იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია - კვირის პალიტრა

იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია

როგორ აღიძრა საზარელი დაპირისპირება მონათესავე ერებს შორის

XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს ევროპაში მოვლენები სწრაფი ტემპით განვითარდა. ნაცისტური გერმანია და მისი მოკავშირეები ამ დროისთვის უკვე ევროპის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ. მეორე მსოფლიო ომის პირველივე წლიდან იუგოსლავია მაქსიმალურად ცდილობდა, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა და ამით თავიდან აერიდებინა დაპირისპირებულთაგან რომელიმე მხარის განაწყენება. თუმცა, იუგოსლავიის კონფლიქტში ჩათრევა მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ.

(გაგრძელება.დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #111)

1939 წელს, ომის დაწყებისთანავე, ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იტალიამ ალბანეთს მიაყენა დარტყმა და ადვილად, სულ რამდენიმე დღეში დაამყარა მასზე კონტროლი. ამას მომდევნო წელს იტალიის მიერ ახალდაპყრობილი ალბანეთიდან საბერძნეთზე შეტევა მოჰყვა. 1941 წლის მარტში კი ღერძის სახელმწიფოთა რიგს (გერმანია-იაპონია-იტალია) ბულგარეთიც შეუერთდა. ყოველივე ამას, აქტიურად აკვირდებოდნენ ბელგრადიდან, რაც, რაღა თქმა უნდა, მათთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. ჯერ კიდევ ნეიტრალურ პოზიციაში მყოფი იუგოსლავიის სამეფო, ღერძის სახელმწიფოებისა და მათ მოკავშირეთა მიერ სრულ იზოლაციაში მოექცა. 1941 წლის 4 მარტს ადოლფ ჰიტლერმა ბერლინში პრინც-რეგენტი პავლე მიიწვია, რომელმაც 25 მარტს ხელი მოაწერა ბერლინის პაქტს და ღერძის სახელმწიფოებს შეუერთდა. დიდი ზეწოლის შედეგად მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა მხოლოდ ორი დღით. ამ ამბის შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა მთელ იუგოსლავიაში, რამაც მოსახლეობის არნახული უკმაყოფილება გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სამეფოს დედაქალაქის, ბელგრადის მოსახლენი. შეუიარაღებელი მოსახლეობა წინ აღუდგა საკუთარი მთავრობის ნაბიჯს და ამით პირდაპირ დაუპირისპირდა ევროპის ყველა ფრონტზე გამარჯვებულ გერმანიას. ქალაქის ქუჩებში, იუგოსლავიის დროშებით მორბენალი დემონსტრანტები, პატრიოტული შეძახილებით აპროტესტებდნენ მათივე მთავრობის ქმედებას.

ხელმოწერიდან ორ დღეში, 27 მარტს, იუგოსლავიაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მთავრობა დაამხეს. ახალ მთავრობას სათავეში იუგოსლავიის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი დუშან სიმოვიჩი ჩაუდგა. პრინც-რეგენტ პავლეს ნაცვლად კი ქვეყნის მმართველად ჯერ კიდევ არასრულწლოვანი პეტარი დანიშნეს, 1934 წელს მოკლული მეფე ალექსანდრ კარაგეორგევიჩის ვაჟი, რომელიც ამ პერიოდისთვის 17 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავიის ახალი მთავრობა, სიმოვიჩის თაოსნობით, არ წყვეტდა კავშირს ღერძის ქვეყნებთან, პარალელურად, 1941 წლის 5 აპრილს მან მოსკოვში საბჭოთა კავშირთან ხელი მოაწერა მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას... დროის ამ უმცირეს მონაკვეთში მომხდარი მოვლენები, რაღა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ჰიტლერს და იმავე დღეებში ბერლინში იუგოსლავიის ოკუპაცია გადაწყვიტეს. სახელმწიფო გადატრიალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ღერძის სახელმწიფოებმა იუგოსლავიას შეუტიეს და უკვე 17 აპრილს სარაევოში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფაქტობრივად ეს იუგოსლავიის უპირობო კაპიტულაციას ნიშნავდა. მთავრობამ და მეფე პეტარმა ლონდონს შეაფარეს თავი. იუგოსლავიის სამეფო აღარ არსებობდა.

ანტე პაველიჩი `ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს~ პარლამენტში (1942 წლის თებერვალი)

ქვეყნის დანაწილება "აპრილის ომისა" და იუგოსლავიის კაპიტულაციის შემდგომ, ღერძის სახელმწიფოებმა სამხრეთ სლავთა სამეფო შემდეგნაირად დაინაწილეს: შუაზე, ორად გაყოფილი სლოვენია გერმანიამ და იტალიამ შეიერთეს. აღმოსავლეთ სლოვენიის მცირე ნაწილი უნგრეთსაც შეხვდა. გარდა სამხრეთი სლოვენიისა, იტალიამ ხორვატიული დალმაციის დიდი ნაწილი და მონტენეგროს ზღვისპირა, კოტორის ყურის რეგიონები მიიერთა, დანარჩენ მონტენეგროზე კი პროტექტორატი გაავრცელა. მონტენეგროს მსგავსად, იტალიის პროტექტორატი გავრცელდა ალბანეთზეც, რომელსაც დაშლილი სერბეთისგან იტალიელებმა კოსოვო და მეტოხია, სამხრეთ მონტენეგროს მცირე ნაწილი და დასავლეთ მაკედონია მიუერთეს. მაკედონიის დარჩენილი, შედარებით უფრო დიდი ნაწილი სერბეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის მცირე ნაწილთან ერთად, ბულგარელებს დარჩათ. საკუთრივ სერბეთი საგრძნობლად შემცირდა და გერმანული ოკუპაციის შემდგომ, ქვეყნის სათავეში მარიონეტული მთავრობა მოვიდა იუგოსლავიის სამეფოს ყოფილი გენერლის, მილან ნედიჩის მეთაურობით. გარდა სამხრეთ ტერიტორიებისა, რომელიც სერბეთს ომის შემდგომ ჩამოაცილეს, მათ ასევე დაკარგეს სერბული ვოევოდინის უდიდესი ნაწილი, რომლის ჩრდილოეთი უნგრელებს გადაეცათ, ხორვატებს კი დასავლეთ სირმიის რეგიონი.

ხორვატები ყველაზე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან სხვებისგან განსხვავებით, გამარჯვებულებმა მათი ქვეყანა არათუ დაშალეს და დაინაწილეს, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინა და ხსენებული სერბული სირმიაც მიუერთეს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უმიზეზოდ არ მომხდარა და ამ ყველაფერთან უშუალო კავშირი ჰქონდა "უსტაშთა" ლიდერ ანტე პაველიჩს, რომელიც ამ დროს სათავეში ედგა ახლად შექმნილ "ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს" და რომელმაც ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერთან შეთანხმების შედეგად განახორციელა ჯერ კიდევ 1920-იანი წლების ბოლოს წამოყენებული დიდი ხორვატიის შექმნის გეგმა. თუმცა, არასრულად, რადგანაც მას საოცნებო "დიდი ხორვატია" ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმული წარმოედგინა, ვიდრე ის 1941 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე იყო. მალევე, ხორვატიის ახალი მთავრობა "სერბული პრობლემის გადაჭრის" ინიციატივით გამოვიდა (განათლების მინისტრ მილე ბუდაკის ინიციატივით), რაც სერბთა ერთი ნაწილის განადგურებას, მეორის გაკათოლიკებასა და დანარჩენის ხორვატიის ტერიტორიიდან განდევნას გულისხმობდა. ეს ხორვატებს შურისძიებად მიაჩნდათ იმ დამცირებისა და უგულებელყოფისთვის, რასაც ისინი იუგოსლავიის სამეფოში განიცდიდნენ სერბების მხრიდან.

ხორვატიის მარიონეტულმა მთავრობამ 1941-1945 წლებში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით სერბთა დიდი ნაწილი განდევნა ხორვატიის ტერიტორიიდან, ნაწილი კი საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტა. არაოფიციალურად 200 ათასიდან 300 ათასამდე სერბი იქნა რეპრესირებული, რომელთა უმრავლესობა შეეწირა კიდეც რეჟიმს. საკონცენტრაციო ბანაკების გარდა, ხდებოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ეთნიკურად სერბიულ და ბოსნიურ დასახლებებში. ერთ-ერთი ასეთი ჟლეტა მოხდა ძირითადად სერბებით დასახლებულ სოფელ გლინაში, სადაც 4 თვის განმავლობაში ხორვატმა უსტაშებმა 2000-იდან 2400-მდე სერბი მოკლეს. მათი ერთი ნაწილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამოკეტეს და გარედან ცეცხლი წაუკიდეს. სერბებთან ერთად იდევნებოდნენ მუსლიმი ბოსნიელები, ადგილობრივი ბოშები და ნაცისტური გერმანიის პოლიტიკიდან გამომდინარე ებრაელებიც, რომელთა უმრავლესობა ამ ტერიტორიაზე XV საუკუნის ბოლოს ესპანეთიდან მივიდა. მთელ იუგოსლავიაში სისასტიკით განთქმული იყო იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელსაც იუგოსლავიის აუშვიცსაც კი უწოდებდნენ. ყოველივე ამის შემხედვარე, ემიგრაციაში მყოფი იუგოსლავიის მთავრობა უძლური იყო, რომელიც უშედეგოდ ეძებდა ყველანაირ ბერკეტს, რომ რამე ეღონა. ორდიას კვანძი ბალკანეთში

წინააღმდეგობის მოძრაობათა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უსტაშთა სისასტიკესა და გერმანულ მმართველობასთან იუგოსლავიის სამეფოს ოკუპაციის პირველივე დღეებიდან შეურიგებელი ბრძოლა არ გაუნელებია დრაჟა მიხაილოვიჩს. იუგოსლავის სამეფოს ყოფილმა ოფიცერმა, რომელსაც მეტსახელად "ბიძია დრაჟასაც" უწოდებდნენ, იუგოსლავიის კაპიტულაციის შემდგომ, ტყვეობას გადარჩენილ იუგოსლავიელ ოფიცერთა და ჯარისკაცთა ნაწილთან ერთად აღმოსავლეთ ბოსნიისა და სერბეთის მთიანეთს შეაფარა თავი. მიხაილოვიჩმა ოკუპაციის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო მზადება წინააღმდეგობისთვის. მან ჩამოაყალიბა ჩეტნიკების სახელით ცნობილი პარტიზანული დაჯგუფებები, რომლებმაც მისი მეთაურობით 1941 წლის გაზაფხულიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ევროპაში პირველ წინააღმდეგობის მოძრაობად. დრაჟა მიხაილოვიჩის შესახებ ხმები მალევე ლონდონში, ემიგრაციაში მყოფ მთავრობასაც მიუვიდა. წლის ბოლოსთვის ის გენერლად, რამდენიმე თვეში კი მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს. პარტიზანული მოქმედებების დროს არც სერბ ჩეტნიკებს დავიწყებიათ შურისძიება, რა დროსაც საპასუხოდ ეთნიკური ნიშნით არაოფიციალურად ჯამში 50 ათასამდე ხორვატი და მუსლიმანი ბოსნიელი უდანაშაულო სამოქალაქო პირი მოკლეს. ისინი თავს ესხმოდნენ სოფლებს და ადგილობრივ ხორვატ და ბოსნიელ მოსახლეობას ხოცავდნენ.

მაგალითისთვის, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოხდა სოფელ კულენ ვაკუფში, სადაც სერბმა ჩეტნიკებმა 2300-მდე ბოსნიელი და ხორვატი ადგილობრივი ამოწყვიტეს. სასტიკად დაარბიეს სასულიერო პირები და გაანადგურეს საეკლესიო ნაგებობები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. მიხაილოვიჩისა და მისი ჩეტნიკების შესახებ ხმები მთელ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში დაირხა. მან იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ამერიკული პრესა როგორც "იუგოსლავიის მაკარტურად" (The Yugoslav MacArthur) და "იუგოსლავიის არწივად" მოიხსენიებდა. ამერიკული კომიქსების 1942 წლის ერთ-ერთ ჟურნალში მსოფლიო გმირების შესახებ მას კომიქსიც მიუძღვნეს. მის პოპულარობას ისიც ადასტურებს რომ იგი 1942 წელს ჟურნალმა "ტაიმმა" წლის ადამიანად დაასახელა, 1943 წელს კი მასზე და ჩეტნიკებზე ჰოლივუდში ფილმიც კი გადაიღეს. იოსიპ ბროზ ტიტო (მარჯვნივ) მინისტრთა კაბინეტისა და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად (1944 წლის 14 მაისი)

მალევე, 1941 წლის ზაფხულიდან, დრაჟა მიხაილოვიჩს კონკურენტი გამოუჩნდა იოსიპ ბროზ ტიტოს სახით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ანტიფაშისტურ ბლოკს მიეკუთვნებოდა, ერთმანეთზე მაინც კონკურენტები ეთქმოდათ, რაც მოგვიანებით კიდევ უფრო გამოიკვეთა. თუ მიხაილოვიჩი როიალისტი იყო და ემიგრაციაში მყოფ მთავრობასა და მეფეს უჭერდა სრულად მხარს, ტიტოს ამ პერიოდისთვის უკვე სოლიდური კომუნისტური წარსული და კარიერა ჰქონდა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაბადებული, პირველ მსოფლიო ომში ავსტრიელთა რიგებში იბრძოდა, 1917 წელს კი, ბოლშევიზმთან ზიარების შემდგომ წითელ არმიას შეუერთდა. 1920-იან წლებში იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში, ხოლო შემდგომ იუგოსლავიის სამეფოში კომუნისტური პარტიის საქმიანობა იკრძალებოდა, კომუნისტები კი იდევნებოდნენ. 1937 წლისთვის ის უკვე იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიას ჩაუდგა სათავეში.

კომუნისტი პარტიზანები იოსიპ ტიტოს მეთაურობით ნელ-ნელა ანაცვლებდნენ მიხაილოვიჩის ჩეტნიკებს და ბევრად უფრო პოპულარული ხდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში. ტიტოს პოლიტიკა მის ცნობილ დევიზზე-"ძმობასა და ერთობაზე" (Bratstvo i Jedinstvo) იყო დამყარებული, რაც იუგოსლავ ხალხზე იყო ნათქვამი. ამან კი დიდი სიმპათია დაიმსახურა არა მხოლოდ სერბებში, არამედ იუგოსლავიის სხვა ხალხებშიც. როიალისტი ჩეტნიკები და კომუნისტი პარტიზანები თავდაპირველად შეთანხმებულად, გვერდიგვერდაც კი იბრძოდნენ ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ, თუმცა მოგვიანებით მათ შორის არსებულმა, რადიკალურად დაშორებულმა იდეოლოგიურმა განსხვავებულობამ მაინც იჩინა თავი და 1943 წლისთვის ისინი უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ამ პერიოდში იუგოსლავიის ტერიტორიაზე დიდი არეულობა სუფევდა. ერთი მხრივ, იუგოსლავიელები იბრძოდნენ ქვეყნის გასათავისუფლებლად დამპყრობელი გერმანელების, იტალიელების, უნგრელების, ბულგარელებისა და ალბანელების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირება იყო მონარქისტ ჩეტნიკებსა და კომუნისტ პარტიზანებს შორის, და იმავდროულად, მიმდინარეობდა კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე, ძირითადად სერბებისგან შემდგარ ჩეტნიკურ დაჯგუფებებსა და ხორვატ უსტაშებს შორის, რომლებიც პერიოდულად მუსლიმან ბოსნიელებსაც გაჰკრავდნენ ხოლმე კბილს.

ტიტო და ძალაუფლება 1942 წლის 26-27 ნოემბერს ბოსნიის ქალაქ ბიჰაჩში კომუნისტების მიერ ახალდაკომპლექტებული ანტიფაშისტური ვეჩეს პირველი სესია გაიმართა, სადაც მთავარ მიზნად დასახეს ქვეყნის განთავისუფლება, აგრეთვე მისი ყველა მოქალაქის სამომავლო თანასწორუფლებიანობა. აღსანიშნავია, რომ ჯერ ჩეტნიკები, ხოლო შემდგომ პარტიზანები, პერიოდულად იღებდნენ დახმარებას ბრიტანელებისგან. 1942 წლის პირველ სესიას მოჰყვა 1943 წლის მეორე სესიაც, ასევე ბოსნიის ქალაქ იაიცეში, სადაც ვეჩე უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოდ გამოცხადდა. აირჩიეს ეროვნული კომიტეტი ტიტოს მეთაურობით. სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ემიგრაციულ მთავრობას საქმიანობა აეკრძალა. ასევე გადაწყდა ქვეყნის განთავისუფლების შემდეგ მისი პოლიტიკური მოწყობის საკითხი-იუგოსლავია ფედერაციული სახელმწიფო იქნებოდა.

ამ განცხადებამ ტიტოსა და მისი ახალი მთავრობის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ 1943 წლისთვის განმათავისუფლებელი არმიის რიგებში 300 ათასზე მეტი მეომარი ირიცხებოდა. იტალიის კაპიტულაციის შემდეგ მათ კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები. იუგოსლავიაში ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და იტალიის კაპიტულაციამ ეს პროცესი დააჩქარა. 1944 წლის 20 ოქტომბერს კი, საბჭოთა კავშირის დახმარებით, პარტიზანები ბელგრადში შევიდნენ და თითქმის 4-წლიანი ბრძოლის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობამ სასურველ შედეგს მიაღწია. ამის მერე ეტაპობრივად, იუგოსლავია საბოლოოდ განთავისუფლდა. 1945 წლის 20 მაისს ტიტო ზაგრებში ჩავიდა, ხორვატიის დედაქალაქში, სადაც ათიათასობით ადამიანი ოვაციებით შეეგება. ომი დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენები წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩეოდა და შესაბამისი შედეგებიც მოჰყვა: რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ასობით ათასი ადამიანი იყო იძულებით მიგრირებული, გაძარცული და განადგურებული. იუგოსლავიის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს 1 მილიონ ადამიანზე მეტი შეეწირა, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

კეთილდღეობიდან დაძაბულობამდე

ომის დასრულებისა და იუგოსლავიის ტერიტორიის საბოლოოდ განთავისუფლების შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა რთული იყო. მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერს მძიმე დაღი დაასვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა. სრულიად მოშლილი იყო სარკინიგზო ხაზები, რაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა. ამას ემატებოდა ომამდე არსებულ ქარხანათა თითქმის ნახევრის ნგრევა. 1945 წლის 11 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპიროვნულად გაიმარჯვა ახალმა კომუნისტურმა მთავრობამ ტიტოს მეთაურობით, ხმათა 90,45%-ით. ომის დროს მოპოვებული პოპულარობის გამო, პოლიტიკურ ასპარეზზე მას არც ერთი სერიოზული კონკურენტი არ ჰყავდა, მთავრობამ კრიზისიდან ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანა გადაწყვიტა... თუმცა, რა გასაკვირია, რომ ტიტოს იუგოსლავიის პოლიტიკურ სცენაზე წონიანი კონკურენტი აღარ დარჩენოდა. მას ომის დროს დაპირისპირებულ ჩეტნიკებზე შურისძიება სულაც არ დავიწყებია. ტიტოს გარდაცვალებით იუგოსლავიის ერთიანობაც დასრულდა (სურათზე: ფოთოლზე შესრულებული იოსიპ ბროს ტიტოს პორტრეტი. დაცულია იუგოსლავიის ისტორიის მუზეუმში)

1946 წლის ზაფხულში, ბელგრადში ჩეტნიკთა დაჯგუფებების მეთაურებს მათ ლიდერთან, ერთ დროს დასავლეთის მიერ "იუგოსლავიის არწივად" აღიარებულ დრაჟა მიხაილოვიჩთან ერთად, სასამართლო პროცესებზე ბრალდებულთა სკამები მიუჩინეს და მოგვიანებით სასიკვდილო განაჩენით სიცოცხლეს გამოასალმეს. ამავე წლის 31 იანვარს მთავრობამ მიიღო იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რომლის პირველი მუხლიც გვამცნობს, რომ იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა არის თანასწორუფლებიანი ხალხების გაერთიანება, რომელთაც თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე განაცხადეს თანხმობა, ეცხოვრათ ერთ სახელმწიფოში. ქვეყანა დაყოფილი იყო 6 რესპუბლიკად, სადაც შედიოდა-ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და სლოვენია. დედაქალაქი, იუგოსლავიის სამეფოს მსგავსად, ბელგრადში განთავსდა. სერბეთში, თავის მხრივ, არსებობდა ორი ავტონომიური ოლქი-ვოევოდინა და კოსოვო. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იუგოსლავიას გადაეცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის მიერ მიტაცებული დალმაცია და ისტრიის ნახევარკუნძული. ისტრიის ჩრდილოეთი ქალაქ ტრიესტით დაუბრუნდა სლოვენიას, ხოლო სამხრეთი ისტრია, დალმაციის ქალაქებთან-რიეკასა და ზადართან ერთად, ხორვატიას დაუბრუნდა.

ახალმა მთავრობამ ომის შედეგად გამწვავებული დაძაბული ეთნიკური და რელიგიური ვითარება შედარებით დააცხრო, რასაც თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მათ შორის, ტიტოს პიროვნების კულტი და სწორად შერჩეული პოლიტიკა. აქ ის იგულისხმება, რომ მან ერთ დროს უნიტარული სახელმწიფო ფედერაციულად აქცია; რომ მოსახლეობა საერთო მიზნით გააერთიანა, დევიზი "ძმობა და ერთობაც" ასრულებდა თავის როლს. ბოსნიის პატარა სოფელში დაბადებული, ეთნიკურად ხორვატი მწერალი ივო ანდრიჩი სწორედ ამგვარ მოვლენაზე აღნიშნავს თავის ისტორიულ რომანში "დრინის ხიდი": "ისე არაფერი აახლოებს ადამიანებს, როგორც ერთად გადატანილი უბედურება". მათ, სულ რამდენიმე წელიწადში, ომში მიყენებული ზარალიდან ნაწილობრივ ამოსვლა და ეკონომიკურად წელში გამართვაც შეძლეს.

შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიუხედავად, საგარეო პრობლემები არ წყდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ძირითად პრობლემად ტიტოს საბჭოთა კავშირთან, კერძოდ კი სტალინთან ურთიერთობის დაძაბვა მიაჩნდა, რაც 1948 წელს, იუგოსლავიის კომინფორმიდან (კომუნისტური და მუშათა პარტიების ინფორმაციული ბიურო) გარიცხვით დასრულდა. ეს კი გამოწვეული იყო იმ ლოგიკური მიზეზით, რომ სტალინს ხელს არ აძლევდა სოციალისტურ ბანაკში კონკურენტის სახით ძლიერი იუგოსლავიის ხილვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ორივე ქვეყანაში უკვე მოწინააღმდეგე ქვეყნის ლიდერის მომხრეებს საპატიმროებში უკრეს თავი. საბჭოთა კავშირში მათ გულაგებში გზავნიდნენ, იუგოსლავიაში კი-გალი ოტოკის კუნძულზე, სადაც პოლიტპატიმრებისთვის სპეციალური ციხეები იყო მოწყობილი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისიდან. ამ ციხეებს ფუნქცია არც ტიტოს იუგოსლავიაში დაუკარგავს და იქ წლების განმავლობაში, უკიდურესად მძიმე პირობებში, ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს.

ორ ქვეყანას შორის განხეთქილებას იუგოსლავიაში მოჰყვა მთელი რიგი შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომების ძალაუნებური ცვლილება. თუ თავდაპირველად საწარმოებისა და ქარხანა-ფაბრიკების ნაციონალიზაცია მიმდინარეობდა, ახლა ის კოლექტიურ საკუთრებაში გადადიოდა და მისი მართვა კოლექტივს ევალებოდა. გარდა შიდა პოლიტიკისა, სოციალისტური ბანაკიდან მოკვეთილმა ტიტომ პარტნიორების ძებნა დასავლეთში დაიწყო.

ცვლილებებმა თავდაპირველად საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე, შეიძლება ითქვას, იუგოსლავიაში ეკონომიკური აყვავების ხანა იდგა. ამ პერიოდში ტიტომ თითქმის ყველა წამყვან დასავლურ სახელმწიფოსთან ჩამოაყალიბა კარგი ურთიერთობა და სხვადასხვა სახის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის ხელშეკრულებებიც გააფორმა. 1963 წელს ქვეყანაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, ქვეყნის დასახელება შეიცვალა და ის იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა გახდა. 1965 წლიდან სახალხო კრება წარმართავდა მთელ რიგ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, რაც ერთი შეხედვით ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, თუმცა, საბოლოოდ ამან საზიანო შედეგი გამოიღო, რაც მალე გაცხადდა კიდეც. იუგოსლავიას საგრძნობლად გაეზარდა საგარეო ვალი, შესამჩნევად იმატა უმუშევრობამ, რამაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს უბიძგა, საზღვარგარეთ ეძებნა სამუშაო.

განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, იუგოსლავიის საზღვრები, შეიძლება ითქვას, გახსნილი იყო, რასაც სწორედ უმუშევრობისა და მისგან გამომდინარე ემიგრანტთა რიცხვის ზრდამ შეუწყო ხელი. მოქალაქეს ქვეყნის დასატოვებლად, რა თქმა უნდა, ვიზა სჭირდებოდა, თუმცა მსურველთათვის ეს არცთუ რთული პროცესი იყო. ყოველივე ამას დაემატა 1960-იანი წლების ბოლოს საპროტესტო გამოსვლები ბელგრადში ეკონომიკური პრობლემების, უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის შესახებ.

"ცხოვრება ტიტოს შემდეგ" ეკონომიკური საკითხების გარშემო აღძრული საპროტესტო ტალღა 1971 წლისთვის ზაგრებსაც მოედო. ხორვატებს ნელ-ნელა უჩნდებოდათ სურვილი, საკუთარი რესპუბლიკა თავიანთ გემოზე მოეწყოთ, რადგანაც ხორვატია, ფედერაციის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო დაწინაურებული იყო. შესაბამისად, უჩნდებოდათ კითხვა, რატომ უნდა ერჩინათ საკუთარი ჯიბიდან ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილი რესპუბლიკების მცხოვრებნი. საპროტესტო ტალღა მოედო კოსოვოსაც, სადაც ეთნიკურად ალბანელები თავს დაჩაგრულად მიიჩნევდნენ და ფედერალური მთავრობისგან რესპუბლიკის სტატუსს მოითხოვდნენ. მათაც უჩნდებოდათ ლოგიკური კითხვა, რატომ უნდა ჰქონოდა 600-ათასიან მონტენეგროს რესპუბლიკის სტატუსი, ხოლო 2 მილიონიან კოსოვოს-არა. მთავრობამ საპასუხოდ სისხლში ჩაახშო საპროტესტო ტალღები ხორვატიასა და კოსოვოში. დააპატიმრეს ათასობით მომიტინგე, რომელთა შორის ფრანიო ტუჯმანიც მოხვდა, ხორვატიის მომავალი პრეზიდენტი. 1974 წლის ახალი კონსტიტუციით, ტიტო განსაზღვრულ დათმობაზე წავიდა და კოსოვოს ავტონომიას კიდევ უფრო გააფართოვა, თუმცა რესპუბლიკური სტატუსის მოთხოვნა კვლავაც უარყო.

ქვეყანაში კვლავ დაძაბულობა იყო. ასეც შეიძლება ითქვას, რომ 70-იანი წლების ბოლოსთვის ტიტო იყო ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ქვეყანა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთიანობას. ვერავის წარმოედგინა, რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერი ის აღარ იქნებოდა. და აი, 1980 წლის 4 მაისის საღამოს, იუგოსლავიის მთავარ ტელეარხზე, ჟურნალისტმა მიოდრაგ ზდრავკოვიჩმა ცრემლნარევი ხმით ამცნო ქვეყანას ტიტოს გარდაცვალების შესახებ შემდეგი სიტყვებით: "ამხანაგი ტიტო გარდაიცვალა" (Umro je drug Tito).

(დასასრული იქნება)

გიორგი ბრეგვაძე ჟურნალი "ისტორიანი" #115