აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი საქართველოში - კვირის პალიტრა

აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი საქართველოში

ამერიკელი მეცნიერი აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი XX საუკუნის დასაწყისში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში. ინდოირანული ენების დიდი სპეციალისტი ხშირად მოგზაურობდა კავკასიაში, სპარსეთსა თუ ცენტრალურ აზიაში. ჯეკსონი დიდი მეცნიერის სკრუპულოზურობით განიხილავდა ნანახს, მათ შორის, აღწერდა საქართველოს ქალაქებსაც.

აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი 1862 წელს დაიბადა. პაპის პატივსაცემად, რომელიც ნიუ-იორკის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, ახალშობილს აბრაჰამ ვალენტინ უილიამსი დაარქვეს. ჯეკსონი სწავლობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში. 1879 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რითაც მომავალი მკვლევრის აკადემიურ კარიერას ჩაეყარა საფუძველი. იგი აშშ-ში ირანისტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი გახდა. კოლუმბიის უნივერსიტეტი ჯეკსონს თითქმის არასოდეს მიუტოვებია, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი უცხო ქვეყნებში იმყოფებოდა სამოგზაუროდ. თავდაპირველად უილიამსი კლასიკურ ფილოლოგიას სწავლობდა, მაგრამ იმავდროულად დიდ ინტერესს ამჟღავნებდა შედარებითი ფილოლოგიის მიმართაც. სწავლობდა ანგლოსაქსურ (ძველ ინგლისურ), სპარსულ და სანსკრიტულ ენებს. სანსკრიტული ენების შესწავლაში მას ამერიკელი სწავლული ედვარდ დელავენ პერი ეხმარებოდა, კლასიცისტი და სანსკრიტის სპეციალისტი. ჯეკსონმა კოლეჯის ბოლო საფეხურზე დაიწყო სანსკრიტული ენის შესწავლა და პერის შთაგონებით, ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, 1883 წელს სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო. შემდეგ დაიწყო ავესტური ენის შესწავლა, რომელსაც ედვარდ ვოშბორნ ჰოპკინსი ასწავლიდა. აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონმა 1884 წელს მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.

უძველეს ხელნაწერთა წარმატებული კვლევის გამო, ინდოეთში მცხოვრებმა ფარსებმა კოლუმბიის უნივერსიტეტს ზოროასტრიზმის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი გადასცეს. ამ ხელნაწერებზე ჩატარებული ნაყოფიერი კვლევების შედეგად, ერთი წლის შემდეგ ჯეკსონს ხელნაწერთა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1886 წელს ფილოსოფიის დოქტორი გახდა. თუმცა სამეცნიერო ხარისხების ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით ჯეკსონმა მუშაობა იურისპრუდენციაში განაგრძო. 1904 წელს მას კოლუმბიის უნივერსიტეტში სამართლის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა... თავის წიგნში"კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე"(1911 წ.) აბრაჰამ ჯეკსონმა საქართველოს რამდენიმე ქალაქი აღწერა

ამ უნივერსიტეტში 1886 წელს ჯეკსონი ერთი წლით მუშაობდა ანგლოსაქსური და ინდოირანული ენების ინსტრუქტორად. ჰარვარდის უნივერსიტეტის სანსკრიტული ენის სპეციალისტმა ჩარლზ როკველ ლანმანმა პირადი წერილი გაუგზავნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, იგი ჯეკსონის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნას ითხოვდა. უილიამსიც წელიწად-ნახევრით გერმანიაში, ქალაქ ჰალეში გაემგზავრა, რათა უფრო ღრმად შეესწავლა ავესტური და სანსკრიტული, (კარლ ფრიდრიხ გელდნერის ხელმძღვანელობით), პრაკრიტული ანუ საშუალოინდური (რიხარდ პიშელის ხელმძღვანელობით) და ანგლოსაქსური ენები (ედუარდ ზივერსის ხელმძღვანელობით). მან 1891-1892 წლებში ბერლინში გელდნერთან კვლავ განაგრძო ანგლოსაქსურ ენაზე მუშაობა. ჯეკსონს სწორედ გელდნერი მიაჩნდა თავის მოძღვრად და მეგობრად.

ჯეკსონი დიდ ყურადღებას უთმობდა და აფასებდა ირანულ ტრადიციებს, რაც კარგად ჩანს მის ნაწარმოებში "ზარატუსტრა", ასევე მისი მოგზაურობის პერიოდში შექმნილ ორ ნაწარმოებში ("სპარსეთი, წარსული და აწმყო", აგრეთვე "კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე").

1891 წელს ჯეკსონი კოლუმბიის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ასისტენტ-პროფესორად აირჩიეს, 1895 წელს პროფესორი გახდა და ინდოირანული ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მის სამეცნიერო საქმიანობაში ინგლისური ლიტერატურა საბოლოოდ გადაწონა აღმოსავლურ მეცნიერებათა კვლევამ. ჯეკსონი ამერიკის აღმოსავლური საზოგადოების დირექტორი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა ამ საზოგადოების ჟურნალის დაარსებაში. თუმცა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, ჯეკსონი კვლავაც დიდ დროს უთმობდა სამეცნიერო მოღვაწეობას. მან არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ძველი სპარსული რელიგიის შესწავლას. ევროპაში ხშირი სამეცნიერო ვიზიტების გარდა, ჯეკსონს თავიდანვე იტაცებდა მოგზაურობა და სწორედ მეცნიერულმა ცნობისმოყვარეობამ და თავგადასავლებისადმი ლტოლვამ არაერთხელ ჩაიყვანა ის ირანსა და ინდოეთში. ყველაზე რთული გამოდგა მისი 1903 წლის მოგზაურობა სპარსეთსა და ცენტრალურ აზიაში, რამაც ასახვა პოვა მის ნაწარმოებში "სპარსეთი, წარსული და აწმყო". ამას მოჰყვა ორი მოგზაურობა 1907 და 1910 წლებში. ისინი აღწერილია მის ნაწარმოებში "კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე". აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი (ცენტრში) კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1914 წ.

1931 წლის ზაფხულში ჯეკსონს განუკურნებელი სენი შეეყარა. იგი გარდაიცვალა 1937 წლის 8 აგვისტოს.

აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის წიგნში განსაზღვრული ადგილი ეთმობა ცნობებს საქართველოს შესახებ. მის წიგნში "კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლისკენ" (მეორე თავი -"შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ") დაცულია საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის აღწერისას, სხვადასხვა ხალხთა წარმომავლობასა და მათ ისტორიაზე საუბრისას ჯეკსონი იყენებდა: ანტიკურ წყაროებს, თანამედროვე ავტორთა ნაშრომებს, ასევე მისი წინამორბედი მოგზაურების ჩანაწერებს. მოგზაურობის დროს იგი ფოტომასალასაც იღებდა. როგორც აღნიშნავს, იგი ხან თავისი, ხან კი იმჟამად ირანში მცხოვრები მეგობარი მოგზაურის გადამღები კამერით სარგებლობდა. ძალზე საინტერესოა, რომ ბათუმში ყოფნისას მან რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომელიც ჩვენ მიერ დასახელებულ წიგნშია შეტანილი. ეს ფოტოები აცოცხლებს XX საუკუნის 10-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ საპორტო ქალაქს.

ჯეკსონის აღმოსავლეთში მოგზაურობის ხარჯები კოლუმბიის უნივერსიტეტს დაუფინანსებია. ამის გამო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ნიკოლას მურეი ბატლერს იგი განსაკუთრებული მადლიერებით იხსენიებს. აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს მკვლევარს სხვადასხვა სახის (მათ შორის აღჭურვილობით) დახმარებას უწევდნენ: ვაშინგტონის, თეირანის, სანქტ-პეტერბურგის მაღალი წრის წარმომადგენლები... ნიუ-იორკიდან ჯეკსონი ევროპაში ჩამოვიდა და ერთ დღეს პარიზში გაჩერდა. მას სურდა პარიზიდან კონსტანტინოპოლში ჩასულიყო, შემდეგ კი შავი ზღვის გავლით კავკასია გადაეკვეთა და აზიაში მოხვედრილიყო. როგორც მკვლევარი აღნიშნავდა, წინა მოგზაურობის დროს იგი რუსეთის გავლით ჩასულა კასპიისპირეთში. პარიზიდან ჯეკსონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა. დაწვრილებით აღწერა ძველი ბიზანტიის დედაქალაქი, აქედან კი რუსული გემით ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გაემგზავრა. ჯეკსონმა მოინახულა იალტა, ფეოდოსია, შემდეგ კი გაგრა. აღსანიშნავია, რომ იგი გაგრას რუსების საყვარელ კურორტად იხსენიებს. მოხსენიებული აქვს ფოთი, რომლის ისტორიის შესახებ მეცნიერს საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ჰქონია. როგორც იგი აღნიშნავს, ფოთი სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მთელ აღმოსავლეთში, სანამ ის ბათუმმა არ ჩაანაცვლა. აქედან ამერიკელი მოგზაური ბათუმში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა.

ჯეკსონს, როგორც ჩანს, არაერთი წყარო ჰქონდა წაკითხული კავკასიის ისტორიული საქარავნო გზის შესახებ, რადგან ამ საკითხზე ის დაწვრილებით საუბრობს და ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. მის თხზულებაში ბათუმი საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი, რომლის განვითარება და მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად ქცევა მოგზაურის აზრით, რუსეთის ინტერესებში შედიოდა. ის მოკლედ მიმოიხილავს ქალაქის ისტორიას. ხაზს უსვამს 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც გადავიდა ბათუმი რუსეთის ხელში.

მისი აზრით, სწორედ აქედან დაიწყო ქალაქის განვითარება. ის აღწერს ქალაქის გარეგნულ სახეს, მოსახლეობას. ჯეკსონის ცნობით, ბათუმის მოსახლეობას შეადგენდნენ: რუსები, სომხები, ბერძნები, რომლებიც მის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, ხოლო მოსახლეობის მუსლიმანური ნაწილი -თურქები, თათრები და ირანელები-დასავლეთ ნაწილში. მისი თქმით, განსხვავებული ეთნოსების და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ცხოვრება ქალაქში მუდმივ არეულობას იწვევდა. ერთ-ერთი არეულობის დროს, 1909 წელს, აქ ამერიკელი კონსული დაღუპულა.

ჯეკსონის ცნობით, ბათუმს მეტად დიდ ფუნქციას სძენდა 600-მილიანი ნავთობსადენი, რომლითაც საპორტო ქალაქი ბაქოდან ნავთობს იღებდა. ბათუმში არსებობდა მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების პერსპექტივა. ქალაქის შემოგარენზე საუბრისას ის აღწერს ბათუმიდან ნახევარი საათის სავალზე არსებულ თამარ მეფის სასახლეს, რომელიც მას ფრაგმენტების სახით უნახავს. ბათუმიდან ჯეკსონი მატარებლით თბილისში გაემგზავრა. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რკინიგზის გაყვანას, მოგზაური წერდა: "მოგზაურობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ორ კვირას საჭიროებდა, ახლა მარტივად, 24 საათზე ნაკლებ დროში, სარკინიგზო გზის საშუალებით იფარება, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს აერთებს". თბილისში იგი მხოლოდ ერთ დღეს გაჩერდა. ჯეკსონის ქართველი გიდი – როსტომი

საქართველოს დედაქალაქში ჯეკსონი 1903 წელსაც ყოფილა რამდენიმე დღით ჩამოსული. თბილისი მან მეორე ვიზიტის დროსაც დაათვალიერა და თავის თხზულებაში ქალაქის აღწერაც დაგვიტოვა. აქ მას დაუთვალიერებია ბაზარი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზით მოუნახულებია მამა დავითის მთა. ჯეკსონი ყოფილა ასევე კავკასიის მუზეუმშიც. ის თბილისიდან მატარებლით ბაქოში გაემგზავრა.

ამერიკელი მოგზაურის თხზულებაში საქართველოს არცთუ დიდი ადგილი აქვს დათმობილი, თუმცა მისი ცნობები ძალზე საინტერესო ინფორმაციას შეიცავს საქართველოს შავი ზღვისპირა ტერიტორიების, ასევე საქართველოს დედაქალაქის შესახებ. ვფიქრობთ, ამერიკელი მეცნიერის და მოგზაურის აბრაჰამ ვალენტინ უილიმს ჯეკსონის ცნობები არაერთი საინტერესო დეტალით გაამდიდრებს XX საუკუნის 10-იანი წლების საქართველოს ისტორიის შესახებ არსებულ ჩვენი ცოდნის თვალსაწიერს.

გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი" #115