მოკალით სტალინი! - კვირის პალიტრა

მოკალით სტალინი!

ნაწილი II

ბერია გაბრაზებულია

დიქტატორი ბოლომდე არავის ენდობა. განსაკუთრებით ეს სტალინს შეეხებოდა. ის არ ენდობოდა საკუთარ უშიშროებასაც. ამიტომ 1943 წელს, გახურებული ომის დროს, სპეცსამსახურის რეორგანიზაცია დაიწყო.

სტალინის ბრძანებით სამხედრო კონტრდაზვერვა (სმერში) შინსახკომის დაქვემდებარებიდან გამოიყვანეს და თავდაცვის სახალხო კომისარიატის განკარგულებაში გადაიყვანეს. თავდაცვის სახალხო კომისარი კი სტალინი იყო. სმერშის შეფი ვიქტორ აბაკუმოვი, ფაქტობრივად, სტალინის მოადგილე გახდა. ეს კარგად გათვლილი სვლა იყო.

აბაკუმოვი ჩლუნგი, გონებაშეზღუდული ჯალათი გახლდათ. შინსახკომის შეფი ლავრენტი ბერიაც მას სისტემატურად ამცირებდა. აბაკუმოვი ამას ითმენდა, გულზე სკდებოდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა. გახდა რა სტალინის მოადგილე, ძველი ჩაგუბებული ბოღმა გადმოანთხია. სმერშის შეფმა ბერიას წინააღმდეგ ნამდვილი ომი დაიწყო. სტალინი ამას შორიდან თვალს ადევნებდა და კმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა.

უშიშროების მთავარი სამმართველო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში ვსევოლოდ მერკულოვი ჩაუდგა. ლავრენტი ბერია შინსახკომის სათავეში დარჩა. ამავე დროს, პარტიული ხაზით მას სპეცსამსახურების კურირება დაევალა. ლავრენტიმ განსაზღვრული ბერკეტები შეინარჩუნა, ამიტომ როგორც აბაკუმოვის, ისე მერკულოვის საქმიანობას ყურადღებით ადევნებდა თვალს. ბერიას ჩინებული აგენტურა ჰყავდა, ამიტომ უმალ მოახსენეს, რომ გერმანელები რაღაც მნიშვნელოვან დივერსიას ამზადებდნენ. როგორც უთხრეს, აქცია სავარაუდოდ მოსკოვში მოეწყობოდა.

- კონკრეტულად რა დივერსიაზეა საუბარი?- იკითხა ბერიამ. - ლავრენტი პავლოვიჩ, ამის გარკვევა ვერ მოხერხდა.

- დივერსანტის გარეგნული ნიშნები დადგენილია?

- არა. რამდენიმე წუთის შემდეგ მომხსენებელი გავიდა. ბერიამ სახეზე ხელი გადაისვა.

- ესეც ასე.

შესაძლოა ყოველივე გერმანელების შემოგდებული დეზინფორმაცია იყოს. მიზანი საბჭოთა ზურგში პანიკის გამოწვევაა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მართლა რამე მნიშვნელოვანი მზადდებოდეს.

- ეს აბაკუმოვისა და მერკულოვის საქმეა! დაე, მათ იმტვრიონ თავი. თუ ტერაქტი გამოეპარათ, სტალინი პასუხს მათ მოსთხოვს.

იმავე დღეს ლავრენტიმ ყოველივე სტალინს მოახსენა. ბერიამ საუბარი ქართულად დაიწყო. სტალინმა შეაწყვეტინა:

- რუსულად ილაპარაკე!

- დიახ, ბატონო სტალინ!

- ბატონები აღარა გვყავს!.. - სტალინს გაეღიმა.

ბატონობით მიმართვა საქართველოში თანამოსაუბრისადმი პატივისცემის ნიშანია. სტალინს კი ძალიან სიამოვნებდა, როცა ხელქვეითები მისადმი პატივისცემას ამჟღავნებდნენ.

- კონკრეტულად რა ტერაქტზეა საუბარი? - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა.

- ეს ჯერჯერობით დაუდგენელია.

- არც ტერორისტის გარეგნული ნიშნებია ცნობილი?

- არა!

- კარგი, ლავრენტი, შეგიძლია წახვიდე.

რამდენიმე საათის შემდეგ სტალინთან უშიშროების შეფი მერკულოვი და სმერშის უფროსი აბაკუმოვი გამოიძახეს.

* * *

მერკულოვი და აბაკუმოვი ძველი მეგობრები იყვნენ. მართალია, რეორგანიზაციის შედეგად ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ახლა ერთად უნდა დამდგარიყვნენ. გერმანელები ტერაქტს ამზადებენ, მათ კი მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გააჩნდათ. თუ ტერაქტი გამოეპარათ, სტალინი ამას არ აპატიებთ. სტალინს ფაშისტები ვერას დააკლებენ, აი, მერკულოვი და აბაკუმოვი კი, თუკი მხოლოდ გულაგში გაგზავნით გადარჩებიან, მადლობელი უნდა იყვნენ.

მერკულოვმა თავის მეგობარს ყოველივე მოუთხრო. აბაკუმოვი არ აწყვეტინებდა, არც რამე შეკითხვა დაუსვამს. როცა მერკულოვმა დაასრულა, წარმოთქვა:

- ახლა ერთად უნდა დავდგეთ, გესმით?

- ჯერ სტალინის კაბინეტიდან ცოცხალი უნდა გამოვიდეთ, - მერკულოვმა ამოიოხრა. ლავრენტი ბერია და იოსებ სტალინი

* * *

სტალინმა სმერშის უფროსსა და უშიშროების უფროსს მოთმინებით მოუსმინა. მერკულოვმა სურათი გააბუქა. დაიწყო მოყოლა, თუ რაოდენ ფართო მუშაობა გასწიეს. სტალინმა შეაწყვეტინა:

- კეთილი, კონკრეტული ინფორმაცია როდის გექნებათ?

- ორი დღის შემდეგ, - წაიჩურჩულა მერკულოვმა.

აბაკუმოვმა მეგობარს დაუფარავი ბრაზით გადახედა, თუმცა არაფერი უთქვამს.

ლიკვიდატორის ქორწინება

ოტო კრაუსს მოახსენეს, რომ ტავრინმა ლიდა შილოვას ცოლობა სთხოვა. შტურმბანფიურერმა გაიცინა:

- ძალიან კარგი.

ცოლი ძაფია, რომელიც ტავრინს სამუდამოდ მიაბამს გერმანიასთან. ამის მიუხედავად, მან ლიდას ცოლობა შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ უყვარს და რაკი ასეა, აუცილებლად შეეცდება დაბრუნდეს. ეს კი დავალების შესრულების გარეშე შეუძლებელია.

შტურმბანფიურერმა ქორწინების ნება მისცა.

ლიდასთვის ტავრინის წინადადება მოულოდნელი იყო. ამავე დროს ქალი გრძნობდა, რომ კაცი რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა. თუ რას, ლიდა ამას ვერ ხვდებოდა. ცხადი იყო მხოლოდ, რომ არც კრაუსისა და არც სხვებისთვის თავისი ეჭვების შესახებ არაფერი არ უნდა ეთქვა. ტავრინმა ცოლობა შესთავაზა, ეს ნიშნავს, რომ უყვარს, ამიტომ მოვა დრო და ყველაფერს თავად ეტყვის.

ქორწინების შემდეგ სდ-მ (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური) ისინი რიგაში დიდ კომფორტულ ბინაში დაასახლა. აქ მდიდრული ავეჯიც იყო და სერვისიც. ლიდას მსგავსი სიმდიდრე ცხოვრებაში არ ენახა. ქალმა უნებლიეთ შეჰყვირა:

- ეს ყველაფერი ვისია?

- ახლა თქვენი, - მიუგო შტურმბანფიურერმა კრაუსმა.

- მანამდე?

კრაუსმა ჩაიცინა და არაფერი უპასუხა.

საღამოს ქმარმა ლიდას უთხრა, რომ ომამდე ეს ბინა ერთ მდიდარ ებრაელ ფაბრიკანტს ეკუთვნოდა. ულმანისის ლატვიაში ხომ ებრაელები თავს ლაღად გრძნობდნენ. ლიდა შეკრთა.

- ახლა სად არიან?

- ბოლშევიკებმა ფაბრიკა ჩამოართვეს, თავად კი ციმბირში უკრეს თავი, - ყრუდ მიუგო ტავრინმა.

- ეს საიდან იცი?

- კრაუსმა მითხრა.

- მაშ, ეს ბინა და სერვისი ებრაელებისაა? - ქალმა თავი გააქნია, - საოცარია, როგორ გადარჩა.

- შემდეგ აქ ვიღაც ბოლშევიკი კომისარი ცხოვრობდა, ასევე ურია. წითლებმა ხომ რიგიდან ისე მოუსვეს, ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. გერმანელების მოსვლისთანავე ბინას სდ დაეპატრონა. სერვისიც მათი საკუთრება გახდა, ავეჯიც, ყველაფერი...

ტვრინი და ლიდა საღამოობით ქუჩაში ცოტას გაისეირნებდნენ ხოლმე. ღამეული რიგა ძალიან ლამაზი იყო. ტავრინმა ქალს იდაყვში ხელი ჩაავლო, ჩაახველა.

- მალე დავშორდებით.

- სად გაგგზავნიან?

- საბჭოთა ზურგში.

- რაო?!

- უფრო სწორად, მოსკოვში, ამხანაგი სტალინი უნდა მოვკლა.

- კარგი რა, ნუ მაშინებ!

- ახლა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ!

- მერე მე?! - ქალს თვალები ცრემლებით აევსო.

- შენ აქ დარჩები. დავბრუნდები და...

- მეც შენთან ერთად წამოვალ!

- აბა, რას ლაპარაკობ!

- სადაც ქმარია, ცოლიც იქ უნდა იყოს! - შეჰკივლა ლიდამ, - მეც შენთან ერთად წამოვალ, გესმის!

* * *

ოტო კრაუსი საავდრო ღრუბელივით მოღუშულიყო. მაშ, ასე! სიტუაცია შემობრუნდა. ლიდამ აიჩემა, ქმართან ერთად უნდა ვიყოო. შტურმბანფიურერმა სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა:

- ვნახოთ, ბერლინი რას იტყვის.

- რაო?! - ერთხმად შესძახეს ლიდამ და ტავრინმა.

- მე არ შემიძლია რამე გითხათ, ყველაფერს ბერლინში გადაწყვეტენ.

- თუ არ გამიშვებთ, მაინც წავალ! - ლიდას თვალები აენთო, - გინდ მომკალით, გინდ მაწამეთ, მაგრამ მაინც ჩემს ქმართან ერთად უნდა ვიყო! გესმით!

ბერლინში ყოყმანობდნენ. ის, რომ ტავრინს და ლიდას ერთმანეთი უყვარდათ, ეჭვს არ იწვევდა. ქალი საიმედო გარანტი იყო, რომ ტავრინი აუცილებლად დაბრუნდებოდა და სტალინის მოკვლასაც შეეცდებოდა.

"თუ ქალს მასთან ერთად გავუშვებთ, კაცმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა".

საბოლოო სიტყვა შელენბერგმა თქვა. მან ოფიციალურად გასცა სანქცია, რომ ლიდა ტავრინთან ერთად წასულიყო.

- დაე, წავიდეს, ასეთ სიტუაციაში ძალით ვერას გახდები.

ამრიგად, ოპერაციაში კორექტივი შეიტანეს. დავალების შესასრულებლად ქმართან ერთად მოსკოვში ლიდა შილოვაც უნდა გადაესროლათ.

...მარტინი ცენტრს:

"დადგენილია, რომ ტერაქტი მოსკოვში მოეწყობა. რაც შეეხება ტერორისტს, ის ეროვნებით რუსი და ყოფილი სამხედრო ტყვეა. თან ახლავს ქალი. თანახმად საბუთებისა, მისი მეუღლე.

ტერორისტის გარეგნული ნიშნების დადგენა ვერ მოხერხდა. მარტინი".

მერკულოვ-აბაკუმოვის "პაქტი"

აბაკუმოვი თავის კაბინეტში იჯდა. მან კიდევ ერთხელ გადაათვალიერა შეტყობინებები, რაც მტრის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოდიოდა. კონკრეტული არაფერი იყო. აბაკუმოვს ბრაზი ერეოდა:

- ამისი დედა!..

ამ დროს მდივანმა უშიშროების შეფის მოსვლის თაობაზე მოახსენა. აბაკუმოვმა ამოიოხრა:

- შემოვიდეს...

მერკულოვს სახე გაჰფითრებოდა, შუბლიდან ოფლი სდიოდა. სავარძელში უხმოდ ჩაებერტყა. აბაკუმოვი ოდნავ წინ წაიწია:

- არის რამე?

- დიახ, რიგიდან შეტყობინება მივიღე, - მერკულოვმა პაუზა გააკეთა, - ტერაქტი მოსკოვში განხორციელდება. მას ყოფილი საბჭოთა ტყვე განახორცილებს. ბანდიტის თანმხლები ერთი ქალი იქნება.

- მეტი არაფერი? - აბაკუმოვმა დამცინავად გაიღიმა.

- გუშინ უკრაინის აჯანყებულთა არმიის მეთაური რომან შუხევიჩი უშიშროების სამსახურის უფროს მიკოლა ლებედს შეხვდა, - მერკულოვმა ჩაახველა, - ლებედმა მოახსენა, რომ მოსკოვში გერმანელები ტერაქტს ამზადებენ. აქციას ყოფილი საბჭოთა ტყვე განახორციელებს. მისი აგენტურული მეტსახელია ტავრინი. მასთან ერთად მოსკოვში მის ცოლსაც გადაისვრიან. ამჟამად ცოლ-ქმარი რიგაში იმყოფება.

- ტერორისტების გარეგნული ნიშნები ცნობილია? - ფიცხლად შეეკითხა აბაკუმოვი.

- ლებედმა შუხევიჩს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მოხსენება მიართვა. უპა-ს დეტალები არ აინტერესებს.

- გასაგებია.

- თუმცა ლებედმა განუცხადა, რომ დავალების შესრულებაში ამ ტავრინს მოსკოვში მოქმედი ვლასოველთა იატაკქვეშეთი დაეხმარება. შუხევიჩის შეკითხვაზე, კონკრეტულად ვინა, ლებედმა მიუგო, რომ საუბარია გენერალ ვალენტინ ზაგლადინსა და მის ჯგუფზე.

- გასაგებია, - აბაკუმოვი ჩაფიქრდა, - ჩემგან რა გინდა?

- შენ სტალინის მოადგილე ხარ. მოახსენე ამის შესახებ.

- ვნახოთ.

- ხვალ ორი დღის ვადა იწურება. თუ სტალინს ახლავე არაფერი მოვახსენეთ, კარგი დღე არ დაგვიდგება.

- რატომ მრავლობით რიცხვში? - გესლიანად შეეკითხა აბაკუმოვი.

- იმიტომ, რომ ერთ ნავში ვსხედვართ, - მერკულოვი წამოდგა, - აბა, წავედი. ნუ გააჭიანურებ! დრო არ ითმენს.

მერკულოვის წასვლის შემდეგ აბაკუმოვმა მდივანს უბრძანა, ყველას, ვინც მიკითხავს, უპასუხე, რომ აქ არ ვარო. გამონაკლისი მხოლოდ ამხანაგი სტალინია, დანარჩენებისთვის არ ვარ და მორჩა!

- გასაგებია, - მიუგო მდივანმა.

მარტო დარჩენილმა აბაკუმოვმა ყველაფერი გააანალიზა. ზაგლადინი უშიშროების ძველი აგენტი იყო. ის მეთაურობდა ე.წ. ვლასოველების იატაკქვეშეთს, რომელიც ჩეკისტების სრულ კონტროლზე იყო. ზაგლადინი ტავრინს დავალების შესრულებაში უნდა დაეხმაროს. აბაკუმოვმა გამოიძახა კაპიტანი აქსიონოვი, რომელიც ზაგლადინის ჯგუფს უშუალოდ კურირებდა.

- არის რამე ახალი?

- ჯერჯერობით ისეთი არაფერი, - აქსიონოვმა ჩაახველა.

- მაინც?

- გერმანელებმა ზაგლადინს რადიოგრამით აცნობეს, საპატიო სტუმრის მისაღებად მოემზადეო, მაგრამ არ უთქვამთ, რომელ სტუმარზეა საუბარი ან როდის უნდა ელოდონ.

აქსიონოვი გავიდა. აბაკუმოვი ერთხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ ტელეფონის ყურმილს დასწვდა.

* * *

სტალინმა უხმოდ მოისმინა სმერშის შეფის პატაკი: მოსკოვში მზადდება ტერაქტი; აქციას მოაწყობენ ყოფილი წითელარმიელი, რომელიც გერმანელთა მხარეს გადავიდა და მისი ცოლი; წითელარმიელის აგენტურული მეტსახელია ტავრინი; ახლა ცოლ-ქმარი მოსკოვში იმყოფება.

- კონკრეტულად რა აქციაზეა საუბარი?

- ეს ზუსტად ჯერჯერობით არ ვიცით.

- რამე ეჭვი გაქვთ?

- დიახ, ამხანაგო სტალინ.

აბაკუმოვი გაჩუმდა. სტალინმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო და სმერშის შეფს მიაჩერდა. აბაკუმოვს ცივმა ოფლმა დაასხა.

- სავარაუდოდ, თქვენზე ტერაქტი მზადდება... - აბაკუმოვმა ნერწყვი გადაყლაპა.

- რაო?!

სტალინს თვალები აენთო. აბაკუმოვი ცდილობდა, თავი შეეკავებინა, მაგრამ ამაოდ. სმერშის შეფი მთელი სხეულით კანკალებდა.

- ტავრინს კრემლში შეღწევაში ჩვენი კაცი უნდა დაეხმაროს. მან გერმანელების ნდობა მოიპოვა, - აბაკუმოვმა ჩაახველა, - ასე რომ, სიტუაცია კონტროლზეა.

- იმედი ვიქონიოთ, რომ ასეა, - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა, - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენთვის ცუდად დამთავრდება. გესმით?!

აბაკუმოვის შემდეგ სტალინი მერკულოვს შეხვდა. მან თავის მხრივ დაადასტურა, რომ გერმანელები მოსკოვში ტერაქტს ამზადებენ. აქციისთვის ამზადებენ ყოფილ წითელარმიელს, რომელიც გერმანელების მხარეს გადავიდა. მისი აგენტურული მეტსახელია ტავრინი. მოსკოვში მას ცოლთან ერთად გადმოისვრიან.

- კონკრეტულად როდის? - შეაწყვეტინა სტალინმა.

- ეს ჯერ თავად გერმანელებმაც არ იციან.

- კონკრეტულად რა ტერაქტი იგეგმება?

- თქვენზე თავდასხმა.

- და რას აკეთებს უშიშროება? - იკითხა სტალინმა.

- დაუპატიჟებელი სტუმრის დასახვედრად ვემზადებით.

- დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესიაო, ამბობს რუსული ანდაზა, - სტალინი წამით გაჩუმდა, - პარტიამ ნდობა გამოგიცხადათ. იმედია, მას გაამართლებთ.

- რასაკვირველია, ამხანაგო სტალინ! - მერკულოვმა წამოხტომა დააპირა.

- ბრძანდებოდეთ, ბრძანდებოდეთ, - დაამშვიდა ხელქვეითი სტალინმა, - გახსოვდეთ, ნდობა პასუხისმგებლობას ნიშნავს. თუ ამას ვერ გაამართლებთ, პარტია და ხალხი პასუხს მოგთხოვთ.

სტალინი 1944 წელს

* * *

სტალინმა ბერიას დაავალა მერკულოვისა და აბაკუმოვის თვალთვალი. ამავე დროს სტალინის დაცვის უფროსი ნიკალაი ვლასიკი თავად ბერიას, ასევე აბაკუმოვსა და მერკულოვს უთვალთვალებდა.

დიდი თამაში დასასრულს მიუახლოვდა.

უკანასკნელი ინსტრუქტაჟი

ტავრინს საბჭოთა ზურგში გადასროლისას გულდასმით ამზადებდნენ. ლეგენდის მიხედვით, შილო სმერშის თანამშრომელი იყო. ის აღჭურვეს ყალბი საბუთებით, იარაღითა და წითელი დროშის ორდენით.

- ეს ჩეკისტების სიფხიზლეს დააცხრობს.

ლეგენდის თანახმად, ტავრინი ბალტიისპირეთის ფრონტზე იბრძოდა, დაიჭრა და ახლა ზურგში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. შტურმბანფიურერ კრაუსის ბრძანებით, ტავრინს ოპერაცია გაუკეთეს.

- ეს აუცილებელია, რადგანაც ჭრილობის შემდეგ სხეულზე ნაჭდევი რჩება.

მალე რიგიდან მოსკოვში რადიოგრამა გაიგზავნა:

"მარტინი - ცენტრს:

გაცნობებთ, რომ რიგიდან საბჭოთა ზურგში საშიშ ტერორისტს გადაისვრიან. მისი ამოცანა მოსკოვამდე ჩაღწევა და ტერაქტების მოწყობაა. მარტინი".

1944 წლის ზაფხულში თვითმფრინავი, რომელშიც დივერსანტები ისხდნენ, რიგის აეროდრომიდან აფრინდა. საბჭოთა ტერიტორიაზე მას მეზენიტეებმა ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.

ამჯერად ტერორისტების გადასხმა ჩაიშალა.

მოსკოვში ნერვიულობდნენ. დაუპატიჟებელი სტუმრების დასახვედრად ყველაფერი მზად იყო, სტუმრები კი არ მოვიდნენ.

- რაშია საქმე? გერმანელებმა ეჭვი აიღეს, თუ ყოველივე შემოგდებული დეზა იყო?

აბაკუმოვი და მერკულოვი ნერვიულობდნენ.

საბჭოთა ზურგში

1944 წლის სექტემბერში რიგის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავში ისხდნენ რამდენიმე გენერალი და ოფიცერი, მათ შორის ლეიტენანტი კლაინბერტიც. თვითმფრინავში იყვნენ ტავრინი და მის მეუღლე ლიდა შილოვა. ტავრინმა კლაინბერტს შეხედა და უნებლიეთ მუშტები მოკუმა:

- ნეტა ეს ოხერი რაღად წამოვიდა?

ლეიტენანტი მას შესცქეროდა და იღიმებოდა.

"მარტინი - ცენტრს:

გაცნობებთ, რომ ტერორისტები საბჭოთა ზურგში გადასხეს. ისინი ორნი არიან, ქალი და მამაკაცი. მამაკაცის აგენტურული მეტსახელია ტავრინი. ამოცანა: მოსკოვში ტერაქტების მოწყობა.

სამწუხაროდ, მათი გვარებისა და გარეგნული ნიშნების დადგენა ვერ მოხერხდა. მარტინი".

...აბაკუმოვი და მერკულოვი კაბინეტში მარტო ისხდნენ.

მაშ, ასე! მარტინის შეტყობინება გამართლდა. თვითმფრინავი, რომლითაც დივერსანტები გადმოსხეს, კვლავ საბჭოთა საზენიტო არტილერიის ცეცხლქვეშ მოხვდა. ის ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფებმა პარაშუტით უშველეს თავს.

- ზოგი მათგანი ჩვენს ხელთ აღმოჩნდა, - ყრუდ წარმოთქვა მერკულოვმა, - ზოგიც დაგვისხლტა, ფრონტის ხაზი გადალახა და გერმანელებთან დაბრუნდა.

აბაკუმოვმა არაფერი უპასუხა. მან უკვე იცოდა, რომ დაკავებულები სმერშისა და უშიშროების თანამშრომლებმა დაკითხეს. ყველამ განაცხადა, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ ტერორისტები, რომელთა ამოცანა მოსკოვამდე ჩაღწევა და ტერაქტები იყო.

- კონკრეტულად რა ტერაქტებზეა საუბარი?

- არ ვიცით.

- როგორ გამოიყურებიან ტერორისტები?

დაკავებულებმა ამ მხრივ ამომწურავი ჩვენება მისცეს. აბაკუმოვმა თავი ასწია.

- მგონი, დროა, გზები შევკრათ.

- გზა, - შეუსწორა მერკულოვმა, - ვიცით ადგილი, სადაც ტერორისტები გადმოსხეს. იქიდან კი მოსკოვამდე ერთადერთი გზაა.

- მაგას საიდან ასკვნი?

- ნახე, რას ამბობს ერთი გერმანელი ოფიცერი. დივერსანტებს გარკვეულ ადგილას მოტოციკლი ელოდა. მოსკოვისკენ გზა ამ მოტოციკლით უნდა გაეგრძელებინათო. გამოდის, ისინი ძირითადი გზით წავლენ.

- მართალია! - აბაკუმოვი წამოხტა, - წინ.

* * *

ტავრინმა მიმოიხედა. ახლომახლო არავინ იყო. ახლაღა იგრძნო შვება. ღმერთო ჩემო, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა.

- ვანკა!

ლიდა თითქოს მოულოდნელად გამოჩნდა. მას ლეიტენანტი კლაინბერტი მოჰყვებოდა. ტავრინმა უნებლიეთ იარაღზე იკრა ხელი. კლაინბერტმა გაიცინა:

- ძმობილო, ჩქარობ.

ტავრინს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცვივდა. ლეიტენანტი სუფთა უკრაინულით მეტყველებდა. ჯაშუშს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

- ნუ გეშინია, შინსახკომელი არ ვარ!

- აბა ვინ ხარ?!

- შენთვის ცნობილია გვარი ბანდერა?

ტავრინმა უნებლიეთ ამოიღნავლა. კლაინბერტმა რევოლვერი იძრო.

- არ გაინძრე! ხელები მაღლა!

ტავრინი დაემორჩილა. კლაინბერტმა თავით ფეხებამდე აათვალიერა.

- კარგა ხანია გაკვირდებოდი! ნეტავ ფრიცებმა შენ რად შეგარჩიეს? განა ცხადი არ არის, რომ არავითარი ტერაქტის მოწყობას არ აპირებ? გაიქცევი სადმე შორს, მაგალითად, ციმბირში და ყველას დაემალები. ხომ ასეა!

- თუ მაგდენს მიხვდი, რატომ არ ჩამიშვი? - ტავრინმა საკუთარი ხრინწი ხმა ძლივს იცნო, - ეგ იარაღი დაუშვი! შენს ჩაშვებას მაინც არ ვაპირებ.

- მართლა? - კლაინბერტმა დამცინავად გაიღიმა, - რატომ?

- იმიტომ, რომ ამას აზრი არ აქვს! თუ ჩეკისტებმა დაგვიჭირეს, ერთ ხეზე ჩამოგვკიდებენ. ცოცხალი სტეპან ბანდერაც რომ მივგვარო, მაინც არავინ მაპატიებს! - ტავრინმა ამოიოხრა, - ასე რომ, მთავარია დავუსხლტე, სხვაგვარად ვერ გადავრჩები.

- სწორია, - კლაინბერტმა იარაღი დაუშვა და მხარზე ხელი დაჰკრა, - არც ისეთი ყეყეჩი ყოფილხარ, როგორც მეგონა. იცი, რას გეტყვი? აქედან რაც შეიძლება სწრაფად აითესე! გაიქეცი შორს, ციმბირში, სადაც ვერავინ მოგაგნებს.

- ასეც ვაპირებდი.

- სწორად გადაგიწყვეტია.

- მაგას რატომ მეუბნები?

- იმიტომ, რომ მაინც ჩემი თანამემამულე ხარ. მართალია, ხახოლი ბრძანდები, მაგრამ მაინც...

- ხახოლი იგივე უკრაინელია.

- ვერ დაგეთანხმები.

- რაო?

- ხახოლი სიტყვა ძეხვს დიდი ასოთი წერს, უკრაინას კი პატარით.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

- აბა, მშვიდობით! - კლაინბერტმა თავი გააქნია, - ამ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით, ასე რომ, გახსოვდეს, რაც გითხარი და ფრთხილად იყავი, გესმის?

ტავრინმა არაფერი უპასუხა.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #115