"ერ­თხელ რე­ზო ჩხე­ი­ძეს უთხ­რეს, - "რა­ი­კო­მის მდი­ვანს" რა­ტომ იღე­ბო, - იმი­ტომ, რომ გო­დერ­ძი ჩო­ხელ­მა და თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა ეს ფილ­მი არა­სო­დეს გა­და­ი­ღო­ნო" - კვირის პალიტრა

"ერ­თხელ რე­ზო ჩხე­ი­ძეს უთხ­რეს, - "რა­ი­კო­მის მდი­ვანს" რა­ტომ იღე­ბო, - იმი­ტომ, რომ გო­დერ­ძი ჩო­ხელ­მა და თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა ეს ფილ­მი არა­სო­დეს გა­და­ი­ღო­ნო"

ქართული კინოს საგანძურში შესული ფილმები "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "ნერგები", "დონ კიხოტი" და კიდევ ბევრი სხვა ერთი სიცოცხლეა - სიცოცხლე კინოფილმებით განვლილი. ამ ფილმებით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა... ჩვენც გვიყვარს, გვეამაყება, დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. ამაზე დიდი წარმატება რეჟისორისთვის არ არსებობს...

ის ძალიან დიდხანს ემსახურა ქართულ კინოს. ბოლო ხანსაც ყველას ეგონა, ახალი ფილმის გადაღებას კიდევ მოასწრებდა. ხუმრობა ხომ არ არის, ფლობდე ამდენ ინფორმაციას, იყო იმ ეპოქის თვითმხილველი, რომელსაც უკვე წარსული ჰქვია, გასული საუკუნის კუთვნილებადაა მიჩნეული... თვითმხილველი კი არა და - მონაწილე! ისტორიის ერთგვარი შემქმნელი!

რეზო ჩხეიძე - ქართული კინოს ლეგენდა...

როცა ერთხელ რეზო ჩხეიძეს საყვედურით უთხრეს, - რაიკომის მდივანს რატომ იღებო, მან უპასუხა: მე იმიტომ ვიღებ, რომ გოდერძი ჩოხელმა და თემურ ბაბლუანმა ეს ფილმი არასოდეს გადაიღონო...

ის არ იყო მარტივი კაცი, არც მისი ცხოვრება ყოფილა მარტივი და ცალსახად გასაშიფრი. თვითონ თითქოს რამდენიმე მესიჯი გამოჰქონდა განვლილი ცხოვრებიდან და დანარჩენი შენ უნდა წარმოგედგინა, მართლად დაგენახა, თუნდაც ფანტაზიით შეგექმნა... არ იყო გრძნობებზე მეტყველი კაცი, არც ძალიან გულახდილი. ბევრი რამ ჰქონდა საკუთარ თავში ჩატრიალებული და სამუდამოდ შენახული.

- როცა კინოს იღებ, ქვეყანას სულ სხვა თვალით უყურებ... ის ადგილი, სადაც გადაღება გაქვს დაგეგმილი, ძალიან კარგად უნდა გაიცნო. იქაური ხალხი, იქაური ბუნება გაითავისო. ასე უფრო უახლოვდები და ერწყმი გარემოს. კინემატოგრაფისტის ბუნება ასეთია, ყველაფერს ზედმიწევნით უნდა იცნობდე. ამან თავისი კვალი დატოვა ჩემზე...

ბაღდათთან ახლოს არის სოფელი ტაბაკანი. იქ ჩვენი საგვარეულო ეკლესია და სასაფლაოა. მახსოვს, ბავშვობაში მშობლებმა წამიყვანეს ტაბაკანში. მეორედ იქ 1956 წელს ჩავედი, "ჩვენი ეზოს" ეპიზოდებს ვიღებდი... სამწუხაროა, კარგა ხანია, აღარ ვყოფილვარ.

მამაჩემი დავით ჩხეიძე (ფსევდონიმით დია ჩიანელი), მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. ამავე დროს პედაგოგიც იყო, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

მე ქუთაისში ვარ დაბადებული. ხუთი კლასი იქ დავამთავრე.

ჩვენი ოჯახი ლიტერატურულ-თეატრალურ სალონს ჰგავდა. ვის არ ნახავდით ჩვენთან, მთელი ქართული ინტელიგენცია თავს იყრიდა ჩვენს ოჯახში.

მამა 1937 წელს დააპატიმრეს, სახლიდან გამოგვყარეს. მამა ციხიდან წერილებს გვწერდა თუთუნის შესახვევ ძალიან პატარა და თხელ ქაღალდებზე. ეს წერილები ერთ ქალბატონს გამოჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ. მამა გვწერდა ყველას: დედას, ჩემს დებს, მე... მაგრამ ძირითადად ჩემზე წერდა. არ ვიცი იმიტომ, რომ ბიჭი ვიყავი, თუ იმიტომ, რომ უმცროსი ვიყავი. დედას სწერდა: რეზოს სახელს თქვენ გაბარებთო. ამ მსხვერპლად შეწირული კაცის სიტყვამ თავისი ქნა. ვცდილობდი და ვცდილობ, ქრისტიანი ვიყო, თუმცა მისგან ჯერ კიდევ შორს ვდგავარ. ამას არ ვამბობ მოკრძალების გამო. სრული შეგნებით გეუბნებით. მე ამ გზის დასაწყისში თუ ვდგავარ. ქრისტიანობა ძალიან რთულია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

ბავშვობაში დედას მიკედლებული ვიყავი. ამის გამო ბაღშიც არ ვიარე... დედა 1996 წელს გარდამეცვალა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, ერთხელ არ ამიწევია ხმისთვის მასთან საუბრისას. არც შევკამათებივარ, არც სიტყვა შემიბრუნებია.

ერთი დოკუმენტური ფილმია ჩემზე გადაღებული, იქ ამბობს დედაჩემი, - რეზოს ადრე ვერ ვიშორებდი, ისე იყო მოკედლებული ჩემზე და ახლა ვეღარ ვპოულობ, სულ წასულიაო... დედა არაჩვეულებრივი ქალი იყო. მამა რომ დააპატიმრეს და მიჰყავდათ, საფულე ამოიღო, იქ სულ 26 მანეთი ედო, ის დაუტოვა დედას, მეტი ვერაფერი... დედამ სამივე შვილი გაგვზარდა, ფეხზე დაგვაყენა. ამას ვერასოდეს დავივიწყებ.

კომუნისტურ სისტემაში ბევრი რამ დარჩებოდა გაუგებარი, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალხი სხვანაირად ფიქრობდა და არა ისე, როგორც ამას პარტია მოითხოვდა. უამისოდ ვერც ერთ რეალობას, რომელიც კომუნისტურ რეჟიმში იყო, ვერ გაიგებთ. გიამბობთ ერთ ეპიზოდს: ჩავედი მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გამოცდის ჩასაბარებლად. ვავსებ ანკეტას. სოციალური წარმოშობის გრაფაში ჩავწერე "თავადური". მერე იყო მშობლების საქმიანობის ჩასაწერი გრაფა. დავწერე: მამა რეპრესირებულია 1937 წელს, დედა მუშაობს ბიბლიოთეკაში. მეორე დღეს მითხრეს, დეკანი გიბარებსო. სულ არ ვიცნობდი, ვინ იყო, პირველად ვნახე. მითხრა, - ერთი კარი მოხურეო. მივხურე. დეკანმა დაიწყო: შენ, ქართველო, ნორმალური თუ ხარ, ეს რა დაწერე, ამით ვინ მიგიღებს ინსტიტუტშიო? რომ წერ, თავადური წარმოშობისა ვარო, ახლავე ჩაწერე: მოსამსახურეთა ოჯახიდან! მამა დაპატიმრებულიაო... ვინ გეკითხება ამას, ვინ იცის მოსკოვში ეს? დაწერე მამის პროფესიაც და დედის პროფესიაცო. განცხადება უცნობი რუსი ადამიანის ხელშეწყობით გადავწერე. არადა, როგორც დეკანს, შეეძლო შევერისხე. ის ფრონტიდან იყო დაბრუნებული, სამხედრო ფორმა ეცვა, გულზე ორდენები ეკეთა. სახელმწიფოს წარმოადგენდა. იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესები დაეცვა, მე დამიცვა. ასეთი რამ ხშირად შემხვედრია.

ქვეყანა დაყოფილი იყო შრეებად. ამ დაყოფამ გამოიწვია საბოლოოდ კომუნისტების კრახი. ძნელი დასაჯერებელია, რასაც ახლა გეტყვით: მამა რომ წაიყვანეს, ჩვენთან შინსახკომელი მოვიდა ავეჯის ასაწერად. ოთახში როიალი გვედგა. რომ შემოვიდა, ჩვენთვის არც შემოუხედავს, ვითომ კედლებს ათვალიერებდა. თან ამბობდა: ნათესავი ან მეზობელი არავინ გყავთ, ეს როიალი გაიტანეთო. მართლაც გავიტანეთ. მერე როცა ძალიან გაგვიჭირდა, გავყიდეთ და იმ როიალის ფულით ერთი წელიწადი ვირჩენდით თავს.

საქართველოში ცეკას მდივანსაც კი ყოველთვის ჰქონდა მეორე მხარე - ადამიანური.

უკვე რეჟისორი ვიყავი, რომ მკითხავდნენ, ვისი შვილი ხარ, შვილოო და ვეტყოდი, დავითისო, ყველა კარი იღებოდა ჩემ წინ. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ჩვენი თაობის ინტელიგენცია სულ რეპრესირებული ოჯახის შვილები გახლდათ. ხალხმა შეინახა ისინი.

რუსეთშიც კი ბევრ განყოფილებაში ისხდნენ ისეთები, რომელთაც სწორედ თვითმყოფადი, ეროვნული მოსწონდათ. გვეუბნებოდნენ: გადაიღეთ, ფული იქნებაო. ეს არ იყო ვინმესადმი პიროვნულად გამოცხადებული სიმპათია. ეს იყო მათი სურვილიც.

"ჯარისკაცის მამის" გადაღების იდეა სცენარისტ სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. მე და სულიკო ერთმანეთს მოსკოვიდან ვიცნობდით, სადაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდით. ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიაში ვიყავი. მაშინ "ზღვის ბილიკს" ვიღებდი, რომელშიც სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. გადაღებების დასრულების შემდეგ ხალხი იკრიბებოდა და საუბრობდნენ. სულიკო ჟღენტიც იქ იყო. შევამჩნიე, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა, მაგრამ დიდად არ დავკვირვებივარ. მითხრა, ბათუმში მივდივარ და შენთან ერთი რაღაც მაქვს სათქმელიო. გვერდით გამიყვანა და ფურცლები მომაწოდა. თან დამავალა, რომ იმ დღესვე წამეკითხა და პასუხი მეთქვა. ეს იყო მისი მომავალი სცენარის ჩანაფიქრი.

კინოსტუდიიდან რომ გამოვედი, ტრამვაიში ჩავჯექი და თან სცენარის ფურცვლა დავიწყე. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო და სათაური ჰქონდა "ჯარისკაცის მამა". მაშინვე მომეწონა.

მეორე დღეს სერგოს ვუამბე, სულიკო ჟღენტმა სცენარი გადმომცა, წავიკითხე და მგონია, რომ აქედან რაღაც დიდი ნაწარმოების გაკეთება შეიძლება მეთქი. სცენარი მოკლედ მოვუყევი. რაც მეტს ვუყვებოდი, ვატყობდი, როგორ ეცვლებოდა სახე და უფრო და უფრო ინტერესდებოდა, გრიმიორ ქალსაც ნაკლებ შენიშვნას აძლევდა. როცა სცენარის თხრობა დავამთავრე, აღტაცებით თქვა: "ბიჭო, რა კარგი რამეა!" სერგო ატირდა, მეც ავტირდი და გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გადაგვეღო.

ნახევარი წელიწადი სცენარზე ვმუშაობდით. მერე კი დაიწყო ბრძოლა მის დასადგმელად, რადგან კინოსტუდიას არაფრით არ უნდოდა, გადაღებები დაგვეწყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია.

"ჯარისკაცის მამამ" თავისი მისია შეასრულა... ამდენი წელიწადი გავიდა და ხალხს ისევ უყვარს. 2013 წლის 7 მაისს მოსკოვში ფერადი "ჯარისკაცის მამის" პრემიერა შედგა, 9 მაისს კი - თბილისში. თანაც, ჩემი სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაემთხვა.

მარტო ის რომ გიამბოთ, რამდენჯერ რა ფილმზე რა წინააღმდეგობის დაძლევა მიხდებოდა, ათი სტატია არ ეყოფა.

პოლიტიკის თვალსაზრისით, ზეწოლა "მოსფილმსა" და "ლენფილმზე" უფრო იყო, ვიდრე "ქართულ ფილმზე". ჩვენ გვერიდებოდნენ. ქართული ინტელიგენციისა მათ უფრო ეშინოდათ. მოსკოვში ჩემს დანახვაზე იტყოდნენ: Вот приехал грузинский танк! ამით ჩემს პიროვნულ თვისებებს კი არ აღნიშნავდნენ... იცოდნენ, რომ საქართველოსთვის ბევრის დათმობა მოუხდებოდათ.

ალბათ გინახავთ რეზო ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება". ეს სურათი "ლენფილმშია" გადაღებული. გასცეს ბრძანება, დაწვითო. ერთ ღამეს რეზო ესაძემ დამირეკა ლენინგრადიდან: ასეა ჩემი საქმე, რა ვქნაო. ვუთხარი, ახლავე ჩამოდი-მეთქი. როგორ ჩამოვიდე, გზის ფული მე არ მაქვს, ფილმი ჩაკეტილია, არ მატანენო. გამოგიგზავნი გზის ფულს, სურათი მოიპარე და ჩამოდი-მეთქი. ასეც მოიქცა. ფილმი რომ ვნახე საქართველოში, წავედი მოსკოვში, კინემატოგრაფიის მინისტრ ერმაშს ვკითხე, რატომ არ უშვებთ ამ ფილმს, რა არის აქ ანტისაბჭოთა მეთქი. იცი, რას გეტყვიო... თუ გაბედავ ტიტრებში "ქართული ფილმის" დაწერას, მაშინ გაუშვიო.

ცხადია, გავბედე. პარადოქსია, მაგრამ საქართველოს ერიდებოდნენ და პატივს სცემდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან ქალბატონი გვესტუმრა. ვმსჯელობთ, რა გადავიღოთ... ჩვენ ერთს ვეუბნებით, ის მეორეს გვეუბნება. ბოლოს გვეკითხება: თქვენ "დათა თუთაშხია" წაკითხული გაქვთო? გაგვიკვირდა, ამ რომანის დაბეჭდვა ის-ის იყო დაიწყო ჟურნალ "ცისკარში". ორიოდე ნაწყვეტი დაიბეჭდა ერთ რუსულ ჟურნალშიც. ჩვენ გთავაზობთ "დათა თუთაშხიას" გადაღებასო... ეს გვითხრა რუსმა და რა დროს! ასე რომ, რუსები აკვირდებოდნენ და პატივს სცემდნენ ქართულ კულტურას. რუსულმა ინტელიგენციამ ყოველთვის იცოდა ჩვენი ფასი.

რეჟისორობა მძიმე პროფესიაა...

გადაღებაზე მოუმზადებელი არასდროს წავსულვარ. ვმუშაობდი გაუთავებლად. სცენარის უამრავ ვარიანტს ვამზადებდი. ვერც ახლა ვგრძნობ, რომ დავბერდი და აღარ შემიძლია. ერთხელ მიშა ჭიაურელმა მითხრა, გადაღების წერტილის შერჩევისას მიწაზე დაწოლა და მაღლა ასვლა რომ შეგეზარება, შვილო, მაშინ უნდა დაანებო თავი რეჟისორობასო. მე ჯერ არ მიგრძნია, რომ მიწაზე დაწოლა და მაღლა ასვლა დამზარებოდეს...

ერთი კი არის, ასაკს მე კი არა, ფაუსტმაც ვერ აჯობა... ძალიან ბევრი წლისა ვარ. ასაკთან ერთად სევდაც მატულობს. კიდევაც რომ გამიხარდეს რამე, ბოლოს სევდაში გადადის ყველაფერი.

ერთ ათონელ მამას უთქვამს: არის ბუზი, რომელიც დაფრინავს ქვეყანაზე, ყოველგვარ სიბინძურეს შეკრებს და მოგიტანს; არის ფუტკარი, რომელიც იქვე დაფრინავს და ნექტარს აგროვებსო. ამაში დიდი სიბრძნეა. ადამიანმა სილამაზე უნდა ეძებოს, ეს სევდაზე ძლიერიც იქნება.

იხილეთ ასევე: "ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!" - როგორ იღებდნენ "ჯარისკაცის მამას" და როგორ გადარჩა ფილმი დაჩეხვას

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი", #54