პიზის საოცრებათა მოედანი - კვირის პალიტრა

პიზის საოცრებათა მოედანი

კომპლექსს, რომელშიც დახრილი კოშკიც შედის, მსოფლიოში ბადალიარ ჰყავს იტალიის ქალაქი პიზა ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია ტოსკანის მხარეში. პიზის ფართობი სულ 185 კვკმ-ია, მოსახლეობა - დაახლოებით 100 ათასი. ამ პატარა ქალაქის ძველ ნაწილში, საოცრებათა მოედანზე (პიაცა დეი მირაკოლი) დგას პრაქტიკულად ყველასთვის ცნობილი პიზის დახრილი კოშკი. მაგრამ მსოფლიო არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არა მარტო კოშკი, არამედ საოცრებათა მოედნის მთელი არქიტექტურული ანსამბლია აღიარებული.

კედლით გარშემორტყმული ამ ვრცელი მოედნის ტერიტორია ნაწილობრივ მოასფალტებულია, ნაწილობრივ კი მობიბინე ბალახითაა დაფარული. პიაცა დეი მირაკოლის ანსამბლში შედის საკათედრო ტაძარი, კოშკი, სასაფლაო კამპო-სანტო და ბაპტისტერიუმი. ის IV საუკუნიდან ჩნდება და წარმოადგენს ნათლობის აღსრულებისთვის განკუთვნილ, ბაზილიკისგან განცალკევებულ შენობას. განცალკევების მიზეზი ის იყო, რომ ახალმოქცეულნი ეკლესიაში მხოლოდ ნათლობის შემდეგ დაიშვებოდნენ. პირველ ბაპტისტერიუმებს ჰქონდა ბერძნული ჯვრის ფორმის, ხუთკუთხა, ექვსკუთხა, უფრო ხშირად კი რვაკუთხა ან წრიული გეგმა, კამაროვანი და გუმბათოვანი გადახურვა, ყოველი მათგანის ცენტრში 70-75 სმ სიღრმის აუზი იყო, რომელშიც ჩასვლა საფეხურების მეშვეობით იყო შესაძლებელი. წყალი აუზს ზემოდან მიეწოდებოდა. ბაპტისტერიუმი მას შემდეგაც არსებობდა, რაც XI საუკუნიდან გაუქმდა წყალში ჩასვლის გზით ნათლობა. თუმცა XIII საუკუნიდან ბაპტისტერიუმს სულ უფრო იშვიათად იყენებდნენ, რადგან ამ დროიდან ნათლობის წესი უკვე ეკლესიაში აღესრულებოდა. ამ მიზნით სანათლავ ემბაზს ეკლესიის შესასვლელის სიახლოვეს, ერთ-ერთ გვერდითა სამლოცველოში ათავსებდნენ.

იუნესკომ 1987 წელს საოცრებათა მოედანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამ მართლაც საოცარ ადგილს სახელი ცნობილმა იტალიელმა მწერალმა, პოეტმა და დრამატურგმა, გაბრიელე დ"ანუნციომ შეარქვა, რომელმაც კომპლექსი 1910 წელს ერთი წინადადებით აღწერა თავის ნოველაში Forse che si forse che no - "დაფრინავდა ყანჩა ქრისტეს ცაზე, საოცრებათა მდელოს თავზე"...

შუა საუკუნეებში პიზა გენუის მეტოქე იყო ხმელთაშუა ზღვაზე სავაჭრო გზებისთვის ბრძოლაში. რესპუბლიკის `ოქროს ხანაზე" მეტყველებს სწორედ სატაძრო ანსამბლი საოცრებათა მოედანზე. უამრავი სპეციალისტისა და შემფასებლის აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, - ამ კომპლექსს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება! ქალაქის ცენტრში თეთრი მარმარილოს სამი კაშკაშა ნაგებობა საგანგებოდ მოვლილ, ხასხასა ზურმუხტოვან მინდორზე დგას. ცენტრში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარია - დუომო დი სანტა მარია ასუნტა, დასავლეთით ბაპტისტერიუმია, მარცხნივ კი ისტორიაში სამუდამოდ შესული დახრილი კოშკი. საოცრებათა მოედნის ჩრდილოეთ ნაწილს მონუმენტური სასაფლაო კამპო-სანტო იკავებს.

ძირითადი ანსამბლი - ტაძარი, ბაპტისტერიუმი და კოშკი თითქმის 300 წელიწადს შენდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სამივე კომპონენტს თავისი გამოხატული ინდივიდუალობა აქვს, სტილის გასაოცარი ერთიანობით გამოირჩევა. მათ აერთიანებს თაღოვან გალერეათა რიგები და ზემოდან მომრგვალებული ფანჯრები. ბუნებრივია, კომპლექსის დომინანტი ტაძარია, რომლის მშენებლობა 1063 წელს დაიწყო არქიტექტორ ბუსკეტო დი ჯოვანი ჯუდიჩეს ხელმძღვანელობით. სახსრები მშენებლობისთვის ქალაქმა პიზამ ხარკის სახით მიიღო დაპყრობილი ბალეარის კუნძულებიდან. ბუსკეტოს ჩანაფიქრით, შენობას უნდა ჰქონოდა სხვადასხვა სტილის ელემენტები - ბიზანტიური, ლომბარდიული და ისლამურიც, რაც უნდა ყოფილიყო პიზის `მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობის" სიმბოლო. შედეგად მიღებულ სტილს შემდგომ პიზის რომანული სტილი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში შენდებოდა ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძარი და ბუსკეტოს წინაშე იდგა ასეთი ამოცანაც - პიზის საკათედრო ტაძარი არ ყოფილიყო მასზე ნაკლები...

მშენებარე ტაძარი 1118 წელს აკურთხა რომის პაპმა გელასი II-მ, წარმოშობით პიზელი კაეტანოს ოჯახიდან. XII საუკუნის პირველ ნახევარში ტაძრის ფასადის პროექტირება დაევალა არქიტექტორ რეინალდოს. ფასადის შექმნის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო მოქანდაკეთა მთელმა ბრიგადამ გილელმოსა და ბოდუინოს ხელმძღვანელობით. ნაცრისფერი მარმარილოთი და თეთრი ქვით აგებულ ფასადს ამშვენებს ფერადი მოზაიკა, რომელიც თავად რეინალდოს მიერ არის შესრულებული - ამას გვამცნობს წარწერა ცენტრალური კარის თავზე. ტაძრის ფასადზეა ბუსკეტოს საფლავის ფილაც, რომელზე წარწერაც ტაძრისთვის საფუძვლის ჩაყრის თარიღსა და სარაცინებზე ძლევამოსილი გამარჯვების შესახებ მოგვითხრობს.

პიზა ნამდვილ აკადემიად იქცა მხატვრებისა და მშენებლებისთვის, ისინი ქალაქში მთელი იტალიიდან ჩამოდიოდნენ სამუშაოდ და შემდგომი დახელოვნებისთვის. შედეგად, ნიჭიერი ოსტატების რაოდენობა საკმარისზე მეტიც იყო. მშენებლობა საკმაოდ სწრაფად წარიმართა და 1150 წლისთვის ტაძრის კორპუსი დასრულდა. ტაძარმა რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა სხვადასხვა ეპოქაში. პირველად - 1595 წლის ხანძრის შემდეგ, როცა განადგურდა XI საუკუნის სამი ბრინჯაოს პორტალი. ერთ-ერთის ნაცვლად მასიური ბრინჯაოს კარი დააყენეს, რომელიც ჯამბოლონის სახელოსნოში დამზადდა. ხანძარს გადაურჩა ერთადერთი შუა საუკუნეების კარი - პორტალი სან-რანიერი, რომელიც დაახლოებით 1180 წელს დაამზადა ბონანო პიზანომ. ხანძარს გადაურჩა ასევე აფსიდის მოზაიკა ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ღვთისმეტყველის გამოსახულებით. ქრისტეს თავი 1302 წელს შექმნა ჩიმაბუემ - ეს მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარი გახლდათ, გუმბათის ფრესკა კი რიმინალდიმ დახატა.

სანტა მარია ასუნტას თავდაპირველი შენობის გეგმა თანაბარმკლავებიანი ბერძნული ჯვარი იყო, გუმბათით მკლავების გადაკვეთის ადგილას. ამჟამად ტაძარი ხუთნავიანია, სამნავიანი ტრანსეპტით (განივი ნეფი ბაზილიკურ ან ჯვრის ფორმის ტაძრებში) და ლათინური ჯვრის ფორმის გეგმა აქვს. ტაძრის შიგნით იქმნება დიდი მეჩეთის მსგავსი უზარმაზარი სივრცის ეფექტი, რაც მიიღწევა თაღებითა და შავი და თეთრი მარმარილოს მონაცვლეობით. ნავებში შავი გრანიტის ორი კოლონადა ბიზანტიური გავლენის ნიშანია. თავად სვეტები პალერმოს მეჩეთიდანაა წამოღებული, რომელიც პიზამ 1063 წელს დაიპყრო. აღმოსავლეთ ნაწილში ნახევრად წრიული აფსიდია. ასეთივე აფსიდებით მთავრდება სამნავიანი ტრანსეპტები, საკურთხევლისა და ცენტრალურ ნაწილებს ყოველი მხრიდან ორ-ორი გვერდითი ნავი აქვს.

ტაძრის გარეგნული სახის მთავარ აქცენტს წარმოადგენს დასავლეთის ფასადი. სამი პორტალის თავზე აღმართულია თაღოვანი გალერეების ოთხი იარუსი და სიმეტრიულობით ბერძნულ ტაძრებს წააგავს. თუმცა ბრინჯაოს კარის რელიეფები რელიგიურ სიუჟეტებზე და ქანდაკება `ღვთისმშობელი ჩვილით" კოშკის მახლობლად, ანეიტრალებს წარმართულ პარალელებს. ჩაბნელებული ინტერიერი კონტრასტირებს ტაძრის პერანგის კაშკაშა სითეთრესთან. უბრალო კოლონები ნაკვეთი კაპიტელებით არკადამდე ადის, რომელშიც გაერთიანებულია კონტრასტული ფერის ქვებით შექმნილი ხუთი თაღი. ნავების კედლები, სხვადასხვა ფერის მარმარილოს ჰორიზონტალური წყობის გამოისობით, უწონობის შთაბეჭდილებას ქმნის - ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ ტოსკანელი ოსტატები. ნავის ხის გადახურვა საკმაოდ დაბლაა განლაგებული, რაც ტაძარში სანახევროდ ბინდს ქმნის და ქვის სიცივეს არბილებს.

ხანძარს გადაურჩა ჯოვანი პიზანოს მიერ შექმნილი კათედრაც (1302-1310), რომელიც შედევრად ითვლება და საუკეთესოა ჩვენამდე მოღწეული შუა საუკუნეების იტალიური ქანდაკებების ნიმუშებს შორის. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ერთ-ერთი რეკონსტრუქციის დროს კათედრა დამალეს და მხოლოდ 1926 წელს იპოვეს. მისი ზედა ნაწილი შედგება ახალი აღქმის 9 სცენისგან (ხარება, ჩვილთა ჟლეტა, შობა, მოგვთა თაყვანისცემა. გაქცევა ეგვიპტეში, ჯვარცმა და საშინელი სამსჯავროს ორი პანელი). ისინი თეთრ მარმარილოშია ნაკვეთი და ერთმანეთისგან წინასწარმეტყველთა ფიგურებითაა გამოყოფილი.

ტაძარში ინახება პიზის მფარველი წმინდა რანიერის ნაწილები. აქაა საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ის საფლავი, ხანძრამდე კი რომის პაპი გრიგორი VIII-ის საფლავიც იყო. ტაძარში დაცულია ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი რელიკვიები - წმინდანების ბაბოს, გამლიელისა და ნიკოდიმის ნაწილები.

პიზის კოშკის მშენებლობა 1173 წლის 9 აგვისტოს დაიწყო ბონანო პიზანოს პროექტით, თითქმის 200 წელიწადს გაგრძელდა და 1360 წელს დასრულდა. მრგვალ კამპანილას (შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ოთხკუთხა ან მრგვალი სამრეკლო იტალიურ არქიტექტურაში) შვიდი იარუსი აქვს. ქვედა იარუსი დეკორირებულია ცრუ თაღებიანი და კოლონებიანი არკატურით, დანარჩენი იარუსები კი დახვეწილი კოლონების აჟურული თაღედითაა გარშემორტყმული. კოშკს 294 საფეხური აქვს. მისი სიმაღლე დაბალ მხარეს 55,86 მეტრია, მაღალ მხარეს - 56,7 მეტრი. კოშკის საძირკვლის დიამეტრი 15,54 მეტრია. გარე კედლების სისქე სიმაღლის ზრდასთან ერთად მცირდება - საძირკველთან 4,9 მეტრიდან 2,48 მეტრამდე გალერეის სიმაღლეზე. პიზის კოშკის მასაა 14 453 ტონა. რაც შეეხება დახრის კუთხეს, დღეისთვის 3 გრადუსსა და 54 სეკუნდას შეადგენს.

სპეციალისტთა აზრით, პროექტი თავიდანვე არ იყო სწორი - პატარა, სულ 3 მეტრის სიღრმის საძირკვლისა და რბილი ნიადაგის ფაქტორთა კომბინაციის გამო, 1178 წელს ნახევრად აშენებულმა კამპანილამ დახრა დაიწყო. ამ მომენტისთვის უკვე სამი იარუსი იყო აშენებული. ნიადაგი გაამაგრეს და 1198 წელს დაუმთავრებელი ნაგებობა დროებით გახსნეს კიდეც. მომდევნო წლებში კოშკის მშენებლობა საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდა. გადახრის საკომპენსაციოდ, ზემო იარუსები ქვედა იარუსების მიმართ სათანადო წანაცვლებით აიგო. ამიტომაა, რომ სულ ზედა ე.წ. სამრეკლოს იარუსი უფრო სწორად დგას, ვიდრე თავად კოშკი.

პიზის კოშკის მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდებოდა. საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოცვალეს კოლონები, რომლებსაც გადიდებული დაწოლა ნელ-ნელა ამსხვრევდა. განუწყვეტლივ მიმდინარეობდა მიწის სამუშაოებიც კოშკის გასამაგრებლად. ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დრომდე გრძელდებოდა კამპანილის ვერტიკალიდან გადახრა წელიწადში 1 მმ-ით. 2002 წლიდან მეცნიერთა მეთვალყურეობით წარიმართა გასამაგრებელი სამუშაოები და კოშკის რესტავრაცია. შედეგად, გადახრის კუთხე დაახლოებით 2 გრადუსით შემცირდა, 2008 წელს კი მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ კოშკის ვარდნა შეჩერებულია.

ქრონოლოგიურად პიაცა დეი მირაკოლის მეორე ნაგებობაა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ბაპტისტერიუმი, რომლის აგება 1152 წელს დაიწყო ძველი ბაპტისტერიუმის ადგილას, არქიტექტორ დიოტისალვის მიერ. მრგვალი შენობის სიმაღლე 54,86 მეტრია, დიამეტრი 35 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობა - 107,24 მეტრი. ეს იტალიაში ყველაზე დიდი ბაპტისტერიუმია. დიოტისალვიმ მშენებლობა რომანულ სტილში დაიწყო, ხოლო ნიკოლო და ჯოვანი პიზანოებმა ნაგებობა გოტიკურ სტილში დაასრულეს 1363 წელს. შედეგად, ბაპტისტერიუმის დახვეწილი მრგვალი შენობა წარმოადგენს რომანულიდან გოტიკურ სტილში ნარნარად გადასვლის ნიმუშს.

სამი იარუსიდან ქვედა შემკულია რომანული მომრგვალებული თაღებითა და ვიწრო ფანჯრებით. შუა იარუსზე გამოირჩევა ქვაში ნაკვეთი ნატიფი შეწყვილებული ისრისებრი თაღები. ზედა იარუსს კი ლამაზი დაკბილული თაღები აქვს. მთელი შენობა მარმარილოთია აგებული. დიოტისალვის პროექტით შენობას რომანული პირამიდული სახურავი უნდა ჰქონოდა, რომელიც პიზანოებმა გოტიკური, ასევე პირამიდული სახურავით შეცვალეს. თუმცა საბოლოოდ ბაპტისტერიუმი დაამთავრა სელინო დე ნესემ, რომელმაც სახურავს გარედან კიდევ მრგვალი გუმბათი მიამატა. შედეგად, განსაკუთრებული ორმაგგუმბათიანი კონსტრუქციის გამო ბაპტისტერიუმის შიდა სივრცეს უნიკალური აკუსტიკა გამოარჩევს.

ბაპტისტერიუმის პორტალი, რომელიც საკათედრო ტაძრისკენაა მიმართული, ეყრდნობა ორ კლასიკურ კოლონას, ხოლო შენობის შიგნით არსებული საყრდენები ბიზანტიურ სტილშია შესრულებული, რაც ასევე `მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობის" თემას უკავშირდება. შიგნითა კედლებზე ფრესკები ორ იარუსადაა განლაგებული. ქვედაზე იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების ეპიზოდებია, ზედაზე - ქრისტე მადონას, იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზებისა და ევანგელისტების გარემოცვაში. ინტერიერის ცენტრში არსებული რვაკუთხა სანათლავი 1246 წელს დაასრულა ოსტატმა გვიდო და კიმი ბიგარელიმ, რომლის შუაში იტალო გრიზელის მიერ შესრულებული იოანე ნათლისმცემლის ბრინჯაოს ქანდაკება დგას. საერთოდ მიაჩნიათ, რომ შიდა სივრცე ნაკლებად არის შემკული, მაგრამ სწორედ ასეთი მკაცრი იერის მქონე უზარმაზარი სივრცე ახდენს მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას.

ბაპტისტერიუმის კათედრა თავისი შესანიშნავი სცენებით 1255-1260 წლებში გამოაქანდაკა ნიკოლო პიზანომ, ჯოვანი პიზანოს მამამ. მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სწორედ აქ და სწორედ ამ ოსტატის მიერ ჩაეყარა საფუძველი წინარენესანულ სკულპტურას, სწორედ მან აღადგინა ანტიკური წარმოდგენები მშვენიერის შესახებ და ამიტომ მრავალი მიიჩნევს, რომ იტალიური რენესანსის დაწყების თარიღად 1260 წელი უნდა მივიჩნიოთ - როდესაც ნიკოლო პიზანომ თავისი საჭრეთელით ბაპტისტერიუმის კათედრა დაასრულა. ყოველივე ეს პიზის ბაპტისტერიუმს განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სხვათა შორის, ბაპტისტერიუმი ისეთივე არასტაბილურ, რბილ ნიადაგზეა აგებული, როგორც იქვე ახლოს მდებარე პიზის კოშკი. და თუმცა ეს ძნელი შესამჩნევია, ისიც დახრილია საკათედრო ტაძრისკენ, ოღონდ მხოლოდ 0,6 გრადუსით...

* * *

საოცრებათა მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული მონუმენტური სასაფლაო კამპო-სანტო (ანუ წმინდა ველი), ლეგენდის თანახმად, გოლგოთიდან ჩამოტანილი წმინდა მიწის კაფსულის გარშემოა აშენებული. მიწა XII საუკუნეში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობიდან პიზის არქიეპისკოპოსმა, უბალდო დ"ლაფრანჩიმ ჩამოიტანა. კამპო-სანტოს გალერეის მშენებლობა 1278 წელს არქიტექტორმა ჯოვანი დი სიმონიმ დაიწყო, იგი 1284 წელს გარდაიცვალა, როცა პიზა დამარცხდა გენუასთან ბრძოლაში მელორიასთან. სასაფლაოს მშენებლობა 1464 წლისთვის დასრულდა. გარეთა კედელს 2 კარი და 43 ცრუ თაღი აქვს. სამარეები თაღებქვეშ არის განლაგებული, მხოლოდ რამდენიმეა შიდა ეზოში. კედლები XIV-XVII საუკუნეების ფრესკებით იყო დაფარული. მაგალითად, ბენოცო გოცოლის `ძველი აღთქმის ისტორიები" ჩრდილოეთ კედელზე, პიერო დე პუჩის `ყოფის ისტორიები" სამხრეთის კედელზე, აქვე იყო ბუონამიკო ბუფალმაკოს ყველაზე ცნობილი ფრესკა - `სიკვდილის ტრიუმფი". ყველა ფრესკა თითქმის გაანადგურა ხანძარმა, რომელიც 1944 წლის 27 ივლისს მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვის შედეგად გაჩნდა. ამჟამად იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#56