"ერთ-ერთ ოჯახ­ში მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტ­რის, შო­თა გორ­გო­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი. სრუ­ლი­ად უან­გა­როდ შე­მიყ­ვარ­და" - კრივი და დანარჩენი სამყარო ფოტოობიექტივში - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ ოჯახ­ში მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტ­რის, შო­თა გორ­გო­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი. სრუ­ლი­ად უან­გა­როდ შე­მიყ­ვარ­და" - კრივი და დანარჩენი სამყარო ფოტოობიექტივში

"ისტორიანის" არქივიდან

დავით კვაჭაძე: მთავარ გამარჯვებად რომელს დავასახელებ? ყველაფერი მთავარია!

სპორტის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი დავით კვაჭაძე - ევროპისა (1977) და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1976, 1977, 1979) კრივში. ბევრს ჯერაც ახსოვს ორთაბრძოლები, რომლებმაც დიდი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს. მე კი, როგორც უნდა ვეცადო, მაინც მიჭირს წარმოვიდგინო რინგზე მებრძოლი დავით კვაჭაძე, რადგან ის ჩემთვის მარტოობისა და სიჩუმის რაინდია, პოეზიისა და მუსიკის ენაზე მეტყველი შემოქმედი, რომელმაც მოახერხა და ეს ყველაფერი თავის შემოქმედებაში - ფოტოხელოვნებაში ჩატია.

თუმცა დავით კვაჭაძისთვის ორი მშვენიერი სამყარო არსებობს - კრივისა და დანარჩენი სამყაროსი. კრივს თავისი ღირსება და სილამაზე აქვს, დანარჩენ სამყაროს - თავისი იდუმალება და მშვენიერება. დავით კვაჭაძე თავის ფიქრებსა და პოეზიას მიჰყვება ფოტოაპარატით ხელში. მის ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს: მზის ამოსვლისას თუ ჩასვლისას გაჩენილ ჩრდილებს, სიძველით დამსკდარ კედლებს, დაცვარულ ფოთლებსა თუ ადამიანებს, რომელთა შეწუხებაც არ უყვარს. ამიტომაც ნაკლებად იღებს, განიცდის, უხეშად არ შეეხოს მათ ცხოვრებას. ადამიანი ზოგჯერ ყველაზე ნაზ მცენარეზე მგრძნობიარე შეიძლება იყოს, ადვილად დაჭკნეს...

ძალიან ფრთხილად ვუყურებ დავით კვაჭაძის ცხოვრების ფრაგმენტებს...

- ყველაზე ადრინდელი რაც მახსოვს, ტერიტორიაა, რომელიც შემეძლო დამოუკიდებლად გამევლო სახლიდან მეტეხის ხიდამდე. ჩვენი სახლი დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტის სიახლოვეს იდგა. ადრე მიასნიკოვის ქუჩა იყო, მერე გორგასლის გახდა. იმ ადგილს უკავშირდება ჩემი პირველი მოგონებები, ის გარემო გათავისებული გვქონდა. მახსოვს, სამასი არაგველის ძეგლს რომ დგამდნენ, პატარები ვიყავით, იქვე ვთამაშობდით ომობანას, ვითომ შტაბი გვქონდა. ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ აშენდა სანაპირო. საბავშვო ბაღში იქვე ახლოს დავდიოდი. ხის სახლი იყო. სწორედ სანაპიროს მშენებლობას შეეწირა. რომ დაანგრიეს, იმ ზამთარს მთელ მოსახლეობას შეშა არ გვიყიდია. ნაშალი ფიცრები მოგვქონდა. თბილად ვიყავით.

თათრის მოედანს რომ ეძახიან, ახლა გორგასლის მოედანია, მანდ იყო შაითან ბაზარი. პატარებმა ვიცოდით, როდის იკეტებოდა. საღამო ხანს შევდიოდით. ხან საზამთროს გვჩუქნიდნენ, ხან - ნესვს სოფლიდან ჩამოსული გლეხები. ახლა ვიხსენებ და ვადარებ თანამედროვე ბაზარს იმ ძველს, როგორ შეიცვალნენ ადამიანები. ადრე უფრო თბილები იყვნენ. ასეთი დათრგუნვილი არ იყო ხალხი. გაჭირვებაც იყო, მაგრამ სითბო ტრიალებდა ყველგან.

სიმართლე გითხრათ, სკოლაში თავს არ ვიკლავდი სწავლით, ვცელქობდი სხვებთან ერთად. ჩემს ცხოვრებას ერთგვარად დაღი ესვა იმ სიდუხჭირის გამო, რომელშიც ვცხოვრობდით. მამა ისე ადრე გარდამეცვალა, არც მახსოვს. დედა ელინელი ბერძენი მყავდა. ბავშვობა უკრაინის ბერძნულ სოფელში გაეტარებინა, მერე მისი ოჯახი გააკულაკეს და დააწიოკეს. თოთხმეტი დედმამიშვილი იყვნენ და დაიფანტნენ. სამი მოხვდა თბილისში - დედაჩემი, დეიდა სონია და დეიდა დიანა.

დეიდა სონია ბერძენს გაჰყვა ცოლად და უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, დეიდა დიანა სპარსელს, საშა ფატეხის. შემდეგ ისინი ბაქოში გადავიდნენ. დედა აქ მარტო დარჩა. ბედმა უმუხთლა, სამი შვილის აღზრდა უმამოდ მოუხდა.

მახსოვს, დედამ ქართული კერძების მომზადება არ იცოდა, ხშირად ამზადებდა ლობიოს წვნიანს. მას მერე არც მინახავს სადმე. ისე, რომც სცოდნოდა, სამ ბიჭს ამოლესილი და ნიგვზიანი ლობიოთი ხომ ვერ დაგვაპურებდა.

"დედა მეხვეწებოდა, დაანებე ამ კრივს თავი, წადი, მსახიობი გახდი, რატომ უნდა აცემინო თავიო... არ ვქენი. ისე ვიყავი შეყვარებული კრივზე, ამას არ ვაქცევდი ყურადღებას"

ჩვენი ეზო მახსოვს ძალიან კარგად. საინტერესო ეზო გვქონდა. 11 ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა. ახლა რომ ვინმეს ვეკითხები, თბილისში მცხოვრებ რამდენი ეროვნების კაცს იცნობთ-მეთქი, 4-5-ს ჩამოთვლიან. ჩვენთან ფინელიც კი ბინადრობდა. თერძი იყო. "ძიაძია სტოპას" ვეძახდით. ვაკელები მოდიოდნენ მასთან კოსტიუმის შესაკერად. მერე გალოთდა. რომ გარდაიცვალა, მეზობლებმა დამარხეს. შვილი კი ჰყავდა, მაგრამ იშვიათად მოდიოდა ხოლმე, ალბათ, მამის ლოთობის გამო...

გვიხაროდა დღესასწაულები. აღდგომა იყო, სუფსარქისობა იყო, ბაირამობა თუ პასექის დღესასწაული, არ მახსოვს, ვინმეს დავიწყებოდა და რამე არ მოეკითხათ.

განსაკუთრებით უშვილო მეზობლები - ძია საქულა და თეკლა ბებია გვეფერებოდნენ. თეკლა ყუშიტაშვილის ქალი იყო, საქულა - მარქაროვი. მაგრამ ისეთი ქართველი იყო შინაგანად, გაგიკვირდებოდათ. გოგლა ლეონიძე უყვარდა ძალიან. გარდაცვალების წინ დაუბარა თავისიანებს, პატარძეულში დამმარხეთ ლეონიძესთან ახლოსო. არავინ ჰყავდათ პატარძეულში, მაგრამ მაინც! აუსრულეს ნატვრა, ლეონიძის სოფელში დაკრძალეს. ასე უყვარდა პოეზია, თუმცა მწიგნობარი არ იყო, უბრალო მეწაღე გახლდათ.

პატარაობიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე. ტყავის ხელზე გასაკეთებელი, ვარჯიშისას რომ ხელისგულები არ გადამტყავებოდა, საქულა ძიამ შემიკერა. მწვრთნელები ამბობდნენ, რომ კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა როლანდი დადიოდა კრივზე, ჩვენს რაიონშიც მარტო კრივსა და ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ და მეც ტანვარჯიშზე გული ავიყარე. ცოტა ხანს 35-ე სკოლაში ვიარე ფეხბურთზე. ორი კვირის მერე მივატოვე. სულ იგინებოდნენ ბავშვები და იმიტომ. ბილწსიტყვაობას ვერ ვიტანდი, ახლაც არ მიყვარს. მივხვდი, მხოლოდ კრივზე მინდოდა სიარული.

დედა მიშლიდა, რა გინდა, აუცილებლად უნდა გცემონო? ერთ დღეს ბიჭები იყვნენ როლანდისთან, რომ წავიდნენ, ვისხედით ოჯახში და ვხუმრობდით. უფროსები მაბრიყვებდნენ და იცინოდნენ. ჩემმა ძმამ მითხრა, თუ ერთი დარტყმით კარადას გატეხავ, მოკრივე გამოხვალო. ძველი ხის კარადის გატეხვას არაფერი უნდოდა, თორემ მე რა დარტყმა უნდა მქონოდა... დავარტყი და გასკდა... გამოჩნდა დედაჩემის მომწვანო კაბა... ახლაც თვალწინ მიდგას. გაოცებისგან პირი გავაღე. დედამ რომ დაინახა, გული ეტკინა.

ერთი ასეთი შემთხვევაც მახსოვს. თეკლე ბებია ხშირად გვეძახდა თავისთან და გვიმასპინძლდებოდა, ხშირად საჭმელი მოჰქონდა. ცუდად ხედავდა. ეზოში ვიყავი წყალზე. პირს ვიბანდი... მესმის იძახის: დათო, დათო! ავედი, ვერ დავინახე. ხან იქით ვეძებე, ხან - აქეთ. კარადაც კი გამოვაღე, ვერ ვიპოვე. პატარა დერეფანში გვქონდა სარდაფში ჩასასვლელი. აქ ვარო, - იქიდან ამომძახა. ჩავარდნილა სარდაფში. სადილიც დაეღვარა... ამოვიყვანეთ, მეზობლები დამეხმარნენ. მერე გაეღიმა. ამიერიდან საჭმელი თუ გინდათ, წამოდით და ჩემთან ჭამეთო...

თვეში ერთი-ორჯერ მაინც, მეგობრები მოდიოდნენ საქულა ძიას ოჯახში. ერთი მეგობარი ჰყავდათ, აკორდეონი მოჰქონდა, ისხდნენ და ბაიათებს მღეროდნენ. სასმელი რომ შემოელეოდათ, ღვინოზე თუ წახვალო, - დამიძახებდნენ. როგორ არ წავალ-მეთქი. მეტეხის ხიდამდე უნდა მივსულიყავი. სულ სირბილით მივდიოდი...

მახსოვს კიდევ ჩვენი უსინათლო მეზობელი, თარზე უკრავდა. ხშირად ვეხმარებოდით მე და ჩემი ძმები. დედაჩემს ეუბნებოდა, რა კარგი ბიჭები გყავსო.

მეხსიერებაში დამრჩა ავლაბრელი წოპწოპა, დაირაზე უკრავდა. ერთად დადიოდნენ ქორწილებში.

ვთქვი, დუხჭირი ცხოვრება გვქონდა-მეთქი... სამი ძმა ვიყავით, ყველაზე ბოლოს მე მხვდებოდა სამოსი. მახსოვს, სკოლაში ჩემი ძმების გამონაცვალი პიჯაკი მეცვა და ყველა მიყურებდა, თითქოს ძალიან ძვირფასად მეცვა. ხშირად ვეუბნები ახალგაზრდებს, დღეს გაჭირვება არის, მაგრამ უბედურება ის არის, რომ უიმედობაა. მაშინ უიმედობა არ ყოფილა...

სკოლის მერე ქარხანაში წავედი. ეს იყო "ელექტროავტომატის" ქარხანა სოღანლუღში. იქ მუშაობდნენ ჩემი ძმები. დილით გავდიოდით, ავტობუსის ფანჯრები ღია იყო თუ არა, მაინც შემოდიოდა ჯერ თევზის სუნი, თევზის ქარხანასთან რომ გავივლიდით, მერე პურის სუნი პურის ქარხნიდან.

დედასა და ძმებთან ერთად

ჯერ ერთ საამქროში დავიწყე მუშაობა, სადაც უფროსი ძმა ალიკა მუშაობდა. დეტალებს ჭრიდნენ თუნუქის ფურცლებისგან. ბევრს თითები ჰქონდა წაჭრილი. უყურადღებობის გამო სამუშაო ხშირად სრულდებოდა მარცხით.

ერთხელ ოთხი თითი მოიჭრა მუშამ დიდი მაკრატლით, იყვირა... გავიქეცით დასახმარებლად, ვნახე, მოჭრილი თითები როგორ დახტოდნენ... უფროსს ვთხოვე, იქნებ სადმე გადამიყვანო-მეთქი. თანაც, სამსახურის მერე ვვარჯიშობდი, მეტი დრო მჭირდებოდა კრივისთვის.

12 წლიდან დავდიოდი კრივზე "დინამოს" სტადიონზე. თავიდან ჩემი ძმა როლანდი მავარჯიშებდა ჩვენს პატარა ბინაში. უკვე ბევრი რამ ვიცოდი, წრეში რომ ჩავეწერე. იქ დამხვდა გურამ ბუმბიაშვილი.

გაგიკვირდებათ და, მსახიობობამაც მომიწია... გადამიღეს ალმანახ "ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანის" ერთ-ერთი ფილმში - "გოგონა და ჯარისკაცი". თემურ ფალავანდიშვილის ამ ფილმში ჩემი გმირი მოკრივე იყო.

მერე "რაჭა, ჩემი სიყვარულშიც" მიმიწვიეს, მაგრამ რომ მითხრეს, უნდა იმღეროო, უკანმოუხედავად წამოვედი.

დედა მეხვეწებოდა, დაანებე ამ კრივს თავი, წადი, მსახიობი გახდი, რატომ უნდა აცემინო თავიო... არ ვქენი. ისე ვიყავი შეყვარებული კრივზე, ამას არ ვაქცევდი ყურადღებას.

რაც შეეხება კრივს. დამწყებებისთვის თავიდან ღია რინგები იმართება. ვიმარჯვებდი. მერე იყო ქალაქის პირველობა, საქართველოს პირველობა... მთავარ გამარჯვებად რომელს დავასახელებ? ყველაფერი მთავარია! დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. მაშინ ყველაზე დიდი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მოგება. ეს იყო ურთულესი შეჯიბრი, ახალი კარიერის დაწყება უფრო დიდი შეჯიბრებისთვის. დღეს ქვეყანას თუ შეუძლია მატერიალურად, შეიძლება მისი სპორტსმენი მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს, ჩვენ კი ეტაპები უნდა გაგვევლო.

მერე ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი... იმავდროულად, "ბურევესტნიკის" წევრი ვიყავი. ფიზკულტურის ინსტიტუტი საუკეთესო სასწავლებელი იყო, მწვრთნელის, მასწავლებლის კონკრეტულ სპეციალობას ეუფლებოდი. მისი დახურვით დიდი შეცდომა დაუშვეს. ამან ცუდი დაღი დაასვა სპორტს. სპეციალისტები ძალიან ცოტა გვყავს.

ოჯახი 25 წლისამ შევქმენი. მეორე დღეს გავხდი 26 წლის. საერთოდ, დრო არ მქონდა, გოგონებთან მევლო. კი ვიცნობდი კარგ გოგონებს, მაგრამ რინგი მათზე მეტად მაინტერესებდა და მომწონდა. მერე ისე მოხდა, ერთ-ერთ ოჯახში მომავალი მინისტრის, შოთა გორგოძის ქალიშვილი გავიცანი. სრულიად უანგაროდ შემიყვარდა. ვლაპარაკობდით მუსიკაზე, წიგნებზე. ძალიან მომწონდა მისი მოსმენა. ჩამოვიდოდი შეკრებიდან და დავურეკავდი. ვხვდებოდით ერთმანეთს... ასე აეწყო... ორი შვილი გვყავს: დავითი და თამრიკო. ორი წლის წინ ბაბუა გავხდი, ილიკო მყავს.

ვაჟი კრივზე თუ ვატარე? დათოს ჩოგბურთი უფრო მოსწონდა. მერე სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ლექსებს წერს, თარგმნის. უფულო სპეციალობას მოჰკიდა ხელი... მადლობა ღმერთს, ჩვენს ოჯახში მატერიალურზე მეტად სულიერი ღირებულებები ფასობს... ისე, კარგი ბიზნესმენი რომ გამოსულიყო, ცუდი არ იქნებოდა. ეგეც ხომ ნიჭსა და გონიერებაზეა დამოკიდებული... თამრიკოს პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

მეზობელ თეკლა ბებიასთან

დედა 2001 წელს გარდაიცვალა, ყველა ჩემს წარმატებას მოესწრო. ძალიან გახარებული იყო, მაგრამ სულ წუხდა, იქნებ ახლა მაინც დაანებო თავი კრივს, უკვე ხომ გახდი ჩემპიონიო.

ვცდილობდი, როგორც შემეძლო გამეხარებინა. ჯერ კიდევ ქარხანაში რომ ვმუშაობდი, ღია აივანი შემოვტიხრე ჩვენს ციცქნა ერთოთახიან ბინაზე, შუშაბანდი გაკეთდა, უხაროდა დედას... ოჯახისადმი ყურადღებიანი ვიყავი. ჩემხელები თუ განებივრებული იყვნენ და ერთობოდნენ, მე მთელი ხელფასი შინ მომქონდა. ჩემი ძმებიც ასეთები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამის გარეშე გავიზარდეთ, გამიმართლა, - ორი ძმა მყავდა მაგალითის მომცემი, არასდროს მახსოვს მათი უწმაწური სიტყვა, უღირსი საქციელი.

ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, სურათების ნახვა. მერე ისე აეწყო, მხატვრებთან ვიყავი ძალიან ახლოს, მათი სამყარო მაინტერესებდა. სხვა სპეციალობის ხალხთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე მოკრივეებთან. ეტყობა, მაშინაც მქონდა ერთგვარი ხედვა, ის, რამაც მერე ხელში ფოტოაპარატი ამაღებინა.

ბევრს ჰგონია, აპარატი თუ გაქვს, ჩააჩხაკუნებ და ჩიტი გამოფრინდება. ჩიტი შეიძლება გამოფრინდეს, მაგრამ სურათს ვერ გადაიღებ. ბუნებას ყველა ხედავს, მაგრამ ყველას არ შეუძლია თავისი გამორჩეული სურათი იპოვოს.

ერთხანს პეტერბურგში ვცხოვრობდი. არაჩვეულებრივი ქალაქია კულტურის თვალსაზრისით. სურვილი უცებ გამიჩნდა, შევიძინე ფოტოაპარატი... დავდიოდი და ვიღებდი. სპორტიდან გამომყვა ეს თვისება: ჩემს ფოტოებში კარგსაც ვამჩნევ და ნაკლსაც. ადამიანი თავის შეცდომას უნდა გრძნობდეს.

გადაღება არავის უსწავლებია, არც წიგნებიდან მისწავლია, რაღაც ვიკითხე. მიპასუხეს. ამ მხრივ ძალიან კულტურული ხალხი ცხოვრობს პეტერბურგში. რამდენიმე თვის მერე ეს კაცი ჩემი სურათების გამოფენაზე მოვიდა შემთხვევით. ღიმილით მკითხა, რომ მოხვედი და მეკითხებოდი, მაბრიყვებდიო? ავუხსენი, მართლა არ ვიცი ბევრი რამ-მეთქი..

დავდივარ ქალაქში... დამაქვს აპარატი. აბსტრაქტული სიუჟეტები მომწონს... ძალიან საინტერესო გამოდის. მიხარია, მხატვრებმა დაინახეს ეს ყველაფერი.

გადასაღები შეიძლება სრულიად მოულოდნელად გაჩნდეს შენთვის. მახსოვს, ერთ დღეს თოვლჭყაპი იყო, შემოდგომა ილეოდა. ყვითელი ბუჩქების გასწვრივ მივდიოდი, უცებ ერთი წითელი ფოთოლი შევნიშნე მოშორებით. ფირი მქონდა შავ-თეთრი. გავიქეცი ფოტომაღაზიაში, რომელიც ორი გაჩერების იქით იყო, თან გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რამე არ მოხდეს, ის ფოთოლი არ მოწყდეს, ვინმემ არ გადაუაროს-მეთქი... დავბრუნდი და გადავიღე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სურათია.

კრივი ძალიან მიყვარს. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. მუდმივად ვფიქრობ ახალგაზრდა მოკრივეთა მომავალზე, მწვრთნელების შერჩევაზე. მაგრამ ფოტოების გადაღების გარეშე არ შემიძლია. ტელევიზიით გადაიცემა არხი, ბოეც-ი ჰქვია. არ ვუყურებ არც კრივს, არც სხვა ორთაბრძოლებს... თუმცა ჩემი ფანტაზიით ყოველთვის კრივთან ვიქნები. არასდროს დამეკარგება კრივის სიყვარული. არ მქონდა სურვილი, ჩემპიონი გავმხდარიყავი, უბრალოდ უაზროდ მიყვარდა კრივი და პატიოსნად ვვარჯიშობდი. ფოტოხელოვნებაშიც არ მაქვს მიზნად, გინდა თუ არა, რაღაცას მივაღწიო. ერთადერთი, მინდა ის სურათი გადავიღო, რომელიც ისედაც მაქვს თავში. ყვავილი არ მოხვდება აპარატის ობიექტივში, თუ ადამიანის თავში არ არსებობს. ვცხოვრობ ამით...

"სპორტიდან გამომყვა ეს თვისება: ჩემს ფოტოებში კარგსაც ვამჩნევ და ნაკლსაც. ადამიანი თავის შეცდომას უნდა გრძნობდეს"

რინგი თუ მესიზმრება? იყო დრო, განსაკუთრებით აქტიური სპორტსმენობის პერიოდში, ღამითაც ამაზე ვფიქრობდი. კრივი იმითაც არის გამორჩეული, თუ მოკრივე არ აზროვნებს, ძალიან უხეში ბრძოლა და ცემა-ტყეპა გამოუვა მხოლოდ.

ბუნებით კარჩაკეტილი ვარ. ადრეც შემეძლო, მთელ დღეს მარტო ვყოფილიყავი შინ. დედა მეტყოდა, რას დგახარ ფანჯარასთან, გაიარე ცოტაო... ამ დროს მე ჩემს ფიქრში ვიყავი, დიალოგი მქონდა საკუთარ თავთან. ცუდი არ არის, როცა ადამიანს შეუძლია, განიცადოს რაღაც და ისაუბროს თავის თავთან ამაზე. ცუდი არ არის... ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელი ჰკარი და აღარავინ გინდა. უბრალოდ, განმარტოვდები, ხელს არავინ გიშლის.

ადრე მეგონა, სპორტს რომ ჩამოვშორდები, წავალ და დავსახლდები სოფლად, პატარა ნაკვეთი მექნება და იქ ბუნებასთან ახლოს ვიქნები-მეთქი. მაგრამ ნუ იტყვი. ეს მართლა სიზმარია და დიდი ფანტაზია. დღეს ძნელია, წარმოიდგინო როგორ შეიცვლება ცხოვრება...

ერთმა ამერიკელმა გაყიდა ქარხნები, ფაბრიკები, დაიწყო მოგზაურობა, ფოტოების გადაღება, გამოუშვა წიგნები. საშუალება აქვს, არ იფიქროს არაფერზე. ჩვენთან პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ეს ხელს ვერ შეგიშლის, სამყაროს ხედავდე განსხვავებულად, შენებურად.

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#56