პირველი მკვლელობა - კვირის პალიტრა

პირველი მკვლელობა

ერთ-ერთი პირველი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში - ასე შეაფასა ესპანელ არქეოლოგთა ჯგუფმა ესპანეთის ჩრდილოეთში სიმა-დე-ლოს-უესოსის სამარხში ნაპოვნი ერთ-ერთი თავის ქალის ძვლების გამოკვლევის შედეგი.

სიმა-დე-ლოს-უესოსის სამარხი (ძვლების ხეობა) XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. 430 ათასი წლის წინანდელ საძვალეში 28 ადამიანის ნაშთი იპოვეს. მეცნიერთა აზრით, იგი ნეანდერტალელებისა უნდა იყოს. მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ნოემი სალასი ხელმძღვანელობს, დაასკვნა, რომ მათგან ერთი მოკლულია. ამაზე მიუთითებს ორი ღრმა ნახვრეტი თავის ქალაში, რომელიც წვეტიანი იარაღით მიაყენეს. სავარაუდოდ, შუბით ან ქვის ჩაქუჩით.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაღუპული ასეთ ჭრილობებს შემთხვევით ვერ მიიღებდა. მაგალითად, ვარდნისას. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უძველეს ადამიანს ეს დაზიანებები მკვლელობის მიზნით, რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენეს.

მეცნიერთა აზრით, მკვლელი მემარჯვენე იყო, რადგან გარდაცვლილს იარები თავის მარცხენა ნაწილში აქვს მიყენებული. დარტყმები მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. თავის ქალის ძვლებზე არ არის შეხორცების კვალი, რომელიც რჩება მაშინ, როდესაც ადამიანი დაჭრის შემდეგ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ ცოცხლობს.

სპეციალისტთა თქმით, აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მკვლელობაზე მოწმობს და ამტკიცებს, რომ ძალადობა პრეისტორიული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მკვლევართა დასკვნით, ეს ჭრილობები ნიშნავს, რომ Homo-ს უძველეს წარმომადგენლებს ისევე შეეძლოთ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, როგორც ახლა.

სიმა-დე-ლოს-უესოსის სამარხში ნაპოვნი თავის ქალა არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომ მკვლელობა უძველეს დროშიც ხდებოდა.

ერაყის ქურთისტანში შანიდარას გამოქვაბულში მიკვლეული ნეანდერტალელიც ადამიანის აგრესიის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეს იყო გაცილებით გვიან, დაახლოებით 50-70 ათასი წლის წინ.

მომზადებულია

journals.plos.org-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#55