ქართველი ჯარისკაცის ისტორია - კვირის პალიტრა

ქართველი ჯარისკაცის ისტორია

1921 წელს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა და ქვეყანამ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა.

გასაბჭოებამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი სახელი კი ისტორიაში ჩაიკარგა. გენო ქარუმიძის 98 წლის ქალიშვილი, ქალბატონი მაკო ქარუმიძე დღეს ქალაქ გორში ცხოვრობს. მისი წყალობით გახდა შესაძლებელი თავდადებული ჯარისკაცის ისტორიის აღდგენა.

გენო ლავრენტის ძე ქარუმიძე 1892 წელს დაიბადა ქალაქ გორში, მრავალშვილიან ოჯახში. მამულები მის ოჯახს ქართლის სოფლებში - ხურვალეთსა და თორტიზაში ჰქონდა, თავად კი გორში ცხოვრობდნენ. ქარუმიძეები აზნაურები იყვნენ. მოგვიანებით მათ ოჯახს მამულები ჩამოართვეს. როგორც ქალბატონი მაკო იხსენებს, მცირე მიწის ნაკვეთი დაუტოვეს, სადაც ხორბალი მოჰყავდათ და ოჯახის საარსებოდ ჰყოფნიდათ. გენო ქარუმიძემ გორელ თამარ კვალიაშვილზე იქორწინა. წყვილი ჩუმად გაპარულა სოფელ თორტიზაში და ჯვარი დაუწერიათ. მათ შეეძინათ სამი ქალიშვილი: თინათინი, მაკრინე და ბარბარე. თქვენი მონა-მორჩილი, ამ წერილის ავტორი, თინათინის შვილთაშვილი გახლავართ და სახელიც მის პატივსაცემად დამარქვეს.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ გენო ქარუმიძე თბილისის სამხედრო აკადემიაში შევიდა და სამხედრო კარიერას გაჰყვა. 1921 წელს შტაბს-კაპიტნის წოდება მიანიჭეს. როგორც ქალბატონი მაკო ქარუმიძე იხსენებს, მამა უყოყმანოდ წავიდა ბრძოლის ველზე და ახალგაზრდა ოჯახი დატოვა - მეუღლე სამ პატარა შვილთან ერთად. სამწუხაროდ, შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდა. თავდაპირველად ახალციხეში გაუნაწილებიათ თავის ასეულთან ერთად. მოგვიანებით მოსულა ბრძანება, რომლის თანახმად, ახალციხეში მდგომ ნაწილს სასწრაფოდ იძახებდნენ კოჯორში. ქარუმიძის ასეული ახალციხიდან მატარებლით წამოვიდა და გზად გორში შეჩერდა. ქალბატონი მაკო იხსენებს, მამა ოჯახის სანახავად მოსულა შინ, ამასობაში კი ასეულმა გაასწრო კოჯორშიო. მიუხედავად დიდი თხოვნისა, ოჯახი აღარ დაეტოვებინა და დარჩენილიყო, მხედრული მოვალეობის ერთგული დარჩა და ჯარს კოჯორში დაეწია.

გენო ქარუმიძე მეგობარ სამხედროებთან ერთად (ფოტო გადაღებულია თურქეთში, სამხედრო მისიაში ყოფნის დროს, 1916 წელს)

ქართველი მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე, რომელიც მაშინ თბილისის გუბერნატორი გახლდათ, თავის მოგონებებში ბრძოლის ველს აღწერს და 1921 წლის მოვლენათა შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის: "კოჯრის გზაზე მოდიოდნენ (მე-11 არმია). მაყაშვილის ქალი დაიღუპა. გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო კოჯრის გზაზედ, იქ მივდიოდი მანქანით და ეს ქალი ვნახე მოკლული აეროპლანის ბომბის შედეგად. ჩვენს ავიაციას ორი აპარატი ჰქონდა, მაგრამ ორივე გაფუჭებული. იმათი აეროპლანები თავისუფლად შემოვიდნენ და კოჯრის გზაზე ბომბები ჩამოყარეს. მე ჩემი თანამდებობის გამო ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებდი, ასე ვთქვათ, ადმინისტრატორი ვიყავი. წესისათვის და რიგისათვის სხვა ფუნქციები მქონდა, მაგრამ მიხდებოდა ფრონტზე გასვლა. მე ხომ ზურგი ვიყავი და უნდა მივხმარებოდი ხალხით, ტრანსპორტით, იარაღით, პურით. ამიტომ გავდიოდი ხოლმე წინა ხაზზე, განსაკუთრებით კოჯრის მიმართულებით. პირადად ბრძოლაში მონაწილეობა მივიღე ოქროყანაში.

გენო ქარუმიძე იყო ოფიცერი და შეტევაზე იყო გადასული რუსებთან, ოქროყანის ზემოთ. მე გადმოვედი ავტომობილიდან და ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა სრულიად შემთხვევით. გენო ქარუმიძის ასეული პირდაპირ შეტევაზე იყო გადასული რუსებთან. პოზიციური ბრძოლები არ იყო, არამედ ასე, 30 კაცი მიდიოდა ერთმანეთზე ხიშტებით. ანდრონიკაშვილის დუქანი იყო ზევით, კოჯრის გზაზე, "თეთრი დუქანი" და შტაბი იქ ჰქონდათ. ვხედავ, გენო დაჭრილია. იქვე სევერიან ლორთქიფანიძე არის, კაპიტანი, ისიც ხიშტით დაჭრილი და უნდა მივეხმარო. ავიყვანე ორივე და ჩავსვი ავტომობილში. მთლიანად შევიღებე მათი სისხლით". ეს ცნობა ქართველმა დისიდენტმა ვიქტორ რცხილაძემ შემოგვინახა თავის წიგნში, სადაც მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში ქართველ ტყვეთა თავგადასავალი. შალვა მაღლაკელიძე საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა. ომის დასრულების შემდეგ იოსებ სტალინის ბრძანებით საქართველოში დააბრუნეს, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ვიქტორ რცხილაძეს შალვა მაღლაკელიძისგან 1921 წლის ომის ამბები დეტალურად ჩაუწერია. ასე შემოინახა ისტორიამ გენო ქარუმიძის დაღუპვის ამბავი.

გენო ქარუმიძის ქალიშვილი მაკო ქარუმიძე

ქალბატონი მაკოს თქმით, 1921 წლის გაზეთ "საქართველოს" თებერვლის ნომერში ნეკროლოგი დაიბეჭდა მისი მამის გარდაცვალების შესახებ. იუწყებოდნენ გენო ქარუმიძის მშობლები და მეუღლე. გარდაცვლილი ოფიცერი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს და დაკრძალეს იქვე, ეკლესიის ძმათა სასაფლაოზე. მის გვერდით დაუკრძალავთ მარო მაყაშვილიც. მოგვიანებით ძმათა სასაფლაოს ადგილას პარლამენტის შენობა აიგო და გარდაცვლილთა საფლავებიც, სამწუხაროდ, დაიკარგა.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, გენო ქარუმიძის მეუღლეს სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდა, ავიწროებდნენ, რადგან ქართული ჯარის ოფიცრის მეუღლე იყო. მოგვიანებით ქარხანაში დაუწყია მუშაობა და შვილებთან ერთად, მშობლების სახლში დაბრუნებულა.

გენო ქარუმიძე 29 წლის ასაკში დაეცა ბრძოლაში. მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მის მსგავსად, კიდევ არაერთი ქართველი ჯარისკაცის თავდადებაა უცნობი და ისტორიისგან მივიწყებული.

თინათინ ტლაშაძე

თსუ სტუდენტი ჟურნალი "ისტორიანი",#56