როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს - კვირის პალიტრა

როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს

ნაწილი II ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის (XVI-XVIII სს.)

ლევან I

(მმართველობის მეორე პერიოდი)

გიორგი XI-ის ძმა -უფლისწული ლევანი, ქართლის სამეფოს 1676-1677 წლებში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გამგებლის რანგში მართავდა (ამის შესახებ უკვე ვწერდით).

მოგვიანებით, სპარსეთის შაჰინშაჰ სოლთან ჰუსეინის, იმავე ჰუსეინ I-ის ბრძანებით, ლევანი გამაჰმადიანდა და "შაჰ-ყული-ხანად" იწოდა. იგი სპარსეთის მდივანბეგად და ქირმანის ნაიბად დაადგინეს.

ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს: "ყეენმან მოითხოვა მეფისაგან ლევან, ძმა მეფისა, რამეთუ ეუწყა ყეენსა, არს იგი საქმისა მისისა წარმმართებელი".

1703 წელს მეფედ დადგენილმა გიორგი XI-მ შაჰინშაჰს სთხოვა ნებართვა, მისი სპარსეთსა და ავღანეთში ყოფნის პერიოდში ქართლის მართვა მიენდო ლევანისთვის, რომელსაც მართვა-გამგებლობის გამოცდილება გააჩნდა. ლევანის თბილისში ჩამოსვლამდე კი ქვეყანა დროებით უნდა ემართა მის ერთ-ერთ ვაჟს, უფლისწულ ვახტანგს (1675-1737), რომელიც ცნობილია მეფე ვახტანგ VI-ის სახელით.

მემატიანეს ცნობით, "ლევან იყო სიჭაბუკითგანვე ღვთისმოყუარე, ბრძენი და სიბრძნის მოყუარე, ეკლესიათა მაშენებელი, მამკობელი, მდაბალი და ბოროტისა არა მომხსენებელი, მოწყალე, მშვიდი, ღრმად განმსინჯველი და მოუბარი. ამან განაგნა ყოველნი საქმენი ქართლისანი".

შაჰინშაჰმა ქართლის ჯანიშინად დანიშნულ ლევანს ნება დართო, სამშობლოში დაბრუნებულიყო. სპარსეთის შაჰინშაჰი სოლთან ჰუსეინი, იგივე ჰუსეინ I სეფიანი, სასახლის კარისკაცების გარემოცვაში. სპარსული მინიატურა, 1721 წელი (დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში, ლონდონში)

ჰიჯრით 1114 წელს თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა სპილენძის მონეტები, რომელთა ორივე მხარეს ლომი გამოსახეს. მათზე, ისევე როგორც წინა საუკუნის თბილისურ სპილენძის საფასეებზე, არ არის მითითებული სახელი მმართველისა, რომლის დროსაც ისინი მოიჭრა, თუმცა გვხდება სპარსული ზედწერილი: "ფულუსი იჭედა თბილისს", რაც XVII-XVIII საუკუნეების ადგილობრივ მონეტებზე, თარიღთან ერთად, ტრადიციულად აღიბეჭდებოდა.

ნუმიზმატ თინათინ ქუთელიას აზრით, ეს ანონიმური მონეტები შეიძლება მოეჭრა ან ერეკლე I-ს, ანდა ვახტანგ VI-ს.

ჩვენი აზრით, ეს მონეტები ვახტანგს უნდა მოეჭრა, რომელიც ქართლის სამეფოს განაგებდა 1703 წლის მაისიდან (ანუ ერეკლე I-ის ისპაჰანში გამგზავრებიდან) -ივლისამდე (ანუ ჯანიშინად დადგენილი ლევანის ჩამოსვლამდე). ეს იყო ვახტანგ VI-ის მმართველობის პირველი პერიოდი, რომელიც სულ ორ თვეს გრძელდებოდა.

ვინაიდან მონეტებზე აღბეჭდილი ზემოხსენებული თარიღი ჰიჯრით გრძელდებოდა 1702 წლის 28 მაისიდან 1703 წლის 16 მაისამდე, შესაბამისად, ეს მონეტები უნდა მოეჭრათ არაუგვიანეს ამ პერიოდისა.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც. როგორც ვთქვით, მონეტას ორივე მხარეს ამშვენებს ლომის გამოსახულება. მას არაერთ ენაზე ეწოდება ლეონი (ქართულად ლევანი), ანუ სახელი იმხანად ჯანიშინად დანიშნული ბაგრატიონისა.

ავერსზე გამოსახული ლომი ზომით აღემატება რევერსზე აღბეჭდილს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისურ სპილენძის მონეტებზე ცხოველთა მეფე მანამდეც გამოსახეს, მაგალითად, 1645-1646 და 1679-1680 წლებში, თუმცა ლომის ერთი ფიგურის სახით.

ჩვენი ვარაუდით, ჰიჯრით 1114 წელს მოჭრილი მონეტების ავერსზე აღბეჭდილი დიდი ლომი სიმბოლურად განასახიერებდა შაჰინშაჰს, ხოლო რევერსზე გამოსახული მომცრო ლომი-ქართლის ჯანიშინს.

ვფიქრობთ, ამ მონეტების მოჭრით ვახტანგმა თავის მამას ერთგვარი სიურპრიზი დაახვედრა.

15 ივლისს ჯანიშინი ლევანი თბილისში ჩამოვიდა და თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა. ეს მისი გამგებლობის რიგით მეორე და იმავდროულად უკანასკნელი ხანა გახლდათ.

მისი სახელით გაცემული ერთ-ერთი წყალობის სიგელი ასე იწყება: "ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა და წყალობითა დიდის ხელმწიფისათა, ჩვენ, სრულიად ერანის სპასალარისა, ქირმანის ბეგლარბეგისა და საქართველოს ვალის მაგიერად მყოფმან, ერანის მდივანბეგმან და საქართველოს ჯანიშინმან, პატრონმან შაჰყულიხან".

აქ "დიდ ხელმწიფეში"ნაგულისხმევია შაჰინშაჰი, ხოლო ტიტულში "საქართველოს ვალი"გიორგი XI.

10 ოქტომბერს ლევანმა ხელმოწერით დაამოწმა დავითგარეჯის მეუდაბნოე ბერთათვის ბოძებული ჯამაგირისა და სარგოს განახლების წიგნი.

ქართულ საისტორიო წყაროებში დაცულ რამდენიმე ცნობაში ჯანიშინი ლევანი მეფედ იხსენიება. თითოეულ მათგანს ციტატის სახით მოვიყვანთ: 1703 წლის 15 ივლისს, თბილისში, "გიორგის მაგიერ მობრძანდა მისი ძმა ლევან მეფე ისპაჰანიდან", "ლევან მეფემ ჩამოართვა ამილახორობა ავთანდილს და მისცა ანდუყაფარს გივის ძეს, მაჰმადიანს", "წარვიდა ლევან მეფე ისპაანს. ჯანიშინად დაუტევა თვისი შვილი ვახტანგ ქართლში". ქართლის მეფე გიორგი XI

ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია წიგნში "საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს."(თბ., 1980), რომლის გამომცემელი, პროფესორი ავთანდილ იოსელიანი წერს: "შაჰთან გაწვეულმა მეფე ლევანმა თავისი შვილი ვახტანგ VI ჯანიშინად დატოვა"(გვ. 45).

ვფიქრობთ, ლევანის მეფედ მიჩნევა გადაჭარბებულია, ვინაიდან იგი გახლდათ უმცროსი ძმა და მოადგილე (მეფისნაცვალი) სპარსეთში მყოფი მეფე გიორგი XI-ისა.

1703 წელს ჯანიშინმა ლევანმა ქირმანში მყოფ გიორგი XI-ს გაუგზავნა 2000 ქართველი მხედარი, რომლებსაც ვახუშტი ორბელიანი-ყაფლანიშვილი სარდლობდა.

ვახუშტი გვამცნობს: "ლევან განაგნა დაშლილნი საქმენი ყოველნი ქართლისანი და... დაუტევა ძე თვისი ვახტანგ განმგედ".

1704 წლის 26 სექტემბერს, ლევანმა ჯანიშინობა გადააბარა თავის ძეს, ვახტანგს და თავად მეორე ვაჟ იესესთან ერთად სპარსეთში გაემგზავრა.

ლევანმა ორჯერ იქორწინა. 1672 წელს მან ცოლად შეირთო თუთა ქაიხოსროს ასული გურიელი. მათ შეეძინათ ასული ხვარამზე და სამი ვაჟი, მომავალი მეფენი -ქაიხოსრო I (1674-1711), რომელსაც თავისი პაპის (დედის მამის) სახელი ერქვა, ვახტანგ VI (1675-1737), რომელსაც ასევე თავისი პაპის (მამის მამის) სახელი ერქვა და მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი IV (1676-1742), რომელიც ამ თანამდებობაზე 1704-1724 და 1738-1741 წლებში მოღვაწეობდა.

თუთას გარდაცვალების (1678) შემდეგ, დაქვრივებულმა ლევანმა 1680 წელს ცოლად შეირთო თინათინ გიორგის ასული ავალიშვილი, რომელმაც შვა სამი უფლისწული: იესე (1682-1727), მომავალი მეფე იესე I, სვიმონი (1682-1741), მომავალი გამგებელი და თეიმურაზი (1688-1710).

გარდა ამისა, ლევანს მხევალთაგანაც ჰყავდა შვილები: ადარნასე (1707-1784), ხორეშანი (ჩანს 1724 წელს), კონსტანტინე (გარდაიცვალა 1756 წელს), ანა, როსტომი (დაიღუპა 1722 წელს), დავითი (ჩანს 1674-1703 წლებში), თომა (ჩანს 1688-1703 წლებში) და ალექსანდრე (1689-1711).

ვახტანგ VI

(მმართველობის მეორე პერიოდი) ვახტანგ ლევანის ძე, რომელიც ცნობილია ვახტანგ VI-ის სახელით, ქართლის ჯანიშინი იყო 1704 წლის 26 სექტემბრიდან -1712 წლის 22 აპრილამდე. იმ პერიოდში იგი ქრისტიანად რჩებოდა.

ვახტანგი იყენებდა საბეჭდავებს წარწერით: 1) "ძე ლევანისა ვახტანგ მირზა"(ბატონიშვილობისას); 2) "რტოდ ვარ დავითის, მგელ-ლომად ვით ის, ვახტანგ ვამტკიცებ მეფის ძეობით"(ჯანიშინობისას).

ვახტანგმა თბილისის ზარაფხანაში მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით: ვ-ტ-გ ანდა ვ-გ (მხედრულად). მონეტების ავერსზე გამოსახულია სამანძიანი ხომალდი, ხოლო მეორე მხარეს ზოდიაქოს ნიშანი "თევზები", რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ მიცურავენ.

მონეტებზე მათი მოჭრის თარიღი აღნიშნულია როგორც ჰიჯრით, ასევე ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში. ამით თბილისში განახლდა ქართულწარწერიანი საფასეების მოჭრა, რაც ორ საუკუნეზე მეტხანს შეწყვეტილი იყო.

ამით ქართლის ბაგრატიონებმა სამონეტო რეგალია დაიბრუნეს.

ჩნდება კითხვები: რატომ გამოსახა ვახტანგმა მონეტებზე ხომალდი? ქართლს ხომ ზღვა არ ემიჯნება? რატომ გამოსახა ზოდიაქოს ნიშანი "თევზები"? მისი, როგორც 15 სექტემბერს დაბადებულის ზოდიაქოს ნიშანი ხომ "ქალწული"გახლდათ?

ვფიქრობთ, აღნიშნულ ფაქტს შემდეგი ახსნა უნდა მოეძებნოს: ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ვახტანგ VI დედის მხრიდან განეკუთვნებოდა გურიელთა (იმავე ვარდანისძეთა) საგვარეულოს, რომელიც შავ ზღვის ნაპირას მდებარე გურიას საუკუნეთა განმავლობაში განაგებდა.

გურიელები იმდენად მძლავრი და ამბიციური მთავრები იყვნენ, რომ პრეტენზია ხელმწიფობაზეც ჰქონდათ. ისინი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეცილებოდნენ ტახტს ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენლებს, რომლებსაც ზოგჯერ კიდევაც სჯაბნიდნენ და სამეფო ხელისუფლების უზურპაციასაც ახერხებდნენ. მათ შორის იყვნენ: დემეტრე სვიმონის ძე გურიელი (მთავრობდა 1659-1664 წლებში), რომელმაც იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლა 1668 წელს მოახერხა, ვახტანგ VI-ის ბიძა (დედის ძმა) -გიორგი III (მთავრობდა 1664-1684 წლებში), რომელსაც იმერეთის ტახტი 1681-1683 წლებში ეკავა, მისი ვაჟი (ანუ ვახტანგ VI-ის ბიძაშვილი დედის მხრიდან) -მამია III (მთავრობდა 1689-1714 წლებში), რომელსაც იმერეთის ტახტი 1701-1702, 1711-1712 და 1713-1714 წლებში ეკავა და მისი ვაჟი -გიორგი IV (მთავრობდა 1714-1716 და 1717-1726 წლებში), რომელმაც იმერეთის ტახტი 1716 წელს სამიოდე თვით დაიკავა.

ჩვენი ვარაუდით, ხომალდისა და თევზების გამოსახვით, ვახტანგ VI-მ ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას (დედის ხაზით) გურიელთაგან, რომლებიც ზღვაზე გამავალი სამთავროს მემკვიდრეობითი მფლობელნი იყვნენ. იმავდროულად, ეს შესაძლოა მიგვანიშნებდეს ვახტანგ VI-ის სწრაფვაზე ევროპული ცივილიზაციისკენ, რაც მოგვიანებით დადასტურდა მის მიერ სულხან-საბას ევროპაში მივლინებითაც (1713-1716 წწ.).

1709 წლის 21 აპრილს ავღანელებმა, მირ-ვეის ჰოთაქის სარდლობით, ყანდაარში მყოფი გიორგი XI ვერაგულად მოკლეს. ვინაიდან მისი ერთადერთი ვაჟი ბაგრატი XVII საუკუნის მიწურულს, ჰერათში (ავღანეთი) გარდაიცვალა, გიორგის ლეგიტიმურ მემკვიდრედ მისი მომდევნო ძმა ლევანი ითვლებოდა.

1709 წლის 13 ივლისს ლევანი ისპაჰანში გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ვახტანგ VI-მ ქართლში გამგებლობა განაგრძო.

ქაიხოსრო I

ქართლის ყოფილი ჯანიშინის, ლევან I-ის გარდაცვალებისთანავე, შაჰინშაჰმა ვალის ტიტული უბოძა მის უფროს ვაჟს ქაიხოსროს (1674-1711), რომელსაც გამაჰმადიანების შემდეგ ხოსრო-ხანი უწოდეს.

უფლისწულობისას ქაიხოსრო იყენებდა საბეჭდავს წარწერით: "მონა ღთისა ქაიხოსრო მირზა".

ვახუშტი გვამცნობს, რომ შაჰინშაჰმა "ქაიხოსროს, ძესა ლევანისასა, მისცა ქართლი სამეფოდ და სპასალარობა ერანისა".

ქაიხოსრო I მეფედ ითვლებოდა 1709-1711 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა. მას შაჰინშაჰმა საგამგებლოდ თავრიზი და ბარდა უბოძა. 1711 წლის შემოდგომაზე იგი ყანდაარზე იერიშისას დაიღუპა. ამდენად, იგი მხოლოდ დე ჯურე მეფე გახლდათ.

სვიმონ III

ქაიხოსრო I-ის მომდევნო ძმა, ჯანიშინი ვახტანგი შაჰინშაჰმა დაიბარა. ისპაჰანს მიმავალ ვახტანგს ქართლის მართვა, წესით, იესესთვის უნდა მიენდო, რომელიც მის ნახევარძმებს შორის უფროსი გახლდათ. ამის მიუხედავად, მან გამგებლობა იესეს მომდევნო ძმას, სვიმონს (1682-1741) ჩააბარა.

საისტორიო წყარო გვამცნობს: "1712 წლის აპრილის კბ მეფე ვახტანგი წაბრძანდა სპარსეთში ყეენთან 300 კაცით. ქართლის გამგებლად დატოვა თავისი ძმა სვიმონ და აქორწინა ერისთავის ბარძიმ მდივანბეგის ასულ გუქაზედ".

ვახუშტი გვაუწყებს, რომ ისპაჰანს მიმავალმა ვახტანგმა "დაუტევა ძმა თვისი სვიმონ გამგედ ქართლისა".

ასე რომ, ვახტანგი თავის მომდევნო ნახევარძმაზე, იესეზე მეტად, უმცროს ნახევარძმას, სვიმონს ენდობოდა. შემდგომში გამოჩნდა, რომ ასეთი დამოკიდებულება უსაფუძვლო არ ყოფილა.

1691-1711 წლებში სვიმონი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: "მოსავი ღვთისა ბატონიშვილი სვიმონ", ხოლო ქართლის გამგებლად ყოფნისას, საბეჭდავს წარწერით: "საქართველოს გამგებელი ბატონიშვილი სვიმონ".

გამგებელი სვიმონი იზიარებდა ვახტანგ VI-ის შეხედულებებს და მეთავეობდა არისტოკრატიის მოწინავე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ-კულტურულ ასპარეზზე ვახტანგის მიერ წამოწყებულ პროგრამას ახორციელებდა.

სვიმონმა დააბეჭდინა კურთხევანი, რომელიც ყანჩაველმა კვიპრიანე სამთავნელმა იერუსალიმში ყოფნისას თარგმნა. მანვე მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით ს-მ-ნ და ფრთოსანი ურჩხულის (დრაკონის) გამოსახულებით.

გამგებელმა დააპატიმრა თავისი ნახევარძმა, კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი, რომელიც სამეფო ტახტზე ასასვლელად მზად იყო განმოსილიყო, დაოჯახებულიყო და გამაჰმადიანებულიყო.

მართალია, სვიმონი მეფე არ ყოფილა, მაგრამ ვინაიდან იგი ქართლის გამგებელი იყო, მას, როგორც ბაგრატოვან მმართველს, შესაბამისი რიგითი ნომერიც უნდა ჰქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1633 წლიდან დაწყებული, იგი იყო ქართლის სამეფოს პირველი ბაგრატოვანი მმართველი, რომელიც არც გამგებლობამდე და არ შემდგომ პერიოდში არ გამაჰმადიანებულა და ბოლომდე ქრისტიანად დარჩა.

ვინაიდან მანამდე ქართლს ორი სვიმონი მართავდა, კერძოდ, სვიმონ I (მეფობდა 1556-1600 წლებში) და სვიმონ II (მეფობდა 1619-1630 წლებში), ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მართებული იქნება, თუ 1712-1714 წლებში გამგებლად მყოფ სვიმონს -სვიმონ III-ის სახელით მოვიხსენიებთ.

იესე I და ვახტანგ VI

ვალის თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, შაჰინშაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგი რჯულის გამოცვლაზე 4 წლის (1712-1716) განმავლობაში უარს აცხადებდა. ამის გამო, იგი სპარსეთში ფაქტობრივად პატიმრობაში იმყოფებოდა.

1714 წლის 10 მარტს შაჰინშაჰმა სოლთან ჰუსეინმა ქართლის ვალის თანამდებობაზე დაადგინა ვახტანგის ნახევარძმა -იესე, რომელიც საქართველოში გამოისტუმრეს.

მემატიანის შეფასებით, იესე "იყო მხნე, ახოანი, ჰაეროვანი, მოწყალე, უხვი, მაღალთა და მდაბალთა მიმცემი, ლხინ-სიხარულთა, შუება-განცხრომათა მოყუარე, სამღუდელოთა პატივისმცემელი და დალოცეს ყოველთა ქართველთა და გარდააყარეს ოქროი და ვერცხლი მრავალი დიდებულთა და წარჩინებულთა. და იყო ესე ფრიად მიქცეულ მაჰმადიანობასა ზედა და მქცევი მათებრ, მდიდარი და ამაყი".

თავისი ბატონიშვილობის პერიოდში, კერძოდ 1703-1704 წლებში, იესე იყენებდა ბეჭედს წარწერით: "მოსავი ღთისა, ძე მეფისა, ბეჭედს ვამტკიცებ იასე". ამ წარწერაში იესეს მამა ლევანი მეფედ მოიხსენიება.

გამაჰმადიანებული იესე 1705-1714 წლებში შაჰინშაჰის სამსახურში იდგა. იგი მონაწილეობდა აჯანყებული ავღანელებისა და ბელუჯების წინააღმდეგ წარმოებულ ხანგრძლივ ბრძოლაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯერ მისი გვირგვინოსანი ბიძა -გიორგი XI, ხოლო მისი მოკვლის შემდეგ, იესეს ნახევარძმა -ქაიხოსრო I.

1708 წელს ავღანეთში მყოფმა გიორგი XI-მ თავისი ძმისწული იესე ქირმანის მხარის ნაიბად დაადგინა. გიორგის დაღუპვის შემდეგ, ჰუსეინ I-მა იესეს ბეგლარბეგობა უბოძა და სახელად ალი-ყული-ხანი უწოდა. 1711 წელს ის სპარსეთის თოფჩიბაშად დანიშნეს.

შაჰინშაჰის მიერ ვალის თანამდებობაზე დადგენილი იესე 1714 წლის 1 ოქტომბერს თბილისში შემოვიდა, სადაც მას უმცროსი ძმა, გამგებელი სვიმონი შეეგება.

იესე I ქართლს ჯერ ორ (1714-1716), ხოლო შემდეგ სამ (1724-1727) წელიწადს, ანუ საერთო ჯამში 5 წელიწადს განაგებდა. მას მოღვაწეობა საქართველოსთვის ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მან, როგორც კარიერისტმა, სარწმუნოება და სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. იგი სხვადასხვა დროს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და მაჰმადიანი, კერძოდ, ჯერ შიიტური, ხოლო შემდეგ სუნიტური ისლამის მიმდევარი.

საგულისხმოა, რომ თავისი მეფობის პირველ პერიოდში იესე I კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდა და ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელებაზედაც ზრუნავდა. მისი ხელშეწყობით 1716 წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა "დავითნი", რომლის თავსართიც იუწყებოდა: "დავითნი აწ, მეოთხედ დაბეჭდილ ქართულ ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულსა მეფისა უფლისაი იესესი".

თავისი მეფობის პირველ პერიოდში (1714-1716) იესე იყენებდა საბეჭდავს შემდეგი წარწერებით: 1) "ქ. მღთით მეფე, ცხებით იესე, თესლ-ტომად დავითიანი"; 2) "ღმერთო, სასჯელი შენი მეფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეფისასა. ქ-კსა უბ, ინდიკტიონს მეფობისა ჩვენისასა ა, მეფედ აღმოვედ იესე, ხე ნორჩად დავითიანი ალიყულიხან სახელმძესა ვამტკიცებ დოვლათიანი".

სპარსეთში ოთხწლიან პატიმრობაში მყოფი ვახტანგ VI იძულებული გახდა, 1716 წელს მაჰმადიანობა მიეღო. შაჰინშაჰმა ვახტანგს ვალის ტიტული უბოძა და სახელად "ჰუსეინ-ყული-ხანი"უწოდა, თუმცა 1719 წლამდე სპარსეთში დაიტოვა. მას სპასალარობა და საგამგებლოდ თავრიზი და ბარდა უბოძეს.

1716 წლიდან სამშობლოში ჩამოსვლამდე ვახტანგი დე ჯურე მეფე გახლდათ. ეს იყო მისი მმართველობის რიგით მესამე პერიოდი.

ბაქარ I

(მმართველობის პირველი პერიოდი)

ვახტანგის გამაჰმადიანებისთანავე, იესე ვალის თანამდებობიდან გადააყენეს.

ვახტანგ VI-ის ვაჟს, ბაქარს (1700-1750), რომელიც 1716 წლის აგვისტოში გამაჰმადიანდა და "შაჰ-ნავაზ-ხანად"იწოდა, ქართლის მართვა მიანდვეს. მას გადასცეს შაჰინშაჰისგან გამოგზავნილი: რაყამი, თაჯი, მურასა ხმალ-ხანჯალი, ოქროს სურა, თასი, ყალიონი და ოქროთი შეკაზმული ბედაური.

ბაქარს, რომელიც სამეფოს თითქმის სამ წელიწადს, მამის დაბრუნებამდე განაგებდა, ვახუშტი მეფედ იხსენიებს.

ვინაიდან მანამდე ქართლს უკვე მართავდა ამ სახელის მქონე ორი ბაგრატოვანი ხელმწიფე, ბაქარი გამოდის შაჰნავაზ III.

თავისი ბიძის სვიმონ III-ის მსგავსად, ბაქარმა თბილისის ზარაფხანაში მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით: ბ-ქ-რ და ფარშავანგის გამოსახულებით.

ბაქარ I-ის გამეფების შემდეგ, მეფედყოფილი იესე თელავში გაიხიზნა. იგი შეიპყრეს და ბაქარს გადასცეს. პატიმრობისას იესე კვლავ გაქრისტიანდა.

1716-1717 წლებში ბაქარი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: "ქეს და სასოება ბაქარ დავითიანს", ხოლო 1717-1718 წლებში წარწერით: "რტო დავითისა, ძე ვარ მეფისა, ქართლის გამგებლად ბაქარ ხმობილი, ქორონიკონი ჩღიზ".

ვახტანგ VI

(მმართველობის მეოთხე პერიოდი)

1719 წლის აგვისტოში ვახტანგ VI სამშობლოში დაბრუნდა.

ვახუშტი გვამცნობს: "მოვიდა მეფე ვახტანგ ტფილისს... დაჯდა ტახტსა ზედა; შეჰფიცეს ყოველთა ქართველთა მეფობისა მისისა მტკიცედ ერთგულებასა ზედა და დალოცეს ყოველთა ქართველთა მეფედ და მიულოცეს და გარდააყარეს ოქრო და ვერცხლნი მრავალნი დიდებულთა, წარჩინებულთა, აზნაურთა, კათალიკოზმან და ეპისკოპოს-არქიმანდრიტთა (არამედ ესე წესი ძუელითვე იყო საქართველოსა და უყოფდიან ყოველთა ესრეთ ტფილისს და მიერით უხმობდენ მეფედ და თვინიერ მისა არა)".

ვახტანგ VI-მ პატიმრობიდან გაათავისუფლა იესე, რომელიც ძმის მხარდამჭერი გახდა. მისი ძალისხმევით დაიბრუნეს მცხეთა, რომელიც იმხანად კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

იესეს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება და მსაჯულთუხუცესობასთან ერთად, საუფლისწულო მამულად მუხრანი უბოძეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: "ღთის მონა, ვახტანგ მეფის ძმა მსაჯულად მდეგი იესე".

1722 წელს სპარსეთში შეჭრილმა ავღანელებმა (ღილზაებმა) მირ-ვეის ჰოთაქის ვაჟის, მირ-მაჰმუდის სარდლობით, 8 მარტს გულნაბადთან სპარსელები დაამარცხეს. ბრძოლაში დაიღუპა ყულარაღასი როსტომ-მირზა, ვახტანგ VI-ის ნახევარძმა. მომხდურებმა დაიკავეს ისპაჰანის გარეუბანი და შეჩერდნენ ალავერდი ხან უნდილაძის აგებულ ხიდთან, რომლის აღებაც ვეღარ მოახერხეს. ასე დაიწყო ისპაჰანის ალყა, რომელიც 7 თვეს გაგრძელდა.

შაჰინშაჰმა სოლთან ჰუსეინმა ვახტანგ VI დაადგინა აზერბაიჯანის (იგულისხმება დღევანდელი სამხრეთ აზერბაიჯანი, რომელიც ირანის შემადგენლობაშია) სარდლად, ხოლო ბაქარი -ყულარაღასად, რის სანაცვლოდაც მათ დახმარება სთხოვა.

ვახუშტი გვამცნობს: "მაშინ მოუწერა ყეენმან მეფესა, რათა მწე ექმნეს... აგვისტოს კოჟორს მყოფს მოუვიდა მეფეს ყეენისაგან თაჯი და ჯიღა, ხრმალი და ხანჯალი მოოჭვილნი და სპასპეტობა ადრიბეჟანისა, რათა დაიპყრას შირვანი, რამეთუ აქუნდა ლეკთა დაპყრობილი".

შაჰინშაჰის მუდარის მიუხედავად, მას არ დაეხმარა ვახტანგ VI, რომელსაც კავშირი რუსთხელმწიფე პეტრე I-თან ჰქონდა. შაჰინშაჰის დასახმარებლად მიმავალ ბაქარს მამამისმა გამგზავრება გადააფიქრებინა.

ქართველთა დახმარების გარეშე დარჩენილი სოლთან ჰუსეინი, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, უძლური აღმოჩნდა მომხდურთა წინაშე, რომლებიც მის სატახტო ქალაქში შეიჭრნენ.

კონსტანტინე III

ისპაჰანი მირ-მაჰმუდმა 1722 წლის 22 ოქტომბერს აიღო. მან თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა და სპარსეთის ნაწილს გარდაცვალებამდე განაგებდა. 1725 წელს გამეფდა მისი ვაჟი აშრაფ-შაჰი, რომლის განდევნის (1729 წ.) შემდეგ, ჰოთაქის დინასტიის მმართველობა სპარსეთში დასრულდა.

ტახტიდან ჩამოგდებული სოლთან ჰუსეინის (იმავე ჰუსეინ I-ის) ერთ-ერთი ვაჟი, თაჰმასბ-მირზა თავრიზში გამაგრდა და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. იგი ცნობილია როგორც თაჰმასბ (ქართულ წყაროებში -შაჰ-თამაზ) II. მისი ძალაუფლება სპარსეთის ჩრდილოეთში, კერძოდ, აზერბაიჯანში, გილანსა და მაზანდარანში 1732 წლამდე ვრცელდებოდა. მან გადაწყვიტა, დაესაჯა სპარსეთის ღალატსა და რუსეთთან კავშირში ბრალდებული გორჯესთანის ვალი.

1723 წლის 10 იანვარს თაჰმასბ II-მ ვახტანგ VI-ს ჩამოართვა ქართლის ვალის ტიტული და უბოძა იგი კახეთის მაჰმადიან მეფე კონსტანტინე II-ს, იმავე მაჰმად-ყული-ხანს, რომელმაც ამ წყალობის სანაცვლოდ თაჰმასბის უზენაესობა აღიარა.

ვახუშტი გვაუწყებს, რომ შაჰინშაჰმა "მისცა ქართლი მაჰმად-ყული-ხანს და აღირჩია იგი შაჰთამაზ".

ამის შემდეგ კონსტანტინე II საკუთარ თავს ქართლ-კახეთის კანონიერ ბატონ-პატრონად მოიაზრებდა. მან შეკრიბა კოალიციური ჯარი, რომელშიც ქართველების გარდა, გაერთიანებული იყვნენ: დაქირავებული დაღესტნელები, განჯისა და ერევნის ხანები თავიანთი რაზმებითურთ და ქართლში შეიჭრა. 1723 წლის 4 მაისს კონსტანტინე II-მ თბილისი აიღო. ამ ბრძოლის დროს ვახტანგ VI-ის ლაშქარში იყვნენ მისი ნახევარძმები, მეფედყოფილი იესე და გამგებლადყოფილი სვიმონი. თბილისის დაცემის შემდეგ ისინი ვახტანგს ჩამოშორდნენ.

ვახუშტი თავის ბიძას, სვიმონს საყვედურობს, რომ მან "არა აჰყარა ხიდი, არცა განამაგრნა საფარნი", რის გამოც მომხდურებს ქალაქის აღება გაუადვილდათ "და დაიპყრა ტფილისი მაჰმად-ყულიხან".

კონსტანტინეს ერთგულება შეჰფიცეს ვახტანგ VI-ზე განაწყენებულმა ფეოდალებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ქართლის გავლენიანი თავადები: გიორგი არაგვის ერისთავი, შანშე ქსნის ერისთავი, ბარათაშვილთა და ციციშვილთა ნაწილი.

კახთბატონი ქართლის სამეფოს ნაწილს (თბილისითურთ) განაგებდა 4 მაისიდან 10 ივნისამდე, ანუ თვეზე მეტხანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ბაგრატოვან მმართველს შესაბამისი რიგითი ნომერი უნდა მიეკუთვნოს.

ვინაიდან ქართლს მანამდე უკვე განაგებდა ამ სახელის მქონე ბაგრატიონთა ადგილობრივი შტოს ფუძემდებელი კონსტანტინე II (მეფობდა 1478-1505 წლებში), იმავე სამეფოში 1723 წელს გამეფებული კონსტანტინე გამოდის კონსტანტინე III.

აქვე დავძენთ, რომ იგივე პირი, იმავდროულად, როგორც კახეთის მეფე, უნდა იხსენიებოდეს კონსტანტინე II-ის სახელით და ასეც იხსენიება, ვინაიდან ამ სამეფოს მანამდე განაგებდა მხოლოდ ერთი კონსტანტინე, იგივე კონსტანტინე I, რომელიც 1605 წელს მეფობდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #115