თარხანმოურავიანი - "დიდი მხატვარი იყო და დღეს რატომღაც დაუფასებელია..." - კვირის პალიტრა

თარხანმოურავიანი - "დიდი მხატვარი იყო და დღეს რატომღაც დაუფასებელია..."

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რევაზ თარხან-მოურავმა ხელოვნების დამფასებელთა ყურადღება მიიპყრო. იგი მუშაობდა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

ცნობილი გახდა, როგორც თავისებური ხელწერის მქონე გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი, სპექტაკლების ორიგინალური აფიშების ავტორი, რამდენიმე ქართული ფილმის მხატვარი, ქართული მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთ-ერთი შემქმნელთაგანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი დიზაინერი, ასევე მრავალი ფერწერული ტილოს, ლინოგრავიურის ავტორი.

რევაზ თარხან-მოურავი დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე გახლდათ. თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს დაამთავრა და უკვე მომდევნო წლიდან მონაწილეობდა მხატვართა გამოფენებში. მისი ნამუშევრები ყურადღებას იპყრობდა დინამიზმით, რიტმულობითა და კომპოზიციური მთლიანობით. მრავალფეროვნებითა და ქართული ხასიათის გადმოცემის სიზუსტით ყურადღებას იპყრობს 1964 წელს გამოცემული ალბომი "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში". მნახველს დღესაც ხიბლავს მის მიერ მოხატული ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. საქართველოს სახალხო მხატვრისა და მრავალმხრივი შემოქმედის შესახებ ყველაზე უკეთ მისი თანამედროვენი გვიამბობდნენ.

მაია ციციშვილი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე: "უმრავლესობისთვის რევაზ თარხან-მოურავის შემოქმედებაზე წარმოდგენა, პირველ ყოვლისა, ეფუძნება მის თავის დროზე მეტად პოპულარულ ალბომს "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში", სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი.

"მრგვალი ვირი", "ლახტი", "ჭიდაობა", "ლელო" და "ფერხული" ერთმანეთის მსგავსია, ყველგან მისთვის დამახასიათებელი წრიული კომპოზიცია, სხეულების ერთგვარი დეფორმაცია - დაბერილი ფორმები, მოკლე, შეკრული, ჩაფსკვნილი, სწრაფად მოძრავი ფიგურები, მიზანდასახულად მოფიქრებულ რთულ პოზებსა და მოძრაობაში. რამდენადმე განსხვავებულად გამოიყურება ის ნახატები, სადაც გამოსახულია ცეკვები - "განდაგანა", "კინტოური", "მხედრული", "ხორუმი" და "ცერული". ცეკვა თითქოს მაყურებლის თვალწინაა განვითარებული და წამიერად შეჩერებული.

"ცერულში" ერთმანეთს შეჯიბრებული ორი სვანი მთის წვერზეა გამოსახული. მათ ქვევით, სადღაც უკან, უზოგადესად მონიშნული კოშკის ნაწილი რჩება, გარინდებული, ღრმა იდუმალებით მოცული ფიგურები, იმ დახვეწილობის, ბუნებრივი არისტოკრატიულობის წარმომჩენნი არიან, რაც საერთოდ კავკასიურ ცეკვას ახასიათებს. ამგვარი ხერხებით ანიჭებს რევაზ თარხან-მოურავი მნიშვნელობას იმას, რაც მისთვის არსებითია: თავისუფლებას, სულიერების სიმაღლეს, დახვეწილობას, რომანტიკულობასა და ყოველივე ამის მომცველს - ქართულ ცეკვას.

კიდევ უფრო თავისებურია ის ნამუშევრები, სადაც ადამიანებთან ერთად ცხენებიც გამოისახება - "მარულა", "ისინდი", "ცხენბურთი" და "ლელო".

...თუ გარეგნულად რევაზ თარხან-მოურავი მეგობრებითა და თაყვანისმცემლებით გარემოცულ, კეთილგანწყობილ, დამთმობ, არააგრესიულ პიროვნებად აღიქმებოდა, შემოქმედებაში აშკარავდება, რომ შინაგანად იგი არსებულ სინამდვილესთან, სიყალბესთან მუდმივ წინააღმდეგობაში იმყოფებოდა. ამ შინაგანმა სიმართლემ ძალა მისცა მას აესახა სწორედ ის ღირსეული და ღირებული, რაც მის საუკეთესო ნამუშევრებშია გათვალსაჩინოებული".

ლახტი. სერია: ქართული ხალხური თამაშობები. რევაზ თარხან-მოურავი, 1957 წ.

ელგუჯა ბერძენიშვილი, მხატვარი: "ზემელის აფთიაქის გვერდით იდგა ორსართულიანი სახლი. ბნელ სადარბაზოში, ხის კიბის ავლით მოხვდებოდით ნათელ და ფართო ძველებურ რიკულებიან აივანზე, რომელიც მუდამ სავსე იყო რეზოს მეგობრებით...

თარხან-მოურავი! პირველად ეს გვარი რომ გავიგე და ისიც ამიხსნეს, რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი არიანო, მღელვარებით ველოდი რეზოს გამოჩენას, მაგრამ გასაცნობად ხელი გავუწოდე პატარა ბიჭს, რომელიც ასეთი იმპოზანტური გვარის მატარებელი გახლდათ. ყველას უყვარდა მის სახლში მისვლა. რეზოს მშობლებიც გულითადად გამოხატავდნენ სტუმრის მიმართ სიხარულს".

ელისაბედ (ლიზიკო) ბაგრატიონ-მუხრანელი, ნათესავი და ახლო მეგობარი: "ზემელი, თარხანიანთ ოჯახი - შემწყნარებლობისა და ჰუმანიზმის ცენტრი, რომლისკენაც მოისწრაფოდა ახალგაზრდა თაობა, რომლის ლიდერიც რეზო იყო. მისი ხასიათის იშვიათი თვისება იყო, გაეთავისებინა სხვისი ჭირი და ლხინი, თავი დაენებებინა ყველაფრისთვის და ჩართულიყო სხვის ცხოვრებაში. მის იშვიათ პოპულარობას სწორედ ეს ედო საფუძვლად".

გივი თუმანიშვილი, ბიოლოგი: "აღსანიშნავია, რომ მან პირველმა დაიბრუნა მამა-პაპათა ნამდვილი გვარი (თარხან-მოურავი) ნაცვლად თარხნიშვილისა, რომელსაც გასაბჭოების შემდეგ დანარჩენი მისი საგვარეულო ატარებდა. თუნდაც ეს ნაბიჯი რეზოს გამბედაობას მოწმობდა. ასე რომ, მის გარშემო შეკრებილი ახალგაზრდა ინტელიგენტები თავს "სახიფათო ზონაში" მოქცეულად გრძნობდნენ".

ედმონდ გაბრიელ კალანდაძე, მხატვარი: "მას უამრავი მეგობარი თუ ამხანაგი ჰყავდა, სრულიად განსხვავებული ადამიანები: გიგლა ფირცხალავა და გურამ ჭიქაძე, ხიტა ქუთათელაძე და ფილიპოვი (ბრატოკა), შალიკო ჩიქოვანი და მახარე ფარადაშვილი, მერაბ დურგლიშვილი, ამირან დუმბაძე, გურამ მელივა და სხვები. მათ სიყვარული და ერთგვარი პირობა - ვაჟკაცური კოდექსი აერთიანებდათ. აქ მოვიგონებ ერთ სასაცილო ამბავს. ერთხელ, ღამით რუსთაველის პროსპექტზე "შახტსტროის" კიბეზე ჩამომჯდარი რეზიკა შეპასუხების გამო მილიციაში მიაბრძანეს და დილამდე აყურყუტეს. დილით ზემოხსენებულმა გურამ მელივამ "პერედაჩა" შეუგზავნა "პატიმარს", "ბუხანკა" პური შიგ ჩადებული ქლიბით".

ნინო კიღურაძე, პროფესორი: "იმხანად ამერიკიდან თბილისს ეწვია მეტროპოლიტენ მუზეუმის წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესდა რეზოს ნამუშევრებით და მხატვართან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა შედგა. თანმხლებ პირებთან ერთად რეზოს ოჯახში მობრძანდა. მახსოვს კითხვები, რომლებიც მან რეზოს დაუსვა: თქვენ აქ მუშაობთ? სად არის თქვენი სახელოსნო? რა მარკის მანქანა გყავთ?.. რეზოს კი მსგავსი არაფერი გააჩნდა. ბოლოს შესთავაზა, რამდენიმე ნამუშევარს მუზეუმისთვის შევისყიდიო. აქ კი რეზომ, რომ იტყვიან, ამოისუნთქა, - ნამუშევრებს უსასყიდლოდ გადმოგცემთო. ამერიკელი გაოგნებული დარჩა. რა ბედი ეწია ამ საჩუქარს, სამწუხაროდ, უცნობია".

ელგუჯა ამაშუკელი, მოქანდაკე: "ქართულ მხატვრობაში ძალიან ცოტანი არიან ადამიანები, რომელთა გენეტიკური წარმომავლობა, პიროვნული სინათლე, ნიჭი, ჯიში და ჯილაგი ისე სპონტანურად წარმოჩენილიყოს მათ შემოქმედებაში, როგორც იგი გამჟღავნდა რეზოს სულიერ მემკვიდრეობაში.

ცეკვა (ალბომიდან). 1964 წ.

...გვიან ღამით, მე და რეზო შინისკენ მივეშურებოდით. უეცრად ზურგზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. ჩემ წინ უცნობი იდგა, რომელმაც მოულოდნელად მკითხა:

- რას უკეთებ შენ შენს სამშობლოს?

მექანიკურად ვუპასუხე, ჯერჯერობით ვერაფერს-მეთქი.

უცნობი ნაბახუსევი ჩანდა. ვიგრძენი, ხიფათს ეძებდა. რეზოს ყური მოუკრავს ჩვენი დიალოგისთვის და მოგვიახლოვდა.

- რა ხდება?!

- შენ რას საქმიანობ, რას უკეთებ სამშობლოს? - ახლა რეზოს მიმართა უცნობმა და თმაზე ხელი გადაუსვა.

რეზომ უკან დაიწია და ისეთი მოულოდნელი ჰუკი (კრივში გვერდიდან დარტყმა მოღუნული ხელით. - ლ. ჭ.) უთავაზა, რომ ლასლო პაპსაც შეშურდებოდა...

- რევაზ თარხან-მოურავო, არ გეკადრება ჩემი ცემა! მე პოეტი ვარ, შენ კი მხატვარი, როგორ აგიმღვრევ წყალსაო? - და რეზოს გადაეხვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე შორიდან გვიცნობდა. აღმოჩნდა მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ახლო მეგობარი, დამწყები პოეტი ბიჭოია კაკუშაძე, კოლორიტული და კეთილი კაცი. ერთმანეთს კოცნით დავემშვიდობეთ. მოგვიანებით ახლოს გავიცანი ბიჭოია და ხშირად ვიხსენებდით ამ ინციდენტს".

ჭაბუა ამირეჯიბი, მწერალი: "რევაზ თარხან-მოურავზე ვერავინ იტყვის, იყო და არა იყო რაო! ეს კაცი იყო, არის და იქნება!.. ეს კაცი დღესაც არის და ცოცხლობს, რადგან მან სიცოცხლეშივე უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე გულსა, გონებასა და ინტელექტზე.

იგი მოდგმითაც არისტოკრატი გახლდათ, აღზრდითაც და სიცოცხლეში შეძენილი ჩვევებითაც. ამ ზრდილობით და კეთილგანწყობით აღსავსე ადამიანს, ვგონებ ვერ გამოეძებნება კაცი, ვისთვისაც რაიმე სახის ტკივილი მიეყენებინოს; გაჭირვებაში ვინმე უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია. გიორგი სააკაძისა და სხვა დიდ ქართველთა ჩამომავალი იყო. დიდუბის პანთეონში ერგო სამარადისო განსვენება, მაგრამ ერთი მისი მეგობრის ამაგი რომ არა, დღეს ობოლი ქვაც არ ედებოდა მის, მხოლოდ ბეტონის არშიით შემოვლებულ, მიუხედავსა და მივიწყებულ სამარეს".

ყველაფერში ორიგინალური იყო... კრივი მისი ერთ-ერთი გატაცება გახლდათ. ძაღლიც კი ბოქსიორის ჯიშისა შეიძინა და თავისი კერპის, ცნობილი მოკრივე როკი მარჩიანოს სახელი დაარქვა.

ახლა ცოტა სახალისო ამბები ავტორისგანაც, ვინაიდან ძალიან გამიმართლდა, რომ მამაჩემის, დრამატურგ ლევან ჭუბაბრიას მეშვეობით, სრულიად ახალგაზრდას, არცთუ იშვიათად მიწევდა ბატონ რეზოსთან ურთიერთობა...

ცეკვა (ალბომიდან). 1964 წ.

რევაზ თარხან-მოურავს ჰონორარი ჰქონდა ასაღები და თავის მეგობარ გურამ ჭიქაძეს დაურეკა, სთხოვა, ჩემთან ამოდი, მე წავალ, ჰონორარს ავიღებ, დავბრუნდები, შენს ვალსაც მოგცემ და ცოტა მოვულხინოთო. გურამიც დათანხმდა, ავიდა და ელოდება. ათას მანეთამდე ჰქონდა ასაღები რეზოს და გურამიც იმედიანად იყო, ვალს დამიბრუნებს და პატარას დავლევთ კიდევაცო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რეზოც მობრუნდა, გურამს 100 მანეთი მისცა და უთხრა, მაპატიე, მეტი არ დამრჩაო.

- კი მაგრამ, დანარჩენი რა უყავი? - ჰკითხა გურამმა.

- ტაქსით წამოვედი, გზაში ტაქსისტმა ისეთი ამბავი მომიყვა საკუთარ გაჭირვებაზე, რომ შემეცოდა და 800 მანეთი ვაჩუქეო. 100 მანეთით კი პატარ-პატარა ვალები გავისტუმრე, ცოტა სასმელიც ვიყიდე და საჭმელიც, ჩვენ დღეს გვეყოფა, არ ინერვიულოო, - დაამშვიდა მეგობარი.

აი, ასეთი გასაოცარი ადამიანი იყო ბატონი რეზო, სიკეთით სავსე და გულუბრყვილო.

საინტერესო მოსაზრება ჰქონდა პრემიებსა და ჯილდოებზე: "წარმოიდგინე, კიდევ ერთი პრემია მოგანიჭეს. გაცილებენ უკანასკნელ გზაზე, ქუჩაში კატაფალკი მიდის, მუსიკა უკრავს, ხალხი ჩერდება და კითხულობს: ვის ასვენებენ? ვინ არის?" პასუხობენ, პრემიებისა და ორდენების კავალერი - რეზო თარხან-მოურავი". ამ დროს ვიღაც კითხულობს: "ეგ ვიღა არის?"

- ხომ ლამაზი სურათი გამოდის? აჯობებს ამ უკანასკნელ გზაზე ჩემი რომელიმე ნახატი გამატანონ, ამით მაინც შემაფასებენ, ან მოეწონებათ ან არა და ამით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას...

სახელი და დიდება ნაკლებად იზიდავდა. სიმდიდრე არ დაუგროვებია, არც უცდია. მუდამ მუშაობდა. რაც ჰქონდა, ახლობლისთვის და უცნობისთვისაც არ ენანებოდა. ფული და მატერიალური კეთილდღეობა საერთოდ არ აინტერესებდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა ქართველი საზოგადოება. უნივერსიტეტის პროფესურას რექტორის ბრძანებით დაევალა თითო სტუმრის მიღება და გამასპინძლება. დედაჩემს, რუსუდან დოდაშვილს, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს, შეხვდა სტუმარი - ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორი, ძალიან საინტერესო და განათლებული პიროვნება. მამამ ბატონ პეტრე გრუზინსკის სთხოვა სტუმრის სასტუმროდან მანქანით წამოყვანა. რექტორთან ერთად გვეწვივნენ ბატონები: პეტრე გრუზინსკი, კომპოზიტორი შოთა მილორავა, რეზო თარხან-მოურავი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ ჯოჯუა და რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი.

სტუმარი აღფრთოვანდა მასპინძლობით, ბევრი თბილი და ტკბილი სიტყვა ითქვა. გამომშვიდობებისას, მამამ გადაწყვიტა სტუმრისთვის რეზოს უმშვენიერესი ნახატი "ყაბახი" ეჩუქებინა სამახსოვროდ, რომელიც მხატვარმა წლების წინ გვისახსოვრა. ამან კი გამოიწვია დედაჩემის პროტესტი, მაგრამ სტუმარს ხომ არ გააგებინებდა და "მორჩილად" დათანხმდა. როცა სტუმარს აუხსნეს, ვისი ნამუშევარი იყო, მან იკითხა: - კი მაგრამ, ავტორი თუა თანახმა, ეს ნახატი ქვეყნის გარეთ აღმოჩნდესო, რაზეც ბატონმა რეზომ ხუმრობით უპასუხა: "რა ენაღვლება ჭუბაბრიას! მძღოლად ბაგრატიონ-გრუზინსკი ჰყავს, კარის მხატვრად კიდევ თარხან-მოურავი. მისი ნებაა, გააჩუქებს თუ არა ნახატს. ჩვენ, როგორც მისი ქვეშევრდომები, იძულებული ვართ, უსიტყვოდ დავემორჩილოთ".

რევაზ თარხან-მოურავი

ამასთან ერთად, ბავშვივით გულუბრყვილო და მიამიტი იყო. ერთ მშვენიერ დღეს მამამ თავის მეგობართან, მსახიობ და რეჟისორ ბიჭიკო ჩხეიძესთან ერთად სასტუმრო "თბილისის" კაფეში წამიყვანა. ახალი შესული ვიყავით, რომ კაფეში ბატონი რეზო შემოვიდა. უჩვეულო ამაში არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ კოსტიუმი ეცვა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჰალსტუხიც ეკეთა. ჩვენკენ გამოემართა, მოვიდა, მოგვესალმა, მოგვეფერა.

- რა მოგივიდა, ასე რატომ ხარ გამოწყობილი?! - ჰკითხეს მეგობრებმა.

- მხატვართა კავშირის მდივნად ამირჩიეს! - უპასუხა რეზომ.

ყველას გაეცინა. უნდა გცოდნოდათ ეს პიროვნება და მართლა უჩვეულო იყო მისი მხატვართა კავშირის მდივნობა. არა იმიტომ, რომ არ ეკუთვნოდა, პირიქით, ძალიან დიდი მხატვარი იყო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, დღეს რატომღაც დაუფასებელია... ერთობ სერიოზული სახით ჩამოჯდა და სუფრაც გაგრძელდა.

ბევრს არ და ალბათ ვერც სვამდა, ცოტა ხანში გრადუსმაც თავისი საქმე გააკეთა, მოიხსნა ჰალსტუხი და კავშირი არცთუ თბილი სიტყვებით მოიხსენია.

რევაზ თარხან-მოურავი (იური მეჩითოვის ფოტო)

გიორგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე: "დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე, რომელსაც ძალიან უხდება თანამედროვე პოსტმოდერნისტების საყვარელი გამოთქმა "კულტურის ელჩი", ანუ მხატვარი, რომელიც თავის შემოქმედებაში არა იმდენად საკუთარი თავის წარმოჩენას, რამდენადაც "სხვა კულტურის" პროპაგანდას ეწევა. დღეს, თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში, რევაზ თარხან-მოურავის მიერ 50-იანი წლების მიწურულს შექმნილი სერია "ქართული ხალხური ცეკვები", "ქართული ხალხური სიმღერები" და "ქართული ხალხური თამაშობანი" აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქმება, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენი ხელოვნება პირველად დაუპირისპირდა სოციალისტური რეალიზმის ფარისევლობას".

...მახსოვს, მეგობრებთან ხშირად უთქვამს რევაზ თარხან-მოურავს: "ადამიანი ალბათ იყო კი არა, არის! რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ ადამიანები არ კვდებიან, არამედ მიდიან! ალბათ ესმით ჩვენი და ჩვენთან ერთად ხარობენ. ბუნება არ შეიძლება ისეთი მფლანგველი იყოს, რომ შექმნას ადამიანი, ამა თუ იმ ნიჭით დააჯილდოოს და მერე ეს ყველაფერი გაქრეს".

ლევან ჭუბაბრია

(ავტორი მადლობას უხდის ქალბატონ მაია ციციშვილსა და ბატონ იური მეჩითოვს მოწოდებული მასალებისთვის) ჟურნალი "ისტორიანი",#108