გიორგი ჭყონდიდელი - კვირის პალიტრა

გიორგი ჭყონდიდელი

ქვეყნის წარმატებული მართვა დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ეპოქაში

საქართველოს ისტორიაში, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დოკუმენტური მასალების სიმწირე ართულებს დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის კვლევას. ამდენად, განსაკუთრებულად ღირებულია ივანე ჯავახიშვილის, ზურაბ ავალიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, შოთა მესხიას, მარიამ ლორთქიფანიძის, როინ მეტრეველის, ილია ანთელავას, გივი ელიავასა და სხვათა ფუნდამენტური კვლევები, ასევე კონსტანტინე გამსახურდიას, ლევან სანიკიძისა და სხვათა ისტორიულ-ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ქართველ მკვლევართა არაერთი თაობის შესწავლისა და განსჯის საგნად იქცა. ეს მასალები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ცალკეული ისტორიული მოვლენა-ფაქტი და შედეგებს მიღმა დავინახოთ დავით IV აღმაშენებლის ეპოქის საქართველოში საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, "დავით აღმაშენებელმა მემკვიდრეობით მძიმე ტვირთი მიიღო, სამეფო საქმეები აწეწილ-დაწეწილი იყო, ქვეყანა თურქების თარეშისაგან მოიქანცა". ქვეყნის ახალგაზრდა მმართველს საერო და საეკლესიო ინსტიტუტების სრულყოფით უნდა დაეძლია როგორც საშინაო, ისე მძიმე საგარეო პრობლემები. ასევე თავიდან აეცილებინა ამ მიმართულებით მოსალოდნელი საფრთხეები.

დავით აღმაშენებელმა, იცოდა რა ეპოქის გამოწვევები, მისი დაძლევისთვის სახელმწიფო მართვის სისტემის გამართვისა და შეცვლის საჭიროება, სწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა და კარდინალური რეფორმები საეკლესიო - ჭყონდიდელისა და საერო - მწიგნობართუხუცესის თანამდებობის შეერთებით დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, თანამდებობების შეერთება 1103-1110 წლებში უნდა მომხდარიყო. ამ გაერთიანებულ თანამდებობაზე დავით აღმაშენებელმა განაწესა თავისი "თანა-აღზრდილი და აღმზრდელი", თანამოაზრე, ბერი გიორგი ჭყონდიდელი. ივ. ჯავახიშვილი მემატიანეთა ცნობებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ გიორგი მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და არა ერისკაცი. ამასთან, გასათვალისწინებელია იმჟამად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერაში მისი დამსახურებული ქება და ცნობა, რომ იგი "თუალად წმინდისა ამის კრებისა" ითვლებოდა, რაც საცნაურს ხდის, რომ მას გამოჩენილი სასულიერო მეცნიერისა და მოღვაწის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და ღირსეულ პიროვნებად ყოფილა ცნობილი. მეფემ იგი აღჭურა უმაღლესი სამოქალაქო - ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის, მთავრობის ხელმძღვანელის, ასევე სასამართლო ხელისუფლების - "სააჯო კარის" ხელმძღვანელისა და მაღალი საეკლესიო - ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსის ხარისხებით, ანუ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მართვის ბერკეტებით. მემატიანის ცნობით, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო "ყოველი გზათა საქმეთა და ღვაწლთა" მოზიარე. დავით აღმაშენებელმა და გიორგი ჭყონდიდელმა, კარგად ესმოდათ რა ეპოქის გამოწვევები, ისარგებლეს საერთაშორისო მდგომარეობით და რეფორმები წარმართეს ქვეყნის საშინაო და საგარეო კუთხით: სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის, საეკლესიო-კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკურ, სამხედრო-სადაზვერვო და სხვა მიმართულებებით - მეზობელ სახელმწიფოებთან არსებული პრობლემებისა და მათი მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად.

ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა დამპყრობელი მტრის, თურქ-სელჩუკების გამოცდილების გათვალისწინებით, მიზნად დაისახა ინფორმაციის მომპოვებელი ძლიერი სამეთვალყურეო-სადაზვერვო სამსახურისა და მუდმივმოქმედი ჯარის ჩამოყალიბება, რაც სახელმწიფო რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. აღნიშნულ საკითხებს ნაშრომები მიუძღვნეს ქართველმა მეცნიერ-მკვლევრებმა: გიორგი ნადარეიშვილმა, გივი ელიავამ, ბესიკ ალადაშვილმა, ვლადიმერ ზაქარაიამ და სხვებმა.

ისტორიკოსთა აზრით, XI საუკუნეში ბიზანტიის იმპერია ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, სახელმწიფო მართვის სისტემების რეფორმის საფუძვლად დავით აღმაშენებელსა და გიორგი ჭყონდიდელს გამოცდილება აღმოსავლეთიდან უნდა გადმოეღოთ, ჩვენი ქვეყნის დამპყრობლებისგან. მაგალითად, სელჩუკიანთა სახელმწიფო, რომელიც კასპიის ზღვიდან ომანის ყურემდე იყო გადაჭიმული, ქვეყნის წარმატებულ მართვას ცენტრალიზებული აპარატით, სულთნის პირადი გვარდიითა და მსტოვართა ქსელით ახერხებდა. ისტორიკოს იბნ ალ-ჯაუზის ცნობით, ეგვიპტეში გადაჩურჩულება ბაღდათში ესმოდათ და "ხალხი უკვე თავის ცოლებთან და მონებთან ერიდებოდა ღია საუბარს".

საქართველოში XII საუკუნეში წარმართული რეფორმების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, რომ დავით მეფე და გიორგი ჭყონდიდელი, ასევე მათ გარემოცვაში მყოფი პირები, არაბ ისტორიკოსთა ცნობებით, განსაკუთრებულ ტოლერანტობას იჩენდნენ ისლამური სამყაროს მიმართ. ქვეყანაში მუსლიმებს შეექმნათ იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე მუსლიმურ ქვეყნებში. როგორც ჩანს, ისინი ღრმად იყვნენ ჩახედულნი სელჩუკების მიერ სახელმწიფო მართვის, სამხედრო-სადაზვერვო საქმის ორგანიზებაში და მოწინააღმდეგის გამოცდილება საქართველოში დანერგეს, რადგან მათ შორის მსგავსება აშკარაა.

ქვეყნის ხელისუფალი საშინაო საფრთხეების ასარიდებლად განსაკუთრებულად აძლიერებდა ცენტრალურ სამოხელეო აპარატს, ადგილებზე დანიშნულ მოხელეებს - მოსაკარგავე ერისთავებს. მათი ცენტრალური აპარატისადმი დაქვემდებარების მიზნით, სამეფო კარზე თანამდებობებსაც აძლევდა და ცენტრალური უწყების მოხელედ აქცევდა. ამიტომ იყო სვანთა ერისთავი პროტოსტრატორი თუ მეჭურჭლეთუხუცესი, ორბელები - ამირსპასალარიცა და მანდატურთუხუცესიც და სხვ.

უმაღლეს საეკლესიო და სახელმწიფო ფუნქცია-მოვალეობებთან ერთად, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს დავით აღმაშენებელმა მიანდო საკმაოდ დელიკატური მისია: სამეთვალყურეო-სადაზვერვო ინსტიტუტის - "მსტოვართა გუნდის" ჩამოყალიბება და საერთო ხელმძღვანელობა, რომელსაც სტრატეგიულ ამოცანებს თვით დავით აღმაშენებელი უსახავდა. მწიგნობართუხუცესის დაქვემდებარებაში მყოფ მანდატურთუხუცესს მსტოვართა გუნდის ყოველდღიური ხელმძღვანელობა ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესი უფლებრივად ამირსპასალარის ანუ საქართველოს ჯარის მხედართმთავრის თანაბარი იყო. მას საქართველოს ყველა კუთხეში მანდატურები ექვემდებარებოდნენ.

გიორგი მწიგნობართუხუცესმა შეძლო მსტოვართა ერთგული გუნდის შემოკრება და საშინაო საფრთხეების შესასწავლად ინფორმაციის მოპოვების მიზნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფენებში - დიდგვაროვან ფეოდალებში, ლაშქარში, ეკლესია-მონასტრებში, ვაჭრებში და ა.შ. მათი "ჩანერგვა", რადგან არცთუ იშვიათად, დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ გარეშე მტერთან ერთად ქართველი დიდებულები და სხვებიც იბრძოდნენ. ეს იყო იმდროინდელი ფეოდალური საქართველოს საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი და უარყოფითი ნიშანი. საგარეო საფრთხეების შესასწავლად მსტოვრები გაიგზავნენ მეზობელ ქვეყნებშიც, რათა იქ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ხელისუფალთათვის დროულად ყოფილიყო ცნობილი. მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი მოქმედებების დასახვაც მწიგნობართუხუცესს ევალებოდა.  დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათის მონასტერში

დავითის ისტორიკოსი დადებითად აფასებს სამეთვალყურეო-სადაზვერვო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მეფე იგებდა ავისგანმზრახველთა ყოველ ნათქვამს, ყოველ საქმეს. ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ "დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ ექმნა ესე: პირველად ორგულობასა და ზაკუასა და ღალატსა რასამე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არათუ თქმად ვიზდა, არცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თუისსა თანა, ანუ მოყუასსა თუისსა, გინა ყმათა თუისთა თანა, ვინადგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირთა აღმოსვლასავე თანა სიტყუისა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა".

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სამეთვალყურეო-სადაზვერვო სამსახურის მოქმედებას მოსახლეობის ყოფით ცხოვრებაში არ შეუქმნია პრობლემები, არ გაშლილა უსამართლო რეპრესიები, პირიქით, სადაზვერვო ინფორმაციასთან სწორად მუშაობამ, საგარეო და საშინაო საფრთხეების, მათ შორის დანაშაულების თავიდან აცილებისკენ მიმართულმა წინმსწრებმა საქმიანობამ ხელისუფლების წარმატებები განაპირობა.

როგორც პროფესორი გიორგი ნადარეიშვილი აღნიშნავს, "მეფე არჩევანის წინაშე იდგა: მას ან უნდა გამოეცა სასტიკი, ბარბაროსული კანონები ქართულ-ბიზანტიური ჰუმანური ტრადიციების საწინააღმდეგოდ, კანონები, რომლებიც ობიექტურად ტერორისტული კანონები იქნებოდნენ, მართალია სახელმწიფო აუცილებლობით ან სახელმწიფოს გაფუჭებულობით გამოწვეულნი, მაგრამ მაინც ტერორისტულ-მხეცური კანონები, ანდა საპოლიციო სამეთვალყურეო სამსახური უნდა გაეძლიერებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მასობრივი რეპრესიების თავიდან აცდენა. ეს კი შესაძლებელი ხდებოდა იმდენად, რამდენადაც სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული თითქმის არც ერთი დანაშაული გაუხსნელი არ რჩებოდა და შეიქმნა შეხედულება, რომ სახელმწიფო ორგანოებს არაფერი დაემალებათ".

საშინაო საფრთხეების თავიდან აცილებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის თეორიული საფუძველი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან წამოვიდა. დანაშაულთა თავიდან აცილება და დამნაშავე გზააცდენილი პირის გამოსწორებაზე ზრუნვა არათუ შესაძლებელი, არამედ სავალდებულო იყო. მაგალითისთვის, დავითის მემატიანის ცნობით, მეფემ, ხედავდა რა ლიპარიტ ამირას ორგულობასა და განდგომას, "ინება გაწურთა" მისი, თუმცა პირველ ჯერზე შეიწყალა... დავით აღმაშენებელს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებით რომ ეხელმძღვანელა და არა ჰუმანურობის პრინციპით, მოღალატეს სიკვდილით დასჯიდა.

სამეთვალყურეო-სადაზვერვო სამსახურის მუშაობის ეფექტიანობამ ხელისუფლებას საფრთხეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საშუალება მისცა, რამაც მოიტანა დამნაშავეობის შემცირება და სტაბილური გარემოს შექმნა. სამეფო ხელისუფლების პროგრესულ ღონისძიებებს ხალხის უმრავლესობა უჭერდა მხარს. იმის საშიშროებაც მოიხსნა, რომ გაურჩებული ფეოდალები სამეფო ხელისუფლების დამარცხებას შეძლებდნენ.

სახელმწიფო მართვის სისტემაში ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა, სამეფო დარბაზის, მწიგნობართუხუცესის, მანდატურთუხუცესის, სამეთვალყურეო-სადაზვერვო, მუდმივმოქმედი ლაშქრისა და სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ და ეფექტიანმა საქმიანობამ მოიტანა მოსახლეობაში სახელმწიფო აზროვნებისა და მართლშეგნების ამაღლება; იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის, მეფის ღალატი და საზოგადოდ დანაშაული, მხილებისა და დასჯის გარეშე არ დარჩებოდა. ამან დადებითი როლი შეასრულა ქვეყანაში დანაშაულის შემცირებისა და თავიდან აცილების საქმეში და სასჯელის სისტემის განსაზღვრული ლიბერალიზაციაც კი გახადა შესაძლებელი. ეს კი ერთობ პროგრესული ნაბიჯი გახლდათ, იმჟამინდელი ეპოქის სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ.

მსტოვართა სისტემის ოპერატიული - სამძებრო-სადაზვერვო მოქმედებებით საფრთხეების თავიდან აცილების კლასიკური ნიმუშია სამშვილდის ციხე-ქალაქის "მოპარვა", როდესაც თურქ-სელჩუკების ჯაშუშთა ქსელს ქართველმა მსტოვრებმა დეზინფორმაციული, მაქსიმალურად "დადასტურებული" ცნობები მიაწოდეს დავით მეფის დასავლეთ საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურად გამორიცხავდა საქართველოს ლაშქრის მიერ მასშტაბური ოპერაციის ჩატარებას. ქართველების მიერ სამშვილდის აღება იმანაც დააჩქარა, რომ დავითმა შეძლო თავისი მომხრეების ქალაქში შეგზავნა და ქალაქელთა ნაწილის მიმხრობა. ისტორიკოსის ცნობით, ოპერაციას გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ხელმძღვანელობდა. ამ სამხედრო-სადაზვერვო ოპერაციამ დიდი სამხედრო-ფსიქოლოგიური შედეგი გამოიღო.

ყოველგვარი ბრძოლისა და დანაკარგების გარეშე მტერმა ციხე-ქალაქი დატოვა. ხოლო როცა სხვა ციხეებში გამაგრებულმა თურქებმა გაიგეს სამშვილდის უსისხლოდ დათმობის შესახებ, თავს უშველეს და ღამის სიბნელეში "გაიპარნენ". დავითის ისტორიკოსი წერს: "სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე". რამდენიმე წლის შემდეგ - 1115 წელს დავით აღმაშენებელმა და გიორგი ჭყონდიდელმა იმავე ხერხით დაიბრუნეს ქალაქი რუსთავი. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს უცნობი მემატიანე დავით მეფის თანამედროვე და მასთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო, ფაქტი მშრალად არის აღნიშნული. ქართველ მსტოვართა საიდუმლო მოქმედების მეთოდ-ხერხების შესახებ არ არის შემორჩენილი ისტორიული წყაროები, რომლებიც დაადასტურებს მსტოვართა ორგანიზაციასა და მოქმედებებს. მასალებიც მემატიანეთა თხზულებების კომენტირებასა და ინტერპრეტაციას ეყრდნობა.  გიორგი ჭყონდიდელი (მხატვარი გიორგი გეგეჭკორი)

ამასთანავე, სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ აკადემიკოსების - ივანე ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიდგომა, რომელნიც "ხეების მიღმა ტყეს ხედავდნენ", დავით მეფის მიერ გატარებული სახელმწიფო - საგარეო და საშინაო პოლიტიკის ჰორიზონტს მიღმა კარგად ორგანიზებული და გაწვრთნილი მსტოვართა ინსტიტუტის არსებობას ვარაუდობენ რეგულარულ ჯართან ერთად. შეიქმნა მეფის პირადი გვარდია, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა: მონა სპა, ქალაქებსა და ციხეებში მდგომი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. სამხედრო რეფორმა დამთავრდა 1118 წელს, როდესაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაღები გადმოასახლა, სადაც დავით აღმაშენებელს თან ახლდა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც სწორედ იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. "იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე".

ისტორიამ დაგვანახვა, რომ თანამიმდევრულმა და სწორმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. გიორგი ჭყონდიდელის უშუალო მონაწილეობით დავით მეფემ სახელმწიფო მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება-გაძლიერებით შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია, საეკლესიო რეფორმების გატარება, მუდმივმოქმედი ჯარისა და სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება და რაც მთავარია, ტერიტორიების მტრისგან განთავისუფლება და ახალი ტერიტორიების შემოერთება, ქვეყანაში წესრიგისა და სიმშვიდის დამყარება, მოსახლეობაში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების ფორმირება.

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავს: "დავითის დროს საქართველოს, ე.ი. ქართველ ტომთა და მათი მიწების ლიხთ ამიერ და იმიერ უფრო მტკიცე გაერთიანებასთან ერთად, ირკვევა მეტი სიცხადით მიზანი, საქართველოს თაოსნობით კავკასიის ერთა შეჯგუფებისა. კავკასიის ფარგლებში, ქართველ მეფეთა მეცადინეობით ჩნდება საერთაშორისო კომპლექსი... რაშიც დავითის ღვაწლი დიდი ყოფილა. გარემოება ზოგჯერ ხელს უწყობდა; მაგრამ კარგ გარემოებით კარგი სარგებლობაც უნდა: ესაა სახელმწიფო კაცის საქმე და აღმაშენებლის დროს ჩანს კარგი სარგებლობაც და ძნელზე გამარჯვებაც იცოდნენ", ხოლო გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის მკვლევრის გივი ელიავას მოსაზრებით, "უდავოა, გიორგი იყო ჩამგონებელი და თანამოღვაწე "სახლის სახლს შეერთების". იგი "ძმადნაფიცობის" სტატუსის თანაავტორიც იყო. იგი ხდება ინიციატორი მთელი კავკასიის ხალხთა გაერთიანებისა. ე.წ. კავკასიის იმპერიის შექმნისა, რომლის ცენტრი იყო საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქ. თბილისის დედაქალაქობით".

დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის საქართველოს ხელისუფლებას გამოარჩევს სახელმწიფო მართვის მექანიზმების სიძლიერე და წარმატებული მოქმედება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

მალხაზ ბაძაღუა

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი" #114