ლაზეთში, სარფიდან დაწყებული ტრაპიზონამდე მასობრივად იყო. თურქულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჩანს, ტერმინ "ლაზის" ხაზგასმას "ერიდებიან" და "შავი ზღვის (ყარადენიზ) სამხრეთ-აღმოსავლურ" ტიპად მოიხსენიებენ. შინაგანი დაგეგმარებით ეს სახლები აჭარულ საცხოვრებლებს ემსგავსება. ამ ტიპის საცხოვრებლები ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოტანილია ხელვაჩაურის რაიონიდან, სოფელ მირვეთიდან და სოფელ კირნათიდან.

ჯამეს ინტერიერის დეტალები

ჩიქუნეთის ჯამე

აჭარაში არსებული ისლამური საკულტო ნაგებობანი ჯამეების სახელითაა ცნობილი. ხის ჯამეებში გამოხატული და განივთებულია ქართული ხით ხუროთმოძღვრების ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების სიღრმეში ჩადის. ერთი ასეთი ნაგებობა, გასული საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში, ღია ცის ქვეშ მუზეუმში გადმოტანილია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩიქუნეთიდან. ამგვარი მოჩუქურთმებულ-მორთული XIX საუკუნის ძველი ჯამეები ახლაც არის აჭარის სოფლებში შემორჩენილი. მაგალითად, ზემო ჩხუტუნეთში, სადაც ამჟამად ადგილობრივი მუზეუმია და ამ ხეობის, კერძოდ, მაჭახლის მოსახლეობის ყოფას ვეცნობით; ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში და სხვა ადგილებში.

ჩიქუნეთის ჯამე 1973 წელს დაუფიქსირებია არქიტექტორთა ჯგუფს ლონგინოზ სუმბაძის ხელმძღვანელობით. როგორც ცნობილი არქიტექტორი წერდა: "მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული იყო ჩიქუნეთის ჯამე. იგი იდგა ნახევრად დამპალი იატაკითა და ჩამონგრეული ჭერით". მისი გადარჩენის გზა იყო ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოტანა და რესტავრაცია. მისი გადმოტანა, რესტავრაცია და ავთენტიკური წესით ხელახლა აგება 1975-1977 წლებში განხორციელდა.

ჩიქუნეთის ჯამე ქართული კულტურის ნაწილია და ხალხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრი. გადმოცემით, იგი ლაზ მამა-შვილს აუგიათ XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ინტერიერში ამოკვეთილია მშენებლობის თანადროული წარწერა - 1241 წელი ჰიჯრით, რაც 1836 წელს შეესაბამება. მოჩუქურთმებული კარით შევდივართ ნაგებობაში, ქორედის ქვეშ, რომელიც მოჩუქურთმებულ სვეტებს ეყრდნობა. შენობის კარი, ანტრესოლის სვეტები, ჭერი, შიდა აივნები და სხვა დეტალები ჩასმულია ტრადიციულ ქართულ, ნატიფი გემოვნებით შესრულებულ ჩუქურთმებში. ძირითადად "იკითხება" გეომეტრიული, მცენარეული, სამკუთხედებში ჩაკვეთილი, ვარდული, სიცოცხლის ხის მოტივი, ტრადიციული წნული და სხვ. მათი შექმნის დროს გამოყენებულია ორნამენტის შესრულების სამივე ტექნიკა: ჭვირული (აჟურულ-გამჭოლი), გრაფიკული (ამოკაწრული) და რელიეფური.

ნალია აბუს ხეობიდან

ჭერი საგანგებო გულმოდგინებით არის შემკული ორნამენტული ჩუქურთმით. მისი კონსტრუქცია ცრუგვირგვინიან-გუმბათიან წარმოდგენას გვიქმნის, რომელიც ასოცირებულია ცის კამარასთან.

ძალიან საინტერესო გადაწყვეტით არის წარმოდგენილი ანტრესოლის ორი კოლონის კაპიტელი, რომელთაც ოთხივე მხარეს გამოშვერილი აქვს ოთხი "რქა". ასეთი ფორმის კაპიტელები გავრცელებული იყო მთელ საქართველოში ისტორიულ ხანაშიც. მსგავსი კაპიტელები აქვს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მაჩაბლებისეული სასახლის აივნის საყრდენებს.

ჯამეს აგების დროს მისი მდებარეობა მკაცრად განსაზღვრულია, დაწესებულ კანონიკას ექვემდებარება და მისი საკრალური ადგილები - ქურსი, მიჰრაბი და მიმ(ნ)ბარიც სამხრეთისკენ, მუსლიმური წმინდა ადგილ მექასკენ არის მიმართული. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სოფლებში ჯამეების მომრავლება XIX საუკუნიდან იგრძნობოდა, რითაც ოსმალური ადმინისტრაცია სამხრეთის მიმართულებით რუსეთის სახელმწიფოს ექსპანსიის გაძლიერებას უპირისპირდებოდა.

ნალია

ეზო-კარმიდამოში ყურადღებას იპყრობს ნალია ორიგინალური გადაწყვეტით, რომლის ფუნქცია იყო ჯერ ღომისა და ფეტვის თაველების გახმობა, რომელიც მოგვიანებით სიმინდის კულტურამ ჩაანაცვლა. საინტერესოა ნალია-სასიმინდეებზე მღრღნელების საწინააღმდეგო ორგოები, აგრერიგად გავრცელებული ლაზეთშიც, ნიგალშიც, გურია-იმერეთ-სამეგრელოშიც. ორგო თაგვ-მღრღნელისგან დასაცავად, ნალიის საყრდენ ბოძებზე ჩამოცმული მრგვალი და ბრტყელი ფორმის ხის (ზოგჯერ ქვის, ლითონის) დეტალია. იგი შუიდან გვერდებისკენ ვიწროვდება და მახვილი კუთხით ბოლოვდება...

აი, ასე უნდა წარმოვიდგინოთ XIX საუკუნის სოფელი აჭარაში, აქაური გამრჯე გლეხის კარ-მიდამო, ვრცელი და კეთილმოწყობილი საცხოვრისი, საბძელი, ბეღელი, საქონლის სადგომი ახორი, რომელმაც შიდა სივრციდან ეზოში გადმოინაცვლა და ნალია; ოჯახი, რომელსაც ხვავი და ბარაქა არ აკლდა. ოჯახის წევრებს შორის იერარქია და წესრიგი არსებობდა და საზოგადოებაშიც წონიანი სიტყვა ეთქმოდათ.

ნოდარ შოშიტაშვილი

ეთნოლოგი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#108