ვაჩნაძიანი ყველაწმინდის არატიპობრივი ტაძარი - კვირის პალიტრა

ვაჩნაძიანი ყველაწმინდის არატიპობრივი ტაძარი

ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 8 კილომეტრის მანძილზე შუაგულ ტყეში.

კომპლექსი შედგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მთავარი ტაძრისგან, სამეკლესიიანი ბაზილიკისა და სხვადასხვა ნაგებობის ნაშთებისგან.

ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც კომპლექსის დომინანტი ნაგებობაა, ქართული ხელოვნების ისტორიის გარდამავალ ხანას, XIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია, რომელიც არა მარტო ამ ეპოქაში, არამედ მთელი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში შექმნილა. გამორჩეულია იმდენად, რამდენადაც არაერთი ცნობილი მკვლევრის გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა მისი კონკრეტული არქიტექტურული ტიპისთვის მიკუთვნება. ტაძრის სტრუქტურა ერთდროულად მოიცავს კუპელჰალეს ანუ გუმბათიანი დარბაზის, სამეკლესიიანი ბაზილიკისა და ტრიკონქის ტიპების არქიტექტურულ ელემენტებს. როგორც ხშირად აღნიშნავენ, აქ ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად ერწყმის ურთიერთს.

ტაძრის ინტერიერის მთავარი სივრცე აღმოსავლეთ მხარეს არის წაგრძელებული და საკურთხევლის აფსიდით ბოლოვდება. მაღალი გუმბათი შვერილთა ორ წყვილზეა დაფუძნებული. ვაჩნაძიანის ტაძარში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გადასვლა კვადრატიდან გუმბათის წრეზე განხორციელებულია არა ტრომპების (თაღოვანი კონსტრუქცია კონუსის ნაწილის ფორმისა), არამედ აფრების (სამკუთხედის ფორმის სფერული კამარა) საშუალებით. მაგრამ ბოლომდე არც ტრომპია უგულებელყოფილი: იგი გვხვდება დამატებით სადგომებში და აგრეთვე ნავის გვერდის ნიშებში, რომლებიც კონქებითაა გადახურული.

ტაძრის ინტერიერში, სხვა, ადრეული ძეგლებისგან განსხვავებით, სრულად შეცვლილია პროპორციები. სივრცე დავიწროვდა და ამაღლდა, სიგრძივი ღერძიც უფრო მკაფიოდ არის ხაზგასმული. განათების წყაროები მოთავსებულია გუმბათის ყელში, რომელიც აგრეთვე ამაღლდა, საკურთხეველსა და გვერდის კედლებში, იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საკმარისი შუქის შემოსვლას და იმავდროულად, მისტიკური ატმოსფერო შეინარჩუნოს.

მთავარ სივრცეს გარს შემოუყვება სათავსების ორსართულიანი რიგი. მეორე სართულების იატაკის ძირითადი ნაწილი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთით, საკურთხევლის ორივე მხარეს განთავსებულია ტრიკონქის ტიპის დამატებითი სათავსები. მათგან ჩრდილოეთისას გასასვლელი აქვს დასავლეთით მდებარე სწორკუთხა სათავსში, სადაც იყო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. პირველი სართულის გვერდით სათავსებს დასავლეთიდან ორივე მხარეს კიდევ დამატებითი ეკლესია აქვს. ისინი ერთმანეთს ტაძრის მთელ სიგანეზე არსებული ნართექსით უკავშირდებიან, რომელიც კარიბჭეს წარმოადგენს.

სარკმლებისა და თაღების ნალისებური მოხაზულობა ტაძრის სტრუქტურის ადრეულობაზე მეტყველებს. კუთხის უბეების გადაწყვეტა დეკორატიულ იერს ანიჭებს ინტერიერს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია მოგვიანებით, XVI საუკუნეში მოუხატავთ ლევან კახთა მეფის (1520-1574) დროს, თუმცა ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ტაძრის საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ხოლო კონსტრუქციული ნაწილებისთვის - აგური და შირიმი. როგორც შიდა, ისე გარე მასების ცენტრსაც წარმოადგენს გუმბათი, რომელსაც 12 წახნაგი და 4 სარკმელი აქვს. ქვედა კორპუსი გარედანაც რთული სტრუქტურისაა. ცენტრში შუა ეკლესიის ჯვრის მკლავები ოთხივე მხარეს მაღლდება. ამავე ეკლესიის კუთხის ნაწილები გაცილებით ნაკლები სიმაღლისაა და გარშემოსავლელთან საერთო ცალფერდა გადახურვაში ექცევა. ამის გამო შუა ეკლესიის გარე მოცულობა ჯვრის ფორმას იღებს, რომელსაც შედარებით დაბალი გარშემოსავლელი შემოუყვება. ჯვრის მკლავების გაყოლებაზე, ამაღლებულია გარშემოსავლელის ცენტრალური ნაწილებიც და სახურავით სრულდება.

აღმოსავლეთის ფასადს სახასიათო იერს ანიჭებს მთელ სიმაღლეზე აყოლებული სამწახნაგოვანი აფსიდური შვერილი. მის აქეთ-იქით დაბალი ცალფერდა "ფრთებია", რომელთა არეშიც ტრიკონქების აღმოსავლეთი ფასადები სამწახნაგა შვერილების სახით გამოდის. გრძივი ფასადების აღმოსავლეთ მონაკვეთებშიც ვხვდებით ასეთ შვერილებს, რომელთაც ერთგვარი ასიმეტრიულობა შეაქვთ ფასადთა გადაწყვეტაში. დასავლეთით შესასვლელის არე სწორკუთხა შვერილი მოცულობებითაა აღნიშნული; მას ორფერდა გადახურვა ასრულებს.

ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ძლიერად იყო დაზიანებული, ტერიტორია სრულად იყო დაფარული მცენარეული საფარით, ნაგებობას აღენიშნებოდა კონსტრუქციული ბზარები და ზოგიერთი ნაწილი უკვე დაკარგულიც იყო. 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომზადდა ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. აღდგა დაზიანებული ელემენტები, გამაგრდა კონსტრუქცია, შეერთდა ბზარები, შეკეთდა გადახურვა.

ამჟამად ვაჩნაძიანის კომპლექსი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, თუმცა მოქმედი არ არის.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ჟურნალი "ისტორიანი",#108