ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია - კვირის პალიტრა

ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია

სამშობლოში დაბრუნებული ივანე კვაჭაძე 13-წლიან ჩეკისტურ წნეხს შემთხვევით გადაურჩა

სახელოვანი მეცნიერისა და მამულიშვილის, ივანე კვაჭაძის ცხოვრება დრამატულად წარიმართა. ბავშვობიდანვე ცოდნის დაუფლებისადმი სწრაფვამ განაპირობა გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიეღო. ივანე კვაჭაძე გახდა პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი დოქტორი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. საქართველოში მოულოდნელად დაბრუნების შემდეგ (რამდენჯერმე ბეწვზე გადაურჩა ჩეკისტთა რეპრესიებს) პირველმა დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები და ამ განხრით საქართველოში პირველი დოქტორი გახდა...

ივანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორაგვეში დაიბადა 1898 წლის 15 ივლისს. მთის სოფელში ძირითადად სამი გვარი სახლობდა - კვაჭაძე, ურუშაძე და ბურძგლა, ყველანი ერთმანეთის მონათესავე და ახლობლები, შრომისმოყვარე და დღემდე ერთმანეთის თანამდგომი ხალხი. სახლის პატრონი სადმე რომ მიდიოდა, კარსაც არ გამოხურავდა, უბრალოდ, მეზობელს გადასძახებდა, მიუგდე კარსო (ყურადღება მიაქციეო). სოფელს მხოლოდ დაწყებითი სკოლა ჰქონდა და ბავშვები სწავლის გასაგრძელებლად ლანჩხუთში ჩადიოდნენ, შვიდკილომეტრიან გზაზე ფეხშიშველი მიდიოდნენ, ფეხსაცმელი რომ არ გაცვეთოდათ და სკოლაში მისვლისას იცვამდნენ.

ორაგვეში დიმიტრი კვაჭაძის ოჯახს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ნასწავლი ხალხიაო, ასე იტყოდნენ. ივანეს მამა, დიმიტრი კვაჭაძე სახელმწიფო მოსამსახურე იყო ქალაქ ტრაპიზონში. ფლობდა რუსულ და თურქულ ენებს. სოფელში რუსულის ერთადერთი მცოდნე ყოფილა და თანასოფლელები სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ე.წ. პრაშენიეს შესადგენად მასთან მიდიოდნენ. იგი სრულიად ახალგაზრდა, ტრაგიკულად დაღუპულა. მეზობლის ნადზე მისახმარებლად მისულს, სახურავზე ფეხი დასცდენია და გადმოვარდნილა (მეუღლეს უთქვამს, მეზობელი სახლს აშენებს და მიეხმარე, თორემ ხომ იცი, იტყვიან, ნასწავლი კაცია და არ გვკადრულობსო). ოჯახის სიმძიმე დედას, ესმა აფხაზავას დააწვა. მან ექვსი შვილი აღზარდა, ხუთმა უმაღლესი განათლება მიიღო (ერთ-ერთმა ძმამ ვერ მოასწრო სწავლის დასრულება, მეორე მსოფლიო ომს შეეწირა).

დიმიტრი კვაჭაძის ერთი ძმა, სიმონი, მღვდელი ყოფილა, ხოლო მეორე ძმა, ელისე - დიაკვანი და იმ ეზოში, სადაც კვაჭაძეები სახლობდნენ, საკუთარი ეკლესიაც ჰქონიათ. სწორედ სიმონს უსწავლებია პატარა ივანესთვის ლათინური ანბანი. რევოლუციის შემდგომ წლებში მათი ეკლესია გაუძარცვავთ და დაუნგრევიათ. მხოლოდ საეკლესიო ზარი შემორჩენია ოჯახს რელიკვიად. საშუალო განათლება ივანე კვაჭაძემ თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო. სიმონს შვილები არ ჰყოლია და ძმისშვილებს მეურვეობდა, ივანე და ევგენი სასულიერო სემინარიაში მიაბარა სასწავლებლად. მათი მასწავლებელი ყოფილა გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი. ივანე მოწიწებით იხსენებდა - თეთრწვერა მოხუცი სპეტაკი იერით წმიდანს მოგაგონებდაო.

კვაჭაძეები, რომელთა ოჯახის ქალებიც ეკლესიის მსახურები იყვნენ, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ამას მალავდნენ და ანკეტის სოციალურ გრაფაში ასე აღნიშნავდნენ - მოსამსახურე ან გლეხი. ივანე კვაჭაძე 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ლანჩხუთის საშუალო სკოლაში, მისი მოსწავლე ყოფილა ენათმეცნიერი ლეო კვაჭაძე. 1924 წლიდან ბათუმში ხელმძღვანელობდა მთავარ პოლიტგანის სასკოლო განყოფილებას. 1925 წელს სწავლის გასაგრძელებლად, სტამბოლის გავლით, არალეგალურად გაემგზავრა საფრანგეთში. სამშობლოს უეცარი დატოვება სხვა მიზეზითაც იყო ნაკარნახევი. 1918-1921 წლებში გვარდიის ოფიცერი ივანე კვაჭაძე, ჩაბმული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ქვეყნის ტრაგიკული ბედით შეჭირვებულმა, მრავალთა მსგავსად, სამშობლო დატოვა. ჩავიდა ლიონსა და მარსელში, ხოლო შემდგომ პარიზში. ნავსადგურში შეხვედრია ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი, პარიზის მხატვრულ ცხოვრებას ნაზიარები და გამოცდილებით გამდიდრებული, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა. პარიზში ივანე ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ კათოლიკურ უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს, სადაც შეისწავლა რომანისტიკა და პედაგოგიკურ მეცნიერებათა ციკლი ცნობილი სწავლულის, პროფესორ ანრი ვალონის ხელმძღვანელობით. აქვე დატოვეს დოქტორანტურაში. სადოქტორო დისერტაციის ბრწყინვალედ დაცვის შედეგად მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

სოფელი ორაგვე

ივანე კვაჭაძე პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი დოქტორია ფილოსოფიურ თეოლოგიაში. მის ფრანგულენოვან ნაშრომს პიროვნების ავტორიტეტის შესახებ, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოებრიობა არ იცნობს. უცხოეთში ყოფნისას მან დაასრულა აგრეთვე პარიზის სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯი, კვლავ დატოვეს დისერტაციაზე სამუშაოდ, რომლის საჯაროდ დაცვის შედეგად, 1933 წელს, ამ სასწავლებლის უმაღლესი დიპლომი მიენიჭა. სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შემდგომ ივანე კვაჭაძე კათედრის გამგედ უნდა გაეგზავნათ ალჟირის უნივერსიტეტში. მის წინაშე საკმაოდ კარგი პერსპექტივა იშლებოდა, მაგრამ ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულმა სძლია და 1935 წელს საქართველოში დაბრუნდა.

წლების განმავლობაში ივანე კვაჭაძე კა-გე-ბეს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი ქალიშვილი მადონა კვაჭაძე იხსენებს, როგორ ელოდებოდა ყოველდღე ქუჩის კუთხეში გალიფეს შარვლიანი ჩეკისტი უნივერსიტეტში მიმავალ ლექტორს, შემდგომ კი შინისკენ მომავალსაც უთვალთვალებდა.

უცხოეთიდან მან წამოიღო მისთვის ერთადერთი ფასეულობა - ბუკინისტური წიგნები, მათ შორის არაერთი რარიტეტი, ქართველოლოგ მორის ბრიერის ნაჩუქარი უნიკალური გამოცემა, არქანჯელო ლამბერტის "მოგზაურობა კოლხეთში", გამოცემული 1654 წელს ნეაპოლში. ერთი პერიოდი იგი ვატიკანში ყოფილა დაცული, წიგნი შემკულია მხატვარ კასტელის გრაფიკული ორიგინალებით. აგრეთვე ფრანგულ, გერმანულ, ლათინურ და რუსულ ენებზე გამოცემული ბიბლია და სხვ.

ემიგრანტის დაბრუნება, ისევე როგორც გამგზავრება, სრულიად მოულოდნელი გახლდათ. მისი მეუღლე ტერეზა იმხანად ბათუმში ყოფილა ჩასული, შემთხვევით ქუჩაში ყური მოუკრავს, ნავსადგურში უცხოური გემი ჩამოდგაო. მრავალი ცნობისმოყვარე იქით მიეშურებოდა და ტერეზაც მათ კვალს მიჰყოლია. უეცრად მეზობლის ქალის ხმა შემოესმა თურმე, - ტერეზა, აგერ არის ვანიჩკა გემზეო. მეზობელს ეგონა, რომ ტერეზა მეუღლის დასახვედრად იყო გასული ნავსადგურში. ადვილი წარმოსადგენია განცდა, რომელიც ათი წლის უნახავ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს დაეუფლებოდა. წამოზრდილმა შვილებმა კი, ფაქტობრივად, პირველად ნახეს მამა.

საქართველოში სწორედ იმ დროს მწიფდებოდა რეპრესიების ტალღა. ცნობილ პარტიულ მოღვაწე აბელ ენუქიძეს რჩევა მიუცია, საზღვარგარეთ ნამყოფი კაცი ხარ, ზედმეტი ეჭვი რომ არ გამოიწვიო, მაქსიმალურად შეზღუდე პირადი კონტაქტებიო (თავად აბელ ენუქიძე 1937 წელს დახვრიტეს).

საზღვარგარეთიდან ახალდაბრუნებული, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგად მიიწვია უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა კარლო ორაგველიძემ, რომელიც ივანე კვაჭაძის სიყმაწვილისდროინდელი მეგობარი და მისი შვილების ნათლია ყოფილა თავის მეუღლესთან, ზლატა ბრომიკერთან ერთად. თავის დროზე, საქართველოდან უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად ორი ნიჭიერი ახალგაზრდა უნდა გაეგზავნათ თურმე - ივანე კვაჭაძე და კარლო ორაგველიძე. იმხანად ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ამ განზრახვას ხელი შეუშალა, თუმცა ივანემ დამოუკიდებლად მაინც მოახერხა არალეგალურად გამგზავრება. კარლო ორაგველიძის მეუღლე ზლატა ბრომიკერი გახლდათ საბჭოთა კავშირში პირველი დოქტორი ქალი მარქსიზმ-ლენინიზმის დარგში.

ივანე კვაჭაძე (მარცხნივ) ფრანგული ენის კათედრის თანამშრომლებთან ერთად (1962 წ.)

არცთუ დიდი ხნის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. მოულოდნელად დააპატიმრეს ზლატა ბრომიკერი, ამას მოჰყვა ივანე კვაჭაძის სამსახურიდან დათხოვნაც. რექტორის მხრიდან ეს ერთგვარი გათამაშება იყო, ამით თითქოს განარიდა იგი მხედველობის არიდან და ერთგვარად თავიც დაიზღვია, მაგრამ ვითარება სულ უფრო მეტად იძაბებოდა. დააპატიმრეს თვით კარლო ორაგველიძე და უნივერსიტეტის პრორექტორი შურა (ალექსანდრე) სანაძე, რომელიც ივანე კვაჭაძის დეიდაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია ერთი საბედისწერო ფაქტი. იმხანად უნივერსიტეტს ეწვია ფრანგ სწავლულთა დელეგაცია, რომლის წევრებიც ქართველ მეცნიერს საფრანგეთიდან იცნობდნენ. კა-გე-ბეს ჯალათებისთვის ეს საკმარისი მიზეზი იყო ბინძური ბრალდების შესათითხნად, ვითომდაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს დელეგაცია განზრახ მიიწვია ჯაშუშური საქმიანობისთვის. ექიმ-ონკოლოგი ციცო სანაძე იხსენებდა მამას, ალექსანდრე სანაძეს, რომელიც 36 წლის ასაკში დახვრიტეს. ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ცოცხალი გადარჩა, ამბავი გამოიტანა, როგორ წაუწერია სიკვდილმისჯილს საკნის კედელზე თავისი სახელი, გვარი, დახვრეტის წელი და რიცხვი. ათასობით რეპრესირებულთა მსგავსად, მათ ბიოგრაფიაშიც აისახა ქვეყნის ტრაგიკული ბედი და მათი ასავალ-დასავალი დღემდე არავინ იცის.

ამგვარ ვითარებაში არცთუ უსაფრთხო იყო ივანე კვაჭაძისთვის ემიგრანტის იარლიყით ცხოვრება და კა-გე-ბეს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. წლების განმავლობაში იბარებდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დასაკითხად. შეკითხვები იყო მუდამ ერთი და იგივე (ამოწმებდნენ, ერთი და იგივე იქნებოდა თუ არა პასუხები) - რატომ შეისწავლეთ ფრანგული და ლათინური ენები, რატომ წახვედით სასწავლებლად უცხოეთში, რატომ არ განაგრძეთ სწავლა მოსკოვის, ლენინგრადის ან ყაზანის უნივერსიტეტებში? პასუხად მუდამ ერთსა და იმავეს იღებდნენ, რომ მას სიყრმიდანვე ჰქონდა დიდი სურვილი, მიეღო ევროპული განათლება და ამან განაპირობა სამშობლოდან გამგზავრება.

ივანე კვაჭაძის ქალიშვილი, ქირურგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი ლიანა კვაჭაძე იხსენებს ხელებში თავჩარგულ მამას, რომელსაც სასოწარკვეთით აღმოხდებოდა - სენაში უნდა გადავვარდეო. გონებაარეული, მტკვრის ნაცვლად პარიზის სენას ახსენებდა. ამგვარი შფოთვის მიზეზი ოჯახმა არ იცოდა, ვინაიდან ჩეკისტები მკაცრად აფრთხილებდნენ, დაკითხვების თაობაზე არავის არაფერი სცოდნოდა. ვერც მეუღლე მიმხვდარიყო მისი ამგვარი დადარდიანების მიზეზს, ბოლოს ეჭვმა შეიპყრო, ეგებ საფრანგეთში მეორე ოჯახი ჰყავსო. მეუღლისთვის უთქვამს კიდეც - შენ თუ იქ თავს უკეთ გრძნობ, შეგიძლია კვლავ არალეგალურად საფრანგეთს გაემგზავროო. სინამდვილეში კი მიზეზი სულ სხვა რამ გახლდათ, რასაც ბოლოს და ბოლოს, ვეღარ გაუძლო და გაანდო კიდეც თავის ახლო მეგობარს, მეუღლის ნათესავს - ცნობილ დასტაქარ დავით ქანთარიას. მან კი ეს საიდუმლო ტერეზას გაუმხილა, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა, - შემზარავი იყო სატვირთო მანქანის ხმა, გვეგონა, ჩვენს წასაყვანად მოვიდნენ, ბარგი მუდამ აკრული გვქონდა გადასახლების მოლოდინშიო.

1947 წელს, ივანე კვაჭაძის საკანდიდატო დისერტაციის დაცვაზე არაოფიციალურ ოპონენტად გამოვიდა ცნობილი მკვლევარი შალვა ნუცუბიძე, რომელმაც აღნიშნა: ივანე კვაჭაძე გახლავთ საერთაშორისო კლასის მეცნიერი, უნიჭიერესი პიროვნება და ყველაფერი, რაც მის შესახებ იცით, ეს არის ცოდნა, რაც გულის ჯიბეში აქვს, ხოლო რაც ზურგზე აქვს მოკიდებული, იმის შესახებ ჯერ თქვენ არაფერი იცითო.

ლიანა კვაჭაძე საგანგებოდ გამოყოფს ერთ გარემოებას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაუსვა უშიშროების კომიტეტში ივანე კვაჭაძის მტანჯველ "ვიზიტებს". სახელოვანი ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი და ივანე კვაჭაძე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს ბატონმა გიორგიმ მეგობარი ცეკაში წარუდგინა პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს, რომელიც ასევე მისი მეგობარი იყო. აუწყა, რა დონის მეცნიერი და პიროვნებაა ივანე კვაჭაძე, შეახსენა ისიც, რომ ტექსტებს ფრანგულ და ლათინურ ენაზე, რომელიც ხელისუფლებას უცხოელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებოდა, სწორედ ივანე ადგენდა და ასწორებდა, და რომ მას დაუმსახურებლად დევნიან და ავიწროებენ. ამ შუამდგომლობის შემდეგ პროფესორ ივანე კვაჭაძის ცამეტწლიანი დევნა და დაკითხვები შეწყდა. ეს 1948 წელს მოხდა.

მუდმივმა სტრესმა ივანე კვაჭაძის ჯანმრთელობა შეარყია და ის 65 წლის ასაკში გარდაიცვალა (1963 წელს). სამგლოვიარო ცერემონიალზე აკადემიკოსმა სიმონ ყაუხჩიშვილმა გამოსათხოვარი სიტყვა ლათინურ ენაზე წარმოთქვა...

1921 წლის ტრაგიკულ ამბებზე ივანე კვაჭაძეს უთუოდ მრავალი რამ ექნებოდა გასახსენებელი და მოსაყოლი, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო გაურბოდა ამგვარ თემებზე ლაპარაკს. მხოლოდ ერთხელ მახსოვს, ბავშვობაში ფანჯრიდან გადამახედა და მითხრა (სტატიის ავტორი ივანე კვაჭაძის შვილიშვილია. - რედაქციის შენიშვნა), აი აქ, ახლანდელი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მიჰყავდათ 20-30-იან წლებში სიკვდილმისჯილები დასახვრეტად, ეს შენობები ადამიანების ძვლებზე დგასო.

მამა და შვილები

მოგვიანებით, როცა სატანური წნეხი ოდნავ შერბილდა, ივანე კვაჭაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღადგინეს, ამჯერად იგი სათავეში ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრას ჩაუდგა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა. სხვადასხვა წლებში აგრეთვე მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტში და ა.ს. პუშკინის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ სამშობლოში დისერტაციის დაცვა ხელმეორედ მოუხდა (1947 წელს საკანდიდატოსი, ხოლო 1962 წელს - სადოქტოროსი), ამჯერად უკვე ფრანგული ენის სწავლების მეთოდურ საკითხებზე. შალვა ნუცუბიძესა და გიორგი ახვლედიანს საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეგობრისთვის რჩევა მიუციათ, თავი დაენებებინა ფილოსოფიისთვის და ფრანგული ენის სწავლების საკითხები დაემუშავებინა. ბაბუას გასცინებია, რას დამაკლებენ, იმდენად უწიგნურები არიან, "ხიხიგოვეკას" ამბობენო (რუსულად XX-3> 25:0. რომაულ X-ს კითხულობდნენ, როგორც რუსულ ასო-ნიშან X-ს). მათ კი ამგვარად მიუმართავთ, - უფალო ივანე, შენ იმ დონის მეცნიერი ხარ, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ფილოსოფოსს გაუმკლავდები, მაგრამ იცოდე, გაგაფუჭებენ კომსომოლებიო. ასე რომ, ოთხჯერ მოუხდა სამეცნიერო ხარისხის მოპოვება - ორჯერ უცხოეთში და ორჯერაც სამშობლოში.

ივანე კვაჭაძემ პირველმა დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები, რაც 1979 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით აღინიშნა. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოსი. ქართულ ენაზე თარგმნა ჟან-ჟაკ რუსოს "ემილი ანუ აღზრდის შესახებ", იან ამოს კომენსკის "დიდი დიდაქტიკა" (დ. ლორთქიფანიძესთან ერთად), კ. დ. უშინსკის რჩეული პედაგოგიური თხზულებანი. დარჩა აგრეთვე გამოუქვეყნებელი ნაშრომები: კომენსკის "დედობრივი სკოლა", სიტყვა "გული" რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" და სხვ.

ივანე კვაჭაძეს, ენციკლოპედიურად განსწავლულ პიროვნებას, ჰქონდა იშვიათი კალიგრაფია, ასევე ჰქონდა მოვლენათა ზუსტი პროგნოზირების უნარი და დახვეწილი იუმორი, მის ფრთიან ფრაზებს დღესაც იგონებენ ახლობლები. მასთან მეგობრობდნენ კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, ილია ვეკუა და სხვანი. ჩვენს ოჯახში ინახება მათგან მოძღვნილი საავტორო ნაშრომები სამახსოვრო წარწერებით.

* * *

ბაბუას თანამეცხედრე და მეგობარი ტერეზა ქანთარია, 23 წლის ასაკში ფაქტობრივად, მარტო დარჩა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილით. იმ ურთულეს დროში, მიუხედავად გაჭირვებისა, არა მარტო გაუძღვა ოჯახს, არამედ ათი წლის განმავლობაში ფულსაც კი უგზავნიდა უცხოეთში მეუღლეს. ბაბუას არქივში დღემდე შემორჩა გზავნილებათა გაცრეცილი ქვითრები ლიონის, მარსელისა და პარიზის მისამართებით. ყოფილი გიმნაზიელი, ხოლო შემდგომ, უნივერსიტეტში ანდრია რაზმაძის სტუდენტი, 30-40-იან წლებში მათემატიკას ასწავლიდა თბილისის #35 და #30 (ყოფილი ვაჟთა მე-19 სკოლა) სკოლებში. იყო დიდად განათლებული, ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. გამოირჩეოდა სულიერი სიმტკიცით. ტერეზა ქანთარიას და ზინაიდა ნოე ჟორდანიას მდივნად მუშაობდა თბილისში. იგი შემთხვევით შეესწრო ტრაგიკულ სურათს, მისმა დეიდაშვილმა თავი მოიკლა მთავრობის სასახლეში. ამ ნიადაგზე სწრაფი ჭლექი განუვითარდა და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ტერეზა ქანთარიამ, როგორც ემიგრანტის მეუღლემ, მრავალი განსაცდელი და ჭირთა თმენა გამოიარა. ერთი ხანობა დაპატიმრებულიც იყო, ბრალად იმასაც უყენებდნენ, რომ საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ფულს უგზავნიდა. დაკითხვას თავად ლავრენტი ბერია ატარებდა თავის კაბინეტში. მაგონდება ბებიას მონაყოლი, როგორ დაუნდობლად დახვრიტა პირადად ბერიამ თავის კაბინეტში ერთ-ერთი ცნობილი პარტიული მოღვაწე (ერიკა ბედია). ბებია ამ დროს დაკითხვაზე იმყოფებოდა და ამ ამაზრზენ სურათს შეესწრო. ბერიასთვის მიუმართავს, ლავრენტი პავლოვიჩ, წარმომავლობით მეც თქვენი კუთხიდან, ძველი სენაკიდან ვარო, ისიც შეუხსენებია, რომ ბერიას მეუღლე, ნინა გეგეჭკორი და იგი, ხაშურის გიმნაზიის თანაკლასელები იყვნენ. ამ გარემოებამ, ჩანს, გაჭრა და ტირანს გული მოულბო, უთქვამს, ამჯერად გაგათავისუფლებ იმ პირობით, თუ ფულს აღარ გააგზავნი საზღვარგარეთო. ასე დაიხსნა თავი ორი შვილის დედამ.

ერთი საგულისხმო ეპიზოდი მკაფიოდ წარმოაჩენს ჯერ კიდევ ყმაწვილი ბერიას ოდიოზურ პიროვნულ ნიშნებს. ბებია იხსენებდა, როგორ აკითხავდა შეყვარებული ბერია თავის სატრფოს გიმნაზიაში ფაეტონით, იზვოზჩიკს მიმართავდა, დამელოდე, მალე დავბრუნდები და ფულსაც გადაგიხდიო. ნინას მეგობრებს "ბომბონერებით" გვიმასპინძლდებოდა, ათასგვარი თავშესაქცევი ამბებით გვართობდა, შემდგომ კი ეზოში გამავალი უკანა კარიდან გაიპარებოდა. გულუბრყვილო მეფაიტონე კი ამაოდ ელოდა თაღლით მგზავრსო.

* * *

წლების წინ, უცხოეთში ივანე კვაჭაძის კვალს მიაგნო ახალგაზრდა ქართველმა თეოლოგმა ვასილ კობახიძემ, რომელიც სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა სტრასბურგში. მან სორბონის არქივებში მოიძია ივანე კვაჭაძის ანკეტური მონაცემები, სადაც აღნიშნული ყოფილა, რომ მას 1935 წელს წარმატებით დაუსრულებია სწავლების კურსი და ბრწყინვალედ დაუცავს სადოქტორო დისერტაციაც.

მარცხნიდან: ლიანა კვაჭაძე, ტერეზა ქანთარია, ივანე და მადონა კვაჭაძეები (1939 წ.)

ვასილ კობახიძე დაინტერესდა ივანე კვაჭაძის პიროვნებით და საქართველოში ჩამოსვლისას მოგვნახა, შინ გვეწვია და ბაბუას არქივს გაეცნო. მანვე მოგვაწოდა პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის ქსეროასლი, სადაც ბაბუა არის მოხსენიებული. ასევე სორბონის უნივერსიტეტის არქივს მიაწოდა სადოქტორო დისერტაციის ასლი, რომელიც იქ არ აღმოჩნდა და რომლის შესახებაც გამოხმაურებას გეგმავენ. ვასილ კობახიძის თაოსნობით მომზადდა სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც ბაბუას უმცროსი თაობის კოლეგები და მეგობრები მონაწილეობდნენ (პროფესორები ლეო კვაჭაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ზურაბ ჭარხალაშვილი, თინათინ თუშმალიშვილი). დამოუკიდებელ კათოლიკურ გაზეთ "საბასთვის" მიცემულ ინტერვიუში დეკანოზი ბასილ კობახიძე საუბრობს, როგორ მიაკვლია თეოლოგ ივანე კვაჭაძის კვალს საფრანგეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავდა ევროპაში განსწავლული სამი თეოლოგი - გრიგოლ ფერაძე, ვიქტორ ნოზაძე და ივანე კვაჭაძე.

შვილიშვილებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით ვიყავით გარემოსილი ბაბუას მხრიდან, ის იყო არა მხოლოდ გრანპაპა (ფრანგულად "ბაბუა"). საოცრად უყვარდა ბუნება და განუყრელი ბინოკლით მშობლიური ხედების ხილვა, სულიერი ენერგიით ავსებდა საუბარი უბრალო გლეხკაცთან. ასეთი დამამახსოვრდა ბაბუა, ფიზიკური და სულიერი ღირსებებით შემკული ევროპული ყაიდის ინტელიგენტი.

დალი კახიანი

პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#55