თბილისის დედაციხე ნარიყალა - კვირის პალიტრა

თბილისის დედაციხე ნარიყალა

თბილისის სილუეტის მკაფიო ელემენტი - ნარიყალა ანუ თბილისის დედაციხე, დედაქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

თავისი აღნაგობითა და მდებარეობით იგი არასდროს რჩება შეუმჩნეველი და მუდმივად იქცევს ყურადღებას. ციხე-კომპლექსის მოხაზულობა თბილისის იერსახის ერთ-ერთი საცნობი და განმასხვავებელი დეტალია, რომელიც გვხვდება ყველა ჩანახატსა თუ მინიატურაში, ძველ ფოტოებსა და ლითოგრაფიებში.

ტოპონიმი ნარიყალა გვიანდელია და უნდა წარმოდგებოდეს "ნარინყალისგან" რაც სპარსულად შიდაციხეს, ციტადელს ნიშნავს. იგი უკვე IV საუკუნეში გვევლინება როგორც მნიშვნელოვანი ციხე, ქალაქის სიმაგრე (ამ დროს მას შურის ციხეს უწოდებდნენ), მონღოლებმა მას "ნარინქალა" (მცირე ციხესიმაგრე) შეარქვეს. სხვადასხვა დროს იგი მოიხსენიება როგორც კალა ანუ თბილისის ციხე და დედაციხე, ხოლო თავის ფუნქციას XIX საუკუნის დასაწყისამდე არ კარგავს.

საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის ძნელბედობის გათვალისწინებით, დედაციხე, როგორც დედაქალაქის უპირველესი, სტრატეგიული და თავდაცვითი ნაგებობა, მრავალჯერ დაინგრა, ასევე მრავალჯერ აღადგინეს თუ გადააკეთეს... ამაზე მისი დღევანდელი სახე მეტყველებს. ყოველმა ეპოქამ დაამჩნია კვალი ნარიყალას, რაც დროთა განმავლობაში სულ უფრო ნათლად ვლინდება, ზოგი შემთხვევით, ზოგიც არქეოლოგიური გათხრებით.

მტკიცე კედლებით ნაგები ციხე-კოშკებითა და ბასტიონებით არის გამაგრებული. ჩვენამდე მოღწეული, ხილული ნაწილი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. სპეციალისტები გამოყოფენ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილ კოშკების ნაშთებს, რომლებიც თლილი, კვადრატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქას შეიძლება უკავშირდებოდეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოვიდა, იგი მტრის უმთავრეს სამიზნე ობიექტად გადაიქცა, ამიტომ მას განსაკუთრებულად იცავდნენ და ამაგრებდნენ.

ერთიან გალავანში მოქცეულ ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა, რომლებიც საჭიროების დროს იღებოდა და იკეტებოდა. იგი აგრეთვე გამაგრებული იყო რამდენიმე ციხით, რომლებიც ისტორიულ წყაროებში სახელდება: დარიჯელი, თაბორი, მეტეხი და კალა ანუ იგივე დედაციხე, რომელიც ჩამოთვლილთაგან უმთავრესი იყო და სხვადასხვა დროს სამეფო რეზიდენციის ფუნქციასაც ითავსებდა. იგი სტრატეგიულად ყოველმხრივ ხელსაყრელ ადგილზეა აგებული, ფლობს გარემოზე ვიზუალურ უპირატესობას და გამოირჩევა მიუდგომელი გეგმარებით.

ნარიყალის ციხე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დამპყრობლის სამიზნე იყო. წყაროების მიხედვით, V საუკუნეში, თბილისში შემოჭრილ სპარსელებს დედაციხეც დაუნგრევიათ, მისი აღება VII საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემაც სცადა და მიუხედავად იმისა, რომ ამას თავისი ლაშქრის დიდი ნაწილი შესწირა, ძალით ვერაფერი დააკლო. დედაციხის ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდი, როდესაც იგი მთლიანად მათ მფლობელობაში გადავიდა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, როცა 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი და არაბთა ამირა განდევნა.

სასტიკად დაარბიეს დედაციხე მონღოლებმაც. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დასახელებაში ახალი და დღემდე ცოცხალი ტოპონიმის შემოსვლა - "ნარინ" მონღოლურად "მცირეს" აღნიშნავს. დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანება ციხეს სასტიკმა დამპყრობელმა თემურ ლენგმა მიაყენა, ფაქტობრივად, იგი მიწასთან გაასწორა. დამპყრობელთა ხელში ნარიყალა კიდევ ერთხელ მოხვდა XVII საუკუნეში, როცა სპარსელები გახდნენ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები, სანამ 1747 წელს იგი მეფე ერეკლე II-მ არ გაათავისუფლა. დედაციხის სამხედრო ისტორიას საბოლოო წერტილი 1795 წელს დაესვა, როცა თბილისში შემოჭრილმა აღა-მაჰმად ხანმა ქალაქი ააოხრა. მოგვიანებით, 1801 წლის შემდეგ, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა მიიერთა, ქალაქს ახალ რეალობასთან მოუწია შეგუებამ, ყოველგვარმა გალავანმა და ციხესიმაგრემ, მათ შორის ნარიყალამაც, ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად დარჩა.

ციხე-კომპლექსის პირველი საფუძვლიანი გათხრები 1966 წელს დაიწყო და მაშინვე გამოვლინდა საყურადღებო დეტალები, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდეს ძეგლისადმი ინტერესი. მათ შორის ყველაზე საინტერესო და მასშტაბურია მოზრდილი ტაძრის ნაშთები, რომლის სხვადასხვა დეტალზე შემორჩენილმა ჩუქურთმის ფრაგმენტებმა ტაძრის თარიღი მაშინვე საცნობი გახადა და იგი XIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნა.

ფრაგმენტების სტილისტიკური ანალიზით, სხვა დათარიღებულ ძეგლებთან შედარების საფუძველზე, ცხადი გახდა მსგავსება მეტეხის ტაძრის ჩუქურთმებთან და გაჩნდა ვარაუდიც, რომ ეს ორი ტაძარი შესაძლებელია თანადროულად აეგოთ დემეტრე თავდადებულის მეფობის ხანაში. მშენებლობის ტექნიკამ და გამოყენებული მასალის დამუშავების სტილმა სწორედ ამ პერიოდზე მიუთითა. გამოვლინდა იატაკი და აგურის სვეტები, აგრეთვე ჩამონაყარი მასალა, რომელიც საცნაურს ხდის ზოგიერთ დეტალს გუმბათის გადახურვის შესახებ. და ყველაზე მნიშვნელოვანი: ერთ-ერთ სვეტზე შემორჩენილი მცირე ნაშთის მიხედვით დადგინდა, რომ ტაძარი მოხატულიც ყოფილა.

აღმოჩენილი მასალის ისტორიულ საბუთებთან შედარებით ირკვევა, რომ რაღაც დროის განმავლობაში ტაძარი არ იყო მოქმედი. ჩანს, სხვადასხვა დროს ჯერ აბანოდ, ხოლო მოგვიანებით თოფის წამლის საწყობად გადაუკეთებიათ, რომელსაც 1827 წელს მეხი დასცემია და აფეთქებულა. ვახუშტი ბატონიშვილზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დედაციხის კარის ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელობის უნდა ყოფილიყო, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ტაძარი XIII საუკუნემდეც მდგარიყო, რასაც ნარიყალის კომპლექსის სიძველე და ზოგიერთი ნივთიერი მტკიცებულებაც ადასტურებს. 1990-იან წლებში ტაძარს სამშენებლო ეპოქის მხატვრული სახის გათვალისწინებითა და თანამედროვე სარესტავრაციო კანონების დაცვით, არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ხელმძღვანელობით რესტავრაცია გაუკეთდა.

დედაციხეზე სხვადასხვა დროს წარმართული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, აღმოჩენილია არაერთი ნივთი, რომლებიც განვითარების ხაზის უწყვეტობაზე მიუთითებს. აგრეთვე გამოკვეთს მრავალმხრივ კულტურულ კავშირებს, გვხვდება სხვადასხვა ტიპისა და პერიოდის უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის ნაშთი.

ელისაბედ რეხვიაშვილი

თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი ჟურნალი "ისტორიანი", #54